ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია - #12(240), 2019
რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები 

საქართველოს პარლამენტმა 10 დეკემბერს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. რამდენიმე ნომრის წინ ჩვენ დავწერეთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ მიღებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თავდაპირველ კანონპროექტთან შედარებით გარკვეულწილად შეიცვალა. 

პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5%-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ის მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს. 

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554.2 მლნ ლარით, ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) კი 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. გადასახდელების მაჩვენებელი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 221 მლნ ლარით არის გაზრდილი. 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისათვის მშპ-თან მიმართებაში 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3%-ს.
 
„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
     


როგორი იქნება უწყებების დაფინანსება 

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 14 432 865 700 ლარია, რაც სექტემბერში წარმოდგენილ პროექტთან შედარებით თითქმის 221 მილიონი ლარით არის გაზრდილი (თავდაპირველ პროექტში ასიგნებების მოცულობა 14 211 880 700 ლარი იყო). საბოლოო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 2019 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 1,342 მლრდ ლარით მეტია (2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 13 090 000 000 ლარს). უცვლელია ბოლო წლების ტენდენცია და ყველაზე გულუხვი დაფინანსება სახელმწიფო უწყებებში ამჟამადაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.
 
2020 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებების მოცულობები ასე გამოიყურება: 

ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი (2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით ზრდა 2 მლნ ლარი); 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მილიონი (2019 წელთან შედარებით კლებაა 5,5 მლნ ლარი); 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 000 (ზრდა 71,6 მლნ ლარი); 

იუსტიციის სამინისტრო: 224 მლნ ლარი (ზრდა 32,87 მლნ ლარი); აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის თანახმად, წულუკიანის უწყებას 203 მლნ ჰქონდა განსაზღვრული. საბოლოოდ დამტკიცებულ კანონში კი იუსტიციის სამინისტრომ 21 მილიონი ლარით მეტი მიიღო; 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4,363 მლრდ ლარი (ზრდა 384,6 მლნ). როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც კანონპროექტთან შედარებით გაზრდილი აქვს დაფინანსება. 2 თვის წინანდელი ვარიანტით უწყებას 4 347 მლნ ლარი უნდა მიეღო. შესაბამისად, ეკატერინე ტიკარაძის უწყებას 16 მილიონი ლარით მეტი განუსაზღვრეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 მლნ ლარი (ზრდა 22,5 მლნ ლარი); 

თავდაცვის სამინისტრო: 880 მლნ ლარი (ზრდა – 5 მლნ ლარი); 

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 მლნ ლარი (ზრდა _ 28,4 მლნ ლარი); 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 მლნ ლარი (ზრდა – 14,1 მლნ ლარი); 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1,665 მლრდ ლარი (კლება 10,2 მლნ). შარშან გათავისუფლებული და წელს ისევ მინისტრის რანგში დაბრუნებული მიხეილ ჩხენკელის უწყებამ თავდაპირველ პროექტთან შედარებით 30 მილიონი ლარით მეტი დაფინანსება მიიღო. 

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებას დაფინანსება 7 მილიონით განუსაზღვრეს, რაც წინა წელთან შედარებით 1,2 მლნ-ით ნაკლებია. საინტერესოა, რომ უწყების დაფინანსება პროექტის მიხედვით 6 მლნ-ით იყო განსაზღვრული. 

მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება 16.5 მლნ (2019-ში 16.8 მლნ) ლარია. 

2019 წელთან შედარებით იზრდება ცესკოს დაფინანსება 27.6-დან 72.59 მილიონ ლარამდე. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია და ცხადია, ცესკოს მეტი საქმე ექნება, ვიდრე წელს. 

საკონსტიტუციო სასამართლო 4.25 მლნ ლარს მიღებს, რაც წინა წლის დაფინანსებასთან და ასევე ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 100 000 ლარით მეტია. 

უზენაესი სასამართლოს დაფინანსება 12 მლნ ლარით არის განსაზღვრული (2019-ში 9,5 მლნ), ხოლო საერთო სასამართლოების დაფინანსება 84,38 მლნ ლარია (2019-ში 77,75 მლნ). 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 6,62 მლნ (2019-ში 6,05 მლნ). 

მცირე მასშტაბით მატულობს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება. მართალია, სექტემბერში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უწყებებს დაფინანსება წინა წლის ანალოგიური ეწერათ, თუმცა, საბოლოოდ დამტკიცებულ ვერსიაში ყველა მათგანს დაფინანსება მოუმატეს: 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელოში – 0,89 მლნ ლარი (შარშან 0,87 მლნ); 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გურიაში – 0,68 მლნ ლარი (შარშან 0,65 მლნ); 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში – 0,79 მლნ ლარი (შარშან 0,78 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთში – 0,76 მლნ ლარი (შარშან 0,735 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია მცხეთა-მთიანეთში – 0,65 მლნ ლარი (შარშან 0,625 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია სვანეთში – 0.64 მლნ ლარი (შარშან 0,62 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია სამცხე-ჯავახეთში – 0,65 მლნ ლარი (შარშან 0,61 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია ქვემო ქართლში – 0,88 მლნ ლარი (შარშან 0.865 მლნ); 

სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია შიდა ქართლში – 0,66 მლნ ლარი (შარშან 0,63 მლნ). 

ძირითადად, მატულობს სხვა უწყებების დაფინანსება: 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 137,5 მლნ ლარს, შარშანდელთან შედარებით 1,5 მლნ ით მეტს მიიღებს; 

საპენსიო სააგენტო, რომლის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის (და სააგენტოს წარმატებული მუშაობისთვის ილოცებს), 2020 წელს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარს მიიღებს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2,95 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 15 ათასი ლარით ნაკლებია 2019 წლის ბიუჯეტზე; 

საქართველოს პროკურატურას 41,3 მლნ ლარი განუსაზღვრეს (2019-ში 37,27 მლნ); 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დაფინანსება არ იცვლება და 13,5 მლნ ლარს შეადგენს; 

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს დაფინანსება უცვლელია და 1,6 მლნ-ს შეადგენს; 

სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური 6,8 მლნ-ს მიიღებს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 400 000 ლარით აღემატება; 

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 8,3 მლნ ლარით დაფინანსდება (2019-ში 8 მლნ); 

სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უცვლელად, 2,15 მლნ ლარი განუსაზღვრეს; 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 58,5 მლნ-ით დაფინანსდება; 

სახალხო დამცველის აპარატი 8 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 1,6 მლნ-ით აჭარბებს 2019 წლის ბიუჯეტს; 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება კვლავ მატულობს და 68,7 მლნ ლარს შეადგენს. 2019-ში 58,2 მლნ იყო განსაზღვრული. საინტერესოა, რომ სექტემბერში, საზოგადოებრივისთვის 62,8 მლნ იყო განსაზღვრული, თუმცა, საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი დაუმტკიცეს; 

უცვლელია კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება, რაც 2,2 მლნ ლარს უდრის. 
არ იცვლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება, რაც 2,46 მლნ ლარის ტოლია; 

საქართველოს საპატრიარქო ბოლო წლების იდენტურ თანხას მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 25 მლნ ლარს; 

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კუთხით მომავალ წელს 2,766 მლრდ ლარია განსაზღვრული, 2019-ში 2,437 მლრდ ლარი იყო განსაზღვრული. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ჩამონათვალში სულ ბოლოს სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წერია. ბიძინა ივანიშვილის დაპირების ვისაც სჯერა, ამ ეტაპზე გაწბილება ელოდებათ – როგორც 2019-ში, ასევე 2020 წელს უნივერსიტეტის დაფინანსების გრაფაში 0 ლარია მითითებული. მართალია, 2018 წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (მაშინ ასე უწოდებდნენ) 597 ათასი ლარი გადაურიცხეს, თუმცა, მეტი დაფინანსება აღარ მოჰყოლია. 

2020 წელს მთავრობა 1,1 მლრდ ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2019-ში 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს. ასევე, რამდენიმე მილიონით იზრდება განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე რეგიონალური ფონდის დაფინანსება. 

პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, იზრდება სახელმწიფოს შიდა და საგარეო ვალიც. 

როგორც ბიუჯეტის კანონშია მითითებული, ვალდებულებების ზრდა ჯამურად 3,067 მილიარდ ლარს შეადგენს (იხ. ცხრილი 2). 
     

შიდა ვალთან დაკავშირებით მითითებულია, რომ სახელმწიფო აპირებს 1,2 მლრდ მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. საგარეო ვალი კი 1,867 მლრდ ლარის მოცულობის ახალი სესხის აღებით გაიზრდება. 

