ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
საბანკო და ეკონომიკური აქტივობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში
#10(118), 2009
ბრიტანეთის ეკონომიკამ რეცესიას თავი ვერ დააღწია 

პროგნოზების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეცესია ვერ დაძლია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბრიტანეთის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა ივლის-სექტემბრის პერიოდში 0,4%-ით შემცირდა. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა პირველად მცირდება ზედიზედ ექვსი კვარტლის განმავლობაში. ანალიტიკოსების ვარაუდით, მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, ამ ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა 0,2%-ით გაიზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ოპტიმიზმისთვის საბაბს ნამდვილად არ იძლეოდა. საცალო ვაჭრობის მოცულობა სექტემბერში არ გაზრდილა, ხოლო სამრეწველო წარმოების მოცულობა აგვისტოში 2,5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შიდა საერთო პროდუქტის მოცულობის შემცირებას მომსახურების სექტორში მოულოდნელად დაფიქსირებულ შემცირებას უკავშირებენ. ამ ქვეყანამ რეცესიას თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწია, რაც იმით აიხსნება, რომ მომსახურების, კერძოდ კი საფინანსო სექტორში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის თაობაზე საფრანგეთმა და გერმანიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განაცხადეს. შარშანდელი წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ბრიტანეთის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა 5,2%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში შემცირებამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5%-ს გადააჭარბა. სულ რეცესიის პერიოდში ბრიტანეთის ეკონომიკა 5,9%-ით შემცირდა. ამ ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია შეკითხვა, თუ როდის დაიწყება ეკონომიკური ზრდა. მეორე კვარტლის სტატისტიკურმა მონაცემებმა მოლოდინი ვერ გაამართლა, სწორედ ამ მიზეზის გამო ინგლისის ბანკმა ქვეყნის ეკონომიკაში ფულის დაბანდების პოლიტიკა გააგრძელა. ფულადი მასის ზრდის, ბანკებისა და კომპანიების ობლიგაციების შეძენით, ინგლისის ბანკი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს. ბიუჯეტიდან ამ მიზნებისათვის გამოყოფილი 175 მილიარდი ფუნტი უკვე მომავალ თვეში ამოიწურება. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში ერთ ცენტზე მეტით გაუფასურდა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ბრიტანეთი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიდან ყველაზე ბოლოს დააღწევს რეცესიას თავს. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ უკუსვლა გრძელდება ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელების მიუხედავად. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ალისტერ დარლინგმა განაცხადა: "ორი წლის წინ ვივარაუდე, რომ რეცესია უფრო ღრმა და სერიოზული იქნებოდა, ვიდრე ზოგიერთი ვარაუდობდა. მისი დაძლევისათვის კი უფრო მეტი დრო იქნებოდა საჭირო. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა მის აღდგენამდე".

ბრიტანეთში ახალი საბანკო ქსელი შეიქმნება

ბრიტანეთის მთავრობა საფინანსო სექტორის რეფორმირების ფარგლებში 2015 წლისათვის ბანკების სამი ახალი ქსელის ამოქმედებას გეგმავს. ამ მიზნით დაგეგმილია ბანკების Royal Bank of Scotland (RBS), Lloyds, Northern Rock-ის ზოგიერთი განყოფილების გაყიდვა. ბრიტანეთის მთავრობამ სწორედ ეს ბანკები გადაარჩინა გაკოტრებას. ამ საკითხის ირგვლივ ამჟამად ბრიტანეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კონკურენტუნარიანი ბრძოლის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლეს კომისართან. ამ ნაბიჯით ბრიტანეთის მთავრობამ ამ ბანკებში დაბანდებული საზოგადოების კუთვნილი ფულის ნაწილი უნდა დაიბრუნოს. პოტენციურ მყიდველთა შორის მსხვილ სუპერმარკეტს თესცო-ს და ბრიტანელი ბიზნესმენის, რიჩარდ ბრენსონის კომპანიას Virgin გამოარჩევენ. ბანკების ახალი ქსელი კლიენტებს ანაბრებისა და იპოთეკური სესხების მიმართულებით მოემსახურება. კონკურენციის გამოცოცხლების მიზნით, ამ ბანკებს მიჰყიდიან ბრიტანეთის საბანკო ბაზარზე ცოტა ხნის წინ დამკვიდრებულ კომპანიებს და არა უკვე არსებულ საფინანსო დაწესებულებებს. ბრიტანეთის მთავრობა Royal Bank of Scotland-ის აქციების 70%-ს და ბანკი Lloyds-ის აქციების 43%-ს ფლობს. იგი ვარაუდობს, რომ ახალი საბანკო ქსელის შექმნის შესახებ მალე გამოაცხადებს.

