ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
მასობრივი პრივატიზაციის ახალი ტალღის წინ
#8(92), 2007
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მასობრივი პრივატიზაციაა. "ყველაფერს გავყიდით სინდისის გარდა" - ასეთი იყო დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მთავარი საპროგრამო განაცხადი. პოლიტიკაში სინდისის თემას თავი დავანებოთ, მაგრამ ყველაფერი რომ იყიდება, რისი გაყიდვაც ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას უნდა, ფაქტია. "დიდი პრივატიზაციის" უკვე ჩამთავრებული ტალღის შემდეგ, პარლამენტს მთავრობის ინიციატივით "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს. ამ ცვლილებებით მკვეთრად მცირდება იმ ობიექტების ნუსხა, რომლის პრივატიზებაც კანონით იკრძალება და ადვილდება პრივატიზაციის პროცესი. უკვე განხორციელებულ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გასაყიდად გამოტანილი შესაძლო ობიექტების თაობაზე ოპოზიცია და რიგი ექსპერტები პროტესტს აცხადებენ, თუმცა პარლამენტში ძალთა თანაფარდობას თუ გავითვალისწინებთ, დღევანდელი ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც სურს.

პრივატიზება მხოლოდ აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის წესით
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უქმდება სახელმწიფო ქონების კონკურსის და იჯარა-გამოსყიდვით პრივატიზების ფორმები. ამიერიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზება მხოლოდ აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის წესით მოხდება. უკვე ამ ცვლილების გამო ოპოზიციას შეკითხვები უჩნდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხომ თითქმის ყველა მსხვილი ობიექტი კონკურსის წესით გაყიდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ პრივატიზების ამ ფორმის გამოყენება ეკონომიკურად არაეფექტურია. ექსპერტების თქმით კი, კონკურსის წესით მიყიდვისას ჩინოვნიკებისათვის "შავი ფულის" შოვნა გაცილებით მარტივია.

სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საკუთრების იმ მყიდველებისთვის გადაცემას ასახელებენ, რომელიც პირობებს სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს. პირდაპირი მიყიდვისასაც საკუთრების უფლება იმ დაინტერესებულ პირს გადაეცემა, რომელიც ასევე კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პრივატიზების დადგენილ პირობებს. ორივე შემთხვევაში პირობების დადგენა და გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შემთხვევაში სახელმწიფო ქონება უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიეყიდება კონკრეტულ პირს. აქ ექსპერტთა განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი იმ ჩინოვნიკზე ან ჩინოვნიკთა ჯგუფზეა დამოკიდებული, ვინც ამ ბრძანებულების პროექტს უმზადებს პრეზიდენტს.

ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი მიყიდვის წესმა მახინჯი ფორმა მიიღო და პრეზიდენტს ეს უფლება უნდა ჩამოერთვას, თუმცა "პრეზიდენტი არათუ  უარს ამბობს ამ უფლებაზე, არამედ პირიქით, ეშხში შედის და მეტ ტკბობას განიცდის", - აღნიშნავს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

აუქციონით პრივატიზების წესი განსხვავებულია: გასაყიდად გამოდის რომელიმე საწარმოში სახელმწიფოს ხელთ არსებული აქციათა სრული პაკეტი. საწყისი ფასი საკმაოდ მაღალია. თუ ამ ფასად არ გაიყიდა, იწყება ფასის თანდათანობით შემცირება, საბოლოოდ კი პაკეტი იყიდება ნულოვან აუქციონზე. რადგანაც აქციათა პაკეტი არ იშლება, აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას არა აქვს. ამ წესიდან გამომდინარე, თუკი ობიექტის ყიდვის მსურველი არსებობს, ის ფასს მანამდე ჩამოაწევინებს, სანამ არ გამოჩნდება აუქციონში კონკურენტის ჩართვის საფრთხე.

