ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
იაპონური სუმოს ქართველი იმპერატორი - #3(56), 2018
სუმო, დოჰიოდ წოდებულ თიხნარზე, ორი თითქმის შიშველი ადამიანის ორთაბრძოლაა. იაპონიაში, სადაც იგი ლეგენდის მიხედვით 2500 წლის წინ წარმოიშვა, მას საბრძოლო ხელოვნებად აღიარებენ, დანარჩენ მსოფლიოში კი, სპორტის ეგზოტიკურ სახეობადა არის მიჩნეული. სუმოსადმი ქართველებისგან გამოჩენილი ყურადღება, მეტწილად, ტოჩინოშინად წოდებული ლევან გორგაძის დამსახურება გახლავთ. თუმცა, ამომავალი მზის ქვეყანაში ევროპელთაგან (შესაბამისად, ქართველთაგან) პირველი გზამკვლევი სოხუმელი ლევან ცაგურია (იგივე კოკაი) იყო. თანამედროვე პროფესიონალური სუმო სპორტის, შოუს, ტრადიციისა და ბიზნესის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ჩვენც მის წარმოჩენას სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შევეცდებით.

ღმერთებმა იაპონიის გადანაწილება სუმოთი დაიწყეს

დამწერლობაში სუმოს პირველი ხსენება 712 წლით თარიღდება. სწორედ ამ დროიდანაა ცნობილი იაპონური დამწერლობის პირველწყარო კოძიკი. მასში მოყვანილი ლეგენდით, იაპონური კუნძულების მართვის მოსურნე ღმერთები ტაკემიკაძუტი და ტაკემინაკატა 2500 წლის წინ ერთმანეთს სუმოში გაეჯიბრნენ. თქმულების თანახმად, ორთაბრძოლა ტაკემიკაძუტიმ მოიგო და იაპონელ იმპერატორთა წარმომავლობასაც მან ჩაუყარა საფუძველი.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, სუმოს ფუძემდებლად იაპონელი მხედართმთავარი ნომინოსუკუნე ითვლება. რიგით მე-11 იმპერატორ სუინინის სასახლეში იგი ბრინჯის კარგი მოსავლის აღსანიშნავად გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობდა. ნომინოსუკუნემ ღირსეული მეტოქე ტაიმანოკეჰაი მაყურებლისთვის მოსაწონ სტილში დაამარცხა. ლეგენდით იგი ჯერ გააღმერთეს, მერე კი სუმოს მამად გამოაცხადეს.

უძველეს იაპონურ ტექსტებში სუმოს თავდაპირველი სახელწოდება სუმაი გახლდათ. მის ძირითად დანიშნულებასთან ერთად სუმო სინტოს რელიგიის რიტუალთან ასოცირდებოდა. ზოგიერთ სინტოისტურ მონასტერში დღესაც შეიძლება ვიხილოთ სუმოში ადამიანისა და ღმერთის სარიტუალო ორთაბრძოლები.

იაპონიის ისტორიაში თანამედროვე სახით სუმოს ჩამოყალიბებისა და განვითარების რამდენიმე ეპოქას გამოყოფენ. ე.წ. ოქროს ხანად ითვლება ედოს ეპოქა (1703-1868). სუმოს წარმატებული სეკიტორები (სეკიტორი – პროფესიონალი, ხელფასიანი სუმოისტი) ქვეყნის მოსახლეობისთვის სათაყვანო კერპებად იქცეოდნენ. მათ პოეტები ლექსებს, მწერლები რომანებს უძღვნიდნენ. ამ ეპოქაში გაჩნდა სუმოს უმაღლესი ტიტული იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი). იგი ფალავანს სამუდამოდ ენიჭება და სუმოისტის კარიერული მწვერვალია. ტრადიციული სახე მიეცა პროფესიონალი რიკიშების ტურნირის (ბაშო) რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ჩატარებას.