„ეს არის საბოლოო ვერსია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. გარკვეულწილად გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები. მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ასიგნებები და აღწევს 14 მილიარდზე მეტს. მთავრობა 2020 წელს დახარჯავს 1 მილიარდი ლარით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2019 წელს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კორექტირებულია. ეს ნიშნავს, რომ ზრდა იქნება 4,5%, ნაცვლად პირველი ვერსიის 5%-ისა. თუმცა, შენარჩუნებულია ყველა სოციალური მიმართულება, რაც პირველად ვერსიაში იყო. გაიზრდება ხელფასები და პენსიები. ასევე, 50 მილიონი დამატებულია რეგიონალური ფონდისთვის. ასევე თანხები დამატებულია იუსტიციისა და განათლების სამინისტროებისთვის. გარდა ამისა იზრდება საშინაო და საგარეო ვალიც, მაგრამ ამ თვალსაზრისით ვაკონტროლებთ რიცხვებს იქიდან გამომდინარე, რომ ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 42%-ის ფარგლებშია და ეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. 

ოპოზიციის კომენტარები 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ 

2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე, – ამის შესახებ ფრაქცია `ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გოცირიძე აცხადებს, 2020 წლის ბიუჯეტი აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე და სხვა ხარჯებზე. 

`2020 წლის ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ბიუჯეტი, ვინაიდან სწორედ ამ ბიუჯეტის გამო მოხდა ფასების საშინელი ზრდა: 17%-მდე გაიზარდა სურსათის ფასი, 26%-მდე – თამბაქოს ნაწარმი, 27%-ით – ხილი, ლარი კი სამიან ნიშნულამდე ავიდა და კიდევ ბოლო არ უჩანს. ეს არის ძირგამომთხრელი ბიუჯეტი, რომელიც აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე, კორუფციულ გარიგებებზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეული მილიონობით შემოსავალს~, – განაცხადა გოცირიძემ. 

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას `ევროპული საქართველოს~ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისის მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს~. 

ამის შესახებ დეპუტატი facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

„სანამ სახელმწიფო იხდის, პრობლემა არაა. სახელმწიფოს რომ ფული აღარ ჰყოფნის, იწყება კრიზისი. ის, რომ სახელმწიფოს ფული არ ეყოფოდა, ნათელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომენტშივე. 

ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ ერთი გადამხდელის პრინციპი არ იცვლება, ამ კრიზისის კიდევ უფრო დამამძიმებელ ნაბიჯებზე წასვლა მოუწევდა ნებისმიერ მინისტრს. სერგეენკოსთვის შვება იყო წასვლა. 

გამოსავალი არაა სელექტიური კონტრაქტირება (რაც უფრო უცნობია ტერმინი საზოგადოებისთვის, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს); სელექტიური კონტრაქტირება ამ კონტექსტში იქნება გარიგება სახელმწიფოსა და მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ მსხვილი მოთამაშეები დათანხმდნენ უფრო დაბალ ტარიფებს იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მათ წვრილ კონკურენტებს მოაცილებს. 

ეს კრიზისს მხოლოდ გადაავადებს. სისტემა არსებითად იგივე დარჩება, ოღონდ სახელმწიფოც და საყოველთაოში დარჩენილი კლინიკებიც კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან ერთმანეთზე და კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით ფულის მორიგი დეფიციტისას. სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. 

გამოსავალი? – ერთი გადამხდელის პრინცი პზე უარის თქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს და პაციენტის, საავადმყოფოს და სადაზღვევო კომპანიის სამკუთხედში ობიექტური არბიტრის როლს თამაშობს. ასე შეიძლება მხოლოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხზე ზრუნვა. 

იქ, სადაც სახელმწიფო პირდაპირი გადამხდელია, სახელმწიფო მოთამაშეცაა და არბიტრიც. მას აინტერესებს არა ხარისხი, არამედ – ხარჯი. სელექტიური კონტაქტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს~, – წერს დეპუტატი. 

როგორც ბიუჯეტის პროექტის შესახებ წერისას აღვნიშნეთ, საკმაოდ უცნაურია თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების სიმწირე. მართალია, წინა წელთან შედარებით უწყებს დაფინანსება 5 მლნ ლარით არის გაზრდილი, თუმცა, მეზობელი ქვეყნების სამხედრო ძალების დაფინანსებასთან შედარებით, საქართველო გაცილებით სუსტად გამოიყურება. 

ამ ყველაფერს კი, ქვეყნის მთავარსარდალის სკანდალური განცხადებაც დაემატა – „ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. სანამ ზურაბიშვილის განცხადების შესახებ ოპოზიცია კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის მხარდაჭერას ცდილობენ, ან მისი ნათქვამის არასწორად გაგებაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ქვეყნის მთავარსარდალის ნათქვამში აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი სამხედრო ძალებიდან, შეიარაღებიდან, ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარებიდან გადასულია მეცნიერების და კულტურის სასარგებლოდ. ასეთი დამოკიდებულება კი, რეალურად, კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. 

თემურ იობაშვილი