რიგი ექსპერტები აცხადებენ, რომ პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენებით შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგეს. მთავრობის წარმომადგენლები ასეთ ეჭვებს არარეალურად მიიჩნევენ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის კახა დამენიას თქმით, უქმდება კონკურსის ფორმა, რომელსაც ენაცვლება პირობითი აუქციონი. კონკურსის შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა დახურულ კონვერტში ჩადებული წინადადებების გახსნის შედეგად. აგრეთვე, შესაძლოა ყოფილიყო სხვა პირობები, რაც თეორიულად სუბიექტური გადაწყვეტილების ალბათობას ზრდიდა. პირობითი აუქციონის შემთხვევაში, ფასის გარდა, დამატებითი პირობები ყველასთვის ერთნაირი იქნება, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება ღია აუქციონით, ე.წ. "ჩაქუჩის" მეთოდით, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია. რაც შეეხება პირდაპირ მიყიდვას, ეს განსაკუთრებული ობიექტის შემთხვევაში ხდება და უსაფრთხოების გარანტი აქ თავად პრეზიდენტი გამოდის. "პირდაპირი მიყიდვით ხდება ობიექტის პრივატიზება ისეთ კომპანიაზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ქვეყნისთვის რისკს არ წარმოადგენს", - აღნიშნავს დამენია.

"სტრატეგიული ობიექტების" რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება
ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს იმ ობიექტების ნუსხის მკვეთრად შემცირების გამოც, რომელთა პრივატიზებაც აქამდე არ შეიძლებოდა. "ყველაფერს რომ ყიდიან, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ამან უკვე ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ტყუილუბრალოდ ამ კანონპროექტს რომ არ შემოიტანდნენ, ფაქტია. როგორც ჩანს, მათ მყიდველებიც უკვე შეგულებული ჰყავთ და ნუ გაგიკვირდებათ, ხვალ რომ ეს ჩამოთვლილი ობიექტები ბენდუქიძის მეგობარი რუსების ხელში აღმოჩნდეს, ამის მერე კი ხელისუფლებაზე რა გავლენას მოიპოვებენ და მანიპულირების როგორი საშუალება ექნებათ, ადვილი წარმოსადგენია", - აცხადებს ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენელი პარლამენტარი ირაკლი იაშვილი.

ოპოზიციის და ექსპერტების შენიშვნებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხი მზად აქვთ. "სახელმწიფოს მიდგომა არის შემდეგნაირი, რომ ყველა ობიექტს, რაც უნდა ღირებულება გააჩნდეს, მას უნდა ჰყავდეს თავისი პატრონი, რათა ელემენტარულად არსებობდეს ამ ქონებაზე პასუხისმგებელი. გეთანხმებით, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება სტრატეგიულ ობიექტებსაც, მაგრამ ეს მოხდება მთავრობის კონტროლით", - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.

ოპოზიციისათვის, რომელიც პრივატიზებით სახელმწიფო ჩინოვნიკების პირდაპირ დაინტერესებაზე საუბრობს, ამგვარი განცხადებები არადამაჯერებელია. ხელისუფლებას შეუძლია ოპოზიციას საერთოდ არ გაუწიოს ანგარიში. მოახლოებული არჩევნების პირობებში კი პრივატიზების თემა ერთ-ერთი წამყვანი შეიძლება აღმოჩნდეს მხარდამჭერთა მობილიზების საქმეში.

ამჟამად მოქმედი კანონით, პრივატიზებას არ ექვემდებარება "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის ლიანდაგი და მასთან დაკავშირებული სიგნალიზაციის, ტელეკომუნიკაციის, დისპეტჩერიზაციის და ენერგომომარაგების სისტემები, გაზის მაგისტრალური მილსადენები, საავტომობილო გზები, თვითმფრინავის მართვის სისტემები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი". ახალ კანონპროექტში კი ამ მუხლიდან დარჩენილია მხოლოდ გაზის მაგისტრალური მილსადენი, საავტომობილო გზები (ალტერნატიული გზის არარსებობისას), საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები. რკინიგზა კი კანონის ახალი რედაქციით მთლიანად შეიძლება გაიყიდოს.

