ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების ღირებულება შემცირდა
#9(117), 2009

სააგენტო Interbrand-მა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ცნობილი ბრენდებისადმი ნდობის ინდექსი საკმაოდ შემცირდა. ეს სააგენტო საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების საერთო ღირებულებამ 4,6% ით დაიკლო და 1,15 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ყოველ წელიწადს კომპანია Interbrand მსოფლიოს წამყვანი ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. მხედველობაში მიიღება ამ კომპანიების შემოსავლების მოცულობა, აგრეთვე გათვალისწინებულია ბრენდის სიძლიერე მომავალში და მოთხოვნილების შექმნაში მათივე როლი. Interbrand-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეზ ფრემპტონმა კომპანიებს მოუწოდა მათ მიერ შექმნილ ბრენდებს ისე გაუფრთხილდნენ, როგორც ყველაზე ფასეულ აქტივებს. მისივე თქმით, რეცესიამ მომხმარებელთა ნდობა ზოგიერთი სპეციფიური ბრენდებისადმი (პირველ რიგში, ფინანსური კომპანიებისადმი) საკმაოდ ძლიერ შეარყია. თითქმის ყველა მათგანმა ადრე მინიჭებული პოზიციები დაკარგა. მისივე აზრით, კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ახალი პროდუქტების გამოშვებასა და ინოვაციებს, რომელიც მომხმარებელთა ინტერესს კვლავ გააღვივებს და ფინანსური კრიზისის მიუხედავად მათ ფულს დაახარჯვინებს. ეს სააგენტო საკუთარ რეიტინგს მხოლოდ იმ კომპანიებისაგან ადგენს, რომლებსაც ბიზნესი როგორც მინიმუმ სამ კონტინენტზე აქვთ, ამ კორპორაციათა მოგების ორი მესამედი კი საზღვარგარეთიდან უნდა შემოდიოდეს.

საფინანსო კომპანიებს შორის ყველაზე მეტად Citibank და UBS გაუფასურდა. პირველის ღირებულება 49%-ით, 10,25 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო შვეიცარიულმა ბანკმა საკუთარი ღირებულების 50% დაკარგა. ეს ბრენდი ამჟამად 8,74 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. განსაკუთრებით უნდა ითქვას შვეიცარიული ბანკი UBS-ის აქტივების ღირებულების დევალვაციის მიზეზების შესახებ: ეს არის ბრენდისადმი ნდობის დაკარგვის კლასიკური მაგალითი.

ისეთმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტმა (როგორიც აქამდე ბანკი UBS იყო), ამერიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, შვეიცარიაში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ შვეიცარიული ბანკების კონფიდენციალობის, ერთი შეხედვით, ურყევ პრინციპებს "ძირი გამოუთხარა", საკუთარი კლიენტების მომავლის განსაზღვრა კი, ამერიკულ საგადასახადო ორგანოებს გადააბარა, რაც ფაქტობრივად ლომის გალიაში ადამიანის შეყვანას ნიშნავდა! ამ საფინანსო ინსტიტუტის მიერ განცდილი ზარალი ბოლო პერიოდის განმავლობაში 17 (!) მილიარდი დოლარით განისაზღვრა. ეს ციფრი უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, რასაც მომავალში ამ ბანკს ექსპერტები უწინასწარმეტყველებენ.

ფინანსურ სტრუქტურებს შორის აღსანიშნავია Goldman Sachs-ის ღირებულების დანაკარგი 10%-ით, მისი ღირებულება ამჟამად 9,25 მილიარდ დოლარს შეადგენს. JP Morgan-ის აქტივები 11%-ით გაუფასურდა, მისი ღირებულება ამ მომენტისათვის 9,55 მილიარდი დოლარია.  HSBC "გაიაფდა" 20%-ით და 10,51 მილიარდი დოლარი ღირს, ხოლო Morgan Stanley-ის ღირებულება 26%-ით, 6,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. American Express-მა ერთბაშად 32% დაკარგა, რომელიც ამ მომენტისათვის 14,97 მილიარდ დოლარად შეფასდა. უნდა ითქვას ისიც, რომ Merril Lynch და AIG ამ რეიტინგში საერთოდ ადგილის გარეშე დარჩნენ.

გაუარესდა მსოფლიოს ცნობილი ავტომწარმოებლების მაჩვენებლებიც. რეცესიის დროს საგრძნობლად შემცირდა მათი მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების მოცულობა. გარდა ამისა, ისეთმა მსხვილმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიც General Motors და Chrysler Group LLC არიან, სახელმწიფოსაგან ფინანსური დახმარება მიიღეს, რამაც მომხმარებელთა განწყობაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა. ამ ბრენდებმა სააგენტო Interbrand-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის ასეულშიც კი ვერ მოიპოვეს ადგილი.

