ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
არჩევნებს შეწირული შეგნება #1(25), 2010
მსოფლიოში უძლიერესი და უმდიდრესი, დემოკრატიული ღირებულებებით მართლაც სანიმუშო ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების განვითარება მისივე მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალ დონეს უნდა უმადლოდეს. თავის დროზე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა ბენჯამინ ფრანკლინმა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის და კონსტიტუციის მიღება, უკვდავი ფრაზა თქვა: ქვეყნად ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები. სიკვდილს ვერსად ვერაფერი შეაჩერებს, აი, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყნებში გადასახადების პატიოსანი გადახდა კი ისეთი ქვეყნის მშენებლობას ნიშნავს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები თუ ზოგიერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა. ამ ქვეყნებს დანარჩენ მთელ მსოფლიოსთან ერთად შორიდან შენატროდა იმ საბჭოთა კავშირის მოსახლეობაც, სადაც გადასახადების გადახდაზე თავს არავინ იკლავდა.

სამაგიეროდ უფასო სწავლა, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო საგზურები წესად იყო ქცეული. თუმცა, მაინც იპარავდა თითქმის ყველა, ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი. არ ერიდებოდნენ მსოფლიოში უიაფესი ელექტროენერგიის ქურდობას თუ 5-კაპიკიანი ტრამვაით უბილეთოდ მგზავრობას. ამიტომ, ქვეყანა "უფასოდ ცხოვრებას" მიეჩვია. დრომ დაადასტურა, რომ უფასო არსად არაფერია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან "უფასო სიკეთეებისთვის" გადახდილ თანხას სინამდვილეში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კორუმპირებული ადამიანის კეთილდღეობა მოაქვს, ბოლოს კი ქვეყანას ანადგურებს. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ვცდილობთ "უფასო სიკეთეების ნანგრევებიდან" ამოსვლას და თითქოს ხელისუფლებაც ამერიკული ღირებულებებისკენ მიისწრაფის, თუმცა...

გასულ თვეში, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. აქამდე თუ ავტობუსით მგზავრობა 30 თეთრი ღირდა, ამჟამად მგზავრების ნაცვლად ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს. ეს კი თელავის ბიუჯეტს 2010 წელს 50 000 ლარი დაუჯდება. თელავის მუნიციპალიტეტში თუ ბენჯამენ ფრანკლინის შესახებ არაფერი გაუგიათ, არც დედაქალაქის ხელმძღვანელობა უნდა იყოს მაინცდამაინც თავისუფალი ეკონომიკის მეხოტბე – საახალწლოდ თბილისის მერიამ თბილისელებს დასუფთავების სამსახურის მიმართ დავალიანება აპატია. თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა საზეიმოდ ნაპატიები თანხაც დაასახელა - 18 მილიონი ლარი.

მანამდე იყო დედაქალაქში "თბილგაზის" მიმართ დაგროვილი 2,5 მილიონი ლარის პატიება, რაც 2006 წლამდე დაუგროვდა მოსახლეობას. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, სახელმწიფოს მმართველ გუნდს ფრანკლინის სიტყვაც ფეხზე ჰკიდია და კიდევ სხვა მრავალიც.

მაისის ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. მმართველი გუნდი დედაქალაქის მერის თანამდებობაზე კვლავ გიგი უგულავას კანდიდატურას უჭერს მხარს. ამიტომაც, თბილისელ პენსიონრებს უშუალოდ უგულავამ შესთავაზა შეღავათიან ფასად მგზავრობის ბარათები და მედიკამენტების 25-ლარიანი ვაუჩერები. ბოროტი ხმები ამბობენ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე ძნელი მოსაგები თბილისიაო და ამიტომაც, მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას არ ერიდება.

ხელისუფლება საქმით, ოპოზიცია კი ჯერ მხოლოდ სიტყვით ცდილობს "უფასო სიკეთეებით" კეთილგანწყობის მოპოვებას. მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი თბილისის მერობაზე გიორგი ჭანტურია მისი არჩევის შემთხვევაში თბილისელებს წყალს უფასოდ ჰპირდება. მერე რა რომ, წყლის გადასახადი თვეში 2 ლარი და 40 თეთრი თითოეული თბილისელის სხვა ხარჯებთან შედარებით ზღვაში წვეთია და არც არავის გააღარიბებს - "უფასო სიკეთე" მაინც გულს უხარია...

რა მოაქვს უფასო მგზავრობას და გადასახადების პატიებას – ვინც გადახადებს პატიოსნად იხდიდა, დაფიქრდება – აქვს კი ამ ქვეყნად აზრი გადასახადების პატიოსნად გადახდას? მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეს მხოლოდ იშვიათად თუ გადაიხდის ვინმე საფასურს – ესეც უკვე დამკვიდრებული ნორმაა. ყვითელ ავტობუსში მკაცრი კონტროლიორები არჩევნების წინ აღარ ჩანან ხოლმე – ხელისუფლება უბილეთო მგზავრებს არ ანაწყენებს და მათგან არჩევნებში მხარდაჭერას ელოდება. შედეგად კი ხალხის გარყვნა გრძელდება. გადასახადების გადაუხდელობას მიჩვევამ და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვამ რაც საბჭოთა კავშირს დამართა – კი დავინახეთ. მაგრამ უკვე დავივიწყეთ კიდეც?

თემურ იობაშვილი