მძიმე პერიოდი დაუდგა სუმოს, პოლიტიკურ არენაზე ახალგაზრდა ბურჟუაზიის გამოჩენის შემდეგ. 1868 წლიდან იაპონიის საზღვრების გახსნას, სუმოს, როგორც წარსულის გადმონაშთად გამოცხადება მოჰყვა. ევროპიდან ხორბლის შემოტანას (მანამდე ქვეყანაში უპირატესად ბრინჯით იკვებებოდნენ) ხორცზე შემოტანის აკრძალვის გაუქმებაც მოჰყვა. სეკიტორებს რომ თავი ერჩინათ, დამატებითი შემოსავლების ძიებას შეუდგნენ. დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა: ერთბაშად 56 რიკიში ტოკიოს სახანძრო ქვეგანყოფილებაში გაერთიანდა და ასე „ებრძოდნენ უსაქმურობას“.

ისტორიული წერტილი სუმოს კრიზისს ქვეყნის იმპერატორმა მუცუჰიტომ დაუსვა. 1885 წელს, ენრიოკანის სპეციალურ დარბაზში შედგა საჩვენებელი ტურნირი სუმოში. ამით ანტისუმოისტებს „გენერალურად“ შეახსენეს, რომ სუმო კვლავ იაპონელთა სათაყვანო და რჩეული სპორტის სახეობაა.

1909 წელს, ტოკიოს ყოველწლიური ბაშოს ჩასატარებლად რიოგოკუს რაიონში სუმოს სასახლე კოკუგიკანი გაიხსნა. 1927 წელს ქვეყნის რეგიონული გაერთიანებები სრულიად იაპონიის სუმოს ასოციაციაში გაწევრდნენ, რითაც მის კომერციულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას დაედო სათავე.

ამ პერიოდის ყველაზე პოპულარული ფიგურა იოკოძუნა ჰიტატიამა გახლავთ. მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში ასპარეზობისას, მოგება-წაგების მანამდე არნახული ბალანსი აჩვენა – 150-15.

სუმოს განვითარებაში აღსანიშნავია 1928 წელი, როცა პირდაპირი რადიორეპორტაჟების ტრანსლირება დაიწყო. ომისწინა (წყნარი ოკეანისპირა ომი 1941 წელს დაიწყო) წლები დიადი იოკოძუნა ფუტაბაიამას გაბრწყინებითაა გამორჩეული. 1936 წლის გაზაფხულზე სუმოს უმაღლეს მწვერვალზე ასულმა 3 წლის განმავლობაში წაგების გემო არ იცოდა. მან ზედიზედ 69 ორთაბრძოლა მოიგო და მიჯრით 5 ბაშოში იმარჯვა. 1939 წლის მარტში ცნობილ რიკიშ აკინოუმისთან მარცხის მეორე დღეს არნახული ტირაჟით დაბეჭდილი უკლებლივ ყველა იაპონური გაზეთი უმალ დაიტაცეს. ფუტაბაიამას მარცხი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე მეტად მნიშვნელოვან მოვლენათა ნუსხაში მოხვდა.

ომისშემდგომ საწყის წლებში სუმოს ტრადიციულ ქომაგებს კვლავ მოუწიათ ქვეყნის მოდერნიზაციის იდეით შეპყრობილთა შეტევების მოგერიება. „ტრადიციონალისტებმა“ ამჯერადაც გაიმარჯვეს, რაშიც გადამწყვეტი როლი ქვეყნის იმპერატორ ჰიროჰიტოს მიუძღვის. 1946 წლის გაზაფხულზე, პირველი ომისშემდგომი ტურნირი გაიმართა და მას შემდეგ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არცერთი წინასწარ დაგეგმილი ბაშო არ „ჩავარდნილა“.

