განახლებული სიღნაღი
№4 (16), 2007
როგორია ქალაქის დღევანდელობა და მომავალი
სიღნაღის რეაბილიტაცია ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი საამაყო წარმატებაა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კახეთის ეს ძველი ქალაქი 2007 წელს საგანგებოდ გაარემონტეს და ამისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მილიონები დახარჯა. სიღნაღი განახლების შემდეგ მართლაც საგრძნობლად არის შეცვლილი და კახეთში ტურისტების მოზიდვის პერსპექტივად პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ კახეთის ეს ქალაქი მიიჩნია. "ბიზნესი და მენეჯმენტი" რეკონსტრუქციის შედეგების უკეთ გასაცნობად სიღნაღში ჩავიდა.
ვისაც სიღნაღი განახლებამდე უნახავს, სხვაობა მართლაც აშკარაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქში დიდი სამუშაოებია ჩატარებული, სიღნაღის დამახასიათებელი ძველი იერსახე კი მთელ ქალაქშია შენარჩუნებული.
27 ოქტომბერს განახლებული სიღნაღის გახსნას მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და რეაბილიტაციის პროგრამა ხელისუფლების უდიდეს მიღწევად მიიჩნია. განახლებულ სიღნაღს საქართველოს პრეზიდენტმა სასწაული და საოცრება უწოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს განახლებული სიღნაღი ნიშნავს განახლებულ სოხუმს, ხვალ კი - ერთიან საქართველოს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბევრი არაკეთილმოსურნე სიღნაღში განხორციელებულ ცვლილებებს "პიარს" უწოდებს, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების პასუხი ამ ხალხისთვის უნდა იყოს: "ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ".
27 ოქტომბერსვე მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენები გადასცა პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთის რეგიონში გია ნაცვლიშვილს და იმ მშენებლებს, რომლებიც სიღნაღში ექვსი თვის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ექვს თვეში შეიძლებოდა ქალაქის ასეთი სახეცვლილების განხორციელება. სიღნაღის განახლებაზე სამი ათასი ადამიანი მუშაობდა.
სააკაშვილი ჩვეულებისამებრ მაქსიმალისტი იყო განახლებული სინაღის გახსნისას: "სიღნაღი მთელს ევროპაში ულამაზესი ქალაქია. ვერც ჩინელები, ვერც ამერიკელები და თურქები ვერ აშენებენ ისე სწრაფად, ხარისხიანად და ისეთი ენთუზიაზმით, როგორც – ქართველები!"
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ შექების მიუხედავად, მუშებს სიღნაღის აყვავებისთვის ხელფასი დროულად არ გადაუხადეს.
როგორც კახეთის რეგიონში მაუწყებელ რადიო "ჰერეთში" განაცხადეს, რესტავრირებულ და ევროპული დონის სიღნაღში, რომელიც პრეზიდენტმა ჩაიბარა, ჯერ კიდევ ბევრი ობიექტია მოსაპირკეთებელი. გასატანია სამშენებლო ნარჩენები და გაუცემელია მუშების ხელფასები, რასაც მშენებლებისა და მუშების პროტესტი მოჰყვა.
"ამ დრომდე ქალაქში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სიღნაღის პრეზენტაციის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით ყველა სამშენებლო კომპანიამ ქალაქი დატოვა და სამუშაოდ ქუთაისში წავიდა", - აცხადებდნენ რადიო "ჰერეთში".
რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტ მადონა ბატიაშვილის თქმით, სიღნაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები უხელფასოდ იყვნენ დარჩენილნი. "ჰერეთის" ეთერში გასული სიუჟეტების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება რადიოს ჟურნალისტების შანტაჟზე გადავიდნენ, მეტადრე მაშინ, როდესაც "იმედი" გათიშული იყო და ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდებოდა. "თუმცა რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა და რეგიონში განაწყენებული ხალხის არსებობა წინასაარჩევნოდ სახიფათოდ მიიჩნიეს, სიღნაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე ხალხს კუთვნილი ხელფასები დაურიგეს", - ამბობს ჩვენთან საუბრისას "ჰერეთის" ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი.
მუზეუმი – სიღნაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა
განახლებულ სიღნაღში ერთ-ერთი განახლებული და გალამაზებული შენობა სიღნაღის მუზეუმია. შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ სიღნაღის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შეიყვანეს.
როგორც ეროვნულ მუზეუმში განაცხადეს, სიღნაღის ხელოვნების მუზეუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებული მეცხრე მუზეუმია.
