ფინანსთა მინისტრის კანონსაწინააღმდეგო ბრძანება
#6(90), 2007
ოღონდ ბიუჯეტი შეივსოს...
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის დაგეგმილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება ხშირ შემთხვევაში პრობლემაა. ასე იყო საქართველოშიც, სადაც წლების განმავლობაში ბიუჯეტი არ ივსებოდა. ბოლო სამი წელია, ამ პრობლემას თითქოს საშველი დაადგა და საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებითაც კი ივსება. ეს ცხადია, ძალიან კარგია; მაგრამ ძალიან ცუდია ის, რომ ხანდახან ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო მოხელეები ლამის "ყველაფერზე მიდიან" და ზოგჯერ კანოსაწინააღმდეგო ქმედებებსაც მიმართავენ. შესაძლოა, ისინი ამას ვერც კი ათვითცნობიერებენ და ჰგონიათ, რომ თუ მათი ესა თუ ის ქმედება ბიუჯეტის შევსებას ხელს შეუწყობს, ის შეუძლებელია უკანონოდ ვინმემ მიიჩნიოს.
ვთქვათ, ვიღაცამ კანონსაწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა და ხუთი წლით ციხეშია ჩასასმელი. რა ხეირი აქედან სახელმწიფო ბიუჯეტს? არაფერი. პირიქით, მას ერთი დამნაშავით მეტის გამოკვება მოუწევს. განა არ სჯობს, ეჭვმიტანილს ბრალდების მუხლი შეუმსუბუქონ და 5 წლით დაპატიმრების ნაცვლად 1 მილიონი გადაახდევინონ? ჰოდა, ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან. ანდა, ვთქვათ, შენობას, რომელიც სახელმწიფომ თავის დროზე 1 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა და ახლა 10 მილიონი ღირს, პოტენციური მყიდველი ჰყავს. აი, მაშინ პრივატიზება რომ არ მომხდარიყო... თუმცა, რა პრობლემაა: იაფად გაიყიდა? ე.ი. რაღაც წესრიგში არ ყოფილა. გავაუქმოთ ძველი პრივატიზაცია, თუნდაც ამისათვის 1 მილიონის დაბრუნება გახდეს პირველი მყიდველისთვის საჭირო და ხელახლა გავყიდოთ შენობა 10 მილიონად. მართალია, პირველი მყიდველის მიმართ მთლად "კაცური საქციელი" ვერ გამოგვივა, მაგრამ ბიუჯეტი ხომ ზედმეტ 9 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს!
"შერბილებული" სასამართლო განაჩენებისა და გაუქმებული პრივატიზაციების თემას ჩვენი ჟურნალი სხვა დროს დაუბრუნდება. ახლა კი ფინანსთა მინისტრის ერთ ბრძანებას განვიხილავთ, რომელიც კანონთან შეუსაბამო სასამართლო განაჩენებთან და გაუქმებულ პრივატიზაციებთან შედარებით შესაძლოა წვრილმანია, მაგრამ ის დამახასიათებელია სწორედ იმით, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დაცვის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ეს ბრძანება მისმა ავტორმა ისე დაწერა და გამოსცა, რომ მის კანონიერებაზე ალბათ არც დაფიქრებულა. ლოგიკა მარტივი იყო: "ბიუჯეტისთვის კარგია - ესე იგი, სწორია!"
უცნობი ბრძანება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ჩვენი კრიტიკის ობიექტი გახდა, გუშინდელი გამოცემული არ არის: ის 2006 წლის 10 მარტით არის დათარიღებული. მიუხედავად ამისა, გადამხდელთა ფართო წრისათვის ის დღემდე უცნობია. ჩვენი ჟურნალის რედაქციისათვისაც კი ის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი. მოგვყავს ეს ბრძანება სრული სახით. ნიშანდობლივია, რომ ის არ გამოქვეყნებულა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არ არის რეგისტრირებული (ასეთი შინაარსის ბრძანებას იუსტიციის სამინისტრო ალბათ არც დაარეგისტრირებდა).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება #180
10 მარტი 2006 წელი ქ. თბილისი
საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე და საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის ასახვის თავიდან აცილების მიზნით, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში არსებული ზედმეტობები წარმოქმნილი 1997 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად ჩაითვალოს დარიცხულად და განხორციელდეს ამ გადასახადების მიხედვით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების ჩანაწერების გასწორება.
