ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
გამომცემლებისაგან
#1(1), 2004
“აი, კიდევ ერთი ჟურნალი გამოსულა” - იტყვის მკითხველი, როცა ამ ნომერს აიღებს ხელში. დღევანდელ საქართველოში ჟურნალ-გაზეთების დიდი სიმრავლეა (შეიძლება ითქვას - სიჭარბეა) და ახალი ჟურნალის გამოცემა რომ გადაწყვიტოს კაცმა, კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა უნდა, რის დაწერას აპირებს, ვინ იქნება მისი მკითხველი და ა.შ. ტრადიციად არის ქცეული, რომ ახალი გამოცემის მრწამსს მისი გამომცემელი ან მთავარი რედაქტორი პირველივე ნომერში მოკლე შესავალ სიტყვაში აყალიბებს. ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ტრადიცია არ დაგვერღვია და ახალი ჟურნალის მკითხველებისთვის აგვეხსნა: ვინ ვართ? რა გვინდა? რას გპირდებით?

ვინ ვართ?

ჟურნალის გამომცემელია შპს “ააფ-მენეჯმენტი”. ეს საწარმო 1999 წელს დაარსებული მრავალდარგობრივი კომპანიაა, რომელიც დამკვეთებს სთავაზობს როგორც ფინანსურ და საგადასახადო კონსულტაციებს (მისი შვილობილი საწარმოა აუდიტური კომპანია შპს “ააფ-კონსალტინგი”), ასევე ბიზნეს-კონსულტაციებს მენეჯმენტის, მარკეტინგის, პერსონალის შერჩევისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალის “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” (შემოკლებით - “ააფი”) გამოცემა. ამ ჟურნალის პირველი ნომერი 2000 წლის იანვარში გამოვიდა. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ “ააფი” პირველი ნომრის გამოცემისთანავე მოექცა მეწარმეთა და ფინანსური სფეროს სპეციალისტთა ყურადღების სფეროში და სწრაფად გახდა პოპულარული. ჟურნალის ტირაჟმა თანდათანობით იმატა და მიაღწია 1000 ეგზემპლიარს, რაც სპეციალიზებული ჟურნალისათვის, რომლის ტირაჟის 90%-ზე მეტი ხელმოწერების წილად მოდის, ძალიან კარგი შედეგია.

თავისი არსებობის 50 თვის მანძილზე “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” არც ერთი ნომერი არ “ჩავარდნილა”. რაც განსაკუთრებით გვეამაყება, 5-წლიანი არსებობის მანძილზე შპს “ააფ-მენეჯმენტს” არ ჰქონია არც ერთი ლარი არალეგალური შემოსავალი, არც ერთი ლარი გაუფორმებელი ხელფასი, არც ერთი ლარი დამალული გადასახადი. მხოლოდ 2003 წელს ბიუჯეტში რეალურად გადახდილმა გადასახადებმა 41750 ლარი შეადგინა! სუფთა ბიზნესი ჩვენი დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტიაა.

რა გვინდა?

ჩვენ ეკონომიკური პროფილის ანალიტიკური ჟურნალის დაარსება გადავწყვიტეთ. წინამდებარე ნომრის გამოსვლა იმის მომასწავებელია, რომ ჩვენს სურვილს ხორცი შეესხა. სიტყვა “ეკონომიკა” ფართო ცნებაა და ეკონომიკურ ჟურნალს თავისი კონკრეტული პროფილი განსაზღვრული უნდა ჰქონდეს. ჩვენი ჟურნალი, რომელსაც “ბიზნესი და მენეჯმენტი” დავარქვით და შემოკლებით “ბიზნესმენს” ვუწოდებთ, მიმოიხილავს ქართული და უცხოური ბიზნესის წარსულს, აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივებს, აგრეთვე მართვის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს. “ჟურნალი ბიზნესისა და მართვის ხელოვნების შესახებ” - ასე ვუწოდეთ მას. აღნიშნული კონკრეტული მიმართულების ანალიტიკური ჟურნალი დღევანდელ საქართველოში ძალიან ცოტაა. არადა, მიგვაჩნია, რომ 4-მილიონიან ევროპულ ქვეყანაში, რომელშიც ერთ-ერთი უძველესი და ინტელექტუალური ერი ცხოვრობს, მსგავსი მედია-გამოცემა რამდენიმე მაინც უნდა არსებობდეს. ჩვენ გვინდა, რომ “ბიზნესი და მენეჯმენტი” მათგან ერთ-ერთ ღირსეულ და გამორჩეულ გამოცემას წარმოადგენდეს. იმ ჟურნალისტთა გვარები, რომლებიც ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიაში არიან წარმოდგენილი, კარგად არის ცნობილი ქართულ მედიაში: მალხაზ მაცაბერიძე, ლევან გახელაძე, დალი ჩიკვაიძე, ვეფხია სამსონიძე, ფრიდონ კერვალიშვილი, ჯიმშერ რეხვიაშვილი, მერაბ ლორთქიფანიძე... მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი “ბიზნესმენი”-ს სამომავლო წარმატების საიმედო საწინდარია.

რას გპირდებით?

ჩვენ გპირდებით, რომ ახალი ჟურნალი იქნება ისეთივე საინტერესო, როგორიც მის სახელწოდებაში მითითებული თემებია; მასში განხილული საკითხები იქნებიან აქტუალური, ხოლო ანალიზი - სიღრმისეული; ტირაჟი იქნება ოფიციალურად გამოცხადებული და ლეგალური (რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეკლამის დამკვეთთათვის), ხოლო შემოსავლები - დეკლარირებული; ჟურნალის ყველა ნომერი გამოვა დროულად და ჩაბარდება მის ხელმომწერს; რაც მთავარია, გპირდებით, რომ “ბიზნესი და მენეჯმენტი” იქნება სრულიად მიუკერძოებული და დამოუკიდებელი (შეიძლება ითქვას - ყველაზე უფრო დამოუკიდებელი) თავისი აზრის გამოხატვაში, ვინაიდან ჩვენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და ეკონომიკურად თვითდაფინანსებაზე მყოფები ვართ. ყველამ, ვისაც შპს “ააფ-მენეჯმენტთან” რაიმე საქმიანი შეხება ქონია, კარგად იცის, რომ ამ კომპანიის პარტნიორები და დირექტორები დაპირებებს ტყუილად არ იძლევიან. ამიტომ გჯეროდეთ ჩვენი დაპირებების და გახდით ახალი ჟურნალის მკითხველები - მისი შეძენით, ხელმოწერით ან/და რეკლამის განთავსებით გამოხატული თქვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს “ბიზნესმენს” პროფესიონალურ, ავტორიტეტულ გამოცემად ჩამოყალიბებაში, რაც ისევ და ისევ მკითხველთა ინტერესების უკეთ დაკმაყოფილებას მოემსახურება.

დღეიდან “ბიზნესმენი” ქართველ ბიზნესმენთა და მენეჯერთა საქმიანი ცხოვრების ახალი თანამგზავრია.

შპს “ააფ-მენეჯმენტი”-ს ადმინისტრაციის სახელით

გიორგი ცერცვაძე და გელა ჩადუნელი