ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
რა ქონების პატრონები არიან საქართველოს რეგიონების ხელისუფალნი
#8(92), 2007
2007 წლის სადეკლარაციო პერიოდში დეკლარაცია ორი ათას ხუთასამდე თანამდებობის პირმა წარადგინა

სექტემბერში 10 წელი შესრულდება, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ". აღნიშნული კანონის თანახმად, არ შეიძლება ვინმე თანამდებობაზე ისე დაინიშნოს, თუ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ბიუროს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციას არ წარუდგენს. თავის მხრივ, ბიურო დეკლარაციას გადასცემს თანამდებობაზე გამწესებელ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაეცნოს მის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას.

იგივე კანონი თანამდებობის პირს ავალდებულებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები; გარდა ამისა, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარუდგინოს დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ბიუროს. ეს ბიურო შეიქმნა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის საფუძველზე და არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

2004 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დეკლარაციის ახალი ფორმები, რომელთა მიხედვითაც თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება, დაასაბუთოს დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები შემოსავლების შესახებ და მფლობელობაში მიღებული ქონების შესახებ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ფორმების სრულყოფილად შევსება მრავალ გაუთვალისწინებელ სირთულესთან არის დაკავშირებული და პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 1 იანვრამდე დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება 2004 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი დეკლარაციების ფორმებით.

ბიურომ უნდა უზრუნველყოს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენა და იუსტიციის მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა. სხვათა შორის, მიღებული დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვილობაზე ბიურო პასუხს არ აგებს. ასე რომ, ფაქტობრივად, თავად დეკლარანტის კეთილსინდისიერებაზე (და ალბათ, კომპეტენციაზეც) არის დამოკიდებული, რამდენად ამომწურავ და სწორ მონაცემებს შეიტანს იგი საკუთარ დეკლარაციაში.

თუ თანამდებობის პირი კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციას, მას ეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. ამასთან, აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან. იგი ვალდებულია, სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს დეკლარაციები.

ყოველწლიურად 2500-მდე მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი ავსებს და აბარებს ქონებრივ დეკლარაციას. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ბიუროში 2007 წლის სადეკლარაციო პერიოდში დეკლარაცია ვადაში წარადგინა 1746 მოქმედმა და 515 ყოფილმა თანამდებობის პირმა, ხოლო ვადაში არ წარადგინა 3 მოქმედმა და 9 ყოფილმა თანამდებობის პირმა, რომელთა შორის არიან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დავით მირცხულავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით კეკუა. თურმე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების საფუძველი მირცხულავასთვის თანამდებობიდან გათავისუფლება, კეკუასთვის კი სადეკლარაციო პერიოდი ყოფილა. ამჟამად ორივე მათგანი პატიმარია. ჩვენთვის უცნობია, დეკლარაციების წარუდგენლობის გამო მათ რა სახის სასჯელები დაეკისრათ, ან დაეკისრებათ თუ არა. გაუგებარია, რატომ უნდა შეყავდეთ დეკლარანტთა რეესტრში ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც პატიმრობა აქვს მისჯილი? ვფიქრობთ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის შემუშავებისას ჩვენს კანონმდებლებს ასეთი შემთხვევების გათვალისწინება დაავიწყდათ.

კანონმდებლობით, სადეკლარაციო პერიოდად განსაზღვრული კი არის ყოველი წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე დროის მონაკვეთი, მაგრამ როგორც წესი, პარლამენტი ამ ვადას აგრძელებს ხოლმე. მაგალითად, 2007 წლის სადეკლარაციო პერიოდი ორი თვით, ანუ 1 ივლისამდე გაგრძელდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ დეკლარანტთა უმრავლესობას აპრილის ბოლოსღა ახსენდება ხოლმე საკუთარი ვალდებულება და ბიუროს ოცდაათიოდე თანამშრომელი რამდენიმე დღეში ვერ ასწრებს ორიათას ხუთასამდე დეკლარანტის ტექნიკურ მომსახურებას.

