2008 წელს კავკასია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ან შეიძლება მოხდეს კავკასიის გარშემო, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს კავკასიაში არსებულ ვითარებაზეც.
საქართველო რუსულ "მრავალპოლუსიანობასა" და "მსოფლიო სახელმწიფოდ" გადაქცევის გეგმებს შორის
რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა 2009 წლის 12 ნოემბერს ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს, შედარებით მცირე დრო დაუთმო საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, მაგრამ მაინც არ დაივიწყა საქართველოს აგრესორის როლში მოხსენიება. არადა, საქმე პირიქითაა და მედვედევი ცდილობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შენიღბვას უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მშენებლობის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით.
|
|
მედვედევის უმთავრესი განაცხადი რუსეთის მიერ მსოფლიო სახელმწიფოს სტატუსის
დაბრუნებაა პრინციპულად ახალ საფუძველზე. ეს სტატუსი რუსეთმა იმის გამო
დაკარგა, რომ დარჩა ინდუსტრიულ-სანედლეულო გიგანტად და ვერ გაუძლო
კონკურენციას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებთან.
|
მედვედევის განცხადებით,
21-ე საუკუნეში რუსეთს ყოველმხრივი მოდერნიზაცია სჭირდება და ეს
მოდერნიზაცია უნდა დაეყრდნოს პირველად რუსეთის ისტორიაში "დემოკრატიულ
ღირებულებებსა და ინტერესებს".
მედვედევის უმთავრესი განაცხადი რუსეთის მიერ მსოფლიო სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებაა პრინციპულად ახალ საფუძველზე. ეს სტატუსი რუსეთმა იმის გამო დაკარგა, რომ დარჩა ინდუსტრიულ-სანედლეულო გიგანტად და ვერ გაუძლო კონკურენციას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებთან. მედვედევის განცხადებით, 21-ე საუკუნეში რუსეთს ყოველმხრივი მოდერნიზაცია სჭირდება და ეს მოდერნიზაცია უნდა დაეყრდნოს პირველად რუსეთის ისტორიაში "დემოკრატიულ ღირებულებებსა და ინტერესებს".
რუსეთს მოდერნიზება რომ სჭირდება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რამდენად გულწრფელია მედვედევის მიერ დემოკრატიაზე აპელირება, ეს სხვა საკითხია. პუტინ-მედვედევის ხელში რუსეთი ამკვიდრებს ე.წ. "სუვერენულ დემოკრატიას", რომლის არსიც ავტორიტარული რეჟიმია და შორს დგას ლიბერალური დემოკრატიისაგან.
დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად კვლავ რჩება "მრავალპოლუსიანობა". მედვედევის განცხადებით, მსოფლიო სწორედ მრავალპოლუსიანობის განმტკიცებისკენ მიდის და ამაზე მეტყველებს თუნდაც "დიდი ოცეულის" ჩამოყალიბება. "მრავალპოლუსიანობაზე" განაცხადთან ერთად მოიაზრება "გავლენის სფეროც", რომლის აღიარებასაც რუსეთი დიდი ხანია ითხოვს დასავლეთისგან. თავის "გავლენის სფეროში" რუსეთი მოიაზრებს პირველ რიგში დსთ-ის ქვეყნებს.
2008 წლის აგვისტოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დღევანდელი რუსეთის მიერ თავისი "გავლენის სფეროსთვის" ბრძოლის გამოხატულებაა. ასე რომ საქართველოსთვის "მრავალპოლუსიანობის" რუსული განაცხადი პირდაპირ გარდაიქმნება აგრესიად, რადგანაც საქართველო დიდი ხანია ცდილობს რუსეთის გავლენის სფეროსგან თავის დაღწევას. დასავლეთთან თანამშრომლობა და დასავლეთის მხარდაჭერა ვერ ანეიტრალებს რუსეთის აგრესიულობას, რომლის თვალსაჩინო გამოხატულება საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ისეთ ჩიხშია შესული, რომლიდანაც მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: ან რუსეთი დემოკრატიული უნდა გახდეს და უარი თქვას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე, ან ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომ მინიმუმ უკანდახევა დაიწყოს; ანდა დაიშალოს, ისევე როგორც თავის დროზე დაიშალა რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი.
დემოკრატიული რუსეთის მოლოდინი თვალსაწიერ მომავალში მაინც დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა. რაც შეეხება რუსეთის ძლიერების ზრდას და "მსოფლიო სახელმწიფოდ" გადაქცევას, არც ეს გამოიყურება ადვილად რეალიზებად სცენარად.
თავად მედვედევის გამოსვლიდანაც კარგად ჩანს, რომ რუსეთის ნეოიმპერიული განაცხადი მყარ საფუძველს მოკლებულია. რუსეთის ძლიერება საბჭოთა პერიოდის დანატოვარს და ნედლეულის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს ემყარება. განაცხადი რუსეთის მოდერნიზებაზე ახალი "დერჟავის" ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საფუძვლების შექმნას ემსახურება. ამისათვის რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სახით.
მედვედევის განცხადებით, საგარეო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს მოდერნიზაციის ამოცანების გადაწყვეტას და ის პრაგმატული უნდა იყოს. მისი ეფექტურობა უნდა ფასდებოდეს მარტივი კრიტერიუმით - ხელს უწყობს თუ არა ცხოვრების სტანდარტების გაზრდას. ამ სტანდარტებს კი რუსეთში სერიოზული პრობლემები აქვს, მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც მედვედევმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში უმთავრეს საშინაო პრობლემად გამოაცხადა. მედვედევის თქმით, მილიარდები ჩაიდება ჩრდილოეთ კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, თუმცა, ხომ არ ჯობდა ამაზე უფრო ადრე ეფიქრათ, ვიდრე ჩეჩნეთს ორჯერ დაანგრევდნენ და ძალისმიერი მეთოდებით მოინდომებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის "დამშვიდებას"?!
რუსეთი "მსოფლიო სახელმწიფოდ" გადასაქცევად იბრძოლებს და ამისათვის ყოველნაირად ეცდება "მრავალპოლუსიან მსოფლიოში" თავისი პოლუსის გაძლიერებას. ეს კი მრავალ ხიფათს უქადის პირველ რიგში საქართველოსა და უკრაინას. თუმცა, ამ პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში, სხვების ჯერიც დადგება.
აგვისტოს ომმა დსთ-ის ქვეყნები დააშინა
ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელის მურატ ლაუმულინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომმა ბევრი რამ შეცვალა დსთ-ის სივრცეში. დსთ-ის ქვეყნებმა გაიგეს, რომ არის ზღვარი, რომლის იქითაც რუსეთი უკვე არ დაიხევს. ეს ელცინის დროს იყო ხმამაღალი განცხადებები და მუქარა, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს არ აკეთებდა. ახლა ჩანს, რომ რუსეთმა მოახდინა ქცევის ამერიკული მოდელის ადაპტირება. ესაა - ცალმხრივი აქციების გატარება, ძალის გამოყენება, ისე რომ არ ეთათბირება არც მოკავშირეებს და არც პარტნიორებს.
