ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
კავკასია და რუსული გეოპოლიტიკა
#1(17), 2008
საქართველო-რუსეთის დღევანდელი გართულებული ურთიერთობების გასაგებად მნიშვნელოვანია მკაფიო პასუხის ქონა კითხვაზე, თუ რის მიღწევას ცდილობს და, რაც მთავარია, როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოსა და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში. ამ კითხვაზე პირდაპირ და მკაფიო პასუხს დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები არ იძლევიან. სამაგიეროდ, ამის თაობაზე პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშეა ნათქვამი რუსი გეოპოლიტიკოსების კონცეფციებში. წლების მანძილზე მათი ნააზრევი პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენდა რუსული პოლიტიკის ფორმირებაზე.

რუსული პოლიტიკის კავკასიური ვექტორი

XX საუკუნის 90-იანი წლებში რუსეთში გეოპოლიტიკის ბუმი იყო. ზოგიერთი ანალიტიკოსი პარალელს ავლებდა იმავე საუკუნის 20-30-იანი წლების გერმანიასთან, სადაც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა აღნიშნული დისციპლინა. ვითარების მსგავსება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ორივე ქვეყანა იმპერიის ნგრევის შემდგომ პერიოდში იმყოფებოდა. გეოპოლიტიკა კი ემსახურებოდა ნეოიმპერიულ ამბიციებს და რევანშის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი.

რუსულ გეოპოლიტიკაში კავკასიამ თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ჯერ ერთი, ეს რეგიონი მიჩნეული იქნა საკვანძო არეალად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის შესანარჩუნებლად, მეორეც, კავკასია აღმოჩნდა ის არეალი, რომლის "გეოპოლიტიკური რეკონსტრუქციაც" რუსეთმა გარკვეულწილად მოახერხა.

თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკური კონცეფციები კავკასიასთან დაკავშირებით XX საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში ჩამოყალიბდა. ესაა დრო, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვმა განიმტკიცა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. შეიძლება ითქვას, რომ 1993-1994 წლებისთვის ფაქტობრივად მოხდა სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება:

- ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანის 6 რაიონი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის სომხეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა;

- შეიქმნა სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები და რუსი სამშვიდობოების შემოყვანით მოსკოვმა პირდაპირი კონტროლი დაამყარა საქართველოს ამ ორ რეგიონზე;

- აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის განმტკიცებით შეიქმნა ასევე რუსეთის "ნახევრად-სეპარატისტული" დასაყრდენი;

- განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოსა და აზერბაიჯანში, ორივე ქვეყანა შეურიგდა "სეპარატისტებთან მარცხს" და შევიდა დსთ-ში, რომელიც რუსეთის გარშემო ერთიანი სახელმწიფოს აღორძინების დასაწყისად მიიჩნეოდა.

ამ პროცესებს დასავლეთი მხოლოდ თვალს ადევნებდა და მოვლენათა ამგვარი განვითარებისათვის ხელის შეშლის არათუ მზადყოფნა, არამედ სურვილიც არ ჰქონია. სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები დასავლეთმა მეტ-ნაკლებად ცოტა უფრო მოგვიანებით გაიცნობიერა, როდესაც რუსეთს უკვე დამთავრებული ჰქონდა სამხრეთ კავკასიის პოსტ-საბჭოური გეოპოლიტიკური გადანაწილება. XX საუკუნის 90-იანი წლების შუახანებისათვის ერთი მხრივ, მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ კავკასიაში "ყველაფრის გაკეთება" შეუძლიათ, მეორე მხრივ, ხედავენ, რომ ამ რეგიონში მათთვის "არასასურველი პროცესებიც" მიმდინარეობს:

- მიუხედავად პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკური გადანაწილებისა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზიანოდ, ეს ორი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იყო ჩაყენებული, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე არ ეფიქრა;

- თანდათანობით იზრდება დასავლეთის ინტერესები რეგიონისადმი, რაც პირველ რიგში "დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინების მცდელობასა და კასპიის ნავთობპროექტების რუსეთის გვერდის ავლით განხორციელების გეგმებში გამოიხატებოდა;

- შეიქმნა პოსტსაბჭოთა გაერთიანება სუამი, რომელიც მოსკოვში აღიქმებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული გეოპოლიტიკური კონსტრუქცია.
რუსული პოლიტიკისათვის უმთავრესი ამოცანა აღნიშნული და სხვა არასასურველი პროცესების შეჩერებაა. ოფიციალური მოსკოვი უფრო "დიპლომატიური და თავდაჭერილია", სამაგიეროდ რუსი გეოპოლიტიკოსები არიან აგრესიულნი და აყალიბებენ სამხრეთ კავკასიის ახალი გადანაწილების გეგმებს. მათ, უბრალოდ, არც განუხილავთ საქართველოსთან კომპრომისის ვარიანტი, რასაც შევარდნაძის ხელისუფლება წლების მანძილზე სთავაზობდა - სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაზე უარის თქმა რუსული სამხედრო ბაზების საქართველოში დატოვების სანაცვლოდ.

შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა გეოპოლიტიკამ დაკარგა რეალობის გრძნობა და დაკავებული იყო თავისებური "გეოპოლიტიკური ინჟინერიით", როდესაც ყალიბდებოდა კავკასიის ახალი გადანაწილების სცენარები: ამ საქმიანობაში თავისი ძალა და ფანტაზია მრავალმა რუსმა ანალიტიკოსმა გამოსცადა. ვინ არ იყო ჩართული ამ საქმიანობაში - დუგინი, მიტროფანოვი, ჟირინოვსკი, ბოროდაი, ზატულინი, მიგრანიანი და სხვები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.

რა იდეას არ იპოვის ადამიანი მათ ნააზრევში: კავკასიის კავკასიელებით კონტროლის იდეა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ეთნოკონფლიქტების გაჩაღებით და "საერთოკავკასიური სახლის" შექმნით რუსეთის ეგიდით; თურქეთ-სპარსეთის მეტოქეობის გამოყენება; "მართლმადიდებლობის ფაქტორის" ამოქმედება; "ორი ოსეთის გაერთიანება", "სომხეთთან დამაკავშირებელი დერეფნის" გაყვანა; აჭარაზე კონტროლის შენარჩუნება; ბაქო-ჯეიჰანის პროექტის არარეალურობისა და ჩაშლის სცენარების დამუშავება; აზერბაიჯანისა და საქართველოს "დაშლის" გეგმები და ა.შ.

ამ პერიოდში რუსულმა გეოპოლიტიკამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა - მათ აქცენტი სამხედრო ფაქტორზე ჰქონდათ გადატანილი და თვლიდნენ, რომ ამერიკელები "რუსეთის გასაძევებლად" ისევე იმოქმედებდნენ, როგორც რუსეთი მოქმედებდა - კონფლიქტების პროვოცირებით და გაღვივებით. ეკონომიკური ფაქტორების და "გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება" მათთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო.

უნდა ითქვას, რომ რუსული გეოპოლიტიკისთვის განსაკუთრებით "საყვარელი" საქართველოს "დაშლის" იდეა აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ამის მიღწევა უფრო "ადვილი" ეჩვენებოდათ; მეორეც, საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს გაქრობა ხსნიდა იმ საფრთხეებს, რაც რუსეთის ნეოიმპერიულ გეგმებს ექმნებოდა არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ სამხრეთშიც. თითქოსდა, საქართველოს "დაშლის" გეგმა "რეალური" იყო - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, აჭარა, რუსული გეოპოლიტიკა ჯავახეთს უტრიალებდა, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ასლან აბაშიძის რეჟიმის დემონტაჟმა და აჭარაზე მოსკოვის კონტროლის მომენტალურმა დაკარგვამ ეს გეგმები ეჭვქვეშ დააყენა.

რუსული გეოპოლიტიკა დღესაც აქცენტს საქართველოს დაშლაზე აკეთებს. კვლავ თავგამოდებით იცავენ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებს, კვლავ აქტიურად უტრიალებენ ჯავახეთს და ბორჩალოს, მაგრამ როგორც ადრე, ისე დღესაც პასუხი არ გააჩნიათ კითხვაზე - რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი "საქართველოს დაშლის" იდეა არ იმუშავებს. მათ, საბოლოო ჯამში, "საქართველოზე კონტროლი" ჭირდებათ და არა მის ნაწილებზე. ამიტომაც, ბოლო დროს აქტიურად ჩნდება მოსკოვის შემწეობით საქართველოს გაერთიანების იდეა, რომელიც რეალობად იქცევა, თუკი საქართველო უარს იტყვის დასავლურ ორიენტაციაზე.

ალექსანდრე დუგინი კავკასიაზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნების გზების ძიებაში

კავკასიის კავკასიელებით კონტროლის იდეა. კავკასიაში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთისათვის ტრადიციული სამხედრო-ძალისმიერი მეთოდებით რეგიონის შენარჩუნების "ფასი". ეს კარგად აჩვენა ჩეჩნეთის სამხედრო მეთოდებით დათრგუნვის უშედეგო მცდელობამ.

რუსეთი არ აპირებს კავკასიის დათმობას და გავლენის შენარჩუნების ახალ გზებს ეძებს. იდეალურად მიჩნეულია ისეთი ვითარება, როდესაც კავკასიაში წარმოქმნილი დამოუკიდებელი ან ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები იძულებულნი იქნებიან რუსეთზე ორიენტირებულნი იყვნენ.
რუსი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე ამგვარად "მიბმულნი" არიან, მაგალითად, ოსეთ-ალანია და დაღესტანი. ორივე ავტონომიური რესპუბლიკა დოტაციურია. გარდა მატერიალური დახმარებისა, მოსკოვი მეზობლებთან კონფ-ლიქტში მოქცეული ოსებისათვის უსაფრთხოების გარანტად, ხოლო დაღესტნელებისათვის ეროვნული მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად წარმოდგება.

"კავკასიური ფედერაციის" რუსული ვარიანტი. კავკასიის კავკასიელებით კონტროლის იდეის საილუსტრაციოდ შეიძლება განვიხილოთ თანამედროვე რუსი გეოპოლიტიკოსის ალექსანდრე დუგინის "კავკასიური ფედერაციის" შექმნის იდეა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ იმპერიულ აზროვნებას მნიშვნელოვანი მოდიფიცირების უნარი აქვს და სრულიადაც არ მიაჩნია "კავკასიური სახლის" გარკვეული ვარიანტები თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, რეგიონზე კონტროლის შენარჩუნება სწორედ ამ იდეის გამოყენებით შეიძლება სცადოს კიდეც.

ა. დუგინის კონცეფციის თანახმად, რომელიც გადმოცემულია მის 600-გვერდიან ნაშრომში "გეოპოლიტიკის საფუძვლები. რუსეთის პოლიტიკური მომავალი", - კავკასიაზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნების საფუძვლად უნდა იქცეს რუსებით დასახლებული მისი ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებს მოიცავს და გადაჭიმულია დონის როსტოვამდე, ასტრახანამდე და ვოლგოგრადამდე. ესაა ისტორიული ხაზარეთის ტერიტორია და დუგინი ამ გეოპოლიტიკურ წარმონაქმნს პირობითად "ხაზარულ სამკუთხედს" უწოდებს.

ეს სამკუთხედი, რომელიც უშუალოდ ეკვრის რუსეთის ცენტრალურ რაიონებს, მოსკოვმა ყოველნაირად უნდა გააძლიეროს ტექნოლოგიურად, სტრატეგიულად და ინტელექტუალურად. დუგინს აქ სასურველად მიაჩნია "ადმინისტრაციულად ინტეგრირებული მთლიანი რუსული ზონის შექმნა", რომელშიც უნდა ჩაერთოს ყალმუხეთის ჩრდილოეთი რაიონები.

"ხაზარულ სამკუთხედში", დუგინის მიხედვით, მთავარია ე.წ. ჰორიზონტალური კავშირების განმტკიცება. ამის შემდეგ კი "ინტეგრაციის ვექტორის" ხასიათი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. მთელი ჩრდილოეთ კავკასია და ყველაფერი, რაც მის სამხრეთით მდებარეობს, უნდა დაემორჩილოს მხოლოდ და მხოლოდ მერიდიანულ ორიენტაციას.

"ხაზარული სამკუთხედის" სტრატეგიულმა ცენტრებმა უნდა განავითარონ სამხრეთისაკენ მიმართული გეოპოლიტიკური ჯაჭვები: როსტოვი - კრასნოდარი - მაიკოპი - სოხუმი - ბათუმი, სტავროპოლი - კისლოვოდსკი - ნალჩიკი - ვლადიკავკაზი - ცხინვალი - თბილისი და ასტრახანი - მახაჩყალა.
დუგინის მიხედვით, რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ამიერკავკასიის ეთნიკური რეგიონების ყოველგვარ ჰორი-ზონტალურ გამიჯვნას, ხოლო მერიდიანული ინტეგრაცია კი, პირიქით - განამტკიცოს. დუგინის აზრით, აქტიური სეპარატისტული ჩეჩნეთი ნებისმიერი საშუალების გამოყენებით უნდა მოსწყვიტონ ინგუშეთსა და დაღესტანს. ჩეჩნეთს თუკი დარჩება მხოლოდ საქართველოზე "გასასვლელი", იგი გეოპოლიტიკურად კონტროლირებადი იქნება და მისი მართვა, დუგინის თანახმად, შესაძლებელი იქნება მართლმადიდებელი საქართველოს მხრიდანაც.

