ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
ბარბი - რევოლუცია სათამაშოების ბიზნესში
#3(23), 2009

კომპანია MATTEL-ის ისტორია

დაარსების წელი: 1945
ადგილმდებარეობა: ელ სეგუნდო, კალიფორნიის შტატი
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მმართველი: რობერტ ეკერტი
ბრუნვა:  $ 5,92 მილიარდი (2008 წელი)
სუფთა მოგება:  $ 379,6 მილიონი (2008 წელი)
თანამშრომელთა რაოდენობა: 35 000
ვებ-გვერდი: www.mattel.com

"ბარბის" არსებობის შესახებ ასაკისა და სქესის მიუხედავად, მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობამ იცის. ეს თოჯინა სათამაშოების ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში დამკვიდრდა. ამ იდეის განხორციელების ავტორი არის კომპანია Mattel.

კომპანია Mattel მსოფლიოს მასშტაბით სათამაშოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ცნობილი ბრენდის პროდუქცია 150 ქვეყანაში წარმატებით იყიდება. ამ ფირმის მიერ წარმოებულ სათამაშოებს შორის არა მარტო თოჯინა "ბარბი" გამოირჩევა. აქვე უშვებენ სათამაშო ავტომობილების Hot Wheels კოლექციას, ბრენდად გადაქცეულ სათამაშოებს: "სუპერმენს", "ბეტმენს", "ჰარი პოტერს", მრავალ სხვას.

კომპანია Mattel-ის პროდუქციას ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, მექსიკაში არსებულ ფაბრიკებში აწარმოებენ. იქ, სადაც ამ სათამაშოების შექმნა გაცილებით იაფია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. კომპანია Mattel-ის მიერ წარმოებული სათამაშოების პროდუქციის გაყიდვების თითქმის ნახევარს მსოფლიოს სამი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი უზრუნველყოფს: Wal-Mart, Target და Toys’r’Us. გადავხედოთ სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზას.

დასაწყისი: 1945-1949 წლები

Mattel 1945 წელს, ჰენდლერების ახალგაზრდა ოჯახურმა წყვილმა დააფუძნა. რუთ ჰენდლერი პოლონურ მრავალშვილიან ოჯახში რიგით მეათე დაიბადა. ამ კომპანიის ჩამოყალიბებამდე ლოს-ანჯელესში, კინოკომპანია Paramount Pictures-ში მდივნად მუშაობდა. თავისი მომავალი მეუღლე - ელიოტი სწორედ აქ გაიცნო. იგი ინჟინრად მუშაობდა. თავისი პირველი ბიზნესი ელიოტმა ქორწინების შემდეგ წამოიწყო. მან ავეჯის დამზადება და გაყიდვა საკუთარი ავტოსადგომიდან დაიწყო. საქმე წარმატებით ვითარდებოდა. სულ მალე მას საქმიანი პარტნიორებიც გამოუჩნდნენ. მათთან კარგი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა: მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ელიოტმა საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნო საუბარი იმით დაასრულა, რომ კომპანიის საკუთარი წილი გაყიდა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, იგი თავის ძველ მეგობარს, ჰაროლდ მეტსონს შეხვდა. ახალგაზრდა ოჯახური წყვილის საქმიანი პარტნიორი კომპანია Mattel-ის ჩამოყალიბების დროს სწორედ იგი გახდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მეტსონი ბიზნესს იძულებით ჩამოშორდა. კომპანია Mattel-ის ბიზნეს-საქმიანობა სურათებისათვის ჩარჩოების წარმოებით დაიწყო. მათ ამ საქმეში არსებობის პირველ წელიწადს 100 000 დოლარი დააბანდეს. კომპანიის დამფუძნებლებმა მოგების სახით 30 ათასი დოლარი მიიღეს. მათი ბიზნესი წარმატებით მიდიოდა. იმავე დროს მათ სათამაშო სახლების წარმოება დაიწყეს. ეს იყო დროულად გადადგმული ნაბიჯი, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ცხოვრება ადრინდელ რიტმს დაუბრუნდა. ადამიანებმა გართობისათვის სულ უფრო მეტი ფულის დახარჯვა დაიწყეს, მათ შორის შვილებისათვის სათამაშოების შესაძენად.

ჰენდლერების ოჯახმა პირველ წლებში ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს. მათ შესანიშნავად გააცნობიერეს, რომ საჭიროა ყურადღება მიექცეს დანახარჯების მოცულობას, წარმოებული პროდუქციის დროულად მიწოდებას; ბიზნესის წარმატებით წინსვლისა და განვითარებისათვის საჭიროა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება.

