ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ოფშორები ილუზიების გარეშე
#5(89), 2007
ბოლო ტენდენციები

უკვე კარგა ხანია ბიზნესმენები მიეჩვივნენ, რომ ოფშორული ზონები არის გადასახადების შემცირებისა და აქტივების დაცვის მარტივი, იაფი და უნივერსალური საშუალება. თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ოფშორულ ზონებში საქმიანობა მოდაში აღარ არის. ამიტომაც ბიზნესმენები თანდათანობით უარს ამბობენ გადასახადების მინიმიზაციისათვის არარეზიდენტი სტრუქტურების ანუ ოფშორების გამოყენებაზე.

დაბალგანაკვეთიანი საგადასახადო სისტემის იურისდიქციებში კომპანიების დარეგისტრირება ადრე ბიზნესმენების საქმიანობის ჩვეულებრივ ინსტრუმენტად იქცა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ოფშორული და ონშორული ფირმები ასრულებენ არა მარტო საგადასახადო თავშესაფრის ფუნქციებს, არამედ მათი შექმნა ემსახურება აქტივების მფლობელთა ვინაობის დამალვას. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში და საქართველოში აქტივების განთავსების შემთხვევაში კონფიდენციალურობასთან ერთად აქტუალურია მესაკუთრის უფლებათა დაცვის საკითხიც, რადგან ამ ქვეყნების სამართლებრივი გარემო კერძო საკუთრების დაცვის მისაღებ დონეს ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ასეთი ფირმები უცხოურ ბანკებში ანგარიშებს ხსნიან, როცა იქმნება პირადი "ყულაბა", ან კორპორატიული საანგარიშსწორებო ცენტრები იმ საქმიანი გარიგებების მომსახურებისთვის, რომლებსაც ხშირად თვით ოფშორთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნიათ. ბოლო დრომდე, ნებისმიერ ოფშორულ ცენტრში შეღწევა და საკუთარი ბიზნესის წარმართვა მარტივად და იაფად შეიძლებოდა. ამის შედეგად, მეწარმეები მიეჩვივნენ მარტივი სქემების გამოყენებას და ოფშორები აღიქვეს როგორც საუკეთესო გამოსავალი საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას. მრავალი ბიზნესმენი კვლავ ასე "სახიფათოდ" ფიქრობს.

ამასობაში, ერთი მხრივ, ოფშორული სამყარო შეიცვალა, საქმიანობის სტრატეგიაც ძველებური არ დარჩენილა; მეორე მხრივ კი უცხოეთში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ორგანოები მარტივად აღარ აღიქვამენ და არც ასეთი სქემაა მათთვის მისაღები. ამგვარმა ვითარებამ ოფშორულ "მოედანზე" თამაშის წესები გაართულა.

კომპანიის სადღაც ბელიზში ან ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე შეძენა კვლავაც მარტივია, უფრო რთულია უცხოურ სტრუქტურაზე კონკრეტული ბიზნესის მორგება და რისკების მინიმუმამდე დაყვანა. რაც შეეხება სიტუაციას თვით ოფშორულ ზონებში, მსოფლიო ანტი-ოფშორული კამპანიისა და განვითარებული ქვეყნების მხრიდან ზეწოლის შედეგად დაბალი საგადასახადო კანონმდებლობის მქონე ქვეყნებმა იძულებით გაამკაცრეს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირების წესები. მაგალითად, კვიპროსს საკმაო შრომა დასჭირდა, რათა ოფშორული "დამღა" ჩამოეშორებინა. აქ გაიზარდა საგადასახადო განაკვეთები, შენარჩუნდა დაგეგმვის შესაძლებლობანი. კვიპროსისაგან განსხვავებით, კარიბის ზღვის "საგადასახადო სამოთხეები" დასავლეთის ქვეყნების ზეწოლას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგნენ. ისინი ოფშორულ კომპანიებს კვლავაც აძლევენ საშუალებას საკუთარი საქმიანობა წარმართონ შეღავათიან, არასაგადასახადო რეჟიმში. მათი რეალური მფლობელების იდენტიფიკაციის თაობაზე კანონმდებლობა ფორმალურად გამკაცრდა, ფაქტობრივად კი საკუთარი "კლიენტების" საქმეებში არ ერევიან.

