ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო დავები რეალურ განზომილებაში (ნაწილი 2)
#12(120), 2009
დასასრული. დასაწყისი იხ. "ააფი", #11(119), 2009 წ.  

როგორც ჩვენი წერილის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, სადღეისოდ მეწარმეებს საგადასახადო ინსპექტორთა ობიექტურობის არ სჯერათ. ამის მიზეზი კი ის უამრავი სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რომლებიც გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოებმა გამოიტანეს.

დაპირებისამებრ, ჩვენი სტატიის ამ ნაწილში მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს ზოგიერთ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურისა და დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა. ცხადია, ყველა მაგალითის მოყვანა შეუძლებელია, მაგრამ ის რამდენიმე მაგალითიც კი, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული, ბევრის მთქმელია.

საგადასახადო ინსპექციებიდან დაგვიანებით გამოტანილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები  

ეს ცნობილი საკითხი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ რა მახინჯ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს საგადასახადო დებულების "სიტყვა-სიტყვითმა" ანუ ლოგიკური გააზრების გარეშე წაკითხვამ.  

2005-2008 წლებში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის ("დღგ-ის ჩასათვლელი თანხა") მიხედვით განსაზღვრული იყო, რომ "ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ამ კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის", ხოლო 248-ე მუხლში აღნიშნული იყო, რომ "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას... დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს უკანასკნელი გადასახადის გადამხდელი". სწორედ ამ დებულების სუბიექტური ინტერპრეტაცია საგადასახადო ორგანოების მხრიდან გახდა უამრავი გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის ჩათვლების გაუქმებისა და უზარმაზარი ჯარიმების დაკისრების საბაბი, რამაც განსაკუთრებული მასშტაბები სწორედ 2009 წელს შეიძინა.  

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი და რომელიც გადასახადის გადამხდელებს თავად არ შუძლიათ დაბეჭდონ (გარდა იმ გადასახადის გადამხდელებისა, რომლებიც თავიანთი პროდუქციის/მომსახურების მიწოდებას ახდენენ მომხმარებელთა ფართო წრისათვის და ამიტომ დადგენილი წესით აღებული აქვთ ნებართვა კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისა), მათ ისინი საგადასახადო ინსპექციებიდან გამოაქვთ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გასულ წლებში ხშირად საგადასახადო ორგანოები ზღუდავდნენ ერთ ჯერზე გადასახადის გადამხდელისთვის გასაცემი ანგარიშ-ფაქტურების ოდენობას, შესაძლო დეფიციტის თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებიც ხშირად აღმოჩენილან ისეთ სიტუაციაში, რომ გამოტანილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მათ უფრო ადრე გახარჯეს, ვიდრე ეს ივარაუდებოდა (მაგალითად, მათი პროდუქციის/მომსახურების მყიდველთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო).

ამ გარემოებების გამო 2005-2008 წლებში ხშირად იქმნებოდა ისეთი სიტუაცია, როდესაც გადასახადის გადამხდელი ასრულებდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მაგრამ ოპერაციის შესრულების დღეს არ გააჩნდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამიტომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა (ფიზიკურ დროში) ხდებოდა რამდენიმე დღის დაგვიანებით, როცა გადასახადის გადამხდელი გამოიტანდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ახალ პარტიას საგადასახადო ინსპექციიდან, თუმცა მის დათარიღებას ახდენდა დასაბეგრი ოპერაციის მოხდენის დღის თარიღით. წესით, ამას არ უნდა გამოეწვია რაიმე საგადასახადო პრობლემა, მაგრამ საგადასახადო ორგანოებმა ასეთი შემთხვევები დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საფუძვლად მიიჩნიეს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებს (ასეთი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით საქონლის/მომსახურების შემძენებს) არა მარტო დღგ-ის ჩათვლები გააუქმდათ, არამედ არასწორი დეკლარირებისათვის საგადასახადო ჯარიმებიც დაეკისრათ.  

