ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
საქართველოში აუდიტორული საქმიანობის 2006 წლის შედეგები
#5(89), 2007
აუდიტორული საქმიანობის ყოველწლიური სტატისტიკური ანალიზი, ამოსავალი საანალიზო მონაცემების შეზღუდული ხასიათის მიუხედავად, მუდმივად ავლენს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ტენდენციებს. ეს მოსაზრება განსაკუთრებით შეეფერება ამჟამინდელ საანალიზო პერიოდს, როდესაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მარეგულირებელი ნორმები, რაც გამოიხატა 2005 წლის ივნისში "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, რის შედეგადაც გაუქმდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის სავალდებულო აუდიტის ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნა. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ 2006 წლის აუდიტორული საქმიანობის შედეგები მნიშვნელოვანწილად იმ ტენდენციების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რაც ყველაზე თვალშისაცემად 2005 წელს გამოიკვეთა - გრძელდება აუდიტორული საქმიანობის ბაზრის შევსებისა და კონცენტრაციის პროცესი. მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აუდიტის მარეგულირებელ ადმინისტრირების წესებში მომხდარი ძირეული ცვლილებების ფონზე უფრო აშკარად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში აუდიტორის პროფესია მისთვის დამახასიათებელ იმიჯსა და საზოგადოების ნდობას უკვე საკმაოდ მაღალი ტემპებით იმკვიდრებს.

აუდიტორული საქმიანობის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ წარმოდგენის შექმნაში დაგვეხმარება ქვემოთმოყვანილი მონაცემები. აუდიტორთა ბაზარი ინტენსიურად ივსება ახალ-ახალი აუდიტური ფირმებითა და აუდიტორებით. 2006 წელს აუდიტორული საქმიანობის უფლება ჰქონდა 247 აუდიტურ ფირმას ანუ 96-ით მეტს წინა წელთან შედარებით; 300 ფიზიკურ პირს ჰქონდა აუდიტორის სერტიფიკატი და, შესაბამისად, ინდივიდუალური საქმიანობის უფლებაც, ანუ საანალიზო წელს 158-ით მეტი აუდიტორი იყო ქვეყანაში წინა წელთან შედარებით. აქედან 240 აუდიტორი დასაქმებული იყო აუდიტურ ფირმებში, 33 აუდიტორი (ანუ 6 აუდიტორით ნაკლები წინა წელთან შედარებით) ეწეოდა ინდივიდუალურ საქმიანობას, ხოლო 27 აუდიტორი საანალიზო წელს არ ყოფილა დაკავებული პროფესიული საქმიანობით. მეორეს მხრივ, გრძელდება "აუდიტორთა ბაზრის" გადანაწილების პროცესი, ძირითადად, აუდიტურ ფირმებს შორის. პირველ რიგში, ეს იმით გამოიხატა, რომ აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე ფირმების სიმრავლის მიუხედავად (247), 2006 წელს ქვეყნის მასშტაბით რეალურად პროფესიულ მომსახურებას ეწეოდა მხოლოდ 101 აუდიტური ფირმა ანუ 15 ფირმით ნაკლები, ვიდრე წინა წელს და 59-ით უფრო ნაკლები, ვიდრე 2004 წელს. მეორე მხრივ, განუხრელად უმჯობესდება აუდიტორული საქმიანობის განვითარების ამსახველი ეკონომიკური მაჩვენებლები: ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხოვნობა, ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ შესრულებული პროფესიული მომსახურების რაოდენობრივი და ღირებულებითი მაჩვენებლები, აუდიტორული საქმიანობის წვლილი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებში.

2006 წელს აუდიტორული საქმიანობის სფეროში დასაქმებული იყო 710 ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ საანალიზო წელს წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი 40 მომუშავით ანუ 6%-ით გაიზარდა.

2006 წელს აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული პროფესიული სამუშაოდან გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილია 5 332,6 ათასი ლარი ანუ 1 936,0 ათასი ლარით მეტი წინა წელთან შედარებით. როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აუდიტორული საქმიანობის წვლილი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებში ერთი წლის მანძილზე.

