ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
წელიწადნახევრიანი ავიაბლოკადის დასასრული - #3(99), 2008
ვისი ვალი გადაიხადა "აირზენამ" და ვინ დაფარავს დარჩენილ 1,7 მილიონს

რუსეთ-საქართველოს შორის წელიწადნახევრიანი საავიაციო ბლოკადა დასრულდა. 2006 წლის 2 ოქტომბერს ჩაკეტილი რუსეთის ცა ქართული ავიაციისთვის 2008 წლის 25 მარტს გაიხსნა. თუმცა, ქართული ავიაკომპანიებისთვის ჯერ კიდევ რჩება საფრთხე, რომ რუსეთმა მათ ფრენის უფლება შეუჩეროს. საქმე ეხება რუსეთის მიერ მოთხოვნილი დავალიანების დაფარვას. საჰაერო მიმოსვლაზე რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ გახდა თანახმა, რაც "აირზენამ" "როსაერონავიგაციის" ანგარიშზე 2 მილიონი დოლარი გადარიცხა. თუმცა, "როსაერონავიგაციის" მოთხოვნილი თანხის მოცულობა 3,7 მილიონი იყო და ის რამდენიმე ქართულ ავიაკომპანიას ერიცხება.

როგორ დაიწყო ავიაბლოკადა

2006 წლის შემოდგომაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჩვეულებრივზე მეტად გართულდა. ზეპირ პოლიტიკური განცხადებებს პოლიტიკოსებმა საქმე მოაყოლეს. საქართველომ რუსეთის მოქალაქე სამხედროები დააკავა და საჯაროდ გამოაცხადა – დაკავებულები რუსეთის ჯაშუშები არიანო. ამას შემდგომ სამხედროების ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა. რუსეთის საპასუხო ქმედება იყო ამ სამხედროების გმირებად გამოცხადება და საქართველოსთვის "ჭკუის სწავლების" დაწყება: საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევების და სხვადასხვა ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების გარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო რუსეთის მიმართულებით პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეჩერება. ფრენების შეწყვეტა პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამოჩენილიყო, რუსეთმა ოფიციალურ მიზეზად ქართული ავიაკომპანიების მიერ "როსაერონავიგაციის" მიმართ დაგროვილი დავალიანება დაასახელა.

2004 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული წერილიდან, რომელიც რუსულმა მხარემ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გამოუგზავნა, ირკვევა, რომ ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის მიმართ ვალები დაუგროვდათ და ამ თანხის სასწრაფოდ დაფარვას მოითხოვდნენ.

"გაცნობებთ, რომ ქართულ ავიაკომპანიებს ერიცხებათ დავალიანება საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისათვის IATA-ს დადგენილებით, 1994 წლიდან 2001 წლის თებერვლამდე. გთხოვთ სასწრაფოდ მიიღოთ ზომები დავალიანების დაფარვაზე 2004 წლის ნოემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია არ მოემსახურება ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიაზე.

პატივისცემით, გენერალური დირექტორი ერნის ტეიმურაზოვი".

ამ წერილის გამოგზავნიდან ქართული კომპანიები 2006 წლის შემოდგომამდე უპრობლემოდ დაფრინავდნენ, თუმცა როდესაც საჭირო გახდა, ვალების მიზეზი რუსეთმა საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად გამოიყენა.

IATA-ს  (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია) მონაცემებით, 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რუსეთის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის მიმართ ვალები მართლაც დაუგროვდათ ქართულ ავიაკომპანიებს, მათ შორის მსხვილი დავალიანება ჰქონდათ შემდეგ კომპანიებს:

"აბავია"-ს - 106 000 დოლარი; "ავიაექსპრესკრუიზს" - 109 000 დოლარი; "გაკო კავკასია"-ს - 561 000 დოლარი; "საქართველოს ავიახაზებს" კი - 464 000 დოლარი.

