ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ქართული ამბები
#11(119), 2009
შემოსავლების სამსახური ელექტრონული დეკლარირების სისტემის საყოველთაო დანერგვას გულმოდგინედ ცდილობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმეთა დახმარების მიზნით ახალი ინიციატივით გამოვიდა. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, მეწარმეს, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია ელექტრონული დეკლარირების სისტემასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ეძლევა, საკონსულტაციო ცენტრის ნომერზე - 077 დარეკოს და სპეციალისტები ელექტრონული დეკლარირების სისტემასთან დაკავშირებით მას უფასო კონსულტაციებს გაუწევენ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტები უშუალოდ მივლენ კომპანიაში და ადგილზე გაუწევენ მათ დახმარებას გადასახადების ელექტრონული ფორმით დეკლარირებასა და გადამხდელის სახით სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირებაში.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ელექტრონული დეკლარირების სისტემა, რომელიც გადამხდელებისთვის მიმდინარე წლის 1 მაისიდან გახდა ხელმისაწვდომი, გადამხდელს საშუალებას აძლევს, დეკლარირება მოახდინოს ელექტრონულად და ყველა გადასახადი საგადასახადოში მისვლის გარეშე გადაიხადოს. სისტემა ამცირებს საგადასახადო ვალდებულებების დაგვიანებით ჩაბარების რისკს და ზოგავს გადამხდელების დროს. მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს მისი კომპანიის თუ საწარმოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობას; მიიღოს უახლესი ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.

* რედაქციის შენიშვნა: ჩვენი აზრით, რაც არ უნდა პროგრესული იყოს ელექტრონული დეკლარირების სისტემა, მათი დაძალება გადამხდელებისათვის, რასაც შემოსავლების სამსახური ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმართავს, მიუღებელი და დასაგმობია.

ფინანსთა სამინისტროს ახალი სამსახური დაემატა 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ახლა ამოქმედდა, დავით ქარსელაძე უხელმძღვანელებს. დავით ქარსელაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი, წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობდა. იგი პროფესიით იურისტია.

საგამოძიებო სამსახური უშუალოდ ფინანსთა მინისტრს დაექვემდებარება. მას 610 თანამშრომელი ჰყავს. უწყება, რომელიც უნივერსტიტის ქუჩაზე განთავსდა, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე გააგრძელებს მუშაობას.


საგარეო ვალი შარშანდელთან შედარებით 1,5 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით 5 მლრდ 687 მლნ 972 ათას ლარს შეადგენდა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 3 მლრდ 898 მლნ 471 ათასი ლარი მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალია. მრავალმხრივ კრედიტორებს შორის არიან მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის მიმართაც საქართველოს 1 მლრდ 973 მლნ 896 ათასი ლარის ოდენობის ვალი აქვს; რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი – 104 მლნ 074 ათასი ლარი; საქართველოს ასევე აქვს 1 მლრდ 356 მლნ 050 ათასი ლარი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ.

ორმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანება 941 მლნ 801 ათას ლარს შეადგენს, ყველაზე მეტი ვალი ორმხრივ კრედიტორებს შორის საქართველოს გერმანიის მიმართ აქვს - 338 მლნ 968 ათას ლარი. 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - ევრობონდების გამოშვების შედეგად საქართველოს 837 მლნ 150 ათასი ლარის ვალი აქვს, ხოლო ქვეყნის მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 10 მლნ 549 ათას ლარს შეადგენს. 

გასული წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალი 4 მლრდ 117 მლნ 667 ათას ლარს შეადგენდა.


ნოემბერში ინფლაციამ 2,7 პროცენტი შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ მიმდინარე წლის ნოემბერში 2,7 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 6,3 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3,2 პროცენტზე დაფიქსირდა. საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2009 წლისთვის 9 პროცენტით იყო განსაზღვრული, თუმცა კრიზისისა და სხვა გარემოებების გამო, ვარაუდობენ, რომ წლის ეს მაჩვენებელი 3-4 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდება.  


წელს ყველაზე მეტად განათლება გაძვირდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად განათლებაზე გაიზარდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, განათლების სფეროში ფასის ზრდამ 48,2 პროცენტი შეადგინა. 

ფასის მატების თვალსაზრისით მეორე ადილზეა კაფეების, ბარებისა და რესტორნების მომსახურება - 4,4 პროცენტი. 

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი ერთ წელიწადში 3,1 პროცენტით გაიზარდა; ჯანდაცვის სფეროში - 3,4 პროცენტით; ტრანსპორტის მომსახურებაზე - 2,6 პროცენტით; კავშირგაბმულობის სფეროში კი - 2,3 პროცენტით.

2009 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 8,2 პროცენტით ფასის კლება დაფიქსირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე; 5,2 პროცენტით დაიკლო ფასმა საცხოვრებელ სახლზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე, ხოლო 1,5 პროცენტით შემცირდა ავეჯის, საოჯახო ნივთების, მორთულობისა და სახლის მოვლა-შეკეთების ფასი.

მთლიანად, მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 2,7 პროცენტით გაიზარდა.


