ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
უცხოური ამბები
#10(118), 2009
შვეიცარიული ბანკი UBS AG კვლავ ზარალიანია 

აქტივების მოცულობის მიხედვით, უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა ზედიზედ მეოთხე კვარტალი ზარალით დაასრულა. ამ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ივლის-სექტემბრის პერიოდში ზარალმა 564 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (552 მილიონი დოლარი) შეადგინა. 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ამავე ბანკმა მოგების სახით 283 მილიონი ფრანკი მიიღო. ზარალი ანალიტიკოსთა კონსენსუს-პროგნოზზე მეტი აღმოჩნდა (337 მილიონი ფრანკი). მესამე კვარტლის ზარალი ბრაზილიური საინვესტიციო ბანკის Banco Pactual-ის 409 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაყიდვას უკავშირდება. დამატებით 305 მილიონი შვეიცარიული ფრანკი ამავე ბანკმა მაშინ დახარჯა, როცა შვეიცარიის მთავრობის მიერ კონვერტირებული თამასუქები გაიყიდა. უიმედო კრედიტებთან დაკავშირებული ზარალის დასაფარად დაკავშირებულმა დარიცხვებმა 1,44 მილიარდი ფრანკი შეადგინა.

2009 წლის 9 თვის განმავლობაში შვეიცარიული ბანკის ზარალი 69%-ით შემცირდა, 3,49 მილიარდ ფრანკს მიაღწია. ერთი წლით ადრე, ანალოგიურ პერიოდში, კომპანიის ზარალი 11,28 მილიარდი ფრანკი იყო. UBS-ის ობლიგაციები მას შემდეგ გაძვირდა, რაც ამ ბანკმა წარმოქმნილი პრობლემები ამერიკის საგადასახადო სამმართველოსთან მოაგვარა. ამერიკელების მხრიდან იყო პრეტენზიები შვეიცარიული ბანკის ამერიკელი კლიენტების მხრიდან გადასახადებისაგან თავის არიდების გამო. მიმდინარე წლის აგვისტოში, UBS-ის ხელმძღვანელობამ თანხმობა გამოთქვა ამერიკის საგადასახადო სამმართველოსათვის გადაეცა ინფორმაცია 4450 კლიენტის შესახებ. ამ ბანკის ობლიგაციების ღირებულების ზრდას აგრეთვე ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ შვეიცარიის მთავრობამ ბანკ UBS-ის კაპიტალიდან გამოსვლა გადაწყვიტა. სახელმწიფოსაგან დახმარება ამ ბანკმა 10 თვის წინ მიიღო. მიმდინარე წელს UBS-ის სხვადასხვა განყოფილებებიდან კლიენტთა აქტივების გადინება აღინიშნებოდა, რამაც საერთო ჯამში წინა კვარტალში 26,6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. ანალიტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, UBS ახალი კლიენტების მოზიდვას 2011 წლამდე ვერ შეძლებს. თვით ბანკის ხელმძღვანელთა პროგნოზები საინვესტიციო განყოფილებებისათვის ძალზე თავშეკავებულია, თუმცა UBS-ის მეთაურებს ეიმედებათ, რომ აღდგენის ეტაპი მიმდინარე კვარტალში დაიწყება. ამ ბანკის აქციათა ღირებულებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ღირებულების მხრივ 17%-ით მოიმატა.

ნიუ-იორკი კვლავ საფინანსო დედაქალაქად დარჩა

ნიუ-იორკმა შეძლო ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი კრიზისის დაძლევა და კვლავ მსოფლიოს საფინანსო დედაქალაქის წოდება შეინარჩუნა, - ასეთი დასკვნა გააკეთა სააგენტო Bloomberg-მა ინვესტორთა ყოველკვარტალური გამოკითხვის შედეგების შეჯამების შემდეგ. მსოფლიოს 1452 ინვესტორის, ტრეიდერისა და ანალიტიკოსის გამოკითხვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაადასტურა, რომ მათგან 29% ნიუ-იორკს ფინანსური სექტორისათვის კვლავაც საიმედო ადგილად თვლის. სინგაპურმა გამოკითხულთა ხმების 17% მიიღო. წინა წელს ლონდონმა მეორე პოზიცია მოიპოვა, ამჯერად კი 16% მიიღო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ნიუ-იორკს ლიდერობას ჩამოართმევდა. იმ პერიოდში ამერიკის ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი და ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ ამერიკაში საფინანსო წესების გამკაცრების გამო, ინვესტორები ლონდონში გადაბარგდებოდნენ. ამჟამად, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ფინანსური რეგულირების გამკაცრების მოწოდებები ატლანტიკის ორივე მხარიდან ისმის, თუმცა ევროპელმა პოლიტიკოსებმა უფრო მკაცრი პოზიციები დაიკავეს. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში რისკიანი ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ დაწესდება, როგორც ეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში მოხდა. გამოკითხულთაგან მხოლოდ 1% მიიღო ტოკიომ, მაშინ როცა შანხაი წამყვან საფინანსო ცენტრად გამოკითხულთა 11%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ ინვესტიციების მხრივ ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნებად ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია დაასახელა. ამ რეიტინგში არ ფიგურირებს რუსეთი, ან რომელიმე მისი ქალაქი.