ლაუმულინის აზრით, ამერიკამ განიცადა კოლოსალური დამცირება და სიტუაცია მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ შეიცვალა ადმინისტრაცია თეთრ სახლში. "კავკასიაში პირდაპირი დარტყმა მიაყენეს ამერიკელებს". ახლა მათ არ იციან, რა მოუხერხონ სააკაშვილს, არ ჰყავთ მისი შემცვლელი. მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ქართველებმა როგორც ერმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც ბალტიის ქვეყნების მსგავსად აშკარა ანტისაბჭოთა დემარშზე წავიდა. ის მუდამ ორიენტირებული იქნება ნატოსა და დასავლეთზე. საქართველო სულ იქნება მტკივნეული წერტილი რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთბაში.
რუსეთი ქართულ საზოგადოებაში თურქეთის დისკრედიტაციას ცდილობს
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების თვალში თურქეთის დისკრედიტაციაა. თავის ამ ქმედებით რუსეთის ხელისუფლება სამხრეთ კავკასიაში თავის პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.
პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ ათწლეულში სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა მტკიცე კავშირი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების რეალიზება უზრუნველყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის სახით. ამას ემატებოდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომლის რეალიზებაც დღეს მიმდინარეობს, დაპროექტების სტადიაშია "ნაბუქოს" გაზსადენი. ყველა ეს პროექტი რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს, რადგანაც თვლის, რომ ხელს უშლის რუსული "ენერგეტიკული იმპერიის" ფორმირებას. ამ თეორიის თანახმად, რუსეთმა თავისი გავლენა უნდა აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და ევროპა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან მიწოდებულ ენერგომატარებლებზე უნდა იყოს დამოკიდებული.
აღნიშნული ენერგო და სატრანსპორტო პროექტების რეალიზების საფუძველი საქართველო-თურქეთს შორის დამყარებული ურთიერთობები იყო. სომხეთისაგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში თურქეთი არ აღიქმებოდა საფრთხედ. ეს კი ქვეყანას რუსეთისაგან დისტანცირების საშუალებას აძლევდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სქემაში. რუსეთმა თავისი მოქმედებით შექმნა "რეალობა", რომელიც საქართველოსთან მის კონსტრუქციულ თანამშრომლობას გამორიცხავს. "გამოსავალს" მოსკოვი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაში ხედავს. რუსულ მედიაში ინტენსიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიულ პრეტენზიებს მისი სხვა მეზობლებიც წაუყენებენ.
|
|
ასეთი პოტენციური აგრესორის სახით აქტიურად წარმოდგება თურქეთი.
რუსეთ-თურქეთის დაახლოების და ეკონომიკური თანამშრომლობის ფაქტი
გამოიყენება იმის მტკიცების საფუძვლად, თითქოს ანკარასა და მოსკოვს შორის
მიღწეულია ფარული შეთანხმებები, რომლებიც რეგიონში საქართველოს წინააღმდეგ
არის მიმართული. |
მაგალითად, რუსული მედია ამ ბოლო დროს ირწმუნება, რომ თურქეთი სცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი რუსეთი სცნობს ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მიუთითებენ თურქულ მედიაზე, როგორც წყაროზე. მაგალითად, ასეთი თვალსაზრისი აქვს გატარებული თურქული გაზეთ Milliyt-ის ჟურნალისტს ჯენკ ბაშლამშს.
თურქეთი თუ ამგვარ ნაბიჯს გადადგამს, ამით ცხადია, ანკარა დაშორდება დასავლეთის პოზიციას და მტკიცედ მიბმული აღმოჩნდება რუსეთის პოლიტიკურ ხაზზე, რომელიც მიუხედავად აშშ-ის "გადატვირთვის" პოლიტიკისა, არცთუ თავსებადია დასავლეთის პოლიტიკურ გეგმებთან.
ვრცელდება ასევე ვერსია თურქეთის მიერ აჭარის მიტაცების გეგმებზე, რაც ასევე რუსეთთან გარიგებას ემყარება. ამაზე განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი ქართულ პრორუსულ მედიაში. ეს გასაგებიცაა.
"თურქული საფრთხის" აქტუალიზებამ საქართველოს ისევ რუსეთისაკენ უნდა უბიძგოს, როგორც "დიდი მართლმადიდებელი ქვეყნისაკენ".
სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის პერსპექტივა კი ასევე ინტენსიურად დაუკავშირდა ვერსიას საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვისა და მის სომხეთზე გადანაცვლების თაობაზე. აქაც იქმნება თვალსაზრისი, რომ ეს იდეა თურქეთიდან მომდინარეობს.
ამგვარი პროპაგანდა მიმართულია თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება პოსტსაბჭოთა პერიოდის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე.
საქართველოს და უკრაინის დაცვა რუსული აგრესიისაგან რუსეთის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა იქნება
ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამ ცოტა ხნის წინ "ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკვანძო მნიშვნელობას აშშ-სათვის. "აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ამოცანაა პოლიტიკური პლურალიზმის კონსოლიდაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა ბჟეზინსკიმ.
კონკრეტულად კი ეს ნიშნავს საქართველოს მხარდაჭერას და იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინა არ გადაიქცეს რუსეთის სატელიტად.
ერთი შეხედვით, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ეწინააღმდეგება რუსეთთან თანამშრომლობის კურსს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. თუკი საქართველო გაუძლებს, თუკი უკრაინა წარმატებული ქვეყანა იქნება, მაშინ გაიზრდება იმის ალბათობა, რომ რუსეთი პერსპექტივაში გახდება "პოსტიმპერიალისტური დემოკრატიული სახელმწიფო", ხოლო თუკი საქართველო ან უკრაინა ვერ გაუძლებენ, "რუსეთი კვლავ გადაიქცევა იმპერიად, მზარდი ამბიციებით, რაც გრძელვადიან ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობას გაცილებით უფრო რთულს გახდის", - აღნიშნავს ბჟეზინსკი.
როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში რუსეთის იმპერიული გეგმების საკვანძო ამოცანად უკრაინაზე გავლენის აღდგენა იქნება, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ამ მხრივ პერსპექტივები კი ბჟეზინსკის თქმით, საკმაოდ სახიფათოა დემოკრატიული ძალებისათვის. ბჟეზინსკის თქმით, ის დეპრესიაში ვარდება, როცა ხედავს შიდა დაპირისპირებას "უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ დემოკრატიულ, დამოუკიდებლობაზე ორიენტირებულ ბანაკში". შიდა ბრძოლა და ინტრიგები კი გარეშე ძალას საშუალებას აძლევს "მანიპულირება მოახდინოს უკრაინის შიდა პოლიტიკაში".