ბრიტანეთის საფინანსო რეგულირების მთავარი ორგანო (Financial Services Authority, FSA) გააკონტროლებს თუ როგორ იმუშავებენ ახალი ბანკები თავიანთ კლიენტებთან. ამ ნაბიჯით ბრიტანეთის მთავრობა გზას უხსნის უცხოურ საფინანსო ორგანიზაციებს ბრიტანეთის საბანკო ბაზარზე შემოსასვლელად. "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტების აზრით, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა უცხოური ბანკებისათვის, განსაკუთრებით კი ამერიკელებისათვის ძალიან მომგებიან ბრიტანულ საბანკო სექტორში დამკვიდრდნენ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს, ალისტერ დარლინგს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, ამ ბანკების რომელი განყოფილებები გაყიდოს. ბანკების გასაყოფად აგრეთვე საჭიროა კონკურენტული ბრძოლის საკითხებში ევროკომისარის, ნელი კრესის ნებართვა. ამ საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობას, ბანკების Lloyds და RBS ხელმძღვანელებსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის გაცხარებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Lloyds-მა შესაძლებელია გასაყიდად გამოიტანოს შვილობილი ორგანიზაციები Cheltenham and Gloucester, Lloyds TSB Scotland და Intelligent Finance, რომელიც Bank of Scotland-ის ინტერნეტ-განყოფილებაა. RBS თავის მხრივ, გასაყიდად ამზადებს საკუთარ საბანკო ქსელს, რომელიც დაახლოებით 300 განყოფილებისაგან შედგება.

მოლაპარაკებების პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ მსხვილი სახელმწიფოებრივი მონაწილეობით ეროვნული ბანკების რესტრუქტურიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან. ამ პროგრამის ფარგლებში პირველი ნაბიჯი ის არის, რომ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ერთ ერთი უდიდესი ბანკისათვის, Royal Bank of Scotland-სთვის სახელმწიფო კრედიტის სახით 25,5 მილიარდ ფუნტს (41,76 მილიარდ დოლარს) გამოყოფს. ამით სახელმწიფოს წილი ამ ბანკში 84,4%-მდე გაიზრდება. ამის თაობაზე შესაბამისი განცხადება გააკეთა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრომ. კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას ცდილობს ქვეყნის მეორე ბანკი Lloyds Banking Group, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ახალი აქციებისა და სავალო ვალდებულებების განთავსებას 21 მილიარდი ფუნტის ღირებულებით. ეს ნაბიჯი ბანკს საშუალებას მისცემს გამოვიდეს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან და თავიდან აიცილებს დანაწევრების უკიდურეს ზომებს. ამ ორმა ბრიტანულმა ბანკმა უახლოეს დროში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პროგრამა GAPS-ში მონაწილეობის შესახებ. ეს სამთავრობო პროგრამა "ტოქსიკური" აქტივების დაზღვევას ითვალისწინებს. სახელმწიფოს მიერ ბანკებისათვის შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებს "ტოქსიკური" აქტივების ცალკეულ იურიდიულ პირზე გადაბარებას, რის შემდეგაც მათგან "გაიწმინდება" ბანკის ბალანსი, აღდგება მათდამი ბაზრის ნდობა. სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს დანაკარგების ნაწილს ამ ინვესტიციების მიხედვით, სამაგიეროდ აქციების სახით მიიღებს ანაზღაურებას და ბანკის მხრიდან ვალდებულებას გააგრძელოს ქვეყნის ეკონომიკაში კრედიტების დაბანდება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ბანკების მხრიდან, მათი ზოგიერთი განყოფილების შემდგომი ბედის განსაზღვრას ნიშნავს, რომლებიც გაიყიდება სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარების სანაცვლოდ. ასეთ მოთხოვნას აყენებს ევროკომისია.

