ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
როგორ იქმნებოდა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა
#8(116), 2009

სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლაში მნიშვნელოვან როლს ცენტრალური ბანკი ასრულებს. ერთი ქვეყნის, ამერიკის მაგალითზე თვალი გადავავლოთ ამ ფინანსური ინსტიტუტის ისტორიას.

ფედერალური სარეზერვო სისტემის წინამორბედნი ამერიკაში

ამერიკის ცენტრალური ბანკი, იგივე ფედერალური სარეზერვო სისტემა დასავლეთის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან შედარებით გაცილებით გვიან შეიქმნა. ცენტრალურ ბანკებს შორის ყველაზე ადრინდელია შვედური Riksbank, რომელიც 1668 წელს დაარსდა. ინგლისის ბანკის შექმნის თარიღად 1694 წელს მიიჩნევენ, ხოლო Banque დე France ნაპოლეონმა 1800 წელს შექმნა. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა მხოლოდ 1913 წელს გაჩნდა, ხოლო მისი შექმნის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა.

ამერიკაში მანამდეც მოქმედებდა ისეთი სტრუქტურები, რომლებიც ფაქტობრივად მსგავს ფუნქციებს ასრულებდნენ. ასეთი ტიპის პირველი დაწესებულება 1791 წელს First Bank of the United States-ის სახით ჩამოყალიბდა. First Bank (“პირველი ბანკი”) ამერიკის დროებით დედაქალაქში, ფილადელფიაში განთავსდა. იგი მაშინ ცნობილი პოლიტიკოსის, ალექსანდრე ჰამილტონის წინადადებით შეიქმნა. მისი აზრით, ასეთი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა საჭირო იყო უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ომის შედეგად დაგროვდა. მაშინ არსებულმა სიტუაციამ ახლადშექმნილ სახელმწიფოში ამერიკის ეროვნული ვალუტის შექმნის აუცილებლობაც წარმოშვა.

უილიამ გრეიდერმა თავისი წიგნი “ტაძრის საიდუმლოებანი” (Secrets of the Temple) ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნას მიუძღვნა. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის იდეის წამოყენებამაც კი მწვავე კამათი გამოიწვია. ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი, თომას ჯეფერსონი თვლიდა, რომ მსგავსი დაწესებულების შექმნა მაშინ მოქმედი კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც სახელმწიფოსათვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში ჩაიწერა: “სახელმწიფოს არ აქვს ბიზნესის წარმოების უფლება”, ამიტომ დაირღვეოდა ამერიკაში მაშინ არსებული ტრადიციული კანონები საკუთრებისა და წარმოების თავისუფლების შესახებ. თავის მხრივ, ჰამილტონი თვლიდა, რომ ამ დაწესებულების შექმნით ეფექტურად გადაიჭრებოდა სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილი ამოცანები.

First Bank ამერიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 20 წლის განმავლობაში იმუშავებდა. ამ ხნის განმავლობაში შეიქმნებოდა საიმედო საფინანსო სისტემა, ოქროს სახელმწიფო რეზერვი, მოხდებოდა საბანკო საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამერიკის ეროვნული ვალუტის გამყარება. First Bank ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრება იყო, მაგრამ მისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო პირებისა და კომპანიების კუთვნილება იყო.

First Bank-მა თავისი საქმიანობა 1811 წელს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კონგრესმა მანდატი არ გაუგრძელა. ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კონგრესში გაჩნდა ეჭვი - ბანკი მოქმედებდა არა სახელმწიფოს, არამედ აქციონერთა პირადი ინტერესების გათვალისწინებით. ამერიკის კონგრესის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ალან მელტცერი, რომელიც ავტორია წიგნისა “ფედერალური რეზერვის ისტორია” (A History of the Federal Reserve), თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ იმ დროში არ ხდებოდა საბანკო და საკრედიტო საქმიანობის რეგულირება. მრავალი ბანკი დამოუკიდებლად ბეჭდავდა დოლარის ბანკნოტებს, რომლის ხარისხს, რაოდენობას და კურსს არავინ აკონტროლებდა. ამერიკის ცალკეულ რაიონებში ფულის მასის სიჭარბე იგრძნობოდა, ხოლო დანარჩენ რეგიონებში სიმცირე. ფინანსების ცენტრალიზაციის საჭიროება ბევრისათვის აშკარა იყო, მაგრამ ამერიკელები მსგავსი სტრუქტურებისადმი სიფრთხილეს იჩენდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების დანიშნულება მოსახლეობის მოტყუება და მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრება იყო. იმ დროის ევროპული გამოცდილება მსგავსი ეჭვებისათვის საბაბს ნამდვილად იძლეოდა. 1816 წელს ცენტრალური ბანკის ფუნქციებით Second Bank of the United States (“მეორე ბანკი”) აღჭურვეს. ამერიკის მთავრობამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ დოლარი სტაბილური ოდნავ მაინც გამხდარიყო. Second Bank, ისევე როგორც First Bank, 20 წლის ვადით შეიქმნა. იგი ძირითადად კერძო ინვესტორების კუთვნილება იყო. მაშინ ამერიკის მთავრობის უმთავრესი პრობლემა ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი გახლდათ. ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ენდრიუ ჯონსონმა ამ ფინანსურ ინსტიტუტზე შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: “ეს არის ძალაუფლების კონცენტრაცია ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში, რომლებსაც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ”.

Second Bank-ის საქმიანობა ნამდვილად სკანდალური იყო. ბანკის თავმჯდომარე უილიამ ჯონსი პრეზიდენტ ჯეიმს მედისონის უახლოესი მეგობარი იყო. იგი ძირითად ყურადღებას პოლიტიკას უთმობდა, ხოლო ფინანსურ სტაბილიზაციას უგულველყოფდა. ჯონსის განკარგულებით “პოლიტიკური” კრედიტები გაიცემოდა, რომლის დაფარვასაც არ მოითხოვდა. ამ ბანკის ფილიალების საქმიანობა კონტროლს არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც ამერიკის საბანკო სისტემა სრული ქაოსის სიტუაციაში აღმოჩნდა. იმ დროში ამერიკაში ეკონომიკური ბუმი იყო, მაშინ როცა ევროპა ნაპოლეონის ომებით დაუძლურდა და ამერიკიდან ხორბლის მარცვლის მიწოდება ძალიან ჭირდებოდა.

იმავე პერიოდში მიწის ფართობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების მიერ ყოველნაირად იყო წახალისებული. ყოველ მსურველს ბანკიდან სესხის აღება, მიწით სპეკულირების დაწყება შეეძლო. 1818 წლისათვის Second Bank-ის მმართველებმა კარგად გააცნობიერეს, რომ კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით გადაამლაშეს და მოულოდნელად სესხების დაბრუნება მოითხოვეს. ამის შემდეგ მიწის ფართობების ყიდვა-გაყიდვის მოცულობა მკვეთრად შემცირდა. ამავე პერიოდში ევროპამ აღადგინა საკუთარი სოფლის მეურნეობა და შეამცირა ამერიკული ხორბლის ექსპორტი. ამ ფაქტორებმა “1819 წლის პანიკის” წარმოქმნა განაპირობეს, რაც ფაქტობრივად ამერიკის ისტორიაში პირველი სერიოზული ფინანსური კრიზისი იყო. 1836 წელს Second Bank-ის საქმიანობის 20 წლიანი ვადა ამოიწურა. ამ ფინანსურმა ინსტიტუტმა თავისი არსებობა შეწყვიტა. ამერიკაში სრული საბანკო თავისუფლების ერა დაიწყო. ამ სახელმწიფოში აღარ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციებს შეასრულებდა. 1862-1913 წლების პერიოდში სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის გატარების უფლებამოსილებით კერძო ბანკები აღჭურვეს, ხოლო ამერიკის კონგრესი ცდილობდა გამოეცა კანონები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სიტუაციას აუარესებდა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის იდეა ჯორჯიის შტატში შემავალ კუნძულ ჯეკილზე წარმოიშვა. 1886 წელს მილიონერთა ერთმა ჯგუფმა ეს კუნძული შეიძინა. იქ ისეთი კლუბი ააშენეს, სადაც ზამთრის გატარება შეეძლოთ. 1900 წელს ამ კუნძულზე ისვენებდნენ მდიდარი ოჯახები, რომელთა განკარგულებაში პლანეტის ფულის მეექვსედი ნაწილი იყო. ასტორები, ვანდერბილტები, მორგანები, პულიტცერები, გულდები და სხვები იმ დროის მსოფლიოს ფაქტიური ფინანსური მმართველები იყვნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კუნძულ ჯეკილზე მოხვედრა მხოლოდ კლუბის წევრებს შეეძლოთ. საკუთარ კურორტზე მილიონერებმა არ შეუშვეს ახალგაზრდა ბრიტანელი ოფიცერი, დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, საკმაოდ წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, უინსტონ ჩერჩილი და ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, ცნობილი პოლიტიკოსი უილიამ მაკკინლი.

