ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
მინიმალური ხელფასის იმედად
#3(87), 2007
ამერიკაში ამჟამად შრომის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 5,15 დოლარს საათში. ე.ი. სამუშაოს მიმცემს დაქირავებულისთვის ნაკლების გადახდა ეკრძალება. უკანასკნელად, მინიმალური ანაზღაურების დონემ 1997 წელს მოიმატა.

აშშ-ში ანაზღაურების მინიმალური შესაძლებელი დონის სისტემა 1938 წლის ოქტომბერში შემოიღეს, როცა ქვეყანა უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისისგან - დიდი დეპრესიის შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მაშინ მიიღეს კანონი "შრომის სამართლიანი სტანდარტების თაობაზე", რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დაქირავებულ მუშაკს არ შეეძლო აეღო საათში 25 ცენტზე ნაკლები. ეს გაკეთდა მეწარმეთა განუკითხაობის შესაჩერებლად, რომლებიც ეკონომიას საკუთარი თანამშრომლების ხარჯზე აკეთებდნენ.

1930-იანი წლების ბოლოს აშშ-ში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალი იყო, უკმაყოფილო ადამიანებს ქუჩაში აძევებდნენ, მათი შემცვლელების მოძებნა ძალიან ადვილი იყო. ამ პროცესის მართვის ვალდებულება შრომის სამინისტროს დაეკისრა. საინტერესოა ის, რომ ფედერალურ დონეზე მინიმალური ანაზღაურების შემოღების მცდელობას ადგილი 1935 წელს ჰქონდა. მაშინ წინააღმდეგი უზენაესი სასამართლო წავიდა, რომელმაც მიიჩნია, რომ ეს ნორმა არ შეესაბამებოდა აშშ-ის კონსტიტუციას. ამასთან, ამერიკის ზოგიერთ შტატში დე-ფაქტო ეს ნორმა დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა. მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატში ეს ნორმა 1912 წელს შემოიღეს.

ამერიკაში მსგავსი კანონების მიღების მთავარი ინიციატორი გავლენიანი პროფკავშირები იყო. ისინი მინიმალურ ანაზღაურებაში მშრომელთა ინტერესების ეფექტური დაცვის საშუალებას ხედავდნენ. შემდგომში, კიდევ ორი საკანონმდებლო აქტი მიიღეს, რომელიც სახელმწიფოს საქმიანობას არეგულირებდა - ეს მოხდა 1961 და 1966 წლებში. მინიმალური ანაზღაურების დონე 26-ჯერ გაზარდეს. ამ მიმართულებით განსაზღვრული სისტემა არ არსებობდა: ხანდახან, გაზრდის მომენტებს შორის რამდენიმე წელიწადი გადიოდა. მინიმალური ანაზღაურება არ გაუზრდიათ 1950-1956, 1981-1990 წლების პერიოდში, ამჯერად კი დამყარებულია რეკორდი, როცა მინიმალური ხელფასი არ გაზრდილა 9 წლის განმავლობაში. ხანდახან, მინიმალური ხელფასების გაზრდის პერიოდი წელიწადსა და ნაკლებ დროს მოიცავდა. არ იყო ზუსტად განსაზღვრული, რომელ თვეში უნდა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. თავდაპირველად, მატება ხდებოდა ოქტომბერში, შემდეგ სექტემბერში, მოგვიანებით იანვარში. შემდგომში არც ეს სისტემა იყო დაცული. არ არსებობდა განსაზღვრული ლოგიკა მინიმალური ანაზღაურების მოცულობის გაზრდისას. 1997 წელს მინიმალური ხელფასი გაიზარდა 30 ცენტით. (4,75-დან 1996 წელს, დღევანდელ 5,15 დოლარამდე საათში.) 1950 წელს ეს ოდენობა გაიზარდა თითქმის ორჯერ (40 ცენტიდან 1945 წელს 75 ცენტამდე).