განახლებულ მუზეუმში დედაქალაქიდან ქართული კულტურული საგანძურის ნაწილი ჩაიტანეს. სიღნაღის მუზეუმში გამოფენილია ნიკო ფიროსმანის 16 ნამუშევარი, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და შუა საუკუნეების მასალა.
მუზეუმში წარმოდგენილია კახეთში აღმოჩენილი უძველესი და უძვირფასესი არქეოლოგიური მასალა. ექსპონატები ალაზნის ველზე, დმანისში და საქართველოს სხვა რეგიონებშია აღმოჩენილი.
სიღნაღის მუზეუმის თანამშრომელი ნანა მახაშვილი გულდასმით გვესაუბრება თითოეული ექსპონატის შესახებ. ყველაზე ძვირფასი ექსპონატი კი ამ დროისთვის ოქროს ლომია, რომელიც დღეს "საქართველოს ბანკის" სიმბოლოა. ექსპონატი ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულით თარიღდება და აღმოჩენილია წნორის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში კი ოქროს დამუშავება ძალიან დიდი იშვიათობა იყო. სწორედ სიძველის გამო, ოქროს ლომი თითქმის ფასდაუდებელი განძია. პირობითად კი, როგორც ამბობენ, მისი ფასი დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფარგლებშია.
არქეოლოგიური საგანძურის გარდა, სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი ფიროსმანის ნამუშევრებიდან 14 ტილო თბილისიდან ჩაიტანეს, ხოლო 2 ნახატი კი მხატვრის მირზაანის სახლ-მუზეუმიდან. მუზეუმში ვარაუდობენ, რომ ფიროსმანის ნახატები სიღნაღის მუზეუმის მუდმივი ექსპონატები გახდება და დამთვალიერებლების მისაზიდად მართლაც მშვენიერი საშუალება იქნება.
ამავე ექსპოზიციაში წარმოდგენილია ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის ფოტოფონდიდან, რომლებიც ფიროსმანის დროინდელი ქალაქის ყოფას ასახავს.
სიღნაღის მშენებლობა გრძელდება
სიღნაღის რეაბილიტაცია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით განხორციელდა. მართალია, კომუნისტების პერიოდშიც და შემდეგაც, შევარდნაძის პრეზიდენტობისას იყო გარკვეული პროგრამები გათვალისწინებული ქალაქის აღდგენისთვის, მაგრამ რეალურად სამუშაოების ჩატარება მხოლოდ წელს მოხერხდა. სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანია `თბილისთან~ და ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ხარჯით სიღნაღის მაცხოვრებლებს სახლები გაურემონტეს. ძველებური არქიტექტურული იერსახის შესანარჩუნებლად რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო სახლების სახურავების მხოლოდ კრამიტით გადახურვა. ამიტომაც, ვისი სახლიც თუნუქით იყო დახურული, სამშენებლო კომპანიამ საკუთარი ხარჯით ახალი სახურავი გაუკეთა. თუმცა, აქ გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა: როდესაც საკმაოდ ძვირფასად გარემონტებულ სახლებს სახურავები გადახადეს, სიღნაღში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მთელი სახლები ჩარეცხა. ამას მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიას შორის საკმაო გაწევ-გამოწევაც მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სიღნაღელებს ზარალი აუნაზღაურეს.
სიღნაღის გამგებლის მოადგილე, ზაზა ზედელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფომ ძირითადი მშენებლობა დააფინანსა და ამის შემდეგ უკვე კერძო ინვესტიციების განხორციელება გაგრძელდება. თუმცა ზედელაშვილის თქმით, დამთვალიერებლების ნაკადი უკვე ზაფხულში, მშენებლობის პიკზეც დიდი იყო.
როგორც სიღნაღის გამგეობაში აცხადებენ, გახსნილია მრავალი ობიექტი, მაგალითად, ნატახტარის რესტორანი ფუნქციონირებს; მუშაობს "ფრანგული კაფე" - ასე რომ, რესტორანის მონახვა სიღნაღში ადვილია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საზეიმო გახსნიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი, მოქმედი სასტუმრო ვერ ვნახეთ – რემონტდაუსრულებელ სასტუმროს არ შეეძლო სტუმრის მიღება. ცარიელ შენობაში მყოფმა მღებავმა ქალაქში კერძო სასტუმრო-სახლის მოძებნა გვირჩია.
კერძო სასტუმრო-სახლები კი სიღნაღში მართლაც არსებობს, თუმცა საერთაშორისო სტანდარტების დონემდე საოჯახო სასტუმროების ნომრები ჯერ არ მისულა. ერთ-ერთი ასეთი სასტუმროს მეპატრონე გვეუბნება, რომ ამ ბიზნესში ფულის დახარჯვას აპირებს. ის იმედოვნებს, რომ მალე სასტუმროების ბიზნესი სიღნაღში მოგებას მოიტანს.
