ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ქართული ამბები
#10(118), 2009

"ყაზბეგს" გადასახადებს ედავებიან

"ყაზბეგის" რუსთავის ქარხნის 350 თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, საგადასახადო შემოსავლების სამსახური ქარხანას გადასახადების დიდი ოდენობით გადაუხდელობას ედავება. კერძოდ, თოფაძის თქმით, საგადასახადო შემოსავლების სამსახური ქარხნის თანამშრომლების კვების, ასევე, იმ მაცივრებისა და დანადგარების დაბეგვრას ითხოვს, რომლებსაც კომპანია სუპერმარკეტებსა და რესტორნებს უსასყიდლოდ გადასცემს.

"საგადასახადო სამსახური გვედავება იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მაგალითად, უნდა დაიბეგროს უფასო კვება. მთელ მსოფლიოში კომპანიები თავის თანამშრომლებს ბინებსა და მანქანებს ჩუქნიან და ეს არ იბეგრება. საგადასახადოს მოთხოვნით, უნდა დაიბეგროს მაცივრები და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურაც, რომლებსაც უსასყიდლოდ ვაძლევთ სუპერმარკეტებსა და რესტორნებს, რომ ჩვენი პროდუქცია კარგად შეინახონ და გაყიდონ. ეს არის პრინციპული საკითხი, ასეთ პირობებში ჩვენ დამატებული ღირებულების გადასახადი 60 პროცენტზე აგვივა", - აცხადებს თოფაძე.

ბიზნესმენის თქმით, მისთვის მიუღებელ გადასახადს პრინციპულად არ გადაიხდის და დავას სასამრთლოში გააგრძელებს. "პრინციპულად არ გადავიხდი და ვიდავებთ სასამართლოებში. ძნელია, სასამართლოს იმედი გვქონდეს, მაგრამ თუ ამისგან თავი არ დავიხსენით, გავაჩერებ ქარხანას და 350 კაცი უმუშევარი დარჩება", - აღნიშნა "ყაზბეგის" პრეზიდენტმა.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორი და ბუღალტერი დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სააქციო საზოგადოება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორს კონსტანტინე ქამუშაძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა საგადასახადო შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ქამუშაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მან ფინანსური მაქინაციებით გაზარდა ხარჯი და სახელმწიფოს მიაყენა მილიონ 500 ათასი ლარის მატერიალური ზარალი. 

ამასთან, 2008 წლის აგვისტოსა და დეკემბერში კონსტანტინე ქამუშაძემ პირადად თავისთვის ხელფასის და პრემიის სახით მიიღო 31 ათასი ლარი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქამუშაძის გარდა, ამავე ბრალდებით დაკავებულია აგრეთვე ამავე საზოგადოების ბუღალტერი დავით კობაიძე.

"ელიტ ელექტრონიქსს" კრედიტორები 1 მლნ დოლარის კრედიტს მისცემენ

თითქმის სამთვიანი შეჩერების შემდეგ, კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" მუშაობა რამდენიმე კვირის წინ განაახლა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, "ელიტ ელექტრონიქსს" კომერციული ბანკები დამატებით 1 მლნ აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფენ. კრედიტს გამოყოფს ის ხუთი კომერციული ბანკი, რომლის მიმართაც "ელიტ ელექტრონიქსს" ჯამში 15 მლნ აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა - "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ვითიბი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" და "სახალხო ბანკი".

"ვინაიდან აღნიშნული ბანკები კომპანიის 50-პროცენტიანი წილის მფლობელები არიან, ბიზნესის განვითარება მათ ინტერესებშიც შედის. ამდენად, ისინი არსებულ მენეჯმენტს ნდობას უცხადებენ და 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დამატებით თანხას გამოყოფენ, რათა კომპანიამ დამატებით მარაგი გაზარდოს", - აცხადებენ "ელიტ ელექტრონიქსში".
რაც შეეხება უკვე არსებული 15 მლნ აშშ დოლარის დავალიანებას, "ელიტ ელექტრონიქსი" მას ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში დაფარავს.

ბიზნესის დალუქვის გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი მიიღებს

ბიზნესის 48 საათზე მეტი ხნით დალუქვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი მიიღებს. ამის შესახებ ინიციატივა მთავრობის წევრებს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააცნო. პრეზიდენტის თქმით, ბიზნესის ნდობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან ერთად, ფაქიზად მოეპყრონ ბიზნესის დალუქვის საკითხს. "ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს ქვედა პირველად დონეზე, ეს უნდა ავიყვანოთ ფინანსთა მინისტრის დონეზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა ამა თუ იმ ბიზნესის დალუქვა. მისი თქმით, პარალელურად, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებისგან ბევრად ეფექტური და აქტიური მუშაობაა საჭირო. ერთი მხრივ, მათ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, მეორე მხრივ კი,  ბიუჯეტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ.

პრეზიდენტმა მთავრობის წეევრებს დაავალა, განიხილონ მის მიერ გაცხადებული სამი ახალი ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც კერძო ბიზნესის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტის ინიციატივების თანახმად, წელს დამატებული ღირებულების გადასახადის სახით კომპანიებს მთლიანობაში, დაახლოებით, 35 მლნ ლარი დაუბრუნდებათ; საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებიც შევლენ; კომპანიების დალუქვის საკითხს კი ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტს.

საქართველოში საწვავის გაძვირებას მსოფლიოში ნავთობზე ფასის მატებას უკავშირებენ

საქართველოს საცალო ქსელში საწვავზე ფასის მატებას ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მსოფლიოში ნავთობზე ფასის მატებას უკავშირებს. როგორც ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, სტატისტიკურად საწვავზე ფასის მატება დაფიქსირდა აგვისტოს შუა რიცხვებში, შემდეგ ოქტომბრის ბოლომდე ფასის მატები არ მომხდარა. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში კი საცალო ქსელში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზარდა.

"ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასი მატულობს. საქართველოში მოქმედი კომპანიები საწვავის შესყიდვას საერთაშორისო ფასებით ახორციელებენ და შემდეგ ახდენენ მის იმპორტს ქვეყანაში. საერთაშორისო ფასები ბენზინსა და დიზელზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტონაზე საშუალოდ 80-100 დოლარით არის გაზრდილი. ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ფასებმა ჩვენთანაც საცალო ქსელში მოიმატა", - განმარტავს მთვრალაშვილი.