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი მუსიკალური სკივრი გახდა, რომლის გამოშვება კომპანიამ მეოცე საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს მუსიკალური სკივრი შვეიცარიაში წარმოებული სათამაშოს ანალოგი იყო, მაგრამ გაცილებით იაფი ღირდა. ბავშვს მისი ამუშავება სახელურის სახით სპეციალური მექანიზმის დახმარებით შეეძლო. ამ სათამაშოს წარმოებისათვის დაბანდებულმა ფულმა მნიშვნელოვანი მოგება მოიტანა. მუსიკალური სკივრის გამოშვებისას მოპოვებულმა წარმატებამ ჰენდლერებს რამდენიმე გაკვეთილი შეასწავლა: თავდაპირველად მათ ის გააცნობიერეს, რომ ბავშვებს შორის წარმატებით მხოლოდ ის სათამაშო ისარგებლებდა, რომელიც მათ პროცესში აუცილებლად ჩართავდა. ბავშვებს საკუთარი თანამონაწილეობა უნდა ეგრძნოთ. მათ ამ სათამაშოთი გართობა რაც შეიძლება მეტი დროით უნდა მოესურვებინათ. მეორე გაკვეთილი კი ის იყო, რომ სათამაშო, რომლითაც ბავშვები დიდხანს გართობას მოისურვებდნენ, რომელიმე დიდი სერიის დასაწყისი იქნებოდა.

ინოვაციები, დივერსიფიკაცია, წარმატება: 1950-69 წლები

1955 წლისათვის კომპანია Mattel-ის გაყიდვების მოცულობა 5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიამ მუსიკალური სკივრის შემდეგ თავისი მეორე ჰიტი, პროდუქტი სახელწოდებით "Burp Guns" გამოუშვა. ამის გარდა, ჰენდლერების ოჯახმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც სათამაშოების ინდუსტრია შეცვალა: მათ ტელევიზიით სტუდია Disney-ს მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენების დროს კომპანიის რეკლამის გაშვება დაიწყეს. ეს რისკიანი სვლა იყო: ჯერ ერთი - ყველა კომპანია, რომელიც სათამაშოებს აწარმოებდა, თავიანთი წარმატების საფუძვლად საცალო ვაჭრობის ქსელის წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას თვლიდა.

პროდუქცია სწორედ მათ უნდა გაეყიდათ. პირდაპირი კონტაქტის დამყარება საბოლოო მომხმარებელთან ის სიახლე იყო, რომლის დანერგვის შემთხვევაში შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. რისკის შემცველი იყო რეკლამაში დახარჯული თანხის მოცულობა, რომელიც 500 ათას დოლარს გაუტოლდა. ეს ამ მიმართულებით დახარჯული მანამდე არნახულად დიდი ფული იყო. კომპანია Mattel-ის მიერ წარმოებული სათამაშოების რეკლამა გადაცემა "მიკი მაუსის კლუბის" ეთერში გასვლის დროს, წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა.
მალე, ამერიკაში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა იცოდა როგორ შესანიშნავ სათამაშოებს უშვებდა კომპანია Mattel. ისინი მშობლებისაგან სწორედ ამ სათამაშოების ყიდვას მოითხოვდნენ.

1957 წლიდან დაწყებული, ამერიკაში განსაკუთრებული პოპულარობით "ველური დასავლეთის" თემა სარგებლობდა. კომპანია Mattel-მა სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება დაიწყო. გამოუშვა სათამაშო ვინჩესტერები, სხვა იარაღთან ერთად, რომელიც იმ ეპოქის გამოძახილი იყო.

1959 წლისათვის კომპანიის გაყიდვების მოცულობა 14 მილიონი დოლარი იყო. ამ დროს სათამაშოების ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია მოხდა: კომპანიამ თოჯინა "ბარბი" გამოუშვა. იდეის ავტორი რუთ ჰენდლერი იყო. მან დაინახა, როგორ აქტიურად თამაშობდა მისი პატარა გოგონა დიდი ადამიანის იმიტირებით ქაღალდისაგან დამზადებული თოჯინებით. რუთმა დაასკვნა, რომ ბავშვები იმ თოჯინით დაინტერესდებოდნენ, რომელიც გარეგნულად მოზრდილი გოგონას მსგავსი იქნებოდა. იგი მიიჩნევდა, რომ ასეთ სათამაშოსთან ურთიერთობით, გოგონები სრულწლოვანების პერიოდისათვის მოემზადებოდნენ, აუცილებელ ჩვევებს შეიძენდნენ.

