ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
"იაფი კრედიტი" - როგორ გაგრძელდება შარშან დაწყებული პროგრამა
#5(113), 2009
პროექტების შერჩევას სახელმწიფო ბანკებს სთავაზობს

2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს მთავრობამ "ხალხისკენ შემობრუნება" გადაწყვიტა. მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ლადო გურგენიძემ სხვადასხვა სახელმწიფო სოციალურ პროგრამებთან ერთად ხალხს ასევე "იაფი კრედიტის" ინიციატივა გააცნო. "იაფი კრედიტი" მნიშვნელოვანი დეტალი იყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებში. როგორც სააკაშვილი აცხადებდა, "იაფი კრედიტი" ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მთავრობის დაპირებული ინიციატივა 2008 წელს მართლაც ამოქმედდა, თუმცა 2009 წელს სესხების გაცემა დროებით შეჩერდა. "ააფის" რედაქცია შეეცადა გაერკვია, თუ როდის განახლდება "იაფი კრედიტის" გაცემა და რა შედეგები მოიტანა მან პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე.

იდეის წარმოშობა

ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნის, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად იქცა. ხელისუფლება "იაფი კრედიტის" წყალობით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას აპირებდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამოცხადდებოდა იაფი სახელმწიფო კრედიტის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნებოდა იაფი კრედიტის ბანკი. სააკაშვილი ამომრჩეველს ასევე დაპირდა, რომ ბანკის მეშვეობით სახელმწიფო უახლოეს თვეებში, დაახლოებით, 300 მლნ ლარის სესხს გასცემდა, ხოლო უახლოეს წლებში აღნიშნული თანხა 3 მლრდ ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

"ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა მსურველმა სახელმწიფოსგან აიღოს იაფი კრედიტი 5, 10, 20, 25 წლით, 10-დან 4 პროცენტამდე განაკვეთით. ეს არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კრედიტი. ეს არის იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა თავისი ბიზნესი შექმნას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, კრედიტის თვალსაზრისით, პრიორიტეტული ის ბიზნესი იქნებოდა, რომელიც მეტ ხალხს დაასაქმებდა.

საპრეზიდენტო არჩევნებისდროინდელი დაპირება, "იაფი  კრედიტის" მთლიან თანხა 300 მილიონი დოლარი იქნებაო, 6 თვის შემდეგ ახალმა დაპირებამ ჩაანაცვლა. საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველს დაპირდა, რომ "იაფი კრედიტის" ბიუჯეტი 55 მილიონამდე იმ შემთხვევაში გაიზრდებოდა, თუკი "ნაციონალები" პარლამენტში უმრავლესობით მოვიდოდნენ. პროგრამის გამოცხადების დასაწყისისთვის "იაფი კრედიტის" ბიუჯეტი მთლიანად 35 მილიონით განისაზღვრა, საიდანაც 5 მლნ ლარი აჭარაზე იყო გათვლილი.

რამდენჯერმე შეცვლილი 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საბოლოოდ, "იაფი კრედიტის" ფარგლებში 62 409 200 ლარია გაცემული.

როგორ ხდებოდა "იაფი კრედიტის" გაცემა

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროში გვითხრეს, რომ 2008 წლის განმავლობაში სულ დაფინანსებულია 117 პროექტი. კრედიტის მისაღებად მისაღებად საჭირო იყო სპეციალურად შექმნილ უწყებათაშორის კომისიას პროექტი მოეწონებინა. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში კი შედიოდნენ:

- სოფლის მეურნეობის მინისტრი;

- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე;

- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

- მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი;

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩეველი;

- ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სამეწარმეო გარემოზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი;

- ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სამეწარმეო გარემოზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

- მუნიციპალური განვითარების ფონდის მთავარი სპეციალისტი;

- სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების შერჩევის ძირითიადი კრიტერიუმები იყო:

- დასაქმების ეფექტი;

- ბენეფიციართა რაოდენობა;

- გამოყენებული ადგილობრივი ნედლეულის წილი;

- რეგიონისთვის პრიორიტეტული დარგი – ადეკვატურობა რეგიონისთვის;

- სესხის ეფექტი მოკლე დროში;

- კრედიტის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით.

როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, სამეწარმეო გარემოზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი თეა ლოლაძე აცხადებს, ავტორები თავად ახდენდნენ კომისიის წინაშე საკუთარი ბიზნეს-გეგმების წარდგენას. გამარჯვებული პროექტების მქონე მეწარმეებთან კი ხელშეკრულებას აფორმებდა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი". თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებამდე პროექტის ავტორს ასევე უნდა წარედგინა დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა სესხის მიღების მსურველის საწარმოს არსებობას; ასევე დაადასტურებდა, რომ საწარმოს შეეძლო სესხის ათვისება და კრედიტის დროულად გასტუმრება. როგორც ჩვეულებრივი, საბანკო სესხის მიღების დროს, "იაფი კრედიტის" მიღებისას ასევე საჭირო იყო სესხის უზრუნველყოფა ქონებით.

სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" პროგრამას თავის მხრივ 2 ნაწილად არის გაყოფილი. 2008 წლის 26 მარტის #75 დადგენილებით "იაფი კრედიტის" ქვეპროგრამებია: 1. ექსპორტის წახალისება და 2. რეგიონული ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამა.

ორივე ქვეპროგრამისთვის თანხები ცალ-ცალკეა გამოყოფილი. შარშან დაფინანსებული პროექტებიდან ექსპორტის წახალისებაზე 50 843 500 ლარი გაიცა, ხოლო რეგიონული ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამით - 11 565 700 ლარი.

თეა ლოლაძე ამბობს, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამას კურირებდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პროექტების შერჩევას კი უწყებათაშორისი კომისია ახდენდა. საპროცენტო განაკვეთი იყო მაქსიმუმ 12%, მაგრამ დაფინანსებული პროექტებიდან ამ საპროცენტო განაკვეთში სესხი არ გაცემულა. "იყო ასევე 7%, 8% და ასევე 9% ში დაფინანსებული პროექტები. ანუ საკმაოდ დაბალ პროცენტში იყო დაფინანსებული", - ამბობს თეა ლოლაძე.

სესხის ვადას რაც შეეხება, ეს იყო 5-7 წლის ვადით. ისე, როგორც ბიუჯეტის კანონით იყო გათვალისწინებული. 2008 წელს, პროექტებს მთლიანად სახელმწიფო არჩევდა და აფინანსებდა. კრედიტებით უზრუნველყოფას ახდენდა მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ვინ მიიღო "იაფი კრედიტი"

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ "იაფი კრედიტის" გაცემისთვის აგვისტოს მოვლენებს ხელი არ შეუშლია. მთლიანად დაფინანსებული 117 პროექტიდან 55 დაფინანსდა სწორედაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
"ომის შემდგომ, შიდა ქართლში დაფინანსდა პროექტები  სოფლის მეურნეობის სექტორში. კრედიტი მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებსაც ომის გამო ზარალი მიადგათ. სულ ასეთი 10 პროექტია დაფინანსებული. ასევე აჭარაში, ომის შემდეგ რამდენიმე ტურისტული პროექტის დაფინანსება მოხდა" ,- ამბობს თეა ლოლაძე.

სულ დაფინანსებული 117 პროექტიდან სესხი რამდენიმე სახის საწარმოებმა მიიღეს. სესხი ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზეა გადანაწილებული.

კახეთში ძირითადად ყურძნის გადამუშავებაზე ორიენტირებული საწარმოებია, ვინც "იაფი კრედიტი" მიიღო: თელავში, წინანდალში, გურჯაანში, ბადიაურში, ყვარელში... ასევე თელავშია ვარდის ზეთის წარმოება, ახმეტაში პარკეტისა და ხის დამამუშავებელი ქარხანა, სიღნაღში მზესუმზირის და თხილის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო. სიღნაღში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობისთვის არის გაცემული 600 000 ლარი. სულ კახეთის რეგიონის საწარმოებზე გაცემულია 14 561 000 ლარი.

შიდა ქართლში ძირითადად ხილის გადამამუშავებელი საწარმოებია, ვისაც "იაფი კრედიტი" მისცეს, ასევე - საკონსერვო წარმოება და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია. ასევე არის გორში: სამშენებლო მასალების საწარმო, მეფრინველეობა, საკალმახე მეურნეობის მოწყობა. ხაშურში: ზეთის და თაფლის საწარმოები. შიდა ქართლის საწარმოებზე სულ 3 515 000 ლარია გაცემული.

მცხეთა-მთიანეთში ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოებისთვის არის კრედიტები გაცემული. ასევე დაფინანსდა ხალიჩების ქსოვა დუშეთში, ქაღალდის დამზადება წეროვანში. ამ რეგიონში სულ 1 571 000 ლარია გაცემული.

ქვემო ქართლში სულ 2 საწარმოზეა სესხი გაცემული: შპს "ერისიმედი", რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, დაფინანსებულია 300 000 ლარით, ხოლო გარდაბანში, თაფლის გადამამუშავებელი შპს "ბრეტი" 700 000 ლარით დააფინანსეს.

იმერეთში საფეიქრო საწარმოსთვის, ტექნიკური ქსოვილების წარმოებისთვის, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატისთვის არის სესხები გაცემული. ასევე, ფაბრიკის რეკონსტრუქციისთვის დააფინანსეს შპს "ტყიბულის ჩაი" 350 000 ლარით. სასტუმროს მშენებლობა ქუთაისის ისტორიულ უბანში 800 000 ლარით არის დაფინანსებული. მთლიანად, იმერეთმა მიიღო 5 450 000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთში დაფინანსებულია 3 პროექტი, რომლებზეც სულ გაცემულია 3 837 000 ლარი. ყველა მათგანი მესაქონლეობას უკავშირდება. შპს "იკოლა ბრაზერს კომპანიმ", რომელმაც ნინოწმინდაში რძის მიმღები პუნქტები უნდა განავითაროს, მიიღო 300 000 ლარი; შპს "მესხეთი-2004"-მა ასპინძაში მსხვილფეხა საქონლის ჩაბარების პუნქტის მოსწყობად 672 000 ლარი მიიღო. შპს "მამული-2006"-მა კი, რომელმაც რძის ჩაბარება უნდა უზრუნველყოს, მიიღო 2 685 000 ლარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ასევე 3 საწარმოა დაფინანსებული: ზუგდიდში მეფრინველეობის ფაბრიკის  და ასევე ხის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, ფოთში კი თევზის გადამამუშავებელი ქარხნის გასავითარებლად 350 000 ლარია გამოყოფილი. სულ ამ მხარეში 632 000 ლარია გაცემული.

გურიაში ძირითადად ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსებული. ასევე "იაფი კრედიტი" მიიღეს თხილის გადამამუშავებელმა ქარხანამ ოზურგეთში, შპს "ამმა"-ს კი მისცეს 650 000 ლარი ბამბუკის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად. სულ გურიაში 2 600 000 ლარია გაცემული.

კახეთის შემდეგ ყველაზე მეტად არის დაფინანსებული აჭარის რეგიონი. ყველაზე ფართო სპექტრიც სწორედ აჭარაში დაფინანსებული საწარმოებს შორის არის. აქ არის როგორც ხალიჩების ქსოვა და კერამიკული მასალების წარმოება, ასევე ციტრუსების და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები; სოკოს სათბური; ჟოლოს და მოცვის პროდუქტების წარმოება; ასევე ყვავილების სათბურის მოწყობა; მეფრინველეობის ფაბრიკა... სულ აჭარაში არსებულ საწარმოებზე "იაფი კრედიტის" სახით გაცემულია 8 069 700 ლარი.

თბილისში "იაფი კრედიტი" მიიღეს: შპს "ჯორჯიან ეარ სერვისმა" - 2,5 მილიონი ლარი საჰაერო ხომალდის შესაძენად; შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" - 17,662 მილიონი ლარი ფქვილის შესაძენად, "პროკრედიტ ბანკმა" კი - 2,5 მილიონი ლარი.

რა ხდება იმ საწარმოებში, ვინც "იაფი კრედიტი" მიიღო

რამდენად გამართულად და გეგმაზომიერად ხდება კრედიტის ათვისება, ან უკვე დახარჯული თანხის შედეგად თუ მუშაობენ "იაფი კრედიტით" დაფინანსებული საწარმოები? ამ კითხვაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ ატარებენ ყოველთვიურ მონიტორინგს; ასევე, მონიტორინგს ატარებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ურთიერთობა აქვთ დაფინანსებული პროექტების მქონე მეწარმეებთან.

"ალბათ, დღეს ყველაზე წარმატებულია რძის ჩამბარებელი პუნქტები. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთშია "მამული 2006" და "მესხეთი-2004" - ესენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიები არიან. ბევრი ბენეფიციარი ჰყავთ, შემოაქვთ უცხოური აპარატურა. ჩვენ ველოდებით, რომ ერთ წელიწადში, სამცხე-ჯავახეთში გვექნება რძის შემგროვებელი ერთ-ერთი საუკეთესო პუნქტი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ამაში თავისი წვლილი შეიტანა", - აღნიშნავს თეა ლოლაძე.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ "იაფი კრედიტის" წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ წარმატებულ საწარმოს, არამედ მთავარ წარმატებად მიიჩნევა ბენეფიციარების სიმრავლე. ანუ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მოწეულ მოსავალს თუ რძეს მიიტანენ და "იაფი კრედიტის" ფარგლებში შექმნილ საწარმოს მიჰყიდიან.

წარმატებულად მიიჩნევა მაგალითად, შიდა ქართლში ხილის შემგროვებელი პუნქტები, სადაც ხდება ჯემების და ხილფაფების წარმოება. შემდეგ კი მზა პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. მოსახლეობა რამდენიმე სოფლიდან აბარებს ხილს. ხალხს არ უწევს ხილის გასაყიდად სიარული და გასაღების ბაზრის მოძიება. შესაბამისად, არც ხილის გაფუჭების საფრთხე არსებობს.

"ჩვენ ვიცით, რომ ამ კონკრეტულ სოფლებში არის გარანტირებულად მუდმივი შემოსავალი სეზონზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 1000 ადამიანისგან ხდება რძის ჩაბარება", - ამბობს თეა ლოლაძე.

რაც შეეხება წარუმატებელ პროექტებს, სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი საწარმოები ჯერჯერობით არც არსებობს. მიზეზი მარტივია – იმ საწარმოებს, რომლებმაც "იაფი კრედიტი" მიიღეს, ჯერ თანხის დაბრუნების ვადა არ დასდგომიათ. ჯერ ხდება თანხის ათვისება და საწარმოების ფეხზე დაყენება. "თანხების გადახდა იწყება ამ ზაფხულიდან. შეიძლება მათ შეექმნათ გარკვეული სახის პრობლემები, მაგრამ ჩვენ გვაქვს მათთან კონსულტაციები, ვიცით რას აწარმოებენ, რა ბაზარზე გაჰქონდათ პროდუქცია. ძირითადი შემაფერხებელია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამაც ექსპორტიორ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ადგილობრივ ბაზარზე, მათთვის არაფერი შეცვლილა. მაგრამ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან ექსპორტიორები, პირდაპირ ჰქონდათ შეხება უშუალოდ იმ ქვეყნების ბაზრებთან, სადაც ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მწვავედ აისახა", - ამბობენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, კრიზისი ძირითადად იმ საწარმოებს შეექმნათ, რომლებიც ჩაის ექსპორტს ახდენდნენ უცხოეთში. პროდუქცია გატანილია, მაგრამ ფულის გადახდა არ ხდება. ასე ვთქვათ, "განვადებით" გაყიდეს, მაგრამ ფული გადმოსარიცხია. ასევე ხის მწარმოებლებს შეექმნათ პრობლემები, ვისაც გაჰქონდათ ბრიკეტები, პარკეტი, ლამინატი... ანუ, პროექტები, რომელთაც იდეალურ გარემოში არ შეექმნებოდათ პრობლემა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეაფერხა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, "იაფი სესხის" მისაღებად მეწარმეებმა რა ქონებაც ჩადეს სესხის უზრუნველსაყოფად, ჯერჯერობით ამ ქონებას საფრთხე არ ემუქრება. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ის არის, რომ კრედიტების დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა. თუმცა, წინასწარვე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ზაფხულის შემდეგ ეს პრობლემა უეჭველად გაჩნდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კრედიტის დაბრუნების ვადების გადაწევას არ აპირებს.

ამჟამად "იაფი კრედიტის" მიღება შეჩერებულია

2009 წლის დადგომის მერე მცირე მეწარმეები „იაფი კრედიტის~ პროგრამის განახლებას ელიან, მაგრამ დღემდე ახალი პროექტი არ დაფინანსებულა. ეკონომიკის  განვითარების სამინისტრომ იაფი რესურსის მსურველებისგან განაცხადების მიღება მარტში დაიწყო. ორ კვირაში 100-მდე განაცხადი შევიდა, თუმცა სამინისტროდან ბიზნეს-გეგმები მეწარმეებს უკან დაუბრუნეს და ურჩიეს, რომ მოიცადონ და მოგვიანებით სესხისთვის კონკურსში გამარჯვებულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართონ. "იაფი კრედიტის" გამცემი ფინანსური ორგანიზაცია დღემდე არ არის შერჩეული. ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესარჩევ კონკურსს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გამართავს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეწარმეო გარემოზე გავლენის სამმართველოს უფროსი თეა ლოლაძე ამბობს: "ბანკებს კონკურსის წესით ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეარჩევს. ოცივე ბანკი, ბუნებრივია, ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას. რამდენიმე შეირჩევა. გათვალისწინებული იქნება გამოცდილება, რეიტინგი, აგრეთვე რამდენ რაიონში აქვთ ფილიალები, რა დროში გასცემენ კრედიტებს და ასე შემდეგ. წინასწარი გასაუბრება გვქონდა ბანკებთან და ნაწილმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვა".

წლეულს "იაფი სესხის" ფარგლებში ბიუჯეტიდან 18,5 მილიონი ლარი უნდა გაიცეს. თავიდან 20 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მაგრამ 1,5 მილიონი ლარი უკვე გაიხარჯა - მთავრობამ შიდა ქართლში რამდენიმე პროექტი დააფინანსა. ბიუჯეტიდან ბანკებს თანხას 2%-ად მისცემენ, მათ კი მეწარმეებზე მაქსიმუმ 12%-ად უნდა გაასესხონ. მაგრამ ეს პირობა ბევრს არ მოსწონს.

კომერციული ბანკების ნაწილი მიიჩნევს, რომ როცა ბიზნესში მთავრობა ერევა, იქ კომერციისთვის ადგილი აღარ რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, "იაფი კრედიტის" პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებენ "HSBC ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ტაოპრივატბანკი", "ბითიეი ბანკი". ყურადღების გამახვილება არ ღირს რეიტინგის მიხედვით ბოლო რვა ბანკზე, რომლებიც ამჟამად სესხებს არ გასცემენ.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბანკს ექნება უფლება საკუთარი თანამონაწილეობით დააფინანსოს ნებისმიერი პროექტი, ოღონდ იმ გაცემული თანხის საპროცენტო განაკვეთი იქნება მეტი, ვიდრე შარშან, "იაფი კრედიტით" გამოყოფილი თანხაა. თუმცა, წინასწარ არის განსაზღვრული, რომ მთლიანობაში საპროცენტო განაკვეთმა 12%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ბანკი 2%-ად მიღებულ ფულს თავის სარგებელს დაამატებს და ისე გასცემს მეწარმეებზე. ბანკს ასვე შეეძლება ერთ პროექტზე გარკვეული თანხა "იაფი კრედიტის" სახით გასცეს და დანარჩენი ჩვეულებრივი კრედიტის სახით. მაგალითად, თუ პროექტის დასაფინანსებლად საჭიროა 1 მილიონი და ბანკს საშუალება აქვს "იაფი კრედიტის" სახით მისცეს 500 ათასი, ბანკს შეუძლია დარჩენილი 500 ათასი საკუთარი რეზერვიდან გასცეს იმ საპროცენტო განაკვეთით, როგორც თავად ბანკს უღირს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამბობენ,  რომ განახორციელებენ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რათა მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დახარჯა ბანკმა სახელმწიფოსგან მიღებული ფული.

თეა ლოლაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შერჩევა უახლოეს მომავალში მოხდება და უკვე ზაფხულში განახლდება პროექტების დაფინანსება. წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა კი საკმაოდ მცირეა. შარშან თუ 64 მილიონზე მეტი იყო, წელს 20 მილიონი ლარია "იაფი კრედიტის" სახით გამოყოფილი. აქედან, 1,5 მილიონი უკვე გახარჯულია. შიდა ქართლში შარშან დამტკიცებული რამდენიმე პროექტი წლევანდელი ბიუჯეტიდან დააფინანსეს.

კითხვაზე, თუ საერთოდ რატომ დადგა დღის წესრიგში კომერციული საფინანსო ინსტიტუტების ჩართვა, თეა ლოლაძე განმარტავს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ, ცხადია, სახელმწიფოს არ აქვს ისეთი ქსელი და მოსახლეობისთვის გამარტივებული ურთიერთობის საშუალება, როგორც ეს ბანკებს აქვთ რეგიონებში არსებული ფილიალების საშუალებით.

"ფონდი ძალიან ეფექტურად მუშაობდა. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება ბანკების ჩართვა, რადგან ეს ბანკის დახმარებაც გამოდის. თანაც, რაც ეკონომიკის განვითარების სამინისტროში ხდებოდა, ამ ფუნქციის გადაცემა მოხდება ბანკებისთვის, რომელიც უფრო გამოცდილიც არის. ასევე დიდი ადამიანური რესურსი იხარჯებოდა სამინისტროს მხრიდან. ბანკისთვის გადაცემა ასევე მოქალაქეებისთვის პროცედურების გამარტივებას ნიშნავს. მათ აღარ დაჭირდებათ თბილისში ჩამოსვლა და განაცხადის თბილისში გაკეთება – როგორც ადრე უწევდათ. განაცხადების მიღება მოხდება ბანკების თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალებში. ეს უფრო ამარტივებს პროცედურას. ხალხი ჩამოდიოდა აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან... ხარჯავდნენ დროს და ფულს, იმისთვის, რომ ელემენტარულად განაცხადი გაეკეთებინათ და ინფორმაცია მიეღოთ. ახლა კი რეგიონშივე, ადგილზევე შეეძლებათ განაცხადის გაკეთება", - ამბობს ლოლაძე.

გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კომერციული ბანკები გადაწყვეტილებებს თავისუფლად ვერ მიიღებენ და პროექტის დაფინანსებისას მათ ანგარიში სახელმწიფოს უნდა გაუწიონო, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო უარყოფს. თეა ლოლაძე ამბობს, რომ კარგი პროექტის შერჩევა თავად ბანკის გადასაწყვეტია. სახელმწიფოსგან ფული ბანკს აქვს აღებული და ვადის გასვლის შემდეგ 2%-იანი სარგებლით ფული ბანკმა უნდა დაუბრუნოს სახელმწიფოს და არა მეწარმემ. შესაბამისად, კომერციული ბანკი თავად იქნება დაინტერესებული ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომელიც საშუალებას მისცემს მოგებაც მოუტანოს და სახელმწიფოსაც დროულად დაუბრუნოს კუთვნილი თანხა.

თემურ იობაშვილი