ბჟეზინსკი დღევანდელ უკრაინის სიტუაციას ადარებს მე-18 საუკუნის პოლონეთს, რომელიც ელიტის გათიშულობის გამო გარე ძალების პრუსიის, ავსტრიის და რუსეთის მანიპულირების ობიექტი გახდა და დამოუკიდებლობა დაკარგა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამერიკელი პოლიტოლოგი ვითარების დრამატიზებას ახდენს, მაგრამ ეს ასე არაა. 2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ რუსეთი დღეს რადიკალურ ნაბიჯებზე წამსვლელია, მით უმეტეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო მისთვის პასუხი ფაქტობრივად არავის მოუთხოვია. უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევისათვის კი რუსეთს მრავალი ბერკეტი გააჩნია. საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში მძლავრად არიან წარმოდგენილი პრორუსული ძალები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების იმედიც აქვთ.
ბჟეზინსკის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკრაინაში გარე ძალები შეეცდებიან უკრაინის დამოუკიდებლობის დასუსტებას, მის სატელიტად გადაქცევას, შეიძლება მისი ტერიტორიის ნაწილიც კი დააკარგვინონ. ბჟეზინსკის თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უკრაინელებსა და ამ ქვეყნის ელიტას ეკისრება.
უნდა ვივარაუდოთ, თანდათანობით რუსული ნეოიმპერიული ძალისხმევის ცენტრში უკრაინა მოექცევა და ყურადღებაც მისკენ გადაინაცვლებს. თავისთავად, ეს გარკვეული შეღავათი იქნება საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს - მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელი. რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები აჩვენებს, რომ მოსკოვი შეიძლება სერიოზულ პროვოკაციაზე წავიდეს საქართველოს წინააღმდეგ.
უკრაინის არჩევნებს მართლაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება და მის შედეგებზე დამოკიდებული იქნება მოვლენათა შემდგომი განვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ იუშჩენკო პოზიციების შენარჩუნებას შესძლებს, ეს რუსეთის ნეოიმპერიულ გეგმებს სერიოზულ ბარიერს შეუქმნის.
არის თუ არა სუამი პერსპექტიული
2009 წლის 3 ნოემბერს უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რაისა ბოგატირიოვამ და მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა იური ლიანკემ განაცხადეს, რომ უკრაინისა და მოლდოვას მთავრობებს განზრახული აქვთ სუამის ფარგლებში საქმიანობის გააქტიურება. ლიანკემ აღნიშნა, რომ მოლდოვას წინა ხელმძღვანელობის დროს სუამის საქმიანობა რამდენადმე შეკვეცილი იყო, მაგრამ "დღეს ამ ორგანიზაციის ფარგლებში არის გარკვეული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს უკრაინისთვისაც და მოლდოვასთვისაც". უკრაინელი პოლიტოლოგის ვიქტორ ნებოჟენკოს თქმით, რაისა ბოგატირიოვა ცდილობს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ იუშჩენკოს ხაზს, რომლის მიზანიცაა სუამის შენარჩუნება როგორც "კრემლის საწინააღმდეგო კოალიციისა".
პოლიტოლოგის თქმით, სუამი თავიდანვე არასიცოცხლისუნარიანი პროექტი იყო, რადგანაც უკრაინამ ვერ შეძლო თავისი გეოპოლიტიკური დაპირებების შესრულება მისი სრულფასოვანი რეალიზებისთვის. კერძოდ, სუამის ოფისი კიევში არსებითად არ ფუნქციონირებს. "უფრო მეტიც, სუამის პროექტის საფუძველი არ იყო გეოპოლიტიკური კონცეფცია, იდეა, სწორედ ამიტომ ის განწირული იყო", - აღნიშნა ნებოჟენკომ. მისი თქმით, სუამზე ლაპარაკი კიევსა და კიშინიოვს საშუალებას აძლევს არ ილაპარაკონ იმის თაობაზე, თუ რა უყონ დნესტრისპირეთს. ეს მათთვის გაცილებით უფრო სახიფათოა.
3 ნოემბერს კიშინიოვში გაკეთებულ განცხადებას მაშინვე მოჰყვა კომენტარი რუსი ექსპერტის ალექსანდრ კრილოვის მხრიდან. მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფალთა განცხადება სუამის რეანიმაციის შესახებ გაკეთდა იმის გამო, რომ მათ არ მიუღიათ სათანადო ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი "აღმოსავლეთის პარტნიორობაში" მონაწილეობისაგან.
"ის, რომ სუამი არის სრულიად არაქმედუნარიანი ორგანიზაცია, განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ხუთდღიანი ომის დროს, როდესაც საქართველოს მხარი დაუჭირა მხოლოდ უკრაინამ. უფრო სწორედ, უკრაინის მმართველი ელიტის ნაწილმა იუშჩენკოთი სათავეში, რომელმაც დემონსტრაციულად მხარი დაუჭირა სააკაშვილის რეჟიმს ხელისუფლების ყველა შტოსა და ლეგიტიმური პროცედურების გვერდის ავლით. აქ მნიშვნელობა აქვს არა მარტო მოლდოვას პოზიციას, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფალთა მოქმედებასაც. ბაქომ ასევე არ დაუჭირა მხარი თბილისს, თუმცა მას საქართველოსთან თითქოსდა აქვს საკმარისად პარტნიორული ურთიერთობა და იმასაც კი ლაპარაკობენ, რომ არსებობს სამკუთხედი "აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი", მაგრამ როგორც აჩვენა ამ მოვლენებმა, არც თურქეთმა, არც აზერბაიჯანმა საქართველოს მხარი არ დაუჭირეს. მაინც, სადაც კი სახელმწიფოები ატარებენ ეროვნულად ორიენტირებულ პოლიტიკას და მმართველი წრეები საკმარისად დამოუკიდებელნი არიან თავიანთ მოქმედებებში, სუამის ტიპის თამაშებს არ თამაშობენ", - განაცხადა კრილოვმა.
კრილოვს მოაქვს ტრადიციული რუსული არგუმენტები სუამის წინააღმდეგ. მისი თქმით, სუამი შეიქმნა
დსთ-ის საპირისპიროდ ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს. ახლა ბარაკ ობამას ადმინისტრაციისთვის სუამი არ იქნება ასეთივე საინტერესო. მას შემდეგ, რაც სუამი გაკოტრდა, შემოთავაზებული იქნა ახალი პროექტი - "აღმოსავლეთის პარტნიორობა", სადაც სუამის ქვეყნებს შეუერთდნენ ბელორუსია და სომხეთი ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით.
