ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელ ელენე ხარაბაძესთან
#9(141), 2011
ელენე ხარაბაძე - დაიბადა 1943 წლის 23 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი მუშაობდა უფროს პიონერხელმძღვანელად დიდი ჯიხაიშის ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის შვიდწლიან სკოლაში, მომდევნო ერთი წელი კი, 1961 წლის სექტემბრამდე - კონტროლიორად თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში.

1961 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1966 წელს დაამთავრა და მიენიჭა ბუღალტერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. ამის მერე, ასპირანტურაში ჩაბარებამდე, საქ. ცსს სასწავლო კომბინატში ბუღალტრული აღრიცხვის მასწავლებლად იმუშავა.

1968-1972 წლებში სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში აღრიცხვა და ანალიზის სპეცია-ლობით, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, დოცენტის კვალიფიკაცია.

1969 წლის 1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ელენე ხარაბაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე განვლო გზა ასისტენტიდან დეკანის მოვალეობის შემსრულებლამდე. 28.07.2009-დან დღემდე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. ამასთან ერთად, 01.09.2006-დან დღემდე იგი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი და ამავე კათედრის სრული პროფესორი გახლავთ.

1997 წლიდან ელენე ხარაბაძე სერტიფიცირებული აუდიტორია. 1997-2006 წწ. იყო შპს `ელკო-აუდიტის~ დირექტორი.

წლების განმავლობაში იგი, როგორც ტრენინგის ინსტრუქტორი, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტური საქმიანობის სფეროში მრავალ სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობდა. არის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და ასევე რამდენიმე პროფესიული ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. 

გახლავთ 4 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი და ერთი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი.

ელენე ხარაბაძე 60 სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის ერთი მონოგრაფიის და 5 სახელმძღვანელოსი.

უცხო ენებიდან იცის გერმანული და რუსული.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

- ქალბატონო ელენე, როგორ აისახა თქვენს ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობაზე ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გრანტების გაცემის წესი შეიცვალა და ამიერიდან რამდენიმე ფაკულტეტზე, მათ შორის თქვენთან ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან?

_ უპირველესად უნდა მოგახსენოთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2006 წლიდან განხორციელდა აქტიური გარდაქმნები იმისათვის, რომ ჩვენ ბოლონიის პროცესს და აქედან გამომდინარე, ევროპულ საგანმათლებლო სისტემას შევერთებოდით. ამან თავისი დადებითი კვალი დააჩნია სწავლების პროცესს, შესაბამისად, ფაკულტეტის რეიტინგსაც. იმ კონკურენტულ ბრძოლაშიც, რომელიც არსებობს უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის პროფილებსა და ფაკულტეტებს შორის, ჩვენ საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოვიპოვეთ.

სამთავრობო გადაწყვეტილებით ამჟამად მხოლოდ გარკვეული მიმართულებები და დარგები ფინანსდება. ეს ნაწილობრივ შეეხო ჩვენს ფაკულტეტსაც იმდენად, რამდენადაც ჩვენთან მოქმედებს ორი პროგრამა: ერთი, ეკონომიკა და მეორე, ბიზნესის ადმინისტრირება. სახელმწიფო დაფინანსება გათვალისწინებულია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ეკონომიკის პროგრამაზე აბარებენ. რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას, იქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არჩევანით იმ სტუდენტებს შეუძლიათ დაფინანსებით ჩაირიცხონ, ვინც 100% იან დაფინანსებას მოიპოვებს. და მაინც, ჩვენთან წელსაც საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო ორივე პროგრამაზე და განსაკუთრებით, ყურადღებას ვამახვილებ, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სტუდენტები მხოლოდ პირველი განაცხადით (უმაღლეს სასწავლებელთა ჩამონათვალი ხომ რიგითობის მიხედვით შეუძლიათ სტუდენტებს აირჩიონ) ჩაირიცხნენ. 360 ადგილი გვქონდა მოთხოვნილი და სრულად დაკმაყოფილდა (გარკვეული რაოდენობა მიღმაც დარჩა), აქედან მხოლოდ 14 არის 100%-იანი დაფინანსებით მოხვედრილი სტუდენტი. დანარჩენი თვითდაფინანსებითაა და როგორც მოგახსენეთ, კონკურსი იყო. რაც შეეხება ეკონომიკის პროგრამას, 270 სტუდენტის განაცხადი გვქონდა გაკეთებული და სრულად დაკმაყოფილდა იგივე პირველი განაცხადით. ამ პროგრამაზეც კონკურსი იყო და დაფინანსების გარეშე არც ერთი სტუდენტი არ არის. კიდევ უფრო მეტი, 30%-იანი დაფინანსებითაც კი არც ერთი სტუდენტი არ არის. რაც შეეხება 100%-იან დაფინანსებას, 50 სტუდენტია ასეთი. დანარჩენები 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსებით არიან.

