ბაგრატის ტაძრის აღდგენა - ჭიქაში ქარიშხალი თუ მართებული ვნებათაღელვა?
#3(23), 2009
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბაგრატის ტაძარი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ფართო მასების ყურადღების ცენტრში. ვიდრე შორეულ 1003 წელს ნაკურთხი, მეფე ბაგრატ III-ის მიერ აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სამომავლო პერსპექტივას გავეცნობით, კიდევ ერთხელ მოკლედ გაგახსენებთ, ვინ და რატომ ჩააგდო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი შავ დღეში.
ჩვენამდე მოღწეულ, 1651 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში, რუსეთის ელჩი იმერეთის სამეფოში ალექსი იევლიევი წერს: ქუთაისის დიდ ციხე-გალავანში ქვის საკრებულო ტაძარია, ერთგუმბათიანი საუცხოოდ აგებული. გუმბათი დახურულია სპილენძით, თექვსმეტწახნაგად. ესაა ბოლო დოკუმენტი, რომელიც ბაგრატის ტაძრის პირვანდელ ფორმაში ყოფნას ცხადყოფს.
კიდევ ერთ წყაროში ვკითხულობთ, რომ 1692 წელს ბაგრატის ტაძარი შემუსრეს ოსმალებმა. კიდევ უფრო მოგვიანებით კი, პრუსიული წარმოშობის რუსმა სარდალმა გოტლიბ-ჰენრიხ ტოტლებენმა, როცა ის იგივე ოსმალების შემოსევისაგან იცავდა თავს (1770), ტაძრის ტერიტორიაზე შენახული საბრძოლო მარაგისთვის ცეცხლი შეანთებინა და... სწორედ მას შემდეგ არ აქვს ქუთაისის სიონს გუმბათი.
ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სიდიადით აღდგენის მომხრეებს, ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ის გარემოებები მოჰყავთ, როგორ აღმოჩნდა იგი იმ დღეში, როგორშიც XXI საუკუნის დასაწყისშია. როცა უცხოეთში რაიმე ძეგლის დაკონსერვება ხდება (არსებობს ქუთაისის სიონის კონსერვაციის პროექტიც), ეს გადაწყვეტილება იმით "მყარდება", რომ ძეგლი ისეთ დღეში ბუნებრივი პირობების (მიწისძვრა და ა.შ.) გამო აღმოჩნდა, ჩვენს შემთხვევაში კი, ძალადობის ფაქტები ფიქსირდება.
შარშან, აპრილის შემდეგ ტაძარი ხარაჩოებშია და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების შემდეგ დაიწყო ლაბორატორიული შემოწმება. 62-გვერდიან კვლევით დოკუმენტში ვრცლადაა მოცემული იმ ქვების ვარგისიანობა, რომლებიც წლების განმავლობაში ინახება და თავიანთ ჩვეულ ადგილებზე დაბრუნებას ელიან. კვლევითი სამუშაოების დასრულებამ არქიტექტორებს საშუალება მისცა, შეექმნათ აღდგენის პირველი ეტაპის პროექტი.
ნახსენები ეტაპი ითვალისწინებს ტაძრის გამაგრებით სამუშაოებს. ამ ეტაპის პროექტი განიხილა კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივმა კომისიამ, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოების დაწყების შესახებ. გამაგრებითი სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების გამაგრებას, ძველი ქვების გამაგრებას ცემენტის ხსნარით, ხოლო გამოსაცვლელი ქვებისა – რკინა-ბეტონის საშუალებებით გამაგრებით და შემდეგ ქვების გაკვრით (გარეთ და შიგნით).
ამასთან ერთად დაიწყო ტაძრის ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოები. ცნობილია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა, ისედაც მცირე ფუნდამენტი საგრძნობლად შეამცირეს და ბუნებრივია, ტაძრის რესტავრაციის თუ კონსერვაციის პირობებში მას აუცილებლად დასჭირდებოდა გამაგრება.
რადგან დამტკიცებული პროექტით, ტაძარს საბოლოოდ გადახურვა უნდა ჩაუტარდეს, საყრდენად 10 არსებული სვეტის გამოყენებას აპირებენ (მათგან ზოგი სვეტი 7 მეტრზე იყო შემორჩენილი, ზოგი 10-ზე, ზოგი ბოლომდე 20 მეტრზე). ამიტომ დღის წესრიგში, მათი გამაგრების საკითხი დადგა. ამან მოითხოვა სვეტების მოხსნა და ხიმინჯების დაახლოებით 9-11 მეტრზე ქვემოთ, ნიადაგში ჩაღწევა.
აღდგენითი სამუშაოების საბოლოო სახის პროექტი, ასევე გაიტანეს ერთობლივ კომისიაზე და მისაღები აღმოჩნდა როგორც საპატრიარქოს, ისევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის. ეს პროექტი წლეულს სექტემბერში დამზადდა და სწორედ მის გაკეთებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოში იუნესკოს ერთ-ერთი იტალიელი ექსპერტის ჩამოსვლას მოჰყვა ბაგრატის ტაძრის მიმართ ვნებათაღელვის მორიგი ტალღა.
იტალიელის ვიზიტის მიზანი სულაც არ იყო ბაგრატის ტაძრის მონახულება (იუნესკოდან ამ ძეგლის ნახვა 1994 წლის შემდეგ, ერთხელაც არ გახსენებიათ) – იგი ონში მიემგზავრებოდა და ზღვისპირეთიდან ქუთაისზე გამავალი, უქიმერიონის მთაზე გაატარეს. მისი დასკვნა უპირატესად ძეგლის მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოების ორგანიზაციულ საკითხებს (ტერიტორია არ იყო შემოღობილი, როგორც სამშენებლო ობიექტი, მუშებს ერთნაირი ფორმები არ ეცვათ და ა.შ.) ეხებოდა. როგორც ქუთაისის სიონის საქველმოქმედო ფონდში გვითხრეს, ექსპერტმა მისი წინადადებები, რომლებიც ძალიან მალე იქნა გათვალისწინებული მშენებლების მიერ, იუნესკოში გააგზავნა.
საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ ასეთი გაუთავებელი "აურზაურის" გამო, დროებით შეჩერებულიყო ნებისმიერი სამუშაო და კომისია გამოყოფილიყო, რომელშიც შევიდოდნენ წარმომადგენლები იუნესკოდან, საპროექტო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
სპეციალური განხილვა იყო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, სადაც ძირითად საგნად ისევ წამოიწია კითხვამ – ტაძრის კონსერვაცია თუ აღდგენა? არსებობს მინით გადახურვის პროექტიც და პირვანდელი სახით აღდგენის პროექტიც. ახალი, უკვე დამტკიცებული პროექტი ცოტა შესწორებულია იმისა, რაც მთლიან გადახურვას და მხოლოდ მას შემდეგ ბაგრატის ტაძრის მოქმედ ეკლესიად ფორმირებას ითვალისწინებს. ის იქნება მოქმედი კულტურული ძეგლი, რომელიც იუნესკომ, ჯერ კიდევ 1994 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად შეიტანა.
"ვერავითარ ტრაგიზმს ვერ ვხედავ ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით იმაში, რაც ბაგრატზე ხდება. სიიდან ძეგლის ამოღება არც ისე მარტივია. მორიგი კომიტეტის სხდომა 2 წლის შემდეგაა და მანამდე დიდი დროა მომზადებისთვის. მერწმუნეთ, არ ჩათვლის იუნესკო, რომ ის, რაც ბაგრატზე ხდება, ძეგლთა დაცვის უნივერსალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება", – აცხადებს კულტურის სამინისტროსთან არსებული არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელინიკა ვაჩეიშვილი.
საშიშროება იმისა, რომ იუნესკო ბაგრატის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღებს, რამდენიმე ფაქტორის გამო გაჩნდა. ჯერ ერთი, ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გამაგრებით სამუშაოებში არ უნდა იყოს გამოყენებული რკინა-ბეტონი.
მანანა სურამელაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): "რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აღდგენილი ბაგრატი ჩემთვის მიუღებელია. აღდგენა უნდა მოხდეს ტრადიციული მასალით – ქვა და კირის ხსნარი. ამდენი ლითონის კონსტრუქციის ხმარება, კედლების არმირება, საძირკვლის მთლიანად ჩაბეტონება, იმ ისტორიული ნაწილის ხელყოფად მიმაჩნია, რამაც XI საუკუნიდან დღემდე მოაღწია ჩვენამდე".
არადა, როგორც პროექტის არქიტექტორივანო გრემელაშვილი მიიჩნევს, არცერთი რეკომენდაცია თუ კონვენცია რკინა-ბეტონის გამოყენებას არ კრძალავს: "იმდენადაა დაზიანებული ტაძრის საძირკველი და კედლები, არსებული სახით მათი ხელუხლებლად შენარჩუნება შეუძლებელია. მხოლოდ რკინა-ბეტონის სარტყელს შეუძლია დაიცვას გრუნტები და თანაბრად გადაანაწილოს დატვირთვები".
მეორეც, ოპონენტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ "ძალიან ბევრი" ახალი ქვის გამოყენება ხდება გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას. აღნიშნულ პრეტენზიას, ტაძრის აღდგენის მომხრეები ორი განსხვავებული არგუმენტით პასუხობენ. იუნესკომ ძეგლი, XX საუკუნის საწყის წლებთან შედარებით საკმაოდ "განახლებული", თავად შეიტანა "პრესტიჟულ" ძეგლთა სიაში.
"ჰიპოთეზას "ახალ ქვებთან" დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის ქვა, რომელსაც ახლა ვიყე¬ნებთ, მადანში იყო X-XI საუკუნეებშიც და ახლაც იქაა – ესენი ახალი წარმონაქმნები ნამდვილად არაა. დღეს რომ ამოიღებ მიწიდან – ქვა თეთრია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისიც ფერს იცვლის, თუმცა ქვების ასაკი პრაქტიკულად იგივეა. მთავარია, არ იქნეს დარღვეული ისტორიული ძეგლის პირვანდელი სახე. ეს პროექტი კი ამის საშუალებას იძლევა", – ამბობს ქუთაისის სიონის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ქაჯაია.
მისივე თქმით, "ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" ჰგავს დამატებული ქვების რაოდენობაც: "გადახურვის გარეშე, ბაგრატის ტაძრის კედლების შიგა და გარე ფართობი 6800 კვადრატული მეტრია. აქედან გამოცვლა ხდება მხოლოდ 320 კვადრატული მეტრისა. დანარჩენი არის XI საუკუნის და XX საუკუნის. წინა საუკუნეში სერიოზული სამუშაოებია ჩატარებული არქიტექტორ კირთაძის მიერ და თუ დაემატა ქვები, მაშინ დაემატა, მაგრამ იუნესკომ იმ ახალი ქვებით შეიტანა ბაგრატი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში".
კომისია (თავმჯდომარე – ალავერდელი მეუფე დავითი), რომელსაც იუნესკოს იტალიელი ექსპერტის არაოფიციალური რეკომენდაციების შემდეგ შეჩერებული გამაგრებითი სამუშაოების ბედი უნდა გადაეწყვიტა, ოქტომბრის ბოლო დეკადაში შეიკრიბა. მასში იყვნენ საპატრიარქოდან, კულტურის სამინისტროდან, იმერეთის გუბერნატორი და სიონის ფონდის ხელმძღვანელი, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნე ექსპერტები. არ იყო მხოლოდ იუნესკოს წარმომადგენელი, ვინაიდან ამ ეტაპზე ქართულმა მხარემ მისი მოწვევა საჭიროდ არ ჩათვალა (თუმცა, იქ ნებისმიერი კვლევითი, გამაგრებითი თუ კომისიური სამუშაოს შესახებ იციან).
იუნესკოდან ექსპერტებს მომავალი წლის თებერვალში ელოდებიან – ჩამოვლენ, ნახავენ და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა წესით უნდა მოხდეს ბაგრატის აღდგენა. თუმცა, როგორც ჩვენს ჟურნალს ზურაბ ქაჯაიამ შეატყობინა, კომისიის წევრთა უმრავლესობა, ბოლო სხდომაზე ორ საკითხზე პრაქტიკულად შეთანხმდა:
1. გაგრძელდეს დაწყებული გამაგრებითი სამუშაოები და დამთავრდეს 2009 წლის ბოლომდე;
2. ბაგრატის ტაძარი უნდა გადაიხუროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა ოდნავ ბიძგსაც კი ვერ გაუძლოს.
P.S. ქუთაისის სიონის საქველმოქმედო ფონდი 2007 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მომზადდა წერილი ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე და იგი ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ პირადად გადასცა მას. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში (2013 წლამდე), იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბაგრატის ტაძარი პირვანდელი სახით აღდგეს.
ბაგრატის ტაძრის აღდგენის პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდება სიონის ფონდიდან, ნაწილობრივ კი საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან (დაახლოებით 10 მილიონი ლარი). 2009 წელს გასაწევი სამუშაოებისთვის, ამ უკანასკნელიდან 1,6 მილიონი ლარია გამოყოფილი.
სიონის ფონდში უკვე შესულია 150 ათასი ლარი. ამ და სამომავლოდ ჩარიცხული თანხებით, ფონდი ტაძრის მიმდებარე გალავანის და კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენას აპირებს.
სპეციალისტთა ვარაუდებით, ტაძრის სრულად აღსადგენად დღეიდან 4-5 წელი იქნება საჭირო. სამხრეთი ფასადის ამჟამინდელი სიმაღლე, რომელიც უქიმერიონის მთიდან ქუთაისს გადაჰყურებს, 23 მეტრია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწიდან უმაღლეს წერტილამდე (გუმბათის ბოლო ჯვრის გარეშე), ბაგრატის ტაძარი 40 მეტრი სიმაღლისა იქნება.
ფრიდონ კერვალიშვილი
|