მიიღებს თუ არა სოფლის მეურნეობის სფერო დაპირებულ 150 მილიონ ლარს?
#3(135), 2011
ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში და ახალი 900-მილიონიანი
საგარეო სესხი
ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სოფლის მეურნეობისთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი ინფლაციასთან ბრძოლას ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურად ეხმიანება და ახალ-ახალი წინადადებები შემოაქვს. ელექტროენერგიის ვაუჩერების და სურსათის ვაუჩერები სწორედ სააკაშვილის ინიციატივით დარიგდა. პრეზიდენტის სურვილია ასევე, რომ საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს დამატებით 150 მილიონი ლარი გამოუყოს.
რა შედეგს მოიტანს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის დამატებით 150 მილიონის გამოყოფა, რთული სათქმელია, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ის კი ნათელია, რომ მსჯელობა ინიციატივის დონეზე გაკეთებული განცხადებები ფარგლებში რჩება. საპარლამენტო ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს სოფლის მეურნეობისთვის სუბსიდიების გაზრდას. იმავდროულად, ოპოზიციაც და უმრავლესობაც აცხადებს, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და როგორმე უნდა მოხერხდეს ამ ინფლაციის შემცირება. პრეზიდენტის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აზრით, სოფლის მეურნეობის ამგვარი დაფინანსება სწორედაც რომ ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა 150 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე განცხადება გააკეთა, საპარლამენტო უმცირესობამ იკითხა: საიდან გამოიყოფა ეს თანხა და კონკრეტულად რაში დაიხარჯება?
კონკრეტულად, რა მხრივ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის სფერო, სამთავრობო კვირეულზე მცირე განცხადებები გაკეთდა. თუმცა, განცხადებების პარალელურად არ მომხდარა თანხების დაკონკრეტება.
რაც შეეხება დეპუტატებს, მათ საკუთარი მოსაზრება აქვთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ ეს თანხა, სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებით წავა: ეს არის ახალი ჯიშის სათესლე მასალისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენა. ასევე განხორციელდება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
დეპუტატების აზრით, გარკვეული თანხები უნდა წავიდეს სასაწყობე ნაგებობის ასაშენებლად, სადაც ხილისა და ბოსტნეულის დაბინავება მოხდება.
პრეზიდენტმა პარლამენტში ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითაც უნდა ვებრძოლოთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდას, არის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება.
„ჩვენ, წელს, 150 მილიონი ლარით ვაპირებთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას. უნდა გაიხსნას ახალი გადამმუშავებელი ქარხნები, განსაკუთრებით, სოფლად, უნდა ვაწარმოოთ ბევრად დიდი ასორტიმენტი.
ჩვენი პროგრამა-მინიმუმი სოფლის მეურნეობაში ასეთია: 2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით იქნება გაორმაგებული", – ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დააკონკრეტა,რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა.
„პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამისათვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 150 მილიონი ლარი გამოეყოფა. სამინისტრო მუშაობას აგრძელებს ცალკეულ პროექტებზე, რომლებიც ლოჯისტიკური ცენტრების, სასაწყობე მეურნეობების მოწყობას გულისხმობს, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ცალკეული კულტურების წახალისების პროგრამაზე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური პროცესები შეძლებისდაგვარად მცირე იყოს".
სამთავრობო კვირეულზე გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზოგადად, სფეროს მიმართულებებზე ისაუბრა.
„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რადგან რამოდენიმე რეგიონში შემოსავლები დამოკიდებულია სწორედ ამ დარგის წარმატებაზე და შესაბამისად, კახეთისთვის, რაჭისთვის და იმერეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.
ახალი საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია".
ბაკურ კვეზერელი ასევე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება სასურსათო კრიზისის დასაძლევად აუცილებელია და ამავე დროს, ამ მიმართულებით, საქართველო შარშანდელი წლიდან გარკვეულ შედეგებს აღწევს.
როგორ აისახება 150 მილიონი საქართველოში ამერიკული სიმინდის პოპულარიზაციაზე, უცნობია. თუმცა, ის, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა მთავრობის პრიორიტეტია, კვეზერელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტში გამოსვლისას. მისი განცხადებით, წელს, მინიმუმ 6 ათას ჰექტარზე დაითესება ჰიბრიდული სიმინდი, რამაც მომავალ წელს პროდუქციის ექსპორტზე გატანა უნდა უზრუნველყოს. ასევე თანხები მოხმარდება დაწვიმებითი სარწყავი სისტემების დანერგვას დედოფლისწყაროში და გარდაბანში. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს პროექტები დაწყებულია და უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებსაც ელიან.
რა შედეგს მოიტანს სუბსიდირება?
თავისუფალი საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე - თუ მთავრობა რომელიმე სფეროს იმიტომ ჩუქნის ფულს, რომ შემდეგ ეს დარგი მომგებიანად აქციოს, ეს დიდი შანსით ფულის წყალში გადაყრას ნიშნავს. მემარჯვენე იდეოლოგიიდან ცნობილია, რომ მთავრობა ყოველთვის უარესი მენეჯერია, ვიდრე კერძო მეწარმე. შესაბამისად, მემარჯვენე ორიენტაციის ლიდერები სახელმწიფოსგან ეკონომიკაში რაც შეიძლება ნაკლებ ჩარევას უჭერენ მხარს. თუმცა, ცხადია, არსებობს მემარცხენე ორიენტაციის ქვეყნები (სოციალისტური წყობის), სადაც სახელმწიფოს ჩარევა ძალიან მაღალია და შესაბამისად, თავისუფალი საბაზრო პრინციპები ხშირად არც აინტერესებთ. რასაკვირველია, ქვეყანა რომელ ორიენტაციას აირჩევს, ეს პოლიტიკური გემოვნების ამბავია, მაგრამ როდესაც ყოველდღე გვესმის, რომ ჩვენთან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი ბაზარია პრიორიტეტი, სახელმწიფოს დიდი დოზით ჩარევა ეკონომიკაში - სახელმწიფოს არჩეულ კურსს აშკარად გაბნეულად წარმოაჩენს.
ასევე იმ მოლოდინს, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფული ხალხის (ამ შემთხვევაში ამომრჩევლის) გულების მოგებას უფრო მოემსახურება, ვიდრე რეალურ შედეგს.
ჟურნალ „ტაბულას" მიმომხილველი მიშა თავხელიძე სახელისუფლებო პოლიტიკას აკრიტიკებს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც ახალი სუბსიდირებით ხელისუფლება შედეგს ვერ ნახავს.
„პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ეროვნული სოფლის მეურნეობის მიმართ უკვე წლებია ტარდება პროტექციონისტული (არალიბერალური) საბაჟო პოლიტიკა: სურსათის იმპორტის დიდი ნაწილი იბეგრება მაქსიმალური საბაჟო განაკვეთით. გარდა ამისა, გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის მაღალ ფასს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფოვე ყოველ წელს უფასოდ ამარაგებს გლეხებს სათესლე მასალით. გლეხების საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი თითქმის მთელი მიწა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ, რაც ითქვა, ისიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სახელმწიფო დახმარება არ მუშაობს. საქართველოს სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის არაეფექტიან, ჩამორჩენილ დარგად, რომელშიც დასაქმებული მოსახლეობის 50%-ზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს აწარმოებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის აგრარულ შტაბად გადაქცევა და ამ შტაბის (თუნდაც წვეთოვანი) პროექტების დამატებითი 150 მილიონი ლარით დაფინანსება სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის. ზოგიერთ შემთხვევაში – და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა – მედიკამენტის დოზის მომატებას (სულ მცირე) აზრი არა აქვს".
მიშა თავხელიძის თქმით, რეალურ ცხოვრებაში ეკონომიკაში ნებისმიერი ჩარევა აისახება ამ და მომავალ თაობებზე. არასდროს არის გარანტია, რომ ეს თაობები იხეირებენ. პირიქით, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, უფრო მოსალოდნელია, რომ იზარალებენ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩარევისთვის საჭირო ფულს სახელმწიფო, როგორც წესი, ვალად იღებს, რომელიც სწორედ შემდგომმა თაობებმა უნდა დააბრუნონ საკუთარი გადასახადებით.
სუბსიდირების მაგალითია იგივე ყურძნის შესყიდვის პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა (როდესაც სახელმწიფო დამატებით უხდის გლეხებს ფულს ქარხანაში ჩაბარებულ ყურძენზე), რომელიც ჯერჯერობით მევენახეობის განვითარებას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. მეღვინეობა-მევენახეობის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ რთველის მიმართ გაწეული სუბსიდირება რეალურ შედეგს არ იძლევა. „ღვინის კლუბის" პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა მევენახეების განათლებას და პასუხისმგებლობის ზრდას უნდა მოხმარებოდა. ამ შემთხვევაში შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება.
მიშა თავხელიძე ასევე ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტის სიტყვებსაც იშველიებს. რონალდ რეიგანმა 1988 წლის 28 ივლისს, ამერიკელ მომავალ ფერმერებთან შეხვედრისას თქვა, რომ ინგლისურ ენაში ყველაზე სახიფათო 10 სიტყვაა: „გამარჯობა. მე ვარ მთავრობიდან და მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ" ("Hi, I’m from the government, and I’m here to help").
რეიგანის სიტყვების ფასი კი მისი ორი ვადით არჩევამ და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა შესაშურმა პროგრესმა დაადასტურა.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად რომ ფულია საჭირო - არავინ დავობს. თუმცა, ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში ფულზე არანაკლებ მთავარია ამ ფულის სწორად დახარჯვის გეგმა. ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობას ხშირ შემთხვევაში სწორედაც სუბსიდიების მეშვეობით აქვთ განვითარების საშუალება, თუმცა რამდენად გამოდგება ეს დამოკიდებულება საქართველოს შემთხვევაში - რთული სათქმელია.
პრესისთვის მიცემულ კომენტარებში ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე რამდენიმე მომენტზე ამახვილებს ყურადღებას:
„სოფლის მეურნეობის დარგისთვის გამოყოფილი ფული უნდა დაიხარჯოს ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ჯერ არც კი არსებობს. 150 მილიონს პლუს 30 მლნ, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, არის საკმაოდ კარგი ფული იმისათვის, რომ აგრარული სექტორის განვითარება დაიწყოს. თუ ეს ფული ჭკვიანურად გადანაწილდა, მას დაემატება ინვესტიციები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორიდან და კარგი პლატფორმა შეიქმნება, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა არ ვიცით, არ ვიცით სად წავა ეს ფული", - აღნიშნა ექსპერტმა.
ამ ფულის სწორად ათვისების პროგნოზს ისიც ართულებს, რომ ექსპერტების თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავრობას 7 წლის განმავლობაში გეგმაც კი არ შეუდგენია. აგვისტოს ომის შემდეგ დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხებიდან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ამ დარგის განვითარებას, არ არის დასრულებული სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სოფლების მექანიზაციას. ასე რომ, შესაძლოა, ამხელა თანხა უაზროდ გაიფლანგოს, ისევე როგორც აქამდე გამოყოფილი სახსრები აორთქლდა.
დემურ გიორხელიძე პრობლემის მოგვარების გზა კოოპერატივების განვითარებაზე გადის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას თანამედროვე კოოპერატივები, რაც მეურნეს საქმეს გაუადვილებს, რადგან ერთ ადამიანს აღარ მოუწევს ერთდროულად ყველაფრის კეთება - ხვნა, თესვა მოსავლის აღება, გადამუშავება, რეალიზაცია და ა.შ.
„ჩვენ გვჭირდება კარგი აგრონომები, ლაბორატორიები, ნიადაგის ანალიზი, თანამედროვე ტექნოლოგიები, დანარჩენს ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ. ამაში ვერც ბურები გვაჯობებენ და ვერც სხვები. მთავარია, სახელმწიფომ პირობები შექმნას. თანამედროვე კოოპერატივები იქნება დასაქმების ძალიან მძლავრი სფერო. რაც შეეხება ამ სფეროში მონოპოლისტების გაჩენის საფრთხეს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა გიორხელიძემ.
მდგომარეობას უცნაურს ხდის ის, რომ სანამ მთავრობა სოფლის მეურნეობის დაფინანსების 150 მილიონი ლარით გაზრდაზე საუბრობს, ოპოზიცია კი იმას არკვევს, თუ რას მოაკლდა ეს 150 მილიონი, ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებები საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წლევანდელი ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის მსგავსად, ცვლილებების შედეგადაც იგივე თანხა 69,15 მილიონი ლარია განსაზღვრული, ცვლილებების ამოქმედების ვადა კი 2011 წლის 22 მარტია. მას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ანუ, პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 22 მარტს ნამდვილად არ არის ასახული.
პარლამენტი ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს 8 აპრილს დაამტკიცებს
მორიგი ცვლილებების შესახებ მარტის ბოლოს გახდა ცნობილი. 8 აპრილს პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.
ბიუჯეტის შესატანი ცვლილებების თანახმად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 348,8 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა აქედან ხარჯვით ნაწილს მხოლოდ 230,2 მილიონი ლარი ემატება, ხოლო დარჩენილი თანხა ხაზინაში აკუმულირდება.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა და კანონპროექტში შეიტანეს ახალი საგარეო ვალდებულებების აღების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი სესხის აღება. კანონპროექტი ითვალისწინებს საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად დამატებით მისაღებ 900 მლნ ლარს. 900 მლნ ლარის ოდენობით საგარეო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდების) გამოშვებიდან მიღებული სახსრების ნაწილი 2011 წელსვე მიმართული იქნება 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებაზე, ხოლო ნაწილი შემდგომ წლებში სახელმწიფო ვალდებულებების შემცირებაზე.
ასევე, იგეგმება დამატებით 100 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რაც მთავრობის განცხადებით, უნდა დაეხმაროს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის წინააღმდეგ მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვაში. უშუალოდ სოფლის მეურნეობის დარგისთვის მისაცემი 150 მილიონი ლარის ყოფნა-არყოფნა კი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ისევ დავის საგნად რჩება. ერთნი ამტკიცებენ რომ თანხა ბიუჯეტში ახალი ცვლილებების დროს აისახება, მეორენი ამ თანხას კანონპროექტში ვერ პოულობენ, თუმცა არცერთი მხარე არაფერს ამბობს, რომ სუბსიდიები აქამდე ძირითადად უშედეგოდ არის გადაყრილი და არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ახალი სუბსიდიები დარგის ხსნად მოგვევლინოს.
თემურ იობაშვილი
|