ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ივეტა შარაჩიანი: "კვალიფიციური სამუშაოს არქონის გარდა საქართველოდან გამგზავრების სხვა რამ მიზეზი არ მქონია"
#8(92), 2007
სტუმარი - ამ რუბრიკის მეშვეობით ჩვენი ჟურნალი გაგაცნობთ საფინანსო-საგადასახადო სისტემაში (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში) მომუშავე პიროვნებებს.

რუბრიკის პირველი სტუმარია რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ივეტა შარაჩიანი, რომელიც ამჟამად ქ. მოსკოვში მუშაობს "მართვის უმაღლესი სკოლის" მთავარ ბუღალტრად.

ივეტა შარაჩიანი დაიბადა ქ. თბილისში, 1956 წლის 7 ოქტომბერს. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატური მართვის სისტემების სპეციალობით. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1983-87 წწ) განაწილებით მუშაობდა ინჟინერ-სისტემოტექნიკოსად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "რადიანში". შემდეგ მუშაობდა ინჟინრად 1987-90 წწ - "საქმთავმედტექნიკის" ტექნოლოგიურ განყოფილებაში, 1991-92 წწ - ავეჯის მწარმოებელ კომპანიაში "ლგვ" და 1993-94 წწ - სავაჭრო ფირმაში "ბემი". 1994 წლის ნოემბერში მოსკოვში გაემგზავრა. 1994 95 სწავლობდა სასწავლო ცენტრში "ევროპა" საბანკო და სავალუტო ოპერაციების სპეციალობით. 1995-96 წლებში იყო საზოგადოება "დინამოს" ბუღალტერი, 1997-98 წწ - "ბუტირსკის ხორცის ქარხანის" მთავარი ბუღალტერი, 1999-2005 წწ - ქ. ტვერში "ინვალიდების საზოგადოების" მთავარი ბუღალტერი და 2006 წლიდან დღემდე მოსკოვში ნაციონალური ინსტიტუტის "მართვის უმაღლესი სკოლის" მთავარი ბუღალტერია.

- ქალბატონო ივეტა, რთულია თუ არა რუსეთში ბუღალტრად მუშაობა? რამდენად დახვეწილი მარტივად გასაგებია იქაური კანონმდებლობა, თუ პირიქით, წინააღმდეგობრივია?

- საერთოდ, ბუღალტრად და განსაკუთრებით, მთავარ ბუღალტრად მუშაობა რთულია, იმიტომ რომ მთავარმა ბუღალტერმა ზუსტად უნდა იცოდეს ორგანიზაციის შინაგანი სტრუქტურა და მიმართულება; მას ძალიან კარგად უნდა შეეძლოს სამოქალაქო კანონმდებლობის, საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დებულების გამოყენება. კანონები, რომლებითაც ამჟამად უნდა ხელმძღვანელობდეს მთავარი ბუღალტერი, არასრულყოფილია; თავის დროზე, როდესაც ისინი მიიღეს, მათში არ იყო გათვალისწინებული ყველა ის მომენტი, რომელიც შემდეგ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. ამიტომ მუდმივად მიმდინარეობს კანონთა სრულყოფა.

- რუსეთის საგადასახადო კოდექსი როდისაა მიღებული?

- რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსი შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან პირველი 1998 წლის ზაფხულში, ხოლო მეორე 2000 წლის ზაფხულშია მიღებული. პირველ ნაწილში მოცემულია ზოგადი დებულებები, მეორე ნაწილში კი დეტალურადაა გაწერილი თვითონ კანონები კონკრეტული გადასახადებისა თუ მოსაკრებლების შესახებ. ცვლილებებს უმეტესწილად განიცდის საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილი.

- რამდენად მარტივი ენითაა დაწერილი ეს კანონები?

- კანონის წაკითხვა რთულია, იმიტომ რომ ენის სიმდიდრიდან (არა მხოლოდ რუსული, არამედ ნებისმიერი ენისა) გამომდინარე, ესა თუ ის ფრაზა შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გაგებული; მაგრამ რაც მე მომწონს ისაა, რომ ნებისმიერი შეუსაბამობა საგადასახადო კოდექსში ჩაწერილ კანონში განიმარტება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ.

- ვის მიერ განიმარტება?

- ამ კანონის წამკითხველის, ანუ ამ კანონის შემსრულებლის მიერ; ესე იგი, მე, როგორც მთავარი ბუღალტერმა და გადასახადის გადამხდელმა, ბუნებრივია, უნდა წავიკითხო ჩემს სასარგებლოდ.

- ინსპექტორი როგორ კითხულობს?

- ცხადია, ინსპექტორი კითხულობს თავის სასარგებლოდ; თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და რომელიმე გადასახადთან დაკავშირებით სასამართლო დავა წარმოიქმნება, როგორც წესი, კანონი განიმარტება გადასახადის გადამხდელის, ანუ ჩემს სასარგებლოდ. სწორედ ამგვარი მომენტების დაგროვების მერე კანონმდებლობაში შედის ხოლმე შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, რათა აღარ იყოს კანონის ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა.

- რა გზით შეუძლია რუსეთში ლეგალურად მუშაობის უფლების მოპოვება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ამ მიზნით სურს იქ ჩასვლა? რომელიღაც იქაური ფირმა კი ჰპირდება, შენ ოღონდ ჩამოდი და მერე მე მიგიღებო. ასეთ შემთხვევაში რა პროცედურები უნდა განვლოს ამ პიროვნებამ, რომ მუშაობა დაიწყოს?

