ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
რას შეეწირა თაბუკაშვილის #50-ში მდებარე შენობა
#8(92), 2007
სტრასბურგამდე ჩასულმა საქმემ მობინადრეები გადაარჩინა

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის და ქვეყნის მშენებლობისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა რომ კერძო საკუთრების დაცვაა, საკამათო არ არის. ამიტომ ყველა, ვისაც არ ეზარება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. თუმცა, აშენებიდან დანგრევამდე რომ ერთი ნაბიჯია, ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ დავინახეთ.

ახლახან აშენებულ მრავალსართულიან სახლს, რომელიც თბილისში, თაბუკაშვილის #50-ში იყო, ამჟამად ზედამხედველობის სამსახური დიდი მონდომებით (და გაჭირვებით) ანგრევს. თავიდან ავარიულად შერაცხული შენობა იმდენად მყარი გამოდგა, რომ ნგრევით დაკავებული მუშები ამბობენ, "რა სჭირდა ამ სახლს დასანგრევიო". რაც მთავარია, ყველაზე მეტად სახლის მესაკუთრეები გაწვალდნენ, რომელთა ქონებასაც ინვესტორმა დაადგა თვალი და ქალაქის მერიამ სახლის დანგრევა და მობინადრეთა გამოსახლება გადაწყვიტა.

თუმცა, სანამ მერია სახლის ნგრევას დაიწყებდა, მანამდე შენობის მეპატრონეებს მთელი ამბები გადახდათ: თავიდან ქალაქის ხელმძღვანელობიდან კაცი მიუგზავნეს და მარტივად უთხრეს, სახლი თქვენი ნებით დატოვეთ, სანამ ძალად გაგიყვანთო. არადა, თაბუკაშვილის ქუჩის #50/52-ის შენობა 25 მესაკუთრეს და 150-მდე ბინადარს ეკუთვნოდა. შენობის მესაკუთრეებმა და მობინადრეებმა მაშინვე იეჭვეს, ჩვენს თავს რაღაც ხდება და ამ ადგილით რომელიმე ინვესტორი იქნება დაინტერესებულიო. ამისთვის ადგნენ და ქალაქის მერიას კერძო საკუთრების დაცვა სთხოვეს. მერიამ კი შენობაზე "ზრუნვა" ზედამხედველობის სამსახურს მიანდო.

ამის შემდეგ კი მონასტერი აირია: ხან ზედამხედველობის სამსახურს, ხან საპატრულო პოლიციას თაბუკაშვილის #50-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ალყაში არაერთხელ ჰქონდათ მოქცეული. მობინადრეები საკუთარი ნებით ბინების დატოვებას არ აპირებდნენ და საქმეშიც ძალოვნები ჩაერთნენ. როგორც ამ სახლის მეპატრონეთა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა ყველანაირი კანონი და იურიდიული ნორმა დაივიწყა, ძალოვნებმა ასევე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეამტვრიეს ბინის კარები და იქიდან ავადმყოფი მაცხოვრებელი თავის საწოლიანად გამოიტანეს. ამის შემდეგ კი სახლის დემონტაჟიც დაიწყო...

მობინადრეთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის ხელისუფლებამ ნგრევა არ შეაჩერა. ადგილზე მისულმა სახალხო დამცველმა კი ხელისუფლება კანონის გადათელვაში დაადანაშაულა და ძალოვნების მოქმედებას ბარბაროსობა უწოდა. ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. თუმცა, სასამართლომ დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ზედამხედველობის სამსახურმა ისევ განაგრძო თავისი საქმე.

როგორც თავიდანვე შენობის მესაკუთრეებმა იეჭვეს, შენობის ტერიტორიით ინვესტორი იყო დაინტერესებული და ქალაქის ხელისუფლებაც ამიტომ ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად გაედევნა ტერიტორიიდან მისი მფლობელები.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ხელისუფლების მხრიდან შენობის არაკანონიერებაზე დაიწყეს მინიშნებები. ხშირად იყო განცხადებები, რომ მიწა წინა ხელისუფლების დროს კანონდარღვევით მისცეს ამხანაგობა "ივერიას", რომელმაც ეს კორპუსი ააშენებინა სამშენებლო კომპანია "ამირანს" და შემდეგ ის ფართი, რომელიც ამხანაგობის წევრებს მოჭარბდა, სხვებს მიჰყიდეს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ასევე არაკანონიერი იყო შენობისთვის ზედა სართულების დაშენება. საწყისი პროექტის დროს შეთანხმებული მხოლოდ 8 სართული იყო.

თუმცა, როგორც დიმიტრი გაბუნია ამბობს, თაბუკაშვილის #50-ში მცხოვრებლებს ყველაფერი კანონიერად ჰქონდათ გაკეთებული.
შენობის მესაკუთრეებმა მიწის ნაკვეთი 1992 წლის ბრძანებულების საფუძველზე შეიძინეს და დღევანდელი ხელისუფლების არგუმენტს, რომ მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება მხოლოდ მერს ჰქონდა და პრემიერის მიერ ამხანაგობა "ივერიასთვის" ნაკვეთის გამოყოფა არაკანონიერიაო, გაბუნია უარყოფს.

"ყველაფერი კანონიერად იყო გაკეთებული. მიწის ნაკვეთი გამოიყო 1997 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის მიერ, როგორც ხდებოდა ხოლმე მაშინ მოქმედი კანონის წესით. 1998 წელს იყო შეთანხმებული პროექტი, 2001 წელს ამხანაგობამ პროექტის კორექცია მოახდინა და მშენებლობის ნებართვაც მიიღო არქიტექტურის სამსახურიდან".

თუმცა, შარშან აპრილში, ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელმა უფროსმა გიორგი საგინაშვილი ამ კორპუსის მაცხოვრებლებს კორპუსის სასწრაფოდ დაცლა მოსთხოვა: მიზეზად კი შენობის ზედა ხუთი სართულის ავარიულობა დაასახელა.

რა არგუმენტიც ჰქონდა მერიას, რომ მიწა უკანონოდ იყო გამოყოფილი, რადგან მიწის გამოყოფის უფლება მხოლოდ მერს ჰქონდა და არა პრემიერსო, დიმიტრი გაბუნიას თქმით არასწორია. ადვოკატის განცხადებით, მიწის გაცემის დროს არსებული კანონმდებლობით, მერს მხოლოდ იმ ქონების განკარგვა შეეძლო, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებას არ შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მთელ ქალაქში არსებული ქონება იყო მუნიციპალიტეტის და აბსოლუტურად კანონიერად ჰქონდა უფლება პრემიერს გამოეცა ეს დადგენილებები და მათ შორის თაბუკაშვილის #50-თან დაკავშირებითაც.

ამის შემდეგ შეიქმნა ამხანაგობა "ივერია". შესაბამისად გამოიყო 707 კვადრატული მეტრი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისთვის. ამხანაგობა "ივერიამ" ქალაქის არქიტექტურის სამსახურში შენობის პროექტი შეათანხმა. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმაც გამოსცა ადმისტრაციული აქტი. მშენებლობის ნებართვა 8-სართულიანი სახლის აშენებაზე გამოსცეს. თუმცა, "ივერიამ" შემდგომ ჩათვალა, რომ 8-სართულიანი შენობა მათთვის მომგებიანი აღარ იყო და პროექტი გადააკეთეს. ახალი პროექტით შენობა 12 სართულამდე გაიზარდა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, "ივერიამ" ეს ახალი პროექტიც შეათანხმა და 2001 წელს ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა დაამტკიცა ახალი პროექტიც. ბოლოს, სწორედ ასეთი შენობა ააშენა მშენებელმა კომპანიამ, თუმცა ბოლო მომენტამდე ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხერხდა. ძირითადი მშენებლობა 2003 წელს დასრულდა, თუმცა ფასადი და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დამთავრება თითქმის ბოლო დრომდე გაჭიანურდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ წინა მთავრობისდროინდელი მრავალი გადაწყვეტილება ეჭვის ქვეშ დააყენა და მესაკუთრეებისთვის ქონების წართმევის ფაქტებიც მრავლად იყო. ამის შესახებ სახალხო დამცველმაც არაერთხელ აღნიშნა. როგორც გაირკვა, სახელმწიფო ბევრ სხვა ობიექტთან ერთად თაბუკაშვილის 50-ში მდებარე სახლის კანონიერებითაც დაინტერესდა. სახელმწიფომ სახლის მესაკუთრეებს თავდაპირველ პროექტში მითითებულ და საბოლოოდ აშენებული სახლის სართულების რაოდენობაში მოედავა. სწორედ მაშინ დაიწყო დავა შენობის დემონტაჟზე. თუმცა ერთი პერიოდი ხმაური მიწყნარდა, მაგრამ წელს, როდესაც "კაპიტალ ვოსტოკი" გამოჩნდა და ადგილით დაინტერესდა, თაბუკაშვილის 50-ს ზედამხედველობის სამსახური კვლავ ესტუმრა. ამჟამად თავდაპირველ პროექტსა და საბოლოო შენობას შორის შეუსაბამობის გარდა, სახლის ექსპლუატაციაში მიღების საკითხიც სადაო გახდა.