კანონპროექტში საერთოდ აღარ არსებობს შემდეგი პუნქტი: "წყალმომარაგების სათავე-ნაგებობები, წყალსადენის სატუმბავი სადგურები და მაგისტრალური მილსადენები, საკანალიზაციო სისტემების მაგისტრალური კოლექტორები და რეგიონალური გამწმენდი სადგურები".

კანონის იმ მუხლიდან, სადაც საუბარია სასაფლაოებზე და პანთეონებზე, კანონპროექტში მხოლოდ პანთეონია დარჩენილი. პრივატიზაციის აკრძალვა აღარ შეეხება სახელმწიფო სასაფლაოებს, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და სასაზღვრო ზონას, სამობილიზაციო მარაგს, სახელმწიფო რეზერვს და ძვირფასი ლითონების მარაგს, ასევე სახელმწიფო წყალსადენის და საკანალიზაციო მეურნეობის ერთიან სისტემას.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომებზე, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, შუქურებსა და შუქნიშნებზე აკრძალვა რჩება. თუმცა კანონპროექტში ნახსენები აღარ არის, რომ აკვატორიის პრივატიზებაც არ შეიძლება.

სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები კი სახელმწიფო ქონების ფორმულირების ნაცვლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ქონებად გადაკეთდა. ექსპერტთა განცხადებით, ამ სტატუსის მოხსნა მარტივად შეიძლება და ეს შენობებიც ასევე მარტივად შეიძლება საპრივატიზაციო ნუსხაში აღმოჩნდნენ.

ოპოზიციის შეფასებით, სახელმწიფომ ამ ახალი კანონპროექტით განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტები არ სჭირდება და იმასაც ეჭვობენ, რომ შეიძლება მათ მყიდველებიც უკვე შეგულებულები ჰყავთ. "არა აქვს მნიშვნელობა სახელად რა ერქმევა - სტრატეგიული ობიექტი თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი. აქ ძირითადად საუბარია ობიექტებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და არ შეიძლება მათი პრივატიზაცია ე.წ. ფსევდოლიბერალიზმის დროშის ქვეშ განახორციელო", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის უკან სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე მოიაზრება, რომელიც ყველაფერს ხელში უგდებს რუსულ კაპიტალს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლებელია ხელისუფლებაში ვიღაცეები რუსეთისაგან დავალებულები არიან და მათ ახლა ვალდებულების შესრულებას სთხოვენ. "ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად რუსეთთან საომარი რიტორიკისა, ჩვენს ხელისუფლებაში რუსეთის ლობისტები მრავლად არიან წარმოდგენილნი", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, ძალიან შემაშფოთებელია, რომ ბოლო დროს ხელისუფლებაში რუსული ინტერესების გამტარებელ ადამიანებთან "თავისუფლების ინსტიტუტმა" შემაშფოთებელი პარტნიორობა დაიწყო. "ყველა ვხედავთ, რომ პარლამენტში ბენდუქიძესთან ერთად თავისუფლების ინსტიტუტის წამყვანი ჯგუფი ერთობლივ ინიციატივებს ძალიან საეჭვოდ ახმოვანებს. რამდენიმე კანონპროექტი ბენდუქიძემ მათი ლობირებით გაიტანა", - აცხადებს ხუხაშვილი. იგი "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლებს "შეცდომაში შეყვანილებად" მიიჩნევს და გიგა ბოკერიას მოუწოდებს "ნუ ითამაშებს ბრმა ხელის როლს საკმაოდ ცუდი რუსული ინტერესების გატარებაში".

ეკონომიკის ექსპერტი "ბენდუნომიკის" შესახებ

ექსპერტთა კრიტიკის საგანი არა მარტო პრივატიზაციის პოლიტიკაა, არამედ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც არ უნდა იყოს გადატანილი აქცენტი პრივატიზაციაზე, ეკონომიკური პოლიტიკა მარტო ამით ვერ შემოიფარგლება და მისი სხვა ელემენტების იგნორირება მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს ქვეყანას. ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ქართული ეკონომიკა სახელმწიფო მინისტრის სახელს დაუკავშირა და "ბენდუნომიკა" უწოდა. "ჩვენ მოწმენი ვართ პროცესისა, როდესაც ქართული ეკონომიკა მსოფლიოს განსხვავებული ცნებებისა და ღირებულებების გზით ვითარდება. ჩემი აზრით, ეკონომიკას ვერ უწოდებ იმას, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ ვართ მოწმენი ქართული "ბენდუნომიკისა", რომლის საწყისები მოიცავს ცნობილი ეკონომიკური რეფორმატორების ცნებების იგნორირებას", - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

გარდა ამისა, სოსო ცისკარიშვილი გამოყოფს "ბენდუნომიკის" დამახასიათებელ ნიშნებსაც:

- ერჰარდის ფუნდამენტურ პოსტულატს "კეთილდღეობა ყველასთვის" ბენდუნომიკა ცვლის საკუთარი მოდელით "კეთილდღეობა რჩეულთათთვის", რაც პრაქტიკაში ხშირად ხორციელდება როგორც "კეთილდღეობა მე!";

- ბალცეროვიჩის "შოკური თერაპიის" ნაცვლად, რომელსაც ზოგი აქებს და ზოგი ლანძღავს, ბენდუნომიკა ახორციელებს "უნარკოზო ქირურგიას", რაც უაღრესად მტკივნეულია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის;

- "ბენდუნომიკის" ყველაზე დასამახსოვრებელ პრინციპს წარმოადგენს მოწოდება "გავყიდოთ ყველაფერი სინდისის გარდა", რაც ცისკარიშვილის აზრით, საუკეთესო "ბენდუნომიკურ ეფექტს" იძლევა იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს წინასწარ უკვე სარფიანად აქვს გასხვისებული საკუთარი სინდისი. ამასთან, სასურველია - საზღვარგარეთ.

- "ბენდუნომიკა" არ აღიარებს სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტების არსებობას. ამით ის რადიკალურად ემიჯნება რუსეთის დღევანდელ უმთავრეს ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ნავთობსა და გაზსადენებს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და ეკონომიკის სტრატეგიული დარგების, პირველ რიგში კი ენერგეტიკის დაუფლებით ე.წ. "ლიბერალური იმპერიის" შექმნის გეგმას ახორციელებს. 

ამ პოლიტიკის ყველაზე თვალშისაცემი შედეგია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის კიდევ უფრო გაღატაკება და გასაყიდად გამოტანილი სტრატეგიული ობიექტების უმრავლესობის რუსეთის კონტროლის ქვეშ გადასვლა პირდაპირ თუ ირიბი ფორმით.

ამ თემაზე არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ეკონომისტ ლადო პაპავასაც. მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად საშიშია რუსული და ყაზახური ინვესტიციები. "რუსებმა უკვე მოაქციეს სომხეთი ლიბერალურ იმპერიაში და საქართველოს მოქცევით შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური სივრცე", - აღნიშნავს პაპავა და მიუთითებს, რომ  ამ თვალსაზრისით იგივე ეფექტს იძლევა ყაზახური კაპიტალიც, რადგანაც "ემსახურება სწორედ ევრაზიული იმპერიის შექმნას".

ვინ მიეკუთვნება "საშუალო კლასს" საქართველოში

პრივატიზაციის პოლიტიკაზე საუბრისას აქცენტი უმრავლეს შემთხვევაში გადატანილია უსაფრთხოების საკითხებზე და სათანადო ყურადღება არ ექცევა პრივატიზაციის სოციალურ შედეგებს. ამ მხრივ შედეგი კი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ღატაკთა კატეგორიაში აღმოჩნდა. ხელისუფლება სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფი ადამიანების რაოდენობის შემცირებას მხოლოდ "სიღარიბის ზღვარის" ხელოვნური შემცირებით ახერხებს.

მასობრივი პრივატიზაციის პოლიტიკას არ მოჰყოლია ქვეყანაში საშუალო კლასის განვითარება, არადა საშუალო კლასი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში, იგი ერთგვარად აკავშირებს საზოგადოების დანარჩენ ორ დიდ, ფაქტობრივად პოლარიზებულ ჯგუფს - მდიდრებსა და ღარიბებს. მის სიდიდეზე, პოზიციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების ვექტორი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ფონი. როგორც ეკონომიკური ექსპერტი იოსებ არჩვაძე აღნიშნავს, "საშუალო კლასი" არაა ის მოსახლეობა, რომელიც "საშუალოდ" მოიხმარს და "საშუალო შემოსავალი" აქვს. ზოგადად, ეს მოხმარებისა და კეთილდღეობის გარკვეული სტანდარტიცაა.