რუსეთმა მაშინ მთლიანობაში 3 მილიონ 200 ათასი დოლარის დავალიანება დაასახელა და სასწრაფო დაფარვა მოითხოვა, თუმცა ქართულმა მხარემ ყოველგვარი ფულის გადახდისგან და მოლაპარაკებებისგან თავი შორს დაიჭირა და წელიწადნახევრიან ავიაბლოკადას "გამოჰკრა ხელი".

ვინ დაზარალდა ავიაბლოკადით

რუსეთის მიერ ერთპიროვნულად დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა საქართველოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დარტყმა ბევრად უფრო მსუბუქი გამოდგა, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ვარაუდობდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური მონაცემებით საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო წლების მანძილზე ერთხმად აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდის შესახებ. თუმცა როდესაც კონკრეტულ ავიაკომპანიებზეა საუბარი, მათ საჰაერო ბლოკადით სერიოზული ზარალი განიცადეს.

საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე მოსკოვის მიმართულებით კვირაში 20 რეისი სრულდებოდა. აქედან 7 რეისი ჰქონდა "აირზენა - ჯორჯიან ეარვეისს", 3 - "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს", 6 - "აეროფლოტს", 4 - "სიბირს".

როგორც "აირზენაში" განაცხადეს, რუსეთის ბაზრის დაკეტვამ კომპანიას დაახლოებით 40% მგზავრთნაკადი დააკარგვინა. კომპანიისთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობდა "საქართველოს ნაციონალური ავიახაზების" პრეზიდენტი გიორგი კოდუა. 

რუსული ავიაკომპანიები საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმამაღლა არ გამოსულან. აშკარა იყო, რომ ქართული კომპანიების დავალიანება მხოლოდ საბაბი გახდა, თორემ ქართული ავიაკომპანიების მსგავსად ფრენააკრძალულ "სიბირს" და "აეროფლოტს" რუსეთის ნავიგაციის მიმართ დავალიანება არ ჰქონია.

რუსეთის დასახელებული დავალიანების გადახდის წინააღმდეგი იყო ორივე ქართული ავიაკომპანია. "აირზენაც" და "ნაციონალური ავიახაზებიც" კატეგორიულად უარყოფდნენ "როსაერონავიგაციის" წინაშე საკუთარი კომპანიის დავალიანებას. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის პირველ დღეებში გიორგი კოდუა რუსული მხარის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებდა, თუმცა სარჩელი არსად შეუტანია.

უფრო რბილი პოზიცია ჰქონდა "აირზენას", თუმცა წელს, თებერვალში საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგაც ის არ აპირებდა რუსეთისთვის ფულის გადახდას.

რატომ გადაიხადა 2 მილიონი "აირზენამ" და ვინ დაფარავს დარჩენილ 1,7 მილიონს

როგორც ავიაბლოკადის გამოცხადებისას, 2006 წლის შემოდგომაზე საქაერონავიგაციაში განაცხადეს, რუსეთმა ვალები დღეს მოქმედი ავიაკომპანიებისგან არასწორად მოითხოვა.
 
"მოქმედ ავიაკომპანიებს რუსეთის ნავიგაციის ვალი არ ჰქონდათ. ვალები შეიძლება 90-იანი წლების დროს იყო, მაგრამ დღევანდელ პერიოდში ავიაკომპანიას რომ რაიმე დავალიანება ჰქონოდა, რუსეთი საკუთრ ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას ელემენტარულად არ მისცემდა", - განაცხადეს "საქაერონავიგაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თებერვლის ბოლოს, სააკაშვილის და პუტინის შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აუცილებლად განახლდება, თუმცა ამისთვის ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის ნავიგაციის მიმართ არსებული ვალები უნდა გადაეხადათ.

როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, ვალები არსებობს და ამას ავიაკომპანიებიც აღიარებენ, უბრალოდ არ არსებობს მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ ვალების დაფარვა. დასაწყისისთვის კი მოხდებოდა მევალე კომპანიების და გადასახდელი თანხის დაზუსტება. ვახტანგ ლეჟავამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა კერძო ავიაკომპანიებს ვალს არ გადაუხდისო.