- გააჩნია, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყველაზე მარტივია, როდესაც პიროვნებას (სულ ერთია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი) რომელიმე ფირმა ოფიციალურად იწვევს სამუშაოდ, ანუ არსებობს კონტრაქტი დამსაქმებელსა და მოწვეულ სპეციალისტს შორის, რომელიც იქ სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში პიროვნების შრომის უფლების მიღებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობის მოგვარებას (მათ შორის, შესაბამის ხარჯებს) დამსაქმებელი  თავად კისრულობს და ეს კეთდება მიგრაციის სამსახურის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს მუდმივი რეგისტრაციის შტამპი აქვს, მეტი აღარაფერი სჭირდება, - მას უკვე გააჩნია მუშაობის უფლება (მუდმივი რეგისტრაცია ნიშნავს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონას); ხოლო თუ პიროვნებას მხოლოდ დროებითი რეგისტრაცია აქვს, დავუშვათ, ერთი ან ორი წელი, მაშინ აუცილებელია დამატებით მიიღოს მუშაობის უფლება.

- ანუ ვთქვათ, რომელიღაც საწარმომ 2 წლით მიიწვია...

- ეს საწარმო მიგრაციის სამსახურის მეშვეობით აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს და გარდა ამისა, მანვე უნდა გადაიხადოს გადასახადი, რათა მიიღოს ოფიციალური ნებართვა იმაზე, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ 2 წლის განმავლობაში გარკვეული კონტრაქტით იმუშაოს ამ საწარმოში. 2 წლის ამოწურვის შემდეგ, თუკი ეს ადამიანი სჭირდება აღნიშნულ წარმოებას, მაშინ გარკვეული ვადით უგრძელებენ რეგისტრაციას და მუშაობის უფლებას.

დროებითი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება თვითონ, სამსახურის გარეშე შეძლოს ლეგალიზაცია.

- როგორ, რა გზით?

- შეიძლება იქ ბინა იყიდოს ან დაოჯახდეს.

- ანუ მთავარია ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი...

- დიახ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა თავისი არსით ძალიან წააგავს ამერიკულ "გრინ კარდს" ("მწვანე ბარათს"). შენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ გაქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მაშინ გაქვს ყველაფრის უფლება, გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.

- და როცა გიწვევენ?

- როცა გიწვევენ, გიწვევენ სამუშაოდ და არა მუდმივად საცხოვრებლად. ორგანიზაცია არ იზრუნებს იმაზე, რომ გქონდეს მუდმივი საცხოვრებელი. ოფიციალურად არც არის ის ვალდებული. უბრალოდ, მან უნდა უზრუნველგყოს საცხოვრებელი ადგილით და უნდა გაგხადოს ლეგალური იმ გაგებით, რომ გაქვს ლეგალურად მუშაობისა და ხელფასის მიღების უფლება. ხოლო თუ გსურს, რომ შემდგომში დარჩე რუსეთში, ამაზე თავად უნდა იზრუნო; ეს შენ თვითონ უნდა გააკეთო შინაგან საქმეთა ორგანოების მეშვეობით, სადაც უკვე სხვა წესებია და შეიძლება ეს სამუშაო ვიზა არც გამოგადგეს.

- დავუშვათ, პიროვნებას ოფიციალურად არ იწვევენ, მაგრამ ჰპირდებიან, შენ ოღონდ ჩამოდი და სამუშაოდ მიგიღებთო...

- მაშინ გაცილებით რთულადაა საქმე, ვინაიდან შეიძლება ღიად დარჩეს საკითხი მუშაობის უფლების შესახებ, ანუ შეიძლება დამქირავებელმა ვერ შეძლოს დანაპირების შესრულება. ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას მოუწევს გახდეს ლეგალური და ამისათვის კეთდება რეგისტრაციები.

სხვათა შორის, რეგისტრაციის გაკეთება ახლა გაცილებით ადვილი და ბევრად იაფია, ვიდრე 90-იან წლებში იყო. მაშინ თუ რეგისტრაციის გაკეთებას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებოდა, იძლეოდნენ მხოლოდ 45 დღეზე და დაახლოებით 150 დოლარი ჯდებოდა, ახლა კეთდება ერთ-ორ დღეში, როგორც წესი - 3 თვის ვადით და ღირს დაახლოებით 10 დოლარი. თუ არსებობს საამისო საფუძველი, რეგისტრაცია ყოველი 3 თვის შემდეგ გრძელდება.

- როგორ კეთდება რეგისტრაცია?

- ამისათვის მიდიხარ მილიციის რაიონულ განყოფილებაში იმ ადამიანთან ერთად, ვინც თანახმაა, რომ მის ბინაში დარეგისტრირდეთ.

რაც შეეხება მუშაობის უფლების მიღებას, ამასთან დაკავშირებით ადამიანმა თვითონ უნდა მიაკითხოს მიგრაციის სამსახურს, რომ უკვე აქ ვიმყოფები და ამა და ამ ორგანიზაციას სურს ჩემი, როგორც სპეციალისტის, სამსახურში მიღებაო. მიგრაციის სამსახურში ფორმდება სათანადო დოკუმენტები და შესაბამის თანხას იხდის ან ეს ორგანიზაცია ან თავად პიროვნება.

- თქვენ როდის და როგორ აღმოჩნდით რუსეთში?

- 1994 წლის ბოლოს მოსკოვში გავემგზავრე. კვალიფიციური სამუშაოს არქონის გარდა საქართველოდან გამგზავრების სხვა რამ მიზეზი არ მქონია. იქ არავის მივუწვევივარ, ჩემი რისკით წავედი. იმ დროს სავიზო რეჟიმი ჯერ არ არსებობდა, საბჭოთა პასპორტები ისევ ძალაში იყო, რაც საქმეს აადვილებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რეგისტრაცია გაცილებით რთული იყო.

- მაშინ საბუღალტრო გამოცდილება გაგაჩნდათ?

- არანაირი საბუღალტრო გამოცდილება არ მქონდა. განათლებით ტექნიკური სისტემების ინჟინერი ვარ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მართვის ავტომატიზირებული სისტემების სპეციალობით. ჩემი სპეციალობით სამუშაოდ გამანაწილეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ 3 წელი დავყავი. შემდეგ სპეციალობა გამოვიცვალე, მაგრამ რაკი ტექნიკური განათლება მაქვს, ინჟინრად ვმუშაობდი.

მოსკოვში რომ ჩავედი, მინდოდა იქ რომელიმე ბანკში დამეწყო მუშაობა და დავამთავრე საბანკო საქმის 6-თვიანი ფასიანი კურსები, სადაც ძალიან საფუძვლიანად გვასწავლიდნენ სხვადასხვა საგანს. ლექციები ყოველდღე გვქონდა, მარტო კვირაობით ვისვენებდით. ბუღალტრულ აღრიცხვას 3 თვის განმავლობაში გავდიოდით და იმ დროინდელი ლექციებით უაღრესად კმაყოფილი ვარ.

- რატომ წახვედით ამ კურსებზე, ვინმემ გირჩიათ?

- იმ დროს ბუღალტრებზე იყო დიდი მოთხოვნა და ამიტომ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ბევრი სწავლობდა, იმიტომ რომ რუსეთში საბაზრო ეკონომიკა დაიწყო; თვით ყველაზე პატარა საწარმოსთვისაც კი აუცილებელი გახდა ბუღალტრის ყოლა. როგორც ტექნიკური სფეროს წარმომადგენელმა, გადავწყვიტე, რომ ბუღალტერიის სფეროში წარმატება მექნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე სტუდენტური ასაკიც აღარ მქონდა.

- კურსების დამთავრებისთანავე იშოვეთ სამსახური?

- კურსები როგორც კი დავამთავრე, შემთხვევა დამეხმარა. ბანკის ნაცვლად ფიზკულტურულ-სპორტულ საზოგადოება `დინამოს~ ბუღალტერიაში აღმოვჩნდი, სადაც ძალიან კარგი სამსახური და ბუღალტერია იყო. საქმე ის გახლდათ, რომ "დინამოს", რომელიც თავად არაკომერციული ორგანიზაციაა, დაფუძნებული ჰქონდა 4 სხვადასხვა მიმართულების კომერციული ორგანიზაცია. ბუღალტერიაში ხუთნი ვმუშაობდით, ერთი საერთო მთავარი ბუღალტერი იყო და დანარჩენებიდან თითოეული თითო ორგანიზაციის ბუღალტერი ვიყავით.

- მაშინვე დამოუკიდებლად დაიწყეთ მუშაობა?

- მისვლიდან ოთხი თვის შემდეგ ჩამაბარეს ყველა უბნის წაყვანა, ანუ საკასო ოპერაციები, საბანკო ოპერაციები, საავანსო ანგარიშები, ხელფასები, ყველაფერი, გარდა გადასახადების დარიცხვისა და ანგარიშების ჩაბარებისა, რასაც უკვე მთავარი ბუღალტერი აკეთებდა. მას ვაბარებდით მთელ დოკუმენტაციას და იგი ჩვენი ნამუშევრების სისწორეს ამოწმებდა. მაშინ კომპიუტერიზაცია ჯერ არ იყო, ხელით ვმუშაობდით. როგორც დამწყები, ვერც კი ვაცნობიერებდი, ასეთ კარგ ადგილას რომ მოვხვდი. მოკლედ, მე იმ ბუღალტერიაში არაჩვეულებრივი სკოლა გავიარე.

ერთი წელი ვიმუშავე იქ და მერე სირთულეები დაიწყო, ვინაიდან აიკრძალა იმ უცხოელთა მუშაობა, ვინც შესაბამის ნებართვას არ აიღებდა. ყველგან დაიწყეს გამოდევნება რეგისტრაციის თუ მუშაობის ნებართვის არქონაზე და მე სამუშაოდან გამომიშვეს. გამომიშვეს არა იმიტომ, რომ საქმეს ვერ ვუძღვებოდი, არამედ იმის გამო, რომ პრაქტიკულად არალეგალურად ვიქეცი; ხოლო სავიზო რეჟიმის შემოღებამ რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმა.

1996 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისში დავბრუნდი; ჯერ კიდევ არ შემეძლო აქაურობას მოვწყვეტოდი და ვფიქრობდი, რაკი მოსკოვში რაღაც გამოცდილება შევიძინე, იქნებ აქ რამე სამსახური ვიშოვო-მეთქი. მაგრამ არაფერი გამომივიდა და 1997 წლის იანვრის დასაწყისში ისევ გავემგზავრე მოსკოვში. ამჯერად უკვე მიმიწვიეს, თუმცა ისეთი ფირმა იყო, სადაც ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწია.