რელიგია, ქალი, დოჰიო, ცხოვრების სტილი და წესები

სუმოს დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს. როგორც საიმპერატორო კარზე, ისე სინტოს მონასტრებში, სპეციალური სკოლები იყო, სადაც სუმოს მიმდევრებს ზრდიდნენ. სუმოს დარბაზი, დოჰიოზე გამოსულთა ცხოვრების სტილი დატვირთულია რელიგიური ელემენტებითა და სიმბოლოებით. მსაჯიც (გიოძი) კი, რომელიც სუმოისტებთან ერთად დგას არენაზე, სინტოისტური ტაძრის მღვდელმსახურია. მას ხელში მარაო (გუმბაი) უჭირავს, რომლის აწევა და გადაშლა ორთაბრძოლის დასრულებას ნიშნავს. ამ მარაოთივე იგი გამარჯვებულს კონვერტში ჩადებულ ფულად ჯილდოს გადასცემს.

ე.წ. ოქროს ხანაში (ედოს ეპოქა) ჩნდება ქუჩისა და ქალთა კომიკურ- სექსუალური ხასიათის სუმო, რომელიც მოგვიანებით აიკრძალა. XX საუკუნიდან ქალთა სუმოს ტურნირები არაპროფესიონალურ დონეზე უკვე ტარდება, მაგრამ არაპრესტიჟულობის გამო იმდენ მაყურებელს ნამდვილად ვერ იზიდავს, როგორც საიმპერატორო ბაშოს მამაკაცთა სუპერტურნირები.

სუმოს მოედანი, იგივე დოჰიო, როგორი ფორმითაც ჩამოყალიბდა XVI საუკუნეში, დღესაც იმ ზომითა და შინაარსით არსებობს. ესაა დაწნეხილი თიხისაგან დამზადებული კვადრატული 7,27 მეტრი სიგრძის მაქსიმუმ 60 სმ- ით შემაღლებულზე მყოფი მოედანი. მას ზემოდან ქვიშას აყრიან და ბრინჯის თივის თოკისაგან 4,55 მეტრ დიამეტრზე წრიულად შემოსაზღვრავენ. ქვიშა შეჯიბრის დაწყებამდე აუცილებლად სწორდება, რათა ფეხის ანაბეჭდი კარგად გამოჩნდეს. ცენტრში ორი თეთრად გამოყოფილი ხაზია სუმოისტთა საწყისი პოზიციებისთვის. ეს ყველაფერი რელიგიური შინაარსითაა დატვირთული. სინტოიზმში ქვიშა სისუფთავის სიმბოლოა. მარილი, რომელსაც სპორტსმენები თავად ყრიან არენაზე, მიუთითებს, რომ ის ადგილი და თავად სუმიოსტები ბოროტი ძალებისაგან იწმინდებიან. შეჯიბრის დაწყებამდე პირში აუცილებლად ივლებენ წყალს და ქაღალდის ხელსახოცით ტანს იშრობენ. დარბაზში დაკიდებულ იმპროვიზირებულ ჭერში ოთხივე მხარეს წელიწადის
დროების აღმნიშვნელი ფუნჯები ჰკიდია: მწვანე გაზაფხულია, წითელი – ზაფხული, თეთრი – შემოდგომა, შავი – ზამთარი. კატეგორიულად იკრძალება დოჰიოზე ქალის ასვლა. თუ ეს მოხდა, იმ ადგილას პროფესიული შეჯიბრება აღარასოდეს ჩატარდება.

სუპერტურნირი იწყება აღლუმით, რომელსაც წინ ტიტულოვანი სუმიოსტი (არაა აუცილებელი აქტიურ სპორტში იყოს) მიუძღვის. შემდეგ მოდიან მსაჯები – ოთხივე კუთხის და მთავარი (აუცილებლად მარაოთი). მათ უკან დიდი ხმლით ხელში ორი იმდღევანდელი მეტოქე მოსდევთ. იწყება ე.წ. განწმენდის ცერემონია – სუმიოსტი აიღებს მარილს, ტანზე მიიყრის, მერე დოჰიოზე დაყრის, ტაშს შემოჰკრავს, ფეხს ძირს დაჰკრავს და ჩაიმუხლება. ამ მდგომარეობაში მყოფებმა ხელი იატაკს ერთდროულად უნდა დაარტყან. სინქრონის დარღვევას ამცდენის 500-დან 1000 დოლარამდე დაჯარიმება მოჰყვება. ჩაცუცქულებს შორის თვალებით ფსიქოლოგიური ბრძოლა გრძელდება, რის შემდეგ ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად კიდევ 4 წუთი ეძლევათ.

