ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ქართული ამბები
#8(116), 2009
MIGA-მ და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” MIGA ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, იზუმი კობაიშმა და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ სიმონიამ მოაწერეს ხელი. იზუმი კობაიშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმიც გაიმართა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა გახსნა. ბაინდურაშვილის განცხადებით, აქამდე MIGA საქართველოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. რუსეთის აგრესიის შემდგომ და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში კი, საქართველომ სააგენტოსთან ურთიერთობა დაიწყო. “აღნიშნული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. მემორანდუმის თანახმად, ინვესტორებს MIGA-სთან კონტაქტი გაუადვილდებათ. ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს დამატებით დარწუნებას, რომ მათი ინვესტიციებს ქვეყანაში არანაირი რისკი არ ემუქრება, საუბარია პოლიტიკურ რისკებზე”, - განაცხადა მინისტრმა.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში MIGA და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო ერთობლივი მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებენ, რომლებიც საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე იქნება გათვლილი. საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო უცხოელ ინვესტორებს MIGA-ს პროდუქტების და მომსახურების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. MIGA უზრუნველყოფს პოლიტიკური რისკების დაზღვევას შესაბამისი კატეგორიის ინვესტორისთვის.

“პროკრედიტ ბანკს” Fitch Ratings-მა “BB-” რეიტინგი მიანიჭა

2009 წლის 27 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fიტცჰ ღატინგს-მა “პროკრედიტ ბანკის” რეიტინგი “B+” (BI plusi)-დან “BB-” (ორი Bi მინუსი)-მდე გაზარდა, ნეგატიური პერსპექტივა კი სტაბილურით შეცვალა, - განაცხადეს „პროკრედიტ ბანკში”.

ერთი დღით ადრე, 26 აგვისტოს Fიტცჰღატინგს-მა საქართველოს ზღვრული რეიტინგი “B+” (ბი პლუსი)-დან “BB-” (ორი ბი მინუსი)-მდე გაზარდა, გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის ემიტენტის დეფოლტის სახელმწიფო რეიტინგი “B+” კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით.

„რეიტინგის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ბანკის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის. ის ფაქტი, რომ “პროკრედიტ ბანკს” ყველა ქართულ ბანკს შორის ყველაზე მაღალი და საუკეთესო რეიტინგი აქვს, ნათლად ასახავს ჩვენი ბანკის სტაბილურ განვითარებასა და მუშაობის მაღალ ხარისხს”, - განაცხადა „პროკრედიტ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა.

“პროკრედიტ ბანკი” ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით უკვე 59 ფილიალი აქვს გახსნილი.

“საქართველოს ბანკი” American Express-თან პარტნიორობას იწყებს

როგორც “საქართველოს ბანკში” განაცხადეს, American Express-თან პარტნიორობაზე შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში, “საქართველოს ბანკი” პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში American Express-ის ქსელში ჩართავს, ამასთანავე, ქვეყანაში American Express-ის ბარათების ტრანზაქციებს მოემსახურება. American Express-ის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ადგილობრივი სატელეფონო ნომრის მეშვეობით სრულფასოვან მომსახურებასა და მხარდაჭერას, ადგილობრივი ბარათების 24-საათიან ავტორიზაციას და ერთი POS ტერმინალით ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის მომსახურებას მიიღებენ. “ბანკი კვლავაც სთავაზობს პარტნიორ ორგანიზაციებს საუკეთესო მომსახურებას. American Express-თან ექსკლუზიური შეთანხმება ბანკს საშუალებას მისცემს, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს შესთავაზონ კლიენტებს ანგარიშსწორება ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გადახდის ფორმით. ამის შედეგად კი, ღირებული კლიენტები შეიძინონ”, - განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. American Express-ის ვიცე-პრეზიდენტის, ალექს ფურბერის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე American Express-ის ბრენდი საქართველოში მნიშვნლოვნად გაფართოვდება. 1850 წელს დაფუძნებული American Express Company მსოფლიო მასშტაბით სამოგზაურო, ფინანსურ და ქსელურ მომსახურებას ეწევა. ის ლიდერი კომპანიაა სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათების, სამოგზაურო ჩეკების, სამოგზაურო და ბიზნეს მომსახურებაში. კომპანიას მსოფლიოში 129 წარმომადგენლობა აქვს.

“საქართველოს ბანკში” დეპოზიტები მატულობს

“საქართველოს ბანკში” აგვისტოში, ბოლო პერიოდში დეპოზიტების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ბანკში განაცხადეს, ივლისში დეპოზიტების ზრდამ 43 მლნ ლარი შეადგინა, აგვისტოში კი - 72,6 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 50 მლნ ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის.

“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს რამდენიმე სახის სადეპოზიტო პროდუქტს სთავაზობს - ვადიანი, შემნახველი, საბავშვო, მოთხოვნამდე და შეგროვებადი ანაბრები. გარდა ამისა, “საქართველოს ბანკმა” პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი “საინვესტიციო დეპოზიტი”, რომელიც მის მფლობელს დამატებითი მოგების საშუალებას აძლევს.

მაისში ბანკმა ანაბარი “მაქსიმა” გამოუშვა, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. “საქართველოს ბანკი” ასევე ახორციელებს აქციას “მწვანე ანაბარი”, რომლის ფარგლებშიც მეანაბრეთა სახელზე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში უკვე 45 000 ნერგი დაირგო. 2009 წლის მაისიდან ვადიანი ანაბრის მფლობელთათვის, “საქართველოს ბანკი” ყოველთვიურად ათამაშებს 10 ფულად პრიზს, თითოეულს 10 000 ლარის მოცულობით. ბოლო გათამაშებისას, რომელიც 2010 წლის თებერვალში შედგება, 10 იღბლიანი მეანაბრე ახალ ბინას მოიგებს.

გაზგამანაწილებელ ქსელში ახლად ჩართული მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი შემცირდება

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს” შორის საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა ხელშეკრულებაში ცალკეული პუნქტები, რომლებიც დამატებით გაზის გამოყოფას ითვალისწინებს. ამან კი, მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობას მისცა შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ, რომელიც გაზგამანაწილებელ ქსელში 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩაირთო, გაზის საფასური შემცირებული ტარიფით გადაიხადოს.

“ისინი აქამდე იხდიდნენ 75 თეთრამდე, ხოლო ამ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შემდეგ მოსახლეობა გადაიხდის იმავე საფასურს, რასაც გაზგამანაწილებელ ქსელში ადრე ჩართული მოსახლეობა იხდიდა”, - აღნიშნა ხეთაგურმა.

კონკრეტულად, თბილისში ტარიფი შემცირდება, დაახლოებით, 25 თეთრით, ხოლო სხვადასხვა რეგიონებში - 20 დან 25 თეთრამდე. თბილისის მოსახლეობა, რომელიც გაზგამანაწილებელ ქსელში 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩაირთო, 50 თეთრს გადაიხდის. ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათი, განსაკუთრებით ზამთრის დადგომის წინ. საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს” შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ქართული გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 167 დოლარად ყიდულობენ, რაც ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას გამორიცხავს.

ფოთში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ააშენებენ

ფოთის აეროპორტის ტერიტორიაზე, დაახლოებით წელიწადნახევარში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ფოთში, კოსტავას ქუჩის ბოლოს მდებარე აეროპორტი დაახლოებით 15 წელია არ ფუნქციონირებს. ამჟამად კი ახალი აეროპორტის მშენებლობა სწორედ ამ ადგილას დაიწყება. ტერმინალებისა და ადმინისტრაციული შენობის გარდა, დაგეგმილია უმაღლესი სტანდარტების საფრენი ბილიკების გაკეთება. ფოთის აეროპორტი სახელმწიფო სახსრებით აშენდება.

“ზაფხულობით ეს აეროპორტი მიიღებს უფრო მეტ მგზავრს და ტვირთს, ვიდრე ბაქო, ერევანი და თბილისი ერთად აღებული. ეს არის საქართველოში ევროპასთან ყველაზე ახლო აეროპორტი, ამავე დროს აქ იქნება ძალიან დიდი ტვირთგადაზიდვები. აქ დაიწყებენ ჩარტერულ ფრენას დიდი თვითმფრინავები, როგორც დაფრინავენ ჩარტერები თურქეთში, ესპანეთში. აქედან ევროპამდე არის 3-დან 4 საათამდე საფრენი მანძილი და ჩამოვა ასობით ათასი ტურისტი”, - განაცხადა ფოთში სტუმრობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ფოთში აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება. ამის შესახებ ფოთის მერიიდან განაცხადეს.