საგადასახადო ორგანოების ასეთი პოზიცია, პირდაპირ რომ ვთქვათ, დასაგმობია. ჯერ ერთი, აღნიშნულ შემთხვევაში დღგ-ის ჩამთვლელს არანაირად არ შეუძლია იცოდეს, როდის იყო ესა თუ ის ანგარიშ-ფაქტურა მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ინსპექციიდან გამოტანილი (ასეთი მონაცემებს მხოლოდ საგადასახადო ორგანოები ფლობენ), ანუ მისი მხრიდან კანონი არ დარღვეულა; მაგრამ რომც სცოდნოდა, სინამდვილეში არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არა აქვს, რაშიც დავრწმუნდებით, თუ საგადასახადო კოდექსის ზემოთმოყვანილ დებულებებს განვიხილავთ არა `სიტყვა-სიტყვით~, არამედ ლოგიკურ აზრსაც მოვიშველიებთ, შემდეგი მიზეზების გამო:

რას ნიშნავს ფრაზა "გამოწეროს არა უგვიანეს მე-2 დღისა" ციტირებულ ამონარიდში _ "დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა"? ის გულისხმობს არა ფიზიკურ დროში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას (რადგან შეუძლებელია იმის მონიტორინგი, თუ ესა თუ ის ანგარიშ-ფაქტურა როდის, რომელ დღეს და რომელ საათზე გამოიწერა. ამას არც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წ. 14 თებერვლის #84 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია მოითხოვს, რომლითაც დადგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესი), არამედ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის სწორი თარიღის მიკუთვნებას, რათა დასაბეგრი ოპერაცია ცალსახად იყოს იდენტიფიცირებული და არ მოხდეს დღგ-ის ჩათვლა ფიქტიური (უსაქონლო) ოპერაციის მიხედვით. ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითიდან:  

საილუსტრაციო მაგალითი. ვთქვათ, მყიდველმა მიმწოდებლისაგან საქონელი შეიძინა ხუთშაბათს, დღის ბოლოს, საღამოს 7 საათზე და მოითხოვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ვინაიდან ბუღალტერი (გამყიდველ საწარმოს ერთი ბუღალტერი ყავს) უკვე წასული იყო, მყიდველს სთხოვეს ანგარიშ-ფაქტურაზე მოსულიყო მეორე დღეს.
მეორე დღეს (პარასკევს) ბუღალტერმა ვერ შეძლო მოსვლა ავადმყოფობის გამო. ამიტომ მან ანგარიშ-ფაქტურა ხუთშაბათს განხორციელებულ მიწოდებაზე გამოწერა ორშაბათს, სამსახურში გამოსვლისთანავე. ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა დასაბეგრი ოპერაციის თარიღით, ანუ ხუთშაბათის რიცხვით. ბუღალტერს ჯერ კიდევ ხუთშაბათამდე ჰქონდა მომარაგებული საკმარისი ოდენობით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ანუ საგადასახადოდან ეს ანგარიშ-ფაქტურები მას დაგვიანებით არ გამოუტანია.
ამგვარად, ამ შემთხვევაში ხუთშაბათს მომხდარ გაყიდვაზე ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა ორშაბათს (ფიზიკურ დროში), ანუ 4 დღის შემდეგ, თუმცა გამოიწერა დასაბეგრი ოპერაციის თარიღით, ხუთშაბათის რიცხვით.

განა ამ შემთხვევაში ვინმეს მოუვა აზრად, რომ მყიდველს დღგ-ის ჩათვლა უნდა გაუუქმდეს?!