ორთაბრძოლაში დამარცხებულია ის, ვინც დოჰიოს წრეს იქით სხეულის ნებისმიერი ნაწილით პირველი შეეხება – ეს იქნება თმა, ხელის თითი თუ სხვა. წაგებულია ისიც, ვინც დოჰიოს იქით ტერფის ანაბეჭდს . ასევე წაგებულია ვინც დოჰიოს წრეში ფეხის ტერფის გარდა სხეულის ნებისმიერი ნაწილით პირველი შეეხება ქვიშას.

ჩაცმულობას რაც შეეხება, სუმიოსტები ბორდოიასამნისფერი კიმონოებით დადიან. თმა აუცილებლად გრძელია და ერთიან კონად იკვრება, რაც დაცემის შემთხვევაში თავის დარტყმისას თავდასაცავად მოიგონეს. შეჯიბრის დროს მათი ერთადერთი სამოსი ქამრის სახით წელზე შემოხვეული 9 მეტრი სიგრძისა და 80 სმ სიგანის მქონე ქსოვილის ნაჭერია – მავაში. ორთაბრძოლისას მავაშის მოძრობა ან ჩამოვარდნა აკრძალულია. თუ ეს მოხდა, დამნაშავე სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

იაპონიაში სუმოს უამრავი სკოლა არსებობს. იქ მიღება 18 წლამდეა. აუცილებელია, წონა 70 კგ-ზე და სიმაღლე 1,7 მეტრზე ნაკლები არ იყოს. ცხოვრების წესი მოწაფეების მიმართ ბევრად უფრო მომთხოვნია. ისინი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობენ სეკიტორის წოდების მოსაპოვებლად. დაბალი რანგის სპორტსმენები დილის 4-5 საათზე იღვიძებენ, მავაშით იმოსებიან და დაახლოებით 5 საათი ვარჯიშობენ. ისინი ვალდებულნი არიან მაღალი კლასის სუმოისტებს მოემსახურონ, რომელთაც გვიან გაღვიძების უფლება აქვთ. შუადღისას, კეიკოს (ვარჯიში) შემდეგ სპორტსმენები ჩადიან ძალიან ცხელ აბაზანაში (აბანოში). ამის შემდეგ აქვთ სადილი მეტად კალორიული და ცილოვანი საკვებით. სპეციალურ წვნიან ჩანკო-ნაბეს გარნირს, მწნილსა და რამდენიმე თეფშ ბრინჯს აყოლებენ. ისინი თავს არც რამდენიმე კათხა ლუდისგან იკავებენ. სადილის შემდეგ 3 საათი სძინავთ, მერე ისევ ვარჯიშობენ და საღამოს აქვთ ვახშამი, რომელზეც დაღლილი სუმოისტები სვამენ საკმაოდ ბევრ ალკოჰოლურ სასმელს – საკეს (ბრინჯის არაყი) ან ლუდს.

მხოლოდ ელიტაში მყოფ სუმოისტს აქვს ცოლის მოყვანის უფლება. დაქორწინების შემდეგ სპორტსმენი კლუბში აღარ ცხოვრობს, მაგრამ ახლოსვე სახლდება, რათა ვარჯიშებზე არ დაიგვიანოს. ტრადიციის მიხედვით, მას სუმოს ტურნირებზე მეუღლის წაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, ცოლს მხოლოდ ტელევიზორით შეუძლია ქმრის ასპარეზობისთვის თვალის დევნება.

