ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
ახალი კანონით კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისათვის მოსაკრებელი დაწესდა
#5(89), 2007
ისტორიულ ზონებში ცხოვრება ძვირდება

მიმდინარე წლის 8 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ",  რომლის მიერ შემოთავაზებულ სიახლეთაგან უმნიშვნელოვანესია ტერმინი - "კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა" და ახალი ტიპის მოსაკრებელი "კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის  მოსაკრებლის" სახელწოდებით. "კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა" განმარტებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა დაიცვას მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა არასასურველი ზეგავლენისაგან.

ამ კანონის ერთ-ერთი მუხლი გვეუბნება, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში კულტურის სამინისტროს წარდგინებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინიციატივით, შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა. პროგრამის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები, შემოწირულობები, სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი და ყველა ის სახსარი, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. "სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი" დგინდება "მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონით.

სანამ უშუალოდ მოსაკრებლის თემაზე ვისაუბრებდეთ, შევნიშნავთ, რომ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონის მიღებას წინ უძღოდა შესაბამისი კანონპროექტის ხუთთვიანი განხილვები, რაც სერიოზული ვნებათაღელვისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა. ის განსახილველად პარლამენტში 18 იანვარს შევიდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თუმცა მანამდე, დეკემბერში მთავრობამ კანონპროექტის ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ვარიანტი შეიტანა და იძულებული გახდა ისინი უკანვე გაეწვია.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტმა. 34-ე მუხლი გახლდათ ყველაზე მიუღებელი არა მარტო ოპოზიციის, არამედ უმრავლესობისთვისაც. ეს მუხლი გულისხმობდა, რომ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო) სარეაბილიტაციო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობას დაათვალიერებდა, შეაფასებდა, მისი აღდგენის სამუშაოებზე გააკეთებდა პროექტს, ხარჯთაღრიცხვას, შეასრულებდა ამ სამუშაოს და გაწეული სამუშაოს ღირებულება უნდა აენაზღაურებინა მობინადრეს, ანუ მესაკუთრეს. თუ იგი ამას ვერ აანაზღაურებდა, მაშინ მას დაეკისრებოდა ჯარიმა, მიეცემოდა გარკვეული დრო და თუ კვლავ ვერ გადაიხდიდა, იძულებული იქნებოდა, რომ  საკუთრება გაეყიდა და აღებული თანხით დაეფარა წარმოებული სამუშაოს ღირებულება.

ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, კანონის ასეთი სახით მიღება არ შეიძლებოდა და საკითხი ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე საკმაოდ აქტიურად განიხილვის საგანი გახდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ივალდებულა ფასადის რემონტი, შემდეგ სახურავის შეკეთება, ასევე - გარე კომუნიკაციები. მსჯელობებისას აქტიურად იყვნენ ჩართულნი არა მარტო ოპოზიციის, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლებიც: ნინო ბურჯანაძე, მაია ნადირაძე, გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, პალიკო კუბლაშვილი და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეცვლილიყო და ჩამოყალიბებულიყო ახალი პრინციპი. პრინციპის მიხედვით ისე კი არ უნდა გამოსულიყო, თითქოს ხელისუფლებას სურდა ხალხი გასახლებულიყო, არამედ პირიქით - უნდოდა, რომ ხალხს საკუთრება შეენარჩუნებინა და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ამ საკუთრების რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობა მიეღო.

