ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: იანვარი-2020 - #1(241), 2020
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

სიტუაციური სახელმძღვანელოები (მენუალები) 

- იანვრის თვეში გამოქვეყნდა #11125 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც ეხება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტს. მენუალი დამტკიცებულია 2019 წლის 20 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. 

ფაქტობრივი გარემოებები 

დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა პირმა, სექტემბერში გააფორმა ორი კონტრაქტი სამშენებლო სამუშაოებზე. 

ერთი კონტრაქტი, რომლის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, შესრულდა იმავე თვეში, მეორე – 150 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი შესრულდა დეკემბერში. ამასთან, ამ კონტრაქტის ფარგლებში სექტემბერში წინასწარ აუნაზღაურდა 50 000 ლარი, ხოლო 20 ოქტომბერს _ 60000 ლარი.
 
პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 22 ოქტომბერს და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 15 ნოემბრისთვის დაადეკლარირა 60 000 ლარის ოდენობით. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდში (დეკემბერში) ამ ოპერაციის მიხედვით დაბეგრა 90 000 ლარი. 

შეფასება 

სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს: 

– ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 

– დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. 

სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ, არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიერ დღგ ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა ოქტომბერში. 

შესაბამისად, პირი ვალდებული იყო ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაედეკლარირებინა 60 000 ლარის ოდენობით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკომპენსაციო თანხის (50 000 ლარის) წინასწარი გადახდა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციას და განიხილება დასაბეგრი მიწოდების ნაწილად, დეკემბრის თვეში დაბეგვრას ექვემდებარება 90 000 ლარი (150 000 – 60 000). 

ღონისძიებები 

პირის ქმედება მართლზომიერია და დღგ-ის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- 17 იანვრის ფინანსთა მინისტრის #24 ბრძანების თანახმად გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციიდან ამოღებულია 643 მუხლის, რომელიც ეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრას, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა. 

(შენიშვნა: 

2019 წლის პირველ მაისამდე კალენდარული თვეების (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტები განისაზღვრება 643-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, 2019 წლის აპრილი ჩაითვლება არასრული საანგარიშო წლის (2019 წლის პირველი იანვრიდან - პირველ მაისამდე პერიოდის) ბოლო თვედ. 

დ) მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: 

დ.ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით; 

დ.ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად. 

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168 ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის (`ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება). 

სხვა ცვლილებები 

- 15 იანვრის ფინანსთა მინისტრის #17 ბრძანების თანახმად დამტკიცდა საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქცია. 

მოცემული ინსტრუქცია განკუთვნილია ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად და ფინანსური ანგარიშგება მოსამზადებლად. იგი განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრულ ანგარიშთა გეგმას და მისი გამოყენების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. 

ბრძანება ამოქმედდა 17 იანვარს და მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

- 16 იანვრის ფინანსთა მინისტრის #18 ბრძანების საფუძველზე მკაცრი აღრიცხვის ფორმებს დაემატა სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის დანართი. 

- 16 იანვრის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი #01-8/ნ/#21 ბრძანების თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან თავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული იმ ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება, რომელიც რეგისტრირებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივ რეესტრში. 

- 23 იანვარს მიღებული შემოსავლების სამსახურის უფროსის #1310 ბრძანების საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს“ დაემატა მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც პირის მიერ მომსახურების საფასურის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების მიმღებ პირს ეგზავნება შეტყობინება მომსახურების საფასურის დავალიანების თაობაზე და მიეცემა გონივრული ვადა დავალიანების დასაფარად. თუ არ მოხდა მომსახურების საფასურის დავალიანების გადახდა, საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დავალიანების დაფარვის მიზნით მიმართოს სასამართლოს. 

შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების მიმღებ პირს განესაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის გრაფიკი.
     
     

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 დეკემბრის #1781 ბრძანების საფუძველზე იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმებს, სდპ-ის სტატუსი მიენიჭათ. მოცემული სტატუსი და კანონმდებლობით სდპ-ისთვის დადგენილი მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისა და შემდგომი პერიოდებისთვის. 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის საწარმოები, რომელთაც მიენიჭათ საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი.
     
     

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13 იანვრის #7/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში. 

დაემატა შემდეგ ტერმინთა განმარტებები, რომლებიც განსაზღვრული არიან „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში: 

გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. 

საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე. 

ამ ბრძანების თანახმად კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის განსაზღვრისას, თუკი აღნიშნული ითვალისწინებს ვალდებულებების აქტივებზე მეტობის შეფასებას, ინსტრუმენტი არ იქნება ვალდებულებების ნაწილი, დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმების ფარგლებში. 

ასევე, ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება. ანალოგიური მოცემულობაა მეორად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმების ფარგლებშიც. 

- 23 იანვრის ეროვნული ბანკის #12/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა ამავე პირის 2002 წლის 16 ოქტომბრის #266 ბრძანების არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესში. 

წესს დაემატა მე-19 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გარდაქმნის პროცესს. 

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ _ საკრედიტო კავშირმა, სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საკრედიტო კავშირის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს ლიკვიდატორის საბოლოო ანგარიში. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საკრედიტო კავშირის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს. 

საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და მისი გარდაქმნის საკითხზე თანხმობის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება რეგისტრაციის მიზნით.

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარები გამოაქყვეყნა. ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. 

მოცემული სცენარების მიზანია ფინანსური ინსტიტუტებისთვის ანგარიშგების გამჭვირვალე და თანმიმდევრული წარმოება. 

ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კონკრეტულად კი, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები, ადგილობრივი და გლობალური რისკები. ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან კი ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. 

ამასთან, ხაზი ესმევა იმ ფაქტორს, რომ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რის გამოც არის მნიშვნელოვანი წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება. 

იხილეთ ასევე: 

- 3.01.2020-ის ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება #1/#1-1/1, „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის #224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 14.01.2020-ის მთავრობის #24 დადგენილება, `თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის #131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 14.01.2020-ის მთავრობის #25 დადგენილება, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. 

- 30.01.2020-ის მთავრობის #65 დადგენილება, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 31.01.2020-ის მთავრობის #67 დადგენილება, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31, 599-11-10- 01, 593-32-27-05). 

მარიამ აფრასიძე