ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის მცოცავი ოკუპაცია, თუ ფინანსიზაცია? - №5(245), 2020
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 
 
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, იძულებული ვარ მოგმართოთ ღია წერილის ფორმით. 

1. 2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის მეორე საკითხად განიხილეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები“ (საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში არ იყო ნახსენები, რომ ცვლილება შედიოდა ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში, რის გამოც ეს ცვლილებები აღმოჩნდა სრული სიურპრიზი პროფესიული წრეებისათვის). მომხსენებელი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. 

2. 2020 წლის 11 მარტის #9495 წერილით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტები, მათ შორის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

3. საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი იდეად წარმოდგენილია ის, რომ „...რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და შეუერთდეს საქართველოს ეროვნულ ბანკს“ და საქართველოს ეროვნული ბანკი გახდეს დღეისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სამართალმემკვიდრე (საქართველოს კანონპროექტი _ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“). 

4. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ფინანსთა სამინისტროს ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით შევიდა საქართველოს პარლამენტში ისე, რომ: 

4.1. დაირღვა კანონშემოქმედების საჯაროობა: 

– აღნიშნულ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს; 

– აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით არ არსებობდა არცერთი ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება; 

– მთავრობას საკითხის გადაწყვეტისას, არ ჰქონდა სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას; 

– არ მომხდარა მისი განხილვა პროფესიულ ორგანიზაციებში, პროფილურ სამეცნიერო და აკადემიურ ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, აუდიტურ ფირმებში, ასოციაციებში; 

4.2. დაირღვა საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნები: 

– არ დაიცვა „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, რომელიც ითვალისწინებს მხარეებმა ბუღალტერიისა და აუდიტის „სფეროებში ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და პროფესიული გამოცდილება“ და გამართონ „რეგულარული დიალოგი“; 

– განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმირება კანონპროექტის შესაფასებლად. 

4.3. დაირღვა ურთიერთობის სტანდარტი და ეთიკის პრინციპები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის: 

– დემონსტრაციულად იგნორირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობა ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში ცვლილებების, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების, ისე საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტის განხილვის დროს. 

4.4. დაირღვა კონსტიტუცია და კანონმდებლობის სხვა ნორმები, კერძოდ: 

– საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ „ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით“, დარღვეულია და საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ნორმები სპეციალური „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითაა დადგენილი, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, გააგრძელებს ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ ტენდენციას და კიდევ უფრო გაზრდის მის ფინანსიზაციას. რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს ეროვნული ბანკის საკრედიტო შინაარსს: 

– „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მიხედვით „საქვეუწყებო დაწესებულება“ „იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს“. შესაბამისად, კანონი არ იცნობს ინიცირებულ კანონპროექტში მოცემულ _ „საქვეუწყებო დაწესებულების“, „რეორგანიზაციის“ და „შეერთების“ წესს, მით უმეტეს სამთავრობო სტრუქტურის გარეთ და მისი ფუნქციების ეროვნული ბანკის ფუნქციებთან შეერთება-გათანაბრებას. 

– კანონპროექტებზე არაა წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისი განმარტებითი ბარათები, სადაც შეფასებულ იქნებოდა თუ რა გახდა კანონპროექტის მიღების მიზეზი, რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად კანონპროექტი და რატომაა ამისათვის მისი მიღება აუცილებელი, როგორია კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები. 

– კანონპროექტის ავტორების მიერ მოტანილია რამოდენიმე მანიპულირებული ფაქტი ეროვნულ ბანკისადმი დაქვემდებარების არგუმენტად, რაც, ბუნებრივია, მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ქვეყნის მმართველობითი სისტემის კონტექსისა და ავტორების მიერ უარყოფილი კვლევების გარეშე. ავტორების ეს არგუმენტები იმას ადასტურებენ, რომ მათი ინტერესი სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება კი არა, არამედ „ახალი პატრონის“ ძიებაა. 

– არსად ჩანს რეალური მმართველობით სისტემაში ამ ცვლილების კონტექსტი _ მიზანი თუ რისთვის ახდენ ცვლილებებს და რა შედეგებზეა ეს ყველაფერი ორიენტირებული. 

– კანონპროექტის ავტორების აღიარებით, მათ კანონპროექტის შემუშავებისას მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლაზე აქცენტი არ გაკეთებულა. 

4.5. წინააღმდეგობაშია ევროდირექტივებთან: 

– კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკისათვის აუდიტორული საქმიანობის ზედამხედველობა ეწინააღმდეგება მარეგულირებელი ინსტიტუტის ინტერესთა კონფლიქტისაგან თავისუფლების შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნას, რამეთუ თვითონ ეროვნული ბანკი არის აუდიტორული შემოწმების სუბიექტი: 

– აღნიშნული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე პროფესიონალი ბუღალტრის (აუდიტის) ეთიკის კოდექსის ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევაა. 

4.6. უარყოფილია ფინანსებისა და კრედიტის დაყოფის ფუნდამენტური პრინციპი: 

– საქართველოს ეროვნული ბანკი არაა ფინანსური დაწესებულება და არ შეიძლება იყოს ბუღალტერიისა და აუდიტის პოლიტიკის განმსაზღვრელი და ზედამხედველი ინსტიტუტი მისი არსის საქართველოს კონსტიტუციური შინაარსიდან გამომდინარე. კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სებ-ი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, რაც არ ნიშნავს ბიზნეს-სუბიექტების ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების შექმნას, ასს-სტანდარტების გამოყენებაზე კონტროლისა და მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას. 

4.7. არაა გამოყენებული კანონმდებლობაში მოცემული მექანიზმები უკეთესი კანონპროექტის შესაქმნელად: 

– მთავრობამ 2020 წლის 17 იანვარს #35 დადგენილებით დამტკიცებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად არ მოსთხოვა კანონპროექტების ინიციატორს _ ფინანსთა სამინისტროს რეგულირების ზეგავლენის შეფასება დადგენილი წესით, რაც მთავრობას მისცემდა საშუალებას გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად; 

– არ მოახდინა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისა და გამოცდილების ანალიზი, არ დაადგინა შუა სამეურნეო წელს კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების (კანონპროექტის მიხედვით უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლის 1 მაისიდან) მიზეზები, რამაც გამოიწვია ინფორმაციულ ვაკუუმში გადაწყვეტილების მიღება. 

4.8. არ გამოიჩინა მმართველობითი სიფხიზლე და დაკვირვებულობა: 

– მთავრობას „გამორჩა“ მხედველობიდან პიროვნული ტრანსფორმაციის ის ფაქტი, რომ 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დღევანდელი სახით მიღებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის შექმნაში მონაწილე ადამიანები, წარმოადგენენ ძირითად ბირთვს იმ ჯგუფისა, რომლებიც დღეს, თანაც უცვლელი თანამდებობრივი პოზიციებით. გამოვიდნენ მათ მიერ 4 წლის წინ მხარდაჭერილი ამ კანონის ძირეული ცვლილებისა და აღნიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გაუქმების ინიციატივით (ნიკოლოზ გაგუა, იური დოლიძე, გიორგი კაკაურიძე), ეს პირები, მთავრობის მიერ, დანიშნულია (ივანე მაჭავარიანთან და ლაშა ხუციშვილთან ერთად) აღნიშნულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად! 

4.9. უგულებელყო არა მარტო თეორია, კანონით საქართველოში აღიარებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის ფუნდამენტური პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა, არამედ ჯანსაღი აზრიც: 

– მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტექტონიკურ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისე, რომ ინიციატორებისაგან დოკუმენტურად არ უნახავს არც ერთი, არა თუ არგუმენტირებული, დასაბუთებული, არამედ უბრალოდ მოსაზრებაც კი, თუ რატომაა გაუსაძლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციონირება, რა გაფუჭდა მისი ასეთი სახით არსებობის 4 წლის მანძილზე, რა ზიანი მიადგა ამით სახელმწიფოს და თუ თავიდან ასეთი მდგომარეობა იყო, რატომ გახდა მისი გაუქმება უსწრაფესი აუცილებლობა ახლა და რის გამოსწორებასა ან რა შედეგებს უნდა ველოდოთ და რატომ? 

5. სრულიად გაუგებარია, რას ეფუძნებოდა მთავრობა ამ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღებისას. 

თუ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ავად თუ კარგად ფუნქციონირებდა ფინანსთა სამინისტროში, რა იცვლება ყველა საკანონმდებლო ნორმის შენარჩუნებითა (უფრო სწორად _ შეკვეცით: შეკვეცილია ისეთი დადებითი საკანონმდებლო ნორმა, როგორიცაა დავების განხილვის ორგანო, რაც არ უნდა იყოს შემთხვევითი ჩანაფიქრი კანონპროექტის ინიციატორთა მხრიდან!) და სხვა ინსტიტუტში პორტირებით?! რა იყო ცუდი და რა და რატომ გახდება უკეთესი? 

6. კანონპროექტები საზოგადო მიზნით არაა შექმნილი კანონპროექტის ინიციატორთა ზრუნვა საქმესა და პროფესიაზე რომ ყოფილიყო, მაშინ საკითხი უნდა დასმულიყო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბების შესახებ, როგორც ეს მიღებულია ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 23 ქვეყანაში! 

ეს რომ ასე არაა, არცაა გასაკვირი, რადგანაც კანონპროექტები, როგორც განმარტებითი ბარათებით დასტურდება, „ენდემურად“ ფინანსთა სამინისტროს, უფრო სწორად, „შეთქმულთა კლასტერის“ ინიციატივაა, რომლისგანაც თქვენთვის პირადად და საქართველოს მთავრობისათვის მთლიანად, რეპუტაციული ზიანის მიყენება საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია (http://iverioni.com.ge/16780-mikheil-jibuti-giorgi-gakharia-memkvidreobith-mighebuli-kanondarghvevith-tsava.html). 

7. კანონპროექტის მიღების რეალური მოტივი და მიზანი 
ზემოთქმულიდან გამომდინარე იოლად შესამჩნევია, რომ ავტორების მიერ კანონპროექტების კოდირებულ-პოზიციონირებული მთავარი იდეა (იხ. პუნქტი 3) და მამოძრავებელი მოტივი არა რაიმეს რეალურ გაუმჯობესებაში, არამედ პიროვნებების _ „საკადრო პორტირებაშია“ „სამსახურის პორტირების“ გამოყენებით; რაც შეეხება სამსახურს, პირიქით, ის კანონპროექტით მიხედვით, უქმდება და მისი ისედაც შეკვეცილი ფუნქციები ახალ გარემოში ადაპტირების დროს, კიდევ უფრო დაკნინებისთვისაა განწირული. აღნიშნული თავხედური, საზოგადოებრივი აზრის გამომწვევი, ღიაობით წერია მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურში შტატით დასაქმებული თანამშრომლები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, 2020 წლის 1 მაისიდან, მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე. თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (მუხლი 2, პუნქტი 3). 

9. ქვეყანაში არსებული უსამართლობის უსაზღვროობის რწმენის გარეშე შეუძლებელია დაუშვა, რომ შეიძლება კერძო, პიროვნული ინტერესი, კონკრეტულ თანამდებობაზე კანონით დააკანონო და სახელი და გვარით მიუთითო, როგორც ამ შემთხვევაში, რომ იური დოლიძე _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მისივე თანხმობით, „საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე“. 

მსგავსი პრაქტიკის არსებობა სადმე და ოდესმე ჩვენთვის უცნობი, ხოლო ევროპულ, დასავლურ საკანონმდებლო სისტემებში მსგავსი ჩანაწერი „სამართლებრივი სახელმწიფოს“ ხსენების აკრძალვის ტოლფასია! 

საკანონმდებლო და საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნონსენსად შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც რომელიმე პიროვნებას აქვს არჩევის უფლება იმუშავებს თუ არა ეროვნულ ბანკში, ხოლო ამ უკანასკნელს წართმეული აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ უნდა იმუშაოს ეროვნულ ბანკში და ვინ არა. 

10. კანონპროექტის დეკოდიფიკაციის შემდეგ ცხადია, რომ „შეთქმულთა კლასტერის“ სხვა წევრები აპირებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში პორტირებას და ამისათვის კანონპროექტით ითხოვენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვროს 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2-ის ნაცვლად _ სამით. ანუ ადგილებიც კი მონიშნული აქვთ და ამ ადგილებზე დანიშვნას უზრუნველყოფენ კანონში ფაქტიურად „გადასანიშნ“ პირთა ჩაწერით. ფაქტია, რომ კანონპროექტების მთავარი მოტივივაცია არის პირადული და არა სახელმწიფოებრივი. 

11. საკანონმდებლო ცვლილებების სასწრაფოდ განხორციელების არცერთი მიზეზი არაა დასახელებული. დიდი ალბათობით ეს არის იმ ანგარიშგებებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობებისაგან გაქცევა, რომელთაც კუმულატიური ხასიათი აქვთ 2020 წლის მეორე ნახევარში: აუდიტორული ბაზრის რაოდენობრივი და თვისობრივი მდგომარეობის განსაჯაროება (აუდიტორული ფირმების 2019 წლის ანგარიშებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის ჩატარების უფლების მქონე აუდიტური ფირმების ხარისხის კონტროლის განმეორებითი მონიტორინგის ჩატარებით წლის ბოლომდე, აგრეთვე სამსახურის აუდიტის ხარისხის შესახებ წლიური ანგარიშით) აუდიტური ფირმებისათვის კატეგორიების მინიჭება,რომელიც წარმოშობს ბევრ კითხვებს სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე, ბევრი ჩაშლილი პროექტისა და ისეთი ჩავარდნების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, ე.წ. მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგების საკითხი, იქნება პრეტენზიები ალბათ ინტერესთა კონფლიქტების, ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენების შესახებ და ა.შ. ამის შესახებ ვრცლად და ცალკე სხვა დროს. ნათქვამი საკმარისია იმის დასანახად, რომ ესაა ამ პასუხისმგებლობებისაგან ერთგვარი თავის შეფარება ეროვნულ ბანკში და ამ უკანასკნელზე ამ პრობლემების „ჩამოკიდება“. 

ეს სისწრაფე გამოწვეულია იმითაც, რომ უკვე მთავრდება დანიშვნების პირველი ვადა, მოდის საპარლამენტო არჩევნები, რაც თანამდებობრივ, თუ კარიერულ მდგომარეობის მდგრადობაზე აისახება და საჭიროა მომავალზე ზრუნვა, საუკეთესო შემთხვევაა თუ, გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუციური მანდატის მქონე ორგანოს ქოლგის ქვეშ, აგრეთვე ფინანსურად გაუმჯობესებული პირობებით. 

12. ყურადღებას მივაქცევ შეიძლება შემთხვევით, მაგრამ განმეორებად და ამიტომ ტრადიციად ქცეულ ფაქტს: ესაა მმართველობის ქვედა ეშელონების ინტერესების გამომხატველი სხვადასხვა საჩოთირო საკანონმდებლო ინიციატივების რთულ სოციალურ, პოლიტიკურ, თუ სხვა მმართველობითი ინსტიტუტებისათვის ცაიტნოტურ პერიოდებში ინიცირების პრაქტიკა. არც მოცემული შემთხვევაა გამონაკლისი. 

ბატონო გიორგი! 

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს წერილი დავწერე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე გამოკვეთილად, პერსონალურად თქვენთვის, რათა აშორებულ იქნას შეცდომის (განხილული კანონპროექტების წარდგენა პარლამენტში) დანაშაულში (ამ კანონპროექტების დაკანონება) გადაზრდა და აქედან გამომდინარე პირადი, თუ საქვეყნო უარყოფითი შედეგები (ამის შესახებ უკვე დაიწერა: იხ. სტატია „საქართველოში აუდიტორებს ცხვრის ფარასავით ექცევიან“ - „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, #2(242), 2020 წ.).
 
გთხოვთ, შეაჩეროთ კანონპროექტების მსვლელობა საქართველოს პარლამენტში და მოეწყოს აღნიშნული საკითხების საჯარო განხილვა, დიალოგი ფართო საზოგადოების (პროფესიის წარმომადგენლების) და თუგინდ უცხოელი მედიატორების მონაწილეობით. ეს ბუნებრივია, შესაძლებელია, თუ თქვენ თვითონ არ განიხილავთ თავს ამ კანონპროექტებში გამოხატული ნორმების თანაავტორად. 

მიხეილ ჯიბუტი 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

(გამოქვეყნდა 27.05.2020 წ. iverioni.com.ge)