რაც შეეხება წარდგენას, ანუ ციტირებული ამონარიდის მეორე ნაწილს - "და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს უკანასკნელი გადასახადის გადამხდელი", ფრაზა "არა უგვიანეს მე-2 დღისა" შეეხება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას (მის სწორად დათარიღებას) ორი დღის ვადაში და არა ამ ვადაში მყიდველისათვის მის წარდგენას, რადგან მთელ რიგ შემთხვევებში, თუნდაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დროულად იყოს გამოწერილი, მისი წარდგენა ორ დღეში საქონლის/მომსახურების მიმღებისთვის შეუძლებელია (მაგალითად, მყიდველთა სიმრავლის ან მოშორებულ რეგიონში დისლოკაციის ადგილის გამო; სხვა მაგალითების მოყვანაც მრავლად შეიძლება), ძალიან ხშირად კი თავად საქონლის/მომსახურების მიმღებები არ მოდიან დროულად მათთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წასაღებად. ეს რომ ასე არ იყოს, ანუ წარდგენაც რომ "არაუგვიანეს მე 2 დღისა" რომ მოითხოვებოდეს, მაშინ რა აზრი ექნებოდა იმ წლებში დაწესებული დღგ-ის ჩასათვლელად ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვადის 45-დღიან შეზღუდვას, მაშინ ხომ ყველა იმავე თვეში წარადგენდა?!  

საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით ჯარიმა ეკისრებოდათ მხოლოდ დღგ-ის ჩამთვლელ ანუ შემსყიდველ საწარმოებს, გამყიდველი კი, ანუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი არ ჯარიმდებოდა, თუ დაგვიანებით გამოწერა იმავე თვეში ხდებოდა. ამიტომ, როგორც ეს ერთ-ერთმა გადამხდელმა ჩვენთვის მოწერილ წერილში აღწერა, ბოროტი სურვილის შემთხვევაში გამყიდველს შეეძლო სპეციალურად დაგვიანებით (ოღონდ, იმავე თვეში) გამოეწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მყიდველის სამომავლო დაჯარიმების მიზნით! ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს განხილულ საკითხში საგადასახადო ორგანოების ინტერპრეტაციის მცდარობაზე.  

თუ რა კურიოზამდე შეიძლება მიგვიყვანოს საგადასახადო დებულებების "სიტყვა-სიტყვითმა" ანუ გაუაზრებელმა წაკითხვამ, ამის მაგალითს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვა თავიდან მოვიყვანთ. ეს დებულება უცვლელია უკვე წლობის განმავლობაში, თუმცა საგადასახადო ორგანოებს მისი "სიტყვა-სიტყვითი" წაკითხვა ჯერ არ მოუხდენიათ. სსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:  

"მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის".  

თუ ამ ფრაზას ისევე "სიტყვა-სიტყვით" წავიკითხავთ, როგორც საგადასახადო ორგანოებმა სსკ 248-ე მუხლი წაიკითხეს, მივიღებთ სრულ აბსურდს: სსკ 168-ე მუხლის 2-"ბ" პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც მეორე მსოფლიო ომშიც იბრძოდა (1941-1945 წწ.) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებშიც, რომლებსაც 1990 წლიდან აქვს ადგილი.  

ეს მაგალითი ნათლად უჩვენებს, რომ ისეთ ფაქიზ საკითხებში, როგორიც გადასახადებით დაბეგვრაა, ამა თუ იმ დებულების ინტერპრეტირება მის რეალურ შინაარსში გარკვევის გარეშე ყოვლად დაუშვებელია.  

სამწუხაროდ, ყველა ეს არგუმენტები ფუჭი აღმოჩნდა საგადასახადო ორგანოებისათვის. ამ თითიდან გამოწელილი მიზეზის გამო დაჯარიმებულმა, უფრო სწორად იქნება თუ ვიტყვით - გამწარებულმა გადასახადის გადამხდელებმა, რომლებსაც ათეულ ათასობით და ასეულ ათასობით (ზოგჯერ - მილიონობითაც კი) ლარის ოდენობით დღგ-ის თანხები ჩათვლებიდან ამოუგდეს და შესაბამისი სანქციებიც აჰკიდეს, ვერ შეძლეს სამართლიანობის აღდგენა ვერც შემოსავლების სამსახურში და ვერც დავების განხილვის საბჭოში. მათ, პრაქტიკულად, წესივრად არც კი მოუსმინეს. მიზეზი ალბათ "რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" პრინციპით ბიუჯეტის შევსების სურვილია, რომელმაც განსაკუთრებულად დიდი მასშტაბი 2009 წელს მიიღო.  

