ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
უცხოური ინვესტიციები რეგიონულ კონტექსტში
#4(88), 2007
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით 2006 წელი რეკორდული იყო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით. ინვესტიციებმა დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ამ ციფრს არარეალურად მიიჩნევს. უცხოური ინვესტიციების რაოდენობის ზემოთაღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ორჯერ უსწრებს სომხეთში შესულ უცხოურ ინვესტიციებს, მაგრამ ლამის ოთხჯერ ჩამორჩება აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებელს.

უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკა და რეალობა

პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2006 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი ამერიკული და ევროპული წარმომავლობის იყო. ამ განცხადებამ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ექსპერტთა შორის გაკვირვება გამოიწვია, რადგანაც ამ დროისათვის ოფიციალურად ცნობილი იყო 2006 წლის სამი კვარტლის მონაცემები, რომელთა თანახმადაც ქვეყანაში დაახლოებით 712 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იყო განხორციელებული, ხოლო მთავარი ინვესტორის სტატუსით ყაზახეთი და თურქეთი გამოდიოდა.

თუმცა, პრეზიდენტის კვალდაკვალ იგივე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. 27 მარტს მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ 2006 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 1 მილიარდ 148 მილიონი დოლარი შეადგინა და უმსხვილესი ინვესტორები ყაზახებთან ერთად ამერიკელები და ევროპელები არიან.

ნოღაიდელის თქმით, ინვესტიციების რაოდენობის მოზღვავება წინა წელთან შედარებით (2005 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა დაახლოებით 450 მლნ დოლარი შეადგინა) მთავრობის მიერ გატარებული აგრესიული, მწყობრი და კარგად გათვლილი პოლიტიკის შედეგია. ეს პოლიტიკა მიმართული იყო არა მარტო რეფორმების გატარების, არამედ ინვესტიციების მოზიდვისკენაც.

მთავრობა იგივე პოლიტიკის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს და მთავრობის მომდევნო სხდომებზე ახალ საინვესტიციო გეგმას წარმოადგენს. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება, რომ ინვესტიციების მოცულობამ 1,5-1,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 21% იქნება.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მედიაში იგივე რეაქცია მოჰყვა, რადგანაც დასახელებული ციფრები სტატისტიკის დეპარტამენტს ჯერ ოფიციალურად არ ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებამ დაადასტურა ქვეყნის პირველი პირების განცხადებების სისწორე. მეოთხე კვარტლის მონაცემებმა ამ მხრივ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და 439 მილიონ 559 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება 2005 წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მაშინ უცხოურმა ინვესტიციებმა 449 მილიონ 785 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006 წელს კვარტლების მიხედვით შემდეგი იყო:

პირველი კვარტალი - 138,984 მილიონი;
მეორე კვარტალი - 296,743 მილიონი;
მესამე კვარტალი - 271,972 მილიონი;
მეოთხე კვარტალი - 439,559 მილიონი;
სულ - 1 147,258 მილიონი აშშ დოლარი.

2006 წელს საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი ინვესტორების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება (ათასი დოლარი):

დიდი ბრიტანეთი    -    182.129,8;
აშშ            -    181.946,5;   
ყაზახეთი        -     152.310,6;
თურქეთი        -     127.081,3;   
აზერბაიჯანი    -     76.528,0.   

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ამ ოდენობის ინვესტიციების შემოსვლას და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას არ ეტყობა და ეკონომიკის სფერო კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. მათი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა ინვესტიციების რაოდენობას არასწორად ითვლის და ბევრი რამ სადავოა.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი, სტატისტიკური დეპარტამენტი ამახინჯებს რეალურ ციფრებს, მეორეც, უცხოურ ინვესტიციად მიიჩნევენ ნებისმიერი ობიექტის გაყიდვიდან მიღებულ ფულს. "ელემენტარულად, თუ ასეთი საინვესტიციო ბუმია, აუცილებლად უნდა გაზრდილიყო მწარმოებლობა და გაჩენილიყო ახალი სამუშაო ადგილები. ინვესტიცია არის მოგების მიღების მიზნით საქმეში ჩადებული ფული და არა ის, რომელიც, ვთქვათ, სანაოსნოს ან შენობა-ნაგებობების გაყიდვის გზით მივიღეთ", - აღნიშნავს ორველაშვილი.