მოგეხსენებათ, ისტორიულ უბნებში საკმაოდ ბევრია ძველი მაცხოვრებელი, ვინც დუხჭირი ცხოვრებით ცხოვრობს. ინტერფრაქციულ ჯგუფში გამოითქვა აზრი, რომ რეაბილიტაციის პროცესში თანამონაწილეობა შეიძლებოდა ყოფილიყო განსაზღვრული მოსაკრებლის დაწესებით, ხოლო მოსაკრებელი იმ ოდენობით უნდა დაწესებულიყო, რა ოდენობის გადახდასაც შეძლებდა მოსახლეობა; გარდა ამისა, მოსახლეობას უნდა დაკისრებოდა მოვლა-პატრონობა და განსაზღვრულიყო, რა იგულისხმება მოვლა-პატრონობაში. ტყემალაძის შეფასებით, საბოლოო ჯამში, კანონპროექტი საკმაოდ დაიხვეწა; განისაზღვრა მოვლა-პატრონობის ვალდებულება; განისაზღვრა რა არის მოვლა-პატრონობა, ანუ მობინადრემ რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ხელოვნურად არ მოხდეს მისი საკუთრების მდგომარეობის გაუარესება და თუ გაუარესდა, უნდა აცნობოს მთავრობას. ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომებზე იმაზეც იყო მსჯელობა, რომ შეიძლება მოსახლემ კი აცნობოს ბინის ავარიულობის შესახებ, მაგრამ აღწერილობა ვერ მოახერხოს შესაბამისი ცოდნის არქონის გამო; ამიტომ კანონში ჩაიდო, რომ მოსახლეს აქვს უფლება, მოსთხოვოს სახელმწიფოს გამოყოფა სპეციალური კომისიისა, რომელიც ამ შეფასებას გააკეთებს. მობინადრე აღნიშნულ მომსახურებას უსასყიდლოდ მიიღებს და თვითონ წარუდგენს სახელმწიფოს, თუ რა სახის დაზიანებაა და რა სახის რეკონსტრუქცია ესაჭიროება მის ბინას.

ახალი მოსაკრებლისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება უარყოფითია

რაც შეეხება მოსაკრებლის დაწესების საკითხს, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად კარგახანს არ შესულა. კანონპროექტი დარიგდა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე და მოსაკრებელი განისაზღვრებოდა სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით, შენობის ყოველ კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 3 ლარით თვეში, რამაც ხალხის უმეტესობა აღაშფოთა. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ამ თემაზე პარლამენტარ ბესო ჯუღელის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ საბაზრო ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და თუ 300-ათასიანი ბინა გაქვს, 300 ლარი კი უნდა გადაიხადო! ხოლო თუ სოლოლაკში დაბადებული "მიკირტუმა" მოსაკრებელს ვერ გადაიხდის, რა აუცილებელია, სულ იქ იცხოვროსო? - იკითხა დეპუტატმა. "მიკირტუმას" გამო ჯუღელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა სამოქალაქო საზოგადოებამ "მრავალეროვანი საქართველო". საკუთარი თანაპარტიელის ნაცვლად ბოდიში მოიხადა ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ, რომლის თქმითაც ჯუღელს სიტყვა გაექცა, მოგვიანებით კი უკვე თავად ბესო ჯუღელსაც მოუწია მობოდიშება.

მოსაკრებლის ზედა ზღვართან დაკავშირებით ინტერფრაქციულ ჯგუფში შეთანხმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან უმრავლესობის ინიციატივა იყო 3 ლარის შემცირება ლარნახევრამდე, ოპოზიცია კი მოითხოვდა, რომ მაქსიმუმი ყოფილიყო 50 თეთრი. ფართო საზოგადოება ამ მოსაკრებლის შემოღებას კვლავაც უარყოფითად აფასებს. აგერ, უკვე თვეზე მეტია, პარლამენტის თუ დედაქალაქის მერიის წინ თითქმის უწყვეტად არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებზეც სოციალურ მოთხოვნებთან ერთად თანდათან პოლიტიკური მოთხოვნებიც გაისმის.