პრესტიჟულმა ჟურნალმა "საქართველოს ბანკი" დააჯილდოვა

"საქართველოს ბანკმა" ჟურნალ The Banker-ისგან ჯილდო - "წლის ბანკი 2009" მიიღო.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ "საქართველოს ბანკმა" აღნიშნული ჯილდო წელს მიიღო. 

"The Banker-ის მიერ "საქართველოს ბანკი" მეოთხე წელია ზედიზედ აღიარებულ იქნა ქვეყნის წამყვან ბანკად. ამ ჯილდოს მიღება წელს განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ეკონომიკური რეცესიის დაძლევის შემდეგ, ბანკი კიდევ უფრო ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტად მოგვევლინა", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

The Banker-ის ჯილდო "წლის ბანკი" 2000 წელს დაარსდა. მას შემდეგ იგი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში წამყვან კომერციულ ბანკებს მათი მიღწევებისთვის გადაეცემა.

მომავალი წლის ბიუჯეტში "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არ იგრძნობა

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არ იგრძნობა - აღნიშნული დასკვნა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტებმა (CEPR) 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვისა და ანალიზის შედეგად გააკეთეს. როგორც ექსპერტი შოთა მურღულია აღნიშნავს, 2010 წლის ბიუჯეტში ხარჯების შემცირება არ მომხდარა, არამედ ფინანსური აქტივების ზრდის და ვალდებულების კლების შემცირება განხორციელდა.

2010 წლის ბიუჯეტის პროექტში, 2009 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილებებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება თავდაცვის, გარემოს დაცვის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება. იზრდება ეკონომიკური საქმიანობის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების დაფინანსება. აგრეთვე, იზრდება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება, რაც `ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან“ წინააღმდეგობაშია. 

ამასთან, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები თითქმის არ მცირდება. კლებულობს ფინანსური აქტივების მატებისთვის საჭირო გადასახდელები, რაც ხარჯს არ წარმოადგენს. აგრეთვე, კლება ფიქსირდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრების მუხლში.

რაც შეეხება შემოსულობებს, 2010 წლის პროექტით სულ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 6 773.4 მლნ ლარით, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5 171.9 მლნ ლარს შეადგენს. 2009 წ. ბიუჯეტის ბოლო ცვლილებებით შემოსულობების პროგნოზი შეადგენს 6 614,5 მლნ ლარს, ხოლო შემოსავლების - 5 137,5 მლნ ლარს. 


თბილისის საახალწლო განათებაზე მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება

საახალწლო ილუმინაციებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია მუშების ხელფასები, ახლადშეძენილი საახალწლო ჭაღები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დაკიდეს და ერთი თვის განმავლობაში ილუმინაციების ნათების შედეგად დახარჯული ელექტროენერგიის საფასური.

თბილისის საახალწლოდ მომზადება შესაბამისმა სამსახურმა ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. ძირითადად უკვე გაკეთდა საახალწლო ილუმინაციები და განათებები. პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. შესაბამისი საახალწლო განათებები მოეწყო თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ. თბილისის საახალწლოდ მორთვა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.


სასტუმრო "ჰაიატი თბილისის" მშენებლობა შეჩერებულია

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს "პარკ ჰაიატი თბილისის" მშენებელმა კომპანიამ "როიალ ესთეით"-მა პროექტის განხორციელება დროებით შეაჩერა. როგორც "როიალ ესთეით"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია გადაევმა განაცხადა, პროექტის შეჩერების მიზეზი დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

კერძოდ, როგორც გადაევი განმარტავს, კომპანია აქტიურ მუშაობას ფინანსურ ინსტიტუტებთან 2006 წლიდან აწარმოებდა. მოლაპარაკებების ფარგლებში წინასწარი შეთანხმება 2007 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) 110 მლნ აშშ დოლარზე შედგა. თუმცა, 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს ომის გამო EBRD-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში, ამ პროექტით საერთაშორისო კერძო ინვესტიციების ამერიკული კორპორაცია (OPIC) დაინტერესდა. იმავე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელი მოეწერა მემორანდუმს OPIC-ის მხრიდან გამოხატული ინტერესის შესახებ. ამასთან OPIC-მა საკრედიტო ხაზის დასამტკიცებლად სასტუმროს საპროექტო მაჩვენებლების შემცირება მოითხოვა და 50 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაზე მზადყოფნა გამოთქვა.

"ჩვენ დავთანხმდით აღნიშნულ წინადადებას და დავიწყეთ აქტიური მუშაობა პროექტის გადაკეთებაზე. თუმცა, მიმდინარე წლის ნოემბერში მივიღეთ OPIC-ის ვიცე-პრეზიდენტის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორპორაციას პროექტის დაფინანსება სტრატეგიულად აღარ აინტერესებდა", - განაცხადა გადაევმა. აღნიშნული მიზეზების გამო პროექტი ამ ეტაპზე დროებით (თუმცა, გაურკვეველია, თუ რა ვადით) შეჩერებულია.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "პარკ ჰაიატი თბილისი" ყოფილი რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.