- ქალბატონო ივეტა, მოსკოვში საერთოდ რთულია სამსახურის შოვნა, თუ ვინც ეძებს, კიდევაც პოულობს?

- ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მოსკოვშიც ძალიან ძნელია კარგი სამსახურის შოვნა. მაგრამ იმისათვის, რომ როგორღაც იარსებო, რაღაცა სამუშაოს ყოველთვის ნახავ.

- იქაურ გადასახადებზე რას იტყოდით? რა სახის გადასახადები არსებობს და როგორია მათი საპროცენტო განაკვეთები? საქართველოში 1 იანვრიდან 20%-იანი სოციალური გადასახადი უქმდება და სამაგიეროდ, საშემოსავლო გადასახადი 12%-იდან 25%-მდე იზრდება. რუსეთში ხელფასები როგორ იბეგრება?

- რუსეთში არსებობს ერთიანი სოციალური გადასახადი, რომლის დანიშნულებაა სახსრების მობილიზაცია, რათა რეალიზებული იყოს მოქალაქეთა უფლებები სახელმწიფო საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარებაზე. შესაბამისად, ეს გადასახადი ნაწილდება და ირიცხება სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდებში: რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდში, რუსეთის ფედერაციის სოციალური დაზღვევის ფონდში და რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფონდებში (სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდი და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდები). ეს არის დარიცხვა შრომის ანაზღაურების ფონდზე და ამას აკეთებს დამქირავებელი.

დღეისათვის ერთიანი სოციალური გადასახადი შეადგენს 26%-ს, საიდანაც 14% არის საპენსიო უზრუნველყოფა. ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი 13 პროცენტია.

- როგორია დღგ-ის განაკვეთი?

- ძირითადად არის 18%; თუმცა, სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციაზე (საკმაოდ ვრცელი ნუსხაა, რომელშიც შედის: ხორცი და ხორცპროდუქტები დელიკატესების გამოკლებით, პური და პურპროდუქტები, რძის პროდუქტები, საბავშვო კვება და ა.შ.) დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი არის 10%; ზოგიერთი სახეობა კი ამ გადასახადით საერთოდ არ იბეგრება. ამბობენ, რომ აპირებენ გარკვეული დროის შემდეგ 18%-იანი განაკვეთი 13%-ით შეცვალონ. ადრე 18%-ის მაგივრად 20% იყო.

არსებობს კიდევ ორგანიზაციების მოგების გადასახადი, რომელიც, გარკვეული გამონაკლისების გარდა, 24%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, არის აგრეთვე აქციზები და ა.შ.

რუსეთში, ჩვეულებრივი გადასახადების გარდა, არსებობს აგრეთვე დაბეგვრის სპეციალური რეჟიმები. ესენია დაბეგვრის გამარტივებული სისტემა და გადასახადი გარკვეული სახეობის საქმიანობიდან მიღებულ პირობით შემოსავალზე. თუ ორგანიზაციის მიმართ გამოიყენება დაბეგვრის გამარტივებული სისტემა, მაშინ ეს ორგანიზაცია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან, ქონების გადასახადისაგან და ერთიანი სოციალური გადასახადისაგან. 

- რა პერიოდულობით ბარდება ბალანსი საგადასახადო ორგანოში?

- ბალანსი ბარდება წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 30 რიცხვამდე. ანგარიშები ბარდება ზრდადი თანმიმდევრობით, ანუ ჯერ პირველი კვარტალის, მერე _ ნახევარი წლის, შემდეგ _ 9 თვის და ბოლოს _ წლიური. მაგრამ ბალანსების გარდა ბარდება აგრეთვე ანგარიშები სხვადასხვა გადასახადის მიხედვით, რომლებსაც ასევე თავ-თავისი ვადები გააჩნიათ. მაგალითად, მოგების გადასახადის საანგარიშო პერიოდებია: 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და ასე შემდეგ, ხოლო გადახდა უნდა მოხდეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 28 რიცხვისა; დღგ-ის გადახდა წარმოებს საგადასახადო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ამასთან ხდება ყოველთვე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაციის შემოსავალი (დღგ-ის გარეშე) თვეში 2 მლნ რუბლზე მეტს არ შეადგენს, მას უფლება ეძლევა დღგ კვარტალში ერთხელ გადაიხადოს; ერთიანი სოციალური გადასახადი და საპენსიოც 20 რიცხვამდე ბარდება, ხოლო სოციალური დაზღვევა - 15 რიცხვამდე. ასე რომ, პრინციპში, მთელი თვის განმავლობაში ბარდება ანგარიშები.

- რამდენად ხშირად ტარდება შემოწმებები?

- არსებობს საგადასახადო შემოწმებები და არსებობს შემოწმებები ფონდებიდან (საპენსიო ფონდიდან და სოციალური დაზღვევის ფონდიდან). ყველაზე ხშირად ფირმას ფონდები ამოწმებენ.

- ეს შემოწმებები ცალ-ცალკეა?