ასე რომ, უნივერსიტეტის მუშაობა და მცდელობა იმ მიმართულებით, რომ სტუდენტებისადმი მომსახურების ხარისხი ავწიოთ და მათ რაც შეიძლება მაღალკვალიფიციური განათლება მივცეთ, ამართლებს და დაფინანსების ამ წესმაც კი ხელი ვერ შეგვიშალა სტუდენტთა დაკომპლექტებაში.

- მე ეს მახარებს, მით უმეტეს, რომ თავადაც უნივერსიტეტელი ვარ...

_ სასიამოვნოა. მეც ძირეული უნივერსიტეტელი ვარ. უნივერსიტეტი 1966 წელს დავამთავრე და პირდაპირ, აქვე გავაგრძელე მუშაობა ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, 1967 წლიდან _ ასისტენტად და უნივერსიტეტი ვერც ერთ თანამდებობაზე ვერასდროს გავცვალე. ასე რომ, 47 წელიწადია, აქ ვმუშაობ.

- ქალბატონო ელენე, საბუღალტრო აღრიცხვას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში IFRS-ით ანუ ფასს-ებით (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით) ასწავლიან, ზოგიერთ სასწავლებელში კი - GAAP-ით. ქართული სინამდვილისთვის რომელი მეთოდოლოგიაა უფრო მისადაგებული? შრომის ბაზარზე თქვენი კურსდამთავრებულები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, თუ ასეთი უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები?

_ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვართ თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველო მიუერთდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს ჯერ კიდევ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ წლებში, აქედან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები იქცა საქართველოს სტანდარტებად ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების დარგში. ვფიქრობ, არავის არ უნდა ჰქონოდა არჩევანი იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს კადრების სწავლება და მომზადება ამ სტანდარტებით განეხორციელებინა, მით უმეტეს, რომ ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა შემდეგ კანონი `ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ~, რომელიც ავალდებულებდა საქართველოს ყველა საწარმოს და კერძო სტრუქტურას (უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მაქვს, რომ ჯერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები 1999 წლიდან, ხოლო სააქციო საზოგადოებები 2000 წლიდან), რომ ისინი სავალდებულო წესით გადასულიყვნენ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე. ამერიკული სტანდარტები, ანუ ე.წ. GAAP მართალია ბევრ ნაწილში თანმხვედრია მოთხოვნების თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებისა, მაგრამ ამერიკაშიც, როგორც ხედავთ, საერთაშორისო სტანდარტები დანერგილი არ არის და ისინი მხოლოდ ახლა აპირებენ ამ საერთაშორისო სტანდარტებზე მიერთებას. ჩემი ქვეყნისთვის სავალდებულო არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; ხოლო ჩვენ კადრს ვუმზადებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ამიტომაც დღიდან კანონის მიღებისა საერთაშორისო სტანდარტებით ვასწავლით.

რაც შეეხება ჩვენს კურსდამთავრებულებს, ბაკალავრიატის მე-4 კურსელების თითქმის 80% მუშაობს, ხოლო მაგისტრანტებზე საუბარიც არ არის, აქ დასაქმება უფრო მაღალია, დაახლოებით 90-95% მუშაობს. ანუშრომის ბაზარზე მოთხოვნა არის. საბაზრო ეკონომიკაში ყველაფერი ბაზარს ექვემდებარება. მოთხოვნა არის. ჩვენ კადრებს ვაწოდებთ. ჩვენი მომზადებული კადრები დაბალკვალიფიციური რომ იყოს, თავისთავად ცხადია, ბიზნესი მას არ მიიღებდა.

- კონკურენციას თუ გრძნობთ?