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სოციალურ სტრატიფიკაციას ოპტიმალურობის აღიარებული პროპორციები აქვს. ასეთი ეკონომიკის პირობებში საშუალო კლასის წილად უნდა მოდიოდეს მოსახლეობის 60-65%, მდიდრების წილად - 20% მდე და ღარიბებისა - არა უმეტეს 15-20%.

საშუალო დონე საარსებო მინიმუმს 3-6-ჯერ აღემატება. ანუ საშუალო სტატისტიკური შემოსავლები და შემოსავლები, რითაც ინდივიდი, მეურნეობა შეიძლება მიეკუთვნოს საშუალო კლასს, ერთი და იგივე არ არის.

საქართველოში დღეს, მაგალითად, შინამეურნეობათა საშუალო შემოსავალი თვეში დაახლოებით 400 ლარია, შემოსავლების სიდიდე კი, რომელთა მიხედვითაც შინამეურნეობა შეიძლება საშუალო კლასს მივაკუთვნოთ, მასზე სამჯერ მეტი. იოსებ არჩვაძის შეფასებით, თბილისში საშუალო კლასისადმი მისაკუთვნებლად საშუალო (4-სულიან) ოჯახს უნდა ჰქონდეს ბინა (ან სახლი) - დაახლოებით 90-100 კვადრატული მეტრი, 4,5-9,0 ათასი დოლარის ეკვივალენტი წლიური მიმდინარე შემოსავალი და არანაკლებ 45-50 ათასი დოლარის დაგროვილი ქონება (ბინის გარდა).

საშუალო კლასისადმი მისაკუთვნებლად დამატებით (ან დაგროვილი ქონებიდან ჩანაცვლებით) შეიძლება მივიჩნიოთ 10-15 ათასი დოლარის ეკვივალენტი დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები ან საბანკო კრედიტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშუალო კლასისადმი იდენტიფიცირება გულისხმობს პიროვნების (ოჯახის) გარკვეულ ფინანსურ-ეკონომიკურ სიმყარეს, რომელიც არ შეიცვლება მისი დასაქმების სტატუსისა თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო, საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არანაკლებ 9 12 თვე).

ყოველივე ამის გამო, დაგროვილი ქონების, შემოსავლებისა და ხარჯების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, დღევანდელ საქართველოში საშუალო კლასის წარმომადგენლების რაოდენობა ზემოთაღნიშნულ ოპტიმალურ დონესთან შედარებით 8-ჯერ დაბალია. იოსებ არჩვაძის თქმით, საქართველოში თავისი ფაქტობრივი მოხმარებით, კეთილდღეობით საშუალო კლასს ამჟამად მოსახლეობის არა უმეტეს 8-9% მიეკუთვნება. ესაა დაახლოებით 320-350 ათასი კაცი. შესაბამისად, დღეისათვის საქართველოს შინამეურნეობათა 86% ღარიბია, ხოლო 5% - შეძლებულები და მდიდრები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღარიბ-ღატაკთა (საშუალო კლასს ქვემოთ მყოფთა) რაოდენობა 17-ჯერ აღემატება შეძლებულთა და მდიდართა (საშუალოზე ზემოთ მყოფთა) რაოდენობას. ამავე დროს უმდიდრესი 5%-ის შემოსავლები 63-ჯერ აღემატება უღარიბესი 5%-ის შემოსავლებს.

ასეთ პირობებში დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ძალზედ სათუოდ გამოიყურება. სანამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უმთავრესი პრობლემა სიღარიბე იქნება, ეს ადამიანები მხოლოდ ქარიზმატული ლიდერების ძიებით ან მოლოდინით იქნებიან დაკავებულნი.

დავით მალხაზიშვილი