საქართველოს რუსეთზე "მისაჯაჭვად", დუგინს საჭიროდ მიაჩნია აფხაზეთის უშუალოდ დაკავშირება რუსეთთან და "ორი ოსეთის" გაერთიანება, რაც არასოდეს არ იქცევა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად და დარჩება ეთნიკურ-კულტურული გაერთიანების დონეზე. თავისებური "კომპენსაციის" სახით საქართველოზე მჭიდროდ უნდა მიებას, გარდა ჩეჩნეთისა, აგრეთვე, ინგუშეთი და დაღესტანიც. ამან შეიძლება გამოიწვიოს ავტონომიური ჩრდილო-კავკასიური ზონის შექმნა, რომელიც ეკონომიკურად განვითარებული იქნება, მაგრამ სტრატეგიულად მთლიანად რუსეთის მიერ კონტროლირებადი დარჩება.

დუგინისეული "ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი კავკასიაში" მოითხოვს არსებული პოლიტიკური რეალობების სრულ გადანაწილებას და დღევანდელი სახელმწიფოების ჩანაცვლებას წმინდა გეოპოლიტიკური სისტემით ცენტრი-პერიფერია, ამასთან პერიფერიის სტრუქტურა უნდა განისაზღვროს არა პოლიტიკური, არამედ ეთნო-კულტურული დიფერენციაციის გზით.

დუგინის აზრით, ამის განხორციელება შესაძლებელია "კავკასიის ფედერაციის" შექმნის მეშვეობით, რომელმაც უნდა მოიცვას ამიერკავკასიის სამი სახელმწიფო და რუსეთის ჩრდილოკავკასიური სუბიექტები. მოსკოვმა ამ წარმონაქმნს შეიძლება მისცეს რეალური ავტონომიის ავტარქიის შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება უმკაცრესი ცენტრალიზმი. დუგინის სიტყვით, ჩამოყალიბდება მოქნილი სისტემა, რომელიც დაეფუძნება არა ძალადობას, ოკუპაციას ან კავკასიური მრავალფეროვნების უნიფიკაციას, არამედ რუსეთთან "ერთიანობისა და საერთო ბედის შეგნებას".

განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება სომხეთს, რომელიც "რუსეთის ტრადიციული და საიმედო მოკავშირეს წარმოადგენს კავკასიაში". სომხეთი დღეს სტრატეგიული ბაზაა თურქეთის ექსპანსიის შესაჩერებლად, სამომავლოდ კი რუსეთს შეეძლება მისი გამოყენება გეოპოლიტიკური შეტევისათვის ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც დღევანდელი თურქეთის შემადგენლობაში შედის, ისევე როგორც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სომხურ-ქურთული კავშირები "თურქეთის შიგნით გეოპოლიტიკური შერყევების პროვოცირებისათვის".

ამასთან დუგინს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია "სახმელეთო დერეფნის" შექმნა, რომელიც მთელ კავკასიას გადაკვეთს და სომხეთს საიმედოდ დააკავშირებს "ხაზარულ სამკუთხედთან". რუსულ-სომხური გეოპოლიტიკის გარკვეულ წრეებში ნანატრი "დერეფანი", ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე გაჰყავთ და ამ იდეის შესაბამისად, საქართველოს დაშლის გეგმებსაც აწყობენ.

სომხეთი, დუგინის აზრით, მნიშვნელოვანია აგრეთვე მოსკოვი - ერევანი - თეირანის გეოპოლიტიკური ღერძის ჩამოსაყალიბებლად. ირანზე "მიბმული" უნდა იქნეს აზერბაიჯანიც რელიგიური, ეთნიკური და ისტორიული კავშირების გამოყენებით. ამრიგად, რუსეთი და ირანი დაკავშირებულნი აღმოჩნდებიან კიდევ ერთი "ჯაჭვით".

კავკასიის გეოპოლიტიკური სისტემის "გასაწონასწორებლად", დუგინის აზრით, ასევე აუცილებელია მოსკოვის უშუალო კავშირების დამყარება ყარაბაღთან.
"ახალი კავკასიური წესრიგის" დუგინისეული სქემა მეტად ნიშანდობლივია. ბევრი რამ მოსკოვის დღევანდელი პოლიტიკიდან თავისუფლად "ჯდება" დუგინისა და სხვა მსგავსი სქემებიდან მომდინარე რეცეპტებში.