ბევრი იძახეს "აირზენამ" და "საქართველოს ნაციონალურმა ავიახაზებმა" - ჩვენ სხვა კომპანიების ვალებს არ დავფარავთო, მაგრამ ბოლოს საქმეები ცოტა სხვაგვარად წავიდა. მარტის დასაწყისში ბევრისთვის მოულოდნელად "აირზენამ" განაცხადა, რომ მზად იყო "როსაერონავიგაციის" ანგარიშზე 2 მილიონი დოლარი ჩაერიცხა.

რუსეთის მიმართულებით ფრენების განახლებამდე "აირზენაში" აცხადებდნენ, რომ რუსულმა ავიაბლოკადამ მგზავრთნაკადი თავიდან მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ნელ-ნელა სხვა მიმართულებებით რეისების დამატებამ ავიაკომპანიას მგზავრთა რაოდენობა გარკვეულწილად დაუბრუნა.

ნინო გიორგობიანი ("აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "რაც რუსეთის მიმართულება დაიკეტა, ბაზრის 40% დავკარგეთ. თუმცა ნელ-ნელა ავითვისეთ კიევის, მინსკის მიმართულება. კიევში ადრე თუ კვირაში 2 რეისი გვქონდა, ახლა ყოველდღე არის. მინსკში რეისები არ იყო, ახლა კვირაში სამჯერ დავფრინავთ. სიხშირეები გავზარდეთ და მგზავრებს ვიბრუნებთ, მაგრამ თუ ადრე თვეში 16 ათასი მგზავრი გადაგვყავდა, ახლა 12-13 ათასია".

რუსეთის მიმართულებით ფრენის შეჩერებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაკომპანია "საქართველოს ნაციონალური ავიახაზები". კომპანიის პრეზიდენტი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ რუსეთის ნავიგაციის მიმართ "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს" დავალიანება არ ჰქონია, ფრენის აკრძალვა დაუსაბუთებლად მოხდა და ავიაკომპანიამ მილიონობით ზარალიც მიიღო. ამის გამო გიორგი კოდუა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებდა, თუმცა დღესდღეობით ორი ქვეყნის ურთიერთობის უარესად გამწვავებას ერიდება.

რუსეთის მიმართ სიხშირეები ქართული ავიაკომპანიებიდან მხოლოდ "აირზენას" და "ნაციონალურ ავიახაზებს" აქვთ. პირდაპირი მიმოსვლის აღსადგენად "აირზენამ" საკმაოდ დიდი თანხა – 2 მილიონი დოლარი "როსაერონავიგაციის" ანგარიშზე გადარიცხა. როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, ეს იყო ავიაკომპანიის "კეთილი ნება" და "აირზენასთვის" თანხის გადახდა არავის დაუძალებია.

სწორედ ეს "კეთილი ნება" გახდა პირდაპირი მიმოსვლის აღდგენის გარანტია. თუმცა, დარჩენილ დავალიანებას ვინ გადაიხდის, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, დარჩენილი 1 მილიონ 700 ათასი ლარიც გრაფიკით დაიფარება. 1 მილიონი ივლისის ბოლომდე, ხოლო დარჩენილი 700 ათასი დოლარი კი ოქტომბრისთვის უნდა გადაიხადონ ქართულმა კომპანიებმა.

"აირზენაში" დღესაც აცხადებენ, რომ მათ 2 მილიონი არა როგორც ვალი, არამედ ქვეყნებს შორის სიტუაციის დარეგულირებისთვის და საკუთარი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად გადარიცხეს. რუსეთის მიმართულების ჩაკეტვამ 2006 წელს "აირზენა - ჯორჯიან ეარვეიზს" ბაზრის დაახლოებით 40% დააკარგვინა. რუსეთის მიმართულების გახსნის შემთხვევაში კი მათთვის რეისების შესრულება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც საბოლოოდ ისევ კომპანიას მოუტანს შემოსავალს.

რუსეთის მიმართულებით რეისებზე სიხშირეები აქვს ასევე "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს". მიმოსვლის განახლების შემთხვევაში ავიაკომპანია მზად არის რუსეთის მიმართულებით კვირაში 4 რეისი შეასრულოს. საქართველოდან რეისები თბილისის გარდა ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან შეიძლება შესრულდეს. "ნაციონალური ავიახაზები" მოსკოვის მიმართულებასთან ერთად ასევე სანკტ-პეტერბურგში აპირებს ფრენების განხორციელებას.

რაც შეეხება "აირზენას", მათი პრესსამსახურის განცხადებით, ავიაკომპანიას შეუძლია რუსეთის მიმართულებით რეისები ყოველდღე შეასრულონ. თუმცა, რუსეთის მხარესთან შეთანხმების საფუძველზე ფრენები პარიტეტულად უნდა შესრულდეს.

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირაკლი თაქთაქიშვილის განცხადებით სიხშირეების რაოდენობა იქნება პარიტეტული - კვირაში 10 რეისს ქართული კომპანიები შეასრულებენ, 10 რეისს რუსული. საქართველოდან "აირზენა" და "ნაციონალური ავიახაზები" იფრენენ, რუსეთიდან კი "აეროფლოტი" და S7 (ყოფილი "სიბირი").

მიუხედავად იმისა, რომ "აირზენამ" 2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, რუსეთის ნავიგაციის ვალი გაკოტრებულ ქართულ კომპანიებს კვლავ ერიცხებათ. განაახლებს თუ არა ფრენას "აირზენას" ხარჯზე "ნაციონალური ავიახაზები", ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური ავიახაზების" პრეზიდენტი გიორგი კოდუა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მის კომპანიას არავის ვალი არ გააჩნია და არც არავის მოუთხოვია ვალის გადახდა.

"დავალიანება ერიცხება ძველ, გაკოტრებულ ავიაკომპანიებს. ჩვენ არც საქველმოქმედო და არც ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ ვართ, სხვისი ვალები რომ ვიხადოთ. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა მოგვმართვას თხოვნით, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ჩვენც მივიღოთ დარჩენილი თანხის გადახდაში მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ", - ამბობს გიორგი კოდუა.

კონკურენცია ქართული გაგებით

როდესაც პრობლემები თითქმის უკვე მოგვარებულია, რუსეთთან ფრენების განახლების წინა დღეებში უკვე ქართულ კომპანიებს შორის დაიწყო კინკლაობა. "აირზენას" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ნაციონალურ ავიახაზებს" ტექნიკურად გაუმართავი თვითმფრინავები ჰყავს, ვერ ასრულებენ რეისებს და ასევე აქვთ დავალიანებები. ამის პასუხად "ნაციონალურმა ავიახაზებმა" პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. "ნაციონალური ავიახაზების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "აირზენასგან" ითხოვენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, ასევე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ დოლარს. "ნაციონალურ ავიახაზებში" ასევე ეჭვსქვეშ დააყენეს "აირზენას" მიერ გადახდილი 2 მილიონი. "ვინმეს უნახავს გადახდის ქვითარი?", - კითხულობენ "ნაციონალური ავიახაზების" წარმომდგენლები.

"აირზენას" მიერ თანხის გადარიცხვა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დაადასტურეს, ასევე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადება, რომ გადახდილმა თანხამ რუსეთს საშუალება მისცა პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა განახლებულიყო.

რაც შეეხება "ნაციონალური ავიახაზების" ავიაფლოტს, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სარეკლამო კამპანიის დაწყებას აპირებენ და მგზავრები სრულ ინფორმაციას მიიღებენ თუ რა მარკის თვითმფრინავებით ფრენას და რა სერვისს შესთავაზებენ მგზავრებს.