1985 წლიდან, ყველა რანგის პროფესიონალ სუმოისტს ეკრძალება ავტომობილის მართვა. ამ წლის მაისში ავტოკატასტროფაში მოხვდა და მიღებული ტრავმების გამო არაერთი ტურნირის გამოტოვება მოუწია სეკიტორ მიტიოძუმის. ამ აკრძალვის უგულველმყოფელს სასჯელი ემუქრება. არის თვალსაჩინო მაგალითებიც. 2007 წელს, საჭესთან მყოფი მონღოლური წარმოშობის იაპონელი კიოკუტენჰო მასარუ ბაშოს ერთი სუპერტურნირის გამოტოვებით დაისაჯა, ხოლო ეგვიპტელი ოსუნაარასი კინტარო საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე ჯდომის გამო, სულაც „პენსიაზე გაუშვეს“. მას ავტომობილის უნებართვოდ ტარებისა და საგზაო შემთხვევის პროვოცირების გამო, წლევანდელი იანვრის ბაშო გამოატოვებინეს, ხოლო მარტში სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ 26 წლის ათლეტს პროფესიული სუმოსთვის თავის დანებება „გამოუწერა“. ამ დანაშაულისთვის ოსუნაარასი ადგილობრივმა სასამართლომაც დასაჯა და ნახევარი მილიონი იენის (დაახლოებით 4500 აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა.

პროფესიონალები და მოყვარულები - ცა და დედამიწა

სუმოში ორი მიმართულებაა: პროფესიონალური და სამოყვარულო. პირველი (ოძუმო) მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანაში არსებობს და მას სრულიად იაპონიის სუმოს ასოციაცია (JSA) მართავს. ეს ორგანიზაცია ათასამდე ადამიანს აერთიანებს, რომელთაგან დაახლოებით 800 სუმოისტია, დანარჩენები კი ოიაკატები (მწვრთნელები), გიოძები (მსაჯები), იობიდასები (დამხმარე მსაჯები) და ტოკოიამები (პარიკმახერები, რომლებიც სუმოისტთა ვარცხნილობაზე ზრუნავენ).

1958 წლიდან JSA ექვს სუპერტურნირს – ბაშოს ატარებს: იანვარში, მაისსა და სექტემბერში მასპინძელი ტოკიო გახლავთ, მარტში ოსაკა, ივლისში ნაგოია, ხოლო ნოემბერში ფუკუოკა. სუმოისტი, რომელსაც ბაშოზე მონაწილეობა სურს 46 (2018 წლის აპრილის მდგომარეობით) ლიცენზირებული კლუბიდან (ჰეია) ერთ-ერთის წევრი უნდა იყოს.

ორგანიზაციული პირამიდის მწვერვალზეა მაკუუჩი დივიზიონი, სადაც უმაღლესი 5 კატეგორიის სპორტსმენები გამოდიან: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი და მაეგაშირა. ცდილობენ მაკუუჩიში მოასპარეზეთა რიცხვი მუდმივად 36 იყოს. რანგით შემდგომ ლიგა ძურიოში 26 სპორტსმენი ასპარეზობს. ბაშოს განმავლობაში ამ ორი დივიზიონის თითო სუმოისტი 15 ორთაბრძოლას მართავს, ქვედა ოთხში (მაკუშიტა, სანდანმე, ძიონიდანი, ძიონოკუჩი) კი შვიდს.

პროფესიონალური სუმო ერთობ შემოსავლიანია, თუმცა ერთგვარი რანგირება აქაცაა. ყოველთვიური გარანტირებული გასამრჯელო მხოლოდ მაკუუჩი და ძურიო დივიზიონებში მოასპარეზეთ აქვთ. იოკოძუნა თვეში 2,82 მილიონ იენს (დაახლოებით 25 ათასი დოლარი), ოძეკი – 2,35 მილიონ იენს (21 ათასი დოლარი), სეკივაკე – 1,64 მილიონ იენს (14,6 ათასი დოლარი), კომუსუბი – 1,29 მილიონ იენს  (11,5 ათასი დოლარი), მაეგაშირა – 1,16 მილიონ იენს (10,4 ათასი დოლარი), ხოლო ძურიოს დივიზიონში გამომავალი სპორტსმენი 1,1 მილიონ იენს (9,8 ათასი დოლარი) იღებს.