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა თანამდებობის იმ პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა, რომლებიც ვალდებულნი არიან შეავსონ და წარადგინონ დეკლარაციები. ნებისმიერი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირის დეკლარაციის ასლის მიღებისა და გაცნობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. დეკლარაციის ასლის მიღების მსურველმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ბიუროს, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაიხადოს საჯარო ინფორმაციის ასლის მოსაკრებელი, რომელსაც განსაზღვრავს კანონი `საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ~. რაც შეეხება დეკლარაციების გაცნობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამაზე საფასური არ არის დაწესებული.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბიურო არსებობს, ანუ 1998 წლიდან დღემდე, აქ დაცულია თანამდებობის პირთა მიერ წარდგენილი 35 ათასზე მეტი დეკლარაცია როგორც ხელნაწერი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით. რა თქმა უნდა, ეს არის ზღვა მასალა, რომლის ანალიზი მეტად საინტერესო იქნებოდა. ბიუროს დებულების თანახმად, ამ სტრუქტურის ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრულია დეკლარაციების მონაცემთა ანალიზი, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ტიპის ანალიზი უნდა გაკეთდეს და კვლევის შედეგები ვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა შორის ერთ-ერთს დეკლარაციების ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ჰქვია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ის არ აწარმოებს ისეთ სამუშაოებს, რასაც შეიძლება კვლევა და ანალიზი ეწოდოს.

ბოლო რამდენიმე წელია, სადეკლარაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, "ააფი"-ს მკითხველებს ვაწვდით ძირითად ინფორმაციას ამა თუ იმ უმაღლეს ხელისუფალთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებიდან. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ საქართველოს პრეზიდენტის ყველა რწმუნებულის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დეკლარაციებზე. გვინდოდა აგრეთვე შემოგვეთავაზებინა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის დეკლარაციაც, მაგრამ ბიუროში მისი დეკლარაცია არ აღმოჩნდა. როგორც იქ გვითხრეს, თურმე სანაკოევის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე არ ვრცელდება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის ის მოთხოვნა, რომ "პირი არ შეიძლება გამწესდეს თანამდებობაზე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენამდე".

რას წერენ საკუთარ დეკლარაციებში ლევან ვარშალომიძე და თეიმურაზ მჟავია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც და საფინანსო დეკლარაციაც 2007 წლის 1 მაისს შეუვსია და ბიუროში 5 ივნისს წარუდგენია. დეკლარაციაში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა წარმოდგენილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 35 წლისაა და თურმე, ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბინაში მარტო ცხოვრობს. იგი არის მესაკუთრე თბილისში არსებული ბინისა, რომლის საბაზრო ღირებულება 25 000 აშშ დოლარია. ლევან ვარშალომიძე არ ყოფილა არანაირი ფასიანი ქაღალდების მფლობელი და არც რომელიმე საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობს. მას მიმდინარე ანგარიში ჰქონია "საქართველოს ბანკში", რომელზეც 83 194 ლარი აქვს და "ბაზისბანკში" (ორი ანგარიში), რომელზეც ერთზე 26 772 ლარი და მეორეზე 3 223 ლარი აქვს. გარდა ამისა, ჰქონია ნაღდი ფული - 1 850 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ვარშალომიძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 40 600 ლარი, ხოლო სამივლინებო ხარჯებმა 27 240 ლარი შეადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თეიმურაზ მჟავიას დეკლარაცია 22 ივნისს შეუვსია და იმავე დღეს ბიუროში წარუდგენია. მას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ორი მისამართი: რეგისტრაციის მიხედვით (ქალაქი სოხუმი) და ფაქტობრივი (დაბა წყნეთი). მჟავიას ოჯახი ოთხსულიანია. მისი მეუღლე მანანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის #8 საჯარო სკოლის პედაგოგია. ჰყავთ ორი შვილი - 22 წლის ნათია და 21 წლის ირაკლი, რომლებიც სოხუმში დაბადებულან.

დეკლარაციის მიხედვით თეიმურაზ მჟავიას საკუთრებაშია: ქალაქ სოხუმში, კალინინის ქ. #5-ში მდებარე 35 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა და 15 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, სოხუმის რაიონის სოფელ ორწყალში 20 000 ლარად ღირებული აგარაკი, 17 000 ლარად ღირებული ნავსაყუდელი სოხუმში, მდ. ბესლეთზე, 5 000 ლარად ღირებული ავტომანქანა "ვაზ-21063", 10 000 ლარად ღირებული კატერი "კაზანკა" და 25 000 ლარად ღირებული ანტიკვარული როიალი "შრიოდერი".

მჟავიას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნაღდი ფულის სახით ჰქონია 26 800 აშშ დოლარი და 2 500 ლარი; მას მიმდინარე წლის თებერვალში "სახალხო ბანკიდან" 18 თვის ვადით გამოუტანია სესხი 15 000 ლარის მოცულობით. იგივე ბანკში სახელფასო ანგარიშზე საანგარიშო წლის განმავლობაში რიცხული თანხა 24 300 ლარი, ხოლო 1 ივნისისთვის 20 ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 27 216 ლარი, მისი მეუღლისამ კი 1 001 ლარი შეადგინა. მჟავიას მივლინებაზე უკრაინაში 4 650 ლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის რწმუნებულთა ქონების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტს სულ 9 სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს: ბობოხიძე აკაკი, გოროზია ზაზა, მაღლაფერიძე ვასილ, მელიქიშვილი ზურაბ, ნაცვლიშვილი გია, სვიმონიშვილი მიხეილ, სირაძე ოთარ, ქარელი მიხეილ და ხაჩიძე გიორგი. გთავაზობთ ძირითად ინფორმაციას თითოეული მათგანის დეკლარაციიდან.
 
პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში აკაკი ბობოხიძე ამავე მხარეშია დაბადებული, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კი არის თბილისი, დიღმის მასივი. რწმუნებული 43 წლისაა, ოჯახში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

აკაკი ბობოხიძეს დეკლარაცია 11 ივნისს შეუვსია და ბიუროშიც იმავე დღეს წარუდგენია. დეკლარაციის მიხედვით ბობოხიძის საკუთრებას წარმოადგენს 50 000 ლარად ღირებული ბინა დიღმის მასივში, 7 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი ლისის ტბასთან, 6 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში და 6 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა "RAV-4". ბობოხიძის მეუღლის ნანა გოდერძიშვილის საკუთრებაა 80 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი საგარეჯოში და იქვე მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება 30 000 ლარია. ქალბატონ ნანას საანგარიშო წლის განმავლობაში 8 000 ლარად მიწის ნაკვეთი შეუძენია საგარეჯოში, ოღონდ დეკლარაციიდან არ ჩანს, ეს 30 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის ნაწილია თუ სხვა მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციის შევსების მომენტისათვის ნაღდი ფულის სახით ბობოხიძეს 15 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს 18 000 ლარი და 6 500 აშშ დოლარი ჰქონია. ამავე დროს 1 ივნისის მდგომარეობით ბობოხიძეს მიმდინარე ანგარიშზე "ვითიბი ბანკში" 3 000 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე ბანკ "რესპუბლიკაში" 5 ლარი იყო. საანგარიშო წლის განმავლობაში კი აღნიშნული ანგარიშებიდან პირველზე რიცხული თანხის მოცულობა 3 700 ლარს და მეორეზე - 8 341 ლარს შეადგენდა.

საანგარიშო წელს აკაკი ბობოხიძე ჯერ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, სადაც მისმა შრომითმა ანაზღაურებამ 9 393 ლარი შეადგინა და მერე დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე, სადაც მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 4 205 ლარი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღებისა და რეალიზაციის შედეგად 7 400 ლარი შეადგინა ნანა გოდერძიშვილის შემოსავალმა.

პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ზაზა გოროზია სამეგრელოში, მარტვილშია დაბადებული და მას დეკლარაციაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გრაფაში უწერია ზუგდიდი. დეკლარაციის მიხედვით, 32 წლის გოროზიას ოჯახი მისგან და მისი მეუღლისგან, თამთა კობახიძისგან შედგება.

პრეზიდენტის რწმუნებულმა დეკლარაცია 26 ივნისს შეავსო და იმავე დღეს წარადგინა ბიუროში. დეკლარაციის მიხედვით ზაზა გოროზიას საკუთრებას წარმოადგენს 60 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით ქალაქ მარტვილში, 25 200 ლარად ღირებული ავტომანქანა "აუდი", 20 000 ლარად ღირებული ავტომანქანა "ბე ემ ვე" და 100 000 ლარად ღირებული 10 ჰა მიწის ნაკვეთი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. მასვე 2003 წლიდან მოყოლებული 49 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საიჯარო ქირამაც საანგარიშო წლის განმავლობაში 300 ლარი შეადგინა. მიწის ნაკვეთის ფართი და მდებარეობა დეკლარაციაში აღნიშნული არაა, მხოლოდ ის წერია, რომ საიჯარო ხელშეკრულება მარტვილის რაიონის სოფლის მეურნეობის სასამართლოს მიერ არის რეგისტრირებული.

"სახალხო ბანკის" "ვიზა გოლდ"-ზე გოროზიას 3 000 ლარი, მის მეუღლეს კი იმავე ბანკსა და ანალოგიურ ბარათზე 12 000 ლარი ჰქონია. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტისათვის ნაღდი ფულადი თანხა ქმარს 40 000 ლარი, 3 000 ევრო და 5 000 დოლარი, ხოლო ცოლს 8 000 ლარი ჰქონდა.
სახელმწიფო რწმუნებულის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა საანგარიშო წლის განმავლობაში 29 896 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვასილ მაღლაფერიძე 49 წლისაა, დაბადებულია თბილისში, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში. პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ დეკლარაცია შევსებული 20 აპრილს და ბიუროში 24 აპრილს არის წარდგენილი. დეკლარაციის მიხედვით მაღლაფერიძის საკუთრებას წარმოადგენს 120 000 ლარად ღირებული ბინა დედაქალაქში, გორგასლის ქუჩაზე, 10 000 ლარად ღირებული აგარაკი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში და 20 000 ლარად ღირებული საოჯახო ბიბლიოთეკა.

პრეზიდენტის რწმუნებულის მეუღლე არის შპს "სინათლის სახლ ორიონის" პარტნიორი (100%) 2004 წლიდან და შპს "საგამომცემლო სახლი თბილისში" პარტნიორი (15%) 2000 წლიდან, თუმცა დღემდე არც ერთი მათგანიდან მას შემოსავალი არ მიუღია.

1 აპრილის მდგომარეობით ვასილ მაღლაფერიძეს საბარათე-სახელფასო ანგარიშზე "ბაზისბანკში" 500 ლარი, მის მეუღლეს კი "თიბისი ბანკში" ანაბარზე 36 000 ევრო, 17 000 დოლარი და 15 000 ლარი ჰქონდა; ხოლო საანგარიშო წლის განმავლობაში მაღლაფერიძის სამი წლის წინ გახსნილ საბარათე-სახელფასო ანგარიშზე რიცხული თანხა იყო 27 988 ლარი; მაღლაფერიძის მეუღლეს ლალი ჩხვიმიანს 1996 წელს "თიბისი ბანკში" სამ ვალუტაში აქვს გახსნილი ანაბარი და მის ანგარიშზე რიცხული თანხა საანგარიშო წლის განმავლობაში იყო 34 000 ევრო (მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 000 ევრო) 16 000 დოლარი (შემოსავალია 1 000 დოლარი) და 15 000 ლარი (შემოსავალი - 1 500 ლარი). დეკლარაციის შევსების მომენტისათვის ცოლ-ქმარს ერთად ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი ჰქონია.

ვასილ მაღლაფერიძემ 2 წლის წინ "ბაზისბანკიდან" 17 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო, რომელიც შარშან აგვისტოში დაფარა და ამასთან დაკავშირებით მისი გასავალი იყო 19 550 აშშ დოლარი.

საანგარიშო წლის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე მაღლაფერიძის შემოსავალმა 31 800 ლარი, ხოლო სამივლინებო ხარჯებმა 1 804 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ზურაბ მელიქიშვილი დედაქალაქში დაიბადა და მისი მუდმივად საცხოვრებელი ადგილიც აქაა. ოჯახი ორსულიანია, შედგება მისგან და მისი მეუღლისგან, ნატო ბლუაშვილისგან. პრეზიდენტის რწმუნებული 36 წლისაა.

პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ დეკლარაცია 20 აპრილსაა შევსებული და ბიუროში წარდგენილი. დეკლარაციის თანახმად მელიქიშვილის საკუთრებას წარმოადგენს 48 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში და 12 000 ლარად ღირებული სახლი მარნეულის რაიონში. 1 აპრილის მდგომარეობით ბლუაშვილს ზრდად ვადიან ანაბარზე "პროკრედიტ-ბანკში" 14 520 აშშ დოლარი ჰქონდა. საანგარიშო წლის განმავლობაში კი ნატო ბლუაშვილის 2004 წელს გახსნილ ვადიან დეპოზიტზე რიცხული თანხა იყო 13 700 აშშ დოლარი (ანგარიშიდან მიღებული შემოსავალი 516 დოლარია), ხოლო "ბაზისბანკში" 1995 წელს გახსნილ საბარათე ანგარიშზე 17 811 ლარი ერიცხებოდა.

დეკლარაციაში იქვე მითითებულია, რომ ბლუაშვილის ზრდად სადეპოზიტო ანგარიშზე ძირითადი თანხა გადმოსულია წინა წლიდან და ნაწილი - მისი ანგარიშიდან "ბაზისბანკიდან". საანგარიშო წლის განმავლობაში მელიქიშვილის საბარათე ანგარიშზე "ბაზისბანკში" 5 880 ლარი და ასევე საბარათე ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 27 471 ლარი იყო. ეს უკანასკნელი ემსახურება მელიქიშვილის მიერ ამ ბანკში 2005 წელს 65 თვის ვადით აღებულ კრედიტს, რომლის მოცულობაა 23 700 აშშ დოლარი. მან 2005 წელს შპს "რვალთან" გააფორმა დაკვეთის ხელშეკრულება ბინის მშენებლობაზე, რომლის ღირებულებაა 37 712 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

საანგარიშო წლის განმავლობაში ზურაბ მელიქიშვილმა ხელფასის სახით 31 204 ლარი მიიღო. ნანა ბლუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობს და საანგარიშო წლის განმავლობაში მისმა ხელფასმა 20 240 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთში გია ნაცვლიშვილი თბილისში დაიბადა. დეკლარაციაში, რომელიც 30 აპრილსაა შევსებული და ბიუროში წარდგენილი მას მუდმივად საცხოვრებელი ადგილის გრაფაში ორი ბინა უწერია: ერთი ცოტნე დადიანზე და მეორე - კოსტავას ქუჩაზე. რწმუნებული 44 წლისაა. ნაცვლიშვილის ოჯახს შეადგენენ თავად იგი და მისი მეუღლე ნინო გალეგაშვილი.

დეკლარაციის თანახმად გია ნაცვლიშვილის საკუთრებას წარმოადგენს 250 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში, 6 000 ლარად ღირებული ავტოფარეხი თბილისში, 60 000 ლარად ღირებული ბინა ავტოფარეხით თბილისში, 4 000 ლარად ღირებული ვენახი საგარეჯოში და 94 000 ლარად ღირებული მანქანა-დანადგარები. ნინო გალეგაშვილის საკუთრებაში არსებული ბინა თბილისში კი 30 000 ლარი ღირს.