ორეგონის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დოლარის შემსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე - ყველაზე დიდი მინიმალური ანაზღაურება 1968 წელს დაფიქსირდა, როცა ზღვარმა საათში 1,60 დოლარამდე აიწია. დღევანდელ პირობებში ეს მაჩვენებელი საათში 9,12 დოლარს უტოლდება. ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი ადასტურებს, რომ 2005 წელს მინიმალური ანაზღაურების მსყიდველობითი უნარი 1979 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. მინიმალური ხელფასის ოდენობის უკანასკნელად გაზრდის შემდეგ 9 წლის განმავლობაში ინფლაცია და ცხოვრების ღირებულება შესამჩნევად გაიზარდა. ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, მინიმალური ხელფასი 20%-თ გაუფასურდა. ამიტომ, მას არ შეუძლია (პრაქტიკულად, არც არასოდეს შეეძლო) ადამიანი მინიმალურად მისაღებ ცხოვრების დონემდე უზრუნველყოს. აშშ-ში ოფიციალურად სიღარიბის დონის ცნება 1959 წელს შემოიღეს. მინიმალური ხელფასის შესწავლის ცენტრის შეფასებით, მაშინ მინიმალურად დასაშვები ხელფასების მიმღებთა შემოსავლები სიღარიბის ოფიციალურ დონეზე 33%-ით ნაკლები იყო. 1960 წელს განსხვავება 10%-მდე შემცირდა. შემდგომში ეს მაჩვენებელი გაუარესდა და მერყეობდა 47%-38%-ის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ მინიმალური ხელფასის მიმღებნი ავტომატურად იღებენ სახელმწიფო დახმარებასა და შემწეობას, რადგანაც მარჩენალის სრულად დასაქმებაც კი ვერ უზრუნველყოფს ოჯახს (ნაგულისხმევია სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი).

2004 წელს, დასაქმებულმა ადამიანმა, ვინც მინიმალურ ხელფასს იღებდა და მუშაობდა სრულ სამუშაო დღეს - მიიღო 10712 დოლარი. შედარებისთვის, სიღარიბის ოფიციალური დონე იმავე წელს 15205 დოლარს აღწევდა.

ტრანსპორტის სამინისტროს დაანგარიშებით, საშუალო სტატისტიკური ავტომფლობელის წლიური დანახარჯები 7,834 დოლარს აღწევს. ამერიკაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცუდად არის განვითარებული, პირადი ავტოტრანსპორტი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. იმავდროულად, 1997 წლიდან ქვეყნის 17 შტატში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში (არის განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი), მინიმალური ანაზღაურება 47-ჯერ გაზარდეს. მინიმუმი პრეზიდენტმა ბილ ქლინთონმა განსაზღვრა.
 
მაგალითად, ვაშინგტონის შტატში (მდებარეობს აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროზე) ამჟამად შრომის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 7,35 დოლარს, ხოლო ვისკონსინის შტატში – 5,70 დოლარს საათში.

2006 წლის ნოემბერში რეფერენდუმი კიდევ 6 შტატში ჩატარდა, რომლის მაცხოვრებლებმა მინიმალური ანაზღაურების მომატებას მხარი დაუჭირეს, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მინიმალური ანაზღაურების მომატების მორიგი პროცესი 2007 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და იგი ქვეყნის 12 შტატში განხორციელდება. ანალოგიური ნაბიჯები გადადგა ქვეყნის 130-ზე მეტმა მუნიციპალიტეტმა. ქალაქებში ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, დეტროიტი, ბოსტონი, ბალტიმორი კანონმდებლობით დადგენილია, რომ უნდა მოქმედებდეს უფრო მაღალი მინიმალური ანაზღაურების დონე ფედერალურთან შედარებით. ამ ქალაქებში მომუშავე კომპანიებს დადგენილზე ნაკლების გადახდის უფლება არ აქვთ. საერთო ჯამში, 50-დან 15 შტატში დამქირავებლები ვალდებულნი არიან დასაქმებულებს გადაუხადონ უფრო მეტი, ვიდრე ეს დადგენილია ფედერალური კანონმდებლობით. მხოლოდ კანზასის შტატში მინიმალური ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ფედერალური კანონმდებლობით - 2,65 დოლარი საათში. აშშ-ის 6 შტატში საერთოდ არ არის დადგენილი მინიმალური ანაზღაურების ოფიციალურად დადგენილი ზღვარი.

მინიმალურთან შედარებით მატებას ისეთი კომპანიებიც გვთავაზობენ, რომლებიც "გამოირჩევიან" დაქირავებულ მუშაკებზე ხელფასის დაზოგვითა და ხელმომჭირნეობით. მაგალითად, საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი Wal-Mart საკუთარი თანამშრომლების შრომაში საშუალოდ საათში 10,78 დოლარს იხდის. ტრადიციულად, მინიმალურ ხელფასს იღებენ ამერიკული საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები (მაგ., მაგიდების მილაგება, ჭურჭლის დარეცხვა). აქაც ანაზღაურება ჭარბობს ოფიციალურად დადგენილ ფარგლებს. აშშ-ის რესტორანთა ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, 2004 წელს, კაფეს საშუალო სტატისტიკური თანამშრომელი საათში 7,83 დოლარს იღებდა. უკანასკნელად, მინიმალური ანაზღაურების შეცვლის მცდელობას ადგილი ჰქონდა 2005 წლის დეკემბერში. დადგინდა, რომ მომატების მომხრეა ამერიკელთა 80%-ზე მეტი.

აშშ-ში მინიმალური ანაზღაურება სხვა მრავალ ქვეყანასთან შედარებით მნიშვნელოვნად გვიან შემოიღეს. თუმცა, დღემდე ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან 6-ში დაქირავებული თანამშრომლების დაცვისთვის ამ მექანიზმს არ იყენებენ. მათ რიგს განეკუთვნება: ავსტრია, გერმანია, შვედეთი... მინიმალური ანაზღაურებაა იაპონიაში და ლათინური ამერიკის უმეტეს ქვეყნებში. ეს მექანიზმი პრაქტიკულად არ გამოიყენება აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მცხოვრებთა მინიმალური ანაზღაურების ადვილად შესადარებლად, გამოვიყენოთ ამერიკული დოლარები, გადმოყვანილი ადგილობრივი ვალუტის კურსის მიხედვით, რომელიც მოქმედებდა 2006 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით. უკვე ითქვა, რომ აშშ-ში მინიმალური ანაზღაურებაა 5,15 დოლარი საათში, ანუ 10712 დოლარი წელიწადში.

ავსტრალიაში ეს ნორმა დამკვიდრდა 1907 წელს. ამჟამად, ამ ქვეყანაში აკრძალულია დასაქმებულს გადაუხადონ 10,50 დოლარზე ნაკლები საათში.

კანადაში მინიმალური ანაზღაურება ცენტრალური მთავრობის მიერ არ არის დადგენილი (არსებობს გამონაკლისი ეკონომიკის იმ დარგებში, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციაშია მოქცეული - მაგალითად, რკინიგზა). კანადელები, საცხოვრებლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ვერ მიიღებენ 6,00-8,50 დოლარზე ნაკლებს საათში.

საფრანგეთში ეს მაჩვენებელი უტოლდება 10,30 დოლარს საათში. მსგავს ანაზღაურებას 2004 წელს დასაქმებული ფრანგების 15% იღებდა.
ირლანდიაში შრომის მინიმალური ანაზღაურება შემოიღეს 2000 წელს. ამჟამად, იგი შეადგენს 10,05 დოლარს საათში. 2004 წელს მსგავს ანაზღაურებას იღებდა ირლანდიელთა 31%.

ინგლისში შრომის მინიმალური ანაზღაურების პირველ მცდელობას ადგილი ჰქონდა 1524 წელს. 1909 წელს აქ მიიღეს პირველი საერთო ეროვნული ძალზე შეზღუდული კანონი. ამჟამად, დასაქმებულმა უნდა მიიღოს მინიმუმ 10 დოლარზე ოდნავ მეტი საათში. დამწყებმა თანამშრომელმა შეიძლება მიიღოს კიდევ უფრო ნაკლები - 8,33 დოლარი საათში.

ბელგიაში მსგავსი კანონი 1975 წელს მიიღეს. ამჟამად, დასაქმებულმა ბელგიელმა არ უნდა მიიღოს 1604 დოლარზე ნაკლები თვეში.

საბერძნეთში მსგავსი კანონი 1990 წელს მიიღეს. ამჟამად, დასაქმებულმა ამ ქვეყანაში უნდა მიიღოს არანაკლებ 802 დოლარისა თვეში. დე-ფაქტო, ანაზღაურება აქ წელიწადში 14-ჯერ გაიცემა.

ფინეთში ეს სისტემა 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებს. ამჟამად, დასაქმებულმა ფინელმა უნდა მიიღოს არანაკლებ 3033 დოლარისა თვეში. 2004 წელს მინიმალურ ხელფასს ქვეყნის დასაქმებულ ადამიანთა 3% იღებდა.

ნიდერლანდებში მინიმალური ხელფასი 1969 წელს შემოიღეს. ამჟამად, ეს მაჩვენებელი თვეში 1662 დოლარს შეადგენს. ამ სახის ანაზღაურებას იღებს დასაქმებულთა 2,1%.

იტალიაში მინიმალური ანაზღაურება რეგულირდება ქვეყნის ინდუსტრიის ცალკეული დარგების მიხედვით. არაკვალიფიციურმა თანამშრომელმა უნდა მიიღოს არანაკლებ 946 დოლარისა თვეში.

ესპანეთში ეს სისტემა 1963 წელს შემოიღეს. აქ შრომის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 5,92 დოლარს საათში.

ახალ ზელანდიაში ეს მაჩვენებელი უტოლდება 10,50 დოლარს საათში. 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის მინიმალური ანაზღაურება მინიმუმის 80%-ს შეადგენს, რაც 8,20 დოლარია საათში.

საქართველოში ეს მაჩვენებელი თვეში 20 ლარია (კომერციული სექტორისთვის). ის დადგენილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის #351 ბრძანებულებით და მას შემდეგ არ შეცვლილა.

ვეფხია სამსონიძე