რა თვითმფრინავებით დაფრინავენ ქართული ავიაკომპანიები

ავიაპარკის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე ყველაზე უკეთესი მდგომარეობა "აირზენას" აქვს. როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, მათ ავიაფლოტში 3 ამერიკული "ბოინგი", 2 კანადური "სი-ერ-ჯი" და საბჭოთა წარმოების ერთი იაკ-42 ირიცხება. კომპანია ასევე აპირებს ახალი "ბოინგ" 737-700 "ნიუ ჯენერეიშენის" შემოყვანას, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"საქართველოს ნაციონალური ავიახაზების" ვებგვერდზე მითითებულია, რომ კომპანიას ერთი "სი ერ ჯი" და ერთი ტუ-34 მარკის თვითმფრინავები ჰყავს. თუმცა, ბოლო დროს კომპანიის რეისები "სი ერ ჯის" მარკის თვითმფინავით აღარ შესრულებულა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს" თვითმფრინავის ლიზინგის დაფარვასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, თუმცა როგორც ავიაკომპანიის პრეზიდენტი გიორგი კოდუა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათი თვითმფრინავი ამჟამად საფრანგეთში გეგმურ შემოწმება-რემონტს გადის:

"გვყავს "იაკ-42", "სი-ერ-ჯი" რომ გავაჩერეთ, მაშინ ამ "იაკით" შევასრულეთ რეისი კიევის მიმართულებით. ამჟამად კიევი და ალმა-ათა გაჩერებულია. გვყავს "ან-24", რომლითაც რეისებს ვასრულებთ დნეპროპეტროვსკის, დონეცკის მიმართულებით. მარტის შუა რიცხვებისთვის 2 "სი-ერ-ჯი"-ს, ხოლო მაისისთვის ასევე ერთი "ბოინგის" შემოყვანას ვაპირებთ".

რა იქნება ბილეთის ფასი მოსკოვის მიმართულებით

საბოლოოდ მიღწეული შეთანხმებით, როგორც იქნა, საქართველო-რუსეთს შორის ფრენა განახლდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, რუსეთში საქართველოს ელჩი ეროსი კიწმარიშვილი და ავიაკომპანია "აირზენა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი მივიდნენ.

მიმოსვლის განახლებასთან ერთად ახალია გამგზავრების დროც. როგორც "ჯორჯიან ეარვეისში" განაცხადეს, ამიერიდან გამგზავრება უფრო ხელსაყრელ დროს, საღამოს შვიდის ნახევარზე შესრულდება. "აირზენა" აპირებს მოსკოვთან ერთად რეისები სანკტ-პეტერბურგის და სოჭის მიმართულებითაც შეასრულოს.

ავიაკომპანია "საქართველოს ნაციონალური ავიახაზები" რუსეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას აპრილის შუა რიცხვებიდან განაახლებს.

როგორც "ნაციონალურ ავიახაზებში" განაცხადეს, კომპანია ფრენებს თბილისი-მოსკოვი-თბილისის, ქუთაისი-მოსკოვი-ქუთაისის, თბილისი-პეტერბურგი-თბილისის, თბილისი-სოჭი-თბილისის, თბილისი-მინვოდი-თბილისის მიმართულებით განახორციელებს. რუსეთის მიმართულებით კომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

30 მარტს ფრენა დაიწყო რუსულმა ავიაკომპანიამ S7 (ყოფილი "სიბირი"). 27 მარტს რეისი შეასრულა "აეროფლოტმა". რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, "აირზენა – ჯორჯიან ეარვეისის" ბილეთის ფასი ფასი მოსკოვის მიმართულებით 175 ევროდან იწყება, ხოლო S7-ის ფასი, "აირზენასთან" შედარებით უფრო იაფია. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით S7 თბილისში კვირაში სამჯერ იფრენს, ქუთაისში ორჯერ, ხოლო ბათუმიდან კვირაში ერთ რეისს შეასრულებს. ავიაკომპანიის ბილეთის ფასი სამივე ქალაქის მიმართულებით ერთი და იგივეა – 152 ევრო. ორი მიმართულებით ბიულეთის შეძენა კი მგზავრებს დაახლოებით 244 ევრო დაუჯდებათ.

გამოიწვევს თუ არა ბილეთის გაიაფებას სხვა ავიაკომპანიების ფრენის დაწყების შემდეგ წარმოქმნილი კონკურენცია, ეს უკვე აპრილში გამოჩნდება.

თემურ იობაშვილი