როგორც სიღნაღის გამგებლის მოადგილე ზაზა ზედელაშვილი ამბობს, სიღნაღში სასტუმროების ბიზნესი საკმაოდ პერსპექტიულია, რადგან ძველ ქალაქს სტუმრები ჯერ კიდევ ზაფხულიდან არ აკლია. სააკაშვილის ინიციატივამ და სიღნაღის პოპულარიზაციამ ქალაქს დამთვალიერებლები მოუმრავლა.
'"არამარტო უცხოელები, საქართველოს მოქალაქეებიც მოდიან. ყოველ შაბათ-კვირას, დაახლოებით 20 ავტობუსი დამთვალიერებელი მაინც ჩამოდის", - ამბობს ზაზა ზედელაშვილი.
სიღნაღის შესახებ ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. ერთნი სიღნაღს ქართულ ლას-ვეგასობას უწინასწარმეტყველებენ და საქართველოში კაზინოების მთავარ ქალაქად სიღნაღს ვარაუდობენ, სხვები ტურიზმის ცენტრად მიიჩნევენ. ასეთი მოსაზრებაც გავრცელდა, რომ სიღნაღი შეიძლება ქალაქ-მუზეუმად გამოცხადდეს და ქალაქში შესვლა ფასიანი გახდეს. მომავალში რა იქნება, მერე გამოჩნდება, მანამდე კი პატარა ქალაქ სიღნაღში ბანკების სიმრავლე უკვე შესამჩნევია – თითქმის ყველა წამყვან ქართულ ბანკს აქ ფილიალი აქვს გახსნილი.
სიღნაღის გამგეობაში ამბობენ, რომ ბანკები მათ ქალაქში აუცილებელია და ტურისტების მომრავლება ბანკებს მოგებასაც მოუტანს. თუმცა რაც შეეხება სიღნაღის ქართულ ლას-ვეგასად გადაკეთების ვარაუდს, გამგეობაში ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნებიან. მათი თქმით, თუ ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს რეგიონის ამ გზით განვითარებას, საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ, თუმცა გადაჭრით ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში კაზინო ნამდვილად არ გაიხსნება.
გასაუბრების დროს ზოგიერთ სიღნაღელს დიდი სიხარული და კმაყოფილება არ ეტყობა. "ქალაქი კი გაალამაზეს, მაგრამ მარტო სილამაზე რას გვიშველის; თუ სამუშაო არ იქნება, მარტო განათებული ქუჩები შეგვინახავს?" - გვეკითხებიან ისინი. თუმცა, უმეტესობა მომავალს იმედიანად უყურებს:
"ადრე რომ ჩამოსულიყავი, არც ამდენი მშენებლობები იყო და არც ცხოვრება ვითარდებოდა. ახლა კი ვინც ხელს გაანძრევს, ნელ-ნელა კიდეც ეშველება", - გვეუბნება სიღნაღის სხვა მკვიდრი.
სიღნაღის გამგეობაში ამბობენ, რომ მათ ქალაქში მთავარი აქცენტი ტურიზმზე იქნება გაკეთებული.
"ტურისტებზე რომ იქნება გათვლილი, ამას რად უნდა ლაპარაკი? ამავე დროს ბანკების სიმრავლეც თავისთავად ხდება საჭირო: როცა ამდენი სასტუმრო გაიხსნება, საბანკო ოპერაციები ხომ დასჭირდებათ? მაგთის ოფისი ფუნქციონირებს... გაჭირვება მთელ საქართველოშია, ამაზე ხელისუფლება თვალს არ ხუჭავს და ცდილობს გამოსავალი იპოვნოს", - ამბობს ზედელაშვილი.
გამგეობაში ამბობენ, რომ რეგიონში საბანკო ოპერაციების მიმართ მოთხოვნა არსებობს და მოსახლეობა სესხებსაც იღებს ფერმერობისთვის, ტურისტული ბიზნესისთვის, საოჯახო სასტუმროებისათვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის.
სიღნაღში ცხოვრება გაძვირდა
"სიღნაღი მილიონერების ქალაქია", - ასე მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. სააკაშვილმა მილიონერებში ის ფულიანი ადამიანები კი არ იგულისხმა, ვინც სიღნაღში შენობებს ყიდულობენ, არამედ პრეზიდენტის განცხადებით, მილიონერები თავად სიღნაღელები არიან.