ალექსეი მიტროფანოვის "გეოპოლიტიკური ნაბიჯები"
   
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გეოპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი მიტროფანოვმა ერთ წიგნად შეკრიბა თავისი და თავის თანამოაზრეთა გეოპოლიტიკური იდეები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისათვის "ძველი დიდების" დაბრუნება განუზრახავთ. "ნაბიჯები ახალი გეოპოლიტიკისაკენ" - ასეთი სათაური აქვს აღნიშნულ წიგნს. თუმცა, საეჭვოა, რომ მიტროფანოვის რჩევების შესაბამისად გადადგმული "ნაბიჯები" სასიკეთოდ წაადგეს რუსეთს.

მიტროფანოვის გეოპოლიტიკური იდეები, როგორც სახელწოდებასა და ავტორის ამბიციებს შეჰფერის, მთელ მსოფლიოს სწვდება და რუსეთისათვის "საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელი ძლიერების" დაბრუნების სურვილითაა გამსჭვალული, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიულობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ გამოირჩევა.

ამასთან, არსებითად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მოცემული რესპუბლიკა მიტროფანოვის ცნობიერებაში რუსეთის "მეგობრად" განიხილება თუ "მტრად". მიტროფანოვის "ხალასი" რუსული შოვინიზმისათვის წარმოუდგენელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელი არსებობა, ამიტომ მის გეოპოლიტიკურ ფანტაზიებში ეს სახელმწიფოები ან რუსეთს უერთდებიან, ანდა "გულუხვად" ჩუქნის იმ ქვეყნებს, რომელთა "გულის მოგებაც", მიტროფანოვის აზრით, მეტად მნიშვნელოვანია.

მიტროფანოვის თანახმად, რუსეთი და ბელარუსი კი არ უნდა გაერთიანდნენ, არამედ ბელარუსი ნაწილ-ნაწილ - ცალკეული ოლქების სახით უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რათა ვეღარასოდეს შეძლოს იქიდან გამოსვლა. რაც შეეხება პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რომელსაც მიტროფანოვი დიდად ესიყვარულება, პირადად მისთვის, მადლიერების ნიშნად, `დუმელ~ გეოპოლიტიკოსს საჭიროდ მიაჩნია რუსეთის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.

მიტროფანოვისთვის "ისტორიული ანაქრონიზმია" სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არსებობაც. მაგალითად, მისი წარმოდგენით, ყაზახებს მხოლოდ საქონლის მწყემსვა შეუძლიათ, ამ საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება კი ყაზახებს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშიც შეეძლებათ და, აქედან გამომდინარე, არაა საჭირო მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის ქონა. თუმცა, მთლიანად ყაზახეთის რუსეთთან შეერთებაზე მიტროფანოვი არ ფიქრობს და მზადაა, ყაზახეთის აღმოსავლეთი რაიონები ჩინეთს დაუთმოს, რათა დააკმაყოფილოს "ამ დიდი ქვეყნის კანონიერი გეოპოლიტიკური მისწრაფებები".

ჩინეთი მიტროფანოვს ამერიკელთა შესაშინებლად ჭირდება. ამასთან, თვითონაც გვარიანად ეშინია ჩინეთისა და აზიის ამ გიგანტმა რუსეთის თითქმის დაუსახლებელ შორეული აღმოსავლეთის რაიონებზე რომ არ განაცხადოს პრეტენზია, აღმოსავლეთ ყაზახეთს აჩეჩებს ხელში.
იმპერიის აღდგენა "რუსული სისხლის" დაუღვრელად. ძალიან რომ არ შეაშინოს რუსი მკითხველი იმაზე ფიქრით, თუ "რა დაჯდება" იმპერიის აღდგენა, მიტროფანოვი განუწყვეტლივ ირწმუნება, რომ მისი იდეები სწორედ "რუსული სისხლის" გაფრთხილებას გულისხმობს და რუსი ჯარისკაცები აღარ უნდა იხოცებოდნენ "სხვათა ინტერესების გულისთვის". ამისათვის, მიტროფანოვის აზრით, განუხრელად უნდა ხორციელდებოდეს პრაქტიკაში "რუსული ნაციონალური ეგოიზმის დოქტრინა და იდეოლოგია". ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა, თავისი მიზნების მისაღწევად, ერთმანეთს უნდა გადაკიდოს მეზობელი ქვეყნები, ქვეყნებს შიგნით კი სხვადასხვა ძალები. ამასთან, დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთს - რუსეთის "მეგობრის", მეორეს კი მტრის სტატუსი ექნება. მათ რომ თავისუფლად "გაარკვიონ" ერთმანეთში ურთიერთობა, რუსეთის სამხედრო ბაზები და მესაზღვრეები მთლიანად გამოყვანილნი უნდა იყვნენ სხვა ქვეყნების ტერიტორიიდან.