ნაცვლიშვილს მანქანა-დანადგარები იჯარით აქვს გადაცემული 2002 წლის 4 მაისიდან 2012 წლის 4 მაისამდე. იჯარის თანხა 120 000 ლარია. მოიჯარეა შპს "ნეკი", ხოლო თავად ნაცვლიშვილი 2000 წლიდან დღემდე არის ამ საწარმოს პარტნიორი (50%).

სახელმწიფო რწმუნებულს 2003 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე 13 600 ლარი აქვს გასესხებული ზეპირი შეთანხმებით.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნაცვლიშვილს "თიბისი ბანკში" სახელფასო-საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 1 364 ლარი, ხოლო ბანკ "რესპუბლიკაში" სადეპოზიტო ანგარიშებზე 32 376 ლარი და 7 696 აშშ დოლარი. საანგარიშო წლის განმავლობაში ნაცვლიშვილმა "თიბისი ბანკში" ორ ვადიან დეპოზიტზე დახურა ანგარიში, რომელთაგან ერთზე 13 486 დოლარი ერიცხებოდა (ანგარიშიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 486 დოლარი) და მეორეზე - 5 560 (შემოსავალი 486 დოლარი); ამავე პერიოდში მას ბანკ "რესპუბლიკაში" ვადიან დეპოზიტზე 6 627 დოლარი ერიცხებოდა, საიდანაც მიღებული შემოსავალი 1 057 დოლარი იყო; იგივე პერიოდში "თიბისი ბანკში" ვიზა ბარათზე ნაცვლიშვილს 21 243 ლარი, ხოლო გალეგაშვილს 1 975 ლარი ერიცხებოდა.

საანგარიშო წლის განმავლობაში გალეგაშვილმა 2 000 ლარად გაყიდა ავტომანქანა "ფოლკსვაგენი". ნინო გალეგაშვილი მუსკომედიის თეატრში მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად და საანგარიშო პერიოდში მისმა შემოსავალმა 2 350 ლარი შეადგინა. გია ნაცვლიშვილის მიერ მიღებული შემოსავალი პრეზიდენტის რწმუნებულის სამუშაოს შესრულებით იყო 23 233 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში მიხეილ სვიმონიშვილი დედაქალაქში დაიბადა და მისი ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ოზურგეთი, ანასეული. 31 წლის სვიმონიშვილის ოჯახი შედგება მისგან და მისი 7 წლის ვაჟისაგან.

სვიმონიშვილმა დეკლარაცია 28 ივნისს შეავსო და წარადგინა ბიუროში. დეკლარაციის თანახმად მიხეილ სვიმონიშვილის საკუთრებას წარმოადგენს 6 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი სოფელ ნაბეღლავში, 50 000 ლარად ღირებული შენობა სოფელ ნაბეღლავში, 10 000 ლარად ღირებული სასათბურე მეურნეობა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში და 15 000 ლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა "მერსედესი-316". მას ეკუთვნის სს "წყალი მარგებელის" 1 200 ცალი აქცია. თითო აქციის ნომინალური ღირებულებაა 100 ლარი.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაბეღლავში მდებარე სს "წყალი მარგებელის", მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მდებარე შპს "ალამის" და ოზურგეთში მდებარე შპს "ასკანელის" წილები, რომლებიც მიხეილ სვიმონიშვილს ეკუთვნის, პრეზიდენტის რწმუნებულს ხელშეკრულებით სხვისთვის აქვს მინდობილი მართვისა და განკარგვის უფლებით. საფინანსო დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ "ალამსა" და "ასკანელს" წლიური ფინანსური მოგება არ ჰქონია, ხოლო "წყალი მარგებელის" წლიური ფინანსური მოგება ყოფილა 2 678 202 ლარი, აქედან 6%, ანუ 160 692 ლარი წარმოადგენს პირადად სვიმონიშვილის მოგებას და ეს თანხა ისევ ინვესტირებულია.

საანგარიშო წლის განმავლობაში მიხეილ სვიმონიშვილს 317 366 აშშ დოლარად გაუყიდია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მეორე კილომეტრზე მდებარე შენობა-ნაგებობით და 2 000 ლარად - მსუბუქი ავტომობილი.

1 ივნისის მდგომარეობით პრეზიდენტის რწმუნებულს "საქართველოს ბანკში" ორ საბარათე ანგარიშზე 2 200 ლარი და 20 420 დოლარი ერიცხებოდა; ხოლო საანგარიშო წლის განმავლობაში ერიცხებოდა 42 038 ლარი და 180 115 დოლარი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა 50 000 ლარი და 40 000 აშშ დოლარი ყოფილა.
საანგარიშო პერიოდში მიხეილ სვიმონიშვილი ყოფილ მეუღლეს 20 000 დოლარითა და 30 000 ლარით დახმარებია.

მოგეხსენებათ, პრეზიდენტის რწმუნებულად გადაყვანამდე სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობდა. საანგარიშო პერიოდში მისმა შემოსავალმა მინისტრის რანგში 36 980 ლარი, ხოლო სახელმწიფო რწმუნებულის რანგში 4 135 ლარი შეადგინა. სვიმონიშვილის მივლინება კი სახელმწიფო ბიუჯეტს 10 422 ლარი დაუჯდა.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ოთარ სირაძე ამავე მხარეში, კერძოდ ქალაქ ამბროლაურშია დაბადებული და დღესაც იქ ცხოვრობს. იგი 32 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ დეკლარაცია 11 აპრილსაა შევსებული და ბიუროში წარდგენილი. დეკლარაციის მიხედვით მის საკუთრებას წარმოადგენს ამბროლაურში საცხოვრებელი სახლი ეზოთი, რომლის საბაზრო ღირებულებაა 25 000 ლარი. "სახალხო ბანკში" პრეზიდენტის რწმუნებულის სახელფასო ანგარიშზე რიცხული თანხა 2 400 ლარი, ხოლო მისი მეუღლის ვადიან ანგარიშზე "თიბისი ბანკში" 5 000 დოლარია. რწმუნებულის თანამდებობაზე ოთარ სირაძის შემოსავალმა საანგარიშო წლის განმავლობაში 30 050 ლარი, სამივლინებო ხარჯებმა კი 2 155 ლარი შეადგინა. საფინანსო დეკლარაციაში აღნიშნულია 7 000 ლარი, რომელიც რწმუნებულს სარემონტო ხარჯებზე დასჭირვებია.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწუნებული შიდა ქართლში მიხეილ ქარელი გორში დაიბადა და დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ასე, რომ ოჯახში სამნი არიან: თავად რწმუნებული, მამამისი გაიოზ ქარელი და დედამისი ზინა გოდერძიშვილი. მიხეილ ქარელი 32 წლისაა.

პრეზიდენტის რწმუნებულს დეკლარაცია 23 აპრილს შეუვსია, ბიუროში კი 2 მაისს წარუდგენია. დეკლარაციის თანახმად მიხეილ ქარელის საკუთრებაა 2 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი გორის რაიონის სოფელ ტყვიავში და იქვე 0,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ხილის ბაღი), რომლის საბაზრო ღირებულებაა 10 000 ლარი. ტყვიავშივე მშობლების ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თითოეულის წილის საბაზრო ღირებულებაა 30 000 ლარი და 0,45 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ხილის ბაღი), რომელშიც თითოეულის წილი 2 500 ლარია.

იმავე სოფელში გაიოზ ქარელის საკუთრებაა 500 ლარად ღირებული 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ხილის ბაღი). მის სახელზეა გაფორმებული აგრეთვე 120 000 ლარად ღირებული შპს "კომპლექტაციის გორის ბაზა", რომელიც გორის რაიონის სოფელ თედოწმინდაში მდებარეობს. საწარმო 1996 წელსაა დარეგისტრირებული და მისი მეპატრონე ამავე დროს დირექტორიც არის. საფინანსო დეკლარაციის თანახმად, გაიოზ ქარელს ამ საწარმოდან დივიდენდები არ მიუღია.

პრეზიდენტის რწმუნებულს "საქართველოს ბანკში" საბარათე-სახელფასო ანგარიშზე 19 665 ლარი ჰქონია რიცხული. ამასთან, მიხეილ ქარელს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 21 000 ლარი, ხოლო მამამისს 18 000 ლარი. მათ ეს ფული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს.
საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის სამუშაოს შესრულებით მიხეილ ქარელმა მიიღო 30 000 ლარი. დედამისი ტყვიავის სამუსიკო სკოლის პედაგოგია და მისმა შემოსავალმა 1 212 ლარი შეადგინა. პრეზიდენტის რწმუნებულის მივლინება ჩინეთში სახელმწიფო ბიუჯეტს 2 359 ლარი დაუჯდა.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გიორგი ხაჩიძე თბილისში დაიბადა, ამჟამად მისი საცხოვრებელი ადგილია ახალციხე. 33 წლის რწმუნებულს ჰყავს მეუღლე მაკა აბაშმაძე და ორი შვილი.

პრეზიდენტის რწმუნებულს დეკლარაცია 25 ივნისს შეუვსია და წარუდგენია ბიუროში. დეკლარაციის თანახმად გიორგი ხაჩიძის საკუთრებას წარმოადგენს 80 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი სურამში და 12 000 ლარად ღირებული 518 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში.

1 ივნისის მდგომარეობით ხაჩიძეს "სახალხო ბანკი" ახალციხის ფილიალში საბარათე-სახელფასო ანგარიშზე 270 ლარი ერიცხებოდა; ამასთან ნაღდი ფული მას ჰქონდა 7 000 დოლარი და 6 000 ლარი, მის მეუღლეს კი - 2 500 ლარი. მიმდინარე წლის იანვარში მაკა აბაშმაძეს "ბაზისბანკიდან" 2 წლის ვადით აუღია კრედიტი 37 000 დოლარი, ხოლო გიორგი ხაჩიძეს იგივე ვადით "სახალხო ბანკიდან" - 6 000 ლარი. პრეზიდენტის რწმუნებულმა საანგარიშო წლის განმავლობაში 7 000 დოლარად გაყიდა ავტომანქანა "მიცუბიში პაჯერო". ამავე პერიოდში მას "სახალხო ბანკში" საბარათე-სახელფასო ანგარიშზე 28 000 ლარი ერიცხებოდა, რწმუნებულის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 31 818 ლარი შეადგინა. ატენის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით ხაჩიძეს გაფორმებული ჰქონდა გირავნობის ხელშეკრულება 2004 წლის 10 ივნისიდან 2007 წლის 10 ივნისამდე და ხელშეკრულების მატერიალური შედეგი არის 12 000 დოლარი.

როგორც ვხედავთ, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებს შორის არც ერთი არაა ქალი, ყველა მამაკაცია. რწმუნებულთა საშუალო ასაკია 33 წელი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 31 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი 49 წლისაა. 9 რწმუნებულიდან 7 დაოჯახებულია, 1 - დასაოჯახებელი და 1 - მეუღლესთან გაშორებული. სამ მათგანს ორ-ორი, ერთს კი მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს.

რაც შეეხება თავად დეკლარაციებს, ვფიქრობთ გადასახედია დეკლარაციის ფორმებიც და დეკლარანტთა პასუხისმგებლობაც მათ მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის მონაცემი არასრულია, ან მისთვის განკუთვნილ გრაფაში სულ სხვა ინფორმაცია წერია. რაც მთავარია, დეკლარაციების შევსება ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, ბიურო ამ დეკლარაციების მონაცემთა ბაზას არა მხოლოდ უნდა ქმნიდეს, არამედ სისტემატურადაც უნდა აანალიზებდეს.

დალი ჩიკვაიძე