ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
№7(91), 2007
მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ მოულოდნელად მოჰყვა ინფორმაცია ფრანგების დახმარებით საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. მანამდე, ფრანგებთან ერთად ატომური ელექტროსადგურის აშენებზე მინიშნებები არ ყოფილა. ადგილობრივი ექსპერტები ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იდეის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ხოლო ოპოზიციური პარტიები ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იდეა აზერბაიჯანშიც არსებობს, როგორც ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის გზა ნავთობისა და გაზის რესურსების ამოწურვის შემდეგ. თავის მეზობლებისაგან განსხვავებით, სომხეთს ატომური ელექტროსადგური დიდი ხანია აქვს და ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოში დღის წესრიგში არ დგას

ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე ძალზედ ზოგად ხასიათს ატარებს. უბრალოდ, მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები ფრანგულ კომპანია "არევასთან" საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი ნაადრევია, რადგანაც ჯერ კიდევ არ არის მიღებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. ნოღაიდელის თქმით, აშენდება თუ არა ბირთვული რეაქტორი საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანწილად სომხეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ანუ ნოღაიდელის სიტყვებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუკი  ერევანი გადაწყვეტს ძველი რეაქტორის ნაცვლად ახლის აშენებას, საქართველოში ატომური ელექტროსადგური მშენებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნება.

ასეა თუ ისე, საქართველო ფრანგულ კომპანია "არევასთან" თანამშრომლობას იწყებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხებში თანამშრომლობა ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრანგეთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მქონე ქვეყანაა.
 
ქართულ მედიაში ისიც აღინიშნება, რომ ფრანგული კომპანია "არევასთან" ჯერ სომხეთი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ სომხებმა შემდეგ ისევ რუსები ამჯობინეს, ფრანგულ კომპანიასთან კი მოლაპარაკებები უკვე პარიზში ჩასულმა სააკაშვილმა გამართა.

ატომური ელექტროსადგურის აშენება ხელისუფლების მხრიდან განიხილება როგორც საქართველოს ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი უფრო მართებულად მიიჩნევს ჰიდრორესურსების ათვისებას. "საქართველოში 80 მილიარდი კვტ/სთ-ის გამომუშავების პოტენციალი აქვს თავისი ჰიდრორესურსებით, ამ დროისათვის კი მოვიხმართ მხოლოდ 12 მილიარდ კვტ/სთ-ს. ამდენად, არავითარი ბირთვული რეაქტორი არ გვჭირდება", - აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგური საქართველოს რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობას არ მოუტანს, რადგანაც ყველაზე იაფი ურანი ისევ რუსეთს აქვს და საქართველოს მისგან დასჭირდება ბირთვული საწვავის ყიდვა.

იგივეს აღნიშნავს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. მისი თქმით, "რეაქტორი არ არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანაცეა", საფრთხეებს კი მრავლად შეიცავს ქვეყნისათვის. გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში არ არის სეისმურად მდგრადი ადგილები, ქვეყანას აშკარად ემუქრებიან ტერორისტები. ასეთ პირობებში გადაწყვეტილება რეაქტორის მშენებლობის თაობაზე "გენოციდის ტოლფასი იქნება".

თუმცა ექსპერტთა ნაწილი ატომური ელექტროსადგურის რისკების მიუხედავად, მისი აშენების შესაძლებლობას არ უარყოფს, თუკი მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა საკითხი სათანადოდ მოგვარდება. რეაქტორის აშენების სავარაუდო ადგილად სახელდება ან გარეჯის უდაბნო კახეთში, რომელიც დაუსახლებელია, ანდა კოლხეთის დაბლობი, სადაც მიწისძვრები ფაქტობრივად არ ფიქსირდება. რაც შეეხება საფრთხეებს, ატომური ელექტროსადგური სომხეთში მუშაობს და ისიც ისეთივე საფრთხეა საქართველოსთვის, როგორიც საქართველოში მომუშავე რეაქტორი იქნებოდა.

ჯერჯერობით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თემა განხილვის სტადიაშია და ეს არცთუ მცირე ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რადგანაც ატომური რეაქტორის აშენებას დასავლეთში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან და ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკითხის საგულდაგულოდ აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღებენ.

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე ფიქრობენ

სომხეთის დღეს მოქმედი ატომური ელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის ტიპისაა, ტექნიკური ექსპლუატაციის ვადებს 2016 წელს ამოწურავს და უნდა დაიხუროს. არსებული ატომური ელექტროსადგურის დახურვას "მწვანე მდელოს" მეთოდით დაახლოებით 240 მლნ დოლარი დასჭირდება. არსებული ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა, როგორც უკვე ითქვა, 2016 წელს იწურება, მაგრამ სომხეთმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტზე ხელმოწერისას ივალდებულა, რომ ატომურ ელექტროსადგურს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დახურავს.

თუმცა სომხეთში მის ნაცვლად ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე ფიქრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი ვერ მოახერხებს ელექტროენერგიაზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე განცხადება სომხეთის მთავრობამ გააკეთა. ამ ქვეყნის ხელისუფალთა განცხადებით, დღეს მოქმედი მეცამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვის შემდეგ ქვეყანას მისი სიმძლავრის შევსება მხოლოდ ახალი ატომური ელექტროსადგურით შეეძლება.

2007 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა აწარმოა 1625,7 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია. აქედან 810,5 მილიონ კილოვატი, ანუ 49,8% სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზეა გამომუშავებული, თბოელექტროსადგურზე - 605,6 მლნ კილოვატი (37,2%), ჰიდროელექტროსადგურებზე - 208,5 მლნ კილოვატი (12,8%), ქარის ელექტროსადგურებმა კი 1,1 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური დღეისათვის გამოიმუშავებს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარს. ის ორი ენერგობლოკისაგან შედეგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 815 მეგავატია. ელექტროსადგური სომხეთში მიწისძვრის შემდეგ, 1988 წელს დახურეს, მაგრამ მეორე ენერგობლოკმა, რომლის სიმძლავრე 407,5 მეგავატ-საათია, 1995 წელს განაახლა მუშაობა. 2003 წელს ატომური ელექტროსადგური ხუთი წლით სამართავად გადაეცა რუსულ "რაო-ეეს"-ს სომხეთის ვალების ანგარიშში. ამით სომხეთმა გადაწყვიტა დავალიანების საკითხი რუსეთიდან ატომური საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით. "რაო-ეეს"-მა გაისტუმრა ეს ვალი, რაც დაახლოებით 40 მლნ დოლარს შეადგენდა. აქედან სომხურმა მხარემ 25 მლნ დოლარის კომპენსირება მოახდინა.

2016 წლისათვის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა უნდა შეაჩეროს. მის დახურვას "მწვავე მდელოს" მეთოდით დაახლოებით 240 მლნ აშშ დოლარი დასჭირდება. მაგრამ დაახლოებით იმ დროს სომხეთმა ახალი ატომური ელექტროსადგური უნდა აამუშაოს.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის არეგ გალსტიანი აღნიშნავს, რომ სომხეთმა მაქსიმალურად რომ გამოიყენოს თავისი ჰიდროენერგეტიკის და ქარის რესურსები, შესაძლებელი გახდება ქვეყნის შიდა მოთხოვნილების მხოლოდ 30-35% დაკმაყოფილება. გარდა ამისა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, რომ წარმოებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი იყოს საბაზისო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი სეზონურია.

ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე კი ეხლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა, რადგანაც პროექტის შემუშავებიდან ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებამდე დაახლოებით 10 წელია საჭირო. დღეისათვის მზადდება საჭირო საკანონმდებლო ბაზა. მაგალითად, მიღებულია ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ფულის დაბანდებას. 1000 მეგავატის სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. პირველი ენერგობლოკი 1000 მეგავატი/საათის სიმძლავრით 2016 წლამდე უნდა ამუშავდეს, ხოლო კიდევ ერთი ბლოკი 2025 წლისათვის უნდა ჩადგეს მწყობრში.

სომხეთმა დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკების მშენებლობის თაობაზე

ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში ერევანში გაიმართა ატომური ენერგეტიკის სფეროში რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის საიმედოობა და უსაფრთხოების ამაღლება და თანამშრომლობა ატომული ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკების მშენებლობის თაობაზე. სომხურმა მხარემ წარმოადგინა მოხსენებები სომხეთის ენერგეტიკის განვითარების გეგმებსა და ქვეყანაში ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის თაობაზე. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოაწყეს სომხეთისათვის ახალი ენერგობლოკების პროექტების პრეზენტაცია.

უახლოეს მომავალში მხარეებმა უნდა შეიმუშაონ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება იმისათვის, რომ აირჩიონ ახალი ატომური ენერგობლოკის ვარიანტები, ასევე სექტემბრის ბოლომდე განიხილავენ მეცამორის ატომური ელექტროსადგურის რესურსების მართვის და მეორე ენერგობლოკის საიმედოობის ამაღლების პროგრამას.

2007 წლის ივნისში ერევანში ვიზიტის დროს რუსეთის ატომური ენერგეტიკის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე მზადაა არა მარტო ტექნიკურად დაეხმაროს სომხეთს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, არამედ ფინანსური მონაწილეობაც მიიღოს მის მშენებლობაში. სხვადასხვა შეფასებებით, სომხეთში 1000 მეგავატ/საათი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად საჭირო იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი.

სააგენტო "რეგნუმის" ინფორმაციით, სომხეთის მთავრობასა და რუსეთს შორის მიღწეულია გარკვეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ რუსეთი მთლიანად დააფინანსებს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას სომხეთში. ინვესტიციების სანაცვლოდ რუსეთი გახდება ახალი ატომური ელექტროსადგურის თანამფლობელი. რუსეთის წილი შეიძლება მერყეობდეს 5-დან 30%-მდე.

დავით მალხაზიშვილი