ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ინტერვიუ შპს "ინტერაუდიტის" დირექტორთან, ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბ "ფორუმის" დამფუძნებელთან, გამგეობის თავმჯდომარე გოჩა ხარჩილავასთან - №2(242), 2020
გოჩა ხარჩილავა - დაიბადა 1964 წლის 25 ივლისს, წალენჯიხის რაიონში. 

განათლება

1982-1988 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობა - ბუღალტერ-ეკონომისტი. 

სამუშაო გამოცდილება 

1988-1990 წლები - საქართველოს ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

1990-1992 წლები - საქართველოს ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

1996-1998 წლები - შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია "ინტერაუდიტი", აუდიტორი; 

1998 წლიდან დღემდე - შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია "ინტერაუდიტი", პოზიცია - წამყვანი აუდიტორი, დირექტორი; 

აღნიშნულ პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი პროექტების აუდიტში, როგორიცაა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია", შპს "საქართველოს ელკავშირი", შპს "საქართველოს რკინიგზა", შპს "საქართველოს სანაოსნო", საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, სააქციო საზოგადოება "თბილგაზი", შპს "თბილწყალკანალი", "პიესაი კავკასია", გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში.
 
არის ა(ა)იპ კავკასიის საერთაშორისო არბიტრაჟის გამგეობის თავმჯდომარე.
 
სერტიფიკატები: 

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს მიერ 2010 წლის სექტემბერში გაცემული სერტიფიკატი ზ#5/379 ზოგად აუდიტში. 

GEAR (SIBLEY INTERNATIONAL) და ბაფ-ის ერთობლივი სწავლების სერტიფიკატი "ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა – კონვერსია".

- ბატონო გოჩა, სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ. საინტერესო იქნება უფრო მეტი გავიგოთ თქვენ შესახებ... 

- თითქმის 25 წელია ამ პროფესიაში ვარ. დავიბადე წალენჯიხის რაიონში, 1964 წელს. მე-6 კლასამდე ვსწავლობდი რაიონის საშუალო სკოლაში, შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. ჩავაბარე მაშინდელ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 1988 წელს წარჩინებით (წითელ დიპლომზე). იმ პერიოდში წითელდიპლომიანებს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ტოვებდნენ და ასე მოვხვდი ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში. დავიწყე მუშაობა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ერთ წელიწადში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლის, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე გადავედი. ასევე ავიღე საკანდიდატო თემა დასამუშავებლად. მასზე მუშაობას თითქმის ვამთავრებდი, როდესაც საქართველოში არეულობა დაიწყო და გარკვეული პერიოდი ქვეყნიდან წასვლა მომიწია. 

1996 წელს ისევ დავბრუნდი საქართველოში. იმ პერიოდში შპს "ინტერაუდიტი" უკვე ფუნქციობდა (30.05.1995წ. არის რეგისტრირებული), რომლის დამფუძნებელი, ჩვენს წრეში საკმაოდ ცნობილი პიროვნება ოთარ ხარჩილავა იყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული "ინტერაუდიტში" ვარ. ჯერ ვიყავი ბუღალტრის თანამდებობაზე, შემდეგ ჩავაბარე პარლამენტთან არსებული აუდიტის საბჭოს გამოცდები ზოგად აუდიტში, აუდიტორის სერტიფიკატი ავიღე და გადავედი აუდიტორის თანამდებობაზე, შემდეგ გავხდი წამყვანი აუდიტორი. 

ბატონი ოთარ ხარჩილავას გარდაცვალების შემდეგ "ინტერაუდიტის" სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა. მოგეხსენებათ, 2016 წელს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონის მოთხოვნით კომპანიის მართვაში სერტიფიცირებული აუდიტორი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ვარ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. 