კუნძულ ჯეკილის პოპულარობის პერიოდში ამერიკაში დაიწყო დებატები ფინანსური საქმიანობის მართვის ცენტრალიზებული სისტემის შექმნის შესახებ. ამის მიზეზი იყო ამერიკაში 1873-1907 წლების პერიოდში დაფიქსირებული ოთხი უდიდესი ფინანსური კრიზისი. თვით ამერიკელები უკიდურესად ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი თვით ცენტრალური ბანკის შექმნის იდეისადმი. ევროპაში არსებული ანალოგიური სტრუქტურები საკმაოდ არაეფექტურად და დესტრუქციულადაც კი მოქმედებდნენ. ევროპის ცენტრალური ბანკები თავიანთი ქვეყნების მთავრობებს უფლებას აძლევდნენ პრაქტიკულად უკონტროლოდ დაეხარჯათ საბიუჯეტო სახსრები. 1907 წლის კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა ეროვნული ფულადი (მონეტარული) კომისია (National Monetary Comission) შექმნა. ამ ფინანსურ ინსტიტუტს ამერიკის საბანკო სისტემის არასტაბილურობის მიზეზები უნდა გამოევლინა. ამტკიცებენ, რომ ამ ფინანსური კრიზისის “ორგანიზატორი” კუნძულ ჯეკილის ერთ-ერთი “დამსვენებელი” ჯონ მორგანი იყო. ისტორიკოსი დონ ალენი (ავტორი წიგნისა “ფედერალური რეზერვის დირექტორები: კორპორატიული და საბანკო გავლენის კვლევები”, Federal reverse Directors: A Study of Corporate and Banking Influence) წერს: 1910 წელს შეიქმნა სხვა ჯგუფი, რომელშიდაც ამერიკის უმსხვილესი კორპორაციებისა და ბანკების ხელმძღვანელები შევიდნენ. ისინი საიდუმლო შეხვედრებს კუნძულ ჯეკილზე აწყობდნენ, სადაც შეიმუშავეს იმ ფინანსური ორგანოს კონცეფცია, რომელიც შემდგომში ფედერალურ სარეზერვო სისტემად ჩამოყალიბდებოდა.

ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ამერიკის ცენტრალური ბანკის კონცეფცია შექმნა: იგი ბანკი Kuhn, Loeb and Co-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, “როტშილდების კლანის” წევრი პოლ ვარბურგი იყო. მან ჯგუფის სხვა წევრებს მარტივი გეგმა შეთავაზა: ცენტრალური ბანკისათვის არ უნდა ეწოდებინათ “ცენტრალური ბანკი”, რადგანაც ამერიკელები ერთი სახელმწიფო სტრუქტურისათვის ფინანსების მართვის ბერკეტების გადაცემის საკითხისადმი ყოველთვის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. ამ გეგმის მიხედვით, ცენტრალური ბანკი კონგრესს უნდა გაეკონტროლებინა. მიუხედავად ამისა, ამ ბანკის მმართველთა უმეტესობას დანიშნავდნენ ის კერძო ბანკები, რომლებიც აქციათა მფლობელები გახდებოდნენ. ამერიკაში უნდა შექმნილიყო არა ერთი, არამედ 12 ფედერალური ბანკი. გარდა სხვა მიზეზებისა, არ უნდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ცენტრალურ ბანკს “უოლ სტრიტის ვეშაპები”, (სხვაგვარად “ნიუ-იორკის მეფეები”) აკონტროლებდნენ. მხედველობაში იყო მიღებული ამერიკის ტერიტორიის სიდიდე და უკონტროლოდ მოქმედი კერძო ბანკების სიმრავლე. 1912 წელს ეროვნულმა ფულადმა (მონეტარულმა) კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც იძლეოდა რეკომენდაციას ამერიკაში ცენტრალური ბანკის შექმნის შესახებ. ედვარდ გრიფინი თავის წიგნში “კუნძულ ჯეკილის ქმნილება” (The Creature from Jekyll Island: A Second look at  the Federal Reserve) აღნიშნავს, რომ ამ კომისიის რეკომენდაციების უმეტესობა პოლ ვარბურგის იდეებს ეყრდნობოდა. 1913 წელს ამერიკის კონგრესმა ოუენ გლასის კანონი მიიღო, რომელსაც სხვაგვარად უწოდებენ კანონს “ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ” (Federal reverse Act). ამ კანონს ხელი პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა მოაწერა. ფედერალური სარეზერვო სისტემის შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია, სადაც ამერიკის კაპიტალის ლომის წილია თავმოყრილი. შემდგომში ფედერალური სარეზერვო სისტემის რეგულირებისათვის და ნორმალური ფუნქციონირებისათვის კიდევ მრავალი კანონი მიიღეს:
კანონი საბანკო საქმიანობის შესახებ (Banking Act, 1935 წელი);
კანონი დასაქმების შესახებ (Employment Act, 1946 წელი);
კანონი საბანკო ჰოლდინგების შესახებ (Bank Hholding Company Act, 1956 წელი);
კანონი საერთაშორისო საბანკო საქმიანობის შესახებ (Internatiolan Banking Act );
კანონი სრული დასაქმებისა და დაბალანსებული ზრდის შესახებ (Full Employment and Balanced Growth Act, 1978 წელი);
კანონი დეპოზიტური დაწესებულებების დერეგულა-ციისა და ფულადი კონტროლის შესახებ (Depository Institutions Deregulation ანდ Monetary Control Act, 1980 წელი);
კანონი საფინანსო დაწესებულებათა რეფორმისა და მათი საქმიანობის აღდგენის შესახებ (Fინანციალ Institutions Reform, recovery, ანდ Engrocement Act, 1989 წელი);
კანონი დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის საქმიანობის სრულყოფის შესახებ (Federal Deposit Insurance Corporation Imrovement Act, 1991 წელი).

კუნძულ ჯეკილზე განთავსებული კლუბი 1942 წელს დაიხურა. ხუთი წლის შემდეგ, ეს კუნძული ჯორჯიის შტატმა იყიდა. ამჟამად იგი ტურისტული ობიექტია. ერთ ერთ ძველ სასტუმროში დღემდეა ორი ოთახი, რომელსაც Federal reverce ეწოდება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის “მეფეები” ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა 95 წლის წინ შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში 14 ხელმძღვანელი შეიცვალა. მათგან უმეტესობა ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა არა უმეტეს 2-3 წლისა. მაგალითად, ჩარლზ ჰემლინი ამ საფინანსო ინსტიტუტის პირველი მეთაური, ამ პოსტზე 1914 წლის 10 აგვისტოდან 1916 წლის 9 აგვისტომდე მუშაობდა. ამ ორგანიზაციის ისტორიაში არიან პიროვნებები, რომლებმაც ამერიკისა და მთლიანად მსოფლიოს საფინანსო სისტემის განვითარებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინეს. მარინერ ეკლსმა ამერიკის საფინანსო სისტემა სამხედრო წყობაზე გადაიყვანა. მონაწილეობდა ცნობილი ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების მომზადებაში, რომლის მიღების შემდეგ, დოლარი მსოფლიოს უმთავრესი ვალუტა გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შექმნაში, ფედერალურ სარეზერვო სისტემას 1934-1948 წლებში მეთაურობდა.

უილიამ მაკჩესნი მარტინი ფედერალურ სარეზერვო სისტემას რეკორდული დროის, 19 წლის განმავლობაში (1951-1970 წლები) ხელმძღვანელობდა. 1938 წელს მაკჩესნი მარტინი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ხელფასს შესრულებული სამუშაოსათვის იღებდა. ეს ფინანსისტი ინფლაციის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი იყო. მისი ძალისხმევის შედეგად ამერიკის ეკონომიკამ გაუძლო დიდმასშტაბიან ომებს კორეასა და ვიეტნამში, აგრეთვე საბჭოთა კავშირში წარმოებულ გამალებულ შეიარაღებას. მაკჩესნი მარტინის ამ პოსტზე მუშაობის დროს, დოუ ჯონსის საბირჟო ინდექსი 200%-ით გაიზარდა. იგი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ეკონომიკა პოლიტიკისაგან განცალკევებით ვერ იარსებებდა. ამიტომაც პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან საკუთარ საქმიანობაში ეკონომიკური ასპექტები გაითვალისწინონ.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკის ფედერალური სისტემის ოთხი მეთაური შეიცვალა. 1970-1978 წლებში ამ პოსტზე არტურ ფრენკ ბერნსი (1904-1987) საქმიანობდა. იგი თანამედროვე დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე დაიბადა. 10 წლის ასაკში ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა. მან უმაღლესი განათლება და სამეცნიერო ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა. პარალელურად სამეცნიერო კვლევებს ბიზნეს-ციკლების სფეროში ატარებდა. შემდგომში ბერნსი გახდა ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროსა და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეკონომიკის საკითხებში საკონსულტაციო საბჭოს მეთაური (ანალოგიური გზა გაიარეს ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლო ორმა მეთაურმა, ალენ გრინსპენმა და ბენ ბერნაკემ). ბერნსმა ამ ასპარეზზე განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია. ამერიკის ეკონომიკა ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის პოსტზე მუშაობის დროს, სამომხმარებლო ფასები ამერიკაში 72% ით გაიზარდა. ინფლაციამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. ბერნსი იძულებული იყო ამერიკის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა, რადგანაც მიმდინარეობდა ომი ვიეტნამში. შემდეგ კი მასვე უნდა დაეფინანსებინა მსხვილმასშტაბიანი სოციალური პროგრამები. ამ პოსტიდან წასვლის შემდეგ, იგი დაინიშნა ამერიკის ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ბერნსი ფედერალური სარეზერვო სისტემის პოსტზე უილიამ მილერმა შეცვალა. მისი საქმიანობა ერთ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში (1978 წლის მარტი - 1979 წლის აგვისტო) გრძელდებოდა. ამის შემდეგ იგი ამერიკის ფინანსთა მინისტრი გახდა. ამ საფინანსო ინსტიტუტის სხვა ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, მილერს ეკონომიკური განათლება არ მიუღია. თავდაპირველად მან ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია დაამთავრა და ინჟინრის დიპლომი მიიღო. ბერკლის უნივერსიტეტში იგი იურისტი გახდა. მილერმა საქმიანობა იურიდიულ ფირმებში დაიწყო, სადაც ნიჭიერი მენეჯერის თვისებები გამოავლინა და მსხვილი კორპორაციის, Textron-ის ხელმძღვანელი გახდა. მილერი ამერიკელ მრეწველთა შორის ცნობილი ფიგურა იყო, სხვადასხვა სამრეწველო ასოციაციებში მაღალ პოსტებზე აირჩიეს. 1963 წლიდან მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლად მრეწველობის საკითხებში. მილერს ინფლაციის წინააღმდეგ თავგამოდებულ მებრძოლად თვლიდნენ. მისი აზრით, ინფლაცია მრეწველობაზე დამანგრეველად მოქმედებდა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის პოსტზე მან მოკლე პერიოდის განმავლობაში იმუშავა, ამიტომაც ძნელია შევაფასოთ მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები. ფედერალური სარეზერვო სისტემის შემდეგი მეთაური პოლ ვოლკერი გახდა. 2004 წელს იგი გაეროში ერაყთან გაფორმებული სკანდალურად ცნობილი ვაჭრობის პროგრამის “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” არსებული სიტუაციის გასარკვევად მიიწვიეს. ამერიკის ცენტრალურ ბანკს ვოლკერი 1979-1987 წლებში მეთაურობდა. მან განათლება პრისტონში, ჰარვარდში და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო. 1969-1974 წლებში ვოლკერი ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. დაკავებული იყო საერთაშორისო საფინანსო ურთიერთობების საკითხებით. 1971 წელს იგი ფედერალურ სარეზერვო სისტემაში თავისი წინამორბედის, ჩარლზ ჰემლინის იდეის მესაფლავე გახდა. სწორედ ვოლკერის ძალისხმევის შედეგად გაუქმდა დოლარის კურსის მიბმის მექანიზმები ოქროსადმი. ამით ბრეტონ-ვუდსის სისტემამ თავისი არსებობა შეწყვიტა.

1975-1979 წლებში ვოლკერი იყო ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მეთაური, რის შემდეგაც მთლიანად ფედერალური სარეზერვო სისტემის მესაჭე გახდა. ამერიკის მთავარი ბანკირის რანგში ვოლკერმა ძალიან წარმატებით იმუშავა. მან შეძლო ინფლაციის მოთოკვა. ამერიკის ეკონომიკამ თავი დააღწია კრიზისს, შემცირდა უმუშევრობის დონე. დოუ-ჯონსის საბირჟო ინდექსი ვოლკერის მმართველობის წლებში 225%-ით გაიზარდა. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ყოველთვის თამაშობდა. ალან გრინსპენის მეთაურობის დროს მისმა მნიშვნელობამ გლობალურ მასშტაბებს მიაღწია. თვით გრინსპენს “მეფე ალანი” და ამერიკის ჭეშმარიტი მმართველი უწოდეს. გრინსპენი, რესპუბლიკური პარტიის მომხრე, ამ პოსტზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა დანიშნა. მან თავისი პოსტი რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის, დემოკრატი ბილ კლინტონის (ორჯერ) და ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის დროსაც შეინარჩუნა.

ალან გრინსპენი ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას თითქმის 18 წლის განმავლობაში მართავდა. მან ისეთივე სტატუსი მოიპოვა, რომელიც პოპ-კულტურის ვარსკვლავის სტატუსს მიუახლოვდა. იგი ფაქტიურად პლანეტის ყველაზე გავლენიან ფინანსისტად გადაიქცა. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების კურსები დამოკიდებული იყოინვესტორების ნდობაზე პირადად გრინსპენისადმი. იგი საზოგადოების წინაშე იშვიათად გამოდიოდა, მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვა მსოფლიო ბაზრებზე უზარმაზარ გავლენას ახდენდა. 1996 წელს გრინსპენმა წარმოთქვა ფრაზა “ირაციონალური სიჭარბე”, რომელიც საბირჟო ინდექსის დოუ-ჯონსის დონის 6400 პუნქტამდე მომატებას დაუკავშირა. რეაქცია იყო ელვისებური: დოუ ჯონსის ინდექსი დაუყოვნებლივ 2%-ით შემცირდა, ნიკეის საბირჟო ინდექსმა კი 3,5%-ით დაიკლო. 1998 წელს გრინსპენმა ამერიკას “კეთილდღეობის ოაზისი” უწოდა, რის შემდეგაც აქციათა კურსებმა მოიმატა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა მისი კიდევ ერთი ფრაზა: “თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ გასაგებად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, თქვენ არასწორად გამიგეთ”. გრინსპენის ბუნდოვანმა ფრაზებმა ისეთი მნიშვნელობა შეიძინეს, რომ მისი გზავნილების გაშიფვრის სპეციალისტები გამოჩნდნენ, რომლებიც ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებათა კრებულზე მომუშავე სპეციალისტებს ჰგავდნენ. ალან გრინსპენს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბრწყინვალედ დასრულების შემდეგ, მაღალი პოსტები ეკავა ისეთ კორპორაციებში, როგორებიცაა Alcoa, Aotomatic Data Procesing, Capital Cities/ABC. General Foods, J.P. Morgan &Co., Mobil corporation. 1974-1977 წლებში იგი ამერიკის პრეზიდენტთან არსებულ ეკონომიკის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1987 წლის 2 ივნისს გრინსპენი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამერიკის ფინანსური ბაზრები პანიკამ მოიცვა. აქციათა კურსებმა დაცემის ხუთწლიანი რეკორდი დაამყარეს. ბაზრის მონაწილეები თვლიდნენ, რომ გრინსპენს პოლიტიკა უფრო დააინტერესებდა, ვიდრე ეკონომიკა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ, ამერიკაში ფინანსური კრიზისი დაიწყო. შემდგომში, ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 1990-იანი წლებიდან ზრდის რეკორდული ტემპები დაფიქსირდა. გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და ეკონომიკურ აღმავლობას სწორედ მის გვარს უკავშირებენ. ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ, გრინსპენმა დუმილის ტრადიცია დაარღვია და აქტიურად დაიწყო ინტერვიუების მიცემა. განმარტავდა, რომ იგი პირადად და ფედერალური სარეზერვო სისტემა მთლიანად ამ კრიზისში დამნაშავეები არ იყვნენ. დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწია გრინსპენის შემცვლელს, ბენ ბერნაკეს. მან წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მოგვიანებით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში PH.D. ხარისხი მიიღო, რომელიც ჩვენში მეცნიერებათა კანდიდატის წოდებას უტოლდება. იგი ასწავლიდა სტენფორდისა და პრისტონის უნივერსიტეტებში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. ბენ ბერნაკე არის სამი სახელმძღვანელოს ავტორი მაკროეკონომიკაში. იგი ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროში მონეტარული ეკონომიკის პროგრამას ხელმძღვანელობდა. იყო ჟურნალ “ამერიკული ეკონომიკური რევიუ”-ს რედაქტორი. 2002 წლიდან იგი ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთ-ერთ გუბერნატორად დაინიშნა. შემდგომში გადაინაცვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეკონომიკის დარგში საკონსულტაციო საბჭოს მეთაურის პოსტზე. იგი არის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოკვლევისა, რომელიც უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისს, 1920-1930-იან წლებში არსებულ დიდ დეპრესიას ეძღვნება. ბენ ბერნაკეს წიგნი “ესე დიდი დეპრესიის თაობაზე” (Essays on the Great Depression 2005 წელს გამოქვეყნდა. იგი თავის ნაშრომში ამტკიცებს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა არ დაუშვას მოსახლეობის დაზარალება. რამდენად გაართმევს იგი თავს ამ ამოცანის გადაჭრას, მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი კანდიდატურა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის პოსტზე კვლავ წამოაყენა.

ვეფხია სამსონიძე