26 აპრილს ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე და "საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე. შემოთავაზებული კანონპროექტებიდან პირველი მათგანით მოსაკრებლის სახეობებს ემატება კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი, მეორით - ადგილობრივ მოსაკრებლებს ემატება კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი, რომლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე); მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არაუმეტეს 1,5 ლარით თვეში; მოსაკრებლის ზედიზედ 3 თვის მანძილზე გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დავალიანების წარმოქმნის დღიდან ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით; თუ მესაკუთრე საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ გადაიხდის მოსაკრებელს და მასზე დარიცხულ საურავს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, მესაკუთრისთვის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. მესამე კანონპროექტის თანახმად კი კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი მთლიანად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ კანონპროექტთა პაკეტის განხილვაზე წამყვანი კომიტეტები არიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, ხოლო რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის დასკვნა არის სავალდებულო. პირველი მოსმენით განხილვა 25 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა ჩატარდა 22-ში და 23 მაისს პარლამენტმა კენჭიც უყარა. ოპოზიციამ გააპროტესტა, რომ დაირღვა პროცედურა, ვინაიდან ამ საკითხის 22 მაისის დღის წესრიგში გადმოტანის თაობაზე ის ინფორმირებული არ ყოფილა და თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ ჩაატარა, როდესაც დარბაზში მხოლოდ 52 დეპუტატი იჯდა. 25 მაისს ამ საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეაბილიტაციო არეალის მოსაკრებლის 3-ლარიანი ზედა ზღვრის ლარნახევრით შეცვლას თავად მოსაკრებლის შემოღებისადმი ოპოზიციისა და მოსახლეობის ურყოფითი დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეუმსუბუქებია. მაგალითად, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელები არ მონაწილეობენ დისკუსიაში "3 ლარი თუ 10 თეთრი", ვინაიდან ეს კანონი არის დისკრიმინაციული და მიმართულია ამ უბნებიდან იმათ ასაყრელად, ვინც ქმნის თბილისურ კოლორიტს. კობა დავითაშვილი კი აცხადებს: "ხალხს რომ მოვუწოდები, გამოდით, თორემ ეს ხელისუფლება ოჯახებში თვითონ მოგადგებათ-მეთქი, - არ მეგონა, თუ ჩემი სიტყვები ასე მალე ასრულდებოდა!" მწერალი ვახუშტი კოტეტიშვილი ამ კანონპროექტს აფასებს როგორც "აპარტეიდულს"  და ხალხს მოსაკრებლის დაწესების წინააღმდეგ გამოსვლას მოუწოდებს. როგორც ის ირწმუნება, თვითონ არც მოსაკრებელს გადაიხდის და არც არავის შეუშვებს თავის სახლში.

რას ემსახურება კანონი "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ"

საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" მდივანი კახა კუკავა ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდა. მისი აზრით, საქართველოს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" არანაირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არ ემსახურება. ყველამ ვიცით, რა უმძიმეს დღეშია ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, ვარძიის და ჯვარის ჩათვლით. ასეთ პირობებში სააკაშვილის მთავრობას რომ სოლოლაკის "ბარაკებზე" "ზრუნვის" მადა აღეძრა, ეს ეჭვებს ბადებს. სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო ტრივიალურადაა. სოლოლაკი, ავლაბარი, ორთაჭალა - ეს ძალიან პრესტიჟული, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილებია. ამიტომ მიმდინარეობს ახლა პროექტი, რომლის მიხედვითაც იქიდან ადგილობრივი მოსახლეობა იქნება გასახლებული; იქ დაიწყება ახალი, ფეშენებელური კვარტალების მშენებლობა, რასაც დააფინანსებს და მოგებას მიიღებს რამდენიმე სახელისუფლებო კლანი. ხოლო საბაბი იმისა, თუ როგორ მოხდეს ხალხის გასახლება, არის სწორედ ეს კანონი. მოგეხსენებათ, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტის პირველ ვარიანტში პირდაპირ ეწერა, რომ კულტურის სამინისტროს ექნებოდა უფლება ჩამოერთმია კერძო საკუთრება კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებისათვის. შემდეგ უკვე, როდესაც საზოგადოებრივი დისკუსია საკმაოდ გააქტიურდა, მთავრობამ ეს ვარიანტი პარლამენტიდან გაიწვია და წარმოადგინა სხვა ვარიანტი, რომელიც არსებითად იგივეა: მოსაკრებელი დაწესდება, მაგრამ მოსაკრებელი იმ ოდენობის წესდება, რომ წინასწარ ვიცით, მოსახლეობის 90% ამას ვერ გადაიხდის. კანონპროექტში კი წერია, რომ თუ ადამიანი მოსაკრებელს სამი თვის განმავლობაში ვერ გადაიხდის, კულტურის სამინისტრო შეიტანს სარჩელს, დააკისრებს თანხას მესაკუთრეს და თუ მესაკუთრე თანხას ვერ გადაიხდის (და ბუნებრივია, რომ ვერ გადაიხდის), უკვე გასაყიდად გამოიტანენ მესაკუთრის ქონებას. ანუ აქ ვრცელდება საერთო წესი, რომ თუ განსაზღვრულ თანხას ვერ იხდით, თქვენს ქონებაზე აღსრულების მექანიზმები გავრცელდება. ცხადია, ამ ადამიანებს მოუწევთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვება. ამიტომ ძალიან სასაცილოა ყოველგვარი საუბარი კულტურულ მემკვიდრეობაზე, იმაზე, რომ თურმე ვიღაცას უნდა სოლოლაკსა და ავლაბარში რაღაც კულტურული მემკვიდრეობის ზონების შექმნა; თუ ქვეყანას საკმარისი ფინანსები გააჩნია, ჩვენ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა - ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ძეგლები, რომლებიც თავზე გვეფშვნება და იმის გადარჩენა უფრო საშურია, ვიდრე რაღაც გამოგონილი მემკვიდრეობისთვის ზრუნვა.

რაც შეეხება იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი მუდმივი არ იქნება, იარსებებს მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის დროს, კუკავა ირწმუნება, ეს ყველაფერი სიტყვებია და მეტი არაფერი! რომ 3 წლის მანძილზე თვეში 150 ლარის გადახდა არის სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანები გაკოტრდნენ! მოსახლეობის ნახევარი არის უმუშევარი და უმუშევრები თავისთავად ვერ გადაიხდიან იმ 150 ლარს; ხოლო ვინც მუშაობს, ის საშუალოდ 200 ლარს იღებს და ხომ არ შეიძლება 150 ლარი მოსაკრებელში გადაიხადოს, დანარჩენი 50 ლარით კი კიდევაც შეჭამოს, კიდევაც ჩაიცვას, წამლებიც იყიდოს?! ამიტომ 3 წელი კი არა, ნახევარი წელიც რომ იყოს ეს მოსაკრებელი გადასახდელი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაკოტრდება.

რატომ ანგარიშობს კახა კუკავა მოსაკრებლის მაქსიმუმს, ხომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ლარნახევარი კი არა, 10 თეთრი დააწესონ? ამ კითხვაზე დეპუტატი კითხვითვე პასუხობს: რატომ უნდა იყოს მოსახლეობის ბედი დამოკიდებული ვარაუდებზე? რა ქნას სოლოლაკის მოსახლეობამ, ინერვიულოს, უგულავა 10 თეთრს დააწესებს თუ ლარნახევარს? ხომ შეიძლება კანონში ჩავწეროთ პირდაპირ 10 თეთრი, თუ 10 თეთრის შემოღებას აპირებენ? ხშირ შემთხვევაში მართლაც 10 თეთრი დაწესდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართ კომერციული ინტერესი არ არსებობს; მაგალითად, შატილში მოსაკრებელი შეიძლება იყოს არა 10, არამედ 1 თეთრი, იმიტომ რომ იქ არავინ აპირებს ფეშენებელური კვარტალების აშენებას. მაგრამ იმ ადგილებში, სადაც არსებობს კომერციული ინტერესი, დაწესდება ლარნახევარი.

კუკავას მაინც აქვს იმედი, რომ ხელისუფლება თვითონაც აცნობიერებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ კანონს და რომ ეს იქნება ძალიან პრობლემატური. ადამიანებმა შეიძლება მოითმინონ საკასო აპარატების შეძენა, დენისა და გაზის გაძვირება, არ იმგზავრებენ, ცოტა დენსა და ცოტა წყალს დახარჯავენ; მაგრამ ძალიან ძნელია მოითმინო, როცა სახლიდან გამოგაგდებენ. ეს არის ბოლო მიჯნა, რომლის შემდეგაც შეიძლება ადამიანებს მართლაც აღარაფერი ჰქონდეთ დასაკარგი. შეიძლება მართლაც უმართავი პროცესები დაიწყოს და იმედია, ხელისუფლება ამას აცნობიერებს. მან უნდა შეცვალოს თავისი პრიორიტეტები. ის პრიორიტეტები, რაზეც ხელისუფლება დღეს საუბრობს (ქალაქის იერსახის შეცვლა, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა სოლოლაკსა და ავლაბარში, შადრევნების დადგმა), შეიძლება პრიორიტეტი იყოს პარიზის ან ნიუ-იორკის მერისთვის და იქაური ხელისუფლებისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, ყოველდღიურად შიმშილობენ ან მკურნალობისათვის საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ, - ამ ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა. როცა აღარ გეყოლება მოსახლეობის 54% სიღარიბის ზღვარს დაბლა, მერე ავტომატურად დადგება სიმდიდრისა და ფუფუნების საკითხები. დღეს კი ელემენტარულად, პოლიტიკური სიბეცეა, უგულავამ რომ თქვა, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის 100-მილიონიანი პროგრამა უნდა დავიწყოთო, - დაასკვნის კახა კუკავა.

რატომ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება ახალმა მოსაკრებელმა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, თუ იქ მოსახლეობა ცხოვრობს, ან რაიმე ფირმებია განთავსებული, შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოსაკრებელი. ისე, რაიმე ერთიანი, კლასიკური მიდგომა მთელ მსოფლიოში არ არის. არის ქალაქები, სადაც გამოიყენება მოსაკრებელი, მათი ოდენობა ასე თუ ისე მნიშვნელოვანია და არის ქალაქები, სადაც არ გამოიყენება. ხშირად ეს განპირობებულია იმით, თუ როგორია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში. როდესაც მოსახლეობა გაჭირვებულია, შეიძლება სახელმწიფომ თვითონ ბიუჯეტიდან დააფინანსოს ამ ობიექტების რეაბილიტაცია. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ ეს ხარჯები ბიუჯეტიდან მიდის, ეს არის მთელი საზოგადოების დასაფარი და არა მარტო იმ ადამიანებისა, ვინც იქ ცხოვრობს. პაპავას აზრით, უკეთესია ის სქემა, სადაც გამოყენებული იქნება მოსაკრებელი, რომ თითოეულმა ადამიანმა თავადაც მიიღოს მონაწილეობა იმ ობიექტის შენახვაში, რომელშიც იგი ცხოვრობს. ოღონდ, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, დეპუტატს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოსაკრებელი სიმბოლურ ხასიათს ატარებდეს; ანუ მოსაკრებელი უნდა იყოს ისეთი ოდენობის, რომ არც ერთ მოქალაქეს არ შეექმნას გადახდის პრობლემა. უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები კი მოსაკრებლისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ.

რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის მოსაზრება, რომ ამ მოსაკრებლის შემოღებით ხელისუფლებას სურს იმ მოსახლეობის აყრა, ვინც ცხოვრობს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში? ლადო პაპავას აზრით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს კარგად უნდა გავიაზროთ, რამ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება აღნიშნული მოსაკრებლის მიმართ. საქმე ის გახლავთ, რომ მოსაკრებელი განხილული უნდა იყოს იმ საერთო ქმედებათა ფონზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებით. კერძოდ იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა მესაკუთრეებს იძულებით დააწერინეს, თითქოსდა საკუთარი სურვილით უბრუნებენ სახელმწიფოს საკუთარ ქონებას და ასევე, როდესაც ბინების მესაკუთრეებს ჩამოართვეს მშენებარე ბინების ორდერები. სწორედ მთავრობის ამ საერთო დამოკიდებულებამ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, იმ დარღვევებმა, რომლებიც გახშირდა ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოებაში გამოიწვია უარყოფითი განწყობა და იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ეს კანონპროექტიც იმისათვის იყოს მოგონილი, რათა მოსახლეობას ბინები დაატოვებინონ. ანუ თუ იქ პირდაპირ ათმობინებდნენ ქონებას, ახლა იმიტომ ხომ არ კეთდება, რომ ირიბი გზით - მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში დაატოვებინონ?

