ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
საქართველომ დააწესა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ინიციატივით - #12(240), 2019
თბილისი, 17 დეკემბერი, 2019 – მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ბოლოდროინდელი ინდექსის თანახმად, საქართველოს მე-7 ადგილი უკავია და ბიზნესის ხელშემწყობ განსაკუთრებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა, ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის და გამჭვირვალობის დონის მიხედვით. 

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა (RSF) საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო დააწესა ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით.

„ევროკავშირი ულოცავს საქართველოს, რამდენადაც მისი კომპანიები შედის ფინანსური ანგარიშგების და გამჭვირვალობის „პირველ ლიგაში“. ეს კარგია ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ. 

2017 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

„აქამდე კორპორაციული ინფორმაციის სამყარო ინვესტორებისა და საზოგადოებისათვის სრულად დახურული იყო“, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა. 

მისივე თქმით: „ინფორმაციის ნაკლებობას ხშირად შედეგად მოჰყვებოდა ინფორმაციული ასიმეტრია, რაც ხელის შემშლელია კარგი გადაწყვეტილებების მიღებისა და რესურსის სწორი გადანაწილებისათვის. ახლა, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროპულს და დროა გაუმჯობესდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული ინფორმაციის ხარისხიც“. 

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიაზე იყო წარმოდგენილი 16 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებული საწარმოები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, და რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნიან. 

წელს კონკურსში მონაწილეობდნენ მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული კომპანიები. ეს ის კომპანიებია, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქართველი და უცხოელი ინვესტორების დაფინანსებაზე (ესენია: სს „ქართული ლუდის კომპანია~, სს „სილქნეტი~, შპს „თეგეტა მოტორსი~, სს „თიბისი ბანკი~, სს „საქართველოს ბანკი~, სს „მისო კრისტალი~, სს „ნიკორა ტრეიდი~, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია~, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი~, შპს „მ2 კომერციული ქონებები~, სს „ლიბერთი ბანკი~, სს „თელასი~, სს „აქატი~, სს „ბამბის ნართი~, სს „ბორჯომმინწყლები~, სს „სარაჯიშვილი~, სს „ისანი-ქართუ~, სს „ქართული შალი~, ქუთაისის საკონდიტრო ფაბრიკა „ნუგბარი~, სს „ხიმინჯი-75“, სს „ხაშურის მინის ტარაა, სს „საქცივპროდუქტი~, სს „ნინო~, სს „სავანე – ღვინის #1 ქარხანა~ სს „მწვანე კაპიტალი~, სს „ტრანსმშენი~, სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა~, სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა~, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია~, სს „უნივერსალი~), რომლებიც დაყოფილი იყვნენ 3 საკონკურსო კატეგორიად. 2020 წელს და მომდევნო პერიოდში კი კონკურსის ფარგლები გაფართოვდება და სავარაუდოდ მოიცავს საფონდო ბირჟის სიის გარეთ მყოფ კომპანიებსაც. 

სამ კატეგორიაში გამოცხადებული გამარჯვებული კომპანიები არიან: 

• მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები – სს „თიბისი ბანკი“ 

• მსხვილი არაფინანსური ინსტიტუტები (500 ან მეტი დასაქმებულით) – სს „თელასი“ 

• მცირე კომპანიები (500-ზე ნაკლები დასაქმებულით) – შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ 

• საპატიო ჯილდო – სს „კრისტალი“ 

„მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა რაოდენობა მხოლოდ სამია, ყველა ნომინანტი იმსახურებს აღიარებას. თითოეულმა მათგანმა დააკმაყოფილა თავდაპირველი შერჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასვლის მკაცრი მოთხოვნები. იმედია, სხვა კომპანიები გამარჯვებულებისგან ბევრს ისწავლიან. მეგობრული კონკურენცია აამაღლებს ანგარიშგების საერთო ხარისხს და ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესება ყველას მოუტანს სარგებელს“, – აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, გიორგი თაბუაშვილმა. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს შესახებ ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: https://sites.google.com/view/rsf-award/home.