ქვედა ოთხ პროფესიულ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტი თვიურ ჯამაგირს არა, მაგრამ ბაშოში მონაწილეობისთვის გარკვეულ თანხას მაინც იღებს: მაკუშიტაში – 200 ათასი იენი, სანდანმეში – 150 ათასი იენი, ძიონიდანში – 100 ათასი იენი, ძიონოკუჩიში – 80 ათასი იენი.

პრესტიჟულის გარდა ფინანსურად მომგებიანიცაა პროფესიულ დივიზიონებში ბაშოს ტურნირის მოგება: მაკუუჩის გამარჯვებული 10 მილიონ იენს (დაახლოებით 90 ათასი დოლარი) მიითვლის, ძურიოს – 2 მილიონ იენს, მაკუშიტას – 500 ათას იენს, სანდანმეს – 300 ათას იენს, ძიონიდანის – 200 ათას იენს, ძიონოკუჩის – 100 ათას იენს.

დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვებულის გამოცხადებისას, გიოძი მას მარაოთი შესრულებული პროცედურის შემდეგ კონვერტებს გადასცემს. მათში ე.წ. კესიო – სპონსორთა მიერ დაწესებული თანხა დევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სპონსორები ყველაფერს არ აფინანსებენ და მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის სუმოისტების ორთაბრძოლებზე „გამოდიან ფსონებს“.

ნამდვილ ფსონებს რაც შეეხება, იაპონიაში სუმოზე მათი მიღება სასტიკად აკრძალულია. თუ როგორ ებრძვიან სპორტული პრინციპის დარღვევას პროფესიონალურ სუმოში, 2011 წელს მომხდარი სკანდალიდანაც კარგად ჩანს. პოლიციის მიერ ზოგიერთი სუმოისტის სატელეფონო სმს-ების (სულ სხვა მიზეზის გამო) ტექსტის შესწავლისას, არაორაზროვანი შინაარსის ჩანაწერები აღმოაჩინეს, სადაც სოლიდური თანხების საფასურად დოჰიოზე გასამართ გარიგებულ ორთაბრძოლებზე იყო მინიშნებები. JSA-ს რეაქციამ არ დააყოვნა – სასწრაფოდ გაუქმდა მარტის ბაშო და იმ წელს გასამართი ყველა საჩვენებელი ტურნირი.

სამოყვარულო სუმოს რაც შეეხება, მის საკურატოროდ შტაბ-ბინით ტოკიოში მდებარე სუმოს საერთაშორისო ფედერაციაა (ISF) შექმნილი. მასში 1992 წლიდან 87 ქვეყანაა გაწევრებული. ამავე წლიდან ტარდება მოყვარულ მამაკაცთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატები, რომელთაც თავდაპირველად (საწყის 7) მხოლოდ იაპონია მასპინძლობდა. წლეულს მოყვარულთა მსოფლიო პირველობა ჩინეთის ტაიპეიში შედგა, მანამდე მონღოლეთში, ტაივანში, ჩინეთში, ესტონეთში, ბრაზილიაში, ტაილანდში, ორ-ორჯერ გერმანიასა და პოლონეთში. სხვათა შორის, პოლონეთში მდებარეობს სუმოს ევროპის ფედერაცია, რომელშიც 32 ქვეყანაა გაერთიანებული. რაც შეეხება ქალებს, ისინი 2001 წლიდან არკვევენ პლანეტის საუკეთესო სუმოისტის ვინაობას.