პაპავა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს იმაში ხედავს, რომ პრეზიდენტის ინიცირებით პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც გაძლიერდება კერძო საკუთრების დაცვის გარანტიები. ამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას ნდობა გაუჩნდეს მთავრობის მიმართ, რომ მისი საკუთრება იქნება ხელშეუხლებელი.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი თუ ჯენტრიფიკაცია

ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრი მანანა ნაჭყებია შენიშნავს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში მართლაც მიღებულია მოქალაქეების მონაწილეობა ისტორიული და კულტურის ძეგლების აღდგენაში. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს. ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, გერმანიაში) პირიქით, სახელმწიფო ახალისებს და გარკვეულ თანხებს უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებში ცხოვრობენ; მაგრამ რატომღაც ჩვენმა მთავრობამ ყველაზე მისაღებად ჩათვალა ლისაბონის გამოცდილება, რომელიც ისეთ ქვეყანაზეა გათვლილია, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურად შედარებით ძლიერია და მოსახლეობის საშუალო ფენის დონეც მაღალია. ასეთი გამოცდილება კი ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას საერთოდ არ მიესადაგება. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური ფონია და აქედან გამომდინარე, ის მოსაკრებელი (3 ლარი ზედა ზღვარი), რომელზეც თავდაპირველად საუბრობდა კულტურის სამინისტრო და თუნდაც ის ლარნახევარი, რომელზეც ახლაა საუბარი, ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. გარკვეული სიმბოლური მონაწილეობა ჩვენც, მოქალაქეებმაც უნდა მივიღოთ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. "მემარჯვენე ოპოზიცია" მოელოდა, რომ ჩვენი სახელმწიფო წავიდოდა იმ გზით, როგორითაც დუბროვნიკი აღადგინეს. ეს ქალაქი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მართლაც საოცრება იყო და ბალკანეთზე ომის დროს მთლიანად დაინგრა, მაგრამ სწრაფად აღადგინეს. მის აღსადგენად იქ დაახლოებით ისეთი გადასახადი დააწესეს, როგორსაც ჩვენ ახლა ვიხდით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვისთვის. ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 16 მილიონი ლარი იხარჯება საზოგადოებრივი მაუწყებელის შენახვაზე. ეს არის მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. ამას ვიხდით, მაგრამ ჩვენს ჯიბეზე ვერ ვგრძნობთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ გზით არ წავიდა, რადგან ამ შემთხვევაში მისი მიზანია არა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ თბილისის პრესტიჟულ უბნებში ინვესტორების მოზიდვა, თავმოყრა ამ ადგილებში მდიდარი ადამიანებისა, ვისაც შეუძლია რესტავრაცია-აღდგენა მოახდინოს, ოღონდ მისთვის მთავარია, რომ პრესტიჟულ უბანში იცხოვროს. ეს კანონპროექტი ხელს უწყობს, რომ ვისაც კვადრატულ მეტრზე ლარნახევარის გადახდა არ შეუძლია, იძულებული იქნება გაყიდოს თავისი ფართი, გამოვიდეს იქიდან და დაუტოვოს სხვას. ამას ურბანიზაციაში ჯენტრიფიკაცია ჰქვია.

ჯენტრიფიკაცია გულისხმობს პრესტიჟულ უბნებში რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებას ისე, რომ იქ ასახლებენ შეძლებულ ადამიანებს. ზოგიერთი ქვეყანა ამ გზას მიმართავს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ეს ხდება კულტურული მემკვიდრეობის არეალში, სადაც მოხდა ჯენტრიფიკაცია, ის ვეღარ განაცხადებს პრეტენზიას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესვლაზე. თბილისის ისტორიული განაშენიანება თავისი ყველა მონაცემით სწორედაც რომ იმსახურებს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას. ასეთი ობიექტების "იუნესკო"-ს ნუსხაში შესატანად წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ასეთ უბანში მოვახდენთ ჯენტრიფიკაციას, ის კარგავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობას, ამიტომ არჩევანი თვითონ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. თუ ამ გზით მივდივართ (რაც მიუღებელია), მაშინ ხელისუფლებამ სახალხოდ უნდა აღიაროს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ეს ადგილები აღვადგინოთ, მდიდარი ადამიანების საცხოვრებელი გავხადოთ, რადგან ამაში ძალიან დიდ ფულს იხდიან და არ გვაინტერესებს, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი "იუნესკოს" მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ჩაითვალოსო.