ობიექტური გარემოებების გამო (შპს-ებისთვის სავალდებულო აუდიტის მოთხოვნის გაუქმება) მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ დამკვეთების რიცხვი, რომელსაც საანალიზო წელს მომსახურება გაუწიეს აუდიტურმა ფირმებმა და ინდივიდუალურმა აუდიტორებმა. კერძოდ, 2006 წელს აუდიტორები (აუდიტური ფირმები) მოემსახურნენ 4533 დამკვეთს, ანუ 1561-ით უფრო ნაკლებს წინა წელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საანალიზო წელს მათ მიერ შესრულებული პროფესიული სამუშაოს მოცულობა ღირებულებით მაჩვენებლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2006 წელს ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ შესრულებულმა პროფესიული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 21160,5 ათასი ლარი ანუ 9871,5 ათასი ლარით მეტი 2005 წელთან შედარებით. ამასთან, დამკვეთების 99,8% ს მომსახურება აუდიტურმა ფირმებმა გაუწიეს (წინა წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 99,0% შეადგინა). ცხრილ 1-ში უფრო დეტალურად არის გაანალიზებული აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მონაწილეობის ხვედრითი წილი პროფესიული მომსახურების ცალკეულ სახეობებში.

ცხრილი 1. აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების ხვედრითი წილი აუდიტორული საქმიანობის ბაზარზე
     
ამ მონაცემებთან ერთად თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საანალიზო წელს მხოლოდ 33 აუდიტორი იყო დაკავებული ინდივიდუალური პრაქტიკით, ალბათ, მიზანშეწონილი აღარ იქნება მარტო იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია აუდიტური ფირმების დომინირების ტენდენცია აუდიტორული საქმიანობის ბაზარზე. აშკარად ჩანს, რომ ბაზრიდან თითქმის უკვე მთლიანად იდევნება ინდივიდუალური აუდიტორების მომსახურება - მხოლოდ 0,1% დარჩა მათ წილად (ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარად ჩანს ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მონაცემებიდან, რომელიც დაერთვის ამ ანგარიშს). ამ ტენდენციას, რომელსაც საფუძველი აუდიტორული საქმიანობის უფრო ადრინდელ ეტაპებზე ჩაეყარა, "საბოლოო განაჩენი", ალბათ, ათიათასობით მცირე ზომის შპს-სთვის სავალდებულო აუდიტის გაუქმებამ გამოუტანა, რომელთაც ობიექტური საჭიროების ნაცვლად ადმინისტრირების წესები აიძულებდა აუდიტორების მომსახურების გამოყენებას. ისინი იძულებული იყვნენ ფინანსურად მიუწვდომელი და ძვირადღირებული კომპეტენტური პროფესიული მომსახურების ნაცვლად, მიემართათ შედარებით იაფი - ინდივიდუალური (ერთი) აუდიტორის მომსახურებისათვის. მეორე მხრივ, ჩვენი აზრით, ამ ტენდენციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აუდიტორული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონისა და "მოთხოვნილების ხარისხის" ამაღლებამ, რაც სწორედ იმით გამოიხატა, რომ საზოგადოება, დამკვეთები უკვე ეძებენ შედარებით ძვირადღირებულ, მაგრამ უფრო ხარისხიან და კომპეტენტურ - აუდიტური ფირმების - მომსახურებას.

დღითი-დღე ძლიერდება ქ. თბილისში რეგისტრირებული აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების წამყვანი პოზიცია ქვეყნის ბაზარზე. კერძოდ, 2006 წელს საქართველოს აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებულ მთლიან პროფესიულ მომსახურებაში 97,0% ქ. თბილისის ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებულ სამუშაოზე მოდის (წინა წელს ეს მაჩვენებელი იყო 94,6%). თუმცა, რაიონის ცალკეულმა აუდიტურმა ფირმებმა გარკვეულწილად უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიეს წინა წელთან შედარებით და რეგიონებში რეგისტრირებული აუდიტური ფირმების შემოსავლები 77152 ლარით არის გაზრდილი 2006 წელს წინა წელთან შედარებით (2006 და 2005 წელს რაიონების ფირმების შემოსავლებმა შესაბამისად შეადგინა 630,1 ათასი ლარი და 553,0 ათასი ლარი) (იხ. ცხრილი 2-ის მონაცემები).

რაც შეეხება აუდიტორთა მიერ შესრულებული პროფესიული მომსახურების სტრუქტურას, იგი ძირეულად გარდაიქმნა საანალიზო წელს წინა წლებთან შედარებით, რაც, ცხადია, სავალდებულო აუდიტის მარეგულირებელ წესებში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.

ცხრილი 2. რაიონის აუდიტური ფირმების განაწილება 2006 წელს სიდიდისა და ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით
     
აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული მომსახურების სტრუქტურის ანალიზიდან გამოჩნდა, რომ 2006 წელს ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ფინანსური ანგარიშგების საინიციატივო აუდიტზე მოდის (32,4%), სავალდებულო აუდიტზე - 18,8% (ბუნებრივია). ამასთან, მართალია, ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების ხვედრითი წილი შემცირებულია 6,6%-ით (51,2%, ნაცვლად წინა წლის 57,7%-ისა), მაგრამ, საერთოდ, აუდიტს მაინც წამყვანი ადგილი უკავია აუდიტორთა პროფესიულ მომსახურებაში. ალბათ, კომენტარი არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების წამყვანი როლის შენარჩუნება გამოწვეულია საინიციატივო აუდიტის როლის ზრდით. კერძოდ, 2006 წელს, 2005 წელთან შედარებით საინიციატივო აუდიტის ხვედრითი წილი აუდიტორთა მიერ შესრულებულ პროფესიულ მომსახურებაში გაიზარდა 17,5%-ით (წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელი იყო 14,9%). ეს კი უდავოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საზოგადოებას საკმაოდ კარგად აქვს უკვე გაცნობიერებული აუდიტორის პროფესიის მნიშვნელობა, აუდიტორების მრავალმხრივი პროფესიული შესაძლებლობები და ამავე დროს, მნიშვნელოვნად ამაღლებულია საზოგადოების მოთხოვნილება და ნდობა აუდიტორის პროფესიისადმი (ასეთი თამამი განცხადების საშუალება მოგვეცა სწორედ სავალდებულო აუდიტის მარეგულირებელ ნორმებში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე). ამ მოსაზრებას ადასტურებს ასევე შემდეგი მონაცემებიც. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების შემდეგ, საანალიზო წელს ყველაზე დიდი ადგილი ეკავა სხვა მომსახურებას (22,9%) და შემდეგ საკონსულტაციო მომსახურებას - 19,6%. ამის საპირისპიროდ, წინა წელს საკონსულტაციო მომსახურებას ეკავა 23,6% და სხვა მომსახურებას 11,1%. და საერთოდ, საანალიზო პერიოდამდე მუდმივად იკვეთებოდა საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი როლი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შემდეგ. "სხვა მომსახურების" ხვედრითი წილის გაორმაგება (2006 წ. - 22,9% და 2005 წ. - 11,1%) და მისი ზრდა აბსოლუტურ ღირებულებით მაჩვენებლებშიც (შესაბამისად, 4851,0 ათასი ლარი და 1252,0 ათასი ლარი) სწორედ იმას ნიშნავს, რომ განუხრელად იზრდება საზოგადოების მოთხოვნილება აუდიტორთა მიერ შეთავაზებულ ფართო სპექტრის მომსახურებაზე, განსაკუთრებით საბუღალტრო მომსახურებაზე. რაც შეეხება ქონების შეფასებას, ამ მომსახურებაზე საანალიზო წელს მოდიოდა მთელი შესრულებული სამუშაოს მხოლოდ 6%.

ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობაში სამუშაოთა სტრუქტურა რამდენადმე სხვანაირად არის წარმოდგენილი. ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებულ მთელ პროფესიულ სამუშაოში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ქონების შეფასებას (37,7%), შემდეგ მოდის საინიციატივო აუდიტი - 28,3%, სავალდებულო აუდიტი - 9,2%, სხვა მომსახურება - 16,9% და საკონსულტაციო მომსახურება - 7,9%. თუმცა, "სხვა მომსახურების" ხვედრითი წილი ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობაშიც საკმაოდ არის გაზრდილი, კერძოდ, 6,0%-ით. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქონების შეფასების სახით გაწეული მომსახურების ხვედრითი წილიც - 10,7%-ით.

თუ ქ. თბილისისა და რაიონების აუდიტური ფირმების სამუშაოთა სტრუქტურას შევუდარებთ ერთმანეთს, ვნახავთ, რომ ორივე შემთხვევაში (ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით) წამყვანი ადგილი, ტრადიციულად, ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებაზე მოდის (შესაბამისად, თბილისის ფირმებში 51,5% და რაიონის ფირმებში - 43,3%). ამასთან, საინიციატივო აუდიტს თბილისის აუდიტური ფირმების საქმიანობაში 32,5% ეკავა (სავალდებულო აუდიტს - 19,0%) და რაიონების ფირმების საქმიანობაში - 28,3% (სავალდებულო აუდიტს - 28,3%). აღსანიშნავია, რომ აუდიტის შემდეგ თბილისის ფირმების საქმიანობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უკავია სხვა მომსახურებას - 23,2% (წინა წელს იყო 24,8%) და მეორე ადგილი - საკონსულტაციო მომსახურებას - 20,0% (წინა წელს იყო 11,4%).

ცხრილი 3. "სხვა აუდიტორული მომსახურების" ზრდის დინამიკა

     
საანალიზო მონაცემებიდან ჩანს, რომ სტრუქტურული გარდაქმნა დაფიქსირდა "სხვა მომსახურების" ანუ, ძირითადად,  საბუღალტრო მომსახურების სასარგებლოდ როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისის აუდიტური ფირმების საქმიანობაშიც. ამის საპირისპიროდ, რაიონის ფირმების საქმიანობის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უკავია ქონების შეფასების სახით გაწეულ მომსახურებას - 28,9% (წინა წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა 18,8% შეადგინა), ანუ თითქმის იგივე ხვედრითი წილი, რაც საინიციატივო აუდიტს (28,3%); შემდეგ სავალდებულო აუდიტს - 15,0% და სხვა მომსახურებას 14,3%, ხოლო საკონსულტაციო მომსახურებას მხოლოდ 7%.

ანალოგიურად, ერთმანეთს შევუდარეთ თბილისის ინდივიდუალური აუდიტორებისა და რაიონის ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებულ სამუშაოთა სტრუქტურა (მონაცემების შესადარისობის მიზნით, უბრალოდ არ დავარღვიეთ ტრადიცია და გავაანალიზეთ ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული მცირე მნიშვნელობის სამუშაოებიც). თბილისის ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობაში საანალიზო წელს პირველ ადგილზე დგას საინიციატივო აუდიტი - 33,4%, შემდეგ მოდის ქონების შეფასება - 27,2%, სავალდებულო აუდიტი - 14,5%, სხვა მომსახურება - 13,8% და საკონსულტაციო მომსახურება - 11,1%. რაიონების ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობაში საერთოდ არ ფიგურირებს სავალდებულო აუდიტი. ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უკავია ქონების შეფასებას - 55,8%, შემდეგ სხვა მომსახურებას - 22,2%, საინიციატივო აუდიტს - 19,6%, სხვა მომსახურებას - 22,4% და საკონსულტაციო მომსახურებას - მხოლოდ 2,4%. ერთი სიტყვით, ინდივიდუალური აუდიტორების სამუშაოს სტრუქტურაც შეცვლილია საინიციატივო აუდიტისა და სხვა მომსახურების სასარგებლოდ.

ახლა გავეცნოთ აუდიტის გარდა სხვა მომსახურების დინამიკის მონაცემებს, მომსახურების სახეების მიხედვით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით (იხ. ცხრილი 3). ამ ციფრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი თანაფარდობა მომსახურების სახეებს შორის (რაც ასევე თვალშისაცემად ჩანდა აუდიტური ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოთა სტრუქტურიდან), მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ღირებულებით მაჩვენებლებში გაზრდილია ნებისმიერი მომსახურების (სავალდებულო აუდიტის გარდა) მოცულობა, მათ შორის, 1493,2 ათასი ლარით არის გაზრდილი აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შესრულებული საკონსულტაციო მომსახურება (ეს მაჩვენებელი 2006 და 2005 წელს შესაბამისად იყო 4145,9 ათასი ლარი და 2652,7 ათასი ლარი) და 3599,0 ათასი ლარით "სხვა მომსახურება" (წლების მიხედვით შესაბამისი მაჩვენებლები იყო 4851,4 ათასი ლარი და 1252,4 ათასი ლარი). ალბათ, კიდევ ერთხელ აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საზოგადოება სულ უფრო მეტად იყენებს აუდიტორების პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებას და, როგორც ანალიზიდან ჩანს, ამ მომსახურების სახეების არეალი დღითიდღე ფართოვდება.

რაც შეეხება კერძო და სახელმწიფო სექტორში შესრულებულ სამუშაოებს, კვლავ გრძელდება ძველი ტენდენცია: 2006 წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სექტორების ჭრილში გაანალიზებული მონაცემებიდან ჩანს კერძო სექტორში შესრულებული სამუშაოების დიდი უპირატესობა და არა აბსოლუტური, ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო სექტორის აუდიტორების ინსტიტუტი. კერძოდ, 2006 წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოების დიდი ნაწილი - 83,4% (წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი იყო 77,3%) კერძო სექტორის დამკვეთებზე მოდის. სახელმწიფო სექტორში შესრულებული სამუშაოების (16,6%) უდიდესი ნაწილის "დამკვეთი" კვლავ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იყო, რომლის ბრძანების საფუძველზე საწარმოთა მართვის სააგენტო ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს და ატარებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებას იმ საწარმოებში, სადაც სახელმწიფო ფლობს წილის 50% ზე მეტს.

ანალოგიური თანაფარდობა დაფიქსირდა სამუშაოთა სტრუქტურაში რეგიონალურ ჭრილში. კერძოდ, თბილისის ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოებში კერძო სექტორზე მოდის - 84,2%, ხოლო რაიონის ფირმებში - 57,9%.

ცხრილი 4. თბილისის აუდიტური ფირმების განაწილება 2006 წელს სიდიდისა და ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით

     

შემდეგ ტრადიციულად გავაანალიზეთ აუდიტორების მიერ შესრულებული სამუშაოები აუდიტორული საქმიანობის მიმართულებების მიხედვით. აუდიტორული საქმიანობის მიმართულებების კლასიფიკაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, როგორც ყოველთვის, ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ შესრულებულ სამუშაოთა უდიდესი ნაწილი 2006 წელსაც ზოგად აუდიტზე მოდიოდა - 91,7%. წინა წლის შესადარისი მაჩვენებელი იყო 93,5%. საბანკო აუდიტზე მოდიოდა 8,0% (წინა წლის 3,7% ის ნაცვლად) და სადაზღვევო ორგანიზაციების აუდიტზე -  0,3% (წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი იყო - 2,8%). აბსოლუტური ღირებულებითი მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, როგორც ჩანს, საანალიზო წელს საბანკო საქმე სადაზღვევო საქმესთან შედარებით უფრო წინმსწრები ტემპებით ვითარდებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2006 წელს ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობა ორიენტირებული იყო მხოლოდ ზოგად აუდიტზე, მაშინ როცა წინა წელს გარკვეული (თუმცა უმნიშვნელო) ადგილი ეკავა საბანკო და სადაზღვევო ორგანიზაციების აუდიტს. რაიონის აუდიტური ფირმები საანალიზო წელს ცალსახად დაკავებული იყვნენ ზოგადი აუდიტის ჩატარებით, ხოლო თბილისის აუდიტური ფირმები, ტრადიციულად, ოთხივე მიმართულებით ეწეოდნენ საქმიანობას. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებში 91,5% მოდის ზოგად აუდიტზე (წინა წელს - 93,1%), საბანკო აუდიტზე - 8,2% (წინა წელს - 3,9%), სადაზღვევო ორგანიზაციების აუდიტზე - 0,3% (წინა წელს - 2,0%).

