ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ერთობლივმა ძალისხმევამ ინფლაცია ჯერჯერობით ვერ შეაჩერა - #12(240), 2019
წლიურმა ინფლაციამ 7%-ს მიაღწია 

გასული წლის ივნისიდან მოყოლებული ტენდენცია კვლავ გრძელდება – ხელისუფლებამ ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს ვერაფერი მოუხერხა. რამდენიმე ნომრის წინ „ააფში“ ჩვენ ვწერდით კიდეც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სახიფათო ნიშნულს უახლოვდებოდა. ოქტომბრის მონაცემებით ინფლაციამ 6,4% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე – წლიურ 3%-იან ინფლაციაზე ბევრად მეტი იყო. ოპონენტების კრიტიკას ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მაშინ მშვიდად ხვდებოდნენ და ჰქონდათ მოლოდინი – წლის ბოლომდე ინფლაცია აღარ გაიზრდებოდა და შემგდომ უკვე მარტიდან კლებას დაიწყებდა. თუმცა, რეალობა სხვანაირი გამოდგა – საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ნოემბერში უკვე 6.9%-ს მიაღწია, დეკემბერში კი 7%-ს. ამ მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია 2017 წელს დაფიქსირებულ ნიშნულს მიუახლოვდა. 2017 წლის ივნისში ინფლაციამ 7,1%-ს მიაღწია, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყო და წლის ბოლოს საშუალო წლიური ინფლაცია 6% იყო. უფრო მაღალი ინფლაცია კი გასული წლების განმავლობაში ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა. 

საინტერესოა, რომ 2019 წლის ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე 181 ქვეყნის რეიტინგში საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა. საქართველოს ინფლაციის 7%-იანმა მაჩვენებელმა მეზობელ ქვეყნებში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე თურქეთია (11.84% იანი მაჩვენებლით). ამ ინფორმაციას თრადინგეცონომიცს.ცომ-ავრცელებს. თუმცა, როდესაც საქმე თურქეთს ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სერიოზული ეკონომიკური სანქციები და შესაბამისად, ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესების საფუძველიც. 

მართალია, საქართველოს ხელისუფლებაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ლამის ყოველთვის გარე ფაქტორებს აბრალებს და გასულ წელსაც არაერთხელ ახსენა რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შედეგად მიღებული ზარალი, მაგრამ ძნელია აღნიშნული მაჩვენებელი რუსული ავიარეისების შეწყვეტით ავხსნათ. 

Tradingeconomics.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 181 ქვეყანას შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაში დაფიქსირდა და 39113% შეადგინა. რეიტინგში მეორე პოზიციაზე ზიმბაბვეა, სადაც წლიური ინფლაცია 480%-ია, მესამე ადგილზე კი _ სამხრეთ სუდანი 170.5% ინფლაციის მაჩვენებლით. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი დეფლაცია დაფიქსირდა ლიბიაში (-6%), ბურკინა ფასოში (-3.8%) და ჩადში (-2.8%). 

2019 წლის მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის დონე ბევრად ჩამოუვარდება საქართველოს მაჩვენებელს. მაგალითად, რუსეთში ინფლაცია მხოლოდ 3% იყო, აზერბაიჯანში – 2,6%, ხოლო სომხეთში _ სულ რაღაც – 1%. 

ჯერ კიდევ ოქტომბერში, როცა ინფლაციის მაჩვენებელმა 6.4%-ს მიაღწია, ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობდნენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდებოდა. როგორც განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ასეთი მოლოდინი გამართლდა კიდეც. 

მანამდე კი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია აღარ გაიზრდებოდა. ნოემბერში, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გვენეტაძემ ეროვნული ბანკის გატარებულ პოლიტიკაზე ილაპარაკა. 

„ბოლო ორი თვის განმავლობაში 2%-ით გავზარდეთ რეფინანსირების განაკვეთი. რომელიც არის ეროვნული ბანკის ძირითადი ბერკეტი ინფლაციის მართვისათვის. გადაცემის მექანიზმს აქვს გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც ის ისახება და მუშაობს. ასეთი გადაცემის პერიოდულობა არის ოთხიდან ექვს კვარტალამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე არ მუშაობს. ეს მუშაობს. ის ზომები, რომლებიც მივიღეთ, აუცილებლად დაეხმარება ინფლაციის შემცირებას“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, ინფლაცია შემცირებას 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყებს: 
„ჩვენი პროგნოზი დღესდღეობით ასეთია, რომ დაახლოებით წელს შენარჩუნდება იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს, 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში პრეს-რელიზიც გაავრცელა. სებ-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. 

სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე მას შემდეგ გაზარდა, რაც სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. 

„მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. 
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა“, – აცხადებენ სებ-ში. 

სსფ – ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშოა 

2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოში ინფლაციის 5.4%-იან მაჩვენებელს ვარაუდობდა, თუმცა ეს მონაცემი შეიცვალა და ბოლო პროგნოზით, წლის ბოლოსთვის სავალუტო ფონდი სულაც 7.2%-ინა ინფლაციას ელოდებოდა. ასეთ მაჩვენებელზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა. 

„წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.2%-ს მიაღწევს. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული“, – აღნიშნა მერსედეს ვერა-მარტინმა. 

ამასთან, მისი თქმით, სსფ მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ. 

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვდება“, – განმარტა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა. 

ინფლაციის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს პროფესორი ლადო პაპავა და სსფ-ის წარმომადგენლისგან განსხვავებით, საქართველოსნაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის თარგეთირების მექანიზმს უვარგისად მიიჩნევს. 

„ინფლაციის მონაცემი აშკარად საგანგაშოა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი ანუ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაცია არის მიზნობრივი მაჩვენებელი და პრაქტიკულად ორჯერ და მეტად არის გადაჭარბება ამ მიზნობრივ მაჩვენებელზე. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამას მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტებიც ამბობენ, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში – უვარგისი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი რაც უფრო მალე იტყვის უარს ინფლაციის თარგეთირების მექანიზმზე, მით უფრო უკეთესია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა ლადო პაპავამ. 

ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ილაპარაკა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, თუმცა, შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიიჩნია. 

„ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა, ჩემი აზრით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

ოპონენტების კომენტარები 

შარშანდლიდან აქტიურ პოლიტიკაში გადასული ბანკირი ბადრი ჯაფარიძე ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს აგრეთვე საგანგაშოს უწოდებს. ჯერ კიდევ 6.9%-ის ნიშნულზე იყო წლიური ინფლაციის მონაცემები, როცა ჯაფარიძემ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასა. 

"საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან“, – ასე შეაფასა ბადრი ჯაფარიძე „საქსტატის“ ოქტომბრის მაჩვენებელი და აღნიშნა, რომ 6.9%-იანი წლიური ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოწყვლად მოსახლეობას, რადგან ამცირებს მსყიდველუნარიანობას. 

ჯაფარიძის თქმით, ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციების კლებით. 

„მყარი ვალუტის შემოდინებამ იკლო ქვეყანაში. ვგულისხმობ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც არის არა მხოლოდ მყარი ვალუტის შემოდინების, არამედ ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების წყარო. ინვესტიციების 54%-იანი ვარდნა მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამან, ეკონომიკის არაეფექტიანმა მართვამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა. 
     

5% ზრდა, რითიც ამაყობენ. იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მე-3 კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა იყო. სსფ-ი 2020 მშპ-ს 4,3% ზრდას პროგნოზირებს, ნავარაუდევ 4.8%-ის ნაცვლად. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობდა ჯაფარიძე. 

მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი და მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ასეთი პოლიტიკა ინფლაციის მაჩვენებელს მომავალ წელს არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის. 

„ინფლაცია საგანგაშო ძალიან დიდი ხანია არის იმ მხრივ, რომ თუ მას დეტალურად ჩავშლით, დავინახავთ, რომ არა მარტო წელს, არამედ წინა წლებშიც ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მოქმედებს დაბალშემოსავლიან ადამიანებზე, ვგულისხმობ სურსათს, უალკოჰოლო სასმელებს, ჯანმრთელობის დაცვას, ფასები მკვეთრად იზრდება. მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზი კურსის გაუფასურების გარდა, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ფულის მასას მკვეთრად ზრდიდა. თუ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვალა, ეს პრობლემა უფრო გაღრმავდება და ინფლაციაც გაიზრდება“, – განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი. 

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი უპატიებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს. 

„რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის ტემპი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროა, რომ ინფლაციის ტემპით ჩვენ შევდივართ ღარიბი ქვეყნების რიგებში, მაშინ როდესაც ყველაზე ღარიბ ქვეყნად არ ვითვლებით. შესაბამისად უპატიებელია, როდესაც საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, სადაც მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ბიზნესად ითვლება. თრადინგეცონომიცს.ცომ არ არის პირველი, რომელიც ამაზე აქვეყნებს, სხვაგანაც არის საუბარი საქართველოს მაღალ ინფლაციაზე და ფულის მასის არაპროპორციულ ზრდაზე“, – განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა. 

ამ სიტუაციაში, როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდის იმედად ყოფნა გვიწევს. მათი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს წლის ბოლოს მიაღწევს. თუმცა, თუ წინა წლებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ სების ხელმძღვანელი ისევე ელოდებოდა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებას 2017 წელს, როგორც ახლა. თვალსაჩინოებისთვის კი, შეგვიძლია ბოლო წლების დინამიკა ვნახოთ (იხ. დიაგრამა). 

თემურ იობაშვილი