ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
არაპროფესიონალიზმი ქართულ მედიაში
#1(17), 2008
გაზეთებმა "24 საათმა" და "ახალმა კომერსანტმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს

კოლეგების კრიტიკა სასურველი საქმე არ არის, მაგრამ ხანდახან, როგორც იტყვიან, მეტი გზა არ არის. დღეს-დღეობით, ქართული ბეჭდვითი მედიის ავტორიტეტი მაინცდამაინც მაღალი არ არის, რაც სამწუხაროა. მდგომარეობის გამოსწორებას ქართველი ჟურნალისტები პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის ამაღლებით უნდა ცდილობდნენ. ამის სანაცვლოდ, ორი ეკონომიკური გაზეთი (ერთი - ავტორიტეტული "24 საათი" და მეორე - ახლადდაარსებული "ახალი კომერსანტი") ისეთ გადაუმოწმებელ და არაკომპეტენტურ, ანდა სულაც მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ქართული მედიის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს. კრიტიკის მიზანი სწორედ ისაა, რომ კოლეგები მეტი ყურადღებით მოეკიდონ იმას, რასაც წერენ, რადგან ცალკეული გაზეთების რეპუტაციის შელახვა საბოლოო ჯამში მთელი ქართული ბეჭდვითი მედიის ავტორიტეტზე უარყოფითად მოქმედებს.

ღვინის ბაზრის შეფასების წარუმატებელი მცდელობა

გაზეთებმა "ახალმა კომერსანტმა" და "24 საათმა" საქართველოს ღვინის ბაზრის მიმოხილვა თითქმის ერთდროულად სცადეს: ჯერ გაზეთმა "ახალმა კომერსანტმა" 2008 წ. აპრილში #12(20) გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით "ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები - 2007 წლის გაყიდვების მაჩვენებლები" (ავტორი მითითებული არ არის; გაზეთის რედაქტორია მანანა მაზიაშვილი), ხოლო თითქმის იმავე პერიოდში, 18 აპრილს გაზეთ "24 საათში" ("ბიზნესის" განყოფილებაში) გამოქვეყნდა სალომე ძაძამიას სტატია "ქართული ღვინო რუსეთის ბაზრის მოლოდინში". თუ რამდენად სანდოა ამ სტატიებში მითითებული ინფორმაცია, ამას მკითხველი თავადვე შეაფასებს.

დავიწყოთ გაზეთ "ახალი კომერსანტის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით (ციტატები ქვემოთ მოყვანილია სიტყვა-სიტყვით):

"2007 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 40 ქვეყანაში განხორციელდა და ამ მაჩვენებელმა 11 108 157 მლნ. ბოთლი შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვები საერთო მაჩვენებლის, დაახლოებით, 20%-ია".

ამგვარად, თუ ამ ინფორმაციას დავუჯერებთ, საქართველოდან მხოლოდ 2007 წელს 11 108 157 000 000 000 (თერთმეტი კვადრალიონ ასრვა ტრილიონ ასორმოცდაჩვიდმეტი მილიარდი) ღვინის ბოთლის ექსპორტი მომხდარა!

რაიმე კომენტარი აქ, უბრალოდ, ზედმეტია.

ცხადია, გაზეთს აქ მექანიკური შეცდომა გაეპარა და 11 108 157 მლნ. ბოთლი კი არა, 11 108 157 ბოთლი უნდა ეწეროს. მხოლოდ ეს შეცდომა რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მკითხველის ყურადღებას ამაზე არ გავამახვილებდით, მაგრამ ვნახოთ, რა რეიტინგი გამოაქვეყნა გაზეთმა ამავე საგაზეთო მასალის ფარგლებში:

"რეიტინგი შედგენილია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე:

1. "ბაგრატიონი-1882" - 1 800 000 ბოთლი (30% ექსპორტი);

2. "თელიანი ველი" - 1 500 000 ბოთლი (80% ექსპორტი);

3. "GWS" - 1 200 000 ბოთლი (75% ექსპორტი);

4. "თელავის ღვინის მარანი" - 1 100 000 ბოთლი (80% ექსპორტი);

5. "თბილღვინო" - 1 000 000 ბოთლი (85% ექსპორტი);

6. "ასკანელი ძმები" - 1 000 000 ბოთლი (98% ექსპორტი);

7. "ტარო ვაინი" - 550 000 ბოთლი (70% ექსპორტი);

8. "ბადაგონი" - 500 000 ბოთლი (60% ექსპორტი);

9. "თბილისის მარანი" - 220 000 ბოთლი (90% ექსპორტი);

10. "შუმი" - 100 000 ბოთლი (80% ექსპორტი)".

ჩვენ დავინტერესდით წარმოდგენილი რიცხვების მართებულობაში და ინფორმაცია გადავამოწმეთ ამ რეიტინგში შემავალი პირველი ხუთეულიდან სამ კომპანიაში - "ბაგრატიონი-1882"-ში, "GWS"-ში და "თბილღვინოში". არც ერთ ამ სამ შემთხვევაში "ახალი კომერსანტის" ინფორმაცია ზუსტი არ აღმოჩნდა - სხვაობები მერყეობს 161 000-დან 294 000 ბოთლამდე. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, ის 2007 წელს "ბაგრატიონი-1882"-ში 10%-ს (და არა 30%-ს) შეადგენდა, "GWS"-ში კი - 95%-ს (და არა 75%)-ს.

რაც საინტერესოა, სამივე კომპანიის საფინანსო განყოფილება (სწორედ მათ გააჩნიათ ზუსტი, უტყუარი მონაცემები) უარყოფს ამ ინფორმაციის მიწოდების ფაქტს "ახალი კომერსანტისათვის". არადა, გაზეთი აღნიშნავს: რეიტინგი შედგენილია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზეო (?!). გაზეთი ან, უბრალოდ, ჰაერიდან მოტანილ რიცხვებს აქვეყნებს, ანდა მას ინფორმაციას საქმეში ჩაუხედავი ადამიანები აწვდიდნენ. სხვა კომპანიებში ინფორმაცია არ გადაგვიმოწმებია - სარეიტინგო რიცხვების "სანდოობისთვის" ეს სამი მაგალითიც საკმარისია.

ასეა თუ ისე, გაზეთ "ახალი კომერსანტის" რეიტინგის პირველი ხუთეული მეტ-ნაკლებად მაინც სარწმუნოდ გამოიყურება - ხუთივე კომპანიის სალიდერო პოზიციები მათი წარმოების მასშტაბებისა და საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო, მაგრამ მოდი ვნახოთ, რას წერს გაზეთ "24 საათის" 2008 წლის 18 აპრილის ნომერში სალომე ძაძამია:

"სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო იწარმოება. შესაბამისად, არჩევანი და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის კონკურენცია დიდია. ამჟამად ღვინის ბაზრის 50% კომპანია "თელიანი ველს" უჭირავს, 22% - "ბადაგონს", 20% - "შუმს", დანარჩენი მაჩვენებლები კი სხვა კომპანიებზეა გადანაწილებული". (?!)

ქ-ნო სალომე! თუ კი ღვინის ბაზრის 92% (50%+22%+20%) "თელიანი ველს", "ბადაგონს" და "შუმს" უჭირავს, ხოლო "სხვა კომპანიებს" - "ბაგრატიონი-1882"-ს, "GWS"-ს, "თელავის ღვინის მარანს", "თბილღვინოს", "ასკანელ ძმებს", "ტარო ვაინს", "თბილისის მარანს", "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას", "ვაზიანს", "ქინძმარაულს", "ალავერდს" და ა.შ. და ა.შ. მხოლოდ ბაზრის 8%-ღა დარჩენიათ, მაშინ "ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის დიდი კონკურენცია" აღარ ყოფილა - ბაზარი სამად-სამ ღვინის კომპანიას ჩაუგდია ხელში და ეგაა!

თქვენ რომ "სხვა დანარჩენში" მოიხსენიებთ, ის კომპანიები, ყველაზე მინიმალური გათვლებითაც კი, ჯამში 4 მილიონ ბოთლს მაინც ყიდიან. სინამდვილეში მათი ჯამური გაყიდვები მნიშვნელოვნად უფრო მეტია, მაგრამ 4 მილიონიც რომ იყოს, თუ კი ეს ბაზრის მხოლოდ 8%-ია, მაშინ თქვენი არითმეტიკით ღვინის ბაზრის საერთო მოცულობა 50 მილიონი ბოთლი ყოფილა! ნეტა ასე იყოს, მაგრამ ეს სინამდვილეს 4-ჯერ აღემატება (ამის გადამოწმება, თუ სურვილი გექნებათ, "სამტრესტში" ან სტატისტიკის დეპარტამენტში შეგიძლიათ).

თუ თქვენ ღვინის ბაზარში მხოლოდ საქართველოს ბაზარს გულისხმობთ, კიდევ უფრო დიდ უაზრობას მივიღებთ: ვინაიდან მარტო "ბაგრატიონი-1882" საქართველოში 1,5 მილიონზე მეტ ბოთლს ყიდის, ყველა "სხვა დანარჩენიც" რომ გამოვრიცხოთ, მივიღებთ, რომ "თელიანი ველი", "ბადაგონი" და "შუმი" ერთად მხოლოდ საქართველოში 19 მილიონ ბოთლს ყიდიან! და ეს მაშინ, როდესაც თქვენივე სტატიაში "ბადაგონის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი წლიური წარმადობა 2,5 მლნ ბოთლია, რომლიდანაც 92% ექსპორტზე იგზავნებაო, "შუმის" წარმომადგენელი კი ამბობს, ჩვენი ქარხანა თვეში 6500 ბოთლ ღვინოს აწარმოებსო (რაც წელიწადში მხოლოდ 78000 ბოთლ ღვინოს შეადგენს).

ორი აზრი არ არსებობს: ქ-ნმა სალომემ ან არითმეტიკა არ იცის, ან ჟურნალისტიკა (ან ორივე); ხოლო თუ მან ერთიც იცის და მეორეც, მაშინ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ მისი სტატია ვიღაცის საამებლად ყოფილა დაწერილი.

თუ რამდენია "თელიანი ველის", "ბადაგონის" და "შუმის" წილები ღვინის ბაზარზე გაზეთ "ახალი კომერსანტის" მონაცემებით, ამის დათვლა და მათი შედარება "24 საათის" ჟურნალისტის "მონაცემებთან" მკითხველისთვის მიგვინდია.

ერთი რამ კი ცალსახაა: ამ ორი პატივსაცემი გაზეთიდან ერთ-ერთი მაინც სრულიად არასანდო, გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ, სავარაუდოდ, ორივეს ინფორმაცია მცდარია.

გიორგი გვაზავა