- ცალ-ცალკეა, ვინაიდან ჩვენ სოციალურ დაზღვევაში გადარიცხვებს რომ ვაკეთებთ, ამ ანგარიშიდან ხარჯებსაც ვწევთ. ვთქვათ, ქალი დეკრეტულ შვებულებაში მიდის და ამ შვებულებისა ეკუთვნის 10 ათასი რუბლი. ხომ არ ვეტყვი: მოიცა, მე ახლა წავალ, ანგარიშს ჩავაბარებ და ამ ფულს რომ გადმომირიცხავენ, მერე მოგცემ-მეთქი?! მას არ ვალოდინებ, ფირმის ფულს ვაძლევ, მაგრამ მერე ვახდენ გაწეული ხარჯის დეკლარირებას და სოცდაზღვევის ფონდში თუ უნდა გადამეხადა, ვთქვათ, 12 ათასი რუბლი, ვიხდი 2 ათასს. ამ მიმართებით სოცდაზღვევის ფონდი ძალიან სერიოზულად მუშაობს.

- ამ ფონდიდან მოდიან და ამოწმებენ?

- დიახ. ამოწმებენ ავადმყოფობის ფურცლებს; ამოწმებენ გადარიცხვებს; ამოწმებენ გაცემებს. ამჟამად რუსეთის სოცდაზღვევის ფონდი ყოველ ბავშვზე, დაბადებიდან წლინახევრის შესრულებამდე, ყოველთვიურად გასცემს გარკვეულ თანხას. თუ ბავშვი მეორეა, უფრო მეტს უხდიან. შეიძლება ბავშვი პირველი იყოს, მე არ მქონდეს ეს ინფორმაცია და მასზე მეტი თანხა გავცე, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ამიტომ სოცდაზღვევა მიმოწმებს ყველა იმ ხარჯს, რაც მისი ანგარიშიდან გავწიე.

საპენსიო ფონდიც ამოწმებს, მაგრამ შედარებით იშვიათად, ვიდრე სოცდაზღვევა.

- საპენსიო ფონდი რას ამოწმებს?

- დარიცხვებს ხელფასებზე და რა გადარიცხვებს აკეთებ. ვთქვათ, დამქირავებელმა, დაქირავებულს დაუნიშნა ხელფასი 1000 რუბლი. აქედან 14%, ანუ 140 რუბლი მიდის პიროვნების საპენსიო უზრუნველყოფაზე და კიდევ 6% მიდის საპენსიო უზრუნველყოფის ფედერალურ ბიუჯეტში; ანუ საპენსიოში სულ 20% ირიცხება; გარდა ამისა, 2,9% მიდის სოცდაზღვევის ფონდში, ხოლო სამედიცინო დაზღვევაზე (ფედერალურზე და ტერიტორიულზე ერთად) - 3,1%; მთლიანად გამოდის 26%. მაგრამ  არსებობს ე.წ. რეგრესული შკალა. ეს პროცენტები ხელფასის წლიური ფონდის შესაბამისად იცვლება.

- საგადასახადო სამსახური როგორ ამოწმებს?

- საგადასახადო ორგანოები კამერულ შემოწმებებს აწარმოებენ თავიანთი გრაფიკის მიხედვით; ხოლო თუ შემოწმება გასვლითია, საგადასახადო შედის შესამოწმებლად ორგანიზაციაში. ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადოს უფლება აქვს შეამოწმოს ორგანიზაციის მუშაობის მხოლოდ ბოლო 3 წელი. სხვათა შორის, საგადასახადო ორგანოები ითხოვენ და მიმდინარეობს კამათი, რომ შეიძლებოდეს  ორგანიზაციის ფუნქციონირებიდან არა მაინც და მაინც ბოლო 3 წლის, არამედ ნებისმიერი 3 წლის მუშაობის შემოწმება.

- რატომ ითხოვენ?

- იმიტომ, რომ შეიძლება ორგანიზაცია, ვთქვათ, ათი წელია, რაც მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეუმოწმებიათ და ახლა უნდათ შეამოწმონ.

- ასეც ხდება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ შემოწმდეს?!

- ხდება.

- და რა არის ამის მიზეზი?

- არ ვიცი. შესაძლოა საგადასახადო ორგანოებს ძალები არ ჰყოფნით. ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმით განსაზღვრავენ, თუ რომელი ფირმა შეამოწმონ. ჩემი აზრით, შეიძლება მათი ყურადღება ფირმის სერიოზულმა ბრუნვამ მიიპყროს. საქმე ისაა, რომ საგადასახადომ შემოწმებისას უნდა აღმოაჩინოს დარღვევები და ფირმა აიძულოს, რომ ბიუჯეტში დამატებით გადაიხადოს გარკვეული თანხა; ამიტომ თუ ფირმა პატარაა და მცირე ბრუნვა აქვს, შეიძლება მის მიერ გადახდილი ჯარიმებიც იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ "ჩიტი ბდღვნად არ ღირდეს".

ასევე, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც საგადასახადოს უფლება არა აქვს ჩაატაროს ფირმის გასვლითი შემოწმება, თუ ამ ფირმის ფუნქციონირების დაწყებიდან 3 წელი ჯერ არ გასულა. ასე იმიტომაა, რომ საგადასახადოს შესვლით არ შეფერხდეს ფირმის ფეხზე დადგომის პროცესი.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ფედერაციის სუბიექტი რაც უფრო დიდია, საგადასახადო ორგანოებს მით უფრო უჭირთ, რომ გასვლითი შემოწმება ყველა ფირმაში ჩაატარონ. ეს სავსებით ბუნებრივია. იგივე, მოსკოვში ძალიან ბევრი ფირმა ფუნქციონირებს და საგადასახადო ორგანიზაციებს ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევთ.