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ინტელიგენცია ძირითადად ასეთ ძირძველ უბნებში ცხოვრობს და მოსახლეობის ერთ-ერთ ხელმოკლე ფენად ითვლება. "უბნის სულს ადამიანები ქმნიან, უბნის კოლორიტს წარმოადგენენ ადამიანები  და არა შენობა-ნაგებობები. ეს ჰარმონია არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით თბილისის ძველ უბნებს. თუ ეს დაიკარგება, ცხადია, საინტერესო არ იქნება არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ უკვე ჩვენთვისაც", - აცხადებს მანანა ნაჭყებია.

"მრეწველთა" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" აპარტეიდულია და იმ უბნებში მცხოვრებთა იქიდან გასახლებისთვის შეიქმნა. მას მიაჩნია, რომ თავიდან შემოსული კანონპროექტი როგორიც იყო, შეიძლებოდა განხილულიყო ამ კუთხით, მაგრამ იმ კანონპროექტში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და როცა გეუბნებიან, რომ მე გახარჯებ 100 ლარს და შენ დახარჯე 5 ლარი შენივე საკუთრებაზეო, - ეს ნამდვილად ვერ განიხილება იმად, თითქოს შენი გაგდება ან გასახლება უნდოდეს ვინმეს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას მოსაკრებლის არგადახდაზე, არსებობს კანონი მოსაკრებლის შესახებ და იქ რეგულირდება საგადასახადო კოდექსის მიხედვით. თუ ქონების გადასახადს არ გადაიხდი და პასუხისმგებლობა გეკისრება, ისე დაგეკისრება ამ შემთხვევაშიც.

პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, აქ ახალი არაფერია, გარდა იმასა, რომ გევალება მოვლა-პატრონობა: გამზადებულ-გაკეთებულს რა პირობებშიც გაბარებენ და ხელშეკრულებას აფორმებ, იმის შემდეგ მოვლა-პატრონობაზე აღებული ვალდებულების დარღვევისათვის გეკისრება პასუხისმგებლობა და ეს სწორიც არის!

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისას ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა მოსაკრებლის მაქსიმუმის ოდენობაზე. უმრავლესობის ინიციატივას, რომ მოსაკრებლის ზედა ზღვარი იყოს ლარნახევარი, ოპოზიცია არ იზიარებს და ზედა ზღვრად 50 თეთრის დადგენას მოითხოვს.

ფრაქცია "მრეწველების" ლიდერის აზრით, მაგალითად, პროფესორი ამ ლარნახევრის გადახდას ვერ შეძლებს. მოსაკრებელი ისეთი უნდა იყოს, რომ ხალხი სასოწარკვეთაში არ ჩავაგდოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ბინები ადრე სახელმწიფო საკუთრება იყო და სწორედ სახელმწიფოს უნიათობამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე, მრავალი წლის განმავლობაში რომ არ შეაკეთა სახურავი და კომუნიკაციები. ის მაინც გაკეთდეს, რომ მოსაკრებელი დაწესდეს მხოლოდ საცხოვრებელ ფართზე და არ დაწესდეს კიბის უჯრედსა თუ აივანზე, - მოითხოვს ტყემალაძე.

8 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, მან ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე დასვა საკითხი, რომ მოსაკრებელი გადაიხადონ კომერციულმა სტრუქტურებმა, ხოლო მოსახლეობას არ გადაახდევინონ, რაზეც ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა უმრავლესობისგან კატეგორიული უარი მიიღო. ამიტომ გამყრელიძემ პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ გამონახოს დრო ოპოზიციასთან შესახვედრად და დააფიქსიროს თავისი პოზიცია მოსაკრებელთან, აგრეთვე კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. მის ამ მიმართვას პრეზიდენტის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციამ" მოსაკრებელთან დაკავშირებით ალტერნატიული ვარიანტი მოამზადა და მას პარლამენტს წარუდგენს განსახილველად, თუმცა, ნაკლებ-სავარაუდოა, რომ უმრავლესობამ მას მხარი დაუჭიროს.

დალი ჩიკვაიძე