მოყვარულთა შორის ძალების განაწილებაზე, ნათელ სურათს გუნდურ ჩათვლებში ქვეყნების მიერ დაკავებული საპრიზო ადგილები შეგიქმნით. მამაკაცებმა დღემდე 22 მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზეს, რომლებშიც 16‑ჯერ იაპონიის ნაკრებმა იმარჯვა, 5-ჯერ რუსეთმა, ხოლო ერთხელ გერმანიამ. ქალთა 13 ჩემპიონატზე რუსეთმა 8-ჯერ მოიგო გუნდური ჩათვლა, 2-2-ჯერ იაპონიამ და გერმანიამ, ერთხელ კი უკრაინამ.

ქართველებს მხოლოდ 2015 და 2016 წლებში ჰქონდათ ამ რანგის გათამაშებაზე მეტ-ნაკლები წარმატება. პირველად, ორმა ჩვენებურმა ათლეტმა ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლები მოიგო – გიორგი მეშვილდიშვილმა საშუალო (115 კგ-მდე), ხოლო ავთანდილ ცერცვაძემ მძიმე (+115 კგ) წონაში დაიკავეს კვარცხლბეკის მე-3 საფეხური. 2016-ში მეშვილდიშვილი ისევ ბრინჯაოს დაეუფლა.

პირველი ქართველი ჩემპიონი

პროფესიულ სუმოში საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან პირველი სეკიტორი სოხუმელი ლევან ცაგურია იყო. მისი შიკონა (საბრძოლო სახელი) კოკაი გახლდათ, რაც ქართულად „შავ ზღვას“ ნიშნავს. იგი სუმოს ელიტაში აღმასვლას ძიონოკუჩის დივიზიონში 2001 წლის ივლისიდან შეუდგა. მაკუუჩის კარი 2004-ში შეაღო, სადაც მის მაქსიმალურ წოდებას – კომუსუბი, ორ წელიწადში მიაღწია. მის აქტივში ორი კინბოში (მაეგაშირას მიერ იოკოძუნას დამარცხება) იყო – ცაგურიას მსხვერპლი ორივეჯერ მონღოლი ასაშორიუ გახლდათ. კოკაიმ სუმოისტის კარიერა 2012 წელს დაასრულა.

მეორე ქართველი, ვინც ძიონოკუჩიდან დაიწყო (2006 წლის იანვარი) პროფესიულ სუმოში გამოსვლა, თეიმურაზ ჯუღელი – იგივე გაგამარუა (თუმცა, მაკუუჩი დივიზიონში შესვლა მას ტოჩინოშინმა დაასწრო). მისი მაქსიმალური წოდება კომუსუბია (2012 წლის მარტი). დღემდე მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი კინბოშია – მან მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუძი დოჰიოდან გადააგდო. ჯუღელის შიკონა მისი ბავშვობის მეტსახელიდან მოდის. კლუბის ოიაკატამ „გაგა“-ს „მარუ“ დაამატა და ყველას ხუმრობით ეუბნებოდა – ლედი გაგას საპატივცემულოდ დავარქვითო. 31 წლის ათლეტი, წლევანდელი სექტემბრის ბაშოზე ძურიოს დივიზიონში გამოდიოდა, მაგრამ ზედიზედ მესამედ ნაჩვენები უარყოფითი ბალანსის გამო მაკუშიტაში დაქვეითდა.

ყველაზე სახელიანი ქართველი, ვისი დამსახურებაცაა ქვეყანაში სუმოსადმი უდიდესი ინტერესი, 31 წლის ლევან გორგაძეა. მისი შიკონა სრულად ასე გამოითქმის: ტოჩინოშინ ცუიოში. ტოჩიგი მისი კლუბის პრეზიდენტის მშობლიური მხარეა. „შინ“ იაპონურად გულს, ხოლო „ცუიოში“ ძლიერს ნიშნავს. ქართულად ყველაფერი ერთად ასე ჟღერს:ტოჩიგის ძლიერი გული.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლის მაისიდანაა, მაკუუჩის კი, საკმაოდ მალე, ზუსტად ორ წელიწადში მიაღწია. იგი მიმდინარე წლის იანვარში, „იმპერატორის თასის“ გათამაშების პირველი ქართველი და მესამე ევ როპელი გამარჯვებული გახდა. ევროპიდან ბაშო პირველად ბულგარელმა კალოიან მახლანოვმა (კოტოოსიუ) 2008 წლის მაისში მოიგო. მეორე ევროპელი იმპერატორი ესტონელი კაიდო ჰიოველსონი (ბარუტო, ბალტი) იყო, რომელმაც უძლიერესის ტიტული 2012 წლის იანვარში დაისაკუთრა.

საინტერესოა პირველი ქართველი იმპერატორის ნადავლი, რომელიც მან იანვრის ბაშოს მოგებისთვის მიიღო. ჩემპიონობისთვის განკუთვნილ 10 მილიონ იენს ორგანიზატორებმა ლევანს 2 სპეციალური პრიზისთვის (შუკუნ- შიო – ლამაზი მოგებებისთვის, გინო-შიო – ტექნიკური სრულყოფილებისთვის) განკუთვნილი 2-2 მილიონი იენიც დაუმატეს. გორგაძემ საჩუქრად მსუბუქი ავტომობილი და მაჯის საათი მიიღო. მოქმედ სუმოისტს მანქანის ტარების უფლება რომ არ აქვს, ვიცით – მას კლუბის მიერ გამოყოფილი პირადი მძღოლი ემსახურება.

ახლა ყველაზე საინტერესო – ტოჩინოშინმა JSA-სგან ერთი წლის საყოფი ბრინჯი, 1 ტონა ხილ-ბოსტნეული, 100 ათასი ქლიავის ჩირი, 1 ტონა ხორცი, ათასი ცალი შიიტაკის სოკო მიითვალა. სუმოს მამებს არც სასმელი დავიწყებიათ: წლის მარაგი ლუდი, კოკა-კოლა და რძე ქართველ სეკიტორს გარანტირებული აქვს.

ბაშოს მოგებისთანავე გორგაძემ რანგი აიმაღლა – №3 მაეგაშირა უმალ სეკივაკე გახდა. იგი არც ამ მიღწევას დასჯერდა და მარტისა და მაისის ტურნირებზე, შესაბამისად 10-5 და 13-2 ბალანსის ჩვენების შემდეგ (თან მაისში 40-გზის ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა), ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდება მიანიჭა.

ოძეკი სუმოს იერარქიაში მეორე საფეხურია. მწვერვალამდე ერთი, მაგრამ ძალიან რთულად გადასადგმელი ნაბიჯია დარჩენილი. იოკოძუნად გახდომას ზედიზედ 2 ბაშოს მოგება სჭირდება. შეიძლება ერთი ტურნირის მოგებითაც დაგაწინაურონ, მაგრამ საამისოდ, ბოლო სამ ბაშოზე 35-ზე მეტი ორთაბრძოლა უნდა გქონდეს მოგებული. ცნობისთვის, იოკოძუნადან დაქვეითება აღარ ხდება – თუ ზედიზედ 2 ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა სეკიტორმა, მან თავად უნდა გამოაცხადოს კარიერის დასრულების შესახებ. და ერთიც, ტრავმის გამო მიჯრით 3 ბაშოს გამოტოვების შემთხვევაშიც, სუმოისტი უნდა „გადადგეს“.

ძალთა რეალური თანაფარდობიდან და იქიდან გამომდინარეც, რომ ტოჩინოშინი კარგა ხანი მუხლმტკივანი ასპარეზობს (ამის გამო მან ივლისის ბაშოზე გამოსვლა ვადაზე ადრე შეწყვიტა), ოძეკობის შენარჩუნების გზებზეც ვთქვათ. თუ ოძეკის რანგში მოასპარეზე სუმოისტმა ზედიზედ ორჯერ უარყოფითი ბალანსით (მაკეკოში) დაასრულა ტურნირი, მას სეკივაკემდე დააქვეითებენ, თუმცა, სწრაფადვე შეუძლია ზედა საფეხურზე დაბრუნება. საამისოდ სეკიტორმა მომდევნო ბაშოზე 10 ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა