ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ოთხიანი მინუსით
#8(92), 2007
"დიდი ოთხეულის" წილი რუსეთში აუდიტის ბაზარზე შემცირდა

"რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ პირველად თავისი ისტორიის მანძილზე ჩაატარა რუსეთის აუდიტორული ბაზრის გამოკვლევა. მიღებული შედეგები შეიძლება სენსაციურად ჩავთვალოთ: ე.წ. აუდიტური კომპანიების დიდი ოთხეული მრავალი რუსი და უცხოელი ექსპერტის მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, ამჟამად აკონტროლებს რუსეთის ბაზრის არა 70-80%-ს, არამედ ორ-სამჯერ უფრო ნაკლებს".

ასე იწყება ვიტალი ბუზას და ოლგა კოჩევას სტატია "Четверка с минусом", რომელიც გასულ თვეში გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა რუსულმა ჟურნალმა "კომერსანტ დენგი"-მ (# 30(637), 06.08-12.08.2007 წ.). სტატია ეხება რუსეთში აუდიტურ კომპანიებს შორის ბაზრის განაწილებას, მაგრამ ვფიქრობთ, ის საინტერესოა ქართველი მკითხველისათვის, ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული სტატიის რამდენიმე ვრცელი ფრაგმენტი ჩვენს ჟურნალშიც დავბეჭდოთ.

ციტატები სტატიიდან:

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს გამოკვლევამ აჩვენა, რომ ე.წ. აუდიტური კომპანიების დიდი ოთხეული (PricewaterhouseCoopers, Ernst & Young, Deloitte, KPMG) რუსეთში 2006 წლის შედეგის მიხედვით აკონტროლებს აუდიტის ბაზრის 31%-ს, მაშინ, როცა ექსპერტთა ფართოდ გავრცელებული აზრი აქამდე "დიდი ოთხეულის" წილად რუსეთში 70-80%-ს მიიჩნევდა.

"ჩვენი ეს დასკვნები მნიშვნელოვანია რუსეთში აუდიტის პროფესიის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას რუსეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსური კონტროლის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ლეონიდ შნეიდმანმა. - უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ბაზარი ჩამოყალიბდა და საკმარისად მდგრადად ფუნქციონირებს, მაღალი ტემპებით ფართოვდება და ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. გაწეული მომსახურების მოცულობა განუხრელად მატულობს - 2006 წელში ის 2005 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წლის პირველ ნახევარში ბაზრის ექსპერტული შეფასებები მოწმობენ მის შემდგომ ზრდას. ასევე სტაბილურად მატულობს იმ კლიენტთა რიცხვი, რომლებიც აუდიტორული ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობენ. მაგალითად, 2006 წელში სავალდებულო აუდიტის ნაწილში ზრდამ 2005 წელთან შედარებით 20% შეადგინა".

ამგვარად, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ "დიდი ოთხეულის" წილი რუსეთის ფედერაციაში აუდიტორული მომსახურების ბაზარზე ორ-სამჯერ უფრო ნაკლებია რუს და უცხოელ ექსპერტთა შორის აქამდე გავრცელებული შეფასებებისაგან. და ეს აღმოჩნდა ერთგვარი შოკი "დიდი ოთხეულის" ზოგიერთი კომპანიისათვის, რომლებსაც ამის თაობაზე საკუთარი აზრის გამოთქმა გაუჭირდათ...

ამ შეფასებებს სამამულო ნაციონალური აუდიტის ლიდერებიც დაეთანხმნენ. ასე, მაგალითად, კომპანია "BKR-ინტერკომ-აუდიტში" განაცხადეს, რომ "31% სულაც არ მოსჩანს შემცირებულ რიცხვად". "უკანასკნელ ხანებში რუსი აუდიტორები უფრო და უფრო წარმატებულად უწევენ კონკურენციას "დიდ ოთხეულს", ამასთან არა ფასობრივი დემპინგით, არამედ მომსახურების ხარისხისა და მეტი მოქნილობის წყალობით. მაგალითად, "დიდი ოთხეული" უპირატესად იღებს მხოლოდ მსხვილ შეკვეთებს, - განაცხადა "BKR-ინტერკომ-აუდიტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ვიტალი სემეხინმა. - ჩვენი კომპანიის კვლევებმა დაადასტურა, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობს არა უმეტეს 2 ათასი კომპანიისა, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი შეკვეთის მოცემა, რაც "დიდი ოთხეულის" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, თანაც მათი უმეტესობა - საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლობებია. დანარჩენი ასეულ ათასობით ორგანიზაცია რუსი აუდიტორების მომსახურებით სარგებლობს. ასე რომ, თუ დავითვლით "დიდი ოთხეულის" წილს რუსული კომპანიების (უცხოური ინვესტიციების გარეშე) სექტორში, ის 15%-ზე მეტი არ იქნება"...

"ბდო იუნიკონის" ხელმძღვანელმა ანდრეი დუბინსკიმ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის კომპანიის წილი რუსეთის აუდიტის ბაზარზე შეაფასა როგორც 7-10% "მომსახურების სახეობების მიხედვით", ხოლო მთლიანად ქვეყანაში აუდიტორული მომსახურების ბაზრის მოცულობა - დაახლოებით 30 მილიარდი რუბლით (რაც შეესაბამება ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს) ...

ამგვარად, ფინანსთა სამინისტროს ციფრები, "დიდი ოთხეულისა" და წამყვანი რუსული აუდიტური კომპანიების წარმომადგენელთა შეფასებები გვიჩვენებს, რომ ოთხი საერთაშორისო აუდიტური კომპანია ბაზრის 7-8%-ს ფლობს (თითოეული), ხოლო ყველაზე მსხვილი რუსული აუდიტური კომპანია კი - 7 10%-ს (ასე რომ, ხუთ წამყვან მოთამაშეს ბაზრის 40% უკავია).

შემოსავლების მიხედვით პირველი 50 აუდიტური კომპანიის ხვედრითი წილი რუსეთის აუდიტის ბაზარზე  (%)
     

რუსეთის ფინანსთა სამინისტროსაგან განსხვავებით, რომელმაც რუსეთის აუდიტის ბაზრის კვლევა პირველად ჩაატარა, საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო საქართველოში აუდიტის ბაზრის კვლევას რეგულარულად ახორციელებს. ამასთან, ბოლო 7 წლის მანძილზე ამ კვლევის ძირითადი ანალიტიკური შედეგები ქვეყნდება ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ მომზადებული შემაჯამებელი სტატია 2006 წელს საქართველოში აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა "ააფი"-ს 2007 წლის #5(89)-ში. ამ სტატიაზე დაყრდნობით, მოვახდინოთ შედარებითი ანალიზი საქართველოსა და რუსეთში აუდიტის ბაზრებზე არსებულ სიტუაციებს შორის. გამოვყოფთ სამ სხვაობას, რომელიც თვალშისაცემია:

1) თუ რუსეთში "დიდი ოთხეული" თანაბრად აქტიურობს, საქართველოში ამ ოთხეულიდან ლიდერთა შორის მხოლოდ სამია: Ernst & Young, PricewaterhouseCoopers და Deloitte & Touche. "დიდი ოთხეულის" მე-4 წევრი, KPMG, საქართველოში ნაკლებად აქტიურია და მისი მაჩვენებლები საქართველოს წამყვანი აუდიტური კომპანიების საუკეთესო ოცეულში არასოდეს მოხვედრილა.

2) რუსეთში აუდიტის ბაზარი 2006 წელს 14% ით გაიზარდა 2005 წელთან შედარებით, საქართველოში კი ბაზრის ზრდამ იმავე პერიოდში 87% შეადგინა.

3) საქართველოში სამ წამყვან საერთაშორისო აუდიტურ კომპანიას 2006 წელს აუდიტის ბაზრის 53% ეკავა, ხოლო საუკეთესო ოცეულში შემავალ დანარჩენ ჩვიდმეტ ქართულ აუდიტურ კომპანიას - 35%. რუსეთში კი "დიდი ოთხეული" აუდიტის ბაზრის მხოლოდ 31%-ს ფლობს.

ჩვენი აზრით, ერთი მხრივ საქართველოში აუდიტორული მომსახურების ბაზრის ძალიან აქტიური განვითარება და მეორე მხრივ მეზობელ ქვეყანაში "დიდი ოთხეულის" ხვედრითი წილის შემცირება ბაზარზე გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს წლებში საქართველოშიც მოსალოდნელია წამყვანი ქართულია აუდიტური კომპანიების მომძლავრება. ვფიქრობთ, ადვილი შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში რომელიმე ქართულმა აუდიტურმა კომპანიამ ისეთივე წარმატებით გაუწიოს კონკურენცია საერთაშორისო აუდიტურ კომპანიების "დიდ ოთხეულს", როგორც ეს რუსეთში რუსულმა აუდიტურმა კომპანიამ "ბდო იუნიკონმა" შეძლო.

გიორგი გვაზავა