ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ამერიკელები “საგადასახადო სამოთხეს” ებრძვიან
#8(116), 2009

შვეიცარიის მთავრობა მზად არის ბანკ UBS-ში საკუთარი წილი გაყიდოს. ქვეყნის უდიდესი ბანკი ამ ფინანსური გარიგებიდან 1,8 მილიარდ ფრანკს (1,69 მილიარდ დოლარს) მიიღებს. სახელმწიფო წილის გაყიდვის გადაწყვეტილება შვეიცარიის მთავრობამ ამ ბანკის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით მიიღო. ამის შესახებ შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა ჰანს რუდოლფ მერცმა განაცხადა. ამავე ქვეყნის ფედერალური საფინანსო ადმინისტრაციის დირექტორის, ზიგენტჰალერის ინფორმაციით, მთავრობამ სამ შვეიცარიულ და უცხოურ ბანკს გადასცა მანდატი ინვესტორებისათვის 332,2 მილიონი აქციის გაყიდვის ორგანიზებისათვის, რაც ბანკის ამჟამინდელი კაპიტალის 10,3%-ს შეადგენს. ამ საქმიანი გარიგების პირობების მიხედვით, ერთი აქცია 16-16,5 შვეიცარიული ფრანკის ფარგლებში უნდა გაიყიდოს. შვეიცარიის მთავრობამ ამ ბანკის აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც UBS-ის ხელმძღვანელობამ ამერიკის საგადასახადო ხელისუფლებასთან “მშვიდობიან შეთანხმებას” მიაღწია, რომელიც სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით ამ ბანკის 52 000 კლიენტის მონაცემის გამჟღავნებას მოითხოვდა. ისინი UBS-ის დახმარებით ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობისაგან თავის არიდებას ახერხებდნენ. გამჟღავნდა ამ შეთანხმების პირობები: ბანკი გადასცემს მონაცემებს 4450 ამერიკელი კლიენტის შესახებ შვეიცარიის საგადასახადო ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რომელი მონაცემები გადასცეს ამერიკის საგადასახადო სამმართველოს. იმავე შეთანხმების საფუძველზე, შვეიცარიულ ბანკს დამატებითი საჯარიმო სანქციები არ დაეკისრება. ამერიკის ხელისუფლებასთან მიღწეულმა “მშვიდობიანმა შეთანხმებამ” და UBS-ს კაპიტალის გაზრდამ მიმდინარე წლის ივნისში 3,8 მილიარდი ფრანკით, ამ ბანკისადმი ნდობა გაამყარა, რამაც შვეიცარიის მთავრობას საშუალება მისცა ბანკში კუთვნილი წილი გაეყიდა.

“შვეიცარიული ბანკის UBS-ის ამერიკელმა თანამშრომელმა, ბრედლი ბირკენფელდმა შვეიცარიული ბანკების კონფიდენციალობის დიდი ხნის განმავლობაში ურყევ პრინციპებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა. სასამართლო დოკუმენტების შესაბამისად, ბირკენფელდის ყველაზე მსხვილმა კლიენტმა, უძრავი ქონების კალიფორნიელმა მაგნატმა 2007 წლის ოქტომბერში უკვე აღიარა, რომ გადასახადებს თავს არიდებდა. მან მთლიანად დაფარა საგადასახადო დავალიანება - 52 მილიონი დოლარი”, - იტყობინება გაზეთი Los-Angeles Times. ბრედლი ბირკენფელდმა 2007 წელს ამერიკის ხელისუფლებას იმის თაობაზე უამბო, თუ როგორ ეხმარებოდა ამერიკელებს, რომ საკუთარი კაპიტალი გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შვეიცარიულ ბანკში, საიდუმლო ანგარიშებზე დაემალათ. ამერიკაში მიმდინარე ფედერალურმა გამოძიებამ შვეიცარიული ბანკი უკვე აიძულა გადაეხადა 780 მილიონი დოლარი.

შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოების მითითებით, იგივე ბანკი გაამჟღავნებს ბანკის 300-მდე ამერიკელი მეანაბრის მონაცემებს, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება ამერიკაში უკვე დაწყებულია. შვეიცარიაში, მსოფლიო საბანკო ინდუსტრიის მომგებიანობის მთავარი საფუძველი კონფიდენციალურობა იყო. გაჩნდა შიში და საფრთხე იმისა, რომ ბიზნესის ეს სახეობა ადრინდელ კალაპოტში აღარ დაბრუნდება. ბირკენფელდის მიერ საბანკო საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, საბანკო ანგარიშების გამოყენების შემთხვევები კანონმდებლობის დარღვევის მიზნით შემცირდება. ბირკენფელდი სასამართლოს წინაშე ამერიკის ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში აგვისტოს ბოლოს წარსდგება. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკის იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, მას პატიმრობის ვადა ორჯერ შეუმცირონ, იმ მიზეზით, რომ მან ამერიკის ხელისუფლებასთან ითანამშრომლა. მისი ციხეში გაგზავნა “პოტენციურ ინფორმატორებს” ენთუზიაზმს გაუქრობს. ბირკენფელდის ადვოკატებმა მისთვის პირობითი პატიმრობა მოითხოვეს.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ახალი ბრალდებები ევროპაში “საგადასახადო სამოთხის” სხვა წარმომადგენელის, Neue zuercher Bank-ის (NZB) წინააღმდეგ წამოიწყო. სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, რომ ამერიკის ხელისუფლებამ NZB-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰანსრუედი შუმახერს და მის ადვოკატს, მათიას რაიკენბეჩს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი ამერიკელ კლიენტებს ეხმარებოდნენ საკუთარი აქტივები გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით ოფშორულ იურისდიქციაში განეთავსებინათ. საბრალდებო აქტის თანახმად, შუმახერი და რაიკენბეჩი თავის ამერიკელ კლიენტებს ამერიკული კანონმდებლობის დარღვევისაკენ უბიძგებდნენ. ამერიკის შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) სპეციალურმა კომისარმა, დუგ შულმანმა განაცხადა, რომ გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ფარული ოფშორული აქტივების გამოსავლენად. ამერიკული თემიდის მონაცემების მიხედვით, შუმახერი და რაიკენბეჩი რეგულარულად მოგზაურობდნენ ამერიკაში საკუთარი ამერიკელი კლიენტების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. გამოძიების ორგანოების მონაცემების მიხედვით, ისინი იღებდნენ ოფშორულ საკრედიტო ბარათებს და ამზადებდნენ ფიქტიურ საკრედიტო დოკუმენტებს, რაც იმისათვის იყო საჭირო, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოსდა ამერიკელი კლიენტების აქტივები შვეიცარიელ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. ამ გზით, ისინი ამერიკის მოქალაქეებს ეხმარებოდნენ დაეფარათ საკუთარი შემოსავლები ოფშორულ ფონდებში. ბანკი NZB-ის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის მთავრობასა და შვეიცარიის ბანკი UBS-ს შორის არასასამართლო შეთანხმება შედგა. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შუმახერმა და რაიკენბეჩმა, გამოძიების ვერსიის მიხედვით, საკუთარ ამერიკელ კლიენტებს უარი ათქმევინეს აღიარებითი ჩვენებით ამერიკის საგადასახადო ორგანოებში გამოცხადებულიყვნენ. ამის მაგიერ მოუწოდებდნენ, საკუთარი აქტივები ბანკი UBS-დან მეორე შვეიცარიულ ბანკში NZB ში გადაეტანათ. ორივე ეჭვმიტანილი საკუთარ კლიენტებს არწმუნებდა, რომ მათი აქტივები ბანკში NZB ში უფრო დაცული იქნებოდა. ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საგადასახადო საკითხებში, ჯონ დიჩიკომ განაცხადა, რომ “იუსტიციის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს გამოძიებას იმ ბანკირებისა და ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ამერიკელ კლიენტებს გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით კანონდარღვევით დაეხმარებიან. უცხოურ ბანკებს მოვუწოდებთ საკუთარი ნებით გაამჟღავნონ ასეთი ფაქტები, სანამ ამის თაობაზე ჩვენთვის გახდება ცნობილი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ იმ ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც აღიარებენ, რომ ოფშორული საბანკო ანგარიშები აქვთ. მათ, ვინც საკუთარი ნებით არ გაამჟღავნებს საკუთარ უცხოურ აქტივებს, შემოსავლებს, - დიდი ჯარიმები და სისხლის სამართლებლივი დევნა ემუქრებათ”. მანამდე IRS-ის მეთაურმა, დუგ შულმანმა განაცხადა, რომ მისი უწყება კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის საგადასახადო უწყებებთან “საგადასახადო სამოთხეებზე” ინფორმაციის გაცვლის საკითხში თანამშრომლობას გააფართოებს. მათი ყურადღების ცენტრში მოექცევიან ის ბანკირები, ბანკები, იურისტები, აუდიტორები, რომლებიც ამ მიმართულებით არაკანონიერ საქმიანობას ეწევიან.

ვეფხია სამსონიძე