რუსთაველები დაპირებული სიურპრიზების მოლოდინსა და "დისკომფორტში"
#2(29), 2011
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტზე საუბარი ქალაქის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა პროექტმა სტარტი რეალურად აგვისტოში აიღო. პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მერიის წინ მდებარე მოედანს რეკონსტრუქციას უტარებენ და შედეგად ახალ იერსახეს აძლევენ. ასევე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ფასადს აახლებენ და ღებავენ. კოსტავას გამზირზე და მერიის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე სამშენელო სამუშაოების დაწყებას კოსტავას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება მოჰყვა, თუმცა ეს მხოლოდ სამუშაოების წარმოებას არ უკავშირდება და არც დროებითია. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ რეაბილიტირებულ მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ კი კოსტავას გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვაა. მერიის წინ მდებარე მოედანზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს და მოსეირნეებს შეეძლებათ მოხვედრა, დასვენება და გართობა.
კოსტავას გამზირზე ორმოციან წლებში აშენებულ შენობებს ფერი ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეუცვალეს, ისინი ხან თეთრად, ხან ნაცრისფრად, ხანაც, კაშკაშა ვარდისფრად და ცისფრად გადაღებეს. შენობების ფასადები წვიმისგან მალევე ირეცხებოდა და მზისგან ხუნდებოდა. მშენებლებმა და არქიტექტორებმა ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტი ერთი თვის წინ დაიწყეს. მერიის წინ მდებარე მოედანზე დღესაც მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც მოედნიდან ასფალტის ფენას ხსნის, მოედანს ფილაქანის დასაგებად ამზადებენ, პარალელურად კი მის გარშემო განთავსებული ოთხი კორპუსის ფასადის რეკონსტრუქცია და შეღებვა მიმდინარეობს.
"ასფალტის ფენის დემონტაჟი მთლიანად ხდება და მის ადგილზე მონოლითური რკინაბეტონი დაისხმება, შემდგომ კერამოგრანიტითა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება. ამ ეტაპისათვის მხოლოდ მოედნის, ასევე კოსტავას დასაწყისიდან რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებამდე მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ფილაქანის მშენებლობა 15 ოქტომბრისათვის დასრულდება, ვცდილობთ, რომ მოედნის მოწყობა "რუსთავქალაქობისათვის" მოესწროს", – განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ბესიკ თუთბერიძემ.
კოსტავას გამზირზე #18,19, 21, 22 ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც დაზიანებული ნალესის ჩამოფხეკვას და ხელახლა შეღებვას, დაზიანებული ხის ფანჯრების შეცვლას, დანარჩენის კი მხოლოდ შეღებვას მოიცავს. რა თქმა უნდა, ვისაც მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს ჩასმული, მათი შეცვლა არ ხდება, აი ვისაც ძველი ხის ფანჯრები ჰქონდა შემორჩენილი, მათ კი გაუ¬მართლათ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებს ძველ ფანჯრებს სრულიად უსასყიდლოდ უცვლიან. კორპუსის ქვედა ნაწილი ბაზალტის ფილებითაა მოპირკეთებული, რამდენიმე დღის განმავ¬ლობაში კოსტავაზე გავლა წარმოუდგენელი იყო, მუშები კორპუსების ქვედა ნაწილს ასუფთავებდნენ და ამის გამო ირგვლივ ბაზალტის საშინელი მტვერი იდგა, თუმცა რუსთაველები სიახლის მოლოდინში არც ამ დისკომფორტზე წუწუნებდნენ. სამუშაოების პარალელურად ხდება გამზირზე არსებული სანათების ანუ ლამპიონების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია, კაბელებისა და ელგაყვანილობების მიწაში გადატანა.
თუ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძეს დავუჯერებთ, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტზე ფიქრი და მისი განხორციელება მარცხენა სანაპიროს მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყეს.
"მოსახლეობასთან შეხვედრისას ყოველთვის იყო ერთგვარი საყვედური, რომ მარცხენა სანაპიროზე მსგავსი პროექტი, რაც მარჯვენაზეა, რატომ არ ხორციელდებაო. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სათუთად ვუდგებოდით, ვინაიდან მარცხენა სანაპიროზე არის აბსოლუტურად სხვა არქიტექტურა, არის ძველი ინფრასტრუქტურა, ასე ხელაღებით არ გვინდოდა უხეში ჩარევა. ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა სპეციალისტები და დამუშავდა პროექტი, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ არ ითვალისწინებს უხეშ ჩარევას და ისეთი სიახლეების შემოტანას, რაც ძირეულად ცვლის ქალაქის მარცხენა სანაპიროს იერსახეს, თუმცა ეს იქნება განახლებული ძველი რუსთავი. ბევრს უნახავს ევროპაში ე.წ. "დაუნთაუნები" ანუ ძველი ქალაქები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ან სხვადასხვა დასვენების დღეებში იმართება სხვადასხვა წარმოდგენები. ჩვენი აქცენტიც სწორედ იმაზეა, რომ შევქმნათ ქალაქის ცენტრი ძველებურ სტილში არსებული არქიტექტურის შენარჩუნებით, თუმცა განახლებული, სადაც შესაძლებელი იქნება გასართობი ღონისძიებების მოწყობა", – განაცხადა კახა გურგენიძემ.
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავა, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ არჩევანი შპს "ვნვ და კომპანიაზე" შეაჩერა. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით მოედანზე ე.წ. რატუშა უნდა აშენებულიყო, 3D ფორმატის შადრევანი კი მოედნის ცენტრში განთავსდებოდა, თუმცა პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა.
"მე ძალიან მომწონს ამ ოთხი ძველი კარგად შენარჩუნებული შენობის ფასადები. ასევე ძალიან მიხარია, როცა ვისმენ მოქალაქისგან, ამ რუხ ქალაქს თუ ამდენი ჩუქურთმა და ამდენი ლამაზი დეკორი ჰქონდა, ვერ წარმოგვედგინაო, ეს ჩვენ თავისთავად სტიმულს გვაძლევს. აქტიურად კეთდება მერიის წინ მდებარე ცენტრალური მოედანი, მოხდება მისი მოკირწყვლა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზატკეცილი +" შემოიტანს საზღვარგარეთიდან ფილებს, ჩვენ მოვითხოვეთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილები. მთელი მოედანი მოიკირწყლება და ორნამენტებით გაკეთდება.
მოედნის გარშემო ოთხივე უნიკალური შენობა, ასე ვთქვათ, გაცოცხლდება და სულ სხვა იერს შეიძენს. როგორც მხატვრები გვეუბნებიან მოედანი ბუნებრივად განათდება. ასევე მნიშვნელოვანია ღამის განათება, ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ღამის განათებაზე, მაგრამ ყველაზე იდეალური აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ძველი ლამპიონები, რომლებიც საოცრად ლამაზია, ოღონდ მას ბუნებრივი ფერი უნდა დავუბრუნოთ. ლამპიონები რამდენჯერმე გადაუღებიათ და საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ როდესაც ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ისინი სპილენძისაა და საოცრად ლამაზია. სანიმუშოდ მერიის წინ გავაკეთეთ და მე პირადად ძალიან მომწონს მისი ბუნე-ბრივი ფერი. მთელი მოედანი განათებებით შეიკვრება. თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენ მხატვარ-დეკორატორებისგან ასეთი რჩევაც გვაქვს, რომ შეიძლება განათებები კიდევ დავამატოთ", – განაცხადა კახა გურგენიძემ.
მოედნის რეკონსტრუქციას ტენდერში გამარჯვებული შპს "გზატკეცილი +" აწარმოებს და ამისათვის ბიუჯეტიდან 648 838 ლარია გამოყოფილი, შენობების გარეფასადების რეაბილიტაციას კი – შპს "პრიზმა". კოსტავას გამზირის #21 და 22 კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისათვის 300 777 ლარია გამოყოფილი, #18 და 19 კორპუსებისათვის – 214 722 ლარი.
კოსტავას გამზირის გადაკეტვის შემდეგ ცენტრალურ გამზირზე მოძრავმა ტრანსპორტმა მთლიანად შიდა გზებზე, კონკრეტულად კი სუმგაით მეტალურგთა ქუჩაზე გადაინაცვლა. გზა აღნიშნულ ქუჩაზე საკმაოდ ვიწროა და ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისათვის გამოუსადეგარია. ქალაქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ ეს დროებითია და უახლოეს ხანში საგზაო მოძრაობა დარეგულირდება. ტრანსპორტით გადატვირთული სუმგაით მეტალურგთა ქუჩის მაცხოვრებლები ამის გამო გულისწყრომას ვერ მალავენ.
"მოსახლეობას სავსებით ვეთანხმები, ეს გზა რომელიც დაიტვირთა ტრანსპორტით, არ არის განკუთვნილი ორმხრივი მოძრაობისათვის. ქალაქის მერთან ერთად მოვიწვიეთ თათბირი, რომელსაც ესწრებოდა საპატულო პოლიციის უფროსიც. ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ აღმოჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ მარეგუ¬ლირებელი ნიშნებია საჭირო. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი საგზაო ნიშნების შეძენაზე, რომელიც დაარეგულირებს ახალ მოძრაობას. ტრანსპორტის მოძრაობის სქემა კი ასეთი იქნება: – მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ტრანსპორტი ხიდის გამოვლის შემდეგ ნიკოლაძის ქუჩიდან ხიდიდან მარჯვენა მხარეს აითვისებს, იქ შესაძლებელია სპორტისა და ნიკოლაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის უზრუნველყოფა ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე მარცხენა მხარეს მოძრავი ტრანსპორტი გაივლის ასლანიკაშვილის ქუჩას და ეს ქუჩა აბსოლუტურად განიტვირთება. ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე. ახლა ტრანსპორტის ძირითადი ნაკადი მოდის ერთ ქუჩაზე და აქედან გამომდინარე, გადაადგილების პრობლემები საკმაოდაა. ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას დისკომფორტის გამო, მაგრამ ჩვენ მომავალში საკმაოდ კარგი სიურპრიზები გველის", – განაცხადა კახა გურგენიძემ.
ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დასრულებას ქალაქში 15 ოქტომბრამდე "რუსთავქალაქობისათვის" ვარაუდობენ, ამავე დროისათვის მერიის წინ სცენაც დაიდგმება და უზარმაზარი მონიტორიც დამონტაჟდება. სცენის დამზადებაზე ქალაქის თვითმმართველობა ტენდერს ამ დღეებში გამოაცხადებს. 3D განზომილებიან შადრევნის გაკეთებას, მერიის წინ მდებარე სკვერის რეკონსტრუქციასა და მოწყობას კი ადგილობრივი მთავრობა რუსთაველებს 2012 წელს ჰპირდება.
რუსთავის მერიის შენობას დღემდე საბჭოთა საქართველოს გერბი "ამშვენებს". ქალაქის ხელმძღვანელობა როგორც ამბობს, მისი მოხსნა კარგა ხანია სურთ, მაგრამ ეს ტექნიკურად ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ, ამჟამად, გერბის ადგილზე ჩამოფხეკვას ფიქრობენ, თუ ესეც ვერ მოხერხდა, მაშინ პირდაპირ ზემოდან მიამონტაჟებენ საქართველოს ახალ გერბს.
მარიკა ვარდოშვილი
|