1959 წელს კომპანიამ თოჯინა "ბარბი" გამოუშვა, რომელსაც ეს სახელი ჰენდლერების გოგონას საპატივცემულოდ დაარქვეს. "ბარბიმ" უზარმაზარი წარმატება მოიპოვა. გოგონებისათვის განკუთვნილი იმდროინდელი თოჯინების გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა. თავდაპირველად ჰენდლერების მიერ გამოშვებულ თოჯინას ნიუ-იორკში გამართულ სათამაშოების ბაზრობაზე საკმაოდ ცივად შეხვდნენ. კომპანია Mattel-მა "ბარბისათვის" ბიზნეს-მოდელი სწრაფად შეიმუშავა. ეს თოჯინა მხოლოდ "სატყუარა" იყო. მას მოჰყვა სხვადასხვა აქსესუარები, რომელიც კომპანიისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. ამ აქსესუარებს შორის ყველაზე პოპულარული იყო ტანსაცმელის მრავალრიცხოვანი ნაკრები "ბარბისათვის". ამერიკელებმა ეს თოჯინა სწრაფად შეიყვარეს.

1968 წლისათვის თოჯინა "ბარბის" მრავალი ფან-კლუბი მოქმედებდა, რომლის წევრიც 1,5 მილიონი ადამიანი იყო. ეს იმ დროში სათამაშოსათვის მართლაც რომ გამაოგნებელი შედეგია. "ბარბის" ბრენდი მხოლოდ ამ თოჯინითა და ტანსაცმლის აქსესუარებით არ შემოიფარგლებოდა. ამ კომპანიამ საკუთარი პერსონაჟის ირგვლივ გამორჩეული სამყაროს შექმნა დაიწყო. 1961 წელს გამოჩნდა მისი მეგობარი კენი. შემდგომში გამოუშვეს ამ პერსონაჟებთან დაკავშირებული სახლები, მანქანები, მრავალი სხვა სათამაშო, რომელიც ბავშვების "ბარბისთან" თამაშის პროცესს გაახანგრძლივებდა.

"ბარბისათვის" ტანსაცმელს პროფესიონალი მოდელიორი შარლოტა ჯონსონი ქმნიდა. ეს ბიძგი იყო საიმისოდ, რომ გოგონები მსჯელობდნენ არა მარტო თვით თოჯინაზე, არამედ მის მრავალრიცხოვან აქსესუარებზე, რომელიც კომპანიის მოგების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფდა. "ბარბის" პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მის ჩაცმაზე მოდის ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები ზრუნავდნენ. ისინი  ტანსაცმელს თოჯინისათვის სპეციალურად ქმნიდნენ.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის, კომპანია Mattel-მა სათამაშოების ბაზარზე საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრა. ფირმის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო ასორტიმენტი გაეფართოვებინათ: გამოუშვეს ამერიკაში პირველი მოლაპარაკე თოჯინა Chatty Cathy, რომელმაც წარმატება მოიპოვა, მაგრამ "ბარბის" მაჩვენებლებს ოდნავაც ვერ მიუახლოვდა.

1963 წელს კომპანიამ საკუთარი აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევად გაიზარდა სათამაშოების გაყიდვების საერთო მოცულობა. ამ ფაქტმა კომპანიის შემოსავლებზეც იმოქმედა და 26 მილიონიდან 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გაყიდვების მოცულობის გაზრდა თოჯინა "ბარბის" წარმოების ხაზის გაფართოვებამ, სათამაშოების ბაზარზე მისი მეგობარი კენისა და აფროამერიკული თოჯინა "კრისტის" გამოჩენამ განაპირობა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ამერიკაში, შავკანიან მოსახლეობასთან დაკავშირებით პოლიტკორექტულობა განსაკუთრებით შეიგრძნობოდა.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი ყოველწლიურად იცვლებოდა. კომპანიას არ აკმაყოფილებდა შემოსავლების მხოლოდ "ბარბის" სერიის გაყიდვებით მიღება. Mattel მრავალი სახეობის სათამაშოს უშვებდა, რომლებიც სხვადასხვა დონის მოთხოვნით სარგებლობდა. კომპანიას ჰიტებიც გამოსდიოდა: ერთ-ერთი მათგანია რბოლისათვის განკუთვნილი  ავტომობილების სათამაშო ვარიანტი "Hot Wheels", რომელიც დღემდე გამოდის. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსათვის კომპანია Mattel მსოფლიოში სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