_ კონკურენციას ვგრძნობთ, ცხადია, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამასას მუდმივად მაღლა ვწევთ და ყოველთვის ვეცდებით, რომ კონკურენციას გავუმკლავდეთ და ეს ბრძოლა მოვიგოთ. ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა, ჩემთვის არანაირ საოცრებას არ წარმოადგენს და მასტიმულირებელიც არის, რომ მუდმივად სიახლეები დავნერგოთ, რათა ჩვენს ქვეყანას კვალიფიციური კადრები მივცეთ.
ახლა, რაკი ასეთ მომენტებზე ვსაუბრობთ, მინდა ერთი ჩემთვის და მე მგონი, ჩემი ქვეყნისთვისაც სასიხარულო მომენტი დავასახელო. ჩვენ მიმდინარე სასწავლო წლიდან ავამოქმედეთ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა გერმანიის იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად.

- რომელთანაც ათეული წლებია დაძმობილებულია თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი...

_ 45 წელია და სულ ახლახან იუბილეც გადავიხადეთ! ამ საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით აქ ბრძანდებოდა იენის უნივერსიტეტის 7-კაციანი დელეგაცია რექტორის, პროფესორ დიკეს ხელმძღვანელობით და სწორედ მაშინ გვქონდა ამ პროგრამის პრეზენტაცია. ეს პროგრამა უკვე მოქმედებს. ის საინტერესო გახლავთ და უნიკალურიც ჩვენს სინამდვილეში, იმიტომ რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები (პროგრამის სახელწოდებაა `საერთაშორისო საწარმოთა მართვა~) ორმაგ ხარისხს მიიღებენ კურსის დამთავრების შემდეგ.

- ანუ?

_ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხსა და იენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. სწავლება მიმდინარეობს ერთი წელი (2 სემესტრი) საქართველოში და მეორე წელი (მე-3, მე-4 სემესტრი) იენაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ სწავლება პირველ წელს ჩვენს უნივერსიტეტში ჩვენს ფაკულტეტზე მიმდინარეობს (რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამაა და ამიტომაც აქ მიმდინარეობს), რადგან ამ პროგრამის საწყისი ეტაპია და გვინდა, რომ ხარისხი მაღალი იყოს, ყველა საგანს კითხულობს ერთი იენის პროფესორი და ერთი ქართველი პროფესორი კომბინირებულად, ერთდროულად: თუ იენის პროფესორი ლექციას კითხულობს, ქართველი ასისტენტობას უწევს ან პირიქით.

- რა ენაზეა სწავლა?

_ ინგლისურ-ქართულად.

- უკვე მიმდინარეობს?

_ ჯგუფი შედგა. კონკურსი იყო. 12 მაგისტრმა მოიპოვა გამსვლელი ქულები. ცხადია, ეს ის მაგისტრები გახლავან, რომლებმაც ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაძლიეს, ზღვარი გადალახეს და შემდეგ უკვე სპეციალობაში ჩააბარეს საგანი. ამ გამოცდაშიც მონაწილეობდა ორივე მხარე: იენა და საქართველო. ასე რომ, აქ მოთხოვნები საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შედეგიც აუცილებლად მაღალი იქნება. ამას იმიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობდით საქართველოს შრომის ბაზართან მიმართებაში და ეს არის პირველი ოფიციალური პრეცედენტი, ამ პროგრამის კურსდამთავრებულებმა შრომის საერთაშორისო ბაზარზეც თავიანთი ნიშა დაიკავონ და ამ კუთხით პირველი `მერცხლები~ გახდნენ. რა თქმა უნდა, პირველ `მერცხლებში~ არ ვგულისხმობ ბევრ ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ არის დასაქმებული, მაგრამ ოფიციალური ხაზი კურსდამთავრებულებისა, მე მგონი, უკვე კარგი საწყისი უნდა იყოს.

- ქალბატონო ელენე, ანალოგიური ჯგუფი იენას უნივერსიტეტშიც შეიქმნა? ეს გაცვლითი პროგრამაა?

_ არა, სწორედ ესაა საქმე! გაცვლითი და რაღაც ერთობლივი პროგრამა უნივერსიტეტს ძალიან ბევრი აქვს და მათ შორის, ჩვენც გვაქვს. ეს ჩვეულებრივი მომენტია, რაიმე მნიშვნელოვანი აქ არ არის. `პირველი~-მეთქი, რომ ვასახელებ, ის იგულისხმება, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთდროულად ორ დიპლომს აიღებს: ჯავახიშვილის უნივერსიტეტის და შილერის უნივერსიტეტის. აი, ეს არის პირველი და უნიკალურობა ამაში გამოიხატება.       

- ისევ სტანდარტებს დავუბრუნდეთ. არსებობს მოსაზრება, რომ პოპულარული ACCA-ის სასწავლო კურსი რთულია და ჩვენთან პრაქტიკაში ნაკლებად გამოსადეგი?

_ ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ასე ფიქრობს. რატომ გახდა საქართველო იძულებული და რატომ დადგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები ეღიარებინა? ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის სავალდებულო მოთხოვნა. იქ რამდენიმე ვერსიაა: შეიძლება პირდაპირ აღიარო ეს სტანდარტები, შესაძლებელია მის საფუძველზე ეროვნული სტანდარტები მოამზადო, შესაძლებელია კომბინირებული ვარიანტიც იყოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული და ასე შემდეგ. ჩვენ, სამწუხაროდ, განვითარებადი ქვეყანა ვართ და განსაკუთრებით გვჭირდება ინვესტიციები. ეს ინვესტიციები (უმეტესი ნაწილი მაინც) გვინდა, რომ საზღვარგარეთიდან მოვიზიდოთ; ხოლო არც ერთი ინვესტორი თანხას არსად დააბანდებს, თუ გარანტირებული არ ექნება ამ თანხის უკან დაბრუნება სარგებელთან ერთად. ხოლო ამის გარანტია რომ მიიღოს, იგი უნდა გაეცნოს იმ კონკრეტული ობიექტის ფინანსურ ინფორმაციას, თავად დარწმუნდეს, რომ ეს გარანტიები მას ექნება, უპირველეს ყოვლისა, იურიდიულ-სამართლებრივ-საკანონმდებლო ბაზასთან ერთად. და როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ნებისმიერი საწარმოს პოტენციური ინვესტორი როგორ შეისწავლის ამ კონკრეტული ობიექტის თუ ქვეყნისთვის არსებულ ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებს, იმისათვის, რომ მან აქ დააბანდოს თანხები?! მისთვის ეს ინფორმაცია, უბრალოდ, გასაგები უნდა იყოს და გასაგები რომ იყოს, სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1973 წელს ასეთი საერთაშორისო სტანდარტები ბუღალტრული აღრიცხვისა. სწორედ ამის გამო აუცილებელია და საჭირო, რომ ჩვენი ქვეყნის საწარმოებმა საერთაშორისო სტანდარტებით იმუშაონ.

ახლა რაც შეეხება თქვენს პირდაპირ კითხვას, რომელიც დამისვით: ეს რთულია თუ არ არის რთული და ასე შემდეგ. აქ რთული არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ბუღალტრის თანამდებობა შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. მესმის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება შეიქმნას თავისი ეკონომიკური პირობები არსებობისათვის, მაგრამ როგორმე უნდა მოხდეს ყველა პირის გადაკვალიფიცირება (სახელმწიფო ამის შესაძლებლობებს იძლევა) და ვისაც უნდა ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში დასაქმდეს, შესაბამისად კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს და მიიღოს ეს კვალიფიკაცია გნებავთ პირველი და გნებავთ შეცვლილი კვალიფიკაციის სახით. უბრალოდ, აქ პროფესიონალიზმზეა საუბარი! საერთაშორისო სტანდარტები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაში არც გაურკვეველია, არც რთული და ცხადია, ბუღალტრული აღრიცხვის საბჭოური ნორმებისაგან ის მნიშვნელოვნად განსხვავდება.

- ქალბატონო ელენე, რატომაა, რომ წარჩინებით კურსდამთავრებულებიც კი პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად დამატებითი ტრენინგების, სასერტიფიკაციო პროგრამების გავლას საჭიროებენ?

_ აქაც ერთ პასუხს ვერ გაგცემთ. თქვენ ერთდროულად მართალიც ბრძანდებით და ცდებით კიდევაც.

- ეგ როგორ?!

_ ყველა საკვანძო საკითხი ერთმანეთთან გადაჯაჭვული გახლავთ. ჩვენ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს დამამთავრებელი კურსებისთვის პრაქტიკის გავლა არასდროს, კრიტიკულ პერიოდებშიც კი, როდესაც ძლიერ გვიჭირდა, არ შეგვიწყვეტია. დღევანდელ დღეზე საუბარი არ არის, სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს პრაქტიკას, სტაჟირებას ერთთვიანს სულ მინიმუმ.
მეორეა, ამას როგორ ვახერხებთ. რთულია ამის შესრულება. იმის გამო, რომ ინფორმაციის კონფიდენციალობაა (განსაკუთრებით, კერძო სექტორისთვის `აუდიტორული საქმიანობის შესახებ~ კანონითაც კი არის გარანტირებული), ცხადია ბიზნესზე ამის დაძალება არ შეგვიძლია; ხოლო იმ დონისა, როგორიც არის ევროპული და თუ გნებავთ, ამერიკის უნივერსიტეტების პრაქტიკა, რომ ბიზნესი პროგრამებს თავად აფინანსებს და არსებობს ორმხრივი, მყარი კავშირი ბიზნესსა და უნივერსიტეტებს შორის, _ ამის მიღწევა ჩვენთვის საკმაოდ რთულია. თუმცა, ჩვენ დავიწყეთ ასეთი მცდელობები და მემორანდუმებს ვაფორმებთ. გავაფორმეთ სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურთან, ეროვნულ ბანკთან, რამდენიმე კომერციულ ბანკთან, ბანკების ასოციაციასთან, ლატარიების კომპანიასთან და ასე შემდეგ. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ `სოკარ ჯორჯიამ~ თავად შემოგვთავაზა და გასულ წელს ეს მემორანდუმი გაფორმდა. ისინი ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს არა მარტო პრაქტიკაზე იღებენ, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში მათგან შერჩევას ახდენენ და ასაქმებენ კიდევაც თავიანთ სფეროში. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს აუდიტურ ფირმებთან და ე.წ. `დიდი ოთხეულის~ წარმომადგენლობებთან. ისინი ატარებენ ჩვენ სტუდენტებთან შეხვედრებს, პრეზენტაციებს. ჩვენი სტუდენტები გადიან იქ სტაჟირებებს უფრო ფართოფორმატითაც კი, ვიდრე ჩვენი სასწავლო პრაქტიკის არეალი მოითხოვს. ასე რომ, ამ მიმართულებით კარგი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ პირადად ჩემთვის საკმაოზე ნაკლებია, მოთხოვნასთან შედარებით. თუ ასეთი კავშირ-ურთიერთობები ბიზნესთან გაფორმდება და ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

იმასაც ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს აუცილებლად სჭირდება დამთავრების შემდეგ რაღაც სტაჟირება, პრაქტიკის გავლა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთან 5700-მდე სტუდენტია...

- ფაკულტეტზე?!

_ დიახ, ფაკულტეტზე.

- ყოველწლიურად რამდენი ამთავრებს?

_ დაახლოებით 1000-1200 და აქედან საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობაზე. არიან სტუდენტები, რომლებიც დამთავრებისთანავე მთავარ ბუღალტრებად იწყებენ მუშაობას.        

- ამჟამად თქვენ აუდიტორულ საქმიანობას ეწევით?

_ აუდიტორულ საქმიანობას წლების განმავლობაში ვეწეოდი და ჩემი ფირმა `ელკო აუდიტი~ ჯერ ათეულში, შემდეგ ოცეულში შედიოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან უნივერსიტეტში და კერძოდ, ჩვენს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხელფასები და მასთან დაკავშირებული მომენტები საკმაოდ მოწესრიგებულია, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს პროფესორებს სხვაგან მუშაობა ეკრძალებათ, თუ გადიდებულ ხელფასს აიღებენ და იქნებიან თანახმა; თუმცა, აკრძალვა არ ეხება ხელფასი რაც იყო, იმ დონეს. მაგალითად, სრული პროფესორის ხელფასი გახლავთ 900 ლარი, ხოლო გადიდებული ხელფასი სრული პროფესორისა 3300 ლარია დღეის მდგომარეობით. ასეთ დამატებულ ხელფასს ვინც ღებულობს, ის სრული დროის განმავლობაში სრულად უნდა ემსახურებოდეს ჩვენს სტუდენტებს. ამიტომ სხვაგან მუშაობა მათ ეკრძალებათ. აქედან გამომდინარე, უკვე 3 წელზე მეტია, ჩემი ფირმა გაჩერებულია. სხვაგან არსად ვმუშაობ. გარდა უნივერსიტეტისა, ხელფასის სახით არსად არც ერთ თეთრს არ ვღებულობ. სანამ დეკანის მოვალეობას ვასრულებ და ამ ფაკულტეტის სრული პროფესორი ვარ, მანამდე ჩემი აუდიტორული საქმიანობა შეჩერებულია.

- ქალბატონო ელენე, ეტყობა, თქვენ, თქვენი ბუნებით, პედაგოგიური მოღვაწეობა უფრო გიზიდავთ, თორემ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ საბუღალტრო თუ აუდიტორული საქმიანობიდან გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ.

_ არის ზოგიერთი რამ, რომელიც ფულზე არ გაიცვლება. ამიტომაც მე ეს გზა ავირჩიე. ჩემს სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად ვარ. სანამ შემიძლია, მათ ვასწავლი იმ დონეზე, რომ ჩემს შემდეგ ჩემზე ბევრად უკეთესად მართონ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფერო.  

- რა მოსაზრების ბრძანდებით ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის შესახებ, რომლის საპილოტე რეჟიმიც ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს?

_ აქვს მას გამართლებაც და ჩემი აზრით, უფრო უარყოფითი მხარეც. საქმე ისაა, რომ საგადასახადო სამსახურებს არც ერთი კანონი არ უშლის, რომ ჰქონდეს შიდა აუდიტი და იგივე ფუნქცია დააკისროს შიდა აუდიტს. დამოუკიდებელ აუდიტორს დამოუკიდებელი იმიტომ ჰქვია, რომ არავის გავლენის ქვეშ არ უნდა ექცეოდეს და მისი ხელმოწერა უნდა იყოს გარანტია მხოლოდ და მხოლოდ ან დადებითი, ან უარყოფითი იმიჯისა ამა თუ იმ აუდიტორის მიმართ. მე მგონი, გიპასუხეთ. აქ სახელმწიფოს ჩარევა და სხვა რამ ჩემთვის მიუღებელია. აუდიტორმა რომ სრულფასოვნად შეასრულოს ის, რაც დამოუკიდებელ აუდიტორს ევალება, ის არავის გავლენის ქვეშ არ უნდა ექცეოდეს.

- ქალბატონო ელენე, თქვენ ფართო კავშირები გაქვთ სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან და ალბათ, საბუღალტრო და აუდიტური საქმიანობის სფეროს სპეციალისტებთანაც. იქაურს თუ შევადარებთ, ჩვენთან რა დონეზეა ეს საქმიანობა?

_ გმადლობთ, მაგრამ ბოდიში უნდა მოვიხადო უპირველეს ყოვლისა მკითხველების წინაშე, ამდენ გაორებულპასუხს რომ გცემთ თითოეულ თქვენს დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ აქ მასშტაბი, არეალი ასრულებს უპირველეს ყოვლისა ჩემთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას. შემიძლია ვთქვა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა მთელ მსოფლიოში არსად ისწავლება იმ დონეზე, ისეთი ფორმატით და იმ დატვირთვით, როგორც ჩვენთან ისწავლება. საზღვარგარეთულ ლიტერატურაში და შესაბამისად, სწავლებაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმინდა პრაქტიკულ მხარეს. სწავლების პროცესი არ არის არანაირ ლოგიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული და ისეთნაირად დაგეგმილი, რომ ელემენტარულიდან მივიდეთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე. ანუ ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იყოს მომზადებული, რათა ინფორმაციის მომხმარებლებისთვის გასაგები იყოს და ამ მიზნით, ხელახლა რომ არ დაგვჭირდეს ფინანსური ანგარიშგების მომზადების, ყველაფრის ამ კანონმდებლობასთან, ამ ნორმებთან და სტანდარტებთან მისადაგება, ბუღალტრული აღრიცხვაც საერთაშორისო სტანდარტებით იწარმოება. ჩვენ ვასწავლით ელემენტარულიდან ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე ყველაფერს.

საზღვარგარეთული ფორმატით მომზადებულმა პიროვნებამ ზედმიწევნით კარგად იცის ერთი კონკრეტული საკითხი და მას ასეთი ფართო მასშტაბი არა აქვს. დავუშვათ, იცის ძალიან კარგად ინვესტიციები და ფინანსურ ანგარიშგებაში მისი ასახვა, ან ვთქვათ, კონკრეტულად კაპიტალი და ასე შემდეგ, მაგრამ მას მთლიანობაში ფინანსური ანგარიშგების მომზადება გაუჭირდება.

- თუმცა, აქაურ შრომის ბაზარზე ცნობილი საზღვარგარეთული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე ჩვენთან კურსდამთავრებულები...

_ ეს ცოტა მოდაც ხომ არ არის?

- არ ვიცი, ეს უკვე დამსაქმებლებმა უნდა განსაზღვრონ...

_ რა თქმა უნდა, მიმზიდველია! ბევრი ჩემი კურსდამთავრებულიც პირდაპირი პროფილით არის და დღესაც საზღვარგარეთ მუშაობს. რამდენსაც გნებავთ, იმდენს ჩამოგითვლით ჯერ კიდევ გარდაქმნებამდე, გარდაქმნების საწყის ეტაპზეც რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და მიიღეს განათლება. 27 კურსდამთავრებული ჩემი რეკომენდაციით წავიდა. როგორ გგონიათ, ოქსფორდის, ჰარვარდისა და სხვა უნივერსიტეტებში ასე ძალიან კარგად იცნობდნენ ელენე ხარაბაძის ხელწერას, რომ ისინი იქაურ მაგისტრატურაში ჩარიცხულიყვნენ?!

ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულები, რომლებსაც არა მარტო ერთი, არამედ ორ-ორი მაგისტრატურა აქვთ დამთავრებული. მაგალითად, მაკა გურეშიძემ ჯერ ბირმინგემის აკადემია დაამთავრა, მერე ოქსფორდი. საქმე, უპირველეს ყოვლისა, იყო მათი ცოდნა და არა ის, ხარაბაძე აწერდა ხელს თუ სხვა რომელიმე გვარი მათ რეკომენდაციას, რომელიც სავალდებულო ჩამონათვალში იყო შეტანილი. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ახალგაზრდას რაც შეიძლება ფართო მასშტაბით მივცეთ ცოდნა. ხოლო მერე ბევრი რამ თავის აზროვნებაზეც, ამ ცოდნის გაღრმავებაზეც არის დამოკიდებული და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალი დონის კონკურენტუნარიანები არიან ნებისმიერი საზღვარგარეთული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებთან შედარებით.

- ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გულისხმობთ, თუ ზოგადად ჩვენი უნივერსიტეტების?

_ ცხადია, საქართველოს უნივერსიტეტების. უბრალოდ, პროფილი მაქვს მხედველობაში. არა მარტო გერმანული, ჩვენ ჰოლანდიური სასწავლებლებიც ზედმიწევნით კარგად გვაქვს შესწავლილი. მათთან ურთიერთობები გვაქვს და ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. მაგალითად, მაასტრიხტის უნივერსიტეტთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვერსალის უნივერსიტეტთან, შვეიცარიის ტურიზმის სკოლასთან, ასევე ტენესის და ამერიკის სხვა უნივერსიტეტებთანაც და ასე შემდეგ. ალბათ, ცოტა ხანში ყველა ეს მოლაპარაკება წარმატებით დაგვირგვინდება. რა თქმა უნდა, კარგი და ცუდი ყველგან არის. მაგრამ მე მიხარია, რომ ჩვენს ფაკულტეტზე 5000-ზე მეტი სტუდენტია და აქედან უმრავლესობა კარგია. ასე რომ, ჩვენი კურსდამთავრებულები ტოლს არავის დაუდებენ, პირიქით, მე ვამბობ, რომ მათი ცოდნის არეალი უფრო ფართოა. თუმცა, ერთი ცხადია, რომ ის კონკრეტული, რაც თავის სპეციალობად აირჩია, ნებისმიერმა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა ზედმიწევნით კარგად იცის წერტილიდან წერტილამდე. მაგრამ იმ წერტილის იქით კითხვის ნიშნები რჩება.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე