ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფუნქციები გაეზარდა - #12(240), 2019
პარლამენტმა პრობლემების შემთხვევაში ბანკების გაჯანსაღების ახალი სქემა დაამტკიცა 

რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, დეკემბრის ბოლოს, პარლამენტმა `ეროვნული ბანკის შესახებ~ ორგანულ კანონში, `კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ~ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებები დაამტკიცა. საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკის კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციები კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ, პრობლემური კომერციული ბანკის შემთხვევაში ლიკვიდაციის ნაცვლად, შეიძლება ამოქმედდეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით ბანკის გაჯანსაღებას ითვალისწინებს. 

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად მუშაობდა. ცვლილების მთავარი მიზანი არის ის, რომ თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემების შემთხვევაში ბანკის ლიკვიდაცია საფინანსო სექტორისთვის შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, საერთაშორისო გამოცდილებით კი სახელმწიფოს ჩართულობით ბანკების გაჯანსაღების უფრო მეტი შანსი არსებობს, რაც საფინანსო სექტორის დაცულობას კიდევ უფრო ზრდის. 

ამიტომაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ნაცვლად ამოქმედდა დამატებითი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციას ისე, რომ მისი მნიშვნელოვანი ფუნქციები შენარჩუნდეს და ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლო უარყოფითი გავლენა თავიდან იქნას აცილებული. 

`მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ექვემდებარებიან ზედამხედველობის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც იცავენ კაპიტალისა თუ ლიკვიდური სახსრების მოთხოვნებს, გარკვეულ შემთხვევაში, მათ შორის სისტემური კრიზისებისას საჭირო ხდება ზემოთ აღნიშნული დამატებითი მექანიზმის – ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს – ამუშავება~, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კერძოდ, სარეზოლუციო ჩარჩოს მიხედვით უნდა მოხდეს კომერციული ბანკების ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაცია და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. თავდაპირველად, წინასწარ შემუშავებული გაჯანსაღების გეგმით კომერციული ბანკის მიერ, ხოლო თუ ამ გეგმამ არ გაამართლა, მაშინ პროცესში შემოდის ეროვნული ბანკი რეზოლუციის გეგმით. 
კერძოდ, თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ფინანსური სირთულეების დროს, პრობლემური კომერციული ბანკის ლიკვიდაცია ფინანსურ სექტორზე მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, იწყებს ალტერნატიული გზის – რეზოლუციის პროექტის ამოქმედებას. 

ამ შემთხვევაში, რეზოლუციასა და ლიკვიდაციას შორის განსხვავება არის ის, რომ რეზოლუცია ითვალისწინებს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებასა და ფინანსური რისკების სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების მაქსიმალურ შემცირებას. გარდა ამისა, სპეციალისტების განმარტებით, რეზოლუციის პროცესში დაზღვეულ დეპოზიტებზე წვდომა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის პრინციპი ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა ინტერესების დაცულობას. 

რაც შეეხება დეპოზიტარების დაცვას, მსგავს ვითარებაში სახელმწიფო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ერთვება. როგორც ცნობილია, სააგენტო დღეის მდგომარეობით 5,000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტებს აზღვევს, ხოლო 2020 წლის 1-ლი ივლისიდან ეს მოცულობა 15,000 ლარამდე იზრდება. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, კომერციული ბანკების პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის ნაადრევად ჩარევა, გრძელვადიან პერიოდში დადებით შედეგს გამოიწვევს. ამასთანავე, ძნელაძე ამბობს, რომ დღეს საბანკო სექტორი საკმაოდ მდგრადია და იმედია კომერციულ ბანკებს ისეთი პრობლემები არ შეექმნებათ, რომ მათ მიმართ რეზოლუციის პროექტის ამუშავება გახდეს საჭირო. 

„რეზოლუციის ჩარჩო ბანკებზე სებ-ის გავლენას გააძლიერებს. ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება, რომ საჭიროების შემთხვევაში საბანკო სექტორის გაჯანსაღების მიზნით ბიუჯეტის სახსრები მათკენ მიმართოს. თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეისათვის საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია და არანაირი პრობლემის წინაშე არ დგას. თუმცა, რეზოლუციის ახალი ჩარჩოს მომზადების შედეგად, ქვეყანაში ფინანსური სექტორის სფეროს სტაბილურობა კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ რეზოლუციის პროექტი არცერთ ბანკთან დაკავშირებით არ დაიწყება. ეს არის ეროვნული ბანკის მხრიდან ცალსახა ცვლილება იმ კუთხით, რომ მას შეუძლია უკვე არა მხოლოდ გაკოტრების პირას მდგომ ბანკთან გამოიყენოს დამატებითი ინვესტიციის საშუალება, არამედ როდესაც ხედავს საფრთხეს, რომ ბანკი უკვე ამ პროცესისკენ მიდის. გრძელვადიან პერიოდში ეს ნამდვილად დადებით შედეგს გამოიღებს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ბანკებზე ამ ცვლილებას რა გავლენა ექნება, ჯერჯერობით რთული სათქმელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა“, – აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონმა ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი დამატებითი საზედამხედველო უფლებამოსილებები განუსაზღვრა. კერძოდ: მას აქვს უფლება მოითხოვოს წარმოდგენილ გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებები, ან კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს ადრეული ინტერვენციის ზომები. ასევე რეზოლუციის მიზნებისა და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის დაადგინოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები და სხვა. ამასთანავე, ხაზგასასმელია ის საკითხიც, რომ ეროვნულ ბანკს ექმნება შესაძლებლობა სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს კომერციული ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. 

კანონი ასევე ითვალისწინებს აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნის, დროებითი შეჩერების, ან ახალი აქციების სავაჭროდ დაშვების, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვების ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის გამარტივებული-დაჩქარებული წესით განხორციელების შესაძლებლობას. 

უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნებისათვის შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებელი რეგისტრაცია. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანია სიახლეა ისიც, რომ გამონაკლის შემთხვევებში კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის პროცესის დროებითი სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეზოლუციის პროცესის დაფინანსება აუცილებელია და დაფინანსების სხვა წყაროდან მოძიება შეუძლებელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს. პროცესი კი ასეთია, ეროვნული ბანკი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით და დასაბუთებული დოკუმენტებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან თანხმობის გაცემის შემთხვევაში, დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს ერთი ან რამდენიმე ფორმით. ეს ფორმებია – დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა; რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა. რაც შეეხება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს, ამას ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი აქტით განსაზღვრავენ. 

ეროვნულ ბანკში იხსნება ანგარიში – სარეზოლუციო ფონდი, რომელშიც ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე გასაცემი სესხები, გარანტიები, გრანტები და სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. 

სარეზოლუციო ფონდს ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი, თუმცა, ამასთანავე ეროვნული ბანკი სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი არ არის. 

ამასთანავე, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, კონკრეტული კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის პროექტის დასრულების შემდეგ, თუკი სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ბანკის გაჯანსაღების პროცესში მონაწილეობდა, ფინანსური ზარალი მიადგა, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან სარეზოლუციო ფონდში გარკვეული შენატანები განახორციელონ. 

`საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ორი მიმართულებით, როდესაც კომერციულ ბანკები ფონდში წინასწარ რიცხავენ ფულს, რომელიც პრობლემების შემთხვევაში რომელიმე კომერციული ბანკის გაჯანსაღებისთვის შეიძლება გამოიყენო. ან რეზოლუციის პროექტის დასრულების შემდეგ, კომერციულ ბანკებს, განსაზღვრული კრიტერიუმებით, ფონდში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ამ შემთხვევაში ევალებათ, თუკი სახელმწიფოს მიადგა ზიანი. საქართველოს შემთხვევაში ეს მეორე ფორმა გახდა მიზანშეწონილი~, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

კანონით, სარეზოლუციო ფონდში შენატანის ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. კერძოდ, პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანების განხორციელებას ვალდებულებების პროპორციულად. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს. შენატანის დაკისრების კრიტერიუმებსა და განხორციელების წესს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა შენატანების ზედა ზღვარი ისე უნდა განსაზღვროს, რომ საფრთხე არ შეუქმნას კომერციული ბანკის ლიკვიდობას ან გადახდისუნარიანობას. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, სარეზოლუციო ჩარჩოსთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებები მისაღებია ყველა მხარისთვის, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის. 
`გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება. ასევე დეპოზიტართა ინტერესების უკეთ დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. მისი შემოღება მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციის, გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად~, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. 

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა. მისი განმარტებით, შეიქმნა საკანონმდებლო საფუძველი, რათა კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, სახელმწიფომ მინიმალური დანახარჯებით შეძლოს პრობლემური ბანკის გაჯანსაღება. 

`იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მდგრადია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს-გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

ამასთანავე, ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების შემუშავებაზე. მთავრობამ, კომიტეტის შექმნის რეკომენდაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში მიიღო. კომიტეტის წევრები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსი(პ) – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და სსი(პ) – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. თუმცა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლოა, სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლებიც შევიდნენ. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სისტემასთან დაახლოებული ახალი წესები საფინანსო სისტემის უფრო მდგრადს ხდის და ამ სექტორის მიმართ ინვესტორების დაინტერესებასაც უწყობს ხელს. 

მაკა ხარაზიშვილი