მსოფლიოს ავტობრენდებს შორის ლიდერი იაპონური Toyota ორი საფეხურით, მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამ ბრენდმა ღირებულების 8% დაკარგა და ამჟამად 31,33 მილიარდი დოლარი ღირს. პროცენტულად ამდენივე დაკარგეს კომპანიებმა Volkswagen (6,48 მილიარდი) და Porsche (4,23 მილიარდი დოლარი). ღირებულების 7% დაკარგეს Mercedes-Benz (23,88 მილიარდი), BMW (21,67 მილიარდი), Honda (17,8 მილიარდი) და Audi (5,01 მილიარდი). ბრენდი Hyundai-ის ღირებულება წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და ამჟამად 4,6 მილიარდი დოლარი ღირს.

Interbrand-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე სერიოზულად Harley-Davidson-ის აქტივები გაუფასურდა: "ლეგენდის" ღირებულება 43%-ით შემცირდა. ამჟამად მისი ფასი 4,34 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასეთი მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებელი უკავშირდება მიმდინარე წლის ორი კვარტლის განმავლობაში მოგების 66%-ით შემცირებას. პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად დამკვიდრებულმა ბრენდმა Lexus-მა ღირებულების 12% დაკარგა. იგი ამჟამად 3,16 მილიარდი დოლარი ღირს. 11% ით გაიაფდა Ford, რომელიც თეორიულად 7 მილიარდი დოლარი ღირს. ამერიკელ ავტომწარმოებლებს შორის ეს არ არის ყველაზე უარესი მაჩვენებელი, რადგანაც General Motors და Chrysler Group LLC ამ რეიტინგში ადგილის გარეშე დარჩნენ.

რეცესიის ფონზე, ზოგიერთმა ბრენდმა ავტომწარმოებლებს შორის საკუთარი ღირებულება არა მარტო შეინარჩუნეს, არამედ მათი ღირებულება გაიზარდა კიდეც. მაგალითად, Ferrari-მ საკუთარი ღირებულება შეინარჩუნა და იგი 3,53 მილიარდ დოლარს შეადგენს. ელიტარულ (ყველაზე ძვირადღირებულ) ბრენდებს შორის მხოლოდ Hermes გაძვირდა. მისი ღირებულება 1%-ით გაიზარდა და ამჟამად 4,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ რეიტინგში მეთხუთმეტე ადგილზეა BMW, მეთვრამეტე ადგილზეა Honda, Ford-მა კი ორმოცდამეცხრე ადგილი დაიკავა.

ბრენდებს შორის ღირებულების მიხედვით ყველაზე სწრაფად მზარდი არის ინტერნეტ-საძიებო კომპანია Google. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ღირებულება 25%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად ამ კომპანიის აქტივების ფასი 31,98 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ კომპანიამ ზემოთაღნიშნულ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები კომპანია Interbrand-ის ვერსიით Coca-Cola და IBM არიან. მათი ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისად 3%-ით და 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს Coca-Cola 68,73 მილიარდი დოლარი, IBM კი 60,21 მილიარდი დოლარი ღირს. ექსპერტების აზრით Coca-Cola-ს წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ამ კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით700 ახალი სახეობის პროდუქცია გამოუშვა.

სააგენტო Interbrand-ის ტოპ-ათეულში ზემოთჩამოთვლილი კომპანიების გარდა ლიდერები არიან: Microsoft (მესამე ადგილი - 56,65 მილიარდი დოლარი) და General Electric (მეოთხე ადგილი - 47,78 მილიარდი დოლარი). უნდა ითქვას ისიც, რომ Microsoft-მა მიმდინარე წელს თავისი ღირებულების 4% დაკარგა, ხოლო General Electric-მა - ღირებულების 10%. Nokia მიმდინარე წელს 3%-ით გაუფასურდა, მაგრამ ამის მიუხედავად მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ კომპანიის ღირებულება ამჟამად 34,87 მილიარდი დოლარია. კომპანია McDonald’s-მა ამ სიაში მეექვსე საფეხური დაიკავა (32,28 მილიარდი დოლარი). როგორც უკვე ითქვა, მეშვიდე ადგილზე ინტერნეტ-საძიებო კომპანია Google გავიდა (31,98 მილიარდი დოლარი). იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ მერვე ადგილი დაიკავა, მისი ამჟამინდელი ღირებულება 31,33 მილიარდი დოლარია. მეცხრეა კომპანია  Intel ღირებულებით 30,64 მილიარდი დოლარი. ამავე რეიტინგის ათეულში შევიდა აგრეთვე Disney, რომელიც 28,45 მილიარდ დოლარად შეფასდა.

მოამზადა ვეფხია სამსონიძემ