ზედამხედველობის სამსახურმა მეპატრონეებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვადა დაუწესა. როგორც დიმიტრი გაბუნია ამბობს, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდათ და სახელმწიფოს ექსპლუატაციაშიც უნდა მიეღო შენობა, თუმცა მესაკუთრეებმა უარი მიიღეს.

ექსპლუატაციაში საბოლოოდ მიღება ადრე მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურს ევალებოდა, თუმცა ივნისიდან ექსპლუატაციაში მიღების უფლება ზედამხედველობის სამსახურს გადასცეს. მას შემდეგ, რაც ეს პრეროგატივა თავად ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა, მიუხედავად მესაკუთრეების დიდი მცდელობისა, ზედამხედველობის სამსახურმა ექსპლუატაციაში მიღებაზე მაინც უარი თქვა.

რატომ აღმოჩნდა შენობა ზედმეტი

ინვესტორი, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩის #50 ის შემოგარენში ტერიტორია შეიძინა, შვეიცარიული კომპანია "კაპიტალ ვოსტოკია". მათ ე.წ. იმელის შენობა იყიდეს, რომელშიც სასტუმრო "კემპინსკი" განთავსდება. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმროს განვითარებისთვის შეძენილი ტერიტორია საკმარისი არ იყო და სწორედ ამიტომ "კაპიტალ ვოსტოკისთვის" აუცილებელი გახდა თაბუკაშვილის #50-ში მდებარე სახლის დანგრევა და მიწის ნაკვეთის გამოყენება.
 
ქალაქის მერიამაც თაბუკაშვილის #50-ში მდებარე ბინას სწორედ ამის შემდეგ დაადგა თვალი. შენობის მეპატრონეებს მშენებლობის კანონიერებაზე დავაც მაშინ დაუწყო.

დიმიტრი გაბუნია: "როდესაც პროექტის პრეზენტაცია იყო, მაშინ ჩანდა, რომ ახალი სასტუმროს შენობა იდგა და ყველაფერი ისე იყო, როგორც ინვესტორს და ქალაქის ხელისუფლებას სურდა. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ პრეზენტაციაზე ნაჩვენები მაკეტი რეალურად ვერ აშენდებოდა, თუ თაბუკაშვილის 50-ში მდებარე სახლი თავის ადგილას იქნებოდა".
 
მერიამაც, შენობის მეპატრონეებს შარი მარტივად რომ ვერ მოსდო, ადგა და კომპენსაციის შეთავაზება დაიწყო. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გარემონტებული ბინის მესაკუთრე 1400, ხოლო გასარემონტებელის მესაკუთრე კვადრატულ მეტრზე 1200 დოლარს მიიღებს.

ამ თანხას მაცხოვრებლები მაინც არ დაეთანხმნენ. სწორედ მაშინ გადავიდა შტურმზე ზედამხედველობის სამსახური და საქმეში ძალოვანი სტრუქტურებიც ჩაერთნენ.

ადვოკატმა დიმიტრი გაბუნია სახელმწიფოს არათანმიმდევრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ ეს ამბავი მნიშვნელოვანი იყო და შენობა ქალაქს აუშნოვებდა, ხელისუფლება სხვა გზით უნდა წასულიყო: ჯერ ის თანამდებობის პირები დაესაჯათ, ვინც ეს პროექტი შეითანხმა, მფლობელებისთვის კი კომპენსაცია უნდა მიეცათ.

საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ შეიძლება მფლობელს კერძო საკუთრება ჩამოართვას. საუბარია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევაზე. თუმცა, ამ შემთხვევაში კანონითვე გათვალისწინებულია ქონების პატრონისთვის სათანადო კომპენსაცია. ამ დროს კი, თაბუკაშვილის #50-ში მაცხოვრებლებს 1200-1400 დოლარს სთავაზობდნენ, რაც მობინადრეებისთვის კატეგორიულად მიუღებელი ფასი აღმოჩნდა.

თუმცა, ადვოკატის თქმით, საბოლოოდ ამ სახლის მაცხოვრებლების პრინციპულმა პოზიციამ შედეგი მაინც გამოიღო. დიმიტრი გაბუნიამ სახელმწიფოს ძალოვან მეთოდებს სამართლებრივი ბრძოლის მეთოდები დაუპირისპირა და დღეს კმაყოფილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ სასურველ შედეგს მიაღწია.

ინვესტორმა ბოლოს და ბოლოს იკისრა ვალდებულება და ამ სახლის მაცხოვრებლებს ადეკვატური ფართი შესთავაზა. თაბუკაშვილის #50-ში ატეხილი ხმაური ქალაქის ხელისუფლების და ადგილობრივი სასამართლოს ფარგლებს გასცდა. მობინადრეებმა ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის სასამართლოს შემდეგ, სტრასბურგს მიაკითხეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ევროპის უმთავრესმა სასამართლომ განაცხადი წარმოებაშიც კი მიიღო, რაც გაბუნიას თქმით, სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობაა.

ამ ამბების შემდეგ, უკვე უმაღლესი ხელისუფლებაც შეშფოთდა და სიტუაციიდან გამოსავალის ძებნა დაიწყო. საბოლოოდ გამოსავალი მოძებნეს და "კაპიტალ ვოსტოკს" თბილისის პირველ სკოლასთან მიწის ნაკვეთი გამოუყვეს. ამ ნაკვეთში ინვესტორმა 20 თვის ვადაში ახალი სახლი უნდა ააშენოს და თაბუკაშვილის #50 ში მაცხოვრებლებს იგივე ფართი გადასცეს, რაც დასანგრევად განწირულ სახლში ჰქონდათ.

საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 16 აგვისტოს განკარგულება #422 გამოსცა, რომლის მიხედვითაც "კაპიტალ ვოსტოკი" პირველი სკოლისა და შევჩენკოს ქუჩის შემოგარენში 3723 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიიღებს, სანაცვლოდ კი ინვესტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა წაუყენეს. კერძოდ, დაავალეს, რომ პირველი სკოლისთვის მოაწყოს სპორტული დარბაზი და საშხაპეები; დააკმაყოფილოს თაბუკაშვილის #50-ში მაცხოვრებლები იმავე ფართობით და პირობებით, როგორშიც მანამდე იყვნენ; მიწის ქვეშ მოაწყოს საზოგადოებრივი ფასიანი ავტოსადგომი, რომლის ერთი სართული იჯარით საქართველოს პარლამენტს გადაეცემა.

სანამ ახალ სახლს ააშენებს, "კაპიტალ ვოსტოკი" თაბუკაშვილის ქუჩის მობინადრეებს დროებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ავალიანმა დემონტაჟის დაწყებისას განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ვაკეში უკვე შეირჩა ბინები, სადაც ისინი გადავლენ, ბინის ქირას კი მერია გადაიხდისო.

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მყარ გარანტიებზე საუბრობს და "გადაგდების" შანსს გამორიცხავს. თუმცა, ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოდან სარჩელის და ასევე სტრასბურგში შეტანილი განაცხადის გამოტანას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც საბოლოო ექსპერტიზა ჩატარდება, თაბუკაშვილის #50-ის მაცხოვრებლების ზარალი გაირკვევა და ზიანის ანაზღაურების ყველა პირობას დააკმაყოფილებენ.

თემურ იობაშვილი