"მიუღებელი" ოფშორი

უკიდურესი წინააღმდეგობის გაწევა ასეთი ზონების მხრიდან სულ უფრო ნაკლებად გვხვდება. "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ საყოველთაო ბრძოლამ ოფშორებს კონფიდენციალურობის გარანტად მიჩნევის საფუძველი ჩამოართვა. ნებისმიერი ავტორიტეტული ბანკი იცავს პრინციპს "იცოდე საკუთარი კლიენტი". იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან "საიდუმლო" კუნძულებზე, გამონაკლისს არ აკეთებენ. ოფშორებში ფირმების დარეგისტრირება თუნდაც გადასახადების დამალვის მიზნით კიდევ უფრო გართულდა. მრავალი უცხოური კომპანია უარს აცხადებს საქმე ჰქონდეს ისეთ პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც საქმიანობას ოფშორის მეშვეობით სთავაზობენ. არაფერ შუაშია ქვეყნის ბიუჯეტზე ზრუნვა, ევროპული კომპანია საკუთარ ქვეყანაში საგადასახადო ორგანოების ყურადღების ქვეშ ექცევა. თანაც, ოფშორიდან მიღებული საბუთები ევროპული ფირმის მომსახურე ბანკისთვის საეჭვო წარმომავლობისაა. რისკი დაკავშირებულია გადასახადის გადაუხდელობასთან ან კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევასთან. მწარმოებელმა შეიძლება მეტი წააგოს, ვიდრე მოიგოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საგარეო სავაჭრო ოპერაციების წარმოებისას ოფშორების შუამავლად გამოყენება წარსულს ბარდება. ანტიოფშორულმა კამპანიამ თავის მიზანს მიაღწია. ოფშორების გამოყენება პირდაპირი ურთიერთობების დასამყარებლად "არამოდური" გახდა, მაგრამ ოფშორების მოყვარულმა ბიზნესმენებმა ამ სიტუაციიდან "გამოსავალი" მოძებნეს. კომპანიების დარეგისტრირება ხდება არაოფშორულ ქვეყნებში (დიდ ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ ში დელავერის შტატი). იურისდიქციის რესპექტაბელურობა ოფშორულ რისკებს ამცირებს. რამდენად ამართლებს ამგვარი გათვლები? ექსპერტთა აზრით, ინგლისური, ირლანდიური ან ისლანდიური კომპანიის სახელით საქმიანობა ყველა კითხვაზე პასუხს არ იძლევა, პირიქით - სიტუაცია უარესდება, რადგანაც ასეთი კომპანიები ფაქტობრივად ოფშორულ ზონას თავის სასარგებლოდ იყენებენ: არ ადგენენ საგადასახადო ანგარიშგებას, არღვევენ იმ ქვეყნის კანონმდებლობასაც, სადაც რეგისტრაცია გაიარეს და გახსნილი აქვთ საბანკო ანგარიში. ოფშორული კომპანიების გაუქმება-მიტოვება ხშირია. ექსპერტები კი გვაფრთხილებენ, რომ "ოფშორული ან ონშორული კომპანია - არის იურიდიული პირი, რომელიც უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზეა დარეგისტრირებული. მას აქვს საბანკო ანგარიში, ნდობით აღჭურვილი თანამდებობის პირი ხელს აწერს დოკუმენტებს". ოფშორული კომპანიებით სამართალდამცავი ორგანოები მოგვიანებით ინტერესდებიან, ხოლო ონშორულისადმი მაშინვე, როგორც კი არ შეასრულებს თავის მოვალეობას ანგარიშგებასთან დაკავშირებით.

"გათეთრება" აუცილებელია!

საგარეო სავაჭრო ოპერაციების "რუხი" ზონებიდან თანდათან განდევნა საგადასახადო დაგეგმვის მთავარი ტენდენციაა. პირველ რიგში ეს იმპორტს ეხება. ჯაჭვში ოფშორის ჩართვა იმპორტიორს საშუალებას აძლევს ეკონომია გასწიოს საბაჟო გადასახადებზე. კანონმდებლობის თვალსაზრისით, იმპორტიორები სიტუაციას ართულებენ იმით, რომ სქემაში ჩართავენ ერთი დღით შექმნილ ფირმებს, რომელთა მეშვეობითაც თავს არიდებენ მოგების გადასახადის დაფარვას. ბოლოს, რადგანაც ოფშორი საქონელს ყიდის უფრო იაფად, ვიდრე ყიდულობს, ჩნდება დაფინანსების პრობლემა. არის დამატებითი რისკები ფულის უცხოეთში გატანასთან დაკავშირებით. საამისოდ გამოყენებული ხერხი, როგორც წესი, ასევე საეჭვოა საგადასახადო ორგანოებისთვის. მრავალჯერადი გამოყენების სქემების უმეტესობის მსგავსად, "რუხმა" იმპორტმა ბოლოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წლის წინ თვალს ხუჭავდნენ თვით ტრანსფერტული ფასწარმოქმნის არსებობაზე. ამჟამად კი რუსეთის საბაჟო და შსს მჭიდროდ თანამშრომლობენ. დასავლეთის მწარმოებლები ხშირად იღებენ მოთხოვნებს, ინტერესდებიან ვის და რა ფასად მიჰყიდეს საქონელი სახეობების მიხედვით. "რუხი" სქემის მიხედვით მთელი ჯაჭვის გამოვლენა შესაძლებელი გახდა, რაზედაც მეტყველებს შარშანდელი სკანდალი რუსეთში, რომელიც მობილურ ტელეფონებს უკავშირდება. რამდენიმე თვის წინ, ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ  შარშან, ოქტომბერში აგვისტოსთან შედარებით, მობილური ტელეფონების აპარატებიდან შემოსული გადასახადები ფედერალურ ბიუჯეტში 10-ჯერ გაიზარდა, შეადგინა 104,6 მილიონი დოლარი. 2006 წლის აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე საიმპორტო დეკლარაციაში გაატარეს 1,8 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი. ოქტომბერში ეს ციფრი 3,1 მილიონამდე გაიზარდა. საბაჟო ღირებულებამ ამ პერიოდში შესაბამისად 43 და 436 მილიონი შეადგინა. დეკლარირებული ტელეფონების საშუალო ღირებულება ბოლო სამი თვის მანძილზე ცალობაში 24 დოლარიდან 135 დოლარამდე გაიზარდა. ეჭვს არ იწვევს ის, რომ "რუხ" სქემებთან ბრძოლა მხოლოდ მობილური ტელეფონებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით არ შემოიფარგლება. სამართალდამცავი ორგანოები ისწრაფვიან, რომ მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის იდგეს ერთი შუამავალი, იგივე ოფიციალური იმპორტიორი. თუკი, სქემაში ჩართულია ოფშორი, ის უნდა გაერთიანდეს ერთ მთლიან ურღვევ იურიდიულ ჯაჭვში, რასაც გულისხმობს საქონელის შემოტანა და მასზე შესაბამისი გადასახადების დაფარვა.

ექსპერტების ვარაუდით, მთელი ბაზრის უმეტესი ნაწილი ექსპორტ-იმპორტის ნორმალურ ოპერაციებზე გადავა "აორთქლებული" ფირმების გარეშე. სავაჭრო კომპანიები მსხვილდებიან, ისინი ისწრაფვიან ფინანსური  ოპერაციები აწარმოონ ნორმალურად, ავტორიტეტის შელახვის გარეშე. "რუხი" ბაზარი განსაზღვრული მოცულობით ალბათ შენარჩუნდება, მაგრამ წამყვან პოზიციებს მაინც დაკარგავს. "საგადასახადო სამოთხეში" მოგების უდიდესი ნაწილი რჩება, რაც ასევე აშკარა ხდება. ოფშორის მეშვეობით ექსპორტის განხორციელება კი უფრო სარისკოა. საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მხრიდან გამოჩენილი ყურადღების გამო, ტრანსფერტული ფასწარმოქმნის გამოყენება უფრო უხეშად დაიწყეს: ფასების შემცირება ხდება მისაღებთან მიახლოვებით. ეს სქემა ნებისმიერ შემთხვევაში აქციონერთა სამართლიან განრისხებას გამოიწვევს, რადგანაც ოფშორში გადინებული მოგება დივიდენდების სახით ამ აქციონერებს აკლდებათ.

ცივილიზაციის დამკვიდრების დროა!

ზემოთ ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ლეგიტიმურად უცხოური სტრუქტურების გამოყენება შეუძლებელია. პირიქით, გამჭვირვალე სავაჭრო კომპანიის შექმნა დასავლეთის პარტნიორებს ნდობას გაუჩენს, ხოლო ფინანსური ორგანიზაციების საკრედიტო რესურსები მისაწვდომი გახდება. ამ შემთხვევაში დავიწყებას უნდა მიეცეს მუშაობის ოფშორული მეთოდები, სქემის შესანარჩუნებლად ნულთან მიახლოვებულ დანახარჯებთან ერთად. კლასიკური "საგადასახადო სამოთხე" ასეთი კომპანიის დამკვიდრებისთვის საუკეთესო ადგილი სულაც არ არის. გონივრული არჩევანია - ონშორული იურისდიქცია, სადაც საჭიროა საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა, საგადასახადო ანგარიშგების წარმოება და მოგების გონივრული წილის დატოვება. ონშორი (ონშორული კომპანია) - წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც გამოიყენება საგადასახადო დაგეგმარებისა და კორპორატიული მართვისთვის. ოფშორისგან მთავარი განსხვავება ის არის, რომ პირველ შემთხვევაში კანონმდებლობა მოითხოვს დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშის ჩაბარებას. როგორც წესი, ონშორული კომპანიების დარეგისტრირება ხდება მაღალი საგადასახადო განაკვეთების მქონე ქვეყნებში, ამასთან არსებობს შესაძლებლობა განსაზღვრული პირობებით კომპანიებმა არსებითი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ.

ევროპაში არ მიესალმებიან იმ ფირმის არსებობას, რომელიც შექმნილია გადასახადების დამალვის მიზნით და არსებობს მხოლოდ გარსის სახით ეკონომიკური შინაარსის გარეშე. ეს არ გამორიცხავს საგადასახადო დაგეგმარების შესაძლებლობებს. მაგალითად, რიგ ევროპულ ქვეყნებში, (ლუქსემბურგში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში) შესაძლებელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება განსაზღვრულ პირობებზე საგადასახადო შენატანებთან დაკავშირებით კონკრეტული კომპანიისთვის. აქტივების ფლობის ოფშორული სქემებიც თანდათან ცივილიზებულ სახეს იღებს. მეწარმეები საკუთარი კაპიტალის (რომელიც სხვადასხვა ოფშორულ ზონებშია გაფანტული) ინტეგრირებას კარგად აწყობილ ჰოლდინგებში ცდილობენ. ასეთი სტრუქტურის შექმნა ბიზნესის მფლობელს დიდ სარგებლობას მოუტანს. იგი საშუალებას იძლევა საკუთარი აქტივები ერთ კომპანიაში გააერთიანოს სხვადასხვა დარგობრივი და ფუნქციონალური სპეციალიზაციით. ასეთი ფირმის მართვა ადვილია და უფრო იაფი. გამჭვირვალეობის გაზრდის წყალობით ბიზნესი საგარეო ინვესტორების მოსაზიდად უფრო მიმზიდველი ხდება. იზრდება კომპანიის ღირებულება, სტრატეგიული პარტნიორების რაოდენობა. ჰოლდინგის ბაზირების ადგილად ირჩევენ ევროპულ ქვეყნებს - ლუქსემბურგს, კვიპროსს, ნიდერლანდებს, ავსტრიას, შვეიცარიას. ამ მიზნისთვის ოფშორები საგადასახადო თვალსაზრისით მიუღებელია. კვიპროსი ბოლო დრომდე ერთადერთ გამონაკლისად რჩებოდა, მაგრამ აქ ჩატარებული საგადასახადო რეფორმების შემდეგ ეს ქვეყანა ოფშორულ ზონას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით აღარ წარმოადგენს. ევროპულ ქვეყნებს საკუთარი საგადასახადო შეღავათები გააჩნია დივიდენდების, პროცენტების უცხოეთში (მათ შორის ოფშორულ ზონაში) გადაგზავნისას. ამგვარად, ოფშორული კომპანია სქემაში "საბოლოო ჰოლდინგის" რანგში მონაწილეობს, რომელიც გამოიყენება მოგების დაგროვებისთვის და ფიქსაციისთვის, როგორც ჰოლდინგური სტრუქტურის შემდგომი დაფინანსების წყარო. ადრე თუ გვიან ბიზნესი არარეზიდენტული სტრუქტურების არალეგიტიმური მეთოდების გამოყენებაზე უარს იტყვის. კლასიკური ოფშორების გამოყენების არეალიც შემცირდება.

რეალურად, რამდენი ფული გაედინება რუსეთიდან ოფშორებისა და ონშორების მეშვეობით, უცნობია. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის პოპულარობაზე წარმოდგენა მაინც იქმნება კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით. ქვეყნიდან გადინებული კაპიტალის მთლიანი მოცულობის დადგენა კი რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის  ფედერალურმა სამსახურმაც კი ვერ მოახერხა. თანხის უმსხვილეს მიმღებთა შორის აღმოჩნდნენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ავსტრია და კვიპროსი. რუსული ინვესტიციის უცხოეთში დაგროვების მხრივ "საპრიზო სამეულში" არიან კვიპროსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და ნიდერლანდები. ლიდერთა ათეულში აღმოჩნდნენ ბაჰამის კუნძულები, გიბრალტარი. საინტერესოა რუსეთის ეკონომიკის მსხვილი ინვეს-ტორებიც: კვიპროსი, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები.

ვეფხია სამსონიძე