ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ამბები
#4(88), 2007
აქციზური მარკების რეალიზაციით ბიუჯეტმა მილიონი ლარი მიიღო

2007 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მიღებულმა შემოსავალმა აქციზური მარკების რეალიზაციის შედეგად 37 906 046 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს.

სულ 2007 წლის იანვარ-მარტის მანძილზე აქციზური მარკების მისაღებად 710 განაცხადი შევიდა, რომლის საფუძველზე რეალიზებულია 96 488 204 აქციზური მარკა. სახეობების მიხედვით აქციზური მარკების რეალიზაცია ასეთი იყო:

ადგილობრივი თამბაქოს საწარმოებისთვის აქციზურ მარკებზე 116 განაცხადია მიღებული. რეალიზებულ მარკათა რაოდენობამ 56 991 575 შეადგინა და აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 19 535 400 ლარი. იმპორტირებული თამბაქოს პროდუქციისთვის აქციზური მარკების მისაღებად 41 განაცხადი შევიდა. აღრიცხულ პერიოდში გაცემულია 21 954 572 აქციზური მარკა, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია აქციზის გადასახადი 13 296 723 ლარი.

ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელებისთვის აქციზური მარკების მისაღებად 336 განაცხადი შევიდა, რომლის საფუძველზე რეალიზებულია 3 874 994 აქციზური მარკა, აქციზის გადასახადის სახით მობილიზებულია 2 799 665 ლარი. იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელებისთვის აქციზური მარკის შესა-ძენად 56 განაცხადი შევიდა, გაიცა 680 596 აქციზური მარკა, აქციზის გადასახადის სახით მობილიზებულია 630 466 ლარი.

ადგილობრივი წარმოების ლუდზე აქციზური მარკების მისაღებად 89 განაცხადი შევიდა. გაიცა 11 020 000 აქციზური მარკა, ბიუჯეტში მობილიზებულია აქციზის გადასახადი 1 691 520 ლარი. იმპორტირებული ლუდისთვის აქციზური მარკების მისაღებად 42 განაცხადი შევიდა. გაიცა 1 966 467 აქციზური მარკა, ბიუჯეტში მობილიზებულია აქციზის გადასახადი 252 272 ლარი.

ახალი 200-ლარიანი ბანკნოტი მიმოქცევაშია

16 აპრილიდან საქართველოში მიმოქცევაში ახალი 200 ლარიანი შევიდა, რომელზეც წარწერა ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზეა გაკეთებული. 200-ლარიანი კუპიურის ერთ მხარეზე საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930) პორტრეტია გამოსახული, მეორეზე კი ქალაქ სოხუმის ხედი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, ახალი კუპიურის მიმოქცევაში შესვლა საქართველოში ეკონომიკის გაზრდით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობითა და უცხოური ინვესტიციების ზრდით არის განპირობებული.

"ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდა ლარის მოთხოვნილების ზრდას იწვევს, არა მარტო როგორც გადახდის საშუალების, ასევე შენახვის მოთხოვნილებაც გაზრდილია", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ახალი ბანკნოტები, რომლებიც გერმანიის ყველაზე ცნობილ კომპანიაში - "გიზეკე უნდ დევრიენტში" დაიბეჭდა, დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფულის ნიშანია. მათი დამზადებისას უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ისინი უფრო ხარისხიანია ვიდრე ევრო", - ირწმუნება რომან გოცირიძე.

თბილისში ბუნებრივი აირის საფასური 1 მაისიდან 50,62 თეთრი ხდება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 1 მაისიდან 34,2 თეთრიდან 50,62 თეთრამდე იზრდება.
 
როგორც მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, გაზის განაწილების საშუალო ტარიფი კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" 48,15 თეთრია. ახალი ტარიფი 1 მაისიდან ამოქმედდება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 71,42 თეთრამდე ითხოვდა.

სამომხმარებლო ტარიფი გაზზე რეგიონებშიც იზრდება. სხვადასხვა რეგიონში ტარიფი განსხვავებულია და ის 45 დან 55 თეთრამდე მერყეობს 1 კუბური მეტრი აირისთვის. ერთადერთი გამონაკლისია ყაზბეგის რაიონისთვის დაწესებული ტარიფი - 25,45 თეთრი. ამჟამად სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა რეგიონებში 36 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

ტარიფის ზრდა გაზზე ძირითადად გამოიწვია საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის მოწოდების ფასის 110 დოლარიდან 235 დოლარამდე გაზრდამ. თუმცა ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციამ შესაძლებლობა შექმნა საშუალო შეწონილი ტარიფი შემცირებულიყო.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი წლის ბოლოს ამოქმედდება

ნავთობსადენ ბაქო-სუფსას 800 მეტრიან მონაკვეთს მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩნდა. გადაწყდა შეცვალონ მილები და ასევე ნავთობსადენის მარშრუტი.
"ამ გაზსადენის ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე პრობლემები აქვს, არის მეწყერი. ამიტომ ჩვენ გვსურს შევცვალოთ ნავთობსადენის 800 მეტრი და წლის ბოლომდე განვაახლოთ მუშაობა", - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

ნავთობსადენი ბაქო-სუფსა ნოემბრიდან არის გაჩერებული.

თურქი ინვესტორები აჭარაში ჰესებს ააშენებენ

თურქი ბიზნესმენები აჭარაში რამდენიმე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ააშენებენ. როგორც ავტონომიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, თურქ ინვესტორთა დელეგაცია მხარეში მდინარეების პოტენციალს სწავლობს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და მას რამდენიმე პროექტის დეტალები გააცნეს.

მომავალი თვის მანძილზე განისაზღვრება მდინარეები, რომლებზე შემოდგომიდან მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას აპირებენ. აჭარის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მომგებიანი იქნება როგორც აჭარისთვის, ისე მეზობელი თურქეთის რაიონებისთვის.

სასტუმრო "მეტეხი" იყიდება

"ქართულ-ავსტრიულ ერთობლივ საწარმო მეტეხზე" აუქციონი გამოცხადდა. სასტუმრო კომპლექსის საწყისი ფასი 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.  აუქციონი ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმოს გაკოტრების მმართველის მიერ გამოცხადდა. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 24,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 30 ათას კვადრატულ მეტრს. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადები 8 ივნისის 17 საათამდე მიიღება. აუქციონი 8 ივნისს 18 საათზე გაიმართება.

"მეტეხი" - საქართველოში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც 1991 წლის მაისში გაიხსნა. მისი მფლობელია შპს "ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო მეტეხი", ხოლო მმართველი კომპანია - სტარვუდის სასტუმროებისა და კურორტების - შერატონის ბრენდის საერთაშორისო კორპორაციაა (Starwood Hotels&Resorts Worldwide Inc through its Sheraton Brand).

სასტუმრო "თორი" გაყიდულია

სასტუმრო "თორი" ფიზიკურ პირზე  5,9 მილიონ დოლარად გაიყიდა, - განაცხადეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ "თორის" გასაყიდად აუქციონი მარტში გამოაცხადა. სასტარტო ფასი 4 მლნ დოლარი იყო. შპს "თორის" საწესდებო კაპიტალმა 3 მლნ 794,8 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფო წილი საწესდებო კაპიტალში 100%-ს შეადგენდა. სასტუმროს 44 ნომერი აქვს.

სასტუმრო "თორი" თავდაცვის სამინისტროსთვის 2000 წელს თურქული გრანტის სახსრებით ააშენეს.

"სანდი ტაიმსი" უმდიდრესი ბრიტანელების სიას აქვეყნებს

ჩუკოტკის გუბერნატორი რომან აბრამოვიჩმა მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანული გაზეთის "სანდი ტაიმსის" უმდიდრესთა სიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება. ყოფილ ცოლთან – ირინასთან განქორწინების შემდეგ რომან აბრამოვიჩის ქონება 10,8 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ირინა აბრამოვიჩი განქორწინების შემდეგ ასევე შევიდა უმდიდრესთა სიაში და 452-ე ადგილი დაიკავა 1.55 მილიონი ფუნტი სტერლინგით.

სიაში პირველი ადგილი შარშანდელის მსგავსად ინდოელმა ფოლადის მაგნატმა ლაქშმი მიტალმა დაიკავა. მისი ქონება 19,25 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

მესამე ადგილზეა ბრიტანეთში უმსხვილესი მიწათმფლობელი ვესტმინსტერის ჰერცოგი თავისი 7 მილიარდით.

პირველად ბრიტანეთის უმდიდრესთა ათეულში შევიდა ირანული წარმოშობის დევიდ ჰალილი 5,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგით (მეხუთე ადგილი ტოპ-1000-ში)

რუსეთში ყალბმა ფულმა იმატა

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტმა და რუსეთის ბანკმა 2006 წელს ბრუნვაში არსებული ყალბი ფულის შესახებ სენსაციური მონაცემები გამოაქვეყნეს. ამ სახის დანაშაულმა ქვეყანაში 30%-ით მოიმატა, ხოლო ბრუნვიდან ამოღებული ყალბი ფულის კუპიურების მოცულობამ გასულ წელთან შედარებით 60%-ს გადააჭარბა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წელს სამართალდამცავებმა ბრუნვიდან 118 410 ყალბი ბანკნოტი ამოიღეს, საერთო თანხით 104 მილიონ 125 ათასი რუბლი. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ექსპერტიზაგავლილი კუპიურებიდან გაყალბებული აღმოჩნდა 105104 ბანკნოტი. ყალბი ბანკნოტების საერთო თანხამ 96 მილიონ 242 ათასი რუბლი შეადგინა.

გაყალბებისთვის ყველაზე პოპულარულია 1000 რუბლის ნომინალის კუპიურა. 2006 წელს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თანამშრომლებმა 93260 ცალი 1000 რუბლის ნომინალის კუპიურა ყალბ ფულად აღიარეს. 100 რუბლის ნომინალის ბანკნოტებიდან ყალბი 5 864 კუპიურა გამოავლინეს, 500 რუბლიანი კუპიურებიდან ყალბია 4685 ცალი ბანკნოტი, 50 რუბლიანებიდან 1004 კუპიურაა ყალბი, 10 რუბლიანი ყალბი ფულის ნიშანი 291 ცალია, ხოლო გაყალბებული 5000 ათასი რუბლის ნომინალის ბანკნოტი კი მხოლოდ 7 ცალი აღმოჩნდა.

2006 წელს რუსეთში უცხოური ფულადი ნიშნების გაყალბების მხრივ ყველაზე მიმზიდველად კვლავაც ამერიკული დოლარი დარჩა. გამოვლენილ ყალბ ვალუტას შორის 95 % სწორედ ამერიკულ დოლარზე მოდის. ბრუნვიდან ამოიღეს 24 117 ბანკნოტი, საერთო თანხით 2,648 მილიონი დოლარი. გაყალბებული ფულის მასიდან 96 პროცენტი 100 დოლარიანი კუპიურაა.

ექსპერტების განცხადებით გაყალბებული ბანკნოტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოიმატა გაყალბების ხარისხმაც.

ევროკომისიის მონაცემებით, ყალბი ფულის დამზადების მხრივ რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა, პირველობა კი არავის დაუთმო ჩინეთმა.    

რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს

რუსეთის მხარე მზადაა დააფინანსოს სომხეთში ახალი აეს-ის მშენებლობა. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. რუსეთის ფედერალური ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო ცოტა ხნის წინ ერევანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი პროექტს დააფინანსებს და სამაგიეროდ სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის თანამესაკუთრე გახდება.

ყაზახეთში ინვესტორები ფულს აბანდებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ყაზახეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში Centras Private Equity Fund 15 მილიონი დოლარი ჩადო. მხარეებმა შეთანხმებას ხელი ალმა-ათაში მოაწერეს. დაგეგმილია ამ ფონდში 75 მილიონი დოლარის დაბანდება. ინვესტიციების მიმართული იქნება არასაბანკო საფინანსო მომსახურების სფეროში, პროდუქტების წარმოებაში, საცალო ვაჭრობაში, ტელეკომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში.

"სიტი გრუპმა" დამნაშავე კომპანია შეისყიდა

"სიტი გრუპმა" სკანდალურად ცნობილი ბროკერის, Nikko Cordial Corp. შესყიდვის პროცესი დაასრულა. საქმიანი გარიგება შეფასებულია 13,35 მილიარდზე მეტი დოლარით, რაც რეკორდული იქნება იაპონურ კომპანიებში გადახდილ თანხებს შორის. 2006 წლის დეკემბერში, იაპონიის სიდიდით მესამე ბროკერი Nikko Cordial 2004-2005 საფინანსო წლებში ფინანსური შედეგების მომატებაში დაადანაშაულეს. ამ ფირმას რეკორდულად დიდი მოცულობის ჯარიმა დააკისრეს 500 მილიონი იენის (4,2 მილიონი დოლარი) მოცულობით.