კომპანია MATTEL-ის წარმატების საიდუმლო

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში კომპანიამ მრავალი სხვა კომპანია შემოიერთა. მათ შორის იყვნენ Ringling Bros, Barnum & Bailey Circus. ამ ფირმისათვის კარგი დროება თანდათან კატასტროფული პერიოდით შეიცვალა. ფინანსური პრობლემის გამო აღმოსავლეთში კომპანიის მიწოდებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაფიცვები დაიწყო; დაიწვა მექსიკაში არსებული სათამაშოების ფაბრიკა. ამ კომპანიისათვის ფინანსური უსიამოვნებანი იმით დასრულდა, რომ ფირმის დამაარსებლებმა ვალდებულება იკისრეს, დათქმულ ვადაში ჯარიმის სახით სოლიდურ თანხას გადაიხდიდნენ. მათთვის გამონაკლისი არ გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საქველმოქმედო აქციების მონაწილე იყო.

1975 წელს დაინიშნა კომპანიის ახალი ხელმძღვანელობა არტურ სპეას მეთაურობით. ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა კრიტიკული ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. კომპანიამ კვლავ მომგებიანად დაიწყო მუშაობა. ჩატარდა Mattel-ის შესამჩნევი რესტრუქტურიზაცია. შეძენილ კომპანიებს შორის, უმეტესობა შორს იყო იმ მდგომარეობიდან, რენტაბელურს რომ უწოდებენ. შეიქმნა მათი მოშორების აუცილებლობა. ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ კომპანიას დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ზარალი მოუტანა. ხელმძღვანელობამ დაკარგული პოზიციის დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სათამაშოების ბაზარზე გალიდერებულ კომპანია Hasbro-ს ადრინდელი უცვლელი ლიდერი Mატტელ საგრძნობლად ჩამორჩა.

კომპანიის ისტორიიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია: მისი წარმატება სწორმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ განაპირობა. რეალურად, თოჯინა "ბარბის" გამოშვება მხოლოდ "სატყუარა" იყო მომხმარებლისათვის. ისინი შემდგომში თოჯინისათვის საჭირო მრავალრიცხოვან აქსესუარებს შეიძენდნენ, რასაც კომპანიისათვის მოგების უმეტესი ნაწილი შემოჰქონდა. Mattel გამუდმებით აფართოვებდა, ამდიდრებდა "ბარბის" სამყაროს, რომელსაც ახალი პერსონაჟები და ნივთები ემატებოდა. ეს ბავშვის ინტერესს თოჯინისადმი ახანგრძლივებდა. ბოლოს "ბარბი" იმ სახედ ჩამოყალიბდა, რომელზედაც დამსგავსება მომავალში გოგონებს სურდათ. კომპანია გამუდმებით ცვლიდა საკუთარ ძირითად პროდუქტს, რომლის თანამედროვე იერსახის შეძენას წარმატებით ახერხებდა. სქესთა თანაბარუფლებიანობის დამკვიდრების პერიოდში, თოჯინა "ბარბიმ" მრავალი პროფესია შეიცვალა. იგი მომხმარებლის წინაშე პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, მედდის, ამერიკის პრეზიდენტის სახით წარსდგა.

შემდგომში კომპანია Mattel წარმატებით უკავშირდებოდა საცალო ვაჭრობის უმსხვილეს ქსელებს, გააგრძელა სატელევიზიო სარეკლამო კამპანია, ახდენდა გამოშვებული პროდუქტის სრულყოფას. ვირტუალური სამყაროებისა და კომპიუტერული თამაშების პოპულარობამ კომპანიის წინსვლას შესამჩნევი კვალი დაატყო მიუხედავად იმისა, რომ არ მოუხდენია ვირტუალური სივრცის იგნორირება. ამჟამად "ბარბის" სამყაროს მოტივებზე მრავალი თამაში არსებობს.

თოჯინების ომი: "ბარბი" "BRATZ"-ის წინააღმდეგ

დიდმა კორპორაციებმა სხვადასხვა სათამაშოები მილიარდობით მოგების უშრეტ წყაროდ გადააქციეს. ისინი არცთუ სახუმარო ბატალიებში კონკურენტების "ჩაძირვას" მონდომებით ცდილობენ. ნიშანდობლივია თოჯინა "ბარბისა" და მისი კონკურენტი თოჯინა "Bratz"-ის მწარმოებელ კომპანიებს შორის არსებული სერიოზული დაპირისპირება, რომელიც სასამართლო გარჩევაში გადაიზარდა. კომპანია Mattel-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ თოჯინა "Bratz"-ის სახე სინამდვილეში მათ ეკუთვნით და არა მის კონკურენტს, კომპანია MGA Entertainment-ს, რომელმაც ამ თოჯინის შექმნის იდეა მოიპარა. კომპანია Mattel-ის წარმომადგენლებმა უკვე გამოთვალეს, რომ მოტაცებული იდეის სანაცვლოდ, ზარალის ასანაზღაურებლად მათ კონკურენტი ფირმისაგან კომპენსაციის სახით 3,5 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს, რაც ამ ფირმამ სუფთა მოგების სახით შვიდი წლის განმავლობაში მიიღო.

2001 წლამდე თოჯინა "ბარბი" მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თოჯინად რჩებოდა. ამ დროს სათამაშოების ბაზარზე გამოჩნდა თოჯინა "Bratz". ამ პერიოდში "ბარბის" გაყიდვების მოცულობა ყოველწლიურად 12-13%-ით მცირდებოდა, მაშინ როცა თოჯინა "Bratz"-ს კომპანია MGA Entertainment-ისათვის ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარი შემოჰქონდა. კომპანია Mattel-ის მენეჯერებმა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს და სასამართლოში წარდგენილ სარჩელში აღნიშნეს, რომ თოჯინა Bratz-ის სახე ჯერ კიდევ კომპანია Mattel-ში მუშაობის დროს მხატვარმა კარტერ ბრაიანტმა შექმნა. ამის დასტურად სასამართლოს საკუთარი ფირმის ლოგოთი დამშვენებულ ფურცლებზე შექმნილი პირველი ნახატები წარუდგინეს. სასამართლომ მხატვარს და კომპანია MGA Entertainment-ს ამ იდეის განხორციელება და ტირაჟირება უკანონო ქმედებად ჩაუთვალა.

უბერებელი "ბარბი"

მიმდინარე წელი თოჯინა "ბარბისათვის" საიუბილეოა. 50 წლის წინ, 1959 წლის 9 მარტს, კომპანია Mattel-მა პირველი ასეთი თოჯინა გამოუშვა, რომელიც ნიუ-იორკის სათამაშოების ბაზრობაზე წარადგინეს. ეს იყო სრულებით ახალი ტიპის თოჯინა, გრძელფეხებიანი ქერა, ლამაზი ბიუსტით. ბევრმა არ იცის, რომ ბარბის ერთ-ერთი პროტოტიპი გერმანული თოჯინა ბილდ ლილი იყო, რომელიც ეროტიკული კომიქსების მოტივებზე შეიქმნა. ეს კომიქსები კი ომისშემდგომ პერიოდში გერმანულ გაზეთ Bild Zeitung-ში იბეჭდებოდა. ნახევარი საუკუნის წინ, "ბარბი" ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაღაზიის დახლებზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში, შავ-თეთრი ზოლებით დამშვენებულ საბანაო კოსტუმსა და მზის სათვალეებში გამოჩნდა. მოგვიანებით მან მრავალი პროფესია გამოიცვალა, შესაბამისად იცვლიდა ტანსაცმელსაც.

მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ თოჯინას სათამაშოების უმსხვილესი ფირმისათვის შემოსავლის სახით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი დოლარი მოაქვს, რაც კომპანია Mattel-ის საერთო შემოსავლების 20%-ს შეადგენს. თავისი "კარიერის" დასაწყისში, თოჯინა "ბარბი" ძალიან ცუდად იყიდებოდა. კრიტიკას მისი გამოკვეთილად ქალური ფორმები იწვევდა.