ახლა, როგორც ჩანს, მოლდოვასა და უკრაინის გარკვეული წრეები გრძნობენ, რომ "აღმოსავლეთის პარტნიორობას" არ მოაქვს საგრძნობი შედეგები - არც ფინანსური, არც პოლიტიკური მხარდაჭერა, რისი იმედიც ქონდათ. ამიტომ კვლავ დაუბრუნდნენ სუამის იდეას. კრილოვი თვლის, რომ ეს უპერსპექტივოა - ბლოკში მთავარ როლს აზერბაიჯანი თამაშობს, ის კი არ ავლენს მის მიმართ ინტერესს. აზერბაიჯანში სუამის დანარჩენი სამი სახელმწიფო ხედავს იაფი ენერგომატარებლების წყაროს, რომელიც დაკარგეს რუსეთის სახით.
აზერბაიჯანის მთავრობა არ მიიღებს ამ თამაშებში მონაწილეობას. თუმცა, აქ უფრო რუსეთის ზეწოლა იქნება აზერბაიჯანზე ანგარიშგასაწევი, რაზეც რუსი ექსპერტი დუმილს არჩევს.
კრილოვის განცხადებით, სუამის რეანიმაციისთვის საჭირო იქნება დასავლეთის მასირებული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რისი თავიც დღეს დასავლეთს არა აქვს. სუამის რეანიმაციის იდეას არჩევნების წინ გამოიყენებს უკრაინის ელიტის ნაწილი, მაგრამ როგორც კრილოვი აღნიშნავს, "სუამის ბლოკი, თავიდანვე მკვდრად შობილი, დაინთქმება ისტორიულ არარსებობაში". თუმცა, თუკი სუამი ასეთი უპერსპექტივოა, მაშ რაღა საჭიროა ასეთი ვნებათაღელვა "რუსეთის ინტერესების" დამცველი ექსპერტის მხრიდან?
სუამის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება დამოკიდებულია არა აზერბაიჯანზე, არამედ პირველ რიგში უკრაინის არჩევნების შედეგებზე. თუკი კიევმა დასავლური ორიენტაცია შეინარჩუნა, ის დაინტერესებული იქნება სუამის ფარგლებში თანამშრომლობით. აზერბაიჯანისთვის კი, თურქეთთან ურთიერთობის გარკვეულწილად გაციების პირობებში სუამის ფარგლებში თანამშრომლობა პოლიტიკაში დასავლური ვექტორის შენარჩუნების გზას წარმოადგენს.
რუსი გეოპოლიტიკოსის აზრით, უკრაინა "საბედისწერო ზღვარს" უახლოვდება
|
|
გავლენიანი რუსი გეოპოლიტიკოსი ალექსანდრე დუგინი უკრაინაში დაგეგმილი
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაციის შესაძლო განვითარებაზე
ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ უკრაინა საბედისწერო ზღვარს
უახლოვდება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2010 წლის 17
იანვარს გაიმართა. |
არჩევნების წინ დუგინი ასეთ სცენარებს წინასწარმეტყველებდა:
I სცენარი - იანუკოვიჩის გამარჯვება: სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, იანუკოვიჩს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და არჩევნებში მან უნდა გაიმარჯვოს.
"ტიმოშენკო არასოდეს, არავითარ პირობებში არ შეურიგდება იანუკოვიჩის გამარჯვებას. მას იუშჩენკოსთან შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის კონფლიქტი ჰქონდეს, მაგრამ ისიც და იუშჩენკოც ერთსა და იმავე ამომრჩეველთა ელექტორატს ეყრდნობა. იანუკოვიჩს კი სულ სხვა ელექტორალური ბაზა აქვს, რომელიც სხვა, "არანარინჯისფერ" ფასეულობებს ეყრდნობა".
ტიმოშენკომ მოკავშირეებად შესაძლოა იუშჩენკო ან იაცენიუკი გაიხადოს. ამის შემდეგ კი დაიწყება რაღაც "2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის" მსგავსი. "ისტორიაში ზუსტად და დეტალების მიხედვით არასოდეს არაფერი არ მეორდება, ასე რომ, 2004 წლის მსგავსად ხმების გადათვლას წელს არ უნდა ველოდოთ. მაშინ იანუკოვიჩი დანებდა, ახლა კი მან იცის, რა მოჰყვება ამას. ვფიქრობ, იანუკოვიჩი გაიაზრებს სიტუაციას, მუქარებს არ წამოეგება, თავის მომხრეებს ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს და უკრაინა ამით განხეთქილების ზღვარზე დადგება. დასავლეთისთვის ხომ იანუკოვიჩის ხელისუფლების აღიარება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. რით დასრულდება ეს ყველაფერი, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელები მასთან დაიწყებენ მუშაობას, იმ იმედით, რომ მას თავის მხარეზე გადაიყვანენ. მუშაობას დაიწყებს მოსკოვიც იმ მიმართულებით, რომ იანუკოვიჩმა თავისი კურსი გააგრძელოს - გაატაროს მრავალვექტორული პოლიტიკა და უარი თქვას ნატოში უკრაინის გაწევრებაზე".
II სცენარი - ტიმოშენკოს გამარჯვება: "ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში სხვა სიტუაცია იქნება. ტიმოშენკო ძალიან მკაცრი პოლიტიკოსია. გამარჯვების შემთხვევაში, იგი მართლაც დაიწყებს იერიშს აღმოსავლეთისაკენ. იგი დაიწყებს სამხრეთ-აღმოსავლეთზე შურისძიებას და მის განადგურებას გაცილებით მკაცრად და თანამიმდევრულად, ვიდრე ამას იუშჩენკო აკეთებს. ტიმოშენკო არც არაფერზე აპირებს მოლაპარაკებებს იანუკოვიჩთან და არც კომპრომისებზე წავა. ეს "რკინის ლედი" ქვეყანაში ნაციონალიზმის გრადუსის აწევაზე დაიწყებს მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში ტიმოშენკო მოვა, იანუკოვიჩმა, შესაძლოა, გამოსვლები "მაიდანზე" დაიწყოს და ეს "მაიდანი" უკვე "ნარინჯისფერ მაიდანზე" გაცილებით საინტერესო იქნება. იანუკოვიჩმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გააკეთოს და ამან შესაძლოა იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ უკრაინაში გაჩნდეს ორი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის ორი ნაწილი უჭერს მხარს".
