ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ჩრდილოვანი ეკონომიკა ოლიგარქებს წარმოშობს - #11(35), 2002
მასშტაბური ჩრდილოვანი ეკონომიკა კარგ ნიადაგს ქმნის ოლიგარქების წარმოშობისთვის. ასეთ დასკვნამდე მიდიან ანალიტიკოსები პოლონური ჟურნალის “ვპროსტის” მიერ გამოქვეყნებული აღმოსავლეთ ევროპის 25 ყველაზე შეძლებული ადამიანის სიის კომენტირების დროს. საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებით შეიძლება თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანას უსწრებდეს, მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივ ოლიგარქებს, ისინი “არ ჩანან”. ჯერ ერთი, დიდი მონდომების მიუხედავად, ადგილობრივი “შეზღუდული პირობები” მათ “ხელს არ უწყობთ” საერთაშორისო მასშტაბით შთამბეჭდავი ქონების დაგროვებაში. მეორეც, ადგილობრივი ოლიგარქები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და დაგროვილი ქონების სრული მასშტაბით გამოვლინებას არც აპირებენ. 

ყველაზე მდიდრები პოსტკომუნისტურ სამყაროში

პოსტკომუნისტური ქვეყნების ოლიგარქების სიაში თვალშისაცემია რუსების სიჭარბე. 25 კაციდან 12 რუსეთიდანაა და საერთო ჯამში მათი ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიაში შედის 5 პოლონელი, 3 უკრაინელი, 2 ბულგარელი, ამდენივე სერბი, ერთი ჩეხი. ანალიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს სწორედ ამ დეტალს: ოლიგარქების სიიდან ფაქტობრივად გაქრნენ ჩეხები და უნგრელები, რომლებიც საქმოსნობის მაღალი უნარით გამოირჩევიან. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ესაა შედეგი ეკონომიკური ვითარების ნორმალიზებისა უნგრეთსა და ჩეხეთში, სადაც სუსტდება პირდაპირი კავშირები კერძო ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. როდესაც კერძო სექტორში მთავარ მოქმედ პირად საშუალო კლასი იქცევა, ხოლო ეკონომიკა გამოდის ჩრდილიდან, ოლიგარქები “თავისთავად ქრებიან”.

ოლიგარქებმა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში თავიანთი ქონება მოაგროვეს მოკლე ვადაში პრივატიზაციის პროცესის შედეგად, როდესაც ფაქტობრივად ხდებოდა სახელმწიფო ქონების დატაცება. პოსტსაბჭოურ სივრცეში ოლიგარქების წარმოშობას ხელს უწყობდა არა მარტო მათი “განსაკუთრებული პიროვნული თვისებები”, არამედ სახელისუფლო და ნათესაური კავშირები. მაგალითად, უკრაინელი მილიარდერის ვიქტორ პინჩუკის სწრაფი წინსვლა დიდ ბიზნესში მას შემდეგ დაიწყო, რაც ლეონიდ კუჩმას სასიძო გახდა და “საჩუქრად მიიღო” დნეპროპეტროვსკის ოლქი.

ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური წონა ძალზედ მკაფიოდ ჩანს პოლონეთში. ამ ქვეყანაში ოთხი მსხვილი ოლიგარქის გავლენა ეკონომიკაზე არ ჩამორჩება პრემიერ ლეშეკ მილერის, ფინანსთა მინისტრის გჟეგოჟ კოლოდკოს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ლეშეკ ბალცეროვიჩის გავლენას. პოლონეთის უმდიდრესი ადამიანის კულჩიკის ოჯახის ქონება შეადგენს პოლონეთის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის ერთ ორმოცდამეათედ ნაწილს, მაშინ როდესაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ბილ გეიტსის ქონება აშშ-ის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის ერთ ასოთხმოცდამეშვიდედ ნაწილს ძლივს აღწევს.

პოსტკომუნისტური სამყაროს უმდიდრესი ადამიანების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. მიხაილ ხოდორკოვსკი (რუსეთი) - 3,7 მლრდ $

2. რომან აბრამოვიჩი (რუსეთი) - 3,0

3. იან კულჩიკი (პოლონეთი) - 2,9

4. მიხაილ ფრიდმანი (რუსეთი) - 2,2

5. ვლადიმირ პოტანინი (რუსეთი) - 1,8

6. რენატ ახმეტოვი (უკრაინა) - 1,7

7. ვლადიმირ ბოგდანოვი (რუსეთი) - 1,6

8. ილია პავლოვი (ბულგარეთი) - 1,5

9. ვაგიტ ალეკპეროვი (რუსეთი) - 1,4

10. ვიქტორ პინჩუკი (უკრაინა) - 1,3

11. ალექსანდრ გუდზოვატი (პოლონეთი) - 1,25

12. მილან პანიჩი (სერბია) - 1,2

13. ოლეგ დერიპასკა (რუსეთი) - 1,1

14. რემ ვიახირევი (რუსეთი) - 1,1

15. ვიქტორ ჩერნომირდინი (რუსეთი) - 1,0

16. ბორის ბერეზოვსკი (რუსეთი) - 1,0

17. ვლადიმირ გუსინსკი (რუსეთი) - 1,0

18. ვიქტორ მედვედჩუკი (უკრაინა) - 0,8

19. ზიგმუნტ სოლეჟ-ჟაკი (პოლონეთი) - 0,7

20. რიშარდ კრაუზე (პოლონეთი) - 0,63

21. ვასილ ბოჟკოვი (ბულგარეთი) - 0,5

22. ბოგოლუბ კარიჩი (სერბეთი) - 0,5

23. ალექსანდრ სმოლენსკი (რუსეთი) - 0,5

24. იან ბოგდან ვეიხერტი (პოლონეთი) - 0,48

25. პეტრ კელნერი (ჩეხეთი) - 0,47.

დანაშაულებრივი პრივატიზაცია - საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი

საქართველოში პრივატიზაციის პროცესს, რომელიც ე.წ. “სამოქალაქო ომისა და ანარქიის” წლებს დაემთხვა და განსაკუთრებით მძარცველურად ჩატარდა, ადგილობრივი “ოლიგარქების” წარმოქმნა მოჰყვა. არავინ იცის მათი ქონების ზუსტი მასშტაბები. როგორც ქართულ მედიაში ვარაუდობენ, ისინი ქონებრივ დეკლარაციებში ამ ქონების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს აჩვენებენ. პრინციპში, ადგილობრივი ოლიგარქების “დღის სინათლეზე” გამოყვანას არც ხელისუფლება ცდილობს.

პოსტკომუნისტური განვითარების დასაწყისში პრივატიზაციის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მას უნდა გაეკვალა “გზა მომავლისაკენ”, სოციალისტური სახელმწიფო ქონების ნაცვლად დაემკვიდრებინა მეწარმეთა ფენა, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას ჩაუყრიდნენ საფუძველს და ქვეყანას ეკონომიკური განვითარების გზაზე გაიყვანდნენ. 
სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარებამ არ გაამართლა ამგვარი იმედები. 
პრივატიზების პროცესი თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში მრავალი დარღვევით წარიმართა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველო პრივატიზაციის დროს “უკანონობის მაღალი ხარისხით” გამოირჩეოდა. 
შედეგად მივიღეთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღატაკება, დანგრეული და განადგურებული წარმოება, კლანურობისა და კორუფციის პრინციპებზე დამყარებული ეკონომიკა.

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ამ რამდენიმე ხნის წინ მოამზადა მოხსენება პრივატიზაციის სფეროში არსებული სამართალ-დარღვევებისა და მისი გამომწვევი ფაქტორების შესახებ. “სახელმწიფო საკუთრების პრივატიზებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ტიპიურ დანაშაულობებს წარმოადგენენ სახელმწიფო ქონების ქურდობა და მითვისება, მექრთამეობა, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ფინანსური თაღლითობა”, - აღნიშნულია ამ დოკუმენტში.

შედეგად 1992 წლიდან დღემდე საბაზრო ეკონომიკის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა აქციონირება, აუქციონები, ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა, ვაუჩერები და სხვა, სახელმწიფო ქონების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკის ან მათი ახლობლების ხელში აღმოჩნდა.
რეალურად, სახელმწიფოს არ გააჩნდა პრივატიზაციის გამართული და მიზანმიმართული პოლიტიკა, ეს პროცესი არ იყო მოწესრიგებული სათანადო საკანონმდებლო ბაზით. როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აღნიშნავს, ფორსირებული წესით განხორციელებული პრივატიზების კონცეფცია წარმოადგენდა პრივატიზების მაღალი კრიმინოგენული პოტენციალის ერთ-ერთ მიზეზს. დაჩქარებული პრივატიზება, ფაქტობრივად, საწარმოთა უკონტროლო აქციონირებად იქცა, როდესაც უკონტროლოდ განისაზღვრებოდა სააქციო საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალი, საწარმოები ქუცმაცდებოდა შპს-ებად.

პრივატიზაციის პროცესის საწყის ეტაპზე, ე.წ. “ვაუჩერული პრივატიზაციის” დროს გავლენიანმა სახელმწიფო მოხელეებმა და საპრივატიზებო საწარმოთა ხელმძღვანელებმა სახელმწიფო ქონება ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. თანამდებობის პირები, რომელთა მოვალეობაში პრივატიზების საკითხების გადაწყვეტა შედიოდა, მიზანმიმართულად არღვევდნენ კონკურსებისა და აუქციონების პირობებს, რის შედეგადაც “შეღავათებით სარგებლობდნენ” ან თავად მოცემული თანამდებობის პირები, ან მათთან დანაშაულებრივად დაკავშირებული ჯგუფები. ხდებოდა, ასევე, იმ ფულადი სახსრების მითვისება, რომელიც მიღებული იყო პრივატიზებიდან.

რაც შეეხება პრივატიზებულ საწარმოთა ხელმძღვა-ნელების პრივატიზებასთან დაკავშირებულ “ტიპიურ” დანაშაულებებს, უმთავრესად ხდებოდა საწარმოების ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეგნებული შემცირება, რათა შემდგომში ქონება შემცირებულ ფასად ჩაეგდოთ ხელში. ხდებოდა ასევე საწარმოთა შეგნებული გაკოტრება და შემდგომ მათი პრივატიზება შემცირებულ ფასად; იმ ობიექტების პრივატიზება ან იჯარით გაცემა შემდგომ გამოსყიდვის უფლებით, რომელთა პრივატიზებაც კანონით აკრძალულია; საიჯარო ხელშეკრულებების გაყალბება და სხვ.

გავრცელებული პრაქტიკა იყო საპრივატიზაციო კონკურსებში ე.წ. “ცრუნაცვალი პირების” მონაწილეობა. ისინი მინიმალურ ფასს ასახელებდნენ, ხოლო შემდეგ უარს ამბობდნენ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებაზე, რის შედეგადაც ქონება უკვე შემცირებული ფასით გადადიოდა კონკურსის მომდევნო და უკვე სასურველ მონაწილეზე.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოხსენებაში კიდევ მრავალი ხერხი და მეთოდია დასახელებული, რასაც თაღლითური პრივატიზების პროცესში მიმართავდნენ ხოლმე. ამ პროცესებში, ხელისუფლების გავლენიან ჯგუფებთან ერთად, კრიმინალური ელემენტებიც მონაწილეობდნენ.

პრივატიზების პროცესს მჭიდროდ დაუკავშირდა ჯართის ბიზნესი, რომელიც ფულის შოვნის ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენდა. ახალი მესაკუთრეები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს მიზერულ ფასად იგდებდნენ, მის ამუშავებას არც ფიქრობდნენ. მანქანა-დანადგარები ჯართად იყიდებოდა. გამოთავისუფლებული ფართი კი ოფისების, რესტორნების, კაზინოების მოსაწყობად გამოიყენებოდა.

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა მიზანს ისახავს საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მოხსენება. სახელმწიფო ქონება უკვე განიავებულია და ვეღარ მონახავ რომელიმე საწარმოს, რომლის “წესიერი” პრივატიზება შეიძლებოდეს, თაღლითური პრივატიზებისათვის კი საქართველოში ჯერ არავინ დასჯილა და არც სამომავლოდ უპირებენ დასჯას.

ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში არ მცირდება

მასშტაბური ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც ოლიგარქების მაცოცხლებელი გარემოა, საქართველოში არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. მიუხედავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისაკენ ოფიციალურად დეკლარირებული ძალისხმევისა, ბიუჯეტისთვის მიუწვდომელი რჩება “ჩრდილოვანი” ეკონომიკის რეზერვები.

ამ რეზერვების გამაოგნებელ მასშტაბებს კი თვალსაჩინოდ აჩვენებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევები. მაგალითად, დედაქალაქში მოქმედ საწარმოთა ერთი მესამედის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები არ ემთხვევა ერთმანეთს, ანუ ისინი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების უხეში დარღვევებით საქმიანობენ. გაირკვა ისიც, რომ მათი საერთო რაოდენობის ორი მეხუთედი საერთოდ არ იყო აღრიცხული საგადასახადო ორგანოებში. რეალიზებული ბენზინის მოცულობა 3,1-ჯერ მეტია ბენზინგასამართი სადგურების მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ მაჩვენებლებზე; მშენებლობის პროდუქციის ფაქტობრივი მოცულობა წლის მანძილზე 2-ჯერ და მეტად აღემატება ოფიციალურად დეკლარირებულ მაჩვენებლებს; პურის ცხობის ფაქტობრივი მაჩვენებლები 3-ჯერ და მეტად ჭარბობს დეკლარირებულ მაჩვენებლებს; ბაზრობებზე ინდივიდუალურ მოვაჭრეთა 40% ემალება სახელმწიფო აღრიცხვას; იმპორტირებული თამბაქოს 70% კონტრაბანდულია და ა.შ. 

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ნათქვამიდანაც გასაგებია, რომ “ჩრდილოვანი” ეკონომიკა ასეულობით მილიონის ზარალს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგილობრივ ეკონომიკას, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. მდგომარეობა უკეთესობისაკენ ალბათ არც მომავალ წელს შეიცვლება.

ეკონომიკის “ჩრდილოვანი” სექტორი საქართველოში, სხვადასხვა გამოთვლებით, 30%-დან 70%-მდე აღწევს. შეიძლება ზოგი ამცირებდეს, ზოგი პირიქით გადაჭარბებით აფასებდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ცხადია, რომ “ჩრდილში” ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია მოქცეული და ეს სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს მთლიანად ქვეყნისათვის და კონკრეტულად ბიუჯეტისათვის. ბუნებრივია, ჩრდილოვან სექტორში არსებული მდგომარეობის შესწავლა მნიშვნელოვან და ამავდროულად რთულ ამოცანას წარმოადგენს, რაც, რიგ შემთხვევებში, მჭიდროდ უკავშირდება გამომძიებლის საქმიანობას.

ჩრდილოვან სფეროში დასაქმებულ სუბიექტებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტები ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ. ესაა ოლიგარქიული კლანები და ნომენკლატურული მეწარმეები.

ოლიგარქიული კლანები ერთი მხრივ, სახელმწიფო მართვის აპარატთან, მეორე მხრივ, კრიმინალურ სამყაროსთან არის შეზრდილნი. ისინი მონოპოლიურად აკონტროლებენ ბაზრის ყველაზე მომგებიან სფეროებს, ფლობენ უზარმაზარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას, მასმედიის საშუალებებს და შესაძლებლობა აქვთ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე.

ნომენკლატურული მეწარმეები, სხვა მეწარმეებთან შედარებით, დაუმსახურებელი შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობენ, რის შედეგადაც, ჩრდილოვანი კავშირების დახმარებით, ნაკლები დანახარჯების გაწევა უწევთ. ამგვარ მეწარმეებს საიმედო “სახელისუფლებო სახურავები” გააჩნიათ.

არალეგალური ბიზნესის ფუნქციონირების საფუძველია სოციალური კავშირების (ოჯახური, ნათე-საური, კლანური) აღწარმოება. საქმიანობის პრაქტიკა ასეთ საწარმოო სუბიექტებს ყოფს “თავისიანებად” და “უცხოებად”. შინაურების მიმართ მოქმედებს ნდობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმები, ხოლო “უცხოების” მიმართ კი ველური ბაზრის კანონები მოქმედებს.

ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დღეისათვის სამეწარმეო სფეროში ჭარბობს ხალხი, ვისთვისაც საქმიან ურთიერთობებში ნორმაა სიცრუე (70%), ქრთამი (80%), შემოსავლების დამალვა (90%). ასეთი სახის ბიზნესპრაქტიკა შესაბამის ცხოვრების სტილს განაპირობებს.

ამგვარი ვითარებით თავად მეწარმეები არიან უკმაყოფილონი. ბევრი მეწარმე აღნიშნავს ჩრდილოვანი საქმიანობის უარყოფით მხარეებს. მაგალითად, მუდმივი შიში, რაც ფსიქოლოგიურად დიდ გავლენას ახდენს საქმიანობის ეფექტიანობაზე, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებისათვის გადახდილი ქრთამი, ლეგალურად კრედიტის მიღების შეუძლებლობა, საკუთ-რების უფლების იურიდიული დაუცველობა და ა.შ.

გამომდინარე აქედან, მეწარმეთა აზრით, თუ ქვეყანაში იქნება ჯანსაღი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ლეგალურ ბიზნესში საქმიანობა ბევრად უფრო ხელსაყრელია, რადგან ჩრდილოვანი მეწარმეობა სტიმულს აძლევს ნეგატიურ, დანაშაულებრივ საწყისებს, რითაც საზოგადოებას კრიმინალისაკენ უბიძგებს. 

არსებული საგადასახადო კოდექსით განსაკუთრებით წვრილი მეწარმენი არიან უკმაყოფილონი. ისინი აცხადებენ, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელებს ჩაგრავს, მას საქმის კეთების სურვილს უკარგავს და გადასახადის დამალვისაკენ უბიძგებს. ხოლო მას, ვისაც ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს _ კონკურენციის პირობებში მომგებიან მდგომარეობაში აყენებს.

უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, აუცილებელია ერთიანი საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომლის გარეშე კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იქნება. ამასთან უნდა მოხდეს შეღავათების კლასიფიკაცია. უარი უნდა ეთქვას დაუსაბუთებელ შეღავათებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც კლანური ჯგუფების ლობირების შედეგადაა დაწესებული. ამასთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს შეღავათების ის სახეები, რომლებიც პრიორიტეტული დარგებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში მიაჩნიათ, რომ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტით ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღიარებს საკუთარ უსუსურობას და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინაშე ფაქტობრივ კაპიტულაციას აცხადებს. რომან გოცირიძის განცხადებით, 2003 წლის ბიუჯეტში წლევანდელ წელთან შედარებით შემოსავლების პარამეტრი თითქმის არ იცვლება, არადა, მთავრობა გამუდმებით კორუფციასთან ბრძოლასა და შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს.

2003 წლის ბიუჯეტის პროექტით საკუთარი შემოსავლები 947,9 მლნ ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც წლევანდელ გეგმასთან შედარებით 94,6 მლნ ლარით მეტია, თუმცა აშშ დოლარებში გაანგარიშების მიხედვით, საკუთარი შემოსავლების გეგმა მხოლოდ 24,4 მლნ დოლარით იზრდება.

“ბიუჯეტის შემოსავლებში გათვალისწინებული ზრდა ეკონომიკის მნიშვნელოვან ლეგალიზაციას არ გულისხმობს. აშშ დოლარებში გაანგარიშებული 2003 წლის სავარაუდო საკუთარი შემოსავალი 1997 წლის დონეს მხოლოდ 6,1 მლნ ლარით აღემატება”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე. 

ჯერჯერობით ვერ (თუ არ) ხერხდება ქვეყნის “აღურიცხავი” ეკონომიკის მასშტაბების სრულყოფილად დადგენა და სახელმწიფო აღრიცხვის სფეროში მოქცევა, ამიტომაც ეკარგება ბიუჯეტს ასეულობით მილიონი ლარი. ამ თანხების უმეტესი ნაწილი პრობლემების გარეშე მიედინება ადგილობრივი ოლიგარქების ჯიბეებში.

მალხაზ მაცაბერიძე