მანამდე ბაზარზე თოჯინა-ჩვილი, ან თოჯინა-ბავშვი ჭარბობდა. თოჯინა "ბარბის" გაყიდვების მოცულობა თანდათან გაიზარდა. 1959 წლისათვის კომპანიამ 350 ათასი ეგზემპლარი გაყიდა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში ფირმა Mattel ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შევიდა. სადღეისოდ, თოჯინა "ბარბის" გარეგნობაზე 50 დიზაინერი, 12-შტატიანი დალაქი მუშაობს. მის უფლებებს 100-ზე მეტი იურისტი იცავს. სულ ამ კომპანიაში მსოფლიოს მასშტაბით 35 ათასი თანამშრომელი საქმიანობს. ყოველდღიური გაყიდვების 90%-ს ამ თოჯინის ახალი მოდელები შეადგენს.

იგი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქერათმიანი ფოტომოდელი. გონივრული მენეჯმენტის განხორციელების შემდეგ, ბარბიმ უამრავი პროფესია შეიძინა. იგი იყო სტიუარდესა, პალეონტოლოგი, აერობიკის ინსტრუქტორი, ტელევიზიის წამყვანი და თქვენ წარმოიდგინეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერიც კი. სულ 70 პროფესიის წარმომადგენელი. იგი ხშირად იცვლის ეროვნებასაც: გამოუშვეს იტალიელი, იაპონელი, კორეელი, აფროამერიკელი, ესკიმოსი "ბარბი". მის გარდერობს რეგულარულად ანახლებენ, ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჯორჯო არმანის, ჟივანშის, კელვინ კლაინის, კრისტიან დიორის, ვივიენ ვესტვუდისა და სხვა ცნობილი მოდელიორების უდიდესი ფირმები. "ბარბი" პოპულარულია ევროპის უმეტეს ქვეყანაში. ამ თოჯინით თამაში სურთ პუერტო-რიკოელ გოგონათა 72%-ს, ჩილეში მცხოვრები ბავშვების 49%-ს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მუსლიმური ქვეყნები: საუდის არაბეთი და ირანი. ამ ქვეყნებში არსებული მაღაზიის დახლებს "ბარბი" მთლიანად მაინც ვერ ჩამოაშორეს.

ამ თოჯინის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკაში, მალიბუში არა სათამაშო, არამედ "ბარბის" საოცნებო ნამდვილი სახლი ააშენეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, "ბარბის" სტილში მაისური და კოსმეტიკური ნაკრები გამოუშვეს. ამ თოჯინას მსოფლიოს 150 ქვეყანაში ყიდიან. სამიდან თორმეტ წლამდე ასაკის გოგონებს დაბადების დღეზე საჩუქრად სწორედ ამ თოჯინის მიღება სურთ. "ბარბი" არის გოგონათა იდეალური წარმოდგენა სილამაზეზე, მომხიბვლელობაზე. დღეისათვის, იტალიელ გოგონებსა და ქალბატონებს უფრო მეტი თოჯინა "ბარბი" აქვთ, ვიდრე მთლიანად კანადის მოსახლეობაა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამიდან რვა წლამდე ასაკის ამერიკელ გოგონათა უმეტესობას სახლში რვა "ბარბი" აქვთ.

ეს თოჯინა მუზეუმთა ისტორიაში უნიკალური ნიმუშია: ერთადერთია შემთხვევა, როცა პარიზის გრევენის ცვილის ფიგურების მუზეუმის ექსპონატი გახდა თოჯინა ადამიანის ნაცვლად. არსებობს "მონდო ბარბი" - ლექსების, მოთხრობების, მემუარების ანთოლოგია. მსოფლიოს მასშტაბით ამ თოჯინის უამრავ "მეკობრულ" და ოფიციალურ ანალოგებს უშვებენ. აღმოსავლეთის ქვეყნებში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს "მუსლიმური ბარბი".

იაპონიაში, 1982-85 წლებში კომპანია Mattel-ის ლიცენზიით უშვებდნენ "იაპონურ ბარბის", რომელიც შემდგომში "ჯენი", ანიმაციური სტილის თოჯინა გახდა. ამერიკაში ფილატელიის შემდეგ, თოჯინების კოლექციონირება ყველაზე პოპულარული სახეობაა. კომპანია Mattel-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში თოჯინა "ბარბის" კოლექციონირებით სერიოზულად
100 000-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული, რომელთა შორის 90% ქალბატონია. მათი საშუალო ასაკი 40 წელია. ყოველი მათგანი წელიწადში ოცამდე თოჯინას შეიძენს. კოლექციონერთა 50% ამ გატაცებაში ყოველწლიურად 100 000 დოლარზე მეტს ხარჯავს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით თოჯინა "ბარბი" ერთიდან რვა წამის სიხშირით იყიდება. უკვე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თოჯინა "ბარბი" ყველაზე წარმატებული თოჯინაა, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ. მისი "პერსონის" ირგვლივ კვლავაც გრძელდება მრავალი წლის წინ დაწყებული კამათი. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
ექიმები და პედაგოგები თოჯინას "არასწორი", ზედმეტად იდეალური ფიგურის გამო აკრიტიკებენ. ამ თოჯინის შემქმნელთა იდეით "ბარბიმ" ქალური სილამაზის იდეალი უნდა განასახიეროს. "ბარბი" რეალური ქალი რომ ყოფილიყო, 167 სანტიმეტრი სიმაღლის იქნებოდა 99-46-84 სანტიმეტრის პარამეტრებით, რაც დაუჯერებელი და ფანტასტიკურია! თოჯინის რეალური სიგრძე 30 სანტიმეტრია.

ამერიკული თოჯინის ირგვლივ მრავალი ხმაურიანი სკანდალი ამტყდარა. მათ შორის გამოირჩევა 1992 წლის ისტორია, როცა "ბარბის" 300-ზე მეტი ფრაზის ხმამაღლა წარმოთქმა "შეასწავლეს". პროტესტის ტალღა გამოიწვია სათამაშოსათვის შეუფერებელი ქარაფშუტა ადამიანისათვის დამახასიათებელმა ფრაზებმა. იყო დრო, როცა საბითუმო მოვაჭრეებმა ზურგი შეაქციეს ამ თოჯინას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამერიკაში მშობლები ამ თოჯინას თავიანთი ბავშვებისათვის არასოდეს შეიძენდნენ. "ბარბის" პირველი პარტია (351 ცალი, სამი დოლარის ღირებულებით), სატელევიზიო რეკლამის ეთერში გაშვების შემდეგ მალევე გაიყიდა. პირველი ათი წლის შემდეგ, შემოსავალმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა. 1993 წელს კომპანიამ "ბარბის" მეშვეობით შემოსავლის სახით შვიდი მილიარდი დოლარი მიიღო. 1994 წელს შემოსავალმა იკლო, მაგრამ ორ მილიარდ დოლარს მაინც მიაღწია.

ამჟამად, ამ თოჯინის საცალო ფასი 25-დან 70 დოლარია. სადღეისოდ, ერთ ამერიკელ გოგონას ათზე მეტი "ბარბის" თოჯინა აქვს, იტალიაში - ათამდე, საფრანგეთში - შვიდ ეგზემპლარამდე, ინგლისში - ხუთი ასეთი თოჯინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბარბის ჩაცმულობაზე ზრუნავს მადონას შეკვეთების შემსრულებელი, რეიჩელ ლონდონი. ყოველწლიურად, "ბარბისათვის" მინიმუმ ტანსაცმელის 100 ახალი კომპლექტი იქმნება.

ჰავაის კუნძულზე "ბარბის" მუზეუმია, ხოლო ინგლისში, მანჩესტერთან ახლოს ერთ-ერთ დასახლებაში "ბარბის" სტილში აშენებული სახლებით ქუჩაც კი არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, თოჯინა "ბარბი" მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი საქონელის ოცეულში შედის. კომპანია Mattel ანგარიშგასაწევია ისეთი მონსტრი კომპანიისათვის, როგორიც Disney-ია. სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი სათამაშოების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება დისნეილენდში მიიღო. აგრეთვე გამოუშვა ანიმაციური გმირების ტომისა და ჯერის თოჯინები. ეს გახლავთ ამერიკული ოცნების ახდენა კლასიკურ სტილში, როცა ბიზნესი იწყებოდა სურათების ჩარჩოების გაყიდვით და იმდენად განავითარეს, რომ მსოფლიო მასშტაბით დიდება, მრავალმილიონიან საბანკო ანგარიშებთან ერთად მოიპოვეს.

თოჯინა "ბარბის" ისტორიას თუ შევაფასებთ, გამოდის, რომ იგი არის არა უბრალოდ პლასტმასის ნაჭრების ნაერთი, არამედ დასავლური ცივილიზაციის სარკე, სადაც ნათლად აისახა ქალთა შრომითი მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია და ბავშვის სათამაშოების ბაზრის კონიუნქტურა. ეს თოჯინა სამომხმარებლო ბაზრის ისეთივე მიმზიდველი სიმბოლოა, როგორც ჰამბურგერი და კოკა-კოლა.

ვეფხია სამსონიძე