ბანკი RBS 70%-ით სახელმწიფოს კუთვნილებაა. სავარაუდოდ, ეს ბანკი არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მონაწილეობას მიიღებს ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ "აქტივების დაცვის სამთავრობო სქემაში" - (Government Asset Protection Scheme, GAPS), რის შემდეგაც  სახელმწიფოს წილი ამ ბანკში 80%-მდე გაიზრდება. იმავდროულად, Lloyds ცდილობს თავიდან აიცილოს ამ პროგრამაში მონაწილეობის აუცილებლობა, რაც ფაქტობრივად ამ ბანკის სახელმწიფოს განკარგულებაში გადასვლას ნიშნავს. 

ამჟამად, სახელმწიფო ბანკი Lloyds-ის აქციების 43,5%-ს ფლობს, ხოლო ამ პროგრამაში მონაწილეობა სახელმწიფოს წილს 62% მდე გაზრდის. სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Royal Bank of Scotland (RBS)-ს სამთავრობო პროგრამა უტოვებს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მასში მონაწილეობაზე. ამის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია 2,5 მილიარდი ფუნტის ოდენობით, იმ პირობით, რომ ზარალი ამავე პერიოდში 60 მილიარდ ფუნტს არ გადააჭარბებს. საკუთარი აქტივების დაზღვევისათვის RBS მთავრობას ყოველწლიური პრემიის სახით 700 მილიონ ფუნტს გადაუხდის. თავიდან ნავარაუდევი იყო ერთჯერადი პრემიის გადახდა 6,5 მილიარდი ფუნტის ოდენობით. იმავდროულად, Lloyds-მა ბრიტანეთის მთავრობასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაიხადოს პრემია 15,6 მილიარდი ფუნტის ოდენობით. ამ დროისათვის, ბანკმა კონპესაციის სახით 2,5 მილიარდი ფუნტი უკვე გადაიხადა, რასაც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ "8 თვის განმავლობაში ფარული დაცვა" უწოდა. სწორედ ამ დროის განმავლობაში გრძელდებოდა ამ ბანკის მონაწილეობის საკითხი სამთავრობო პროგრამაში. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ Lloyds აპირებდა 21 მილიარდი ფუნტის მოზიდვას კონვერტირებული ობლიგაციების განთავსების, აგრეთვე აქციათა დამატებითი ემისიის მოზიდვის გზით უკვე არსებულ აქციონერთა მხრიდან.

ამერიკის ეკონომიკამ რეცესია დაძლია

ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა. ამით დასრულდა რეცესია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ სამინისტროს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბრის პერიოდში ამერიკის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა. რეცესია განისაზღვრება იმის მიხედვით, მცირდება თუ არა ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში. ამერიკაში საყოველთაოდ აღიარებულია არა შიდა საერთო პროდუქტის მოცულობის შეფასებები ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, არამედ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი მონაცემები, როგორც წესი, დიდი დაგვიანებით ქვეყნდება. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის რეცესია 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო. ახალი მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში ზრდა ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორში: მომხმარებელთა დანახარჯებში, ექსპორტში და საცხოვრებელი ფართის ინვესტიციაში დაფიქსირდება. სპეციალისტები მანამდე ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის ზრდას უფრო ნაკლები მოცულობით პროგნოზირებდნენ და 3,3%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ. მესამე კვარტალში სრულად იგრძნობოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებული ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებათა პაკეტის ეფექტი, მათ შორის, ძველი ავტომობილების გამოსყიდვის პროგრამა. ამერიკაში შიშობენ, რომ შიდა საერთო პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი არამდგრადია და შეწყდება ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირებასთან ერთად. იმავდროულად, ამერიკის ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლა სასიხარულო ამბავია მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისათვის.

