ამერიკულმა Forbes-მა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჟურნალში გამოქვეყნებული რიგით 33-ე რეიტინგით ვგებულობთ, რომ პლანეტაზე 2153 მილიარდერია, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, 21 წლის ამერიკელი სუპერმოდელი კაილი ჯენერია (Kylie Jenner) (1 მლრდ დოლარი), ხოლო უხუცესი – 100 წლის სინგაპურელი ბიზნესმენი ჩან იუნ ჩუნი (Chang Yun Chung) (2.1 მლრდ დოლარი) გახლავთ. 2018 წლის მონაცემებით შედგენილ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ერთადერთი ქართველია. 365-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის აქტივში, რეიტინგის შედგენის მომენტში (2019 წლის 5 მარტი) 4.9 მილიარდი დოლარი იყო.
წლეულს, ბოლო ათწლეულში მეორედ დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით მილიარდერთა ოდენობის კლება (55-ით). ამას გარდა, 994 მილიარდერის (46%) შემოსავალი 2017 წლისაზე ნაკლებია. სულ, რეიტინგში შესული ადამიანების ჯამური კაპიტალი 8.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 400 მილიარდით ნაკლებია.
პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა ტოპ-10-ის შემოსავალმა 2018 წლის მონაცემებით 743.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ჯამურ რიცხვს 800 მილიონით ჩამორჩება.
რეიტინგში მსხვილი რეგიონების წარმომადგენლობებს თუ დავთვლით, ყველაზე დიდი რეგრესი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებმა განიცადეს. რაოდენობაში 60%-ანი კლება მეტწილად 49 ჩინელი მილიარდერის სტატუსში დაქვეითებამ გამოიწვია. ქვეყნებიდან რეკორდსმენი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც უმდიდრესთა შორის 607 ადამიანი მოხვდა. მეტიც, ამ ქვეყნიდან საუკეთესო ოცეულში 14 მილიარდერია.
ტოპ-ათეულის შეხსენებამდე კიდევ ერთი "ლირიული" გადახვევა. რეიტინგში 195 დებიუტანტი გახლავთ. მათგან ყველაზე მდიდარია ჩინელი კოლინ ჰუანი (Colin Huang). 13.5 მილიარდი დოლარის „შეკოწიწება“ 39 წლის შანჰაელმა ბიზნესმენმა, საცალო გაყიდვების ქსელის Pinduoduo-ს დაფუძნებითა და მისი აშშ-ის ბაზარზე შეღწევით (შარშან ივლისში) შეძლო.
ზედიზედ მეორე წელი ინარჩუნებს მდიდართა მსოფლიო რეიტინგის ლიდერობას Amazon-ის 54 წლის მფლობელი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos). 2018-ში მისმა შემოსავალმა 19 მილიარდით მოიმატა და სულ 131 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა ჯეფ ბიზოსისგან „შევიწროვებული“, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი (Bill Gates). გეიტსი 96.5 მილიარდი დოლარის პატრონია. ცნობისთვის, Microsoft-ის დამფუძნებელი 21-ე საუკუნის Forbes-ის რეიტინგებში 12-ჯერ პირველობდა.
მესამე ადგილზეა ათეულის უხუცესი წარმომადგენელი, 88 წლის ამერიკელი უორენ ბაფეტი (Warren Buffett). საინვესტიციო სფეროს ბანკირი Berkshire Hathaway-ს მეპატრონეა და მისმა შემოსავალმა 82.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
დაწინაურებულ მდიდართაგან პირველი არაამერიკელია ფრანგი ბერნარ არნო (Bernard Arnault). მისმა კაპიტალმა 76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც Forbes-ის რეიტინგში მეოთხე ადგილის შესაბამისი აღმოჩნდა. არნო პარფიუმერიული და კოსმეტიკური სფეროს 70-ზე მეტ ბრენდს ფლობს. მისმა Louis Vuitton-სა და Sephora-ს ჯგუფმა 2018 წელს რეკორდული გაყიდვების შესახებ განაცხადა, რაც მეტწილად ჩინურ ბაზარზე შეღწევითაა განპირობებული.
მეხუთე ადგილზეა მექსიკელი კარლოს სლიმ ჰელუ (Carlos Slim Helu), რომელიც ამ საუკუნეში ზედიზედ 4-ჯერ (2010-2013) იყო რეიტინგის ლიდერი. ლათინური ამერიკის სატელეფონო კავშირის უმსხვილესი კომპანია America Movil-ის მთავარი აქციონერის ამჟამინდელი კაპიტალი 64 მილიარდი დოლარია.
რეიტინგში მეექვსე ადგილზეა ესპანელი ამანსიო ორტეგა (Amancio Ortega) 62.7 მილიარდი დოლარით. იგი ათეულის მესამე და უკანასკნელი არაამერიკელი წარმომადგენელია. ორტეგამ 1975 წელს მის აწგარდაცვლილ მეუღლე როსალია მერასთან ერთად დააარსა Inditex, რომელიც საცალო ვაჭრობის მოდური ქსელი Zara-თია განთქმული.
მე-7 ადგილზეა 62.5 მილიარდი დოლარის მფლობელი, კომპანია Oracle-ის დამაარსებელი ლარი ელისონი (Larry Ellison). Tesla-ს 3 მილიონი აქციის შეძენით იგი 2018 წლის დეკემბერში ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
ტოპ-10-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრია Facebook-ის მფლობელი მარკ ცუკერბერგი (Mark Zuckerberg). რეიტინგის შედგენისას მისმა წლიურმა ბიუჯეტმა 62.3 მილიარდი შეადგინა, რაც რეიტინგის მერვე ადგილს შეესაბამება.
მე-9 ადგილზეა საფინანსო-ინფორმაციული და მედია-კომპანია Bloomberg LP-ის მეპატრონე მაიკლ ბლუმბერგი (Michael Bloomberg). ნიუ იორკის ყოფილი, რიგით 108-ე მერი ამჟამად 55.5 მილიარდი დოლარის მფლობელია. 77 წლის ბიზნესმენის უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში უპირველესია აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის დამარცხება. მას საამისოდ 500 მილიონი დოლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.
ათეულის ბოლო წევრია კომპანია Google-ის მფლობელი ლარი პეიჯი (Larry Page). მან სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორ სერგეი ბრინთან ერთად კომპანია 1998 წელს დააფუძნა. მათ ერთად გამოიგონეს Google-ის საძიებო სისტემის უზრუნველმყოფელი ალგორითმი. იგი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო 2001 წლამდე. ამ პოსტს 2011 წლიდან დაუბრუნდა და მას შემდეგ ამ პოსტზე უცვლელადაა. პეიჯი, რომლის წლიურმა ბიუჯეტმა რეიტინგის შედგენისას 50.8 მილიარდი შეადგინა, დღეს ფლობს Alphabet-ს (მისი შვილობილი კომპანიაა Google), Calico-ს და ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების მწარმოებელ კომპანია Nest-ს.
ცნობისთვის, მოწინავე ათეულის წევრთაგან ოთხმა, საფინანსო წელი ზარალით დაასრულა. ყველაზე მეტი კლება ჰქონდა მარკ ცუკერბერგს – 8.7 მილიარდი. შემდეგ მოდიან ამანსიო ორტეგა – 7.3 მილიარდი, კარლოს სლიმა ჰელუ – 3.1 მილიარდი და უორენ ბაფეტი – 1.5 მილიარდი.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა