ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ამერიკული გადასახადები
№7(91), 2007
"საშემოსავლო გადასახადმა მატყუარებად უფრო მეტი ამერიკელი აქცია, ვიდრე გოლფის თამაშმა".

უილიამ როჯერსი, ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდისა და ბროდვეის ვარსკვლავი

ამერიკის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, 2006 წელს ამერიკელს წელიწადში უნდა ემუშავა 77 დღე იმისათვის, რომ დაეფარა ფედერალური გადასახადები, კიდევ 39 დღე - შტატებისთვის, საგრაფოებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი გადასახადის დასაფარად. ამგვარად, ამერიკელთა მთავარი ხარჯები გადასახადებზე მოდის. საკუთარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის ამერიკელმა წელიწადში 62 დღე უნდა იმუშაოს, სამედიცინო დახმარების მისაღებად - 52 დღე, საკვები პროდუქტებისთვის - 30 დღე, სატრანსპორტო მომსახურებისათვისთვის - 30 დღე, დასვენებისა და გართობისთვის - 22 დღე, ფეხსაცმელის, ტანსაცმელის და ა.შ. შესაძენად - 14 დღე.
 
ამერიკელებს გადასახადები შეაქვთ მინიმუმ ოთხი ბიუჯეტის - ფედერალური, შტატის, საგრაფოს, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, ტრადიციულად გადასახადების უდიდეს ნაწილს იხდიან ფიზიკური პირები (ჩვეულებრივ, მათ ბიუჯეტში შეაქვთ ექვსჯერ მეტი თანხები, ვიდრე კომერციულ სტრუქტურებს).

კერძო პირები ფედერალურ გადასახადებს ე.წ. "პროგრესირებადი" შკალით ფარავენ - როცა მცირე შემოსავლის პირები იხდიან ნაკლებს, უფრო მდიდრები - მეტს. საშემოსავლო გადასახადის დონე იცვლება ნულიდან 35%-მდე, შემოსავლის დონის მიხედვით.

ამიტომ ვლინდება შემდეგი დისპროპორცია: აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004 წელს, უმდიდრესი ამერიკელების 0.1%-მა (მათ წილად მოდის აშშ-ის მოსახლეობის საერთო შემოსავლების 9.1%) გადაიხადეს გადასახადები, რომელიც ფიზიკური პირების მიერ შეტანილი მთლიანი გადასახადების 17.4% ს უტოლდება. აშშ-ის მაცხოვრებლებმა, ვინც უმდიდრესთა 5%-ის რიცხვში შედის, მათმა საერთო შემოსავლებმა კი საერთოამერიკულის 33.4% შეადგინა, გადაიხადეს გადასახადების 57.1%.

ამერიკელებმა, ვინც ქვეყნის უღარიბეს მაცხოვრებელთა 50% რიცხვში შედის, მიიღეს შემოსავლების 13.4%, მაგრამ გადაიხადეს გადასახადების მხოლოდ 3.3%.

1984 წელს აშშ-ის ფედერალური საგადასახადო კანონმდებლობა და ოფიციალური ინსტრუქციები მოიცავდა ტექსტის 26.3 ათას გვერდს, 1995 წელს - 40.5 ათას გვერდს, 2005 წელს - 54.8 ათასს, 2006 წელს - თითქმის 66.5 ათას გვერდს აღწევდა. (მონაცემები გამოაქვეყნა კონსალტინგურმა კომპანია CCH-მა). შედარებისთვის, 1913 წელს ყველა საგადასახადო ნორმატივი 400 გვერდზე ეტეოდა, მაშინ სისტემა მარტივი იყო - ფედერალური საშემოსავლო გადასახადი გამოითვლებოდა ამგვარად: თუკი მოქალაქის წლიური შემოსავალი აჭარბებდა 3 ათას დოლარს, გადასახადი შეადგენდა 1%-ს, ხოლო თუკი 500 ათასს - 6%-ს. შედარებისთვის, ბიბლია (ინგლისურ თარგმანში) 773 ათას სიტყვას მოიცავს, ხოლო აშშ-ის თანამედროვე საგადასახადო კანონმდებლობა – 8 მილიონზე მეტ სიტყვას.

1990 წელს აშშ-ის საგადასახადო სამსახურმა გამოიყენა 402 ფორმა, რომელიც სავალდებულო წესით გადამხდელებს უნდა შეევსოთ. 2002 წელს მათი რაოდენობა 526-მდე გაიზარდა, 2006 წელს - 582 მდე. ამერიკის საგადასახადო სამსახური მოსახლეობას ყოველწლიურად საგადასახადო ფორმებისა და ინსტრუქციების 8 მილიარდზე მეტ გვერდს უგზავნის! მათი საერთო სიგრძე საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწას ეკვატორის გასწვრივ 28-ჯერ შემოავლონ. ამ მიზნებისთვის ქაღალდის დასამზადებლად ყოველწლიურად 300 ათასი ხის მოჭრაა საჭირო.

ჟურნალ Money Magazine-ის მონაცემებით, 1995 წელს, ამერიკელ გადამხდელთა (კერძო პირთა) ნახევარი საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად საგადასახადო სპეციალისტთა მომსახურებით სარგებლობდა. 2005 წელს მათი რაოდენობა 61%-მდე გაიზარდა. საგადასახადო სპეციალისტთა რიცხვში შედიან ბუღალტრები, იურისტები, საფინანსო დაგეგმარების ექსპერტები, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები... მათი რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და 3 მილიონ ადამიანზე მეტია. აშშ-ის მოსახლეობა 300 მილიონია.

1995 წელს, ამერიკელებმა საკუთარი საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად 5.3 მილიარდი საათი დახარჯეს, 2005 წელს - 6.4 მილიარდი საათი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკელ მანქანათმშენებლების მიერ მანქანების შესაქმნელად ყოველწლიურად  დახარჯული დრო. 2005 წელს ამერიკელებმა 265.1 მილიარდი დოლარი საკუთარი საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად დახარჯეს. გადასახადის 1 დოლარის დასაფარად გადამხდელებმა 22 ცენტი დახარჯეს.

აშშ-ის საგადასახადო სამსახურის თანამშრომელთა რიცხვი 114 ათას ადამიანს შეადგენს. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ხოლო ხუთჯერ მეტი გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელთა რაოდენობაზე.

Urban Institute-ს გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ზედმეტად გართულების გამო გადამხდელებისთვის გადასახადის მოცულობა (ღირებულება) იზრდება. ისინი იძულებულნი არიან სპეციალისტებს დამატებითი თანხები გადაუხადონ. ამ დროს მცირდება საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ხარისხი. ამერიკელ მოქალაქეებს ეჭვი შეაქვთ ამ სისტემის სამართლიანობასა და გამჭვირვალეობაში. საბოლოო ჯამში, ამგვარი სიტუაცია სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას ძალზე ართულებს.

ამერიკის საგადასახადო სამსახურები ყოველწლიურად 32 მილიონზე მეტ საჯარიმო ოქმს აფორმებენ – მათი გამოწერის მთავარი მიზეზია ფიზიკური პირების მიერ გადასახადებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ თავის არიდება. ამ ჯარიმების ერთი მეოთხედის გაპროტესტებისას წარმატებას გადამხდელები მოიპოვებენ. ამერიკული კანონმდებლობის ფუძემდებელი პრინციპია "კანონი ყველასთვის ერთნაირია". მიუხედავად ამისა, აშშ-ის საგადასახადო სისტემა მოიცავს ასეულობით პუნქტს, რომელიც გადამხდელთა ზოგიერთი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციულია. მაგალითად, უძრავი, (საცხოვრებელი) ქონების მეპატრონეებს დამქირავებლებთან შედარებით მეტი შეღავათები გააჩნიათ.

აშშ-ის კონტროლის პალატის შეფასებით, კანონიერ ქორწინებაში მყოფ ქალებსა და მამაკაცებს საერთო ჯამში აქვთ 1138 ეკონომიკური და საგადასახადო შეღავათი "სამოქალაქო" ქორწინებაში მყოფ პირებთან ან ერთსქესიან წყვილებთან შედარებით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამერიკაში დღემდე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი გაგება, თუ როგორ უნდა შეფასდეს ფიზიკურ პირთა შემოსავლების მოცულობა. ზოგიერთი შემოსავალი (მაგალითად ხელფასი) ჩვეულებრივ იბეგრება, სხვები (მაგალითად, აქციებზე დივიდენდები) ორჯერ იბეგრება, ხოლო შემოსავალი, მიღებული ფასიანი ქაღალდების შეძენის ხარჯზე (ობლიგაციები, რომელსაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უშვებენ), საერთოდ არ იბეგრება.

აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 1955 წელს ოთხი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი, რომელსაც ჰქონდა შემოსავალი 4.9 ათასი დოლარის ოდენობით, ბეგარის სახით იხდიდა შემოსავლის 9.06%. აქ ნაგულისხმევია სავალდებულო სოციალური და სამედიცინო შენატანები. 1965 წელს ერთი ოჯახის საერთო შემოსავალი 7.8 ათას დოლარამდე გაიზარდა, გადასახადებმაც შესაბამისად 11.55%-მდე მოიმატა. 1975 წელს ეს მაჩვენებლები გაუტოლდა შესაბამისად 15.9 ათას დოლარს და 20.03%-ს, 1985 წელს - 32.8 ათას დოლარს და 24.44%-ს, 1995 წელს - 49.8 ათას დოლარს და 24.58%-ს, ხოლო 2003 წელს - 63.28 ათას დოლარს და 22.01%-ს (ეს გახლავთ ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემები).

გადასახადები შტატების მიხედვით ძალზე შესამჩნევად იცვლება. საგადასახადო განაკვეთები პირად შემოსავლებზე მერყეობს 6.58%-დან (ალასკის შტატში) 13.51%-მდე (მენის შტატში). ამერიკაში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 10.61%-ს შეადგენს. ფაქტიურად, ყველაზე დიდ გადასახადებს იხდიან კონექტიკუტის შტატის მაცხოვრებლები (13 ათასი დოლარი წელიწადში), ნიუ-ჯერსში (11.4 ათასი დოლარი), მასაჩუსეტსში (11.38 ათასი), მერილენდში (9.9 ათასი), ნიუ-იორკში (9.89 ათასი), ყველაზე მცირეს - მისისიპის შტატის მკვიდრნი (5 ათას დოლარზე ოდნავ მეტი).

გადასახადების მოცულობას განსაზღვრავს არა მარტო განაკვეთის ოდენობა, არამედ გადამხდელთა რეალური შემოსავალი. სხვა მხრივ, ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე საუკეთესო საგადასახადო კლიმატია ვაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ალასკის შტატებში, ყველაზე უარესი კი როდ-აილენდის შტატში. მთლიანობაში, ის შტატები, რომლებიც საკუთარი მაცხოვრებლებისთვის მაღალ გადასახადებს აწესებენ, ბიზნესის განვითარების მხრივ რეიტინგში დაბალ ადგილებს იკავებენ. მაგალითისთვის, კონექტიკუტის შტატმა 50 შტატს შორის 37-ე ადგილი, ნიუ-ჯერსიმ 48-ე, მასაჩუსეტსმა 36-ე ადგილი დაიკავა.

კომპანია Harris Interactive ყოველწლიურად გადამხდელთა გამოკითხვას ატარებს. 2006 წლის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელთა 59% თვლის, რომ ისინი ზედმეტად მაღალ ფედერალურ გადასახადებს იხდიან, 30%-ს მიაჩნია, რომ საგადასახადო განაკვეთები მეტ-ნაკლებად სამართლიანია, ხოლო 1% ს - რომ გადასახადები ძალზე დაბალია.

ყველაზე "საშინელ" (ე.ი. ყველაზე მაღალ) ფედერალურ გადასახადად მიჩნეულია გადასახადი ქონებაზე. იგი არ მოსწონს გამოკითხულთა 31%-ს. საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ სურს 25% ს, ხოლო სოციალური გადასახადის (სახელმწიფო პენსიისთვის გადარიცხული თანხების) დაფარვა არ უნდა 14%-ს.

შტატების მიერ დაწესებულ გადასახადებს შორის ამერიკელებმა "შეიძულეს" ქონების გადასახადი (39%), საშემოსავლო გადასახადი (20%), გაყიდვებზე დაწესებული გადასახადი (18%). გარდა ამისა, ამერიკელთა 80% თვლის, რომ საგადასახადო ნორმატივები გართულებულია და რეფორმებს საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში ამერიკის საგადასახადო სისტემა საკმაოდ წარმატებით მოქმედებს. ამ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ამჟამად, 13 ტრილიონ დოლარად შეაფასეს, ხოლო ყველა საგადასახადო სტრუქტურის შენახვა და გადასახადების ამოღების პროცესის დაფინანსება წელიწადში საშუალოდ 10 მილიარდი დოლარი ჯდება.

წიგნის "დიქტატურისა და დემოკრატიის ეკონომიკური ფესვები" ავტორები დერონ აჩემოღლუ და ჯეიმს მორისონი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოები, რომელთა მაცხოვრებლები მაღალ გადასახადებს იხდიან, გამოირჩევიან დემოკრატიული და პოლიტიკური თავისუფლების მაღალი დონით. ნაწილობრივ, ეს იმით აიხსნება, რომ თუკი ადამიანი თვლის, რომ საკუთარი საგადასახადო შენატანები მაღალ დონეს აღწევს, ის უფროა დაინტერესებული, შეამოწმოს როგორ ხარჯავს სახელმწიფო ამ ფულს. სხვა მხრივ, დიქტატურის მქონე სახელმწიფოები დრაკონულ გადასახადებს იყენებენ. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიის პირობებში ძირითადი საგადასახადო ტვირთი მოდის მრავალრიცხოვან, ძლიერ საშუალო კლასზე, ხოლო დიქტატურის დროს ამ ტვირთს ზიდავს ყველაზე ღარიბი, ან ყველაზე მდიდარი მოქალაქეები.

ვეფხია სამსონიძე