ამერიკულმა ბანკებმა წარმატების შესახებ განაცხადეს

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ორმა დიდმა ამერიკულმა ბანკმა ანალიტიკოსთა მოლოდინზე უკეთესი შედეგი აჩვენა. 2009 წლის ივლის-სექტემბრის პერიოდში, ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs მოგების სახით 3,19 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ოთხჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წარმატებულმა ფინანსურმა მაჩვენებელმა ბანკს საშუალება მისცა პრემიების სახით საკუთარ თანამშრომლებზე 5,35 მილიარდი დოლარი გაეცა. ბანკის თანამშრომელთა საერთო რაოდენობაზე დასახელებულ ციფრს თუ გავყოფთ, თითოეულმა თანამშრომელმა პრემიისა და ჯილდოს სახით 172 581 დოლარი მიიღო. ბანკმა ჩიტიგროუპ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მცირე რაოდენობით მოგება მაინც მიიღო იმის მიუხედავად, რომ ანალიტიკოსები ზარალს წინასწარმეტყველებდნენ. Citigroup-მა მოგების სახით 101 მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა ეს ციფრი არ გულისხმობს ბანკის მიერ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის პრივილეგირებული აქციების მიხედვით გასაცემ დივიდენდებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდა ურთულესი მოლაპარაკებები ამ ბანკის ხელმძღვანელობასა და ამერიკის მთავრობას შორის სავალო ვალდებულებების გაცვლის თაობაზე. ამ საქმიანი გარიგების შედეგად ამერიკის მთავრობა ამ მომენტისათვის ბანკ Citigroup-ის აქციათა პაკეტის 34%-ის მფლობელია. თვითონ ბანკის ადმინისტრაცია იძულებული იყო მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საკუთარი ანგარიშებიდან 3 მილიარდი დოლარი ჩამოეწერა. ამ და სხვა ჩამოწერების გათვალისწინებით, Citigroup-მა 3,2 მილიარდი დოლარი იზარალა. Goldman Sachs-ისაგან განსხვავებით, Citigroup-მა სამომხმარებლო კრედიტების დიდი მოცულობით გადაუხდელობის გამო იზარალა. საკრედიტო კრიზისის დაწყების შემდეგ, Citigroup-მა 100 მილიარდი დოლარის ღირებულების რისკიანი აქტივები ჩამოწერა.
Goldman Sachs – საინვესტიციო ბანკია, რომლის უპირატესი საქმიანობაა საფინანსო ბირჟებზე ოპერაციების განხორციელება და კომპანიების მიერთება ("შთანთქმა"). ეს ბანკი არის ერთ-ერთი უძლიერესი ფინანსური შესაძლებლობების ბანკი უოლ-სტრიტზე, რომელმაც კრიზისს გაუძლო. "მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ცდილობს გაუმკლავდეს სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევებს, ვხედავთ, რომ გაუმჯობესდა პირობები, ადგილი აქვს ეკონომიკურ სტაბილიზაციას და მთელ რიგ სექტორებში ზრდაც კი დაფიქსირდა", - განაცხადა Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლოიდ ბლანკფაინმა. მიმდინარე წლის ივლისის თვეში ამ ბანკმა ამერიკის მთავრობისაგან კრიზისის პერიოდში მიღებული საგანგებო კრედიტის დაფარვა შეძლო. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ბანკმა ფინანსური წარმატებები მოიპოვა ვალუტის, საქონლისა და ობლიგაციების ბაზარზე, კომპანიების შეერთებისაგან მიღებული შემოსავალი კი ძალიან შემცირდა, ამ სფეროში კომპანიების აქტიურობის მკვეთრი ცვლილების გამო. ამ მიზეზით, ბანკის მოგება მესამე კვარტალში უფრო დაბალი აღმოჩნდა მეორე კვარტალთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 3,44 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2009 წლის ცხრა თვეში ეს ბანკი თანამშრომლებისათვის გასაცემი პრემიებისათვის 16,7 მილიარდ დოლარს დახარჯავს. "Goldman Sachs დიდი მოცულობის პრემიებს ყოველთვის გასცემდა, რადგანაც მისი თანამშრომლები ერთ ადამიანზე გათვლით სხვებთან შედარებით, უფრო მეტ ფულს მოიპოვებენ. აქ ფუნდამენტურ პრობლემასთან გვაქვს საქმე: ეს ძალიან რთული ბიზნესია. მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, რომლებსაც ასეთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. მათ ასე ბევრს იმიტომაც უხდიან, რომ ძალიან ცოტანი არიან", - განაცხადა კომპანია Tower Group-ის წარმომადგენელმა "ბი-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
Goldman Sachs-ისა და Citigroup-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მაინც გაუფასურდა, რადგანაც მათი ფინანსური შედეგები ბანკი JP Morgan Chase-ის მაჩვენებლებთან შედარებით, ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამ ბანკმა 3,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მეტია.

მოამზადა ვეფხია სამსონიძემ