III სცენარი - იუშჩენკოს გამარჯვება: "ორივე ზემოხსენებული ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში იუშჩენკო უბრალოდ ქრება. თუმცა მას ძალიან მოსწონს პრეზიდენტობა და კარგად ესმის, რომ არც ტიმოშენკო და არც იანუკოვიჩი მის კლანსა და ფულს არ დაინდობენ. იუშჩენკომ, შესაძლოა, რაღაც პროვოკაცია მოაწყოს დიქტატურის დამყარების მიზნით. სასოწარკვეთის გამო, იუშჩენკომ სავსებით შესაძლებელია ეს ნაბიჯი გადადგას. ასე რომ, ჩემი პროგნოზი ასეთია - უკრაინა საბედისწერო ხაზს უახლოვდება. ქვეყანა ორ ანტაგონისტურად განწყობილ ნაწილადაა გაყოფილი და ამის ნებისმიერი პოლიტიზაცია ქვეყნის გახლეჩამდე მივა. ჯერჯერობით კი ეს თემა ღიაა და არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს შეიძენს. ყოველივე კი, ალბათ, უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე ხორციელდება - უკრაინელები ძალიან ჯიუტი ხალხია და მაინც თავისას ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა ქვეყანა დაშალოს. ამ არჩევნებზე კი თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმებში შენარჩუნდება მათი სახელმწიფო", - აცხადებს დუგინი.
პარალელურად იქმნება რუსეთ-უკრაინის ომის სცენარიც, რაც უკრაინას უნდა დაბრალდეს. უკრაინაში მოქმედი სეპარატისტული მოძრაობის - არტემის სახელობის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის "დონეცკის რესპუბლიკის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ცურკანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომისთვის ემზადება.
"უკრაინა რუსეთთან ომისათვის სერიოზულად ემზადება. პროვოკაცია, სავარაუდოდ, ლუგანსკის ან დონეცკის მიმართულებით მოხდება. ლოზუნგები კი იქნება "გავათავისუფლოთ ყუბანელი უკრაინელები". სწორედ ამიტომაც ჩატარდა სწავლებები ნიკოლაევის ოლქში "ზაპად-ვოსტოკ", სადაც მუშავდებოდა არა თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი ღონისძიებები. პროვოკაციის შემდეგ იუშჩენკო განცხადებას გააკეთებს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ საქართველო-ოსეთის სცენარით", - აცხადებს ალექსანდრ ცურკანი და იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ოლქები სავსეა ჯარებით, ტაქტიკური აეროდრომები კრამატორსკში, იზიუმში, მარიუპოლში სრულ მზადყოფნაში არიან მძიმე სატრანსპორტო "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავების მისაღებად.
"მას შემდეგ, რაც რუსეთი კონფლიქტში ჩაერთვება, იუშჩენკო დახმარებისთვის ნატოს მიმართავს და ჯარი ოლქებიდან ტერიტორიებზე ორი საათის განმავლობაში იქნება შეყვანილი. ეს გადამოწმებული ინფორმაციაა. სწორედ ამიტომაც გადადგა თანამდებობიდან უკრაინის გენშტაბის უფროსი, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. თქვენ პრაქტიკულად ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა და როდის დაიწყება. ეს ლიტვაც კი არ არის. რუსებს ნულამდე გაანადგურებენ, ხოლო შექმნილ სიტუაციაში ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტი პირველივე ტურში უკვე სამუდამოდ გახდება", - აცხადებს ალექსანდრე ცურკანი და დასძენს, რომ ეს არ იქნება პროვოკაციები, ეს იქნება ტოტალური ეთნოტერორი და გენოციდი.
"სხვა არავინ, იუშჩენკოს გარდა, პრეზიდენტი არ გახდება. ახლა ომი მხოლოდ იწყება, ამას გეუბნებით, როგორც საბჭოთა არმიის ძველი ოფიცერი. დონბასისთვის კი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გზა არსებობს - დამოუკიდებლობის გზა აფხაზეთის მაგალითზე", - აცხადებდა ცურკანი არჩევნების წინ.
რუმინეთმა შეავიწროვა რეგიონულ ლიდერობაზე უკრაინის ამბიციები
უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველის არტემ ფილიპენკოს განცხადებით, ბოლო დროს ზოგიერთ უკრაინულ მასმედიაში აქტიური პროპაგანდა ეწევა იდეას იმის შესახებ, რომ რუმინეთი უნდა გახდეს ხიდი დასავლეთსა და რუსეთს შორის. უკრაინელი პოლიტოლოგის აზრით, თვალსაწიერ პერსპექტივაში პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში განისაზღვრება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ პირველ ხანებში კიევი სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდა შავი ზღვის აუზში რეგიონული ლიდერის როლზე.
პროექტის დონეზე დარჩა ის ღერძი, რაც მოწოდებული იყო განემტკიცებინა სუამის ქვეყნების ერთიანობა - კასპიის ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტის ახალი მარშრუტის შექმნა. შედეგად, დღეისათვის შავიზღვისპირეთში ყალიბდება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს რესურსების მისაწვდომობის ახალი სქემა. ამის თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის რუმინეთში ვიზიტი, რაც დამთავრდა სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანი მეორე ქვეყანაა, რომელთანაც რუმინეთმა ხელი მოაწერა ასეთ დოკუმენტზე. პირველი ქვეყანა აშშ იყო.
განსხვავებით მეზობელი უკრაინისაგან, რომელთანაც ურთიერთობა მუდმივად მერყეობს თანამშრომლობასა და კონფლიქტს შორის (უფრო მეორისაკენ იხრება), რუსეთი არ წარმოადგენს რუმინეთისთვის სერიოზულ პრობლემას. უფრო პირიქით, არ არსებობს საერთო საზღვარი, ტერიტორიული დავა და დავა "ისტორიულ" თემებზეც კი (ეს საკითხი აქტუალური იყო უკრაინა-რუმინეთის ურთიერთობებში), რაც ქმნის წანამძღვრებს ბუქარესტსა და მოსკოვს შორის პრაგმატული ურთიერთობების დასამყარებლად. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო დროს ზოგიერთ რუმინულ მასმედიის საშუალებაში აქტიური პროპაგანდა ეწევა იდეას, რომ "რუმინეთი უნდა გახდეს ხიდი დასავლეთსა და რუსეთს შორის". ასეთი მოწოდებები სავსებით კანონზომიერია "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მიერ გაკეთებულ განცხადების ფონზე, რომ რუმინეთი თურქეთთან ერთად ინტერესს ავლენს გაზსადენ "სამხრეთის ნაკადის" მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ რუმინეთი ადრეც იყო ინიციატორი ისეთი პროექტებისა, რომლებიც მიმართული იყო რეგიონში მისი როლის გაძლიერებისაკენ.