2. 2005 წლიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სავარაუდო დარიცხვები განხორციელდეს შემდეგი წესის მიხედვით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის (საშემოსავლო და სოციალური გადასახადი) თანხა ტოლია ან ნაკლებია შესაბამის გადასახადში არსებული ნარჩენი დავალიანებების თანხაზე, სავარაუდო დარიცხვა არ განხორციელდეს და გადახდილი თანხით დაიფაროს ნარჩენი დავალიანება. ხოლო, დადგენილ ვადებში დეკლარაციით წარმოდგენილი თანხის ბარათზე დარიცხვის შემდგომ, თანხის გადახდის ვალდებულების მომენტიდან მის დაფარვამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავების დარიცხვა განხორციელდეს პროგრამულად.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის (საშემოსავლო და სოციალური გადასახადი) თანხა აღემატება შესაბამის გადასახადში არსებული ნარჩენი დავალიანების თანხას, სავარაუდო დარიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ გადახდილ და ძირითად დავალიანებას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე. ხოლო შემდგომ დეკლარაციის წარდგენისას მოხდება ბარათზე რიცხული ნაშთის ხელახალი გადაანგარიშება უკვე არსებული წესით, ანუ დეკლარაციის შეტანისას მოხდება სავარაუდო დარიცხვის მოხსნა და დეკლარირებული თანხის დარიცხვა.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვაჟა პეტრიაშვილს.
მინისტრი ალექსი ალექსიშვილი
ამ ბრძანების 1-ლი ნაწილი ერთდროულად ორ კანონს ეწინააღმდეგება: საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" საქართველოს კანონს. თუ რატომ, ამას ქვემოთ დავინახავთ. მანამდე კი ინფორმაციის სისრულისათვის მოვიყვანოთ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც ამ ბრძანებაშია აღნიშნული:
"დაკავების გზით გადასახადის გადახდევინებისას, თუ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია, ხოლო საგადასახადო ორგანომ არ გაიანგარიშა გადამხდელისაგან კუთვნილი გადასახადის კუთვნილი თანხა სხვა ინფორმაციის საფუძველზე, ითვლება, რომ საგადასახადო ორგანომ საანგარიშო პერიოდში დაარიცხა გადასახადის გადამხდელს სავარაუდო გადასახადის თანხა, რომელიც დაკავებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელს მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული თანხებიდან, და რომ მან გადასახადის გადამხდელს შეატყობინა ამის შესახებ".
რა არის უკანონო ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში?
"გადმოვთარგმნოთ" ზემოთმოყვანილი ბრძანების 1-ლი ნაწილი უბრალო ენაზე. თუო, ამბობს მინისტრი, 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის ბარათებზე საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში ზედმეტობა ერიცხებათ და საგადასახადო დეკლარაციები წარმოდგენილი არ არისო, ეს თანხები გადამხდელთა შემოწმების გარეშე ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა ამოვიღოთო! როგორც ჩანს, ამ ბრძანების ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ მინისტრის აზრით გადამხდელებს არ შეიძლება ჰქონდეთ ზედმეტობა ამ გადასახადებში (?!).
კი მაგრამ, რატომ?
სანამ ბრძანების 1-ლ ნაწილის განხილვას შევუდგებით, ჯერ იმას აღვნიშნავთ, რომ საკმაოდ რთული და დელიკატური საკითხი ფინანსთა მინისტრმა სულ ერთი აბზაცით გადაწყვიტა და დეტალების განმარტებით თავი არ შეიწუხა. ამის გამო ნათელი არ არის, თუ რომელ პერიოდში წარმოშობილ ზედმეტობებს ეხება ეს ბრძანება და რომელ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა მოხდეს მისი ანულირება. ასეთი დეტალიზაციის არარსებობის გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ეხება ყველა ზედმეტობას საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში (მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა) და მათი ანულირება ანუ ბიუჯეტის სასარგებლოდ მათი მიკუთვნება უნდა მოხდეს უპირობოდ, თუ გადასახადის გადამხდელს ამ გადასახადებში რომელიმე პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია არ წარუდგენია. ასეთი ფორმით გამოცემული ეს ბრძანება ლამის ყოველ სიტყვაში კრიტიკას იმსახურებს:
1) უპირველეს ყოვლისა, ეს ბრძანება, თუ ის მაინცდამაინც უნდა გამოცემულიყო, შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და არა სოციალურს! საქმე ისაა, რომ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც ის არის გამოცემული, ეხება მხოლოდ დაკავების გზით გადასახდელ გადასახადებს, როგორიცაა საშემოსავლო და არ არის სოციალური გადასახადი. უფრო ზუსტად, 2005 წლამდე პერიოდში სოციალური გადასახადი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: 31%+2%, რომლიდანაც დაკავების გზით ხდებოდა მხოლოდ 2% ის გადახდა. თუმცა, მინისტრი ამის შესახებ დაკონკრეტებას საჭიროდ არ მიიჩნევს და კანონსაწინააღმდეგოდ ცდილობს 31%-იანი სოციალური გადასახადიც სსკ 235-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოქმედების სფეროში მოაქციოს;
2) მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაშიც კი, რომელსაც გადახდის წყაროსთან აკავებდნენ, არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, რომ 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს მართლაც შეიძლება ჰქონოდა რეალური ზედმეტობა ამ გადასახადში, მაგალითად:
- 2004 წლამდე (ჩათვლით) პერიოდში გადასახადის გადამხდელები ხშირად გადასახადებს იხდიდნენ არა გადასახადების სახეობებში ფაქტობრივი დარიცხვების მიხედვით, არამედ საგადასახადო ორგანოების თხოვნების შესაბამისად, რომლებიც გადასახადის იმ სახეობებში თხოვდნენ გადამხდელებს თანხების ჩარიცხვას (და ზოგჯერ წინსწრებითაც!), რომელშიც კონკრეტულ მომენტში გეგმის შესრულება უჭირდათ;
- ზედმეტობა შეიძლება ყოფილიყო საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორად მიყენებული საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხის შედეგი;
- ზედმეტობა შეიძლება გამოეწვია გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შეღავათების არასრულად გათვალისწინებას;
- ის შეიძლება ყოფილიყო გადამხდელის მიერ ზედმეტად გადარიცხული უბრალოდ არითმეტიკული შეცდომის გამო;
- ის შეიძლება წარმოშობილიყო 2004 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, იმ შემთხვევებში, როდესაც გადამხდელმა გასაცემი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა ახალ წლამდე (2005 წლის 1 იანვრამდე), ხოლო ხელფასების გაცემა კი (მთლიანად ან ნაწილობრივ) მოხდა ახალი წლის შემდგომ დღეებში;
- ის შეიძლება ყოფილიყო წარმოშობილი იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთ გადასახადში გადარიცხული თანხა ან ამ გადასახადის გადამხდელის, ან თავად საგადასახადო ორგანოს უნებლიე შეცდომის გამო გატარდა სხვა გადასახადში (ამ შემთხვევაში - საშემოსავლოში). ასეთი რამ გაცილებით უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ეს შეიძლება ეგონოს გაუთვითცნობიერებელ ადამიანს. მეტიც, ასეთი შეცდომები საგადასახადო ორგანოს მხრიდან ახლაც ხდება! მაგალითად, შპს "ააფ-კონსალტინგის" მიერ 2006 წლის 15 მაისს გადარიცხული მოგების გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლის კოდიც და გადახდის დანიშნულებაც აბსოლუტურად სწორად იყო მითითებული, საგადასახადო ინსპექციაში დღემდე აუხსნელი მიზეზის გამო საშემოსავლო გადასახადის გადახდაში გაატარეს!
ვფიქრობთ, აშკარაა, რომ გადამხდელის შემოწმების გარეშე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ საშემოსავლო გადასახადში (და მით უფრო, სოციალურში) არსებული ზედმეტობა არარეალურია და ის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა იყოს დარიცხული;
3) და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გადამხდელის ზედმეტობა საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეიძლება წარმოშობილიყო იმის გამო, რომ მან არ მოახდინა (ან არასრულად მოახდინა) ბიუჯეტისადმი კუთვნილი გადასახადების დეკლარირება 2004 წლის 1 იანვარზე უფრო ადრინდელ პერიოდში! ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ მას ეს გადასახადები უკვე ეპატია საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონით "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ". განა, აბა სხვას რას ნიშნავს აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, სადაც შავით თეთრზე წერია:
"1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა".
ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ განხილული ბრძანების გამოცემის თარიღისათვის ეს კანონი უკვე მიღებული და ძალაში შესული იყო (ძალაში შევიდა 2005 წლის 24 იანვარს). ჩვენ სულაც არ ვართ ამ კანონის "მეხოტბეები", მაგრამ როგორც იტყვიან, კანონი კანონია და ფინანსთა მინისტრის ვერც ერთი ბრძანება, თუნდაც ბიუჯეტისათვის სასიკეთო, საქართველოს პარლამენტის მიღებულ კანონს ვერ შეეწინააღმდეგება!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს, თავადვე გააუქმოს თავისი 10.03.2006 წ. #180 ბრძანება. მანამდე კი, იმედია, საგადასახადო ინსპექტორებს ეყოფათ გამბედაობა, მოახდინონ ამ აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების იგნორირება, მიუხედავად იმისა, რომ ის მათი უშუალო უფროსის გამოცემულია.
გიორგი გვაზავა
|