ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
დემოკრატიის ქართული მოდელის ძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე
#1(17), 2008
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921 წ.წ.), მიუხედავად თავისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრისა და, მასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ხელისუფლების სათავეში სოციალ-დემოკრატია მოვიდა. ამიტომ საქართველოს იმდროინდელი ლიდერები თავს მოვალედ მიიჩნევდნენ, ეპოვათ "მესამე გზა" - როგორც თვითონ ამბობდნენ, დასავლეთის "ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ შეზღუდულობასა" და საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურ ექსპერიმენტს შორის. ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც ბოლშევიზმის თეორიასა და პრაქტიკას ემიჯნებოდნენ, ნაადრევად და შეუძლებლად მიაჩნდათ სოციალისტური გარდაქმნების განხორციელება საქართველოში. საქართველოს კონკრეტულ პირობებში უმთავრეს ამოცანად დემოკრატიული საზოგადოების შექმნა იყო მიჩნეული. ხელისუფლების სათავეში კი სოციალ-დემოკრატიის ყოფნის გამო, სახელმწიფოს შესაძლებლის მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა მშრომელთა ინტერესების დასაცავად.

დამოუკიდებლობის კონცეფცია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ემყარებოდა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს, რომელშიც განსაზღვრული იყო სახელმწიფოებრივი მოწყობის და ქვეყნის პოლიტიკის ამოსავალი პრინციპები: სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი; დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა; ნეიტრალიტეტი; კეთილგანწყობა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მეზობლებთან; სრული სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება; ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი განვითარება.

დამოუკიდებლობის ისტორიულ-სამართლებრივ, კულტურულ-პოლიტიკურ და დემოკრატიულ-რევოლუციურ დასაბუთებასთან ერთად, არსებითად ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობის კონცეფცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ უმთავრეს დებულებებს:

- საქართველოს დამოუკიდებლობის დამკვიდრება შეესაბამება მსოფლიოს განვითარების ტენდენციას, რომელიც განაპირობებს იმპერიების დაშლას და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნას;

- ეროვნული სახელმწიფო ერის ჯანსაღი განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია;

- დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა კი არ ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით - საფუძველს ქმნის დემოკრატიისა და სოციალიზმისაკენ წინსვლისთვის. ეს უკანასკნელი დებულება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იმ დროს გავლენიანი სოციალისტური პარტიებისთვის, პირველ რიგში კი მმართველი სოციალ-დემოკრატიისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის კონცეფცია მიმართული იყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ადრე არსებული ეროვნული ნიჰილიზმის წინააღმდეგ. ამავე დროს, მას ხელი უნდა შეეწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებისთვის.

საქართველოს დემოკრატიული არჩევანი

დამოუკიდებლობის დასაბუთებას ორგანულად უკავშირდებოდა და ემყარებოდა 1921 წლის კონსტიტუციის პოლიტიკური კონცეფციის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტები:

- ორიენტაცია დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე;

- საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრების შესაძლებლობების განსაზღვრა;

- დემოკრატიის სრულყოფის თეორია.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ორიენტაცია დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე. იმდროინდელი წამყვანი პოლიტიკური ძალებისთვის დამოუკიდებლობა და დემოკრატია განუყოფელი იყო. დემოკრატიული წყობილების დამკვიდრების მაჩვენებლად კი მმართველობის კონსტიტუციური ფორმა მიაჩნდათ. ამავე დროს, ბრმად არ მიჰყვებოდნენ დასავლურ ნიმუშებს. 1921 წლის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესისთვის დამახასიათებელი იყო სხვათა გამოცდილებისადმი კრიტიკული მიდგომა, საქართველოს პირობების გათვალისწინებით, ქვეყნისთვის შესაფერისი კონსტიტუციის შექმნის სურვილი, რადგანაც ცხადი იყო, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა "რამდენადმე განსხვავებული" კონსტიტუციური წყობა. ამას განაპირობებდა თავისებური ისტორიულ-გეოგრაფიული არე, განსაკუთრებული კულტურულ-ეკონომიკური წრე, სამართლებრივ-პოლიტიკური და საერთაშორისო პირობები.

საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრების შესაძლებლობების განსაზღვრა. იმდროინდელი მმართველი პარტიის შეფასებით, საქართველოში დაახლოებით ისეთი პირობები იყო, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში და შვეიცარიაში, როდესაც იქ დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი (ცნობისთვის, იმდროინდელი ტერმინოლოგიით, დემოკრატიული რესპუბლიკა განსხვავდებოდა საპარლამენტო რესპუბლიკისაგან, რომელიც ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობის განსახიერებად მიიჩნეოდა).

სოციალ-დემოკრატიული პარტია იზიარებდა ნოე ჟორდანიას მიერ 1918 წელს მოცემულ ანალიზს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პერსპექტივების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს "ფაქტობრივი კონსტიტუცია" სამი დემოკრატიული კლასის - მუშების, წვრილი ბურჟუაზიის, გლეხობის - საზოგადოებრივ ურთიერთობებს ემყარებოდა. მათი სასიცოცხლო ინტერესები კი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას მოითხოვდა, რომელთა დამკვიდრებასაც ხელს შეუწყობდა მუშათა დემოკრატიის პოლიტიკური ჰეგემონია.

საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, განსხვავებული არგუმენტაციის მოშველიებით, სავსებით რეალურ ამოცანად ესახებოდათ იმდროინდელი საქართველოს სხვა ცნობილ მოღვაწეებსაც.

დემოკრატიის სრულყოფის თეორია. 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლები მის ერთ-ერთ თავისებურებას სოციალიზმის `თანდათანობით მოახლოების~ მიზნად დასახვაში ხედავდნენ. მათი აზრით, საქართველოში უნდა შექმნილიყო ისეთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის საბოლოო მიზანს სოციალისტური წყობილების დამყარება წარმოადგენდა.

სოციალიზმის დამყარების პერსპექტივების თაობაზე იმდროინდელ სოციალისტურ პარტიებს შორის და თვით ცალკეულ პარტიებს შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა იყო. სოციალისტების ნაწილი და, პირველ რიგში, ქართველი ესერები სოციალიზმის "დაუყოვნებლივ განხორციელებას" მოითხოვდნენ. მათგან განსხვავებით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურად აღიარებული პოზიციის თანახმად, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო, მიუხედავად სოციალ-დემოკრატიის ხელისუფლების სათავეში ყოფნისა, დარჩებოდა "ბურჟუაზიული საზოგადოების ფარგლებში" (ნ. ჟორდანია). მათ სოციალისტური გარდაქმნების განხორციელება იმდროინდელ საქართველოში ნაადრევად და შეუძლებლად მიაჩნდათ.

სოციალიზმზე გადასვლა უნდა მომხდარიყო სხვადასხვა ეტაპის გავლით, ამასთან, "დემოკრატიული რესპუბლიკის და მისი პარლამენტარიზმის" დაცვა მიაჩნდათ ერთადერთ გზად სოციალისტური მიზნების მისაღწევად. 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლები მიიჩნევდნენ, რომ მოხდებოდა დემოკრატიის სრულყოფა, დაძლეული იქნებოდა "ბურჟუაზიული დემოკრატიის შეზღუდულობა", კერძოდ, პოლიტიკურ თანასწორობასთან ერთად, დამყარდებოდა სოციალური თანასწორობაც.

დემოკრატიის სრულყოფის კონცეფცია საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის ქართული მოდელისა და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფორმირებას.

დემოკრატიული რესპუბლიკის ქართული მოდელი

ძირითადი პრინციპი, რომლის განხორციელებასაც ცდილობდნენ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში, ხალხის სუვერენიტეტის რეალური უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელი ქართველი სოციალისტების იდეალს უშუალოდ დემოკრატია წარმოადგენდა, მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვე სახელმწიფოს პირობებში მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნდათ. ამიტომ 1921 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემას, რომელიც ივსებოდა "პირდაპირი დემოკრატიის ჩართვით" - საკანონმდებლო ინიციატივითა და რეფერენდუმით. მათ განიხილავდნენ როგორც ხალხის პირდაპირი მმართველობის ელემენტებს.
1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლები საპარლამენტო რესპუბლიკას, რომლის დამახასიათებელ ნიშნად მიჩნეული იყო ცენტრალური ხელისუფლების უსაზღვრო ძლიერება და მთელი ძალაუფლების თავმოყრა პარლამენტის ხელში, უპირისპირდებოდნენ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც საფუძვლად ედო ხალხის პოლიტიკური თვითმმართველობის პრინციპი.

1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს უმთავრეს კონცეპტუალურ პრობლემად მიჩნეული იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმად არჩეული დემოკრატიული რესპუბლიკა. უდავოდ ითვლებოდა, რომ საქართველოსთვის უნდა შეემუშავებინათ უაღრესად დემოკრატიული, ამ თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო კონსტიტუცია.

რადგანაც იმ დროს არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის სამივე ძირითადი ტიპი, ცალკე აღებული, მიუღებლად მიაჩნდათ საქართველოსთვის, 1921 წლის კონსტიტუციას საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული, კომპრომისული მოდელი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა "ფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისა" და "შვეიცარიული უშუალო დემოკრატიის" პრინციპების "ფრთხილი შეთანხმება და შეზავება". მიაჩნდათ, რომ ასეთი სისტემა დაზღვეული იქნებოდა აღნიშნული დემოკრატიების უარყოფითი მხარეებისგან და მატარებელი იქნებოდა "ორივე დემოკრატიის დადებითი თვისებებისა". ამავე დროს გათვალისწინებული იყო იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა.

1921 წლის კონსტიტუცია დემოკრატიულ რესპუბლიკას აცხადებს პოლიტიკური წყობილების "მუდმივ და უცვლელ ფორმად", რაც განასახიერებდა გამარჯვებული დემოკრატიის სწრაფვას თავისი უფლებების კონსტიტუციური განმტკიცებისაკენ.

ცენტრალური ხელისუფლება

1921 წლის კონსტიტუციის საერთო დემოკრატიული სულისკვეთებიდან გამომდინარეობდა ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზაციაც. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა პარლამენტს. მისი დემოკრატიულობის უზრუნველყოფისა და "ბურჟუაზიული ტენდენციებისგან" გათავისუფლების მიზნით, კონსტიტუციურად მკვიდრდებოდა:

- ეგრეთ წოდებული, "შეზღუდული პარლამენტარიზმი" - გათვალისწინებული იყო საკანონმდებლო ინიციატივისა და რეფერენდუმის სისტემის ფართო გამოყენებით.

- პარლამენტის სრულხელისუფლებიანობა - იგი მხოლოდ "ხალხის ნებით იყო შეზღუდული და გარდა საკანონმდებლოსი, "აღმასრულებელი ორგანოს ნიშანსაც" ატარებდა.

- ფუნქციონირების ოპტიმალური ვადა - ასეთად სამი წელი იყო დადგენილი. მიაჩნდათ, რომ უფრო ხანგრძლივი ვადით არჩეული პარლამენტი "ხალხს მოსწყდებოდა". უფრო ხშირი არჩევნები კი გამოიწვევდა აბსენტიზმს, ინდიფერენტიზმს და დიდ ხარჯებს სახელმწიფოსთვის;

- გასამრჯელო პარლამენტარობისთვის - რათა ხალხის წარმომადგენლებს პარლამენტში "შესვლის და მუშაობის შეძლება" მისცემოდათ.

აღმასრულებელი ხელისუფლება. აღმასრულებელი ხელისუფლების მოწყობაში 1921 წლის კონსტიტუცია ყველაზე ნაკლებად მიჰყვებოდა "დასავლეთ ევროპულ პრაქტიკასა და თეორიას" და, უპირატესად, საქართველოს იმდროინდელ გამოცდილებას ეყრდნობოდა.

აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციას საფუძვლად დაედო "ორი პრინციპის შეხმატკბილება": ა) "მთავრობის პასუხისმგებლობის პრინციპისა", რაც პარლამენტარიზმისთვის იყო დამახასიათებელი; და ბ) "მორჩილების პრინციპისა", რომელიც შვეიცარიულ "უშუალო დემოკრატიასთან" მიახლოებული სისტემიდან იყო გადმოღებული.

1921 წლის კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება - რესპუბლიკის მთავრობა - კოლეგიას წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის წინაშე. მთავრობას სათავეში ედგა თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი იყო და მას პარლამენტი ირჩევდა.

პრეზიდენტის ინსტიტუტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროების საკითხი ცხარე კამათის საგანს წარმოადგენდა. 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს გამოიკვეთა რამდენიმე თვალსაზრისი:

- სოციალ-დემოკრატთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერალისტები და ესერები წინააღმდეგი იყვნენ პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებისა და მას განიხილავდნენ დემოკრატიისთვის დამახასიათებელი "მმართველობის კოლეგიურობის პრინციპის" დარღვევად და "ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტად" მიიჩნევდნენ;

- სოციალ-დემოკრატების ნაწილი და ეროვნული დემოკრატები მხარს უჭერდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამკვიდრებას, რადგანაც, მათი აზრით, უპრეზიდენტო აღმასრულებელი ხელისუფლება მოკლებული იქნებოდა სიმტკიცესა და ავტორიტეტს;

- კომპრომისული პოზიცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ორი ვარიანტის სახით: ა) პრეზიდენტის ზოგიერთი ფუნქციის შეთავსება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და ბ) პრეზიდენტისა და მთავრობის თავმჯდომარის ფუნქციების შეთავსება.

საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ნოე ჟორდანიას პოზიცია, რომლის აზრითაც გარკვეული ვადით არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეს უნდა დაკისრებოდა პრეზიდენტის ზოგიერთი ფუნქციის შესრულება. ეს იყო "კომპრომისი დემოკრატიზმსა და პარლამენტარიზმს შორის". ამავე დროს, ასეთი სისტემა უზრუნველყოფდა აღმასრულებელი ხელისუფლების სიმტკიცეს.

მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის თავმჯდომარის ინსტიტუტმა და მისმა ფუნქციებმა ასევე დიდი კამათი გამოიწვია პარტიულ წრეებში და დამფუძნებელ კრებაში. სოციალისტთა არცთუ მცირე ნაწილს მიაჩნდა, რომ მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება დიდად განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო მთავრობის დანარჩენი წევრებისგან, რადგანაც ეს "დემოკრატიის პრინციპის ღალატი" იქნებოდა.

1921 წლის კონსტიტუციაში მთავრობის თავმჯდომარის ინსტიტუტის საბოლოო ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ნოე ჟორდანიას პოზიციამ. დაფიქსირდა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევდა პარლამენტი, ხოლო ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა მხოლოდ ორჯერ იყო დასაშვები. ეს შეზღუდვა, ისევე, როგორც პრეზიდენტის თანამდებობის უარყოფა, იმდროინდელი სოციალისტების უმრავლესობის აზრით, აუცილებელი იყო მაქსიმალური დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა

1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლებისთვის უდავო იყო, რომ დემოკრატიზმი მართვა-გამგეობაში მოითხოვდა დეცენტრალიზაციას, მაგრამ მიაჩნდათ, რომ საქართველოს იმდროინდელ პირობებში ეს პარტიკულარიზმის საფრთხეს წარმოშობდა.

უნიტარიზმი და ფედერალიზმი. 1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოში ყალიბდებოდა უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა, რასაც სხვა პარტიებთან ერთად, მხარი დაუჭირეს ქართველმა ფედერალისტებმაც. მათ მიუღებლად მიიჩნიეს სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა. კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით:

- ეს გაუმართლებელი იქნებოდა მოსახლეობის რაოდენობისა და ქვეყნის ტერიტორიული სიმცირის თვალსაზრისით;

- ფედერალიზმს გამორიცხავდა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა;

- ფედერალიზმის დამკვიდრებას ხელს არ უწყობდა საქართველოს ისტორიულ-კულტურული ტრადიცია.

ამავე დროს, 1921 წლის კონსტიტუციაში უნიტარიზმის პრინციპს უთავსდებოდა ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა და ავტონომიური მმართველობის დაშვება ზოგიერთი განაპირა კუთხისთვის.

ავტონომიური მმართველობა. უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის კონცეფციასთან ავტონომიური მმართველობის პრინციპის შეთავსება მიზნად ისახავდა:

- ზოგიერთ კუთხეში არსებული სეპარატისტული ტენდენციების განეიტრალებას;

- ხელის შეწყობას საქართველოსთვის იმ კუთხეების დასაბრუნებლად, რომლებიც დროებით მის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ.

ავტონომიურ მმართველობას ხელი უნდა შეეწყო სახელმწიფოს "გამთელებისა და განმტკიცებისთვის". ავტონომიურ მმართველობას დასაშვებად მიიჩნევდნენ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და მას განიხილავდნენ ეროვნული ან რელიგიური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად.

ადგილობრივი თვითმმართველობა. 1921 წლის კონსტიტუციის საერთო კონცეფციიდან უშუალოდ გამომდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ჭეშმარიტი დემოკრატიული წყობილების დამკვიდრების თვალსაზრისით. იგი განიხილებოდა დემოკრატიის ქვაკუთხედად და დემოკრატიული წყობის დაცვის გარანტად.

1921 წლის კონსტიტუციაში გატარებულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის შეერთების იდეა, რაც საქართველოს იმდროინდელ სახელმწიფოებრივი მოწყობის პრაქტიკასაც ითვალისწინებდა. ცენტრალური ხელისუფლება მთლიანად ემყარებოდა ხალხის მიერ არჩეულ თვითმმართველობებს. დიდი ყურადღება ეთმობოდა ფუნქციების გამიჯვნას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ თვითმმართველობის ქმედითობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათ ხელში არსებულ მატერიალურ სახსრებსა და, საერთოდ, ბიუჯეტის მდგომარეობაზე.

1921 წლის კონსტიტუცია და თანამედროვეობა

1921 წლის კონსტიტუცია შეიძლება გამხდარიყო თანხმობის საფუძველი იმდროინდელ ქართული საზოგადოებისთვის, ანუ შეესრულებინა კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება. მართალია, ზოგისთვის ის "სოციალისტური ტენდენციების მატარებელი", ან პირიქით - "არასოციალისტური იყო", მაგრამ ძირითადში კონსტიტუცია, რომელიც თანმიმდევრულად ამკვიდრებდა დემოკრატიულ წყობილებას, მისაღები იყო იმდროინდელი საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალისათვის.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობილების შექმნის უნიკალური გამოცდილება, რომლის დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებას დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც დადგა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების საკითხი, ფაქტობრივად, საყოველთაოდ გაზიარებული თვალსაზრისის თანახმად, დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი კანონი 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე უნდა შექმნილიყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საეტაპო მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე ქვეყნის ახალი ძირითადი კანონის შემუშავების აუცილებლობის აღიარება, რის შესაძლებლობასაც განაპირობებდა ამ კონსტიტუციის დემოკრატიული სულისკვეთება, გააზრებული იქნა როგორც 1921 წლის კონსტიტუციის იდეებისადმი, მისი არსისა და ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულება, თუმცა, დასახული ამოცანის პრაქტიკული რეალიზაციის დროს არ იზღუდებოდნენ მემკვიდრეობითობის პრინციპის მკაცრი დაცვით.

მალხაზ მაცაბერიძე