2006 წელს ბუქარესტი იყო ინიციატორი შავი ზღვის ფორუმის "დიალოგისა და პარტნიორობისათვის" და შავი ზღვის ევრორეგიონისა. გარდა ამისა, სწორედ რუმინეთს მიეკუთვნება წამყვანი როლი ევროკავშირის სტრატეგიაში "შავი ზღვის სინერგია". როგორც არ უნდა იყოს, შავი ზღვის რეგიონში ყალიბდება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კონფიგურაციები და რუმინეთს თურქეთთან ერთად, შეუძლია სავსებით თვითდაჯერებულად ჰქონდეს პრეტენზია ლიდერობაზე, იმ როლზე, რისი შესრულებაც ვერ შესძლო უკრაინამ.
პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა აფერხებს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" რეალიზებას
იაგელონის უნივერსიტეტის ევროპეისტიკის ინსტიტუტის ექსპერტის გჟეგოჟ პოჟარლიკის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის წარმატებას, არის საკმაოდ არასტაბილური სიტუაცია პოლონეთის მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში.
მისი აზრით, პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას უკრაინაში. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა უკრაინაში უფრო ნაკლებადაა განვითარებული, ვიდრე პოლონეთში, რასაც ემატება ღრმა ეკონომიკური კრიზისიც.
პოჟარლიკის განცხადებით, კიევისა და ვარშავის ევროპული უსაფრთხოების კონცეფციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო ქვეყნებს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვთ. ამას ემატება "პოლონეთ-უკრაინის ისტორიული ურთიერთობების ტრავმის აბსოლუტიზაცია". გარდა ამისა, არც პოლონეთის და არც უკრაინის მხრიდან არ იგრძნობა დაინტერესება ამ ურთიერთობების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანით. ეს მისი თქმით, დიდი გამოწვევაა ევროპისათვის და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წარმატებაზე შეიძლება აისახოს.
უნგრეთი პოლონეთის წინააღმდეგ: აღმოსავლეთის პარტნიორობას დუნაის პარტნიორობა ჩაანაცვლებს?
უნგრელები აპირებენ ევროკავშირში გამოვიდნენ ე.წ. დუნაის პარტნიორობის ინიციატივით. მას მხარს უჭერს ავსტრია, რომელსაც ასევე არ სურს, რომ ამ საქმეში პოლონეთი ჩაერიოს. ვარშავა ხედავს ამაში გარკვეულ საფრთხეს "აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის".
ბუდაპეშტი სწრაფი ტემპით აყალიბებს რეგიონული განვითარების პროგრამას, რომელსაც "დუნაის სტრატეგიას" უწოდებენ. ეს პროექტი ყველაზე მიმზიდველი შეიძლება გახდეს ევროკავშირის მეზობლებისათვის, ისევე როგორც დღეს მიმზიდველია "აღმოსავლეთის პარტნიორობა".
დუნაისპირა ქვეყნების სამიტი დანიშნულია 2010 წლის გაზაფხულზე და უნგრეთს არ სურს ბუდაპეშტში იხილოს პოლონეთის წარმომადგენლები. დუნაისპირა რეგიონის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა უნდა გახდეს 2011 წელს ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს. ეს გააძლიერებს უნგრეთის პოზიციას ბრიუსელში. ვარშავაში შიშობენ, რომ დუნაის სტრატეგია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "აღმოსავლეთის პარტნიორობას". როგორც Gazeta Wyborcza-ი წერს, საქმე ეხება არა მარტო დაფინანსებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ პრიორიტეტების განსაზღვრას ევროკავშირის პოლიტიკურ სიაში.
დუნაისპირა თანამშრომლობის პროცესს სათავე დაედო ვენაში 2002 წლის 27 მაისს დუნაისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციის დროს. პროცესის მონაწილე გახდა მდინარე დუნაის აუზში მდებარე 13 ქვეყანა: გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბია და ჩერნოგორია, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, ჩეხეთი, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
"აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამაში, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით და ოფიციალურად ამოქმედდა 2008 წლის მაისში, შედიან აზერბაიჯანი, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა და საქართველო. "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ითვალისწინებს ამ ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, ოღონდ ამ ქვეყნების ორგანიზაციის შემადგენლობაში მიღების გარეშე.
არხი "ევრაზია" არ სჭირდებათ კასპიის ქვეყნებს და ეწინააღმდეგება რუსეთის სატრანზიტო ინტერესებს
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო მუშაობს ოპტიმალურ წყლის მარშრუტზე, რომლის მეშვეობითაც კასპიის ზღვიდან ტვირთების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს კასპიის ზღვიდან აზოვ-შავი ზღვის აუზში. ვოლგა-დონის არხის მეორე ხაზის მშენებლობასთან ერთად განიხილება ახალი არხის "ევრაზიის" გაყვანის შესაძლებლობაც.
დღეისათვის ვოლგა-დონის არხით მოძრაობა შეუძლიათ 5 ათას ტონამდე წყალწყვის თანამედროვე გემებს. არხის გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 25 მილიონ ტონას წელიწადში: ნავთობროდუქტები, ლითონები, მარცვლეული, სასუქები, ქვანახშირი. მაგრამ ნავთობის გადატანა, რომლის გულისთვისაც იგეგმებოდა არხის მეორე ხაზის მშენებლობა, 2004 წლიდან მთლიანად შეწყდა და 3,5 მლნ ტონიდან ნულამდე დაეცა, მილსადენებით მისი ტრანზიტის გამო.
რუსი ექსპერტი ვლადიმერ კრივოშეი უარყოფს მოსაზრებას, რომ "ევრაზიის" არხი გამოყენებული იქნება აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანის, ყაზახეთის და ჩინეთის ტვირთების ტრანზიტისათვის: ნავთობი თითქმის მთლიანად ორიენტირებულია მილსადენების მრავალგანშტოებიან სისტემაზე და წყლის ტრანსპორტზე სავარაუდოდ აღარ დაბრუნდება, ეს ეკონომიკურად არახელსაყრელი იქნება. კასპიისპირა ქვეყნების სხვა ტვირთები კი მხოლოდ 5%-ია ვოლგა-დონის სამდინარო გზით გადატანილი ტვირთებისა. ამიტომ ახალი არხი, კასპიისპირა ქვეყნების თვალსაზრისით თუ მივუდგებით, აუცილებელი არაა.
მაგრამ ექსპერტის მონაცემებით, 2030 წელს ვოლგა-დონის მიმართულებით გაივლის 28 მლნ ტონა სხვა ტვირთები, რომელთათვისაც აუცილებელია ვოლგა-დონის არხის მეორე ხაზი ან ახალი არხი "ევრაზია". ვოლგა-დონის მეორე ხაზის გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 45 მლნ ტონას, ხოლო ვოლგა-დონის არხის საერთო გამტარუნარიანობა 72 მილიონ ტონამდე იქნება. ალტერნატიულმა არხმა "ევრაზიამ" უნდა გაიაროს კუმან-მანიჩის ღრმული და აზოვ-კასპიის ყელი. მისი სიგრძე 900 კმ-ზე მეტი იქნება, მათ შორის 80 კმ კასპიის ზღვაში და 86 კმ ტაგანროგის ყურეში აზოვამდე. მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით 58 მლნ ტონა იქნება. მაგრამ ამ არხის შესავსებად წყლის რესურსები შეზღუდულია. შეიძლება წყლის აღება დონიდან, ყუბანიდან და თერგიდან, მაგრამ ეს წყალი ახლანდელი საჭიროებებისთვისაც არ კმარა.
ამავე დროს ვოლგა-დონის არხის მეორე ხაზის მოთხოვნილება წყალზე თითქმის 10-ჯერ ნაკლებია, ხოლო მიწის სამუშაოების მოცულობა 50-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე "ევრაზიის" გათხრის შემთხვევაში. ხოლო რკინაბეტონის სამუშაოების მოცულობა 17 შლიუზის ასაშენებლად იგივე იქნება, რაც "ევრაზიის" არხის 6 შლიუზში. არხი "ევრაზიის" ღირებულება 342 მილიარდი რუბლია, ხოლო ვოლგა-დონის მეორე ხაზისა - სამჯერ ნაკლები.
ვლადიმერ კრივოშეი აღნიშნავს, რომ "ევრაზიის" მშენებლობას ყაზახეთი მოითხოვს, მაგრამ ეს გამომდინარეობს ყაზახეთის ინტერესებიდან და არ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს. ყაზახეთს ეს სჭირდება თავის სატრანზიტო პროექტებისათვის - ტვირთების ჩინეთიდან და ჩინეთში ტრანზიტისათვის. ყაზახეთის ეკონომიკას ეს დამატებით 2 მილიარდ დოლარამდე მოუტანს წელიწადში. ამავე დროს "ევრაზია" გახდება რუსეთის გვერდის ავლით გამავალი სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილი და შეიძ¬ლება მიიზიდოს იმ ტვირთების ნაწილი, რომლებიც დღეს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალით მოძრაობს.
გასათვალისწინებელია არხი "ევრაზიის" მშენებლობის ეკოლოგიური შედეგებიც. დატბორილი ტერიტორიის ფართობი 2,7 ათას კვ.კმ-ს შეადგენს, ხოლო გრუნტის წყლებით დატბორილი ტერიტორია - 2,5 ათას კვ.კმ-ზე მეტს. არხი გადაკვეთს ოთხი ნაკრძალის ტერიტორიას. გარდა ამისა, არხი დაარღვევს საიგაკების მიგრაციის ზონას (ევროპაში დარჩენილი ანტილოპების ერთადერთი სახეობა).
უზბეკეთი ცენტრალური აზიის ჩინეთად იქცევა
ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სულ უფრო მეტად აშფოთებთ უზბეკეთის სწრაფი დემოგრაფიული ზრდა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქადის რეგიონის სხვა ქვეყნებს. უზბეკი ექსპერტების პროგნოზის თანახმად, 2025 წელს უზბეკეთის მოსახლეობა 33 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რომლიდანაც 22 მილიონი იქნება სოფლის მოსახლეობა. 2040 წელს უზბეკეთის მოსახლეობა 40 მილიონს გადააჭარბებს.
მოსახლეობის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს წინ სარწყავი ფართობების ზრდას. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სარწყავი სახნავი მიწების მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა 0,22-დან 0,12 ჰექტარამდე. უკვე დღეს სარწყავი სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთ ჰექტარზე მოდის 8,3 ადამიანი. საერთაშორისო სტანდარტებით, ესაა ძალზედ მაღალი მაჩვენებელი. 2025 წლისათვის ქვეყნის მოთხოვნილება წყალზე, თუკი შენარჩუნდება დემოგრაფიული ზრდის ახლანდელი ტემპები, იქნება 72 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში, რაც მნიშვნელოვნად ჭარბობს წყლით მომარაგების ახლანდელ მასშტაბებს. არადა წყლით მომარაგება გაზრდის მაგიერ შეიძლება შემცირდეს ეკოლოგიური და კლიმატური პროცესებიდან გამომდინარე.
ექსპერტთა აზრით, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში უზბეკეთი პოლიტიკურ-დემოგრაფიული თვალსაზრისით ცენტრალური აზიის რეგიონისათვის იქცევა ისეთივე ფაქტორად, როგორიც ჩინეთია მსოფლიოსათვის. შედეგად რეგიონი აღმოჩნდება ორი ძლიერი და დინამიური სისტემის ზეგავლენის ქვეშ. ერთი იქნება ცენტრალური აზიის შიგნით, მეორე კი მის გარეთ.
უზბეკეთი ცდილობს როგორღაც გაუმკლავდეს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზე "ჭარბ" დემოგრაფიულ ზეწოლას. 1990-იანი წლების შუახანებიდან ქვეყანაში ტარდებოდა იმპორტის ჩანაცვლებისა და თანდათანობითი პრივატიზაციის პოლიტიკა. აგრარული სექტორის წილი მშპ-ში შემცირდა 1991 წლის 36%-დან 2008 წელს
21%-მდე. მრეწველობის წილი გაიზარდა 28%-დან
34%-მდე. 1991 წლის ბამბის ექსპორტი რესპუბლიკის მთლიანი ექსპორტის 77,7%-ს შეადგენდა, 2008 წელს კი 9%-ს.
მეორე მხრივ, ამ პოლიტიკამ ვერ გადაწყვიტა არსებული პრობლემები - აქცენტი კეთდებოდა მსხვილი წარმოებების მშენებლობაზე, რომელთაც იმპორტი უნდა ჩაენაცვლებინათ, მაგრამ ამას არ მოჰყოლია სამრეწველო-ტექნიკური ნახტომი განვითარებაში. ამ პროექტების ნახევარზე მეტი არარენტაბელური აღმოჩნდა.
ანუ უზბეკეთის დემოგრაფიულ ზრდას "ვერ გადაყლაპავს" ქვეყნის ეკონომიკის შიდა შესაძლებლობები. უზბეკეთი იძულებული იქნება შრომითი რესურსების "ექსპორტი" განახორციელოს. არსებითად ამ გზით წყდებოდა პრობლემები უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში.
ბრძოლა ცენტრალური აზიისათვის
ყირგიზული დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის "იგლას" დირექტორის დმიტრი ორლოვის განცხადებით, ცენტრალურ აზიაში დღეს რეგიონულ ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს ყაზახეთი, უზბეკეთი და ამ ცოტა ხნის წინ მათ თურქმენეთიც მიემატათ. სამივე სახელმწიფოს სურს მიიღოს გავლენის ბერკეტები იმისათვის, რომ გაატაროს საკუთარი პოლიტიკა. გლობალური დაინტერესებული მოთამაშეებიდან კი შეიძლება დავასახელოთ რუსეთი, აშშ და ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ რეგიონისაგან ყველაზე მეტად დაშორებულია, მას შესაძლებლობა აქვს თავისი პოლიტიკა გაატაროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილში.
დმიტრი ორლოვის თქმით, XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირგიზეთში მივიდნენ ამერიკელები თავისი ინტერესებით და ყველა რეფორმა გატარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მკაცრი კონტროლით, რომელთაც დიდი ხანია მიიღეს "ეკონომიკური მკვლელის" სახელი. რუსეთი მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს იწყებს იმის გაგებას, რომ თუკი დაკარგავს ცენტრალურ აზიას, დაკარგავს ყველაფერს. საქმე მარტო ის არაა, რომ აქ გადის ენერგომატარებლების სატრანზიტო გზები. ცენტრალურ აზიას რუსეთის "რბილ მუცელსაც" უწოდებენ.
ორლოვის აზრით, ყირგიზეთი არასოდეს არ იქნება მთლიანად პროამერიკული, პრორუსული ან პროჩინური. ყირგიზეთი ყოველთვის იქნება კომპრომისის ტერიტორია ზესახელმწიფოების ინტერესებისათვის. "რუსეთმა მრავლად დააგროვა მტრები მთელ მსოფლიოში, მაგრამ მაინც ვერ განსაზღვრა, თუ ვინ არის მისი მოკავშირეები. რუსეთმა უნდა განსაზღვროს, რაში სჭირდება ყირგიზეთი: როგორც სანედლეულო დანამატი, როგორც მოკავშირე თუ რაიმე სხვა როლში", - აღნიშნავს ორლოვი.
რუსეთმა ორი წლის წინ შექმნა "Росзарубежцентр"-ი, რომელიც ანალოგი უნდა იყოს ამერიკული USAID-სა. მაგრამ ორლოვის თქმით, ყირგიზეთში არ შექმნილა არცერთი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამერიკელები კი გაცილებით უფრო აქტიურად და ოპერატიულად მოქმედებენ. რუსეთმა პუტინის პრეზიდენტობის დროს ყირგიზეთს 2-მილიარდიანი დახმარება აღუთქვა, აქედან დღეისათვის მხოლოდ 300 მლნ დოლარია მიღებული, დანარჩენი თანხის მიღების ვადები კი უცნობია.
ჯორჯ ფრიდმანის აზრით, პოლონეთი და თურქეთი ზესახელმწიფოები გახდებიან
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ანალიტიკური ცენტრის Tekfeawk-ის დამფუძნებელმა ჯორჯ ფრიდმანმა წიგნში "მომდევნო 100 წელი" წარმოადგინა მომავლის საკუთარი ხედვა. მისი აზრით, პოლონეთი გახდება მსოფლიო ზესახელმწიფო. მისი სიტყვებით, რუსეთი შემდგომშიც შეეცდება გავლენის ძველი სფეროების დაბრუნებას და ძველ საბჭოურ საზღვრებში აღორძინებას. თავდაპირველად საკუთარ თავზე მოირგებს უკრაინასა და ბელორუსიას, დაბრუნდება კავკასიაში, საქართველოში და "შეუერთდება თავის მოკავშირეს - სომხეთს". იგივე ბედი ელის შუა აზიასაც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება.
ფრიდმანის აზრით, მხოლოდ პოლონეთს შეუძლია ხელი შეუშალოს რუსეთისა და გერმანიის კავშირის შექმნას, რომელიც შეძლებდა დაპირისპირებოდა ამერიკული გავლენის ძალას. სწორედ ამიტომ პოლონეთი აშშ-საგან მიიღებს დაფინანსებას ისევე, როგორც დღემდე იღებს ისრაელი. ამავე დროს ფრიდმანი ლაპარაკობს რუსეთის დაშლაზე: ჩინეთი და იაპონია დაიკავებენ შორეულ აღმოსავლეთს, პოლონელები კი ხელახლა ააშენებენ "XVII საუკუნის იმპერიას" და შეიერთებს ბელორუსიას და უკრაინას, გავლენას მოიპოვებს დასავლეთ რუსეთზეც. რუმინეთი წაიღებს მოლდოვას, ხოლო კარელია სკანდინავიის მხარეზე აღმოჩნდება.
მსოფლიო ზესახელმწიფოს როლზე პრეტენზიას განაცხადებენ ასევე იაპონია და თურქეთი, რომლებიც ასევე სარგებელს მიიღებენ რუსეთის ყოფილი სამფლობელობიდან. ტოკიო მიიღებს შორეულ აღმოსავლეთს, თურქეთი კი კავკასიას და მის მიმდებარე ტერიტორიებს უკრაინამდე,
მაგრამ თურქეთის მადა აზიის სიღრმისკენაა მიმართული.
თურქებს მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანელები, კმაყოფილი იმით, რომ ვიღაც გააკონტროლებს ირანს, მაგრამ იმ მომენტიდან, როდესაც სტამბულის ძალა (ფრიდმანის აზრით, თურქეთის დედაქალაქი იქ იქნება გადატანილი) უაღრესად გაიზრდება, აშშ ისევე იმოქმედებს როგორც ყოველთვის - მხარს დაუჭერს პოტენციურ კონკურენტს, მით უმეტეს, რომ თურქები ენთუზიაზმით დაიწყებენ იაპონელებთან მეგობრობას.
მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ფრიდმანი აღნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ "პოლონეთ-თურქეთის ომის" სახელს მიიღებს. აზიაში აშშ ჩინეთთან და კორეასთან ერთად იაპონიის წინააღმდეგ აღმოჩნდებიან, ხოლო ევროპაში პოლონეთს დაუჭერენ მხარს თურქეთის წინააღმდეგ. თურქები ბოსნიიდან ჩრდილოეთისკენ დაიძვრებიან და დაიკავებენ უნგრეთს, აიძულებენ რუმინეთს კაპიტულაცია მოახდინოს, სლოვაკეთის გავლით გავლენ პოლონეთის ტერიტორიაზე და დააზარალებენ კრაკოვს. დასავლეთიდან პოლონეთში შევლენ გერმანელები ფრანგებისა და დანარჩენი ევროპის მხარდაჭერით. პოლონელები ამერიკელთა მხარდაჭერით მოიგერიებენ ამ შემოტევას. დამარცხებული იაპონელები და თურქები უარს იტყვიან თავიანთ გეგმებზე. პოლონეთი როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს ხორვატიის პორტებს და უზრუნველყოფს თავის სამხედრო ყოფნას საბერძნეთში.
ფრიდმანის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორ არამყარია მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.
დავით მალხაზიშვილი