ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
"შეფასების საერთაშორისო სტანდარტები 2007" ქართულენოვანი გამოცემა
#12(120), 2009

აუდიტის, აღრიცხვისა და საშემფასებლო საქმიანობის ქართველმა სპეციალისტებმა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გაცნობის საშუალება მიიღეს. ეს არის "შეფასების საერთაშორისო სტანდარტები 2007", რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა "საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის" (სქშეი) მიერ. "სქშეი", რომელიც 2003 წლიდან შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (შსსკ) წევრია, მოწოდებულია უშუალო მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფორმირებაში, შემფასებელთა მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ქონების ბაზრების კვალიფიციური შემფასებლებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საშემფასებლო მომსახურებით უზრუნველყოფაში.

როგორც სქშეი-ს გამგეობის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ხმალაძე აღნიშნული გამოცემის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, "დღეს, როცა შემფასებლის პროფესია საქართველოში ფორმირების ეტაპზეა და, პირველ რიგში, საკანონმდებლო მხარდაჭერას მოითხოვს, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შემფასებლის პროფესიის დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოყალიბებასა და მის საზოგადოებრივ აღიარებას. იმავდროულად, პროფესიის მხარდასაჭერად, აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივა და პროფესიის მარეგულირებელი აქტის (კანონის) მიღება... სწორედ აღნიშნული მიზნების მისაღწევად განხორციელდა "სქშეი"-ს მიერ "შეფასების საერთაშორისო სტანდარტების თარგმნისა და გამოცემის" პროექტი, რისთვისაც 2008 წლის ბოლოს შსსკ-დან მიღებულ იქნა შესაბამისი ნებართვა".

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი (შსსკ) (IVSC) 1981 წელს დაარსდა. თავდაპირველად მას "აქტივების შეფასების საერთაშორისო კომიტეტი" ეწოდებოდა, ახლანდელი სახელით კი 1994 წლიდან არსებობს. კომიტეტი, რომელიც თავდაპირველად დაფუძნდა 20 ეროვნული ასოციაციის წევრობით, 2007 წლისათვის გაფართოვდა და ამჟამად აერთიანებს წევრის ან დამკვირვებლის სტატუსის მქონე ასოციაციებს 52 ქვეყნიდან.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტმა დაარსების დღიდან გრძელი გზა განვლო და სამართლიანად ამაყობს თავისი არსებობის 25 წლის მანძილზე მიღწეული მრავალმხრივი წარმატებით, მათ შორის საბაზრო ღირებულების საყოველთაოდ აღიარებული განმარტების შემუშავებით; კომიტეტის ევოლუციით ისეთ ორგანომდე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის წარმომადგენლობა აქვს; ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ნდობისა და სახელის მოპოვებით და ძირითად მოთამაშეებთან თანამშრომლობის მიღწევით. შსსკ-ის წარმატება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში და მისი მზარდი მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბის მარეგულირებელ ორგანოებსა და საერთაშორისო დონის უწყებებს შორის განაპირობებს შემფასებლის პროფესიის საყოველთაო აღიარებასა და ქონების შეფასების მნიშვნელობის უფრო საფუძვლიან აღქმას, რაც დადებით გავლენას ახდენს თითოეულ შემფასებელზე.

კომიტეტის შექმნას წინ უსწრებდა სწრაფი ეკონომიკური ცვლილებები, რასაც ადგილი ჰქონდა 1970-იან წლებში. ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო ბაზრის მონაწილეთა მიერ ქონების პროფესიული მნიშვნელობის აღიარებას. საინვესტიციო ბაზრების გლობალიზაციის დაჩქარებულმა ტემპმა წარმოქმნა ქონების ღირებულების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების საჭიროება. ცხადი გახდა, რომ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გარეშე მნიშვნელოვან გაუგებრობებს ექნებოდა ადგილი. ამიტომ კომიტეტმა ორგვარი მიზანი დაისახა:

- ქონების შეფასებისათვის სტანდარტების შემუშავება და გამოცემა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ და ამ სტანდარტების მსოფლიო აღიარების ხელშეწყობა; და

- ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაცია და სტანდარტებს შორის და/ან მათ გამოყენებაში არსებული განსხვავებების დადგენა და გამოაშკარავება აღნიშნული განსხვავებების წარმოქმნისთანავე.

კომიტეტმა, გარდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა, დაიწყო აგრეთვე ფინანსური ანგარიშგებისა და სესხების უზრუნველყოფის მიზნებისათვის შეფასების ე.წ. "გამოყენებების" გამოქვეყნება, ასევე "სახელმძღვანელოების" გამოცემა შეფასების სპეციფიკურ საკითხებზე და სტანდარტების გამოსაყენებლად ბიზნესისა და მომსახურების კონკრეტულ სფეროებში.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტმა 1985 წლიდან დაწყებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (შსს) (IVSs) რვაჯერ გადასინჯა. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მერვე გამოცემა (შსს 2007), რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა, წინა მეშვიდე გამოცემასთან შედარებით გაცილებით სრულყოფილი და დახვეწილია. 433-გვერდიან გამოცემაში წარმოდგენილია:

- წინასიტყვაობა შეფასების საერთაშორისო კომიტეტის შესახებ;

- შეფასების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების კონცეპტუალური საფუძვლები;

- ქცევის კოდექსი;

- ქონების ტიპები;

- შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (შსს) შესავალი;
- შსს 1 "შეფასების საფუძველი საბაზრო ღირებულება";

- შსს 2 "შეფასების სხვა საფუძვლები, საბაზრო ღირებულების გარდა";

- შსს 3 "შეფასების ანგარიში";

- შეფასების საერთაშორისო გამოყენებები (შსგ):

შსგ 1 "შეფასებას ფინანსური ანგარიშგებისათვის";

შსგ 2 "შეფასება სესხის (კრედიტის) უზრუნველყოფის მიზნებისათვის";
შსგ 3 "სახელმწიფო სექტორის აქტივების შეფასება ფინანსური ანგარიშგებისათვის";

- სახელმძღვანელოები ##1-15:

"უძრავი ქონების შეფასება";
"საჯარო ინტერესის შეფასება";
"მანქანა-მოწყობილობებისა და დანადგარების შეფასება";
"არამატერიალური აქტივების შეფასება";
"მოძრავი ქონების შეფასება";
"სამეურნეო სუბიექტის (ბიზნესის) შეფასება";
"საშიში და ტოქსიკური ნივთიერებების გათვალისწინება შეფასების დროს";
"დანახარჯების მიდგომა ფინანსური ანგარიშგებისათვის - (ამორტიზებული ჩანაცვლების დანახარჯები)";
"დისკონტირებული ფულადი ნაკადების ანალიზი საბაზრო შეფასებებისა და ინვესტიციების ანალიზისთვის";
"სასოფლო-სამეურნეო ქონების შეფასება";
"შეფასების ექსპერტიზა";
"ვაჭრობაზე დამოკიდებული ქონების შეფასება";
"მასობრივი შეფასება ქონების დაბეგვრისათვის";
"მომპოვებელი მრეწველობის ქონების შეფასება";
"ისტორიული ქონების შეფასება";

- და ბოლოს, ტერმინების გლოსარი, რომელიც შეიცავს 300-მდე ტერმინის განმარტებას, მათი ინგლისური დასახელებებისა და იმ შეფასების საერთაშორისო სტანდარტის (გამოყენების, სახელმძღვანელოს) მითითებით, რომელშიც ის გამოიყენება.

შეფასების სამივე სტანდარტიდან თითოეული ეხება შეფასების ზოგადად დაკავშირებულ სფეროს და შედგება 9 ნაწილისაგან:

1. შესავალი;

2. გამოყენების სფერო;

3. განმარტებები;

4. ურთიერთკავშირი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან;

5. სტანდარტის მოთხოვნები;

6. განხილვა;

7. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები;

8. სტანდარტის მოთხოვნებიდან გადახვევის დებულებები;

9 ძალაში შესვლის თარიღი.

თითქმის იგივე სტრუქტურისაა შეფასების საერთაშორისო გამოყენებები, თითოეული სახელმძღვანელო კი მოიცავს შემდეგ 6 ნაწილს:

1. შესავალი;

2. გმოყენების სფერო;

3. განმარტებები;

4. კავშირი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან;

5. სახელმძღვანელო მითითებები;

6. ძალაში შესვლის თარიღი.

მართალია, სტანდარტების ოფიციალურ ტექსტად ინგლისურენოვანი ტექსტი რჩება, მაგრამ შსსკ-ის ნებართვით სტანდარტები გადათარგმნილია მრავალ სხვადასხვა ენაზე, მათი ამოქმედებისა და გამოყენების გაადვილების მიზნით. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართული ვარიანტი წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, სწავლებისა და ცოდნის გაღრმავების მნიშვნელოვან ნაწილს.

"შეფასების საერთაშორისო სტანდარტები 2007" ქართულენოვანი გამოცემის ფასი 120 ლარია. ეს ერთი შეხედვით შეიძლება ძვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ შრომას, რომელიც მის გამოცემას დასჭირდა, ასევე მცირე ტირაჟს (მხოლოდ 200 ეგზემპლარი), ეს ფასი სავსებით ზომიერია. ამიტომ ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს ვურჩვეთ, დაუკავშირდნენ "სქშეის" (ტელ.: 37-89-09; (99) 58-84-85) და ამ წიგნით თავიანთი ბიბლიოთეკა გაამდიდრონ.

გიორგი ცერცვაძე