მიტროფანოვს სასტიკად არ მოსწონს დსთ-ის ქვეყნების სათავეში მყოფი ადამიანები, რომლებიც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "მონურად იხრიან ქედს ამერიკის წინაშე". თუმცა, რუსი გეოპოლიტიკოსის შეფასებით, მდგომარეობა "უიმედო" არაა და ყველგან შეიძლება "ხელმძღვანელი ახალი კადრების გამოზრდა". დსთ-ის ქვეყნების მიმართ დასახულ მიზანს მიტროფანოვი მოკლედ და მკაფიოდ აყალიბებს: "ჩვენი სტრატეგიული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ყველა აუცილებელი პირობა, რათა ასეთი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდნენ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სათავეში".
მიტროფანოვი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა მეთოდებით აპირებს ამ "სტრატეგიული ამოცანის" განხორციელებას, თუმცა ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მკითხველისათვის.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და საერთოდ მეზობელი ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიდადაპირისპირებათა გაღვივება მიტროფანოვის გეოპოლიტიკის უმთავრესი პოსტულატებია. ამ "მეთოდოლოგიური" მიდგომიდან გამომდინარეობს მიტროფანოვის მიერ შემუშავებული კონკრეტული რეცეპტები ცალკეული რეგიონებისათვის.

რუსეთის "გეოპოლიტიკური განვითარება" კავკასიაში. მიტროფანოვი, რომელიც ძალზედ შეწუხებულია რუსეთის იმპერიული პოზიციების შერყევით კავკასიაში, "მდგომარეობის გამოსწორების" გზებს ეძებს და ერთ-ერთი რეცეპტის სახით "საქართველოს დაშლა" წარმოუდგება. "გაურკვეველი როლი, რასაც დღეს კავკასიაში საქართველო ასრულებს, განსაკუთრებით მსოფლიო არენაზე (!) რუსეთის ინტერესების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამ ქვეყანას რუსეთისათვის არასაიმედო პარტნიორად აქცევს", - ასეთია მისი დასკვნა.

ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ რა ბედს უმზადებს მიტროფანოვი რუსეთის "საიმედო პარტნიორს" ბელარუსს - შვიდ ნაწილად შლის და რუსეთს უერთებს. იგივე განუზრახავს მიტროფანოვს საქართველოს მიმართაც, რომლის არსებობაც "მრავალ გეოპოლიტიკურ სიძნელეს" უქმნის რუსეთს და, შესაბამისად, რომლის "გაქრობაც" მიტროფანოვის სიტყვით, ხელს შეუწყობს "ამ რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკურ განვითარებას".

ეს "განვითარება" კი მტაცებლურ-იმპერიალისტურია: რუსეთმა უნდა მიიერთოს აფხაზეთი, "სამხრეთ ოსეთი", აჭარა; ფოთში კი თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზა უნდა შექმნას. დანარჩენი საქართველოს ბედი მიტროფანოვს აღარ აინტერესებს. მისთვის სასურველი იქნება, თუკი ამ ტერიტორიებისთვის თურქეთსა და ირანს შორის გაჩაღდება ბრძოლა. დუმელ გეოპოლიტიკოსს ჰგონია, რომ XX საუკუნის დამდეგამდე თბილისი "სავსებით სპარსული ქალაქი იყო". ეს კი მისთვის იმის "საბუთია", რომ თურქეთი და ირანი კვლავ დაეძგერებიან ერთმანეთს "რუსეთისათვის არასაჭირო" საქართველოს ნაწილების დასაუფლებლად. თურქეთ-ირანის ბრძოლის გაშლას კი მიტროფანოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მიტროფანოვის მოკლე ჭკუით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო ტერიტორიების მიტაცება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, მთლიანად გააკონტროლოს ამიერკავკასიის კომუნიკაციები და მის შიდა რაიონებში გაჩაღებული ბრძოლები მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე დაასხამს წყალს.
მიტროფანოვის აზრით, რუსეთმა არა მარტო უნდა მიიერთოს აფხაზეთი, არამედ "გეოპოლიტიკური პარტნიორის დონემდეც უნდა აამაღლოს" იგი, რადგანაც "აფხაზეთთან მეგობრობა" რუსეთს დაეხმარება "სტაბილური ურთიერთობების დამყარებაში" ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ადიღეური მოდგმის ხალხებთან. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ აღნიშნული ხალხები ჩეჩნეთის გზას არ დაადგებიან. მეამბოხე ჩეჩნეთის წინააღმდეგ მთავარ მოკავშირედ კი მიტროფანოვს ოსები ესახება. ამიტომ იგი ოსეთს "ახალი რუსული გეოპოლიტიკისათვის" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მოითხოვს, რომ მოსკოვმა ხელი შეუწყოს "ორი ოსეთის გაერთიანებას". ეს მისი აზრით, საქართველოს "დაშლის" შემთხვევაში "თავისთავად" მოხდება. იგულისხმება, რომ ოსები ერთიანი ძალით უფრო ენერგიულად შეებრძოლებიან ჩეჩნებს...

თუ საქართველოს რაღაც ნაწილების ბედი "ბურუსითაა მოცული" და მიტროფანოვი მათ შესახებ არაფერს გვეუბნება, სამაგიეროდ, გარკვეული და ცალსახაა მისი პოზიცია აზერბაიჯანთან დაკავშირებით. ყოფილ "ბაქოს გუბერნიას" იგი გულუხვად ჩუქნის სპარსეთს, რა თქმა უნდა, ყარაბაღის გამოკლებით, რომელიც სომხეთის ხელში უნდა გადავიდეს.

"არასასურველ" საქართველოსა და აზერბაიჯანთან "გეოპოლიტიკური ანგარიშსწორების" შემდეგ, მიტროფანოვი სომხეთის ქება-დიდებაზე გადადის. სომხეთი, მისი სიტყვით, კავკასიაში "გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის" გამოსადეგი ერთადერთი პარტნიორია. ამიტომ რუსეთი უნდა დაეხმაროს არა მარტო ყარაბაღის შეერთებაში, არამედ სხვა ტერიტორიების დაბრუნებაშიც. მიტროფანოვისნაირი "მეგობრები" სომხეთის "სარგებლიანობას" თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავენ. სომხები ამ მიმართულებით საბრძოლველად რომ შეაგულიანონ, მიტროფანოვი "დიდი სომხეთის" აღდგენაზე მსჯელობს და დღეს სევანის ტბასთან მდებარე ქვეყანას ხმელთაშუა და შავ ზღვებზე გასასვლელს ჰპირდება.

თურქული საფრთხის განეიტრალებას მიტროფანოვი "40-მილიონიანი ქურთი ხალხის" მხარდაჭერითაც ვარაუდობს. მისთვის მებრძოლი ქურთები "ძლიერი კოზირია", რომელიც მოსკოვმა თავისი ინტერესების შესაბამისად უნდა გამოიყენოს. მაგალითად, ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას, რაც რუსეთისათვის ძალზე არასასურველია, ამ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. ამიტომ რუსეთმა ულტიმატუმი უნდა წაუყენოს ანკარას - ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას. სანაცვლოდ, რუსეთი ქურთისტანის მხოლოდ ავტონომიას დაუჭერს მხარს თურქეთის შემადგენლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვმა ქურთებს იარაღითა და ინსტრუქტორებით ფართო სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს და დაეხმაროს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში.

მიტროფანოვის გეოპოლიტიკურ წარმოსახვაში "ქურთთა სახელმწიფოს ძალისმიერი შექმნა", რომელიც შეუერთდება ბერლინი-მოსკოვი-ტოკიოს გეოპოლიტიკურ ღერძს (!), "მკვეთრად გაზრდის რუსეთის როლს შუა აღმოსავლეთში". თუმცა, მიტროფანოვს თავის გეოპოლიტიკურ გათვლებში გამოეპარა ერთი "უმნიშვნელო" დეტალი - "დიდი სომხეთიცა" და "დიდი ქურთისტანიც" ერთსა და იმავე ტერიტორიაზე - დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში იქმნება, რაც გარდუვალად გამოიწვევს მიტროფანოვის რუსეთის ამ "ორი საიმედო მოკავშირის" ერთმანეთთან შეჯახებას. შესაძლოა, მიტროფანოვი ამას ვერ ხვდება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი "გაურკვევლობა" წინდაწინვეა ჩადებული "მეგობართა უკეთ გაკონტროლების" მიზნით.

მიტროფანოვს ჯერ საბოლოოდ "ვერ გადაუწყვეტია" ჩეჩნეთის ბედი, რომელიც მსოფლიოზე კბილებალესილ გეოპოლიტიკოსს ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი. მიტროფანოვი ზოგჯერ ჩეჩნეთის სასტიკად დასჯაზე ფიქრობს და, ასეთი დასჯის მცდელობის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩეჩნეთის ირანისათვის გადაცემაზეც ფიქრობს, რომელიც მეამბოხე ჩეჩნებს ფუნდამენტალისტური მკაცრი ხელით გაუსწორდება. ზოგჯერ შესაძლებლად თვლის მისთვის "ფაქტობრივი დამოუკიდებლობის" მინიჭებას, თუკი "კომპენსაციის სახით" მანამდე რუსეთი რაიმე ტერიტორიის, მაგალითად ბელარუსის მიერთებას შეძლებს (რა თქმა უნდა, მისი "რეცეპტის" შესაბამისად). დამოუკიდებელი ჩეჩნეთი კი რუსეთმა "კავკასიის ჟანდარმის როლში" შეიძლება გამოიყენოს. კავკასიაში "დასასჯელი" კი ჩვენს ჩრდილოელ მეგობარს, ცხადია, ქართველები და აზერბაიჯანელები ჰყავს.

"დიდი სპარსეთი" როგორც "თურქლანდიის" საპირისწონე. მიტროფანოვის "ახალ გეოპოლიტიკაში" შემოხაზული "დიდი სომხეთიცა" და "დიდი ქურთისტანიც" მხოლოდ ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტადაა გამიზნული. თურქული "საფრთხის" სრულად განეიტრალებისა და აშშ-ის შემოტევის შესაჩერებლად მიტროფანოვი გაცილებით უფრო ძლიერი მოკავშირის კონსტრუირებას ცდილობს. ასეთ მოკავშირედ დუმელ გეოპოლიტიკოსს მხოლოდ "დიდი სპარსეთი" ესახება.

მიტროფანოვს მტკიცედ გადაუწყვეტია ირანთან დამეგობრება. მისი განცხადებით, რუსეთი და ირანი მხოლოდ საქართველომ გადაჰკიდა ერთმანეთს (!). სხვა მხრივ კი მათ შორის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. რადგანაც "მეგობრები" მიტროფანოვს მხოლოდ "მტრების" წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება, ამიტომ ირანი სასწრაფოდ უნდა გაფართოვდეს სიგრძე-სიგანეში. მიტროფანოვი ირანს არა მარტო აზერბაიჯანს "უბრუნებს", რომელიც XIX საუკუნეში მხოლოდ გრიბოედოვის მკვლელობის გამო წაართვეს ამ ქვეყანას, არამედ მას ტაჯიკეთს, თურქმენეთს და ავღანეთის დიდ ნაწილსაც უმატებს.

ასეთი "დიდი სპარსეთის" ტერიტორია, მიტროფანოვის გამოთვლით, 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბებს და მას თავისუფლად შეეძლება, რუსეთთან ერთად "გაანეიტრალოს" თურქეთ-ამერიკის გეგმები, რომლებიც ნავთობის ათვისების საბაბით კასპიის ზღვის აუზში ცდილობენ დამკვიდრებას. გარდა ამისა, "დიდმა სპარსეთმა" რუსეთს საიმედო გასასვლელი უნდა მისცეს სამხრეთის ზღვებზე.

მიტროფანოვს განზრახული აქვს, აგრეთვე, რუსეთ-ირანის ერთობლივი ძალისხმევით, კასპიის ზღვისა და სპარსეთის ყურის დამაკავშირებელი არხის მშენებლობა, რასაც "დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა" ექნება.
ზემოთნათქვამი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ იდეებისა, რაც თავმოყრილია რუსეთის დუმის მთავარი გეოპოლიტიკოსის ნაშრომში. "ოფიციალური სტატუსის" არქონის შემთხვევაში, შესაძლოა, მიტროფანოვის ოპუსისათვის ყურადღება არც მიგვექცია, მაგრამ შემაშფოთებელი სწორედ ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა მსგავს იდეებს არ ემიჯნება. მიტროფანოვის "გეოპოლიტიკური ნაბიჯების" სრული სახით განხორციელებას ვერც ოფიციალური მოსკოვი და ვერც თავად მიტროფანოვიც ვერ გაბედავს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა კავკასიის რეგიონში რომ რაღაც მსგავსი იდეების შესაბამისად ყალიბდება, ამას დიდი მკითხაობა არ ჭირდება.

მალხაზ მაცაბერიძე