- რამდენად იოლია საგადასახადოსთან დავა? საგადასახადო დავების განხილვისას სასამართლო ობიექტურია, თუ პირიქით - ტენდენციური და დავა ძირითადად ინსპექტორების სასარგებლოდ წყდება?

- თუ საგადასახადო ორგანომ გასვლითი შემოწმების დროს კანონმდებლობასთან რაღაც შეუსაბამობა აღმოაჩინა და უნდა, რომ ამოიღოს შემცირებულად ნაჩვენები გადასახადი თუ ჯარიმა, ხოლო ორგანიზაცია თანახმა არაა, თვითონ საგადასახადო მიმართავს სასამართლოს და უკვე სასამართლოში წყდება ეს საკითხი. მე არ მსმენია იმის თაობაზე, რომ სასამართლო მიკერძოებას იჩენდეს რომელიმე მხარის მიმართ. ძალიან ხშირად გაზეთებში იწერება, რომ 70-80% სასამართლო საქმეებისა წყდება გადამხდელთა სასარგებლოდ, ე.ი. საგადასახადო ორგანოები ხშირად არ არიან მართლები.

- რამდენად არის გავრცელებული კორუფცია საგადასახადო ინსპექტორებს შორის?

- ამჟამად ასეთი სისტემაა: საგადასახადოში ანგარიშებს ან ფოსტით ვგზავნით, ან ვაბარებთ ელექტრონული სახით, ანდა მიგვაქვს საგადასახადოში და სარკმელში ვაბარებთ საგადასახადოს თანამშრომელს. არსებითად, ორგანიზაციას თავისი ინსპექტორი არ ჰყავს.

- თუკი მოვიდა, შეამოწმა და აქტი შეადგინა, სთავაზობენ გარიგებას: მოდი, აქტს ნუ დაწერო?

- ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ალბათ, შეიძლება მოლაპარაკება, თუმცა ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა და არც სხვებისგან მსმენია. მე ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინათ საქართველოში საგადასახადო ორგანოების მუშაკთა შორის კორუფცია ძალიან იყო გავრცელებული. ასეთი მასშტაბით რუსეთში არასდროს ყოფილა.

- ჩვენთან ახლა ფირმების უმეტესობა ცდილობს, რომ "თეთრად" იმუშაოს. რამდენიმე წლის წინათ რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული ქვეყნის შორეულ რეგიონებში დარეგისტრირებული ფიქტიური (ე.წ. "ერთდღიანი") ფირმების გამოყენება გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით. როგორაა ახლა?

- "ერთდღიანი" ფირმები ახლაც არსებობენ, მაგრამ მათ ებრძვიან, უწყობენ შემხვედრ შემოწმებებს; ერთხანს იმასაც ცდილობდნენ, რომ ამ ერთდღიანი ფირმების წინააღმდეგ ბრძოლა მათთან კავშირში მყოფი ორგანიზაციებისათვის დაეკისრებინათ. კერძოდ, იყო მცდელობა, რომ თუ შენი კონტრაგენტი, რომლის მეშვეობითაც რაღაც იყიდე ან სხვა რამ ოპერაცია განახორციელე, "ერთდღიანი" ფირმა აღმოჩნდა, მაშინ გარკვეული საგადასახადო სანქციები შენს მიმართ გამოიყენებოდეს. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია! მე თუ 100 ფირმასთან ვმუშაობ და თითოელ მათგანს შევამოწმებ, ამით, პრაქტიკულად, ჩემს სამუშაო პროცესს შევაჩერებ. ამიტომ თავად "ერთდღიანი" ფირმების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა. ქვეყანაში არსებობს იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი და თუ ფირმები, რომლებიც შეყვანილნი არიან ამ რეესტრში, საგადასახადო პერიოდის განმავლობაში არ აკეთებენ არავითარ მოძრაობებს ანგარიშზე და აგრძელებენ ნულოვანი ბალანსების ჩაბარებას, მაშინ მათ ფუნქციონირების უფლება აღარ აქვთ, ე.ი. ისინი ვერ შეძლებენ გასცენ დოკუმენტები და ა.შ.

- მაგრამ თუ არის რაღაც მსხვილი გარიგება, ფირმას უღირს რამდენიმე კვირის თუ თვეების განმავლობაში არსებობა...

- დიახ, ასეც ხდება, მაგრამ ეს უკვე არის ორგანიზებული დანაშაული და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის არა ბუღალტრის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე.

- საერთოდ, რა ტენდენციაა ფირმებსა და ორგანიზაციებში: ცდილობენ რაც შეიძლება სუფთად იმუშაონ, აჩვენონ შემოსავლები და ხარჯები, თუ პირიქით?

- სერიოზული ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ ხანგრძლივად იარსებონ და რომლებიც სახელს იხვეჭენ, რათა მერე ამ სახელმა მათზე იმუშაოს, ცდილობენ, ჯერ ერთი, კვალიფიციური ბუღალტრები აიყვანონ და მეორეც, გაიღონ ხარჯები აუდიტორული შემოწმებებისთვის; საქმე ისაა, ყოველმა ორგანიზაციამ იცის, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ იგი შეიძლება შეამოწმონ; ხოლო თუ 3 წლის განმავლობაში არ შეამოწმეს, მე-4 თუ მე-5 წელს მაინც შეამოწმებენ და რაკი ბაზარზე დიდხანს ყოფნას აპირებს, სუფთად უნდა იმუშაოს.

- ვისთვისაა სავალდებულო აუდიტორული შემოწმება?

- არიან ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებელ აუდიტს ექვემდებარებიან. ესენი არიან: ბანკები, სადაზღვევო ორგანიზაციები, ფონდები, ღია ტიპის სააქციო საზოგადოებები, რომლებსაც თავიანთი ფასიანი ქაღალდები ბაზარზე გამოაქვთ. როდესაც სერიოზული ბრუნვის მქონე ამა თუ იმ სოლიდურ ფირმას ამგვარი ვალდებულება არ გააჩნია, მაშინ მაინც მის ინტერესებშია აუდიტი ჩაუტარდეს, თუნდაც იმიტომ, რათა იცოდეს, რომ საგადასახადო პერიოდი ნორმალურად აქვს დახურული და სერიოზული საჯარიმო სანქციები არ ელოდება.

- რუსეთი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე ჯერ არ გადასულა. რა ეტაპზეა ამის გაკეთება?

- საერთაშორისო სისტემაზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას. უკვე 2 წელია, რაც ამის თაობაზე  წერენ. თუმცა, აგერ, 2007 წლის ნახევარზე მეტი გავიდა და მე ჯერ არ მსმენია, რომ ქვეყანა 2008 წლიდან უნდა გადავიდეს ბუღალტრული აღრიცხვის ახალ სისტემაზე. მაშასადამე, 2008 წელიც საეჭვოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საამისოდ მზადება უკვე უნდა მიმდინარეობდეს.

- რამდენად ხშირია ცვლილებები რუსეთის საგადასახადო კოდექსსა და საგადასახადო კანონმდებლობის მარეგულირებელ სხვა ნორმატიულ დოკუმენტებში? მოგეხსენებათ, ხშირი ცვლილებები მეწარმეს ხელს უშლის მუშაობაში...

- ხელს უშლის, მაგრამ საქმე ისაა, რომ საგადასახადო კოდექსი როცა შექმნეს, ის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კანონი, თავიდან არ იყო სრულყოფილი. ამიტომ თავიდანვე ითქვა, რომ მომავალში შესწორებები იქნებოდა; ეს ბუნებრივიცაა. ცხოვრება მიდის, იცვლება და ხშირად ცვლილებები შეეხება გარკვეული სახის საქმიანობებს, მაგალითად საბანკო სტრუქტურებს. ძირითადად ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილში, რომელშიც გაწერილია კანონები კონკრეტული გადასახადების შესახებ. მაგრამ, როგორც წესი, ეს შესწორებები ძალაში შედის ხოლმე მომავალი საგადასახადო პერიოდიდან, ანუ მომდევნო წლის 1 იანვრიდან.

- ჩვენი საგადასახადო ორგანოები დღითიდღე ამკაცრებენ ბრძოლას იმ მოვაჭრეთა წინააღმდეგ, ვინც თავს არიდებს სალარო აპარატის გამოყენებას; თუმცა, ზოგიერთი ხარჯის გაწევის დროს მაინც რთულია ან შეუძლებელიც კი შესყიდვის დამადასტურებელი საბუთის მიღება (ბაზრობაზე, ვთქვათ, მანქანის ნაწილს თუ შეიძენ, ზოგი იძლევა საბუთს და ზოგი - არა). რუსეთში ამ მხრივ მოწესრიგებულია, თუ იქაც ხშირია ისეთი ხარჯები, რომელზეც შესყიდვის დამადასტურებელი საბუთის მოტანა არ შეუძლიათ? რუსეთში ბაზრობებსა და ჯიხურებში თუ არის სავალდებულო სალარო აპარატები და მყიდველისთვის ჩეკის მიცემა?

- ჯიხურებში ფულს რომ იხდი, ჩეკს არ გაძლევენ; შესაძლოა, ჩეკს მერე არტყამენ. ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ და ამიტომ არ ვიცი.
ადრე სალარო აპარატები იყო მხოლოდ საცალო ვაჭრობის ქსელში. ახლა დაავალდებულეს, რომ ნებისმიერი ფულადი ამონაგები, რომელიც მიდის თვით საბითუმო ორგანიზაციების მეშვეობითაც კი, უნდა გატარდეს სალარო აპარატში. ანუ სალარო აპარატი უნდა შეიძინოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელსაც სურს თავის სალაროში ნაღდი ფულადი ამონაგები ჰქონდეს. დღესდღეობით ბაზრობებზე სალარო აპარატები არის მხოლოდ სტაციონალურ სავაჭრო წერტილებში; დახლებზე არა აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ იქაც უნდათ ამის გაკეთება.

- როგორ ახდენთ საკუთარი პროფესიული დონის თვითამაღლებას? რუსეთში გამომავალ პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებს რეგულარულად თუ კითხულობთ და რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

- ვკითხულობ და ცხადია, მერჩია გაცილებით მეტი წამეკითხა, მაგრამ საკმარისი დრო არ მრჩება, რადგან მძიმე სამუშაო მაქვს. აუცილებლად ვკითხულობ ყოველკვირეულ გაზეთს "Экономика и Жизнь", რომელიც გამოწერილი მაქვს. გაზეთი ზოგადია და სქელტანიანი. მასში კიდევ არის ჩანართი. მარტო ჩანართი 12-ფურცლიანია. ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდის, მაგრამ ძირითადად ამ გაზეთს ვკითხულობ. გარდა ამისა, კომპიუტერში მაქვს ორი სისტემა "გარანტი" და "კონსულტანტ პლუს". საჭირო შემთხვევაში მე  შემიძლია ამ სისტემების მეშვეობით კანონებიც წავიკითხო და გარკვეული კითხვა-პასუხებიც. კიდევ მაქვს წიგნები, რომლებითაც ვხელმძღვანელობ. საგადასახადო კოდექსი და შრომის კოდექსი ჩემი სამაგიდო წიგნებია.

- ჩვენს ჟურნალებს თუ გაეცანით და რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- გავეცანი. მათი აგების სტრუქტურა ძალიან ჰგავს რუსეთში გამომავალი ჟურნალებისას. რამდენიმე წლის გამოწერილი მქონდა "Бухгалтерский учет" და "Налоговый курьер", რომელთა აგების პრინციპიც თითქმის ასეთივეა. არის, მაგალითად, კითხვა-პასუხი, ნორმატიული აქტები, კომენტარები, სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებები. რუბრიკა, რომელიც რუსეთში გამომავალ ჟურნალებში არ შემხვედრია, მაგრამ თქვენს ჟურნალში გაქვთ და ძალიან მომეწონა, არის "ლოგიკური ამოცანა".

- ადრე ძალიან დიდი სხვაობა იყო მოსკოვში და საქართველოში ბუღალტრების ანაზღაურებას შორის. როგორია ახლა იქ მთავარი ბუღალტრის საშუალო ხელფასი?

- დღეისათვის რუსეთის რეგიონებში მთავარი ბუღალტრის საშუალო ხელფასი 500 დოლარიდან იწყება. მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში ის იწყება 1000 დოლარიდან და შეიძლება მიაღწიოს 5-10 ათას დოლარამდე. ინტერნეტში ძალიან ბევრი ვაკანსიაა, სადაც ორგანიზაციები ბუღალტრებს კარგად ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ.

- რა ხანია, თქვენ მოსკოვთან ახლოს ბინა შეიძინეთ, ახლა იქ საკუთარი ჭერი გაგაჩნიათ; ბინა თბილისშიც გაქვთ და ხართ საქართველოს მოქალაქე. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქე გახდეთ?

- არა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვერ ვიტყვი! აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის აქაური სული უფრო ახლოა, ვიდრე იქაური. მაინც ძალიან ძნელია, მოწყვეტილი იყო შენს სამშობლოს, ადგილს სადაც ცხოვრობდი, აქაურ მენტალიტეტს და მეგობარ-ახლობლებთან ურთიერთობას. ნოემბერში 13 წელი შესრულდება, რაც აქედან წავედი. მე მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ეს არის გარკვეული მსხვერპლი იმისათვის, რომ მე მიმეღო კარგი გამოცდილება და შემეფასებინა, თუ რა შემიძლია. გამგზავრების მიზეზი იყო აქ ჩემთვის კვალიფიციური სამუშაოს არქონა.

- კარგი ბუღალტრები ახლა უკვე საქართველოშიც სჭირდებათ. რა პირობების შესრულებაა საჭირო, რათა აქ დაბრუნდეთ?

- ჩემთვის მთავარია, რომ საინტერესო სამუშაო მქონდეს. ეს ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელფასი. ადრე, როცა საერთოდ არ მქონდა ხელფასი და მე ჯერ კიდევ არ ვიყავი საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ხელფასი, თუნდაც, როგორც საარსებო წყარო. ახლა კი მნიშვნელოვანია წრე, რომელთანაც ვიქნები. განსაკუთრებით არსებითია, რომ ჭკვიანი, გამგები ხელმძღვანელი მყავდეს.

- რას გულისხმობთ "საინტერესო სამსახურში"?

- ჩემთვის საინტერესო არაა იმ ფირმაში მუშაობა, რომელიც, ვთქვათ, ასანთით ვაჭრობს. ჩემს სამსახურში უნდა იყოს რამდენიმე სახის საქმიანობა, რათა შემეძლოს ჩემი ცოდნის რეალიზება. ანუ მაქვს 3 მოთხოვნა: კარგი სამსახური, ნორმალური ხელფასი და ჭკვიანი, გონიერი, კარგი განათლების მქონე ხელმძღვანელი.

- მაინც, რამდენია ეს ნორმალური ხელფასი?

- რა თქმა უნდა, ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს ჩემს დონეს. ხომ არსებობს, ალბათ, აქ შრომის ბაზარი და ბაზარზე ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

- ჩვენი საუბრის ბოლოს რამის დამატება ხომ არ გსურთ?

- დავძენ იმას, რომ თუ გსურს მოახდინო თვითრეალიზება, მიაღწიო დასახულ მიზანს, გახდე კარგი სპეციალისტი, - უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი, არ უნდა ჩათვალო, რომ ვიღაცა შენზე უკეთესად წაიკითხავს საგადასახადო კოდექსს თუ სხვა რამეს; ანუ უნდა გჯეროდეს, რომ შენ ისევე და უფრო უკეთესადაც კი შეგიძლია ამის გაკეთება; ხოლო როცა ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია, სხვაც დარწმუნებულია მასში.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე