ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ქართული ამბები
#12(120), 2009

შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ რეფორმებს გაატარებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წელს ადმინისტრაციული რეფორმები გატარდება. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, რეფორმის მიზანი გადამხდელთა მომსახურების უფრო გამარტივებაა. 

ამასთან, 2010 წელს დაგეგმილია საგადასახადო კანონმდებლობის მასშტაბური აუდიტი, რათა დაზუსტდეს, რამდენად ხელსაყრელია საგადასახადო კოდექსი ინვესტორებისთვის.

კონკრეტულ წინადადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს. ასევე გაიმართება პრეზენტაცია ელექტრონული მომსახურების სისტემის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით. 

ელექტრონული დეკლარირების სისტემის შემოღება 2009 წელს ფინანსთა სამინისტროში გატარებულ ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად სახელდება. ელექტრონული დეკლარირების სისტემას წელს კიდევ ერთი სერვისი – წინასწარი შეტყობინებების კომპონენტი დაემატება.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კახი კალაძესთან "არსენალ სითის" პრობლემების მოგვარებას ცდილობს

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ "კალა კაპიტალის" დამფუძნებელ კახი კალაძეს "არსენალ სითის" პროექტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, კახი კალაძესთან შეხვედრაზე ორივე მხარემ თავიანთი წინადადებები წამოაყენეს, რომლებიც განიხილება და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში მიიღება. 

შეთავაზებული წინადადებებიდან, ერთ-ერთი "კალა კაპიტალში" შემავალი "არსენალ დეველოპმენტის" მიერ შესყიდული ყოფილი "არსენალის" ტერიტორიის დაყოფა და პროექტში დამატებით ინვესტორის შემოყვანაა.

"ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ასევე კონტრაქტით, რომლის პირობები სამწუხაროდ ვერ შესრულდა. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს რთული ვითარებაა და ინვესტიციის მოზიდვა საკმაოდ ძნელია. კალაძესთან გვაქვს კომუნიკაცია და საბოლოო შეთანხმებასაც მივაღწევთ", - განაცხადა მინისტრმა. 

"არსენალ დეველოპმენტმა" სახელმწიფოსგან ყოფილი "არსენალის" ტერიტორია 38 მლნ აშშ დოლარად იყიდა. კომპანიამ მიწის ღირებულების - 19 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააგვიანა, რასაც საურავებიც დაემატა. აღნიშნულ ტერიტორიაზე "არსენალ დეველოპმენტს" "არსენალ სითის" პროექტის განხორციელება უნდა დაეწყო, რომელიც სამთავრობო, საცხოვრებელი და კომერციული ფართების, ასევე, გასართობი ცენტრების მშენებლობას გულისხმობდა.


სასტუმრო "გუდაურს" უკრაინული "პრივატ ჯგუფი" ყიდულობს


გუდაურის სამთო-სათხილამურო კომპლექსის პრივატიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, თებერვალში დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

სს "გუდაურის" შეძენით უკრაინული "პრივატ ჯგუფია" დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, "პრივატ ჯგუფის" წარმომადგენლები უკვე სს "გუდაურის" მენეჯმენტში შევიდნენ. მინისტრის განცხადებით კი, წარმომადგენელთა შესვლა კომპლექსში არსებული ფინანსური კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით მოხდა. ისინი ასევე შეისწავლიან, თუ როგორია ყოველწლიურად კურორტის დატვირთვა და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მიიღებენ. 

რა ფასად იგეგმება სს "გუდაურის" პრივატიზაცია, ეკონომიკური განვითარების მინისტრი არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ "გუდაურის" კომპლექსის აქციების 85 პროცენტის გაყიდვას მთავრობა 2008 წლის მაისში 5 მილიონ ევროდ გეგმავდა, თუმცა, მაშინ კომპლექსის გაყიდვა ვერ მოხერხდა.

"გუდაურის" საკურორტო კომპლექსში 4-ვარსკვლავიანი, 122 ნომრიანი სასტუმრო "გუდაური"; 12 კოტეჯი; 5 საბაგირო გზა; სამთო-სათხილამურო ტრასები; მიწის ნაკვეთები; შენობა-ნაგებობები და სპეცტექნიკა შედის.


აჭარაში შარშან 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

აჭარაში 2009 წელს, წინასწარი მონაცემებით, 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხიდან 98 მლნ აშშ დოლარი უცხოური ინვესტიციაა, ხოლო 42 მლნ აშშ დოლარი - ადგილობრივი ინვესტიცია. 

2008 წელს აჭარაში ჩადებულმა ინვესტიციებმა 130 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2007 წელს ეს მაჩვენებელი 200 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.

აჭარაში იმატა ვიზიტორთა რიცხვმაც. სულ აჭარის რეგიონს 2009 წელს 554 150 ვიზიტორი ესტუმრა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, 2008 წელთან შედარებით, 94,4 პროცენტით მეტია, ხოლო 2007 წელთან შედარებით _ 57,3 პროცენტით მეტი. 2008 წელს აჭარაში 285 000 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2007 წელს _ 352 085. 2009 წელს აჭარაში ჩასული ვიზიტორებიდან 162 059 უცხოელია, რაც, 2008 წელთან შედარებით, 113 პროცენტით მეტია.

ამასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში საკმაოდ ბევრი ვიზიტორი იმყოფებოდა ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რის გამოც სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობდნენ. 2010 წელს კი, აჭარაში და მთლიანად საქართველოში გასულ წელზე გაცილებით მეტი ტურისტის ჩამოსვლას პროგნოზირებენ.


საქართველოში წარმოებული სიგარეტი გაძვირდა

საქართველოში წარმოებული სიგარეტის ფასი გაიზარდა. როგორც "საქართველოს თამბაქოს წარმოების" ხელმძღვანელმა დავით ღვინეფაძემ განაცხადა, სიგარეტი "პირველი", რომელსაც კომპანია აწარმოებს, 20 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, თუ აქამდე საცალო ქსელში ერთი კოლოფი სიგარეტი "პირველი" 1 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 1.20 ლარია. 

ღვინეფაძის განცხადებით, სამომავლოდ შესაბამისი გაანგარიშებებისა და ბაზარზე დაფიქსირებული ტენდენციების შემდეგ გადაწყდება, კიდევ მოიმატებს თუ არა სიგარეტის ფასი. 

ქართული წარმოების თამბაქოს გაძვირება ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრებამ გამოიწვია. აქციზის გადასახადის გათანაბრება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადი 40 თეთრს შეადგენდა, რაც 60 თეთრამდე - ანუ იმ მაჩვენებლამდე გაიზარდა, რომელიც იმპორტულ თამბაქოზე იყო დაწესებული.

ელექტროენერგიის საბაზრო ვაჭრობაში ცვლილებებია


ელექტროენერგიის საბაზრო ვაჭრობაში დაშვების ზღვარი 2010 წლის 1 იანვრიდან წლიური 30 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან 7 მლნ კვტსთ-მდე შემცირდა. ამასთან იგეგმება, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წლისთვის წლიურად 1 მლნ კვტსთ-მდე ჩამოვა. მსხვილ ენერგომომხმარებლებს, რომლებიც წლიურად 7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, უფლება აქვთ, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში ჩაერთონ და ელექტროენერგია პირდაპირ გენერაციის ობიექტიდან შეიძინონ.

ელექტროენერგიის საბაზრო წესების მიხედვით, ენერგოსექტორის ლიცენზიანტები აფორმებენ მოკლევადიან (1 წელი) ან გრძელვადიან (5 წელი) პირდაპირ კონტრაქტებს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე, კონტრაქტები ფორმდება მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის, ხოლო საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე ხელშეკრულება ფორმდება კომერციულ ოპერატორთან.

საბაზრო წესების მიხედვით, პირდაპირი მომხმარებლის ლიცენზია აქამდე მიიღეს მხოლოდ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც 2004-2005 წლებში წლიურად მოიხმარდნენ 30 მლნ. კვტსთ ელექტროენერგიას.