საბედნიეროდ, 2010 წლიდან ამ მიზეზით დღგ-ის ჩათვლების გაუქმება და გადამხდელთა დაჯარიმება აღარ მოხდება, რადგან საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან შეიტანა მორიგი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, მის 281-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 53-ე ნაწილი:

"2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები 2010 წლის 1 იანვრიდან გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა".  

საქართველოს პარლამენტის მიმართ, ერთი მხრივ, მადლობა კი გვეთქმის ამ ცვლილებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, დასანანია, რომ მისი მოქმედება უკვე დაჯარიმებულ გადასახადის გადამხდელებზე არ გავრცელდება. სრული სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტს ზემოაღნიშნული მიზეზით დაჯარიმებული მეწარმეებისთვის მილიონობით ლარის დაბრუნება მოუწევდა.

2004 წლამდე პერიოდის მიმართ გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიის პირუკუ გამოყენება 

2004 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ". ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად:  

"1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.  

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა...

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს), აგრეთვე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება".  

ამ კანონის მიზანი ყველასათვის ცნობილი და ნათელია. მაგრამ საოცარია იმის აღნიშვნა, რომ ზოგ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოებმა ამ კანონის გამოყენება სათავისოდ, ანუ გადამხდელთა საზიანოდ მოახდინეს. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გადასახადის გადამხდელს თავისი სიმართლის დასადასტურებლად უწევთ 2004 წლის 1 იანვრამდე არსებული სააღრიცხვო დოკუმენტების მოშველიება, საგადასახადო ორგანოები კი მათ განხილვაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელს არ გამოუქვითეს 2004 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები ის ხარჯები, რომლებიც 2003 წლიდან იყო "გადმოსული". ეს ხარჯები გადასახადის გადამხდელებს 2003 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციით გამოქვითული არ ჰქონდათ, რაშიც დარწმუნება სულ იოლი იყო, მაგრამ საგადასახადო ორგანოებმა ამის გადამოწმება არ ისურვეს სწორედ ზემოხსენებულ კანონზე აპელირებით.  

საგადასახადო ორგანოსთვის შეიძლება გაგვეგო, ის რომ მუდამ ასეთი თანამიმდევრული იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, ზემოხსენებულ კანონს ხელი არ შეუშლია საგადასახადო ორგანოსთვის, შპს "არმაზისთვის" 2008 წლის ნოემბერში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 12959 ლარი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შპს "არმაზის" 2003 წლის 16 ივლისის (ანუ, 5 წლის წინანდელი) შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, რომელიც 2004 წლის 1 იანვრამდე დარიცხული არ ჰქონდა, თან ისე, რომ გადამხდელისთვის "საგადასახადო მოთხოვნაც" კი არ გაუგზავნია (აღნიშნული დარიცხვა ამჟამად შპს "არმაზის" მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში).  


შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზში" ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები  

ეს შემთხვევა, რომელსაც ახლა აღვწერთ, სხვა სუბიექტურობების ფონზეც კი გამოირჩევა საგადასახადო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი უსამართლობით. მათი ტენდენციურობის ასეთ აშკარა გამოვლინებას ჩვენს სხვა ახსნას ვერ ვუძებნით, გარდა იმისა, რომ შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ხელისუფლებისთვის არასასურველი პიროვნებაა.  