მისივე თქმით, მეტად უცნაურ სურათს მივიღებთ, თუკი უცხოურ ინვესტიციებს დარგების მიხედვით განვსაზღვრავთ. მაგალითად, აღმოჩნდება, რომ სოფლის მეურნეობაში, სადაც 900 ათასი ადამიანია დასაქმებული, სულ რაღაც 5,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მომსახურების სფეროში, სადაც გაცილებით ნაკლები ადამიანია დასაქმებული, 600 მლნ დოლარია ჩადებული.

ქართველი ექსპერტების ნაწილს არც ის მოსწონთ, რომ საქართველოში ქონების შეძენის უფლება სხვა ქვეყნების ისეთ კომპანიებს ეძლევათ, რომლის საწესდებო კაპიტალში რაღაც წილი ეკუთვნის სახელმწიფოს. ამ სახის ქართულ კომპანიებს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. მოკლედ, გამოდის, რომ თითქოს ქონებას კერძო მფლობელს გადავცემთ, ამ დროს კი სხვა ქვეყნების ხელში გადადის. "ამას პრივატიზაცია კი არა, სხვა სახელმწიფო კაპიტალის ინტერვენცია ჰქვია", - აღნიშნავს ორველაშვილი.

ექსპერტების ერთი ნაწილი ეჭვით უყურებს ყაზახური ინვესტიციების მოძალებას და მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ყაზახური კომპანიის უკან რუსული ინტერესები მოიაზრება. საქართველოში შემოსული ყაზახური ინვესტიციების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის. გარდა ამისა, ამ კომპანიებში, განსაკუთრებით "ყაზმუნაიგაზში" საკმაოდ დიდია რუსული ინტერესები. ამიტომ, ექსპერტების თქმით, ამგვარი ინვესტიციები ყოველთვის საფრთხილოა. "ყაზახური ინვესტორების უკან, შესაძლოა, რუსული კაპიტალი იდგეს. რუსული კაპიტალი საქართველოში ისედაც ფართოდ შემოვუშვით, თუმცა ის მაინც გვეცოდინება ამა თუ იმ ბიზნესწყაროდან რა კონკრეტულ ინტერესებს უნდა ველოდოთ", - აღნიშნავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტებმა, გია ხუხაშვილმა, რეზო შავიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და სხვებმა წამოაყენეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ყიდვა იმ კომპანიებსაც აეკრძალოთ, რომელშიც წილს სხვა სახელმწიფოები ფლობენ. თუმცა, სავარაუდოდ, ამ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

რუსული ინვესტიციების მოცულობა სომხეთის ეკონომიკაში გაიზარდა

2006 წელს სომხეთში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 604 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, ეს 2005 წელთან შედარებით 18,9% ით მეტია. სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, პირდაპირმა ინვესტიციებმა სომხეთის ეკონომიკაში 305 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა - 6,3%), პორტფელური ინვესტიციების მოცულობამ 9 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა (8,6-ჯერ გაიზარდა), სხვა ინვესტიციებმა კი - 289 მილიონ 600 ათასი დოლარი (ზრდა - 31,7%). 2006 წელს სომხეთიდან სხვა ქვეყნებში 27 მილიონ 900 ათასი დოლარი იქნა ინვესტირებული.

ეკონომიკის რეალურ სექტორში უცხოურმა ინვესტიციებმა 444 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 10,9%-ით მეტია. 2006 წელს გერმანიიდან სომხეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტირებულია 47 მილიონ 800 ათასი დოლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 50,9%-ით), საბერძნეთიდან - 44 მილიონ 800 ათასი დოლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 39,6% ით), ლიბანიდან - 64 მილიონ 700 ათასი დოლარი (ზრდა - 3,7%), აშშ-დან - 32 მილიონ 600 ათასი დოლარი (ზრდა - 36,1%). 2006 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია სომხეთის ეკონომიკაში რუსეთიდან შევიდა და 87 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა (ეს არის ზრდა 1,3-ჯერ).

