ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ამბები
#8(92), 2007
საბანკო სისტემების აქტივების მოცულობამ 3,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს საბანკო სისტემების აქტივების მოცულობამ 2007 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 5,867 მლრდ ლარი, ანუ 3,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ივლისის ბოლოს, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 932 მლნ ლარით (58 პროცენტით) გაიზარდა და 2,5 მლრდ ლარს მიაღწია.

საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 73 პროცენტით მოიმატა და 877 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ - 51 პროცენტით და 1,652 მლრდ ლარს გაუტოლდა.

2007 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 3 პროცენტული პუნქტით იკლო და 65,3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის ივლისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 203 პროცენტით გაიზარდა და 106 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 41 პროცენტით და 844 მლნ ლარს მიაღწია.

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დაინიშნა.

სემეკის თავმჯდომარის თანამდებობა ბოლოს გიორგი თავაძეს ეკავა, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"ლაღიძის წყლებს" ეკონომიკის სამინისტრო გაყიდის

საქართველოს მთავრობამ განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების" (ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი #24/ლაღიძის #1-ში მდებარე "ლაღიძის წყლები") ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ" განიხილა და მოიწონა.

როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვანო ნაკაიძემ განაცხადა, "ლაღიძის წყლების" განკარგვას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. მისი თქმით, ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილია, მაგრამ მის გაყიდვაზე აუქციონი ჯერ არ გამოცხადებულა.

პური გაძვირდება

პურის გაძვირებას ვერც საქართველო გადაურჩება - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის შეფასებითაც, სასაქონლო ბირჟებზე ხორბლის ფასის 20 პროცენტით გაძვირებამ ქაოსი და გაურკვევლობა გამოიწვია.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კრიზისით არ ისარგებლებენ ამ ბიზნესში მომუშავე ადამიანები, რათა მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებით დიდი მოგებები ნახონ, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლური სამსახური "ეკონომიკის მამებმა" დაანგრიეს.

ცისკარიშვილის პროგნოზით, პურის გაძვირება შემოდგომის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, რაც ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების წარმართვის პროცესებზეა დამოკიდებული

თურქეთში საქართველოდან ძირითადად ჯართი გადის

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანაა.

თურქეთში ექსპორტი 103 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

როგორც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, თურქეთში გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი, როგორებიც არის შავი ლითონების ჯართი (25,9 მლნ აშშ დოლარით), ალუმინის ჯართი (4,7 მლნ აშშ დოლარით), მინის ტევადობები (4,0 მლნ აშშ დოლარით), ფეროშენადნობები (3,2 მლნ აშშ დოლარით) და სპილენძის ჯართი (3,1 მლნ აშშ დოლარი).

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა (125,8 მლნ. აშშ დოლარი) დაფიქსირდა თურქეთიდან იმპორტშიც. განსაკუთრებით გაზრდილია კარტოფილის (10,2 მლნ აშშ დოლარით), სამაცივრო მოწყობილობების (4,4 მლნ. აშშ დოლარით) და პლასტმასის მილების (3,8 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.

2007 წლის შვიდ თვეში საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 მლრდ 328 მლნ 200 აშშ დოლარს შეადგენს.

უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა

როგორც სტატისტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, უკრაინასთან ექსპორტი 2007 წლის იანვარ-ივლისში გაზრდილია 45,3 პროცენტით, რაც ძირითადად სპირტიანი სასმელების (15,6 მლნ აშშ დოლარით), მინერალური წყლების (3,3 მლნ აშშ დოლარით) და მსუბუქი ავტომობილების (1,2 მლნ აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის ზრდამ გამოიწვია.

იმპორტი უკრაინასთან 84,5 პროცენტით გაიზარდა და 283 მლნ 200 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (21,1 მლნ. აშშ დოლარით), სიგარეტების (10,5 მლნ. აშშ დოლარით), შავი ლითონის ნაწარმის (12,6 მლნ. აშშ დოლარით) და კოქსის (4,7 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 365 მლნ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2,2 პროცენტით ნაკლებია.

ამავე პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი 4,5 პროცენტული პუნქტით - 15,5-დან 11,0 პროცენტამდე - შემცირდა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი რუსეთში 27 მლნ 600 ათასი აშშ დოლარით არის შემცირებული.

კვლავ შეწყვეტილია ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი.

უმსხვილესი საექსპორტო-სასაქონლო ჯგუფებია ფეროშენადნობები, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ნაწილები და ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალები, რომელთა წილად საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 59,6 პროცენტი მოდის.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 19 მლნ 200 ათასი აშშ დოლარით. იმპორტის მოცულობის 44,8 პროცენტი - 148 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი - ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებზე მოდის, რაც, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ფასის ზრდით არის გამოწვეული.

რუსეთიდან კაპიტალი გაედინება

ბოლო დრომდე რუსეთში უცხოური კაპიტალი მაღალი ტემპებით შემოედინებოდა, თუმცა აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში შემაჯამებელი ბალანსის შედეგებმა აჩვენეს, რომ აგვისტოს ბოლო კვირებში რუსეთიდან 9 მილიარდი დოლარი გავიდა. მიზეზი მარტივია: ინვესტორები რისკის შემცველ ბაზრებს სასწრაფოდ ტოვებენ. ინვესტორებმა დაინახეს, რომ მსოფლიო საფინანსო სისტემამ ცოტა ხნის წინ რყევები განიცადა. რამდენს დაკარგავს რუსეთი დაწყებული პანიკის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.

2007 წლის აგვისტოს ბოლო მსოფლიო ბაზრებისათვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. აშშ-ში დაფიქსირებული იპოთეკური კრიზისი სწრაფად გასცილდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და დიდ პრობლემად მოევლინა მსოფლიოს საფინანსო სისტემას. მსხვილი ინვესტორები ამგვარ კრიზისულ სიტუაციებში ერთადერთ მარტივ გადაწყვეტილებას პოულობენ: დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საკუთარ კაპიტალს განარიდებენ განვითარებად ბაზრებს.

რუსი ექსპერტების აზრით, "კაპიტალის ამჟამინდელი გადინება არის არა ტენდენცია, არამედ პირველი რეაქცია კრიზისულ სიტუაციაზე. მათივე თქმით, ამჟამად ბაზრები არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებიან. სექტემბრიდან კი შესაძლებელია სტაბილიზაციის დროც მოვიდეს. ფულის შემოდინება შეიძლება დიდი ტემპებით არ მოხდეს, მაგრამ გადინების ტემპები მაინც შემცირდება", - იმედოვნებენ ისინი. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აღიარებენ, რომ პრობლემები ყველას შეეხება, თუკი აშშ-ში იპოთეკური კრიზისი გაჭიანურდება. წარმოქმნილი პრობლემების დაძლევა კი სავარაუდოდ 2010 წლამდე ვერ მოხერხდება. ფინანსისტებს წინ ელით ტრადიციულად "ციებ-ცხელებიანი" ოქტომბრის თვე, ამიტომაც მათ სანერვიულო ჯერ კიდევ აქვთ.

ფედერალური სარეზერვო სისტემა ბაზარს დაიცავს

ფედერალური სარეზერვო სისტემა ამერიკაში ცენტრალური ბანკის მოვალეობას ასრულებს. იგი საკრედიტო ბაზარზე სიტუაციას თვალს ადევნებს, მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ზომები მიიღოს, - განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურმა ბენ ბერნაკემ. მანვე დასძინა, რომ ამ ფინანსური ორგანოს მოვალეობაში არ შედის მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ კრედიტორებისა და ინვესტორების დაცვა.

იმავდროულად, საფინანსო ბაზრებზე არსებული კრიზისი დიდ გავლენას იქონიებს მთლიანად ეკონომიკისათვის, რაც ფედერალური სისტემის კომპეტენციაა. მანვე დასძინა, რომ ამერიკულმა ეკონომიკამ საცხოვრებელი ფართის ბაზარზე ზაფხულში დაღმასვლის მიუხედავად, მთლიანობაში სტაბილური ზრდა აჩვენა.

ამერიკის პრეზიდენტი მზად არის ქვეყანას კრედიტების გაცემის სისტემის რეფორმირების პროგრამა შეთავაზოს. მისი ძირითადი მიზანია საკრედიტო ბაზარზე კრიზისის დაძლევა, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე კრიზისი გამოიწვია. ქვეყნის მეთაური ცდილობს ქვეყანას მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან ააცილოს.

შეგახსენებთ, რომ სუბპრიმე კატეგორიის იპოთეკური კრედიტების სისტემის კრიზისმა მსოფლიო ბაზარზე დესტაბილიზაცია გამოიწვია. გაკოტრდა ამერიკაში მოქმედი მრავალი მსხვილი იპოთეკური კომპანია, ხოლო ევროპულ საინვესტიციო სექტორში მოგება საგრძნობლად შემცირდა.

ვენესუელას პრეზიდენტმა ინვესტორებს შარი მოსდო

ცოტა ხნის წინ, ვენესუელაში უცხოური ნავთობმომპოვებელი კომპანიების მიერ ამოქმედებული პროექტების განკარგვის უფლება სახელმწიფომ დაიბრუნა. მასში მონაწილეობდნენ წამყვანი სანავთობე კომპანიები: ConocoPhillips, Exxon Mobil Corp და BP Plc. ვენესუელას მთავრობამ მათ საგადასახადო დავალიანების პრეტენზია წარუდგინა, რომლის საერთო მოცულობა 200 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ConocoPhillips-მა უნდა დაფაროს 172 მილიონი დოლარის, ხოლო Exoon Mobil Corp-მა და BP Plc-მა 46,5 მილიონი დოლარის დავალიანება.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის იანვარში, ვენესუელას პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა ხელი მოაწერა დეკრეტს მდინარე ორინოკოს აუზში არსებული სანავთობე მარაგის ნაციონალიზაციის თაობაზე. დოკუმენტის თანახმად, უცხოურ კომპანიებს 2007 წლის პირველ მაისამდე ვენესუელას ეროვნული სანავთობე კომპანიისათვის Petroleos de Venezuela SA (PDVSA) უნდა მიეყიდათ ნავთობის მოპოვების პროექტების წილის არა ნაკლებ 60%-ისა.

ConocoPhillips-მა და Exxon-მა ვენესუელაში მოქმედი ყველა პროექტი მიატოვეს, ხოლო BP-მ აქ განხორციელებულ პროექტში სახელწოდებით Cerro Negro (სახელმწიფოს კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ ამ პროექტს Petro Monagas დაერქვა) მინიმალური წილი შეინარჩუნა. ვენესუელას მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელშიც კიდევ სამი ნავთობმომპოვებელი კომპანია მონაწილეობს. ესენია: Chevron Corp., Total SA და Statoil ASA. ვენესუელას მთავრობის მონაწილეობით შექმნილმა კომპანიამ მდინარე ორინოკოს დელტაში განხორციელებული პროექტების 78% მიიღო, ნაცვლად ადრე არსებული 40%-ისა.