2009 წლის მაისში საგადასახადო ორგანომ ჩაატარა შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ძირითად საწყობში ინვენტარიზაციამ მხოლოდ წვრილმანი დარღვევები გამოავლინა, მაგრამ ნაქირავებ ფართში (ავტოფარეხის ნაწილში), სადაც ინახებოდა შემოწმებული საწარმოს კუთვნილი მასალების ნაწილი, ასევე ინახებოდა სხვა პირის (რომელიც ამავე ავტოფარეხის მეორე ნაწილს ქირაობდა) კუთვნილი ანტიფრიზი 75664 ლარის სარეალიზაციო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო ორგანომ, მიუხედავად შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და მთელი რიგი საბუთებისა, ეს ანტიფრიზი მიიჩნია შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" საკუთრებად და დაადო მას ჯარიმა მისი ღირებულების ოდენობით.  

აღნიშნული საწარმოს ოფისიც და სასაწყობო მეურნეობაც განლაგებულია დიღომში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე შენობაში, რომელიც მისი საკუთრებაა. იმის გამო, რომ არ მომხდარიყო საწყობის გადატვირთვა ავტომანქანის თუნუქის ისეთი ნაწილებით, რომელთა გაყიდვადობა დაბალია, მათი დასაწყობებისათვის შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზმა" მიმართა ქ. თბილისში, ნავთლუღში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ფლობდა თავისუფალ ავტოფარეხს. მასთან 2009 წლის 1 აპრილს გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება ავტოფარეხის ნაწილის ქირავნობაზე. მთელი ავტოფარეხის ქირავნობა შეუძლებელი იყო, რადგან მისი ნაწილი უკვე დაკავებული იყო სხვისი საქონლით (თუმცა, ნაწილობრივ დაკავებული რომც არ ყოფილიყო, შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზმა" ავტოფარეხის მთლიანი ფართი არ ესაჭიროებოდა!). ის, რომ საწარმომ იქირავა ავტოფარეხის მხოლოდ ნაწილი, ასახულია ავტოფარეხის მეპატრონესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 1.1. მუხლში აღნიშნულია, რომ დაქირავებულია არა ავტოფარეხი, არამედ "სასაწყობო ფართი მის კუთვნილ ავტოფარეხში", ანუ მხოლოდ ავტოფარეხის ის ნაწილი, რომელიც საჭირო იყო თუნუქის ავტოსათადარიგო ნაწილების დასალაგებლად, ხელშეკრულების 3.5 მუხლში კი აღნიშნულია, რომ "გამქირავებელს უფლება აქვს გამოიყენოს ავტოფარეხის გამოუყენებელი ფართი თავის შეხედულებისამებრ". ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის საფუძველზე, "დამქირავებელს" არა აქვს უფლება გასცეს დაქირავებული ფართი ქვეიჯარით.  

აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის მათი მოთხოვნისთანავე, ხოლო ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარის რეალობასთან შესაბამისობა დამატებით დაადასტურა თავისი ახსნა-განმარტებით ავტოფარეხის მეპატრონემაც.  

რაც შეეხება აღნიშნული ანტიფრიზის მეპატრონე შპს-ს, მისმა დირექტორმა თავის მხრივ წერილობითი ახსნა-განმარტებით აცნობა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის დროს ავტოფარეხში გამოვლენილი აღნიშნული დასახელების და რაოდენობის ანტიფრიზი მართლაც წარმოადგენდა მისდამი დაქვემდებარებული შპს-ის კანონიერ საკუთრებას, რის მტკიცებულებას წარმოადგენდა საიმპორტო საბაჟო დეკლარაციები: A-15269 24.12.2009წ და A-13055 17.12.2009 წ.

05.06.2009 წელს, ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექცია) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების განმხილველ სხდომაზე შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" მიმართ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმი #326831-ის განხილვისას ავტოფარეხის გამქირავებელმა ფიზიკურმა პირმა განმარტა, რომ მან შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზს" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მხოლოდ ავტოფარეხის ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი დაქირავებული სხვა შპს-ს, რომელსაც მასში დასაწყობებული ანტიფრიზი ეკუთვნოდა. ამ შპს-ის დირექტორმა, რომელიც პირადად ესწრებოდა ამ სხდომას, ასევე დაადასტურა, რომ ავტოფარეხში განთავსებული ანტიფრიზი მისი შპს-ის კანონიერი კუთვნილებაა და წარმოადგინა იმპორტის შესაბამისი საბაჟო დოკუმენტაცია.  

მიუხედავად წარმოდგენილი დოკუმენტებისა, "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" ხელმძღვანელობის, ავტოფარეხის მეპატრონე ფიზიკური პირისა და ანტიფრიზის მეპატრონე შპს-ის დირექტორის პირადი და წერილობითი ახსნა-განმარტებებისა, რომლებიც ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში იყო, სხდომამ მაინც მიიღო დადგენილება, რომ შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" მიერ დარღვეული იქნა სსკ 143-ე მუხლის II ნაწილი. (?!) ამ დროს, სსკ 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ჯარიმა ეხება იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის მფლობელობაშიც არსებული საქონელი არ არის აღრიცხული ბუღალტრულ ჩანაწერებში ან ასეთ საქონელზე არ არსებობს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მოცემულ შემთხვევაში კი ანტიფრიზზე არსებობს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ იგი წარმოადგენს სხვა შპს-ის საკუთრებას, რასაც ადასტურებს კიდევაც მისი ნამდვილი მესაკუთრე.  

ამავე დროს დაუშვებელია, წარმოუდგენელია საგადასახადო სანქციის შესრულება ანუ ზემოთაღნიშნული ანტიფრიზის ზედმეტობად აღიარება, რადგან არ არსებობს ისეთი კანონი, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდეს სხვისი დასაბუთებული საკუთრების მისაკუთრება, კონკრეტულ შემთხვევაში _ სხვა შპს-ის კუთვნილი ანტიფრიზის შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახვა, როგორც მისი საკუთრების. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საფუძველზე ანტიფრიზის მისაკუთრება შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" მიერ გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ სამართალდარღვევას, რადგან ამ საქონელს (ანტიფრიზს) ჰყავს უფლებამოსილი მესაკუთრე და არ არსებობს კანონი, რომელიც მას ამ უფლებას ჩამოართმევს.

ცხადია, შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზმა" გაასაჩივრა დარიცხული სანქცია (75664 ლარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ დავების განხილვის საბჭოში, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურსმა და არც საბჭომ არ მოახდინა აღნიშნული ჯარიმის გაუქმება. მათი უარის თქმის არგუმენტაცია ძალიან უსუსურია. მაგალითად, უარში აღნიშნულია, რომ "სათავსო არ იყო გადატიხრული". სინამდვილეში, სათავსოს გადატიხვრის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" კუთვნილი თუნუქის ნაწილები და მეორე შპს-ის კუთვნილი ანტიფრიზი ელაგა ავტოფარეხის სხვადასხვა მხარეს, ამასთან, ეს საქონელი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან თვისობრივად, რომ მათი აღრევა ერთმანეთში შეუძლებელია. ტიხარი რომც ყოფილიყო, ის იქნებოდა მხოლოდ პირობითი, რადგან ავტოფარეხში კაპიტალური ტიხრის გაკეთება, რომლის გაკეთების უფლებაც მხოლოდ მის მეპატრონეს აქვს, დააქვეითებდა ავტოფარეხის ძირითად ფუნქციურ დანიშნულებას.  

უარის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ "წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ... ქირით აღებულ სათავსოში განთავსებული ანტიფრიზი წარმოადგენს" შპს "Y"-ის საკუთრებას.  

რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ დასკვნაზე? შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზმა" წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულება; წარმოადგინა როგორც ავტოფარეხის მეპატრონის, ასევე შპს "Y"-ის დირექტორის წერილობითი და პირადი ახსნა-განმარტებები; წარმოადგინა შპს "Y"-ს საბაჟო დეკლარაციები აღნიშნული ანტიფრიზის იმპორტზე; ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანი - შპს "Y"-ის დირექტორი თავისი პირით ადასტურებს, რომ ანტიფრიზი მისია... განა სხვა რა უნდა იყოს წარმოდგენილი იმის დასტურად, რომ ანტიფრიზი შპს "Y"-ის კუთვნილებაა?!  

დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეში ჩართულმა საგადასახადო ორგანოს ყველა თანამშრომელმა სინამდვილეში კარგად იცის, რომ აღნიშნულ ანტიფრიზს შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზთან" არავითარი კავშირი არა აქვს.  

თუ ვინმეს მაინც შეეპარება ეჭვი, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზთან" დაჯარიმება სამართლიანი იყო, გვინდა მას ვკითხოთ:  

როგორ მოიქცეოდა საგადასახადო ორგანო, ამ საწარმოს ინვენტარიზაციის პარალელურად მეორე შპს-ის - შპს "Y"-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაც რომ ჩატარებულიყო? თუ დავუშვებთ, რომ შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზი" სამართლიანად არის დაჯარიმებული, მაშინ მივიღებთ, რომ იმავე ლოგიკით, შპს "Y"-ს ზედმეტობაში უნდა ჩათვლოდა "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" კუთვნილი საქონელი - ავტომანქანების თუნუქის ნაწილები! ამგვარად, გამოდის, რომ ერთი და იგივე საქონელი - შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" კუთვნილი ავტომანქანების თუნუქის ნაწილები და შპს "Y"-ის კუთვნილი ანტიფრიზი ორ-ორჯერ ჩაირთვებოდა საინვენტარიზაციო ოქმებში (ერთდროულად როგორც შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის", ასევე შპს "Y"-ის საინვენტარიზაციო ოქმებში), რაც, ცხადია, სრული აბსურდია!  

ეს შესაძლო სიტუაცია ნათლად მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ, მიუხედავად შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" და შპს "Y"-ის ახსნა-განმარტებებისა, არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა ჭეშმარიტების დასადგენად და სუბიექტური მიზეზების გამო მიიღო მცდარი გადაწყვეტილება საწარმოს დაჯარიმების შესახებ.  

ძალიან სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაუჭირა მხარი საგადასახადო ორგანოს და შპს "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამჟამად საკითხი განსახილველად გადაცემულია სააპელაციო სასამართლოში.  

ცნობილ ქართულ მხატვრულ ფილმში - "არაჩვეულებრივი გამოფენა" არის ასეთი ეპიზოდი: გარდაცვლილის ახლობლები ედავებიან მოქანდაკეს, რომ მისი ქანდაკება არ ჰგავს ამ გარდაცვლილ ადამიანს. მოქანდაკე აგული ერისთავი კი, თავის მხრივ, ჯიუტად უმტკიცებს მათ, რომ "ჰგავს" და ამას "ასაბუთებს" კიდევაც.  

ამ "დასაბუთების" შემდეგ მოდავეთაგან ერთ-ერთი ხელს ჩაიქნევს და ამბობს, "ეს მაინც არ არის ჩემი სიდედრიო".  

სწორედ რომ ასეა ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაშიც. რაც არ უნდა "ამტკიცონ" საგადასახადო ორგანოებმა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, აღნიშნული ანტიფრიზი მაინც არ არის, არც ყოფილა და ვერც იქნება "ჯი-თი-ეს ლადა ვაზის" საკუთრება. ამიტომ თუ საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი აღმოჩნდება, როგორიც საგადასახადო ორგანოებს სურთ, ეს სამართლიანობის ზეიმი კი არა, არამედ სწორედ იმის დასტური იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლის მიღწევა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.  


გიორგი გვაზავა