რაც შეეხება სფეროებს, 2006 წელს სომხეთში კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირებული იყო უცხოური ინვესტიციების 30,4% და პირდაპირი ინვესტიციების 24,7%. პირდაპირი ინვესტიციების 19,2% განხორციელდა სამთო-მომპოვებელ დარგში, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში - 10,6%.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ნიკოლაი რიჟკოვმა 26 მარტს მოსკოვში გამართულ სომხეთისა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხებზე პარლამენტშორისი კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. მისი თქმით, 2006 წელს საქონელბრუნვა რუსეთსა და სომხეთს შორის გაიზარდა და 495 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა (2005 წელს სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და სომხეთს შორის 350 მილიონი აშშ დოლარი იყო). აქედან, ორჯერ გაიზარდა რუსეთიდან ექსპორტი სომხეთში და 392 მილიონი დოლარი შეადგინა.

უკანასკნელ წლებში სომხეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული კაპიტალის მონაწილეობით დაფუძნებული ერთობლივი საწარმოების რაოდენობა. 

სხდომაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ბიზნესის განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია კანონმდებლობის სრულყოფა. თუმცა, კანონმდებლობაზე მეტად, ამას ხელს უშლის რუსეთის მიერ საქართველოსათვის სატრანსპორტო ბლოკადის გამოცხადება. შესაბამისად, რუსეთს არ შეუძლია საქართველოს გავლით პირდაპირ მიაწოდოს სომხეთს ან სომხეთიდან რუსეთში გაიტანოს ტვირთები. ამის შედეგი კი ტრანსპორტირებაზე დანახარჯების გაზრდაა.

საქართველოს კომუნიკაციური ბლოკადა სომხეთში უკმაყოფილებას იწვევს. ალბათ, სწორედ ამიტომ რუსეთის ელჩმა სომხეთში - ნიკოლაი პავლოვმა 14 მარტს განაცხადა, რომ ფოთი - ნავსადგური "კავკასია" (რუსეთი) სარკინიგზო ბორანის ამუშავება სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას ხელს შეუწყობს.

სომხეთის ვალის ანგარიშში რუსეთის ხელში გადასული სამრეწველო საწარმოები ჯერჯერობით არ მუშაობს. ელჩის თქმით, ეს არა მარტო სომხეთის მხარეს, არამედ რუსეთსაც აწუხებს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად იმუშავებს რუსეთ-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია.

საინვესტიციო ბუმი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანი უცხოური ინვესტიციების მოცულობით სომხეთს და საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს. ეს გასაგებიცაა - ნავთობისა და გაზის საბადოები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მისაზიდად კარგი წინაპირობაა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2006 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში ჩადებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4 მილიარდ 667 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. აქედან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 3 მილიარდ 731 მილიონი დოლარი (ინვესტიციების საერთო მოცულობის 79,95%) შეადგინა, ხოლო 807 მილიონ 500 ათასი დოლარი მოდის საგარეო სესხებზე. აზერბაიჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სანავთობო სექტორში უცხოური და ერთობლივი უცხოურ-აზერბაიჯანული კომპანიების მიერ ჩადებულია 281 მილიონ 500 ათასი დოლარი.

სწრაფად იზრდება აზერბაიჯანის ეკონომიკაც. 2007 წლის იანვარში აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 1 მილიარდ 893 მილიონი აშშ დოლარი (1 მილიარდ 647 მილიონი მანათი). ეს 46,8%-ით მეტია 2006 წლის იანვრის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე. აზერბაიჯანის მთავრობის პროგნოზით, 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წელთან შედარებით 26,3% ით არის მოსალოდნელი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანი 20 წლის განმავლობაში სანავთობო და გაზის საბადოების და მილსადენების ექსპლუატაციიდან 340 მილიარდ დოლარს მიიღებს. აღნიშნული პროგნოზი მოცემულია მსოფლიო ბანკის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის პარტნიორობის სტრატეგიაში (2007-2010 წწ.) და გაკეთებულია იმ ვარაუდით, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი 43 დოლარის დონეზე დარჩება.

თუკი ამ თანხას საოპერაციო ხარჯებს გამოვაკლებთ, რაც 65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აზერბაიჯანის ფისკალური შემოსავალი 175 მილიარდი დოლარი იქნება, საიდანაც 20 მილიარდი ბიუჯეტში შევა როგორც მოგებაზე გადასახადი, 155 მილიარდი დოლარი კი აკუმულირდება აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდში.

სანავთობო კონსორციუმები გეგმავენ 40 მილიარდი დოლარის წარმართვას მათ მიერვე განხორციელებულ ნავთობისა და გაზის პროექტებში. წინასწარი გათვლებით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში სანავთობო შემოსავლებიდან ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად ათასი დოლარი მოვა. ამავე დროს მოხსენებაში ისიც აღნიშნულია, რომ თუკი არ იქნება აღმოჩენილი ახალი ნავთობისა და გაზის საბადოები, ეს იქნება სანავთობო ბუმის დასასრული აზერბაიჯანში.

ბანკის ექსპერტთა აზრით, აზერბაიჯანის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა პოსტსაბჭოთა ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპზე არის ცვალებადი და მოკლევადიანი შემოსავლების სწორი მართვის უზრუნველყოფა და "ჰოლანდიური სინდრომის" თავიდან აცილება, რასაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება შეიძლება მოჰყვეს.

საქართველოს სამხრეთკავკასიელი მეზობლები უსწრებენ

როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეზობლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარების გზითაც შეიძლება. საქართველოს ეკონომიკაში პროგრესი მართლაც არის, მაგრამ საქართველოს მეზობლებს - სომხეთს და აზერბაიჯანს უფრო შთამბეჭდავი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვთ. საქართველო ეკონომიკური განვითარების საერთო დონით თავის რეგიონულ მეზობლებს ჩამორჩება.

2006 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით გაიზარდა, მაგრამ იგივე მაჩვენებელი სომხეთში 13,4% იყო, ხოლო აზერბაიჯანში 30%-ზე მეტი. რაც შეეხება ინფლაციას, სომხეთში 2,9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო აზერბაიჯანში ინფლაცია 8,3% იყო. საქართველოში გასული წლის ზაფხულში ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, მაგრამ შემდეგ მოხერხდა მისი შემცირება და საბოლოოდ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 9,2% იყო. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გამოდის, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ინფლაციის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა არ იზრდება.

ობიექტურად, საქართველოს მეზობლებს ეკონომიკური განვითარების უკეთესი მაჩვენებლებისათვის უპირატესობები აქვთ: აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი მნიშვნელოვანწილად ნავთობ-გაზის სექტორის განვითარებით აიხსნება. სომხეთს საქართველოსგან განსხვავებით არ დაუკარგავს თავისი მთავარი ბაზარი. რუსეთთან მისი ეკონომიკური კავშირები სტაბილურად ვითარდება, თუ პირდაპირი კომუნიკაციების არქონას არ მივიღებთ მხედველობაში. საქართველოს ეკონომიკამ კი 2006 წელს მძიმე დარტყმა მიიღო. რუსეთში აიკრძალა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინისა და მინერალური წყლების შეტანა, შეწყდა პირდაპირი სატრანსპორტო კავშირიც.

2006 წელს საქართველოში იმპორტსა და ექსპორტს შორის უარყოფითმა სალდომ თავის მაქსიმუმს მიაღწია და მინუს 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის მიზეზი რუსეთის ბაზრის დაკარგვასთან და ლარის გამყარებასთან ერთად იყო საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაცია, რამაც იმპორტი მნიშვნელოვნად წაახალისა. რეალურად, საქართველოს მოსახლეობა სუბსიდირებას უწევს იმ ქვეყნების ეკონომიკას, საიდანაც სამომხმარებლო საქონლის იმპორტი ხდება. შედეგად ადგილობრივი წარმოება ჩერდება და იმპორტული პროდუქტის მოხმარება იზრდება.

მალხაზ მაცაბერიძე