რეაბილიტაციის პროგრამამ სიღნაღში ბინები ფანტასტიკურად გააძვირა. ამ მხრივ ყველაზე მეტად იმ ადგილობრივ მოსახლეობას გაუმართლა, ვისაც საკუთარი ბინის ან ნაკვეთის გაყიდვა სურდა. სიღნაღში მრავალი ბინაა, რომლის ჭიშკარზეც "იყიდება" წერია. გავესაუბრეთ ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეს, რომელიც საკუთრების გაყიდვას აპირებს. პატარა ბინა, 4-5 ოთახი და დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობის ეზო 350 ათასი დოლარი ღირს. მესაკუთრე ბინის წარმატებულ გაყიდვაში დარწმუნებულია და ვარაუდობს, რომ მალე ბინის ფასი კიდევ უფრო აიწევს.
როდესაც ასე მნიშვნელოვნად არის ბინების ფასები გაძვირებული, ცხადია ამას უდავოდ აქვს მიზეზი. სიღნაღის შემთხვევაში ბინების გაძვირებას სამომავლო პერსპექტივით ხსნიან - ეკონომიკური აქტივობის მოლოდინი თავისთავად ქალაქის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ზრდის.
"ქალაქში ადრე თუ რომელიმე ბინა 5 ათასი დოლარი ღირდა, ახლა იმ ბინის ფასი სულ მცირე 100 ათასი დოლარია. ეს კი სიღნაღის განვითარების დადასტურებაა", - ამბობს გამგებლის მოადგილე ზაზა ზედელაშვილი.
სიღნაღის საზეიმო გახსნის შემდეგ უკვე თვეზე მეტია გასული, თუმცა ჯერ კიდევ ზოგიერთ ადგილას შენობების უკან დაყრილ სამშენებლო ნაგავს წააწყდებით. ტურისტების მოზიდვისათვის ნაგავი, ცხადია, ხელის შემშლელია.
"როდესაც ქალაქს ასეთი იერსახე ეძლევა, გვაქვს პრეტენზია ტურისტების მოზიდვაზე, ცხადია, კომუნალური სამსახური უფრო ეფექტური უნდა იყოს. რაც შეეხება მუზეუმის უკან დაყრილ ნაგავს, ქალაქის პრეზენტაციის დროს მუშებს სასწრაფოდ იქ გადაუტანიათ საამშენებლო ნარჩენები. როცა ვნახე, გავგიჟდი. რასაკვირველია, ყველაფერი გასუფთავდება, უბრალოდ, დროც აღარ იყო. ამხელა სამუშაო შესრულდა 6 თვეში...", - ამბობს ზედელაშვილი.
როგორც გავარკვიეთ, ბოლო წლებში სიღნაღის რეაბილიტაცის პროგრამა რამდენჯერმეა შემუშავებული: 1985 წელს, შემდეგ 2000 წელს, ბოლოს მიმდინარე წელს... ამ რეაბილიტაციის პროგრამების დროს რამდენჯერმე მოხდა სახლების სახურავების შეცვლა. ადრე ვისაც კრამიტი ჰქონდა დაფარებული, თუნუქით შეაცვლევინეს, წელს კი ვისაც თუნუქი ჰქონდა, მათ სახელმწიფოს ხარჯებით კრამიტი დაუფარეს საერთო იერსახის შესაქმნელად. რეაბილიტაციის დროს საკმაოდ ძვირფასი სახლები დაზიანდა. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამშენებლო კომპანიამ სახლებს თუნუქის სახურავი გადახადა და სანამ კრამიტს დააფარებდა, მოსულმა თქეშმა სახლები ჩარეცხა.
საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და როგორც სიღნაღის გამგეობაში ამბობენ, მშენებელმა კომპანიამ აღადგინა დაზიანებული სახლები. "მშენებელი კომპანიის მიზეზით დაზარალდნენ კერძო მესაკუთრეები და ამ კომპანიამ აღადგინა ის დაზიანებაც. თვითონ ვნახე, ერთი ისეთი სახლი დაზიანდა, სადაც მართლა ძალიან ძვირადღირებული რემონტი იყო გაკეთებული. მაგრამ ამინდის ასე გათვლა შეუძლებელი იყო. რისკი იყო, მაგრამ ასეთი დიდი წვიმა ძალიან იშვიათია. ეს სახლი გააკეთა კომპანიამ, სხვა პრეტენზიებიც შესწავლილია და მათი დაკმაყოფილებაც მიმდინარეობს. თუმცა, ძირითადი თითქმის ყველაფერი აღდგენილია", - ამბობს სიღნაღის გამგებლის მოადგილე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ რომელ სახლსაც კრამიტი აფარია, მას თუნუქით აღარ შეცვლიან - ქალაქს თავიდან ბოლომდე ძველი იერსახე აქვს შენარჩუნებული. რეაბილიტაციის პროგრამის ძირითადი ეტაპი დასრულებულია. თუმცა, რესტავრაცია არ მთავრდება. არის ქუჩები, სადაც გზის საფარია მოსაწესრიგებელი.
საბოლოოდ როდის დასრულდება რესტავრაცია, ამაზე სიღნაღის გამგეობაში ზუსტ პასუხს ვერ ამბობენ.
"ახლა ალბათ კულტურის სამინისტროზეა ბევრი რამე დამოკიდებული. რეაბილიტაციის ეს პროგრამა, რომელიც დასრულდა, იყო ბიუჯეტიდან დაფინანსებული: ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიონი, ადგილობრივიდან კი - 4 მილიონი".
როდესაც სიღნაღის ეკონომიკურად გააქტიურებაზე ვსაუბრობთ, ცხადია ქალაქის კომერციული მნიშვნელობა ძალიან იზრდება. შეიძლება კომერციული აქტივობის ზრდა მთავარი ფაქტორიც გახდა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, კომერციული ფართების მფლობელებს, ვისაც რაიმე დარღვევა ჰქონდა, აიძულეს სახელმწიფოსთვის საკუთარი ფართები ჩალის ფასად მიეყიდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს სიღნაღის პოლიციამ მოქალაქეების მანანა მაჭარაშვილის, თამაზ გორელიშვილის და თამარ თარაშვილის მაღაზიები ძალის გამოყენებით დაცალა და საქონელი ქუჩაში დაუყარა. მაჭარაშვილი და თარაშვილი აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაღაზიების ფართი მათ ზეწოლის და მუქარის შედეგად გააყიდვინა.
დაზარალებულთა თქმით, ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებით ბიზნესმენი ბაჩანა დავლიანიძე იყო დაინტერესებული. სიღნაღის გამგეობის რწმუნებული გია ინანიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ხატიაშვილი და პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე დავით ცისკარიშვილი მაღაზიის მეპატრონეებს ემუქრებოდნენ, რათა ქონება დავლიანიძისთვის მიეყიდათ.
ქრონიკული ზეწოლის შედეგად, მათ მაღაზიები მართლაც გაყიდეს, თუმცა შემდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართეს, რათა მას სამართალი აღედგინა.
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. "ამავე დროს, მესაკუთრე თამაზ გორელიშვილის ქონება საგადასახადო ინსპექციის მიერ იყო დაყადაღებული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი გასხვისება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ძალით გაათავისუფლა ფართი და ყველაფერი გარეთ გამოყარა", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს წარმომადგენლებთან საუბარში მანანა მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, სიღნაღი ნაწილობრივ კი განახლდა, მაგრამ იქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრება შეიზღუდა.
სიღნაღის გამგეობაში ქონების იძულებით გაყიდვასთან დაკავშირებით ფაქტებს არ ადასტურებენ:
"ვერ ვიტყვი, ასეთი რამე არ მომხდარა-მეთქი, ტელევიზიით იყო ინფორმაცია გასული. მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ ქონებას იძულებით მართმევენო. თუ ვინმემ გაყიდა და მერე დაფიქრდა, რომ ფასი არ მაწყობსო და მერე ატეხა ხმაური, ეგ უკვე არ ვიცი. ჩვენთვის არავის უთქვამს, ქონებას მართმევენო. როცა რამე უჭირთ, ჩვენთან ყოველთვის მოდიან ხოლმე და რაღა ახლა არ ჰქონდათ ჩვენი იმედი?", - გვეკითხება ზედელაშვილი.
როგორ მოგვარდება კერძო მესაკუთრეების დავა, ან განვითარების რა გზას დაადგება სიღნაღი, მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ერთი რამე უდავოა – დამთვალიერებლის თვალით დანახული დღევანდელი სიღნაღი, შარშანდელს აშკარად სჯობს და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ვიქონიოთ იმედი, რომ სიღნაღი მართლაც უამრავ ტურისტს მოიზიდავს და კახეთის ეს ლამაზი ქალაქი მთელი რეგიონის აყვავებას და მკვიდრი მოსახლეობის წინსვლას მნიშვნელოვნად წაადგება. სიღნაღის გარშემორტყმული გალავნიდან უმშვენიერეს ალაზნის ველს და კავკასიონის დათოვლილ ქედებს რომ გადმოხედავთ და ამ სილამაზესთან ერთად ქალაქის სიკოხტავითაც დატკბებით, აქ ჩამოსვლის სურვილი აუცილებლად კიდევ ერთხელ გაგიჩნდებათ.
თემურ იობაშვილი
|