ასევე ვარ პროფესიული ორგანიზაციის, ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბის "ფორუმის" დამფუძნებელი. ამ ორგანიზაციის დაარსებას საინტერესო ისტორია აქვს. 2015 წელს ჩვენი გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა ალექსი ხოფერიამ სოციალურ ქსელში შექმნა ბუღალტრების ჯგუფი. მთელი სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, მათი მხრიდან თუ რა საკითხებზე იყო მოთხოვნა, რა აწუხებდათ და რა მიმართულებით სჭირდებოდათ დახმარება. მოგვიანებით, თანამოაზრეები შევიკრიბეთ და პროფესიული ორგანიზაციის შექმნა გადავწყვიტეთ. 

2019 წლის მაისში "ფორუმი" ა(ა)იპ-ის სახით გავატარეთ რეგისტრაციაში და საქმიანობა დავიწყეთ. ბუნებრივია, ბევრი პროფესიული ორგანიზაციაა, რომლებიც საკმაოდ დიდი ხანია, წარმატებულად საქმიანობენ, თუმცა ფორუმის ჩამოყალიბებისას, ცოტა განსხვავებული მიზნები გვქონდა. 

- განსხვავებულ მიზნებში რას გულისხმობთ, "ფორუმი" სხვა პროფესიული ორგანიზაციებისგან რით განსხვავდება? 

- ჯერჯერობით, ჩვენი წევრები არიან ფიზიკური პირები. ჩვენ ვართ ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დაამტკიცებს გამგეობაში უკვე წარმოდგენილ ფორუმის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან სტრატეგიულ გეგმას, რომელშიც დეტალურად გაწერილია, თუ განვითარების რა სტადიები და რა პერიოდებში უნდა გავიაროთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ხარისხიანად და ეფექტიანად გავიაროთ ყველა დაგეგმილი ეტაპი და მივაღწიოთ ფორუმის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს. უახლოეს ხანებში გამგეობა დაამტკიცებს "ფორუმის" გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის გეგმას. 

ასევე ჩამოვყალიბდით კორპორაციულ წევრებთან დაკავშირებითაც, რადგანაც "ფორუმის" მიმართ ჩვენი კოლეგების დაინტერესება ძალიან დიდია. ამ ეტაპზე 21 ათასი წევრი გვყავს. ძალიან სწრაფად ივსება ჩვენი რიგები. ჩვენი მიზანია, ჩვენმა წევრებმა საბუღალტრო სფეროში ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე მათ ვეხმარებით კონკრეტული საკითხების გარკვევაში და ამ მიმართულებით ვთავაზობთ კონსულტაციებს. საწევრო გადასახადი სიმბოლურია, თვეში 1 ლარი. ბუღალტრების ნაწილს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და არ გვინდოდა მათთვის საწევრო დამატებითი ტვირთი გამხდარიყო. ანუ ჩვენი წევრი წელიწადში იხდის 12 ლარს და იღებს ყველა იმ სარგებელს, რასაც ვთავაზობთ. 

ჩვენი შემოსავალი, ძირითადად, არის ეს საწევროები. ერთი წლის განმავლობაში ბევრი და საკმაოდ დატვირთული ტრენინგი ჩავატარეთ. ტრენინგების ნაწილი იყო ფასიანი, ნაწილი უფასო. მაგალითად, მე-4 და მე-3 კატეგორიის საწარმოების ბუღალტრებისთვის ჩავატარეთ ფასიანი ტრენინგი, რათა დარბაზის დაქირავებისა და ტრენერისთვის ხელფასის გადახდის შესაძლებლობა გვქონოდა. თუმცა, შევისწავლეთ ბაზარი და თუ ანალოგიური ტიპის ტრენინგების ღირებულება 600-700 ლარი იყო, ჩვენ იგივე ტიპის ტრენინგები ჩავატარეთ მე-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, 36-საათიანი ტრენინგები - 300 ლარად, ხოლო მე-4 კატეგორიის კომპანიებისთვის - 120 ლარად. გაჩნდა ეს პატარა შემოსავლები და ჩვენი წევრებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით უფასო ტრენინგები გავმართეთ.
 