დასასრულ, 2006 წლის შედეგების ანალიზი შევაჯამეთ აუდიტური ფირმების საქმიანობის ანალიზით ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით, კერძოდ, ფირმების სიდიდის, მომუშავეთა რიცხოვნების, შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ერთი მომუშავის შრომის ნაყოფიერების საფუძველზე. წინა წლის მონაცემებთან შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, ცხრილები შედგენილია როგორც რეგიონალურ ჭრილში, ასევე საქართველოს მასშტაბით, ყველა აუდიტური ფირმისათვის, რომელიც საანალიზო წელს რეალურად ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას (იხ. ცხრილები 2, 4 და 5).

ცხრილი 5. აუდიტური ფირმების განაწილება 2006 წელს სიდიდისა და ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს მასშტაბით

     

როგორც ანალიზიდან გამოჩნდა, აუდიტორული საქმიანობის 2006 წლის შედეგები განსაკუთრებული ოპტიმისტური დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს, რაც განაპირობა სავალდებულო აუდიტის ადმინისტრირების წესებში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, რაც პირველად და, ალბათ, ყველაზე ძლიერადაც სწორედ საანალიზო წელზე აისახა.

შევაჯამოთ ანალიზის შედეგები:

2006 წლის სტატისტიკური მონაცემებიდან უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ აუდიტორული საქმიანობის ბაზრიდან თითქმის უკვე მთლიანად იდევნება ინდივიდუალური აუდიტორების მიერ შეთავაზებული მომსახურება.
აუდიტორული საქმიანობის ბაზრზე ისევ ინტენსიურად მიმდინარეობს ბაზრის გადანაწილებისა და კონცენტრაციის პროცესი: ერთის მხრივ იზრდება აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე აუდიტური ფირმების რიცხვი (საანალიზო წელს მათმა რიცხვმა შეადგინა 247, წინა წლის 151-ის ნაცვლად), ხოლო მერე მხრივ, თანდათან მცირდება აუდიტორული საქმიანობით რეალურად დაკავებული აუდიტური ფირმების რიცხვი ანუ ნელ-ნელა იზღუდება იმ ფირმების სიმრავლე, რომელთა კვალიფიციურ პროფესიულ მომსახურებასაც საზოგადოება უცხადებს ნდობას და თავისი ეკონომიკურ-ფინანსური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიმართავს. კერძოდ: 2006 წელს ქვეყნის მასშტაბით აუდიტორული საქმიანობით რეალურად დაკავებული იყო 101 აუდიტური ფირმა (ქვეყნის მასშტაბით) ანუ 15-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს; აქედან რეგიონებში - 3 ფირმით ნაკლები ანუ 32 ფირმა (წინა წლის შესაბამი მონაცემი იყო 35), ხოლო ქ. თბილისში - 69 აუდიტური ფირმა ანუ 12 ფირმით ნაკლები.

სამაგიეროდ, იზრდება წარმატებული აუდიტური ფირმების რიცხვი. 2006 წელს, წინა წელთან შედარებით 6-ით მეტ აუდიტურ ფირმას ჰქონდა 80,0 ათას ლარზე მეტი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე), 3-ით მეტს - 40,0-50,0 ათასი ლარის შემოსავალი, 2-ით მეტს - 60,0-70,0 ათასი ლარი შემოსავალი დამკვეთებისათვის გაწეული პროფესიული მომსახურებიდან. საბოლოო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა აუდიტური ფირმების პროფესიული შემოსავლები - 9871,5  ათასი ლარით და შესაბამისად, აუდიტორული საქმიანობის წვლილი ქვეყნის ბიუჯეტის "შევსებაში" - 1936,0 ათასი ლარით მეტი წინა წელთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი ძვრებია პატარა ქვეყნის მასშტაბით.

ამ ციფრებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ აუდიტორის პროფესიაზე საზოგადოებრივი მოთხოვნის ამგვარ ზრდას ადგილი ჰქონდა 2005 წლის ივნისში "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილების ფონზე (რაც საქართველოში არსებულ ათიათასობით შპს-სთვის სავალდებულო აუდიტის მოთხოვნის გაუქმებით გამოიხატა). როგორც მრავალგზის აღვნიშნეთ, ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დღითიდღე ძლიერდება აუდიტორის პროფესია. შესაბამისად, მაღლდება საზოგადოების ცნობიერების დონე და ნდობა ამ ჯერ კიდევ ახალი და განვითარებადი პროფესიის მიმართ, რომელიც ემსახურება დამკვეთების, მთელი საზოგადოების ინტერესებს.

საზოგადოების ნდობის ამაღლება და საზოგადოების მოთხოვნის ზრდა ასევე გამოიხატა აუდიტორების მიერ შესრულებულ სამუშაოთა სტრუქტურის გარდაქმნით. ზემოაღნიშნული ობიექტური გარემოებების მიუხედავად, ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებას მაინც პირველი ადგილი უკავია პროფესიული მომსახურების სტრუქტურაში (თუმცა, რასაკვირველია, საინიციატივო აუდიტის წყალობით). გარდა ამისა, სტრუქტურული ძვრები დაფიქსირდა "სხვა მომსახურების", ძირითადად, საბუღალტრო მომსახურების სასარგებლოდ (22,9%), თუმცა, საკონსულტაციო მომსახურება კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს აუდიტორების საქმიანობაში (19,6%). ეს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო ფართოვდება აუდიტორების მიერ საზოგადოებისთვის გაწეული მომსახურების სპექტრი და აუდიტორის პროფესიის სარგებლიანობა საზოგადოებისათვის.

2006 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა აუდიტორული საქმიანობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვიც, კერძოდ, 40 მომუშავით ანუ 6%-ით.
საანალიზო წელს 1,8-ჯერ ანუ 76%-ით ამაღლდა ერთი მომუშავის შრომის ნაყოფიერება (2005 წელს ერთი მომუშავის შრომის ნაყოფიერებამ შეადგინა 17 717,2 ლარი). ამასთან, ტრადიციულად, მსხვილ ფირმებში უფრო მაღალია შრომის ნაყოფიერება, როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს.

დასასრულს, აუდიტორთა პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, შრომის ნაყოფიერების ამაღლების ტენდენცია, ასევე, საინიციატივო აუდიტისა და "სხვა" მომსახურების, საკონსულტაციო მომსახურების აბსოლუტური ღირებულებითი მაჩვენებლებისა და აუდიტორთა მიერ შესრულებულ მთელ პროფესიულ სამუშაოში მათი ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია უდავოდ მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: სავალდებულო აუდიტის მარეგულირებელ ნორმებში მომხდარმა აუდიტორებისათვის არახელსაყრელმა ცვლილებებმა  შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში გავლენა იქონია კონკრეტული აუდიტური ფირმებისა თუ ინდივიდუალური აუდიტორების დასაქმებაზე და მათი შემოსავლების დონეზე, მაგრამ გლობალური მასშტაბით, ამ სიტუაციამ უფრო აშკარად წარმოაჩინა აუდიტორის პროფესიის მიღწევები ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მზაობა, დამსახურებული ნდობა გამოუცხადონ პროფესიას, რომლის უპირველესი დანიშნულებაა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ სამსახური.

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აქვეყნებს იმ 10 ინდივიდუალური აუდიტორის სიას, რომელთა მიერ 2006 წელს შესრულებული სამუშაოების მოცულობა (დღგ-ის გარეშე) ყველაზე მაღალია.

     

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აქვეყნებს იმ აუდიტური ფირმების სიას, რომელთა მიერ 2006 წელს შესრულებული სამუშაოების მოცულობამ (დღგ-ის გარეშე) გადააჭარბა 100 000 ლარს (მონაცემები აღებულია აუდიტური ფირმების მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან).

     

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის, მეთოდური მუშაობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი


ბაბი ალავერდაშვილი


**  შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს მონაცემები მოყვანილია შვილობილ საწარმოებთან კონსოლიდირების გარეშე. შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს კონსოლიდირებული ამონაგები აუდიტურ ფირმა შპს "ააფ კონსალტინგთან" ერთად 2006 წელს შეადგენდა 612,9 ათას ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო ოთხივე შვილობილ კომპანიასთან ერთად - 958,5 ათას ლარს დღგ-ის გარეშე(რედაქციის შენიშვნა).