- კვალიფიციური ტრენერების მოძიება არც ისე მარტივია, თქვენი ტრენერები ვინ არიან? 

- საკმაოდ კვალიფიციური ტრენერები გვყავს და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენი ტრენინგების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ერთ-ერთი ტრენერია სალომე ოდიშარია – დიდი ბრიტანეთის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის - ACCA სერტიფიცირებული ბუღალტერი. საინჟინრო ეკონომიკის, ფაკულტეტის დოქტორი. მეორე ტრენერია ეკატერინე სიჭინავა - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ-ის) ნამდვილი წევრი. ტრენერებს გადამზადება გავლილი აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა (SARAS) და USAID-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში. 

ჩვენს 200-მდე წევრს სრულიად უფასოდ დავეხმარეთ და მოვამზადებინეთ ანგარიშგებები, რომლებიც 1 ოქტომბერს უნდა წარედგინათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, ზოგს ბალანსის კონსოლიდაცია სჭირდებოდა, რაც ცოტა რთული საკითხია და ამ მიმართულებითაც დავეხმარეთ. წარდგენილი ანგარიშგებებიდან არცერთი არ დახარვეზებულა და ხალხიც კმაყოფილი დაგვრჩა. 

- თქვენი წევრებისთვის ტრენინგებს რა პერიოდულობით ატარებთ? 

- "ფორუმი" ა(ა)იპ-ის სახით ჩამოყალიბდა 2019 წლის 13 მაისს. 28 მაისს რეგიონში (ქუთაისი) ჩვენი წევრებისთვის უკვე ჩავატარეთ უფასო ტრენინგი თემაზე - "სასაქონლო მატერიალური მარაგები, მსს ფასის მიხედვით". 5 ივნისს ასევე ჩავატარეთ ტრენინგი - ორმაგი დაბეგვრა, ტრანსფერ პრაისინგისა და კონტროლირებადი ოპერაციების შესახებ. ჩვენს წრეში ყველა კარგად იცნობს გელა ბარშოვს, რომელმაც ამ მიმართულებით სერტიფიცირება ევროპაში გაიარა. ძალიან კარგად ახსნა ეს საკითხები, რომელიც ბუნდოვანია საგადასახადო კოდექსში, განსაკუთრებით ტრანსფერ პრაისინგის საკითხი. 

არის მოთხოვნა, რომ აუდიტორულ დასკვნაში ერთი აბზაცი კონტროლირებად ოპერაციებს დაეთმოს. სანამ აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნებოდა, ამ მოთხოვნას კანონი მანამდეც ითვალისწინებდა, თუმცა ეს არც ერთი დასკვნაში არ მინახავს. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას ამის საჭიროებაა. თავად ეს თემა ჩვენთან ნაკლებად ცნობილია. 

2019 წლის ივნისის თვეში ჩავატარეთ მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის ტრენინგი ორ ჯგუფზე, ასევე ივნისის თვეში მე-4 კატეგორიის კომპანიებისთვის ჩატარდა ტრენინგი 4 ჯგუფზე. ოქტომბერში ჩავატარეთ ასევე უფასო სემინარი დღგ-სთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. მოვიწვიეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ბატონმა მამუკა ბარათაშვილმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, ასევე გვყავდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოწვეულები იყვნენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ შეხვედრამდე `ფორუმმა~ მოამზადა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, დღგ ისთან მიმართებით რას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, რა და რომელ მუხლში შემოდის სიახლე, ეს მეწარმისთვის უფრო ამძიმებს საგადასახადო ტვირთს თუ ამსუბუქებს. 2019 წლის 10 დეკემბერს გვქონდა შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ხელმძღვანელობასთან, სადაც სამსახურის წარმომადგენლებმა ჩვენს წევრებს დეტალურად განუმარტეს მათთან წარმოსადგენი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესები და სხვა საკითხები. 
2020 წელს ა(ა)იპ-ების ბუღალტრებისთვისაც ჩავატარეთ უფასო ტრენინგი. 

მოგეხსენებათ, რომ ააიპ-ები გადავიდნენ `ესტონურ მოდელზე~ და ბევრი საკითხი ჩვენთვისაც გაურკვეველი იყო. თუნდაც, მთავარია ა(ა)იპ-ების მოგების გადასახადის დაბეგვრის საკითხებში `ესტონური მოდელის~ მიდგომა. ამ მიმართულებით მიდგომა ცოტა დასახვეწია. ა(ა)იპ არ არის სამეწარმეო სუბიექტი, მას ფაქტობრივად, სულ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა უწევს. შეიძლება ტრენინგიდან, ან საწევროდან მიღებული თანხით ჩავატარე კონკრეტული უფასო ღონისძიებები, ხოლო შეიძლება სსკ 98-ე მუხლმა ეს განიხილოს, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება და ეს მოგების გადასახადით დამიბეგროს, ასეთი და სხვა დეტალები ბევრ გაურკვევლობას იწვევს. ამიტომ ეს საკითხი ძალიან კარგად დავამუშავეთ. 

ყველა უფასო ტრენინგს ვატარებთ ევროპის უნივერსიტეტში, რომელთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ასევე შეიქმნა ძალიან კარგი `ლაივ პლატფორმა~. ჩვენთან გამგეობაში ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებმაც ეს პლატფორმა შექმნეს. ტრენინგები ონლაინ რეჟიმში აქამდეც გვინახავს, მაგრამ ეს არის სრულიად განსხვავებული ფორმატი. 5-საათიან რეჟიმში უკვე დავტესტეთ. ჩვენი წევრები ჩაგვერთნენ რაიონებიდან, ჩაშენებულია დაფა, აქვს კითხვა-პასუხის რეჟიმი. ფაქტობრივად, ზუსტად ისე მიმდინარეობს პროცესი, როგორც აუდიტორიაში. ამ პლატფორმის პრეზენტაცია გვქონდა "ტექნო პარკში", რომელმაც ძალიან დიდი აღტაცება გამოიწვია. დღეს, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება, ამ პლატფორმის არსებობა განსაკუთრებით აქტუალურია. 

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი. სამწუხაროდ, "საგადასახადო კოდექსში" ბევრი ორაზროვანი მუხლია, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტროს აუდიტორი საგადასახადო შემოწმების აქტს თავისი შეხედულების მიხედვით ადგენს. მართალია, მტკიცებულების ტვირთი მეწარმის არის, მაგრამ მერე უნდა იდავო ჯერ ფინანსთა სამინისტროში, მერე სამი წელიწადი სასამართლოებში. გამოდის, რომ ორაზროვანი მუხლების გამო თუ მე მართალი აღმოვჩნდი, მოვიგე სასამართლო პროცესი, რომელსაც სამი წელი დასჭირდა, დავკარგე დრო, ფული, ამაზე პასუხისმგებლობა არავის ეკითხება. მე კანონის დარღვევაზე ვაგებ პასუხს და მაჯარიმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს აუდიტორის მიერ დაწერილი აქტი არასწორია და გავმართლდი, ამ შემთხვევაში ამ ჩემს დაკარგულს დროს, ხარჯებს არავინ მინაზღაურებს, ვინაიდან ის წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას. მიმაჩნია, რომ ეს არის უსამართლო მიდგომა. თუ სამინისტროს აუდიტორსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა, იგი დასკვნის დაწერას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება. კერძო სექტორში, აუდიტორები ჩვენ მიერ გაცემულ დასკვნებზე პასუხს ვაგებთ. რატომ არ უნდა იყოს იგივე მიდგომა სახელმწიფო აუდიტორის მიმართ? 

- რაც შეეხება ხანგრძლივი ბიზნეს-დავების საკითხს. იუსტიციის სამინისტროში დიდი ხნის განმავლობაში მიდის მუშაობა კერძო არბიტრაჟის გააქტიურებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რატომ გაიწელა ეს საკითხი? 

- ამ საკითხთან დაკავშირებით, შარშან, გვქონდა კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მეც გახლავართ, ასევე არიან ყოფილი მოსამართლეები, საზღვარგარეთიდანაც გვყავს გამოცდილი არბიტრები ჩამოყვანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან სასამართლოები გადატვირთულია ამ თემებით. 

- გარდა ბევრი განსახილველი საკითხისა, ბიზნეს დავებზე მომუშავე კვალიფიციური მოსამართლეების დეფიციტიცაა... 

- დიახ, აღიარეს, რომ სამეწარმეო დავებში სასამართლო კორპუსი ისე გამართული ვერ არის, როგორც სხვა საკითხებში. შევისწავლეთ ეს საკითხი, განვიხილეთ თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, რა სახის პრობლემური საკითხებია. შარშანვე, ჩამოვაყალიბეთ `კავკასიის საერთაშორისო არბიტრაჟი~. მომავალში გეგმაში გვაქვს, რომ მოვიწვიოთ 300-მდე არბიტრი, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. 

ყველაზე კარგი, რაც ამ არბიტრაჟს ახლავს, ისაა, რომ დავის განხილვა 90 დღეში მთავრდება, ხოლო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ერთადერთი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განხილოს არბიტრაჟის ჩატარების პროცედურა ხომ არ იყო დარღვეული. ბუნებრივია, ეს დიდი შვებაა მეწარმისთვის. საქართველოში არბიტრაჟები ჯერ ვერ მუშაობენ, მენტალობა უნდა შეიცვალოს. მეწარმე სუბიექტებმა ხელშეკრულებაში უნდა ჩადონ, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი კონკრეტულ კერძო არბიტრაჟში განიხილება. ამას ვურჩევთ ჩვენი `ფორუმის~ წევრებსაც. ეს ყველა მეწარმისთვის მომგებიანი პოზიციაა. თუმცა, სახელმწიფო დავასთან დაკავშირებთ საკითხი უფრო რთულადაა, საქმის კერძო არბიტრის მიერ განხილვაზე ორივე მხარე თანახმა უნდა იყოს. ჯერჯერობით, ეს თემა ნედლია და კერძო არბიტრაჟის ფართოდ ამოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება. 

ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც აუდიტორული საქმიანობა დავიწყე, შემოწმებაზე კომპანიებში შესვლისას გვესმოდა, გამოიგონეს კიდევ რაღაც ფულის მახე, დამატებითი რევიზორები. დღეს კი, ყველა მეწარმემ იცის, რომ აუდიტორი მისი დამხმარეა. 

- აუდიტორთა ნაწილი თვლის, რომ აუდიტის სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა ისინი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია და ამ საქმიანობის მიმართ უფრო ლიბერალური მიდგომები უნდა იყოს, თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს? 

- მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის ივნისიდან ახალი კანონი ამოქმედდა, ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ბევრი საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი კადრი მუშაობს, მაგრამ სულ ჰყავთ, თუ არ ვცდები, 22-კაციანი ჯგუფი. დღესდღეობით აუდიტური ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 300-მდე აუდიტორული კომპანია და 500-მდე ინდივიდუალური აუდიტორი. ძალიან ძნელია 22-კაციანი ჯგუფით მათი მონიტორინგის განხორციელება. არადა, ეს საქმე გასაკეთებელია. მნიშვნელოვანია რეგულატორის არსებობა ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა. ჩვენ, აუდიტორები, ვგრძნობთ ამას. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი, ეს უწყება ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში რომ არის. უმჯობესი იქნებოდა, სამსახური ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე, ანუ სამსახურზე ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა. თუნდაც მაგალითისთვის, კერძო აუდიტორი ვემსახურები კონკრეტულ შპს-ს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აუდიტორმა აქტი დაუწერა. მე მივყვები მას დავაზე, რადგანაც დადებითი დასკვნა მქონდა მიცემული. ამ კანონის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია ჩემი ზედამხედველი, რომელმაც ხარისხის კონტროლზე მონიტორინგი უნდა გამიწიოს. 

ეს ორგანო ყველგან არის დამოუკიდებელი. საბჭო კომპლექტდება ისეთი ხალხით, რომლებსაც 15-20-წლიანი აუდიტორული მუშაობის გამოცდილება აქვთ, თუმცა ბოლო სამი წელი ამ მიმართულებით არ უმუშავიათ და აუდიტურ დასკვნაზე ხელი არ აქვთ მოწერილი. ასეთ აუდიტორებთან თანამშრომლობა უფრო მარტივია, მაგრამ მათ ამდენი კომპანიის მონიტორინგი მაინც გაუჭირდებათ. მაშინ უნდა დაემატოს ხალხი, ხოლო პროფესიონალები ასეთი მარტივი მოსაძებნი არ არის. 

ამასთანავე ხაზი მინდა გავუსვა ერთ საკითხს. აუდიტორთა დიდ ნაწილს აწუხებდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 360-ე დადგენილება, რომელიც როგორც იქნა გაუქმდა. თუმცა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, ცამეტ კომპანიას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გარკვეულ სუბიექტებში (სდპ-ებში) აუდიტის ჩატარებაზე და სახელმწიფოს წინაშე საინვესტიციო ვალდებულებების დადასტურებაზე. საპრეტენზიო მათთან არ მაქვს, ყველანი ჩემი კოლეგები არიან, ბევრი ჩემზე დიდი კომპანიაა, დიდი გამოცდილებით, მაგრამ კანონში არსად წერია, რომ რომელიმე აუდიტურ კომპანიას რაიმე პრივილეგია უნდა ჰქონდეს. კანონქვემდებარე აქტით ამ პრივილეგიის მინიჭება იწვევს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ტენდერში ის კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რომლის აუდიტირებული ხარჯთაღრიცხვა იმ სიაში მყოფი კომპანიის მიერ არის გაკეთებული. რატომ უნდა გააჩნდეს ვიღაცას ამის პრივილეგია? გამოდის, რომ ამ ტენდერებისკენ სხვა კომპანიებმა საერთოდ არ უნდა გაიხედონ. თუ სხვა კომპანიას არ მისცემ ამის შესაძლებლობას, ეს ბაზარი როგორ უნდა განვითარდეს, გამოდის, რომ სხვა აუდიტორებმა კომპანიებს მხოლოდ საგადასახადო კონსულტაცია ან ბუღალტრული მომსახურება უნდა გაუწიონ. მაშინ პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოში მსოფლიო `დიდი ოთხეულის~ გარდა მხოლოდ რამდენიმე აუდიტური კომპანიაა და დანარჩენი ბუღალტრული მომსახურების გამწევი კომპანიები არიან... 

რა თქმა უნდა, აუდიტორული კომპანიის მიზანი უნდა იყოს, რომ ყველა დონე გაიაროს, აიღოს სერტიფიკატები, დაკომპლექტდეს გამოცდილი ადამიანებით. თუმცა, ამისთვის გარკვეული დრო და ფინანსებია საჭირო. ჩვენ აუდიტი გვაქვს ჩატარებული ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, 8 წლის განმავლობაში აუდიტს ვატარებდით საქართველოს რკინიგზაში, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პირველ რიგში ჩემი საქმიანობის ხარისხს განსაზღვრავს ჩემი კლიენტი. ასეთი მსხვილი კომპანიების მომსახურება ნიშნავს იმას, რომ ხარისხიანი მომსახურება მაქვს. ამ ყველაფერს ბაზარი საზღვრავს, ამიტომ პატარა კომპანიებთან მიმართებით მიდგომებია დასახვეწი. 

- დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღგ-სთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო შარშან, მაგრამ მისი ამოქმედება 2021 წლისთვის გადაიდო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა იცვლება ამ ცვლილებებით? 

- ცვლილებების პაკეტის პირველი ვარიანტი აბსოლუტურად მიუღებელი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნეს-სექტორთან ხანგრძლივი კონსულტაციები გამართა და დღეს არსებული კანონპროექტი უკეთესობისკენ არის შეცვლილი. `ფორუმმა~ და სხვა პროფესიულმა ორგანიზაციებმა, ასევე კერძო ბიზნესმა ფინანსთა სამინისტროს ჩვენი ხედვები წარვუდგინეთ. ძალიან ბევრი საკითხი გაითვალისწინეს და აბსოლუტურად სულ სხვა კანონპროექტი მივიღეთ, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს გულწრფელ მადლობას ვუხდით. 

მაგალითად, საგანმანათლებლო საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია, თუმცა თუ სკოლას აქვს ტრანსპორტით მომსახურება, კვება, საცურაო აუზი თუ სხვა სპორტული დანიშნულების ინფრასტრუქტურა, ეს საქმიანობა იბეგრება დღგ-ით, რაც გაურკვევლობას იწვევს. ამის გამო, საკმაოდ ცნობილი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებიც დაჯარიმდნენ საგადასახადო შემოწმებისას. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სულ ვაყენებდით საკითხს, რომ ესეც საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილია და არ შეიძლება ამის გამო სკოლები დავაჯარიმოთ. კანონპროექტში ამის გათვალისწინება მოხდა და საგანმანათლებლო საქმიანობა მთლიანად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან. თუმცა, ეს შეღავათი არ არის იმ სკოლებისთვის, რომლებიც უკვე დაჯარიმდნენ. 

ამასთანავე, საგადასახადო კოდექსში ბუნდოვანია საკითხი ტუროპერატორებთან დაკავშირებით _ რომელია ტუროპერატორი და რომელი ტურაგენტი. ვინც ტურისტულ საქმიანობას იწყებს, ტუროპერატორი და ტურაგენტი ერთი და იგივე ჰგონია. არადა, კოდექსით ერთი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, მეორე არა, ამიტომ მეწარმე ჯარიმდება. ეს საკითხიც გასწორდა. თუმცა, კიდევ დარჩა რამდენიმე მუხლი, რომელიც კიდევ უფრო დახვეწას საჭიროებს. ჯობია, რომ ყველა დეტალზე ბიზნესთან კონსულტაციები გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ კვირას ცვლიან რაღაცას, მეორე კვირას აღმოაჩენენ, რომ არასწორი იყო და ისევ შესაცვლელია. ყოველ დილას 2 საათს მაინც ვუთმობ ინფორმაციის გადამოწმებას, რამე ახალი დადგენილება, ან კანონქვემდებარე აქტი ხომ არ გამოიცა. მეც ამერია უკვე, იმდენი ცვლილებაა, დასამახსოვრებლად რთული გახდა... კანონმდებლობა ასეთი სიხშირით თუ არ შეიცვლება, ბიზნესიც ამოისუნთქებს. 

- დაბოლოს, გარდა პროფესიული საქმიანობისა, თქვენი ინტერესის სფერო კიდევ რა არის, თავისუფალ დროს როგორ იყენებთ? 

- გონებით მუშაობისას, ხანდახან განტვირთვა და სხვა მიმართულებით გადართვა აუცილებელია. ძალიან მიყვარს ბუნებაში, სიმშვიდეში ყოფნა. ძალიან მიყვარს ასევე მეგობრებთან ერთად ნადირობა. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი